„დამირეკეს და მითხრეს, შენზე თავდასხმა იგეგმებაო“ _ წვერიანი კაცი ტვ „იბერიიდან“, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს

ქართული პოლიტიკის ე.წ. საშემოდგომო სეზონი სკანდალებით „გაიხსნა“. ამ მხრივ კი ერთ-ერთი ყურადსაღები და გამორჩეული ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენებია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „იბერიის“ ჟურნალისტებმა შესაძლო ზეწოლაზე განცხადება გააკეთეს, რის შემდეგაც ფარული ჩანაწერი გავრცელდა.
მართალია, ამ ჩანაწერზე არც ექსპერტიზა ჩატარებულა და არც გამოძიება დაწყებულა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ პირი, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს (ტელეკომპანია „იბერია“ „ომეგა ჯგუფის“ წევრია), ზაზა ოქუაშვილს ტელევიზიის დათმობას სთხოვს, სპორტის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და აწ უკვე რკინიგზის სამეთვალყრეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანია, რაც იმითაც დასტურდება, რომ რამდენიმე დღის წინ ლევან ყიფიანმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, _ დაწერა ყიფიანმა სოციალურ ქსელში.
პირველ ჩანაწერს მეორეც მოჰყვა, სადაც ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს, კონტრიბუციის სახით, 2 მილიონ დოლარს სთხოვს და ეუბნება, ამ ორი მილიონიდან ერთი მილიონი ბიუჯეტში წავა, მეორე მილიონი კი _ მათთან, ვინც „ომეგას“ პრობლემებს მოუგვარებსო. ამავე ჩანაწერში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რომელმაც ჩანაწერის გავრცელებიდან მეორე დღესვე საგანგებო განცხადება გააკეთა:
„ლეგენდები ჩემი ე.წ. განსაკუთრებული გავლენების შესახებ არ ახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები, რომელთაც ამ ლეგენდით უკანონო სარგებლის მიღება სურთ.
გამონაკლისი არც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ, ამ ბოლო დროს, მიმდინარე აჟიოტაჟია. ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან? თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.
შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს“.
როგორც მოსალოდნელი იყო, უჩა მამაცაშვილის განცხადებას სამართალდამცველთა მყისიერი რეაქცია მოჰყვა _ თბილისის პროკურატურამ ზემოხსენებული ჩანაწერებიდან მეორეზე გამოძიება დაიწყო. ამასობაში მესამე ჩანაწერიც გავრცელდა, რომელშიც უკვე ახალი პერსონაჟები ჩანან _ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და ყოფილი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მესამე აუდიოჩანაწერში ყიფიანი უკვე სამ მილიონ დოლარზე საუბრობს.
ლევან ყიფიანი: ე. ი., ხო გითხარი, ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის… ბიძინას დაცვის უფროსი იყო, ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის… ავტორიტეტია, რა… ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის, რო კიდე გამიმეორა, მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო, აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა, „პროსტა“ პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა „გაიჩითაო“ კომპანიას შორისო, ის დარჩაო… რა, კუდებიო… ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო… ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო, რო ნდობის „პონტშიო“… მე ვუთხარი, მაგიტომ ჩავერიეო, რომ ნდობის მომენტი აღდგეს-მეთქი, რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი… ფული უნდა გავანაწილოთ, რა… ანზორაზე, ჩემი მეგობარია და…
ზაზა ოქუაშვილი: ვინ არის ეს ანზორი, ე. ი., თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.
ლევან ყიფიანი: რომელიც „გვბალელშიკობს“ ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო… ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია, რა… მაგას ეხება აეროპორტების დაცვები, ისა, ისა… რა. მინისტრია, რა. მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია“.
მესამე ჩანაწერის მსგავსად, პირველი ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ლევან ყოფიანი ზაზა ოქუაშვილს ტელევიზიის დათმობას სთხოვს, საგამოძიებო უწყებას არც კი გახსენებია. არადა, ეს ჩანაწერი მეორეზე არანაკლებ საინტერესო და დამაფიქრებელია, რადგან მასში სპორტის ყოფილი მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ „წვერიანი კაცი“ მას და „იმათაც“ აღიზიანებს.
ვის გულისხმობს „წვერიან კაცში“ ლევან ყიფიანი? _ ტელეკომპანია „იბერიის“ პოლიტიკური გადაცემების ყველა წამყვანი წვერიანია, თუმცა საზოგადოებაში თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ „წვერიანი კაცი“, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ან ვანო პავლიაშვილია. სხვათა შორის, ვანოს „იბერიაზე“ ოთხი გადაცემა მიჰყავს: „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, „პოლიტიკური ალგორითმი“, „X-ზონა“ და „ღამის გამბიტი“. „ღამის გამბიტში“ ვანოს თანაწამყვანიც ჰყავს _ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა.
აქვე აღსანიშნავია, რომ წინა სეზონზე სწორედ ვანო პავლიაშვილის „X-ზონაში“ იყო საუბარი ე.წ. ფაროსანას სკანდალთან დაკავშირებით _ მაშინ გოჩა მირცხულავამ „ფაროსანას კორუფციის“ სქემა გაშიფრა (ეს მასალები „ქრონიკა+“-შიც გამოქვეყნდა). გოჩა მიცრხულავასა და ვანო პავლიაშვილის ერთად გამოჩენა „ქოცნებისთვის“, რასაკვირველია, სასიამოვნო არ იქნებოდა, ამიტომ რეაქციამაც არ დააყოვნა და სახელისუფლებო ელიტამ „წვერიანი კაცის“, ვანო პავლიაშვილის ეკრანიდან მოშორება გადაწყვიტა, რაც არ გამოუვიდა.

„ქრონიკა+“ სკანდალურ ჟურნალისტს, „წვერიან კაცს“, ვანო პავლიაშვილს ესაუბრა:

_ ვანო, ადასტურებ, რომ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „წვერიან კაცში“, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს, შენ გგულისხმობს?
_ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან „იბერიის“ თითქმის ყველა წამყვანი, რეზი ჭიჭინაძის გარდა, წვეროსანია, თუმცა გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ყიფიანსა და ზოგიერთ ოცნებელს სწორედ მე და ჩემი გადაცემები აღიზიანებთ.
_ ასეთი ეჭვი რატომ გაგიჩნდა?
_ რატომ და, _ გარკვეული ფაქტების ანალიზის გამო.
_ რას გულისხმობ?
_ 25 წელია, ჟურნალისტიკაში ვარ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა არ მახსოვს, რომელიმე ხელისუფლებას ჩემ მიმართ კეთილი განწყობა ჰქონოდა. საერთოდ, როცა ჟურნალისტი მაღალჩინოსნებს არ აღიზიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. ხშირად ვამბობ ხოლმე, მე მოძღვარი არ ვარ, რომ ჩინოვნიკების სულიერ სიმშვიდეზე ვიზრუნო-მეთქი. ჰოდა, როგორც კი ვიგრძნობ, რომ სახელისუფლებო წრეებისთვის „საყვარელი“ ჟურნალისტი გავხდი, ჩავთვლი, რომ ჟურნალისტიკაში ჩემი ადგილი აღარ არის და ამ პროფესიიდან წავალ!
ახლა რაც შეეხება „წვერიან კაცს“: ჯერ ერთი, როგორც ვიცი, ეს შემთხვევითი ტერმინი არ არის, ანუ საბჭოთა სპეცსამსახურებში „წვერიანი“ ერთგვარი კოდური სახელი იყო და ამ ტერმინით „კაგებეშნიკები“ არასასრურველ ადამიანებს მოიხსენიებდნენ. ისე, ვალერი გელბახიანმა ხუმრობით მირჩია, კარგი იქნება, თუ ამ ფარული ჩანაწერის შესახებ საქმის კურსში დიპლომატიურ კორპუსს ჩააყენებ და უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს მოითხოვო.
_ ამის გაკეთებას აპირებ?
_ არ მგონია, თუმცა დაფიქრება შეიძლება _ ჩვენ ხომ გადარეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პოლიტიკურ ელიტას, უფრო სწორად, პოლიტიკური ელიტის იმ შტოს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩანაწერში ნამდვილად ლევან ყიფიანის ხმაა, მაშინ საქმე სახუმაროდ აღარ იქნება, რადგან ყიფიანი, როგორც ვიცი, „ოცნებაში“ დიდი პატივისცემით სარგებლობს. ამასთან, ცნობილია, რომ ის ბოლო წუთამდე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. იმასაც ამბობენ, რომ თითქოს საინვესტიციო ფონდშიც მუშაობს და დავით საგანელიძესთან მეგობრობს.
ერთი სიტყვით, გამოდის, რომ ეს კაცი ხელისუფლების, მინიმუმ, ნდობით აღჭურვილი პირია და სწორედ ხელისუფლების სურვილებს ახმოვანებს, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ გაბედავდა, რომ ეძველბიჭა და ზაზა ოქუაშვილისთვის, რომლის მიერ დაფუძნებულმა „ომეგა ჯგუფმა“ სამ წელიწადში ბიუჯეტში მილიარდზე მეტი შეიტანა, კონტრიბუცია და „ლევი“ ფული მოეთხოვა!
სხვათა შორის, ლევან ყიფიანმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა, რაც ჩემთვის გარკვეული მესიჯია, ანუ შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ მმართველმა ელიტამ ყიფიანი განტევების ვაცად გამოიყვანოს და მატროსოვზეც გაუშვას, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ზედაპირული მოგვარება იქნება. ამასთან, ყიფიანის გადადგომა ირიბად, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ ის ფარული ჩანაწერების ნამდვილობას აღიარებს და არც ის გამიკვირდება, რომ დაკითხვაზე მისულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა პირი მოხსნას და იმ ადამიანების გვარები დაასახელოს, რომლებმაც შუამავლობა დაავალეს!
_ ასეთი მოლოდინი მეც მაქვს, თუმცა, ვანო, სანამ ყიფიანი პირს გააღებს, მითხარი, სხვა დროს თუ დაგმუქრებიან?
_ (იღიმება) მუქარა და შანტაჟი ჟურნალისტის პროფესიის თანმდევია. ვერ ვიტყვი, რომ მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ, თუმცა მსგავსი რაღაცები ყოფილა.
_ მაინც, რა ყოფილა?
_ მოგიყვები, თუმცა ჯერ სულ ბოლო ფაქტის შესახებ გეტყვი: შაბათს, 15 სექტემბერს, „პოლიტიკურ ალგორითმში“ სტუმრად მყავდა „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, რომელმაც მძიმე თემებზე ისაუბრა. ჯერ კიდევ გადაცემის მსვლელობისას მესინჯერში რამდენიმე წერილი მივიღე. ამ წერილების ავტორები აპროტესტებდნენ, _ ელისოს ეთერი რატომ დაუთმეო?! მოგვიანებით კი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულმა ადამიანმა, რომლის შვილიც, როგორც გავარკვიე, ასევე სახელმწიფო უწყების თანამშრომელია, მესინჯერში მომწერა: მიხვდები, რატომ გწერ, რად გინდა, ამ ელისოს რომ იწვევ ხოლმე გადაცემებშიო. მართალია, აქ პირდაპირი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ასეთ „კეთილ რჩევებს“, როგორც წესი, შემთხვევით არ იძლევიან ხოლმე.
ისე, ჩვევა მაქვს _ ყველაფერს ვინახავ და, ცხადია, ეს მიმოწერებიც შენახული „დასქრინული“ მაქვს _ კაცმა არ იცის, რა მოხდება…
ბნელი 90-იანი წლებია. „დიდ ავიაციაში“, ანუ ჟურნალისტიკაში ახალი ფეხშედგმული ვარ და მგონია, რომ მთებს გადავდგამ. ჰოდა, ერთხელაც, ინტერვიუ დაზვერვის მაშინდელ შეფთან ჩავწერე. მოგეხსენებათ, ავთო იოსელიანი ენაწყლიანი ადამიანი იყო და კომუნიკაცია არც მე გამჭირვებია. მეტიც, ინტერვიუ რომ გამოქვეყნდა, დამირეკა, მადლობა გადამიხადა და მითხრა, _ ვიმეგობროთო. _ ვიმეგობროთ, რა პრობლემაა-მეთქი. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შევხვდი. ცოტა არ იყოს, უცნაურად ლაპარაკობდა.
_ რას ამბობდა?
_ მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დეტალები აღარ მახსოვს, თუმცა ერთი ფრაზა დამამახსოვრდა, _ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ინფორმაციის მინისტრად დაგნიშნავდიო. ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკა და უცებ ამბობს, _ ჩვენ სწორედ შენნაირი ადამიანები გვჭირდებაო. _ როგორი ჩემნაირი-მეთქი? _ ჩავეკითხე. განათლებული, ჭკვიანი, ალღოიანიო, _ მომიგო. გამეცინა და არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, _ ჩემს „დავერბოვკებას“ ტყუილად ცდილობთ-მეთქი. ამის მერე ავთო იოსელიანს აღარ შევხვედრივარ…
90-იანი წლებიდან კიდევ ერთი ამბავი მახსოვს: მაშინ ბევრი ჟურნალ-გაზეთი არ გამოდიოდა. იმ დროისთვის ყველაზე მრავალტირაჟიან გაზეთში ვმუშაობდი. პარლამენტის ბუფეტზე ლეგენდებს ყვებოდნენ. მოკლედ, რეპორტაჟის გაკეთება გადავწყვიტე. მახსოვს, პარლამენტის ბუფეტში ცხონებულმა ვახტანგ გოგუაძემ შემაპარა. მართლაც, სკანდალური რეპორტაჟი გამოვიდა…
გაზეთის იმავე ნომერში, ჩემი მეგობრისა და კოლეგის, მარიკა კახაძის ჟურნალისტური გამოძიება დაიბეჭდა, რომელიც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სექსმუშაკების საქმიანობას ეხებოდა. დღეს ამ თემაზე ღიად ლაპარაკობენ, მაგრამ მაშინ მსგავსი რაღაცები ტაბუდადებული იყო. მოკლედ, მარიკამ გამოიძია, რომ სექსმუშაკებს წილში მაშინდელი მილიციის მაღალჩინოსნები ესხდნენ.
ისე, სიმართლე გითხრა, არასოდეს მიმიჩნევია, რომ სკანდალური ჟურნალისტი ვარ, მაგრამ თავიდანვე, როგორც კი „დიდ ავიაციაში“ ფეხი შევდგი, სკანდალისტად მოვინათლე. რომ გითხრა, ეს შეფასება არ მომწონს-მეთქი, მოგატყუებ, თუმცა არც იმას დაგიმალავ, რომ ჩემში სკანდალურს ვერაფერს ვხედავ.
მოკლედ, პარლამენტის ბუფეტიდან რეპორტაჟი რომ გამოქვეყნდა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოცემის რედაქტორს თავს დაესხნენ. ამ დროს თბილისში არ ვიყავი. როცა დავბრუნდი და სამსახურში მივედი თუ არა, ქალაქის ტელეფონმა (მაშინ „მობილური“ არ არსებობდა) დარეკა, ადმინისტრატორმა, _ შენ გკითხულობენო. ყურმილი ავიღე და უცნობმა მითხრა, _ იცოდე, ახლა შენი ჯერია, შენზე თავდასხმა იგეგმება და ფრთხილად იყავიო.
_ შეგეშინდა?
_ კი არ შემეშინდა, უფრო დავიზაფრე, თუმცა მთელი დღე ისე გავიდა, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს. საღამოს, შინ რომ მივდიოდით, რედაქტორს ვუთხარი, _ ასე და ასეა საქმე, ჩემზე, თურმე, თავდასხმა იგეგმება-მეთქი. მაშინვე მილიცია გამოიძახეს და შინ „ესკორტით“ წამიყვანეს. მეორე დღესაც მილიციის თანხლებით მივედი სამსახურში, მაგრამ ეს „დაცვა“ მალე მომბეზრდა… ამ ამბის მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღემდე ვერ მივხვდი, უცნობი როგორ მიხვდა, რომ სამსახურში მივედი? არადა, თავიდნავე ვიეჭვე, რომ „უცნობს“ ინფორმაცია შიგნიდან მიაწოდეს.
საერთოდ, ჟურნალისტი ნებისმიერი ექსტრემისა და მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოს. თუ ჟურნალისტი იმის შიშით, ემანდ, არაფერი დამემართოსო, ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე უარს ამბობს, მაშინ ის ჟურნალისტი არ არის.
_ ანუ ჟურნალისტი კომპრომისზე არასოდეს უნდა წავიდეს?
_ კომპრომისი სხვა რამეა, ინფორმაციის დამალვა კი _ სხვა.
_ კომპრომისზე წასულხარ?
_ კი, წავსულვარ.
_ რატომ?
_ რატომ და, _ წინა პლანზე ადამიანური ფაქტორი დავაყენე. ვფქირობ, სწორედ ესაა ჟურნალისტური ეთიკა.
_ ამ ამბავს მომიყვები?
_ კი, მოგიყვები… წლების წინათ ერთ სკანდალურ თემაზე ვმუშაობდი. ინფორმაცია, რომელიც მომაწოდეს, დადასტურდა, თან საინტერესოა, რომ, ასე ვთქვათ, მტკიცებულებების სახით მხოლოდ რესპონდენტთა ინტერვიუები კი არა, სხვა ფაქტებიც მქონდა. ბუნებრივია, იმ პიროვნებსაც შევხვდი, რომელსაც ადამიანის უფლებების შელახვაში ედებოდა ბრალი.
_ ეს ადამიანი მაღალჩინოსანი იყო?
_ არა.
_ აბა?
_ ამ შემთხვევაშიც ჟურნალისტურ, უფრო სწორად, ადამიანურ ეთიკას დავიცავ და მის ვინაობას არ დავასახელებ, თუმცა ერთს ვიტყვი: ეს პიროვნება ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.
მოკლედ, წერილი დასაბეჭდად მზად იყო… დილით, სამსახურში მისულს, ეს პიროვნება დამხვდა და მითხრა, _ შვილო, ოღონდ ქვეყანაზე თავი არ მომჭრა და მზად ვარ, ყველას, ვისაც ცუდად მოვექეცი, ბოდიში მოვუხადოო. უცებ დაიჩოქა და განაგრძო, _ ყველაფერს გავაკეთებ, თუ გინდა, იატაკს მოვრეცხავ და ეს წერილი არ გამოაქვეყნოო. დავიბენი…
_ რატომ?
_ ჩემ წინ დაჩოქილი იყო დედაჩემის ხნის ქალბატონი, რომელიც, შევატყვე, თავის საქციელს აშკარად ნანობდა…
ქალბატონი წამოვაყენე, შეძლებისდაგვარად დავამშვიდე… ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ ქალბატონმა ყველას, ვისი უფლებებიც დაარღვია, ბოდიში მართლა მოუხადა.
სხვათა შორის, არ ვიცი, ეს პიროვნება ახლა ცოცხალია თუ არა, მაგრამ მას მერე ამდენი წელია გასული და ამის შესახებ არც საჯაროდ მომიყოლია და ამ ადამიანის ვინაობას არც ახლა გავამხელ.
ვფქირობ, სწორედ ეს არის ჟურნალისტური ეთიკა და არა ის, დღეს რომ თავზე გვახვევენ და გვმოძღვრავენ, შესაძლო დანაშაულსა თუ კორუფციაში მხილებულ ჩინოვნიკებს რატომ ააშკარავებთ, მათ ხომ ცოლ-შვილი ჰყავთ, ოჯახები აქვთ და დისკომფორტი შეექმნებათო.
ეს კი არადა, როგორც ვიცი, ზოგიერთი თეორეტიკოსი „ჟურნალისტი“, რომელსაც ცხოვრებაში პეპლებისა და ჩიტების გარდა არაფერზე დაუწერია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლის, _ ჟურნალისტის მოვალეობაა, არავის ავნოს, მათ შორის, არც დამნაშავე ჩინოვნიკს და ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელოს, როცა სასამართლო განაჩენს გამოიტანსო.
რას ვიზამთ, ეს ხომ ჩვენი საქართველოა და, დემოკრატიისა არ იყოს, ჟურნალისტიკაც ჩვენებურად გვესმის?!
რაც შეეხება წეღანდელ შეკითხვას, წელიწადნახევარია, „იბერიაში“ ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობისა და დამფუძნებლებისგან მინიშნებაც კი არ ყოფილა, ამა თუ იმ თემას არ შეეხოო. მეტიც, ზოგიერთ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები შესაძლოა, ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ „იბერიაზე“ სრული თავისუფლება მაქვს და ეს ტელევიზია ამიტომაც მიყვარს.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ თავისუფალი სიტყვის გამო აღიზიანებს ხელისუფლებას „იბერია“!
ისე, იმ ფარულ ჩანაწერში, სადაც ლევან ყოფიანი ამბობს, რომ „წვერიანი კაცი“ მას და „იმათაც აღიზიანებს“, პირადად ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, რადგან ჯერ კიდევ ზამთარში მიმანიშნეს, გაჩერდიო.
_ ვინ მიგანიშნა?
_ ვინ და, _ ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.
_ მიგანიშნა თუ დაგემუქრა?
_ არა, მუქარა არ ყოფილა, ეს უფრო „მეგობრული“ რჩევა იყო.
მოკლედ, „ქრონიკა+“-თან ერთად, „იბერია“ პირველი მედიასაშუალება იყო, რომელმაც ფაროსანას პროგრამაში არსებულ ფინანსურ დარღვევებსა და შესაძლო კორუფციაზე დაიწყო საუბარი. ჩემს გადაცემაში, პირდაპირ ეთერში, გოჩა მირცხულავამ სკანდალური ფაქტები გაასაჯაროვა (ეს მასალები, როგორც ვიცი, „ქრონიკა+“-შიც გამოქვყენდა).
ასევე მქონდა გადაცემა გურიიდან _ ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ამხელდა და ამბობდა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა, რომელზედაც მილიონები იხარჯება, ბლეფია.
ამის შემდეგ არ გასულა დიდი დრო, ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთ-ერთი პიროვნება დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. ამ დროს უკვე მქონდა ინფორმაცია, რომ მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირკაშვილის მრჩევლები ჩემზე გამოსვლას ცდილობდნენ და ერთ-ერთ პიროვნებას დაავალეს, რომ ჩემთან ურთიერთობა დაელაგებინა, მაგრამ ამ პიროვნებამ თქვა, პავლიაშვილთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდაო.
ერთი სიტყვით, „კეთილისმსურველს“ შევხდი და, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, საუბარი შორიდან დაიწყო. ვუთხარი, ვიცი, რაც გინდა და, მოდი, პირდაპირ მითხარი-მეთქი.
_ გითხრა?
_ კი, მითხრა, ოღონდ გოჩა მირცხულავაზე გააკეთა აქცენტი, შენი მეგობარია და უთხარი, გაჩერდეს, რად უნდა ამ თემების წამოწევაო? ცივი უარი ვუთხარი. სხვათა შორის, მას მერე ეს „კეთილისმსურველი“ აღარ გამოჩენილა.
ამის მერე იყო კიდევ ერთი ფაქტი, რომლისთვისაც მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია.
_ კერძოდ?
_ რაჭისა და პანკისის მოსახლეობა მცირე ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. ყოველ კვირას „იბერიაზე“ მაქვს გადაცემა „X-ზონა“. გადაცემის ფორმატი ასეთია _ პირდაპირ ეთერში ხალხი საკუთარ პრობლემებზე საუბრობს. სხვათა შორის, ექსკლუზიურად გეტყვი, რომ ახალ სეზონზე ეს გადაცემა ეთერში ახალი სახელით გავა და მას „ხალხის ხმა“ ერქმევა.
მოკლედ, ჯერ რაჭაში ჩავედი, მერე _ პანკისში. მახსოვს, რაჭაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ადამიანები შეეშინებინათ და გადაცემა ჩაეშალათ. როგორც კი ეს ინფორმაცია მივიღე, მაშინვე „ფეისბუქზე“ დავწერე. ჰოდა, წვრილმანი ჩინოვნიკები იძულებულნი გახდნენ, ხალხის დაშინებაზე არათუ ხელი აეღოთ, არამედ გადაცემაში მონაწილეობა თავადაც მიეღოთ. მათ ადგილობრივებმა პირდაპირ ეთერში მწვავე კითხვები დაუსვეს…
რაჭიდან რომ დავბრუნდი, ერთი ნაცნობი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, _ რას გადაეკიდე ამ ჰესებს, განა, არ იცი, ვის ინტერესში შედისო?!
კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც შესაძლოა, ხელისუფლება გააღიზიანა, გურამ შარაძის ქალიშვილს, რუსუდან შარაძეს უკავშირდება. „ქრონიკა+“-მა სკანდალური აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია საუბრობენ. ამ ჩანაწერიდან ჩანდა, რომ შარაძის მკვლელობის გამოძიებას ხელისუფლება აჭიანურებს. ამის შემდეგ „იბერია“, პრაქტიკულად, ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელმაც რუსუდან შარაძეს პირდაპირი ეთერი დაუთმო, უფრო სწორად, ერთ-ერთმა ტელევიზიამ კი მიიწვია, მაგრამ დროის სიმცირის გამო რუსუდანმა ყველაფრის თქმა ვერ მოასწრო. ჩემს გადაცემა „პოლიტიკურ ალგორითმში“, რომელიც ყოველ შაბათს, 21:00 საათზე გადის პირდაპირ ეთერში, რუსუდან შარაძემ ზემოხსენებულ ჩანაწერსა და იმაზე, თუ რატომ აჭიანურებდა სუს-ი შარაძის მკვლელობის გამოძიებას, დეტალურად ისაუბრა.
პირველი ფარული ჩანაწერი რომ გავრცელდა, რუსუდან შარაძემ თავად გამახსენა, „იბერიაზე“ ზეწოლა სწორედ იმას უკავშირდება, რომ ეთერი დამითმეთო და ჟენევიდან საგანგებო ეთერშიც ჩამერთო.
ცალკე აღებული ეს ფაქტები შეიძლება, არაფერზე მეტყველებს, მაგრამ ნათქვამია, ეშმაკები დეტალებში სხედანო. ყველაფერი ეს კი ის დეტალია, რომელიც ხელისუფლებას აღიზიანებს. ყოველ შემთხვევაში, ამაში დარწმუნებული ვარ!
_ მას შემდეგ, რაც ფარული ჩანაწერები გავრცელდა, ხელისუფლებიდან არავინ დაგკავშირებია?
_ არა, თუმცა ამ პერიოდში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა.
_ რა ამბავი?
_ ჯერ კიდევ ზაფხულში უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს, „ოცნების“ სახეს შევუთანხმდი, რომ გადაცემისთვის _ „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ინტერვიუ უნდა ჩამეწერა. ცხადია, დამთანხმდა. მეტიც, პარლამენტშიც კი დამპატიჟა (ყავა მომიდუღა), რომ დეტალები გაგვევლო. ჰოდა, შევთანხმდით, რომ გადაცემას აგვისტოს მეორე ნახევარში ჩავწერდით, მაგრამ მას მერე ვურეკავ და ტელეფონზეც აღარ მპასუხობს! ალბათ გააფრთხილეს, მაგ „წვერიან კაცთან“ დალაპარაკებული არ გნახოთ, თორემ გავბრაზდებითო.
რას ვიზამთ _ როცა პარტია უბრძანებს, ადამიანებმა უარი, შესაძლოა, საკუთარ მშობლებზეც კი თქვან და უარყონ!
ისე, ახლა გამახსენდა, რომ კოკა ყანდიაშვილმა, რომელიც, თურმე, „ოცნების“ არაოფიციალური „პიარშჩიკია“, სოციალურ ქსელში, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ დამბლოკა.
_ რატომ?
_ ჩემი ერთი საგაზეთო წერილი არ მოსწონებია და ამის შესახებ „მესინჯერში“ მომწერა. მივუგე, _ მზად ვარ, შენთან ინტერვიუ ჩავწერო-მეთქი. იუარა და მიმაბლოკა. ალბათ, ეგონა, რომ ამ დაბლოკვის გამო ძალიან ვინერვიულებდი, მაგრამ მატყობ, რომ ვნერვიულობ და განვიცდი? (იღიმება)
_ არა, საამისოს ნამდვილად ვერაფერს გატყობ!
ვანო, მას შემდეგ, რაც „იბერიის“ საქმეზე ფარული ჩანაწერები გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ტელევიზიაზე ზეწოლას ახდენს, მმართველი გუნდიდან მხარდაჭერის მიზნითაც არავინ შეგხმიანებია?
_ არა. „ოცნებაში“ მეგობრები არ მყავს, რომ მხარდაჭერა გამოხატონ. სამაგიეროდ, მხარდაჭერას რიგითი მოქალაქეებისგან ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ _ ადამიანები ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან, „იბერიის“ გვერდით ვართო.
ეს კი არადა, ამას წინათ „იბერიის“ ჟურნალისტებმა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოავწყვეთ. აქცია რომ დამთავრდა, ტაქსი გავაჩერეთ. თანამშრომელი გოგონები უკან დასხდნენ, მე კი _ წინ. მძღოლმა შემომხედა თუ არა, ხმამაღლა აღნიშნა, რა მაგარია, „წვერიანი კაცი“ მიზისო. ბევრი ვეხვეწვეთ, მაგრამ მგზავრობის საფასური არ გამოგვართვა.
მთავარი სწორედ ესაა, რომ ხალხს უყვარდე და პატივს გცდემდეს, თორემ ჩინოვნიკები შენზე, როგორც ჟურნალისტზე, რას ფიქრობენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
_ ისე, როგორც ჟურნალისტი, ტონის შერბილებას ხომ არ აპირებ?
_ რასაკვირველია, არა. სიმართლე გითხრა, კრიტიკა თვითმიზანი არ არის და თუკი რამე კარგი ხდება, იმასაც სიამოვნებით ვიტყვი და გავაშუქებ, მაგრამ ჟურნალისტობას თავი რომ დავანებოთ, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და როგორ ვთქვა, კარგია, ლარი რომ უფასურდება ან პური და საწვავი რომ ძვირდება? ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა და ამაზე თვალის დახუჭვა, ვფქირობ, არ შეიძლება!

ლიკა ნადარაია