ჯარისკაცის მამა: “თავდაცვის სამინისტრომ ჩემი შვილის გარდაცვალების ექსპერტიზა იმიტომ გააყალბა, რომ კომპენსაცია არ გადაეხადა”

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. საქმე ეხება 31 წლის კაპრალ მირზა ჩაჩუას, რომელიც ორფოლოს პოლიგონზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იზორიას უწყება ამბობს, რომ კაპრალი მირზა ჩაჩუა ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო წვრთნების დროს დაიღუპა. ის სწავლების დროს შეუძლოდ გახდა და კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა, მაგრამ საპირისპიროს ამბობს გარდაცვლილის მამა, რომელსაც სხვა ვერსიები აქვს.

ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჯარისკაცს გულის შეტევა ალკოჰოლის ჭარბი დოზის გამო დაემართა, თუმცა შვილმკვდარი მამის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს.
რისთვის სჭირდებოდა თავდაცვის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება? მირზა ჩაჩუას მამა ამტკიცებს, რომ სამინისტრომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ექსპერტიზის დასკვნა იმის გამო გააყალბა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის ოჯახისთვის კომპენსაცია არ გადაეხადათ. მას შემდეგ, რაც დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ჯარისკაცის სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩინეს, სამინისტრო განთავისუფლდა ვალდებულებისგან, ოჯახისთვის კომპენსაცია გადაეხადა.

„ქრონიკა+“-ს გარდაცვლილი კაპრალის მამა გია ჩაჩუა ესაუბრება:
_ მეომარი შვილი მყავდა, ქართველი ვაჟკაცი და მებრძოლი, რომელიც 2006 წლიდან ჯარში მსახურობდა. 2008 წლის ომში გმირულად იბრძოლა და ბოლოს ორფოლოს პოლიგონზე გადაიყვანეს.
_ რა მოხდა ორფოლოს პოლიგონზე?
_ ორფოლოს პოლიგონზე მძიმე ტექნიკა მიიყვანა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ღამის 2 საათზე დაბინავდნენ, დილის 08:15 საათზე ჩემი ბიჭი გარდაცვლილი იყო.
_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რით გარდაიცვალა თქვენი ბიჭი?
_ როგორც მითხრეს, ბიჭებმა საჭმელი ჭამეს, ჩემს შვილს უთქვმს, ბიჭებო, ცუდად ვარო და კიდევაც წაიქცა.
_ როგორ გაიგეთ შვილის გარდაცვალების ამბავი?
_ სამხედრო მოძღვარი მოვიდა ჩემთან ოჯახში და გაგვაგებინა, რომ თქვენი შვილი დაიღუპაო.
_ შემდეგ რა ხდება?
_ მღვდელი მეუბნება, რომ არ იბრძოლოთ, ექსპერტიზა ჩაუტარდება და ყველაფერს გავიგებთ, რით გარდაიცვალაო.
_ თუმცა ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელსაც არ ენდობით.
_ არ მჯერა მაგათი ექსპერტიზის, რადგან ყველაფერი გაყალბებულია. სანამდე პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ, ჩამოვაშორო ჩემს შვილს ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ჩირქად მოსცხეს (თითქოს მარტო ჰქონდა 10 ადამიანის დოზა ალკოჰოლი მიღებული). არც 100 000 და არც მილიონი მიღირს იმ იარლიყად, რომელიც ჩემს შვილს მიაკერეს. ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტრომ იმისთვის გააკეთა, რომ საკომპენსაციო თანხა არ გადახდილიყო. სირცხვილი, თქვენ!
_ ბატონი გია, პირადად თქვენ რას უკავშირებთ თქვენი შვილის გარდაცვალებას?
_ ვიცი, რომ ბოლო პერიოდში ჯარიდან წასვლას აპირებდა და ჩეხეთში გამგზავრება სურდა, ეგეც მერე გავიგე. უკმაყოფილი იყო ჯარში შექმნილი მდგომარეობით, პირობებით. შესაძლოა, რაღაც ინფორმაციას ფლობდა, არ ვიცი.
_ თავდაცვის მინისტრი თუ დაგიკავშირდათ, თუ მოინდომა საქმის გარკვევა, თუ მოგიკითხათ როგორ აგრძელებთ ცხოვრებას?
_ ლევან იზორია არათუ დაინტერესდა ამ საქმით, პანაშვიდზეც კი არ მოსულა და სამარცხვინო წერილით გაგვცა პასუხი.
_ რას აპირებთ?
_ სიმართლის ძებნას და აუცილებლად ვიპოვი. ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებ, მთელი სოფელი გვერდით მიდგას.

სამხედროს გარდაცვალების ბურუსით მოცული ისტორია დღემდე გამოუძიებელია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი სისხლში აღმოჩენილი ეთილის სპირტია.
ჯარისკაცის გარდაცვალების საეჭვო მიზეზებზე საუბრობს ადვოკატი ლედი ტუკვაძე. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შემდეგ ყველაზე საეჭვო გარემოება ის იყო, რომ ექსპერტს არ აქვს აღწერილი, რა ზომის დაზიანებები ჰქონდა ჯარისკაცს.
ტუკვაძემ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ გარდაცვლილი კაპრალის ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. ოჯახი მზად არის, სიმართლის დასადგენად ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატაროს.

ლედი ტუკვაძე, ადვოკატი:
_ ოჯახი სიმართლის დასადგენად აუცილებლად ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თითოეულ განცხადებაზე, რომელსაც გარადაცვლილ ჯარისკაცზე აკეთებდა. ხელისუფლებას, რომლისთვისაც ასეთი იაფია მისი ქვეყნის ჯარისკაცის სიცოცხლე, ძალიან ძვირი დაუჯდება მისი ხელისუფლებაში ყოფნა. დაღუპული ჯარისკაცის მამამ გადაწყვიტა, რომ უკან დაუბრუნოს თავდაცვის სამინისტროს ის 7000 ლარი, რომელიც ოჯახმა დაკრძალვის ხარჯების დასაფარად მიიღო. ის ასევე შეუერთდება მამების აქციას და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის.
31 წლის ბიჭი ოჯახისთვის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, რომელიც არ ავადმყოფობდა, არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის პრობლემები და ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. ოჯახს ლოგიკური კითხვა გაუჩნდა, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი. გამოძიება იგივე სცენარით მიმდინარებს, როგორც სარალიძის საქმე. მოკლედ, მას შემდეგ, რაც საქმეში „რუსთავი 2“ ერთვება, ვითარება იცვლება და თავდაცვის სამინისტრო სხვა ტონალობაში ელაპარაკება გარდაცვლილის ოჯახს.
ოჯახმა შეძლო და მოითხოვა ექსპერტიზის ამონაწერი, ასევე კონტაქტი ჰქონდა სამხედრო ექიმთან და გარდაცვლილის მეგობრებთან, დაისვა კითხვები, თუ რატომ მოკვდა ადამიანი?! აინტერესებდათ, იქნებ, წნევა ჰქონდა, სიცხემ აუწია ან რაიმე კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ექიმისგან იყო კატეგორიული _ არა! ექიმმა თქვა, რომ ის უკეთებდა სამედიცინო მანიპულაციას (გულმკერდის არეში მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა) და შესაბამისად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ რომ ყოფილიყო, ელემენტარული სუნი ეცემოდა. ექსპერტიზაში მაღალი ხარისხის სიმთვრალე ჩაუწერეს, მაშინ როდესაც ადამიანი ერთ ჭიქა ღვინოსაც კი არ სვამდა.
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო ასეთ გამაღიზიანებელ პასუხს არ უნდა იძლეოდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება 31 წლის ჯარისკაცს, ადამიანს, რომელიც 12 წელი მსახურობდა ჯარში. ოჯახს, საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ მათი შვილი მოწამლულია, ასევე აინტერესებს, რატომ აღმოჩნდა სისხლში ამხელა დოზით ალკოჰოლი?
_ რის საფუძველზე დაიდო ეს დასკვნა? როგორც ამბობენ, იმ დღეს არავის დაულევია…
_ აქ გვაქვს ორ უკიდურეს შემთხვევასთან საქმე. გამოდის, რომ ეს ადამიანი ჩუმად გაიპარა, დოქით ალკოჰოლი მოიყუდა და მარტომ დალია, რაც წარმოუდგენელია; ან მეორე _ ღვიძლის კანში დაუფიქსირდა სისხლჩაქცევები და ეს გარემოება ყველაზე მეტ კითხვას ბადებს. საქმეში უკვე ჩაერთო ალტერნატიული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. აქ ყველა კითხვას სპეციალისტმა უნდა გასცეს პასუხი, რადგან რაიმე სახის ტრავმა ხომ არ ყოფილა? შესაძლოა, რაღაც კონფლიქტი მომხდარიყო ან სხვა სახის პრობლემა განვითარდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სტაჟიან სამხედრო მოსამსახურეზე გვაქვს საუბარი, რომელსაც ბოლო პერიოდი სურდა, რომ სამხედრო საქმე დაეტოვებინა. მიზეზს არ ასახელებდა, მაგრამ ამბობდა, რომ რაღაც ისე არ იყო.
მირზას ოჯახს ეკონომიკურად უჭირს, გლეხი კაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ღირსება არ გააჩნია. მას სიმართლის დამტკიცება უნდა. ის მზადაა, რომ თავისი 150-ლარიანი პენსია შეაგროვს და ყოველ თვე გადაურიცხოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამარცხვინო განცხადების გამო, რაც მან გააკეთა. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე და თუ საქმე გვაქვს სიმთვრალესთან, მაშინ მთლად უარესი თავდაცვის სამინისტროსთვის.
_ რას გულისხმობთ?
_ რა ხდება ქართულ ჯარში და, ზოგადად, ამ სისტემაში? ადამიანები, რომლებიც უნდა იდგნენ ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე, მით უმეტეს გარშემო ამხელა მტერი გვყავს ჩასაფრებული, ამ დროს ჩემი ჯარისკაცი ლოთობს?! ე. ი. ჯარისკაცს ყურადღებას არავინ აქცევს, ჯარი უკონტროლოა და ყოველგვარი წესრიგია დაკარგული?! თუ გგონიათ, რომ აქ ვინმე პასუხისმგებლობას გაექცევა, ძალიან ცდებიან. აქ თუ საფუძვლიანი გამოძიება არ ჩატარდა, უარეს შედეგებამდე მივალთ.

სამოქალაქო ადმინისტრაციის სამართლის ადვოკატი „ქრონიკა+“-თან საუბრისას ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრების მხრიდან ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგია“, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების დაზღვევას უზრუნველყოფდა. ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ მათ უნდა გადაუხადონ კომპენსაცია ოჯახს სამხედროს პოლიგონზე გარდაცვალების შემთხვევაში.

მარიამ ლევიძე _ სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი:
_ კომპენსაცია უნდა ყოფილიყო 100 000 ლარი, ოჯახის წევრების დასაქმება და ყოველთვიური დახმარება. კონტრაქტის შინაარსი ბევრ რამეზე იმეტყველებს. პირველი: თუ ეს ადამიანი ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო, რატომ არ გააფრთხილეს ამ 12 წლის მანძილზე აღნიშნული სამხედრო პირი, არ გამოუცხადეს საყვედური, არ მიიღეს სპეციალური ზომები? აქ არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი _ საქმეში ერთვება სადაზღვევო კომპანია, რომელიც თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან, თუმცა, ხელშეკრულების საფუძველზე, ანაზღაურებას ახდენს უშუალოდ სადაზღვევო კომპანია, რომელსაც შემდგომ შეუძლია რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს თავდაცვის სამინისტროს ანუ ის თანხები, რაც გასცა _ ამოიღოს. დაზღვევის ხელშეკრულებაში აუცილებალდ უნდა იყოს გაწერილი ყველა რისკი. თუ ეს რისკები გამორიცხავს იმას, რომ 2.49 სიმთვრალის კოეფიციენტი, რომელიც დადგენილია ექსპერტიზით და სადაზღვევო რისკებშიც მითითებულია, მაშინ კიდევ უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ სპეციალურად არის გაკეთებული ექსპერტიზა, რასაც იმის საფუძვლამდე მივყავართ, რომ გამოირიცხოს კომპენსირება. ეს არის ერთმანეთზე გადაბმული ჯაჭვი: კონტრაქტი, სადაზღვევო ხელშეკრულება და ესქპერტიზის დასკვნა.
როდესაც ადამიანი 12 წელი ქვეყანას ემსახურება, დიდი სირცხვილია, რომ თავდაცვის მინისტრი საუბრობს დაკრძალვის ხარჯებზე (7000 ლარი), დიდი სირცხვილია, რომ შენი ქვეყნის ჯარისკაცის მიმართ იჩენ უპატივცემულობას, არ მიდიხარ და არ უსამძიმრებ ოჯახს.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მირზა ჩაჩუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელსაც შვილმკვდარი მამა გია ჩაჩუა სამარცხვინოს უწოდებს:
„თავდაცვის სამინისტრო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით აზუსტებს, რომ 2018 წლის 9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სამედიცინო დაწესებულება შპს „უნიმედი სამცხეში“ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის, 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლის, მირზა ჩაჩუას ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს (მარი ახვლედიანი) თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2018 წლის 12 ივლისს გაეწია ფინანსური დახმარება 8750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უწყებამ თანხის დაზოგვისა და კომპენსაციის არგაცემის მიზნით გარდაცვალების ექსპერტიზის დასკვნა გააყალბა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არც დასკვნის გაცემა და არც საქმის გამოძიება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შემთხვევა, დადგენილი წესების თანახმად, არ ითვალისწინებს კომპენსაციის გაცემას. თავდაცვის მინისტრმა მირზა ჩაჩუას გარდაცვალებიდან, ჯერ კიდევ, მესამე დღეს ისარგებლა უფლებამოსილებით და პირადი ინდივიდუალური აქტით გარდაცვლილის მეუღლეს გაეწია ფინანსური დახმარება.
თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, კანონის ფარგლებში იმოქმედოს და მხარი დაუჭიროს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს. მხოლოდ 2016 წელს მინისტრის ინდაქტით დახმარება გაეწია 386 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 482 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს 515 სამხედრო მოსამსახურეს 732 ათას 645 ლარის ოდენობით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური, სამედიცინო და ფინანსური კორესპონდენციის განმხილველი კომისიის მიერ 2016 წელს დახმარება გაეწია 241 სამხედრო მოსამსახურეს 1 მილიონ 477 ათას 175 ლარის მოცულობით, ხოლო 2017 წელს ამავე კომისიის მიერ 236 სამხედრო მოსამსახურეს 972 ათას 647 ლარის ოდენობით“.

გიორგი საკარული