ხათუნა ლაგაზიძე: „ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ისტორიაში დარჩენის ამბიცია არ აქვს“

საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოლოდინებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში _ ხათუნა ლაგაზიძეს:

_ მოგესალმებით, არ ვიცი რამდენად დამეთანხმებით მსჯელობაში, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ დრომდე არც ერთი ალოგიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ მიმდინარეობს მავნებლობა ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე. როგორია ამ მიმართებით თქვენი შეფასებები?
_ სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდე, ლოგიკურია, თავად ამ ხელისუფლების ბუნებაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლებაზე, რომელმაც 21-ე საუკუნეში მღვდლების რევოლუცია მოამწიფა! რა გზით წასული ხელისუფლება არ მინახავს ამ ქვეყანაში: სამოქალაქო ომით, სახელმწიფო გადატრიალებით, „ვარდების რევოლუციით“, არჩევნების გზითაც კი, მაგრამ ხელისუფლება თვითლიკვიდაციას ჩალიჩობდეს _ ეს „ქართული ოცნების“ ნოუჰაუა. ამასაც მოვესწარით _ ჯერ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურით აიმხედრეს საზოგადოება, მათ შორის, საკუთარი მომხრეებიც; ორ დღეში, ზედ წინასაარჩევნოდ, მარიხუანის მოყვანა-კულტივაცია-წარმოების თემა დაურთეს; შემდეგ იმდენად იყვნენ ხალხის მორჩილებაში დარწმუნებულნი, ფეხი ფეხზე გადაიდეს და მშვიდად დაელოდნენ არჩევნების შედეგს.
ჩვენ იმ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, რომლის წევრების უმრავლესობა საკუთარ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არ იცავს, იმ ლიდერს, რომელმაც მათი უმეტესობა ტალახიდან ამოიყვანა და მათი კაცებად ქცევის მცდელობა ჰქონდა. ჰოდა, დღეს, როდესაც კანაფის კულტივაცია-წარმოების კანონპროექტის გამო ოპოზიცია ივანიშვილისთვის „ბარიგის“ იარლიყის მორგებას ცდილობს, „უმრავლესობის“ უმრავლესობა ჩირგვებში ზის და საკუთარ, არარსებულ იმიჯს მომავალ ხელისუფლებასთან სავაჭროდ ინახავს. არადა, როგორც ჩანს, ვიღაცამ, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, დაარწმუნა ივანიშვილი, რომ კანაფის წარმოება-ექსპორტზე გატანა ქვეყნის ეკონომიკაში სწრაფი ფულის შოვნის ერთადერთი საშუალება იყო. აქ არ გავჩერდები იმაზე, რამდენად სახიფათოა საქართველოსნაირ, უსაფრთხოების ბალავარმორღვეულ ქვეყანაში ასეთი ინიციატივები. იმის ახსნას ვცდილობ, რომ რას უნდა ველოდოთ სახელმწიფო და ხალხი იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ, ტალახიდან ამომყვან ლიდერს უფასოდ წირავენ?!
ახლა რაც შეეხება თქვენი კითხვის პასუხს: არ ვსაუბრობ იმაზე, რა ვერ გააკეთა, ვიტყვი იმას, რა არის ყველაზე სახიფათო ამ ხელისუფლების პირობებში, არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციასთან ერთად: 1. ეს არის რუსული პროპაგანდის მიერ საქართველოს საინფორმაციო სივრცის ფაქტობრივი დაპყრობა; 2. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი საზოგადოების მტრად დასახვა და მათ მიერ წარმოებული საინფორმაციო ომი ჩვენივე მოსახლეობის წინააღმდეგ, საზოგადოების დეპრესიასა და აპათიაში ჩავარდნის, ახალი ლიდერების გამოჩენის აღკვეთა-პრევენციის მიზნით.
შედეგად მივიღეთ დღევანდელი რეალობა.
_ რამდენიმე საკითხი ვრცლად განვიხილოთ _ საპრეზიდენტო არჩევნები. ცალკეული ანალიტიკოსი აცხადებს, რომ „ოცნება“ ქართულ საზოგადოებასა და დასავლეთს მორიგ ფარსს სთავაზობს _ დამოუკიდებელი კანდიდატი იმ ფორმით, როგორადაც ამას ელექტორატს „ოცნება“ სთავაზობს, სასაცილოც კი არის, დამოუკიდებლად მივიჩნიოთ. ზოგადად, რა მოლოდინები გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებიდან და როგორ შეაფასებდით ამ „ოცნებისეულ“ ფარსს?
_ ის, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია, ამ ამბის, გარდა „ოცნებისა“, არავის სჯერა: არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ. როცა დავინტერესდი, რატომ არ დააყენა „ოცნებამ“ უშუალოდ თავისი კანდიდატი, როგორც ამიხსნეს, თავად „ოცნების“ შიგნით ისეთი დაპირისპირებაა დაჯგუფებებს შორის, რომ რომელიმე ერთი დაჯგუფების კანდიდატის გაყვანა საერთო სახელისუფლებო კანდიდატად ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ რატომ შეაჩერეს არჩევანი ზურაბიშვილზე და არა, მაგალითად, რეალურად დამოუკიდებელ დავით უსუფაშვილზე?! იმიტომ, რომ მომავალ პრეზიდენტს, თეორიულად, მიუხედავად მცირე უფლებებისა, აქვს რეალური შანსი საერთო-სახალხო ლიდერად ქცევის, უკმაყოფილო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების და ამ ტალღაზე 2020-ში ხელისუფლების ცვლილების. უნდა ეს „ოცნებას“?! არ უნდა. ამიტომაც აირჩიეს უკიდურესად კონფრონტაციული ზურაბიშვილი, რომელიც ვერასდროს ვერავის გააერთიანებს. ვფიქრობ, ეს არის ძირითადი მიზეზი მასზე არჩევანის შეჩერების.
_ 46 კანდიდატის ფილოსოფიას როგორ ახსნით? მალე, მგონი, ამომრჩეველი დარჩება უმცირესობაში. ზოგადად, რამდენად გჯერათ, რომ ოდესმე მაინც ქვეყანაში არჩევნები _ დაწყებული საარჩევნო ადმინისტრაციიდან და კანდიდატების მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ცივილიზებულ სახეს მიიღებს? ბარემ აქვე იმასაც ვიკითხავ, ამ მხრივ რა უნდა გავაკეთოთ?
_ სადღაც ორი ათეული წელი მაინც დაგვჭირდება კიდევ, რეალურად რომ გავიზარდოთ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებამდე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პროცესების მორიგ რევოლუციურ განვითარებას გადავურჩით. რა უნდა გავაკეთოთ, ამ კითხვაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად _ რთული: ვიაროთ დასავლეთისკენ.
_ ქვეყანაში ლამის ყველა საზოგადოებრივი ფენა უკვე ღიად საუბრობს კორუფციასა და რეკეტზე, რომელშიც ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირები არიან ჩართულნი, ხოლო ხელისუფლება უტიფრად ცდილობს, არც კი გაიზიაროს პასუხისმგებლობა ამ პროცესზე. ამ დროს „ოცნების“ ელიტა ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ეს პროცესი ქვეყნის უსაფრთხოების, სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპების რღვევას იწვევს. თუ ეს პროცესიც მიზანმიმართულია? ან, იქნებ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართებით ბატონ ივანიშვილს პროცესები ხელიდან გაექცა და ვერ ეწინააღმდეგება ჩინოვნიკებისა და მოხელეების სიხარბეს, რომლებთაც სურთ თავად გახდნენ პატარა ბიძინები?
_ ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს ისტორიაში დარჩენის ამბიცია, არ აერთიანებს იდეა და საერთო მიზანი. ერთადერთი, რაც ხელისუფლებაში შემთხვევით მოსულ ამ ადამიანთა უმეტესობას აერთიანებს _ ეს არის ფულის შოვნის დაუოკებელი ჟინი და შოულობენ კიდეც. სულ უფრო ხშირად მიჩნდება შევარდნაძის დროსთან ასოცირება, როცა კორუფციაში ჩართული სახელმწიფო მოხელის კომპრომატით მანიპულირება ყველაზე კარგი მართვის ბერკეტი იყო. უბრალოდ, ამ ხელისუფლებამ ხელწერა შეცვალა _ კორუფცია მასობრივი აღარ არის, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში „გაიშნიკი“ და საპასპორტოს მოხელე აღარ გძარცვავს და იუსტიციაში საბუთის აღებაში უკანონო ფულს არ გართმევენ ანუ მოსახლეობის ფართო ფენებს არ ეხება და აწუხებს. სამაგიეროდ, ნახეთ რა ხდება ტენდერებში და აუქციონებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მაგრამ ამ კორუმპირებული მოხელეების მოთოკვა, სურვილის შემთხვევაში, მარტივად შეიძლება: ნებისმიერ რაიონში ნებისმიერ ადვოკატს ტომები უდევს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის ნიშნების შემცველი დანაშაულების. თუ სიტუაციის გამოსწორების სურვილი აქვთ, დაიწყონ მასობრივი წმენდა და ჩაანაცვლონ არა ახალი, ფულს დახარბებული მონებით, არამედ წარმატებული და შემდგარი ახალგაზრდებით, რომელთაც ყველა იცნობს ყველა მუნიციპალიტეტში.
_ გულწრფელად მითხარით, რამდენად და რა სფეროში მოახდინა „ოცნებამ“ თქვენი იმედების, ხატოვნად რომ ვთქვათ, ოცნებების რეალიზება და რა მიგაჩნიათ მის ყველაზე დიდ წარმატებად, ასევე ნურც წარუმატებლობასა და ქვეყნისთვის მიყენებულ ზიანს დავივიწყებთ…
_ მიყენებულ ზიანზე იმდენი ვისაუბრეთ ლარის ინფლაციით და საბანკო კრედიტების უპრეცედენტო ზრდით დაწყებული და კიდევ იმდენს ვისაუბრებთ, ობიექტურობისთვის ისიც ვთქვათ, რა გააკეთეს ან რისი გაკეთების მცდელობა ჰქონდათ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება და უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, რაშიც, ამ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა წინა ხელისუფლების წვლილიც არის ჩადებული; თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთან; სულ ახლახან, მერკელის ვიზიტის დროს გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გერმანია დააფინანსებს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობას, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ენერეგეტიკული უსაფრთხოებისთვის და რისი აშენების მცდელობა, ჯერ კიდევ, შევარდნაძესა და სააკაშვილს ჰქონდათ; და სულ ორი დღის წინ გაცხადებული პრემიერის ახალი ინიციატივა _ განათლების დაფინანსების 10-12%-მდე ზრდა საქართველოს ბიუჯეტში, რაც უპრეცედენტო ნაბიჯია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სხვა საქმეა, რამდენად მიეცემა მას ამ იდეის საქმედ ქცევის საშუალება.
გაყინულ პროექტთაგან აღვნიშნავდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეას, რომელიც საქართველოს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევის წინაპირობა იყო და მთელი ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის განათლებისა და ცნობიერების ამაღლებისა და ჰორიზონტის გაფართოების, თანამედროვეობის საუკეთესო მიღწევებთან ზიარების უნიკალური შესაძლებლობა იყო, მაგრამ დაპირებად დარჩა. სხვა ახლა არაფერი მახსენდება.
_ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამები დგანან და სამართლიანობას ითხოვენ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე კომისიის საჯარო სხდომებმა და, ზოგადად, რა ფენომენია ეს, როდესაც ყველა ხელისუფლების პირობებში მშობლებს ასე უხდებათ მოკლული შვილების დაცვა და სამართლიანობისთვის ბრძოლა?
_ მოკლედ რომ ვთქვათ, ამას ჰქვია სიბეცე, ერთი სისულელისა თუ დანაშაულის მეორე, უფრო დიდი დანაშაულით გადაფარვის ბრიყვული მცდელობა, წინამორბედების შეცდომების გაუთვალისწინებლობა, რითაც საბოლოოდ ხელისუფლების თვითგანადგურების რეჟიმი ირთვება. რამდენადაც ვიცი, „სარალიძის საქმე“ ისეა გაფუჭებული, რომ დარწმუნებულნი რომც ვიყოთ, რეალური მკვლელი ვინ არის, მტკიცებულებები გამქრალია და მტკიცებულებებთან ერთად გამქრალია მკვლელის დასჯის სამართლებრივი საფუძვლებიც. სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მხოლოდ ემპირიული ცოდნით ვინმეს დაჭერა და პასუხისგებაში მიცემა კიდევ უფრო დიდ უბედურებას დაუდებს სათავეს. მაგრამ შვილმკვდარ მამას ჰკითხეთ, მისთვის ეს რა შეღავათია?! ის ხომ მაინც ჩანს, რომ მტკიცებულებები განადგურებულია და მაშინ იმათ დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ვინც ეს ჩაიდინა. სხვაგვარად ამ საქმეს არაფერი ეშველება და იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ისედაც უამრავი გამოწვევაა: „იბერიის“ საქმე, მარიხუანის საქმე და ეკლესიის აზვირთება, ზურაბიშვილის თემა _ სამართლიანობისთვის ბრძოლის საკითხი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
_ ახლა ქვეყნის ფარგლებს გავცდეთ. საქართველოს ირგვლივ საკმაოდ საინტერესო და, ამავდროულად, რთული ვითარებაა შექმნილი: ირანი, თურქეთი, რუსეთის კოალიცია და სირიის საკითხი. რუსეთის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელსაც არც კი იმჩნევენ საქართველოში, აშშ და მისი დამოკიდებულება იმავე რუსეთისა თუ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მიმართ, ჩინეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისადმი ნაწილობრივი მიერთება, რელიგიური საკითხები, რასაც ყველაზე ადვილად შეიძლება მოჰყვეს არათუ ხალხებს შორის, არამედ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება, დენთის კასრზე მჯდარი აზერბაიჯანი და სომხეთი. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება არც კი აპირებს ცალკეული მომგებიანი თემების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ყველა ჩამოთვლილი საკითხი შესაძლოა, პირდაპირ და ირიბად შეგვეხოს. როგორია თქვენი შეფასებები ამ მიმართებით?
_ ამ საკითხზე მსჯელობას ცალკე საგაზეთო ინტერვიუ ვერ დაიტევს, ამიტომ ამჯერად მხოლოდ ორ საინტერესო ინფორმაციაზე შევჩერდები, რომელიც თვალნათლივ აღწერს, რამდენად მნიშვნელოვანი პროცესები მიდის საქართველოს გარშემო და სამეზობლოში:
სირიის ქალაქ იდლიბთან კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეების გვერდით, მაგრამ ერთმანეთის პირისპირ, დგანან თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ძალები _ წინა დღეებთან შედარებით ესკალაციამ თითქოს იკლო, მაგრამ რუსეთისა და თურქეთის კონფლიქტის საპირისპირო მხარეებად ჩართვის ალბათობა, ჯერ კიდევ, არსებობს, აქედან გამომდინარე შედეგებით. აღარაფერს ვამბობთ იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც 3 მილიონ-ნახევრიან ქალაქში საბრძოლო მოქმედებების დაწყებას შეიძლება მოჰყვეს.
მეორე ინფორმაცია სირიის კონფლიქტს არ ეხება, თუმცა ისევ რუსეთთან კავშირშია: ამ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც თავად რუსული სააგნეტოები ავრცელებენ, ჩინეთი დასავლეთის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა და რუსულ კომპანიებს უარს ეუბნება საბანკო ტრანზაქციებზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის ეკონომიკას.
ამ ორი ინფორმაციის ზედაპირული ანალიზიც კი აჩვენებს მკითხველს, რამდენად რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევს საქართველოს დღეს გადარჩენისთვის ბრძოლა. რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლება შექმნილი რეალობის, ეს ცალკე საკითხია.
_ რას ფიქრობთ, რატომ გაიწელა ამდენი ხნის განმავლობაში აშშ-ის მიერ ელჩის დანიშვნა საქართველოში. რამდენად აქვს ამას დაკვირვებითი ან, გნებავთ, პოლიტიკური შემადგენელი, თუ უფრო ტექნიკური ფაქტორია?
_ ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ, ამასთან ერთად, ამერიკის ზოგიერთი ადმინისტრაციისთვის საქართველოს დამატებითი ფუნქცია ჰქონდა და, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი უფრო დიდი იყო, ვიდრე დღეს არის. მაგალითად, როცა საქართველო იყო ფერადი რევოლუციების პიონერი და ექსპორტიორი: სწორედ წარმატებული „ვარდების რევოლუციის“ კვალდაკვალ შედგა უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია“ და „არაბული გაზაფხული“. ან საქართველო, როგორც რუსეთში არსებული რეჟიმის დასუსტების ერთ-ერთი ინსპირატორი, როგორც რუსული ოპოზიციისთვის წარმატებული რევოლუციისა და რეფორმების მაგალითი და ა. შ.
ამ ფუნქციებით საქართველომ აშშ-ის თვალში თავისი როლი ამოწურა. დღეს რუსეთი აშშ-ისთვის იმგავრ თავის ტკივილად იქცა, რომელსაც ასეთი პოლიტიკური თამაშებით ვერაფერს დააკლებ, ამიტომ აქცენტებმაც გადაინაცვლა: რუსეთის შესავიწროებლად სხვა ბერკეტები, სხვა მოცემულობა და სხვა ქვეყნებთან აქტიური პარტნიორობაა საჭირო. საქართველო, რა თქმა უნდა, რჩება რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესის საგნად, მაგრამ, ჯერჯერობით, პასიურ როლში. ამერიკის მყარ ინტერესზე მეტყველებს ის უპრეცედენტო სამხედრო დახმარება, რომელსაც ამერიკა აღმოგვიჩნეს უახლოესი სამი წლის განმავლობაში და რომლის მსგავსიც თითქმის 15 წელია, არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ამერიკის დღევანდელ პოლიტიკას საქართველოს მიმართ ასე აღვწერდი: ჯერ რუსეთსა და სხვა პრობლემებს მოვუაროთ, საქართველო _ არსად გაიქცევა. გაქცევისა რა გითხრათ, მაგრამ თუ ამერიკამ საქართველოს ინტერესების დაცვა არ გააძლიერა, შეიძლება ნამდვილად დავიქცეთ. ეს საშიშროება კი საქართველოს ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა დაანახვოს ამერიკას: ტრამპის ადმინისტრაციაში იმდენი საქართველოს კარგად მცნობი და გულშემატკივარია, რომ მათთან ინტენსიური ურთიერთობა, ვფიქრობ, ბევრად გაუიოლებს საქართველოს მოჯარულ პრობლემებთან გამკლავებას.
_ არ შემიძლია არ გკითხოთ მერკელის ვიზიტზე. სიმართლე გითხრათ, იმ მესიჯებსაც კი, რომელიც კანცლერმა გააჟღერა, გონიერი ხელისუფლება საკმაოდ ეფექტიანად და პერსპექტივაში პოზიტიურად გამოიყნებდა. ჩვენ ისე ვითხოვთ ნატოში შესვლას, თითქოს მართლა ვიმსახურებდეთ თუნდაც ამ ფარსის დემოკრატიის პირობებში. თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მის მესიჯებში და, ზოგადად, რამდენად „სამართლიანია“ ევროპა ჩვენ მიმართ?
მე მგონი, პრობლემა არა იმდენად ევროპის საქართველოს მიმართ ნელთბილ დამოკიდებულებაშია, არამედ იმაში, თუ ჩვენ როგორ, რა როლში ვიაზრებთ თავს ევროპასთან ურთიერთობაში. რაც შეეხება უშუალოდ მერკელის ვიზიტს, საქართველოში მისი ვიზიტის ოფიციალური მხარიდან, ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაზსაცავის დაფინანსების თემაა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და ის პერსპექტივა, რაც საქართველოს სამხრეთის გაზის დერეფნით ევროპაში გაზის მიწოდების შემთხვევაში უჩნდება. გერმანიას საკუთარი ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიცირება სურს, ამიტომაც ის სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას ემხრობა, რათა პერსპექტივაში ბუნებრივი აირი მიიღოს სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის, თურქმენეთისგან, ირანისგან და ერაყისგან. მით უფრო, რომ მერკელის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ხელი მოეწერა რუსეთს, ირანს, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის სტატუსის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას.
_ დაბოლოს, ისევ ქართულ პოლიტიკას დავუბრუნდეთ, საკმაოდ რიტორიკული და, ამავდროულად, ცინიზმით აღსავსე კითხვით, _ გვეშველება რამე?
_ გვეშველება თუ ფეისბუკებიდან გამოვძვრებით, საკუთარი კომფორტის ზონებს დავტოვებთ და რეალურად პასუხისმგებლიანი მოქალაქეები გავხდებით. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება არარეალური _ ზურაბიშვილის გამარჯვება არჩევნებზე, რადგან ხელისუფლება მობილიზებას გაუკეთებს ადმინისტრაციულ რესურსს და ცოტა მისულში ადმინისტრაციული რესურსის ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდება. ან თუნდაც ის, რომ ამომრჩეველთა უმეტესობამ არ იცის, რომ ყველა კანდიდატის გადახაზვის შემთხვევაში ბიულეტენი ბათილდება და ამით ისევ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი მცირდება.
რას ვაკეთებთ ამ დროს ჩვენ, სამოქალაქო აქტივისტები? _ არაფერს, თავზე ნაცარს ვიყრით ფეისბუკზე. ნაცვლად იმისა, რომ შევიკრიბოთ 20-25 კაცი, გავაკეთოთ თუნდაც კუსტარული სოციალური კლიპი, სადაც ზემოთ თქმულს გასაგებად ავუხსნით ამომრჩეველს და დავატრიალოთ იგივე ფეისბუკში. ფული უნდა ამას?! არა, თავის და გულის განძრევა უნდა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია: მე ჩემს პატარა ბიზნესს მივხედო, თქვენ _ თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას, სხვა ჩვენმა კოლეგამ თუ მეგობარმა თავის არასამთავრობოს და გრანტებს და ვართ ასე ჩვენც, სხვისი ხელის შემყურეები, მესიის მოლოდინში. მე მგონი, ყველას გვაკმაყოფილებს ჩვენი როლი. ჰოდა, ვიქნებით ასე, სანამ ხელს არ გავანძრევთ და მეტის მიღწევის სურვილი არ გაგვიჩნდება.

გეგა სილაგავა