საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტური ადგილი და მინიმალური მოთხოვნები

გასულ კვირას ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა. აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ის მინიმალური მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც პირს მთელი ქვეყნის საპენსიო ფონდის მართვა და ადმინისტრირება ბარდება.

მოთხოვნებში მინიმალურ განათლებად ეკონომიკური, ფინანსები ან ბიზნეს-სამართლის ბაკალავრის ხარისხია მითითებული, ასევე ინგლისური ენის ცოდნა C2-ის დონეზე და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
ვაკანსიის მიხედვით, „საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს“.
მის მოვალეობებში კი შემდეგი რამ შედის:

„საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
• საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
• „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;
• საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესი) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
• „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
• „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემის (საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა) შემუშავების პროცესის ხელმძღვანელობა, ტესტირება და დანერგვა ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების მართვის მიზნით;
• საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნისა და განთავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
• საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმებისა და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
• საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტიანი მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
• შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
• საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებით;
• ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

საინტერესოა, რომ ამ თანამდებობაზე მოსულ პირს სასურველია, დამატებით ჰქონდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა.
განცხადების თანახმად კი საპენსიო სააგენტოს დირექტორის ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
„თუ საუბარია იმაზე, რომ აკუმულირებული ფულადი რესურსები უნდა განთავსდეს ფასიანი ქაღალდების უსაფრთხო პორტფელში ისე, რომ ყველანაირი რისკები დაზღვეული იყოს, პორტფელი იყოს რაც შეიძლება დივერსიფიცირებული და, ამავე დროს, ირიცხებოდეს მაღალი სარგებელი საპენსიო შენატანებზე (ეს არის ძირითადი საზოგადოებრივი ინტერესი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამას), მაშინ მის განხორციელებას, ბუნებრივია, სჭირდება ადამიანი, რომელსაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს მსგავს სფეროში.
მინიმალური მოთხოვნები, როგორიც ბაკალავრის დიპლომი და 5-წლიანი მუშაობის სტაჟია საბანკო სექტორში, რა თქმა უნდა, დიდ ეჭვებს ბადებს და კითხვებს აჩენს, _ ხომ არ არის იგი მორგებული კონკრეტულად რომელიმე პიროვნებაზე? მით უფრო, ეს პიროვნება გამარტივებული წესით აირჩევა ამ პოზიციაზე.
ბუნებრივია, თუ ჩვენ გავყვებით ლოგიკას იმაზე, თუ როგორ ხდება დანიშვნები, ზოგადად, სახელისუფლებო სტრუქტურებში და როგორ მიმდინარეობს კადრების პოლიტიკა, მაშინ ეჭვის დონეზე კი არა, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს კონკრეტული მოაზრებული და წინასწარ შერჩეული პიროვნება, რომელიც ამ პოსტზე გვეყოლება მომავალში. ხელისუფლებაში არის თამაშის წესები, სადაც არსებობს შეთანხმება იმის შესახებ, თუ კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე რომელმა გავლენიანმა პირმა უნდა წარადგინოს ან დანიშნოს.
რაც შეეხება უშუალოდ საპენსიო რეფორმას, ვიტყვი შემდეგს:
1. რასაც ვთმობ დღეს, მინიმუმ უნდა იყოს ტოლი იმისა, რასაც ავიღებ მომავალში. რადგან გარემო ძალზე არაპროგნოზირებადია, რისკი მაღალია. ჩემი უფლებაა, გავწევ თუ არა ასეთ რისკს. არავის არ აქვს უფლება, რომ ეს საკითხი ჩემ მაგივრად გადაწყვიტოს. შეიძლება ასეც დავსვათ საკითხი. მთავრობამ შემიმციროს საშემოსავლო გადასახადი 6%-ით, რასაც გადავახურდავებ დოლარში, განვათავსებ კომერციული ბანკის გრძელვადიან ანაბარზე და გაცილებით უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს (მთლად უსაფრთხოდ ვერა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია);
2. იქმნება ახალი ინსტიტუტი _ სსიპ (აგენტი) _ ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემა #1: ა) აქვს გარანტირებული შემოსავალი. ანუ არ აქავს მოტივაცია, რომ დაიცვას მმართველის ინტერესები. შენატანი რომ ნებაყოფლობითი იყოს, მაშინ ფულის მოსაზიდად იძულებული გახდებოდა, რომ ზემოხსენებული რისკების დაზღვევის გარანტიები შემოეთავაზებინა. შეიძლება ეს რეგულირდებოდეს კანონით, თუმცა ვერც ერთი კანონი ვერ დაადგენს ისეთი ინვესტიციის შინაარსს, რომელიც უსაფრთხოა და ისეთი სარგებელი მოაქვს, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში უნდა გაასწროს ინფლაციის დონეს;
3. იქმნება ახალი ინსტიტუტი _ სსიპ (აგენტი) _ ინფორმაციის ასიმეტრიის პრობლემა #2: ერთი მხრივ, მოქმედებს მმართველის დავალებით, მეორე მხრივ, ექვემდებარება სახელმწიფოს (პარლამენტსა და ეროვნულ ბანკს) და ირიბად ერთვება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. მაგალითად: ა) ლარიზაციისთვის საჭიროა იაფი ლარის რესურსი, რომელიც კონკურენციას გაუწევს დოლარის სესხს. რამდენიმე წელიწადში სსიპ-ს ექნება მილიარდობით ასეთი ლარი. თუ კომერციულმა ბანკებმა სესხი წაიღეს დაბალი სარგებლის განაკვეთით (რეფინანსირების განაკვეთზე ნაკლები განაკვეთით), ეს ეწინააღმდეგება მმართველის ინტერესს, რადგან საგრძნობლად იზრდება ალბათობა, რომ მმართველის სარგებელი ვერ დაეწევა ინფლაციას; ბ) მთავრობას შეუძლია სესხის აღება დიდი პერიოდით (და აუცილებლად ისარგებლებს ამით), რომლის გადახდის ვადაც დადგება მაშინ, როდესაც, სულ მცირე, 5 მთავრობა გამოიცვლება. სესხის ამღებ მთავრობას პასუხისმგებლობა არ აქვს;
4. იქმნება ახალი ინსტიტუტი _ სსიპ (აგენტი) _ პრობლემა #3: არის მონოპოლისტი და მუდმივად იარსებებს შემოსავლის მაქსიმიზაციის პრობლემა (რომ სააგენტოს შემოსავალი იყოს მაქსიმალური არსებული საკანონმდებლო შეზღუდვების ფარგლებში. რაც ნაკლები ექნება შეზღუდვა, მით უფრო მეტად ისარგებლებს). გარდა ამისა, საზოგადოებრივი სიკეთის მიწოდებასთან ერთად კერძო ინტერესის გამორიცხვა დიდი სისულელეა (თან საქმე ეხება მილიარდობით ლარის განკარგვას);
5. პრობლემა #5: დღეს დაზოგვით მოხმარებას აკლდება საშუალოდ 900 მილიონი ლარი (დავუშვათ, ეკონომიკა არ იზრდება). აქედან 300 მილიონი გარანტირებულად: ა) საზოგადოებრივ პროექტებს, ბ) ტრანსფერებს, გ) საზოგადოებრივი ვალის გასტუმრებას. 600 მილიონი ინვესტიციებსა და კერძო მოხმარებას. (2+2) 4%-იანი ტვირთი გადანაწილდება დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის, მიუხედავად იმისა, თუ იურიდიულად ვინ იხდის გადასახადს (იმის გათვალისწინებით, რომ შრომის მიწოდება აქ ძალზე არაელასტიურია, ე. ი., დაქირავებულზე) და რადგან დღევანდელი მოხმარება უფრო მეტად დაქირავებულს შეუმცირდება, ეს აუცილებლად აისახება საკრედიტო ბაზარზე, რადგან მოთხოვნა სამომხმარებლო, იპოთეკურ კრედიტზე შემცირდება (ვარაუდი: დღევანდელი რეალური შემოსავლის შემცირება უფრო მეტად შეამცირებს იმ საქონლის მოხმარების შემცირებას, რომელზედაც მოთხოვნა შემოსავლის მიმართ უფრო ელასტიურია. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემცირდება მოთხოვნა მაგ., საკვებ პროდუქტებზე და მეტად სავარაუდოა, რომ შემცირდება მოთხოვნა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და უძრავ ქონებაზე).
ეს ან შეამცირებს სარგებლის განაკვეთს, რაც ეწინააღმდეგება მმართველის ინტერესს, ან მთავრობა წაიღებს სესხს კომერციული ბანკებისგან შედარებით მაღალი სარგებლის განაკვეთით.
მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განმარტავენ იურიდიულად, ეკონომიკური შინაარსი გახლავთ ის, რომ ეს არის ცალსახად გადასახადი. კერძოდ: ა) გაიძულებს გადახდას (არჩევანი არ გაქვს); ბ) სანაცვლოდ საზოგადოებრივ სიკეთეს გპირდება და შესაბამისად, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის თავისუფლების აქტს.

ვახო ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
_ მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის შედეგად მათ ნებისმიერ პროექტში არ მოახდინონ თანხების ინვესტირება. აქ ძალიან ფრთხილად და მოზომილად, პრაქტიკულად, ურისკო ფასიან ქაღალდებსა და პროექტებში უნდა ჩაიდოს მთელი აკუმულირებული ფული, რომ საერთოდ ეჭვიც კი არ წარმოიშვას საპენსიო ფონდის მდგრადობასთან დაკავშირებით.
მეორე მხარეს რომ შევხედოთ, თუ არ გყავს კადრი და გუნდი, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ მიმართულებით, მაშინ იმ უამრავ არსებულ კითხვას უკვე ემატება ახალი კითხვა კადრების კვალიფიკაციის შესახებ.
კიდევ ერთი საკითხი: ხელფასის მოცულობა. მაშინ, როცა პენსიონერი 200 ლარსაც არ იღებს პენსიას, საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნიშნავ 10-დან 15 000 ლარამდე ხელფასს, ლოგიკურია, რომ ადეკვატური ანაზღაურება ექნება მის მოადგილეს, მერე შეიქმნება დეპარტამენტები, იქაც ყველას მაღალი ხელფასი ექნება და ა. შ. _ ამ გუნდის შენარჩუნება და მისი ფინანსურად უზრუნველყოფა ძალიან ძვირი დაჯდება.
ამ ყველაფერს თუ გავაერთიანებთ, საკმაოდ ცუდი მდგომარეობა ყალიბდება. პენსიონერს ძალიან დაბალი პენსია აქვს და თვითონ საპენსიო ფონდის შენარჩუნებასა და ადმინისტრირებაზე ყოველწლიურად მილიონობით ლარი დაიხარჯება, რაც, პრინციპში, მიუღებელი თუ არა, რთულად გასამართლებელია, მაგრამ ამ პოზიციაზე ვინც მივა, მასთან კი არ უნდა გვქონდეს პრეტენზიები, არამედ ამ სისტემის შემქმნელებთან, მთავრობასთან, ვინც ჩამოაყალიბა ეს სტრუქტურა უამრავი კითხვის ნიშნით და თან ახლა თანმშრომლებს მრავალათასიან ბიუჯეტს უნიშნავს. საბოლოო ჯამში, მაინც კიდევ ერთი დიდი კითხვის ნიშანი დაემატა საპენსიო ფონდის მდგრადობას.
მთლიანობაში, საპენსიო რეფორმასთან პირადად ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს… ბევრი ნიუანსია, რომელიც გადაუჭრელი ჩანს. თუნდაც ის, რომ მთავრობის განცხადებით, მთელი, აკუმულირებული თანხის 20%-ზე მეტს არ გაიტანენ ქვეყნის გარეთ. ანუ 20%-ზე მეტით არ დავაფინანსებთ უცხო ქვეყნის ეკონომიკებსო. რამდენიმე წლის მერე, როცა ფონდი მიაღწევს, პირობითად, 5 მლრდ ლარს, მისი 20% არის 1 მლრდ ლარი _ თუნდაც ამდენი რატომ უნდა აიღოს ქართულმა ეკონომიკამ და რატომ უნდა ჩადოს სხვისი ქვეყნის ეკონომიკაში?! ან დანარჩენი 80% სად უნდა დაბანდდეს?! ჩვენ მსხვილი და ძლიერი კომპანიები არ გვყავს, ვინც ფასიან ქაღალდებს უშვებს და თან სანდოა, შესაბამისად, გვრჩება ერთი ვარიანტი, რომ ამას აითვისებს მთავრობა, გამოუშვებს ფასიან ქაღალდებს და ამ ქაღალდების სანაცვლოდ საპენსიო ფონდი მას სესხს მისცემს. ანუ ჩვენ გადავალთ იმ პროცესზე, როცა არ ავიღებთ საგარეო ვალს, თუმცა ავიღებთ საშინაოს… ამასთან, შეიძლება ერთმა მთავრობამ აღოს ეს თანხა, რაიმე კარგი საქმის გასაკეთებლად გამოიყენოს, ვთქვათ, გადაწყვიტოს, რომ სადღაც სოფელში სურს გზის დაგება, ამისთვის შეიძლება ბიუჯეტში საკმარისი ფული არ იყოს და მან საპენსიო ფონდიდან ისესხოს. იმ სოფლისთვის გზის დაგება კარგია და თან ცუდი საქმე არ კეთდება, მაგრამ ასე ბევრ სესხს რომ აიღებს მთავრობა, მერე ამ ფულის უკან დაბრუნება ყოველთვის პრობლემურია და საპენსიო ფონდი ისეთი ტიპის ფონდი არ არის, რომ თანხები გასცეს და მერე არ მოიკითხოს, როგორც რისკიანი ინვესტორები აკეთებენ. აქ პირიქითაა, მინიმალური რისკის მქონე უნდა იყოს ინვესტიცია და თან მარტო სახელმწიფოსთვის ფულის სესხებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა… ანუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ მხოლოდ ერთი მსესხებელი გყავდეს?! თუ სხვა მხრივ შევხედავთ და ისედაც ძლიერ ბანკებს მიასესხებენ ამ ფულს, მათ გაძლიერებას კიდევ თუ შეუწყობენ ხელს და ალტერნატივებს არ განავითარებენ, ეგეც სხვა, ახალ პრობლემებს წარმოშობს.
გარდა ამისა, რა იქნება იმ თანხის მსყიდველობითი უნარი, რომელიც დაგვიგროვდება, უცნობია. საშუალოდ რომ ავიღოთ, ბოლო 20 წელი საქართველოსთვის, დაახლოებით, 200%-ით, ანუ 3-ჯერ არის შემცირებული ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარი. თუ 1998 წელს 100 ლარი გვინდოდა კონკრეტული ნივთის შესაძენად, დღეს 300 ლარი გვჭირდება იმავე ნივთისთვის. რამდენიმე ათეული წლის მერეც იგივე დაემართება ამ ლარსაც, თუ არადა, თუ სხვა ვალუტას მიებმება, იქ შეიძლება კიდევ ცალკე მაქინაციები წარმოიშვას, ამას ემატება თვითონ ფონდის შენახვის უზარმაზარი სახსრები და ამ ყველაფრის შემდეგ მოსახლეობა რატომ უნდა იყოს აღნიშნული რეფორმით კმაყოფილი, გაუგებარია?!.
თან, როცა ჩვენ დღეს კომპანიებს ვეუბნებით, გადაიხადეთ ეს 2% და დასაქმებულსაც ვეუბნებით, შემოსვალის 2% გადაიხადეო, ვართმევთ მათ ფულს იმ იმედით, რომ ათეულობით წლების მერე გადავუხდით, მაგრამ დღეს კომპანიის ჭრილში ეს გამოიწვევს მათი სახელფასო ფონდის შემცირებას. ან ის ვერ დაიქირავებს ახალ თანამშრომელს… თანამშრომლის მხრიდან რომ შევხედოთ, მათ გაუძვირდებათ სამომხმარებლო პროდუქტების შეძენა (როცა კომპანია ხარ და იძულებულს გხდიან, 2% დასაქმებულს გადაუხადო ზედმეტად, შენ გააძვირებ საკუთარ პროდუქტს, თუნდაც, 2%-ით, ამას მოყვება ფასების აწევაც), ამ ყველაფრს ერთიან კონტექსტში თუ განვიხილავთ, ძალიან სარისკო ნაბიჯია საპენსიო ფონდის შექმნა.

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ ეკონომისტი:
_ ყველას თავისი მუშაობის ალგორითმი და რეგლამენტი აქვს, პლუს ამ ადგილზე მოსულ დირექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინვესტიციების მართვის კვალიფიკაცია საინვესტიციო პორტფელის ფორმირების, რისკების შეფასების თვალსაზრისით და აუცილებელია, რომ ის პიროვნება გათვითცნობიერებული იყოს იმ ინსტრუმენტებში, რაც გამოიყენება საეთოდ, ფონდების მართვის დროს _ ეს მინიმალური მოთხოვნებია.
ჯერ ერთი, საპენსიო ფონდი განვითარებად ქვეყნებში რთული სამართავია (მით უმეტეს, საქართველოში) დაბანდებისა და ვალუტის თვალსაზრისით. ჩვენს შემთხვევაში თანხები ხომ ლარში აკუმულირდება, ეს დაბანდების მხრივ საკმაოდ რთულია, რადგან შეზღუდული გვაქვს დაბანდების ობიექტები. ასეთი ობიექტები უნდა იყოს, რასაკვირველია, დივერსიფიცირებული დაბანდებები, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ისეთ გარანტირებულ ინსტრუმენტებში, როგორიც არის სახაზინო ვალდებულებები ანდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საკმაოდ დაბალი შემოსავლიანობა გვაქვს. ანუ, რეალუარად, ჩვენ რომ ავიღოთ ინფლაციის წლიური 3% და ავიღოთ დაბანდება წლიური 7%, კიდევ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები, გარკვეულწილად, შენარჩუნდება, თუმცა რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალია. აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ გარანტირებულ ინსტრუმენტებში უნდა დაბანდდეს ეს შეგროვილი ფული, როგორიცაა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ახლა შექმნილი სიტუაციიდან ჩანს, _ საპენსიო ფონდს ერთადერთი გამოსავალი ექნება, რომ თანხები ისედაც გაბერილ საბანკო სისტემაში გადაუშვას, ამით კი ბანკები დამატებით იაფფასიან რესურსს მიიღებენ… ან აუქციონის, კონკურსის მიხედვით უნდა განთავსდეს თანხები საბანკო სისტემაში, ესეც არ არის გამოსავალი და მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება სხვა დაბანდებებს, ძალიან მომგებიანი იქნებოდა ამ ფონდისთვის იგივე მუნიციპალურ ობლიგაციებში დაბანდება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. სხვა სახის დაბანდებები რჩება უცხოეთში ფასიან ქაღალდებში, რაც ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, მოხდება აკუმულირებული თანხის „სტერილიზაცია“ (როცა ეს თანხები მიემართება სხვა ქვეყანაში და კვებავს სხვა ქევყნის ეკონომკას, რაც ჩვენი სისტემიდან ამოვარდნილი და დაუშვებელია).
რეალურად, საპენსიო ფონდს საკმაოდ კვალიფიციური პერსონალი სჭირდება და ვფიქრობ, რომ ისეთი პრინციპით შერჩეული კანდიდატურა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, არასერიოზულია და მის მიხედვით შერჩეულმა კადრმა, დიდი ალბათობით, შეიძლება აბსოლუტურად არ იცოდეს საინვესტიციო პორტფელის ფორმირების წესები. ამიტომ, ჩემი აზრით, აქ ისეთი კონკურსი უნდა ჩატარდეს, სადაც გამოცდაში მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიციური ექსპერტები, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულები. სხვა შემთხვევაში, ისევ და ისევ, ისეთი პიროვნება იქნება შერჩეული, რომლის კვალიფიკაციაც არასაკმარისია და ამან შეიძლება ნეგატიური ეფექტი იქონიოს ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო გარემოზე.
ასეთი კადრი სარისკოც არის, ამან შეიძლება გამოწვიოს ბუნტიც, თუ საპენსიო ფონდი გაკოტრების მიმართულებით წავიდა. ამ შემთხვევაში მას შეიძლება მაღალი ალბათობის რისკი ვუწოდოთ. ერთადერთი გამოსავალი იქნება საპენსიო ფონდის კომპენსირება საბიუჯეტო სახსრებიდან, რადგან სხვა გამოსავალი მთავრობას არ ექნება. ამან კიდევ შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს, იმდენად რამდენადაც ის პროგრამები, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, აღარ იქნება დაფინანსებული და თანხების ნაწილი წავა საპენსიო ფონდის დანაკარგების შესავსებად. ამიტომ ვამბობ, არომ აქ საჭიროა ძალიან ფრთხილი და კვალიფიციური მიდგომა. შეიძლება პიროვნებას ჰარვარდის უნივერსიტეტი ჰქონდეს დამთავრებული და პირობითად, 25 სერტიფიკატი აღებული, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ იგი არ იქნება გადამოწმებული და არ დადასტურდა მისი მაღალი საინვესტიციო კვალიფიკაცია“.

გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 14 სექტემბერია. საბუთების მიღება კიდევ 15 დღის მანძილზე გაგრძელდება. ვინ მოგვევლინება და რა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ამას უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში გავიგებთ.

ნინო ტაბაღუა