აკრძალული ხილის ეფექტი ანუ ლეგალიზაციის ხიბლი

საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო. შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
30 ივლისიდან მოყოლებული ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.
დავა ამ საკითხზე დღემდე არ წყდება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე-სიმცდარის შესახებ კი არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს.

რა ცვლილებები მოიტანა ახალმა გადაწყვეტილებამ და კონკრეტულად რა მოქმედებები გახდა კანონით დასაშვები?
საქართველოში მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.
თუმცა ლეგალიზება თავისი არსით არ ნიშნავს მარიხუანას მოხმარების სრულ თავისუფლებას. კანონში კვლავ რჩება გარკვეული სახის შეზღუდვები, რომელიც ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მიმართ არსებობს.
სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით იკრძალება მარიხუანას რეალიზაცია, რაც უშუალოდ ამ სახის ნარკოტიკის გავრცელებას გულისხმობს. ეს მუხლი ითვალისწინებს სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას მარიხუანას უკანონო გასაღებაზე.
ასევე კანონის მიხედვით დადგენილია, რომ თუ მარიხუანას გავრცელება ხდება დიდი რაოდენობით, რაც გულისხმობს 70 გრამ გამომშრალ და 140 გრამ ნედლ ნარკოტიკს, ასევე თუ ეს დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ჯგუფურად, არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სასჯელი მძიმდება და მაქსიმალური სანქცია 9 წლით განისაზღვრება.
ახალი გადაწყვეტილება ითვალისწინებს 70 გრამამდე მოცულობის გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაზე სასჯელის გაუქმებას.
იურისტები და ექსპერტები გარკვეული სახის ხარვეზებზე საუბრობენ, რომელიც თან სდევს ლეგალიზაციის პროცესს. მათი შეფასებით, შეუთავსებლობასა და ერთგვარ გაუგებრობას ქმნის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ფლობისთვის სასჯელის გაუქმება, ხოლო კანონში მუხლის კვლავ არსებობა. ე. ი. ამ ქმედების ჩადენა კანონსაწინააღმდეგოა და ადამიანი, რომელიც მოიხმარს მარიხუანას ან სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებას არღვევს საკანონმდებლო მუხლს, თუმცა, ამავდროულად, აღარ არსებობს საშუალება, რომლითაც ის დაისჯება.
ამასთანავე, ნედლი სახით მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის გაუქმდა საპატიმრო სასჯელი. ამ ქმედებას არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი კრძალავს.
ზუსტად ასეთივე საკანონმდებლო ხარვეზია ნედლი სახით 100 გრამამდე მარიხუანას შენახვის შემთხვევაშიც. შესაძლებელია ნასამართლევად გცნონ, მაგრამ სასჯელი ვერ მოგისაჯონ, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლომ ის გააუქმა.
„სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა. შ.“, _ წერია სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ანუ რჩება გარკვეული შემთხვევები, როდესაც ამ ტიპის ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება ისჯება კანონით და წარმოადგენს საზოგადოებისთვის და მისი წევრებისთვის რისკს.
საკითხის მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ლეგალიზებულმა ნარკოტიკმა, რომელიც წლების განმავლობაში აკრძალული იყო?
მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეთა მთავარ არგუმენტს ჰოლანდიისა და მსგავსი ქვეყნების წარმატებული მაგალითი წარმოადგენს, სადაც წლების წინათ გაუქმდა სასჯელი მარიხუანას მოხმარებაზე, რამაც რიცხობრივად შეამცირა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი.
იმ ჰოლანდიელთა რიცხვი, რომელიც მარიხუანას მოიხმარს, სტაბილურად შეადგენს 600-700 ათას ადამიანს, მაშინ როცა მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს მხოლოდ 15 000 ადამიანი.
მარიხუანას ლეგალიზაციით ჰოლანდიელმა ახალგაზრდობამ, ფაქტობრივად, თავი დაანება ისეთი „მძიმე“ და საშიში ნარკოტიკის მოხმარებას, როგორიცაა ჰეროინი. გარდა ამისა გაცილებით შემცირებულია კოკაინის მომხმარებელთა რაოდენობაც.
თუმცა ამ პროცესების მოწინააღმდეგეები ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო პრაქტიკას და იმ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც მარიხუანასა და ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციას ახლავს.
ნარკომანიის ზრდა, სამედიცინო თვალსაზრისით უარყოფითი შედეგები, უარყოფითი თანმდევი ეფექტები _ ეს იმ საფრთხეების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციის მოწინაღმდეგეების კრიტიკასა და შიშს იწვევს.
განსხვავებული მოსაზრებების სიმრავლისა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად ყველა თანხმდება, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებაა აუცილებელი, რომელიც დადებით ნაბიჯებს უარყოფით შედეგებად არ გადააქცევს, რადგან ისევე როგორც ალკოჰოლის სმას, ასევე ნარკოტიკის ლეგალურ მოხმარებასაც განსაზღვრული კულტურა სჭირდება, რომელიც გარკვეულ ჩარჩოებს დააწესებს და არსებულ საფრთხეებს თავიდან აარიდებს საზოგადოებას.
ბევრს საუბრობენ ლეგალური ნარკოტიკებისა და ამ პოლიტიკის დანერგვის სოციალურ, ეკონომიკურ, სამედიცინო ასპექტებზე. საინტერესოა, როგორია საკითხის ფსიქოლოგიური კუთხე?

რამდენად არსებობს აკრძალული ხილის გემრიელობის ფენომენი და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზების პროცესს მასობრივ ფსიქიკაზე?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ფსიქოლოგი მარიამ იველაშვილი:
_ რას ფიქრობთ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე? რა გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით?
_ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე დადგა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ მორალური, სულიერი, პოლიტიკური თუ სხვა თვალსაზრისით.
ნარკოპოლიტიკა ზოგადად დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე. აუცილებელი ხდება ამ მიმართულებით რეფორმების გატარება ყველა სისტემაში და ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არ არის მსგავსი ტიპის ცვლილებებისთვის. ვფიქრობ, რომ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველა მიმართულებით. შესაძლებელი იქნებოდა, პოზიტიური კუთხითაც განგვეხილა ეს საკითხი, მაგრამ არა ახლა და არა ასეთ დროს, როცა ჩვენი ქვეყანა უამისოდაც მნიშვნელოვან ჩიხშია შესული.
_ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეების ერთი ნაწილი არგუმენტად ასახელებს იმას, რომ რაც უფრო აკრძალულია რამე, მით სასურველია იგი. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიურად როგორ მოქმედებს ე. წ. აკრძალული ხილის პრინციპი ადამიანზე?
_ აკრძალული ხილი რომ უფრო გემრიელია ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ეს განზოგადება სხვადასხვა საკითხთან სადავოა.
და ამ ხილს როცა სხვის ხელში ან სხვის ხეზე ვხედავთ კიდევ ორმაგად მიმზიდველია, მაგრამ როგორც კი ჩვენს ხელში აღმოჩნდება, ინტერესი ნელ-ნელა გვეკარგება და აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მიმზიდველი ან გემრიელი ყოფილა, როგორც სხვის ხეზე ჩანდა.
არ შეიძლება სიტუაციის ერთი მხრიდან შეფასება და ერთი ფრაზის ყველა სიტუაციაზე მორგება. ბაირონ ქეითს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ზედმეტადაც კი ვართ ჩახედული სხვის საქმეში და სწორედ ესაა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. თუნდაც ეს სიტყვები რომ გავშალოთ „აკრძალული ხილი უფრო გემრიელია“, _ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვისი უფრო მეტად გვიზიდავს და გვაინტერესებს?! შესაძლოა, ჩვენ ზუსტად იგივე ხილი გვქონდეს სახლში და ვერც კი ვამჩნევდეთ! მაგრამ სხვისი თუა ათმაგად ძლიერად გვაინტერესებს. ამ შემთხვევაშიც ვიღაცისთვის თუ „აკრძალული ხილის“ იმიტაციაა ლეგალიზება, ვიღაცისთვის სრული კატასტროფა შეიძლება იყოს, ვინც ფხიზელი თვალით უყურებს, რა ხდება გარშემო, უკვე ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდე.
_ ორიოდ სიტყვით რომ შევეხოთ ნარკოდამოკიდებული ადამიანების საკმაოდ რთულ რეაბილიტაციის პროცესს, როგორია ამ დროს ბენეფიციარის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რეაბილიტაციის კომპლექსური პროცესი რა ძირითად ეტაპებს მოიცავს?
_ რეაბილიტაცია ძალიან რთული პროცესია. პირველ რიგში ბენეფიციარს ძალიან დიდი მონდომება და ძალისხმევა სჭირდება, რადგან, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ძალიან დაბალია იმის პროცენტული მაჩვენებელი, რომ რეაბილიტაციის გავლის შემდეგ არასოდეს აღარ მოხდეს ნარკოდამოკიდებულებაში გადასვლა.
როგორც წესი, ბენეფიციარები ამ პრობლემას ისევ უბრუნდებიან, სამწუხაროდ.
ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ასაკში ხდება ადამიანი დამოკიდებული ნარკოტიკულ საშუალებებზე. როგორც წესი, ის ადამიანები, რომლებიც არასრულწლოვან ასაკამდე მოიხმარენ მსგავსი ტიპის საშუალებებს, მათი რეაბილიტაცია ბევრად რთულია, ვიდრე სრულწლოვანი ადამიანების შემთხვევაში.
_ როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს მარიხუანას ლეგალიზაციამ და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან არა მხოლოდ ნარკოდამოკიდებულ, არამედ სხვა მოქალაქეებზე, ვისაც არ გაუსინჯავს ნარკოტიკული საშუალება?
_ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, თუ რა შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ამ პროცესებმა. არც ერთი ბავშვი არ არის დაზღვეული, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება შესთავაზოს ვინმემ ნარკოტიკული საშუალება და ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ხშირია მსგავსი ფაქტები და ძალიან სამწუხაროა, ჩვენნაირ ქვეყანაში რომ მოხდა ლეგალიზაცია _ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არსად არაა დაცული, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებები.
_ რამდენად რეალურია საფრთხე, რომ სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებზე ეს სიახლე უარყოფითად იმოქმედებს და მიმბაძველობის სურვილს გაუჩენს მათ?
_ ვფიქრობ, რომ ამ საფრთხემ უკვე ჩაგვიარა, რადგან თითქმის ყველა სუსტი თუ ძლიერი ფსიქიკის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელი გახდა ეს ნივთიერება და ამისი კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გვაქვს.
_ შესაძლებელია კონტროლის მექანიზმების გარეშე ასეთი რამის დაკანონება?
_ რა თქმა უნდა, არა. ყველანაირი პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ნარკოპოლიტიკა ამ სიტუაციაში და ამ შემთხვევაში პირიქით _ ძალიან არღვევს ბევრი ადამიანის უფლებას

ანა ურუშაძე