კალაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის საცხოვრებელი კორპუსი საფრთხეში ჩააგდო

გადათხრილი ქალაქი, საცობში საათობით ყოფნა და კალაძის უცნაური ინიციატივები, მათ შორის, ვარაზისხევზე ქვაფენილის აყრისა და ასფალტის დაგების შესახებ აღარავის გვიკვირს, თუმცა საქმე ამჯერად ბევრად უფრო რთულადაა და მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის. ეს ყველაფერი კი გვაფიქრებინებს, რომ კალაძე ნაკლებად ფიქრობს გუნდელებზე მაშინ, როცა საუბარია მიწის გაყიდვაზე. უფრო კონკრეტულად კი ნუცუბიძის 33-ე, 34-ე, 35-ე კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია.

ავარიული კორპუსების მცხოვრებლები „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, რომ კალაძე წინასაარჩევნოდ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კორპუსის აშენებას და მათ ახალ კორპუსში გადაყვანას დაჰპირდა. ამ დაპირებამაც სხვა დაპირებების ბედი გაიზიარა და ცხადია, დაპირებადვე დარჩა, რადგან, როგორც ცნობილი გახდა, მერიამ ამ კორპუსების მიმდებარე ტერიტორია უკვე გაყიდა, მათ შორის, სკვერიც, რომლის კეთილმოწყობაც ვაკის რაიონის გამგეობამ რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. მოსახლეობისგან ცნობილი გახდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე აზომვითი სამუშაოები უკვე ახალმა მფლობელმა ჩაატარა. მონიშნული ტერიტორიის ფოტომასალას „ქრონიკა+“-ში იხილავთ.

აღნიშნულ კორპუსებში ცხოვრობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი.
„ქრონიკა+“ დეპუტატ ენძელა მაჭავარიანს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ავარიული კორპუსების მიმდებარე ტერიტორია გაყიდულია:

_ თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
_ ზუსტად რა ხდება, მეც არ ვიცი. მეზობლებმა დამიძახეს და მითხრეს, რომ პიროვნება იყო მოსული და ეზოს ზომავდა. მეც გავედი და ვესაუბრე. მისი თქმით, ის მიწის ნაკვეთის მყიდველმა ტოპოს გადასაღებად გამოგზავნა. აზომილ სივრცეში რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული სკვერიც იყო. ფიზიკურად ვერ მოვახერხე ამბის დეტალურად გარკვევა, რადგან მეორე დღეს გავემგზავრე და საქართველოში არ ვიმყოფებოდი.
_ კორპუსების ავარიულობის შესახებ რას გვეტყვით?
_ ვადასტურებ, რომ კორპუსები ავარიულია. აქ დამატებით წინასაარჩევნო პერიოდში კახა კალაძე იყო მოსული, ოჯახებში შევიდა და მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ჩემთან სადარბაზოშიც წვიმის დროს ჩვეულებრივად წვიმს და სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამის ყურადღებას.
_ რას შეჰპირდა კალაძე მოსახლეობას?
_ გამგებელთან და კორპუსების თავმჯდომარესთან ერთად გეგმა დავსახეთ, რომ ამ კორპუსებისთვის პრეცედენტი შეგვექმნა და ისე გაგვეკეთებინა, რომ საცხოვრებელს დამსგავსებოდა. მიზანი იყო აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ღირსეული პირობების შექმნა. ვფიქრობ, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, თორემ ერთი სკვერი ახლახან გაკეთდა, ფული დაიხარჯა, ამისთვის მოსახლეობაც მადლიერია და ახლა გაკეთებული სკვერის ტერიტორია როგორ გაიყიდებოდა?! _ ეს ხომ წარმოუდგენელია. არ მგონია, მერიას უღირდეს ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრი და რამე საზიანოს გაკეთება.
_ კალაძესთან თუ გქონდათ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით?
_ მას დავურეკე, ის საქართველოში არ იმყოფებოდა და მეც საზღვარგარეთ ვიყავი, ამიტომ არ შევხვედრივართ. მე და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს ვესაუბრეთ და მასთან ამ კომუნიკაციას ვაგრძელებთ.
_ ვიცემერმა დაგიდასტურათ მიწის ნაკვეთის გაყიდვის ფაქტი?
_ დიახ, დაადასტურა.
_ რით ახსნა ვიცემერმა ეს ფაქტი?
_ დეტალებს ჯერ კიდევ ვარკვევ, როგორც კი ზუსტი ინფორმაცია მექნება, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. ვიმეორებ: დარწმუნებული ვარ, მერია მოსახლეობის საზიანო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მოსახლეობის განმარტებით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება მაშინ, როცა გაყიდულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამ პერიოდში შეექმნება განსაკუთრებული საფრთხე კორპუსის მცხოვრებლებს.
„ქრონიკა+“-მა გაარკვია, ვინ არის მიწის ახალი მფლობელი და როგორც აღმოჩნდა, ტერიტორია, სავარაუდოდ, თამილა ბაირამოვამ იყიდა. ჯერჯერობით ეს სახელი და გვარი მნიშვნელოვანს არაფერს ამბობს, თუმცა მოსახლეობა ვარაუდობს, რომ კახა კალაძის ბიზნესინტერესები იკვეთება.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე გატანილი არ ყოფილა, სავარაუდოდ, საჯარო აუქციონის გზით გაიყიდა. ცნობილი გახდა, რომ აუქციონში 7 სუბიექტი მონაწილეობდა.
მერიაში ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. „ქრონიკა+“-მა დეტალური ინფორმაციისთვის მერიის პრესსამსახურს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს კახა კალაძე, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ცხადია, რომ ის არც დაპირებებს ასრულებს და არათუ მოსახლეობის, არამედ მისივე თანაგუნდელის მდგომარეობა არ აინტერესებს.
„ქრონიკა+“ აქტიურად გააშუქებს აღნიშნულ თემას და საკითხის ირგვლივ განვითარებულ სიახლეებს პერიოდულად შემოგთავაზებთ.

ნენე ინჯგია