სპეციალური რეპორტაჟი სტამბულიდან

 

„თურქული ექსპრესი“ სტამბულს მიემგზავრება

მართალია, „ტურისტული ჟინით“ „შეპყრობილი“ არ ვარ, მაგრამ წლევანდელი შვებულების გატარება თურქეთში გადავწყვიტე, ოღონდ ქართულ „საზაფხულო მოდას“ არ ავყევი და გეზი ანტალიასა თუ კუშადასისკენ კი არა, სტამბულისკენ ავიღე…
მაშ, ასე! _ თბილისი, 6 აგვისტო, დილის 10 საათი. ტაქსს ვაჩერებ… მძღოლი ქურთია. ჩემდაუნებურად თურქებისა და ქურთების დაპირისპირება მახსენდება.
_ რა არის ცხოვრება, _ ვფიქრობ, _ თურქეთში მიმავალს გზას თბილისელი ქურთი „მილოცავს“…
ტაქსისტი ქურთულ ნაციონალურ სიმღერას ღიღინებს…
ორთაჭალის ავტოსადგურში, ე. წ. თურქეთის ავტობუსების ბირჟაზე ხალხმრავლობაა. „ლუქსკარადენისის“ ყვითელი ავტობუსის „ტრაპთან“ კაფანდარა შავგვრემანი გოგონა დგას, თურქულად ლაპარაკობს, თუმცა აშკარად ქართული იერი აქვს… მოგვიანებით ვიგებ: შავგვრემან კაფანდარა დიაცს ლარისა ჰქვია, ავტობუსის გამცილებელია… ლარისა ერთობ ენაწყლიანია _ ზუსტად ნახევარი წუთი დასჭირდა, რომ საკუთარი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალები გაეცნო: ექვსი წელია, თურქებთან, ანუ „ლუქსკარადენისის“ გამცილებლად მუშაობს, თუმცა ამ ადგილს, თურმე, ორი წელი ელოდა…
_ ალბათ, დამღლელი სამუშაოა, არა? _ თანაგრძნობით ვეკითხები ლარისას.
_ კი, დამღლელია, მაგრამ 400-დოლარიანი სამსახური საქართველოში ბევრ ქალს არ აქვს! _ ლარისა რაღაცნაიარდ ნიშნისმოგებით მპასუხობს. მერე მიბოდიშებს, მძღოლი მეძახისო და სალაროსკენ თეძოების რხევით მიდის.
ლარისას თვალს ვაყოლებ… ისე, ზოგი კუდაბზიკა ქართველისთვის ავტობუსის და, მით უმეტეს, თურქეთის ავტობუსის გამცილებლობა შესაძლოა, დამამცირებელია, მაგრამ ლარისას სახეზე აწერია, რომ თავის საქმიანობაში დამამცირებელს ვერაფერს ხედავს… მის შემხედვარეს, ჩემდაუნებურად, ფილმ „ჭრიჭინადან“ ერთი ფრაზა მახსენდება: „შრომა აკეთილშობილებს ადამიანს!“
ავტობუსი დაიქოქა… საათს დავხედე _ ხუთ წუთში თერთმეტი შესრულდება… ლარისა მგზავრებს ყურსასმენებს გვირიგებს… სავარძლის საზურგეში „ჩამონტაჟებულ“ მინიტელევიზორს ვრთავ…
სარფის საბაჟომდე ავტობუსში საინტერესო არაფერი მომხდარა _ სამტრედიასთან ნახევარი საათით გავჩერდით. რესტორნად წოდებული „საზკვების“ ობიექტი საბჭოთადროინდელ „მუშათა სასადილოს“ ჰგავს _ ოთხკუთხა რკინისფეხება მაგიდები და სკამები; დარბაზში ცხიმისა და ხახვის ერთმანეთში არეული უსიამოვნო სუნი ტრიალებს…
„მცირედი ნადიმის“ დამთავრების შემდეგ ლარისა მგზავრების დათვლას იწყებს _ ხუთი-ექვსი თურქი მამაკაცი, ერთიც _ თბილისელი აზერბაიჯანელი, რამდენიმე ქალბატონი… ლარისა მძღოლს თურქულად ეუბნება, ყველანი ადგილზე არიანო და… ჩვენი „თურქული ექსპრესიც“ გზას აგრძელებს…
ქუთაისში რამდენიმე მგზავრი შემოგვემატა, ბათუმში კიდევ ერთი გოგონა დაგვემგზავრა და… საღამოს ექვს საათზე სარფის საბაჟოსაც მივადექით… ქართველი მებაჟები საბუთებს ამოწმებენ და თურქეთის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გვიშვებენ. მგზავრების „გაშმონვით“არც თურქი მებაჟეები იკლავენ თავს. აი, მგზავრებისგან დაცლილი ავტობუსის შემოწმებას საათზე მეტს ანდომებენ.

„მერჰაბა, თურქიე!“ _ ანუ მშვიდობით, მშობლიურო ჩემო მიწავ?!

საბაჟოს კართან ასამდე ადამიანი დგას, უმეტესობა ქართველია. რატომღაც მეგონა, რომ თანამედროვე თურქეთში ქართველებს „გურჯებს“ ეძახდნენ, თუმცა სტამბულში ჩასულმა გავიგე, რომ ყველა უცხოელი ადგილობრივებისთვის „იაბანჯია“. ისე, ყველაზე მეტი „იაბანჯი“ სტამბულში ცხოვრობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თურქეთში სამუშაოს და, შესაბამისად, ლუკმა-პურის საშოვნელად მიდის.
სტამბული კი, მართლაც, „სამუშაოს მექაა“ _ თითქმის ყოველ ნაბიჯზე ფაბრიკა და „დონერია“ (საშაურმე). ქართველი ქალები სწორედ ამ ფაბრიკებში არიან დასაქმებულნი. მამაკაცები კი შედარებით მძიმე სამუშაოს ასრულებენ, მაგალითად, მშენებლობაზე მუშაობენ. იოლი, როგორც თურქეთის ქართველობისგან გავიგე, არც ფაბრიკაში მუშაობაა _ დილიდან საღამომდე ფეხზე უნდა იდგე…
„იაბანჯების“ ყოველდღიური ჯამაგირი 30-დან 50-60 ლირამდეა (ერთი თურქული ლირა, მაქსიმუმ, 50 თეთრის ექვივალენტია). ამ შემოსავლით, რასაკვირველია, შეიხივით ვერ იცხოვრებ, მაგრამ სტამბულელი ქართველები იმდენს ახერხებენ, რომ უცხო ქვეყანაში თავი, სამშობლოში კი ოჯახები შეინახონ. ზოგი სტამბულში ცოლ-შვილითაა გადახვეწილი…
სხვათა შორის, სტამბულში რომ ჩამოვედი, ერთი ამერიკული დოლარი 4.10 ლირა ღირდა. ორ-სამ დღეში კი ლირა ლარის გზას დაადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი დოლარის ყიდვა 6 ლირად შეიძლება, თუმცა მიუხედავად ამისა, არაფერი გაძვირებულა. საერთოდ, სტამბულში შიმშილით არავინ კვდება. ის კი არადა, სანთლითაც რომ ეძებოთ, მათხოვარსაც ვერ იპოვით. უფრო სწორად, მოწყალება შესაძლოა, ერთი-ორმა სირიელმა გთხოვოთ…
მართალია, ლირა უფასურდება, მაგრამ თურქეთი ქართველი ემიგრანტებისთვის მაინც ყველაზე კარგი „თავშესაფარია“: ჯერ ერთი, საქართველოსთან ახლოსაა; მეორეც, თურქეთსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ვიზა „გაფუჭებული“ არ აქვს, შეუძლია, თურქეთში 90 დღე გაატაროს, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდეს და 10 დღეში კვლავ თურქეთს მიაშუროს, ოღონდ ეს 90-დღიანი ვიზა ტურისტულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ვიზის მფლობელს სტამბულში, ანკარასა თუ თურქეთის სხვა ქალაქში მუშაობის უფლება არ აქვს. თუ თურქული პოლიცია ან ჟანდარმა გამოიჭერს, დასაქმებულ „ტურისტს“ ხუთწლიანი დეპორტი გარანტირებული აქვს, თუმცა როგორც ემიგრანტები ამბობენ, თურქეთში კორუფცია ყვავის. შესაბამისად, თუ საქართველოს დეპორტირებულ მოქალაქეს თურქეთის საბაჟოზე ერთ დღეს არ გაატარებენ, მეორე დღეს, ანუ მას შემდეგ, რაც „სმენა“ შეიცვლება, შეიძლება, პრობლემები აღარ შეექმნას და საზღვარი უპრობლემოდ გადალახოს.
თურქეთში შესვლის ამ, ასე ვთქვათ, არალეგარული გზის გარდა, „დეპორტირებულს“ სხვა, ანუ ლეგალური შანსიც აქვს _ „დეპორტის“ მოსახსნელად, მინიმუმ, 375 ლირა გადაიხადოს…
სხვათა შორის, თურქეთში ოფიციალურად ცხოვრებისა და მუშაობის ორწლიანი ვიზა 1000 ლირამდე ჯდება…
საქართველოდან თურქეთისკენ მიმავლებს, როგორც აღვნიშნე, ქართველი მებაჟეები პრობლემებს არ უქმნიან _ ბარგსაც არ უმოწმებენ. ჩვენმა მებაჟეებმა იციან, რომ თურქეთში ლუკმა-პურის საშოვნელად მივდივართ და პრობლემებს ამიტომ არ გვიქმნიანო, _ ამბობენ თურქეთს გადახვეწილები. სამაგიეროდ, ზოგჯერ სიმკაცრეს, თურმე, თურქი მებაჟეები იჩენენ. სხვათა შორის, იმ დღეს, როცა საქართველოს საზღვარი გადავკვეთე, განსაკუთრებული სიმკაცრე არც თურქ მებაჟეებს გამოუჩენიათ _ ერთ ქალბატონს ჩანთაში რამდენიმე ბოთლი უპოვეს. თურქეთში სპირტიანი სასმელების შეტანა, ლამის, ნარკოდანაშაულთანაა ასოცირებული. მოგეხსენებათ, „აკრძალული ხილი“ გემრიელია, თან მაღაზიებში ღვინო-არაყი, როგორც ქართველები ვამბობთ ხოლმე, „ოთუზ-ბირი“ ღირს. ამიტომ ემიგრანტებს თურქეთში ქართული ჭაჭა ჩააქვთ და ცოტა ხელს ითბობენ… მოკლედ, თურქმა მებაჟემ ზემოხსენებულ ქალბატონს „კოკა-კოლის“ რამდენიმე ბოთლი აღმოუჩინა, თუმცა ქალმა განუმარტა, ლიმონათიაო და მებაჟეც მოლბა…
მას შემდეგ, რაც ავტობუსის „გაშმონვა“ დასრულდა, გამცილებელმა ლარისამ მგზავრები დაგვთვალა, მძღოლს თურქულად გასძახა, ყველა ადგილზეაო და ქართული მტვრით დაფარული „თურქული ექსპრესიც“ დაიქოქა…
პირველი, რაც საქართველოს სამანების დატოვებისთანავე თვალში მომხვდა, ანტისანიტარია იყო _ მთებად დახვავებული ნაგავი, თვეობით თუ არა, ალბათ, კვირაობით არ გააქვთ. ისე, სიტყვამ მოიტანა და სისუფთავით, მაინცდამაინც, ვერც სტამბულის გარეუბნები დაიკვეხნის. მაგალითად, სტამბულის ბაჯილარის რაიონის ბარბაროს მაჰალე (მაჰალე ქართულად უბანს ნიშნავს), სადაც ქართველების უმეტესობა ცხოვრობს, რევოლუციამდელ თბილისს ჰგავს: ვისაც რა უნდა და სადაც უნდა, იქ ყრის. ადგილობრივები და „ბაჯილარები“არც საგზაო მოძრაობის წესებსა და შუქნიშნებს აქცევენ ყურადღებას. ჰოდა, იქ გადაკვეთე, სადაც მოგინდება _ თურქი მძღოლი თავის ან ხელის დაქნევით განიშნებს, რომ გზას გითმობს.
რაც შეეხება ტრანსპორტს, სტამბულში მთავარი ტრანსპორტი ავტობუსი და მეტროა. ავტობუსით მგზავრობა ნამდვილი გმირობაა: იმდენი ხალხია, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების თბილისის მეტრო გაგახსენდებათ _ ვინ ვის ეკიდება, ვერ გაიგებთ, თუმცა ამ „დაკიდებას“ „პარდონი“ ახლავს. ავტობუსით მგზავრობა 2 ლირაზე ოდნავ მეტი ღირს… თურქეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევასთან ერთად სხვა სიკეთითაც სარგებლობს _ მაგალითად, სამსახური სპეციალურ ბარათზე ურიცხავს მგზავრობისა თუ საჭმლის ფულს, თუმცა ამ თანხის სხვა მიზნით დახარჯვა შეუძლებელია…
სტამბულური ტრანსპორტის კიდევ ერთი თვალში საცემი, ასე ვთქვათ, თავისებურება: გამორიცხულია, რომ მგზავრმა მგზავრობის საფასური არ გადაიხადოს…
სტამბულის ბაჯილარის რაიონის ბარბაროს მაჰალე პატარა საქართველოა… როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ემიგრანტებს, თურქეთის ქართველებსაც სამშობლო, ცხადია, ენატრებათ. მართალია, ბევრი ცდილობს, „ვიზა არ გაიფუჭოს“, მაგრამ უცხო მიწაზე თუნდაც სამი თვით ყოფნა არცთუ სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა სამშობლოში ოჯახი გელოდება.
ისე, სტამბულში ერთი სახალისო ისტორია მიამბეს: კახელები შეზარხოშებულან და სტამბულის ქუჩებს ღიღინ-ღიღინით გაჰყოლიან… მეჩეთთან ჩაუვლიათ. ერთ-ერთი კახელი გაჩერებულა და პირჯვარი გადაუწერია.
_ რას აკეთებ, ჯო, ეს ხო მეჩეთია?! _ დაუცინიათ თანამეინახეებს.
_ რა ვიცი, კაცოო, თავი გურჯაანში მეგონა, _ გამოფხიზლებულა შეზარხოშებული კახელი.
კიდევ ერთი ისტორია სტამბულელი ქართველების ცხოვრებიდან: ემიგრანტები ისევ დამთვრალან, მეჩეთში შესულან, მოლასთვის მიკროფონი წაურთმევიათ და ქართული დარდიმანდული სიმღერები შემოუძახიათ…
სხვათა შორის, სტამბულში ყოფნისას გავიგე, რომ ორი ქართველი დაიჭირეს _ ტაქსის მძღოლისთვის, რომელსაც მგზავრობის საფასურის გადახდა მოუთხოვია, ხელი გადაუგრეხიათ. მძღოლს ჟანდარმა გამოუძახია… ქართველები ხულიგნობის მუხლით დააკავეს…
რაკიღა სიტყვა დაკავება-დაჭერაზე ჩამოვარდა, ისიც უნდა ითქვას, რომ მშობლიურ მიწას მოშორებული ქართველები „წვრილმან კრიმინალზე“ უარს არც სტამბულში ამბობენ _ როგორც მითხრეს, რამდენიმე თავს იმით ირჩენს, რომ მაღაზიებიდან თუ ბაზრობებიდან ტანსაცმელს იპარავს და ყიდის, ზოგმა კი უფრო სარფიან საქმეს მიაგნო _ თურქებს, თურმე, წესად აქვთ, რომ ყოველ ორშაბათს ახალი ნივთი იყიდონ და ძველი გადააგდონ, თუმცა „გამოუსადეგარ“ ნივთებს სანაგვეზე კი არ ყრიან, არამედ ქუჩაში დებენ. შესაბამისად, გადაგდებული ძველმანის აღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სხვათა შორის, ეს „ძველმანი“ იმაზე ახალია, ვიდრე თბილისის „სექენდ ჰენდებში“ იყიდება.
მოკლედ, სტამბულის გარეუბნებში შეხვდებით დიდტომრიან ადამიანებს, რომლებიც სანაგვეებში იქექებიან. ამ დიდტომრიანებს ქართველებმა „გუდიანები“ შეარქვეს. „გუდიანების“ უმეტესობა რამდენიმე წლის წინათ ჩვენი თანამემამულე ყოფილა, ახლა კი ეს სირიელების ბიზნესია.
რატომ იქექებიან „გუდიანები“ ნაგავში და სად მიაქვთ ქუჩაში ნაპოვნი „მეორადი“ ნივთები? _ თურქეთში ნებისმიერი ნარჩენის გადამუშავება ხდება. შესაბამისად, ვიღაც ჭკვიანს „ბრიგადა“ შეუქმნია _ ადამიანებს ნარჩენების შეგროვებაში გასამრჯელოს აძლევს, მერე ამ შეგროვილ „ძველმანებს“ შლის და გადამამუშავებელ საწარმოებს აბარებს. ამ საქმით შეიძლება, მილიონებს ვერ შოულობს, მაგრამ მშიერი ნამდვილად არ კვდება…
საქართველოდან ჩასული ავტობუსები ახსარაის რაიონში იყრიან თავს… ჩვენი „თურქული ექსპრესიც“, ცხადია, ახსარაიში გაჩერდა.. აქვე ახლოსაა ის ადგილი, სადაც ხვიჩა და გოჩა გაყიდეს.
სტამბულის ქუჩებში აუარებელი ხალხია… ფიქრი მიყოლიებს _ ვინ იცის, საუკუნეების წინათ ამ გზით რამდენი ცრემლმორეული ქართველი მიუყვანიათ სტამბულის მონათა ბაზარზე… ახლა იქ ჩემი ფეხით მივდივარ… ალბათ, სწორედ ესაა ბედის ირონია?!.
ვცდილობ, ხვიჩასა და გოჩას, ანუ ქართველ მამლუქთა ემოციები გავითავისო… არაფერი გამომდის… რაღაც უცნაური განცდა მეუფლება და ვჩურჩულებ:
_ „მერჰაბა, თურქიე!“ (გამარჯობა, თურქეთო).
_ რა თქვი? _ მეკითხება თანმხლები ქართველი.
_ არაფერი… უბრალოდ, მშვიდობით, მშობლიურო ჩემო მიწავ?!
_ გაგიჟდი?
ხმას არ ვცემ და გზას მდუმარედ ვაგრძელებ… ცოტაც და, ემინ ონუს მივუახლოვდებით… მონათა ბაზრის ადგილას დღესაც ბაზრობაა, ეგაა ოღონდ: აქაურობას ახლა „მაჰმუდ ფაშას“ ეძახიან და აღარც მონებით ვაჭრობენ…

აია სოფიადან სულთან აჰმედის მეჩეთამდე

ახსარაიდან ემუნ ოღლუსკენ, ანუ როგორც სტამბულში ამბობენ, „ემინუნუსკენ“ მივდივართ. ემინუნუ, როგორც გითხარით, ის ადგილია, სადაც საუკუნეების წინათ ქართველი მონებით ვაჭრობდნენ. მართალია, აქ დღეს ჩვეულებრივი ბაზრობაა, მაგრამ ხმა დადის, აქაურობა ტრეფიკინგის ბუდეაო. ამ მხრივ კი, თურმე, აფრიკელი შავკანიანები აქტიურობენ. ისე, შეიძლება არც უამისობაა, მით უმეტეს, რომ სტამბულში შავკანიანები თვალში საცემად ბევრნი არიან. როგორც სტამბულში მცხოვრებმა ქართველებმა მითხრეს, არალეგალ შავკანიანებს ე. წ. საათების მაფია აქვთ _ ბაზრობებსა თუ მაღაზიებიდან საათებს იპარავენ და სტამბულის ქუჩებში ყიდიან.
„ემინუნუს“ ერთ-ერთი თავისებურება ღია ცის ქვეშ გამართული „თევზის ბაზრობაა“ _ მეთევზეები თევზს ათასობით ადამიანის თვალწინ იჭერენ, მერე იქვე ამუშავებენ და წვავენ. „თევზის ჰამბურგერი“ შეიძლება, გემრიელია, მაგრამ იქაურობა თევზის სუნით ისეა გაჟღენთილი, რომ სიმართლე გითხრათ, ეს თურქული დელიკატესი ძლივს დავაგემოვნე…
„ემინუნუ“ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს შორის მოქცეული, ასე ვთქვათ, ნახევარკუნძულია, რომელსაც ერთ მხარეს წყალი აკრავს, მეორე მხარეს კი, _ აჰმედ ფაშას მეჩეთი. ამ წყალს ადგილობრივები, რატომღაც, ბარბარას ზღვას ეძახიან. ბარბარას ზღვა ერთმანეთთან სტამბულის ევროპულ და აზიურ ნაწილებს აკავშირებს. საზაფხულო გემი ყოველ ათ წუთში ერთხელ გადის და მგზავრობა, ავტობუსის მსგავსად, ორი ლირა ღირს. სტამბულის ევროპული ნაწილიდან აზიურში მოსახვედრად 20-25 წუთია საჭირო…
„ემუნუნუდან“ გასული „საზაფხულო გემის“ ბოლო გაჩერება „იენი ჯამია“, საიდანაც სტამბულის ევროპულ ნაწილში დაბრუნება სახმელეთო ტრანსპორტითაც შეიძლება. სტამბულის აზიური ნაწილი ევროპულისგან, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება.
საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპისა და აზიის გასაყართან მდებარეობს, სტამბული წმინდა ევროპული ქალაქია და ეს შესაძლოა, იმის გავლენაცაა, რომ ამ ქალაქის წინამორბედი კონსტანტინოპოლი აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქი იყო. 1453 წელს ოსმალეთის თურქებმა კონსტანტინოპოლი დაიპყრეს და ის, შესაბამისად, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა… „ისტამბულ“ ბერძნული წარმოშობის თანამედროვე თურქული სახელია: „ისტიმ ბოლინ“ ბერძნულად „ქალაქში“, „ქალაქისკენ“, „ქალაქის ცენტრში“ ნიშნავს. ქალაქს სტამბული ოფიციალურად 1930 წლის 28 მარტს ეწოდა…
სტამბულის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რასაკვირველია, ტაძარ-მუზეუმი აია სოფიაა, რომელსაც სულთან აჰმედის „ლურჯ მეჩეთს“ არცთუ მომცრო სკვერი აშორებს… ბიზანტიური მართლმადიდებლური ტაძარი მერვე საუკუნეში აიგო, თუმცა, მოგვიანებით, ოსმალებმა მეჩეთად გადააკეთეს. აია სოფიას ხანდახან მსოფლიოს მერვე საოცრებასაც ეძახიან. ერთ დროს ქრისტიანულ ტაძარში შესვლა, სადაც 2006 წლიდან მუსლიმური რელიგიური რიტუალები სრულდება, 25 ლირა ღირს…
ჩემი სტამბულში მოგზაურობა „ბაირამობას“ დაემთხვა. „ბაირამი“, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენებური მარხვის შემდგომი პერიოდია, რომელიც 4 დღეს გრძელდება. მუსლიმები ამ ოთხი დღის განმავლობაში ერთმანეთთან მიდიან და „ბაირამს“ ულოცავენ. ამასთან, „ბაირამობაზე“ თითქმის ყველა დაწესებულება დაკეტილია…
აია სოფიაც დაკეტილი დამხვდა და ისღა დამრჩენოდა, სულთან აჰმედის მეჩეთი მომენახულებინა, რომელსაც მსოფლიო „ლურჯი მეჩეთის“ სახელით იცნობს. სხვათა შორის, აია სოფიასა და „ლურჯ მეჩეთს“ შორის მდებარე სკვერში შადრევანია, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობიაო და, ეს შადრევანი „მიშას შადრევნებს“ კოჭამდეც ვერ მისწვდება…
„ლურჯი მეჩეთი“ 1609-1616 წლებში, სულთან აჰმედ პირველის ბრძანებით აიგო. სულთანი მეჩეთის აკლდამაშია დაკრძალული. მეჩეთის გუმბათები და მინარეთები სტამბულის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს. გადმოცემით, აჰმედ პირველმა აია სოფიას გვერდით მეჩეთის მშენებლობა მიზანმიმართულად დაიწყო _ სურდა, ქრისტიანული არქიტექტურა დაეჩრდილა, თუმცა სულთნის ჩანაფიქრი არ გამართლდა, რამეთუ მეჩეთის არქიტექტორმა აია სოფიაზე უფრო დიდი გუმბათი ვერ შექმნა. მიუხედავად ამისა, სულთან აჰმედის მეჩეთი არქიტექტურის შედევრად ითვლება _ მისი მინარეთები, ნახევარგუმბათები და გუმბათები უზადო პროპორციითა აგებული… სულთანმა არქიტექტორ სედეფჰარ მეჰმეტ აღას სთხოვა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსლიმური სალოცავი აეგო. არქიტექტორმა დავალება, ასე თუ ისე, შეასრულა _ კუბის ფორმის „ლურჯმა მეჩეთმა“, აია სოფიას მსგავსად, საუკუნეებს გაუძლო!
სულთან აჰმედის მეჩეთს „ლურჯი“ იმიტომ უწოდეს, რომ კედლები, თავის დროზე, ლურჯი საღებავით ყოფილა მოხატული…
აია სოფია და სულთან აჰმედის „ლურჯი მეჩეთი“ სტამბულში ჩასული ტურისტების მექაა _ გარდა იმისა, რომ არქიტექტურის ამ ორი უდიდესი შედევრისკენ მიმავალი ქუჩა თურქულნუგბარიანი მაღაზიებითა და აზიურ-ევროპული რესტორნებითაა სავსე, მეჩეთის წინ ე. წ. გარემოვაჭრეები ათასგვარ წვრილმანს ყიდიან _ ჩადრებს, აღმოსავლურ ორნამენტებიან სამკაულებს… აქვ, შეგიძლიათ, ქრისტიანული ხატებიც შეიძინოთ…
რაც შეეხება გარევაჭრობას, სტამბულის ქუჩებში, ფეხის ყოველ ნაბიჯზე, დახლებია გაშლილი, უმეტესად, ტანსაცმელია გამოფენილი… როგორც ადგილობრივებისგან გავიგე, სტამბულში თითქმის იშვიათია ოჯახი, რომლის ყველა წევრიც არ მუშაობს. აქ მუშაობა არც ბავშვებს ეთაკილებათ _ სკოლის მოსწავლეები წყალს ყიდიან. ნახევარი ლიტრი წყალი 50 კრუში ღირს…
ისე, ვერ ვიტყვი, რომ სტამბული ძვირი ქალაქია, უფრო სწორად, როგორც იტყვიან, ჯიბეს გააჩნია, თორემ, მაგალითად, პომიდორი შეგიძლიათ, 3 ლირადაც იყიდოთ და 6 ლირადაც. ასევეა ტანსაცმელიც _ თუკი „მოდას აყოლილი“ ხართ და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ტანისამოსით იმოსებით, კი ბატონო, მიბრძანდით და იყიდეთ ას, ორას ან, სულაც, ხუთასლირიანი შარვალი. იმ შემთხვევაში კი, თუ „ბრენდებს“ ყურადღებას არ აქცევთ და წინა პლანზე გემოვნებას აყენებთ, შეგიძლიათ, სამ ან ხუთ ლირად მშვენიერი სამოსი შეიძინოთ. ჩვენში დარჩეს და თბილისური ბაზრობები სულ სტამბულური „ტავარითაა“ გატენილი, ეგაა ოღონდ: ის, რაც სტამბულში, ვთქვათ, ათი ლირა ღირს, თბილისში, მინიმუმ, 50 ლარად იყიდება. ამაშიც გასაკვირი არაფერია _ მოგება ხომ ბიზნესის უმარტივესი კანონია.
სხვათა შორის, უცხო ქვეყნიდან შემოტანილი ტვირთის განბაჟებაც კანონიერია, მაგრამ საბაჟოზე განუბაჟებელი ტვირთიც მოძრაობს. სქემა ასეთია: სტამბულიდან ან თურქეთის რომელიმე სხვა ქალაქიდან მომავალი ვაჭარი თანამგზავრებს, რომელთაც ცოტა ბარგი აქვთ, სთხოვს, რომ მისი ჩანთები გადაინაწილონ. შესაბამისად, გასაყიდი „ტავარის“ განბაჟებას აღარავინ სთხოვს.
თურქი მებაჟეები, თურმე, ქართველებზე მკაცრები არიან… საერთოდ, თურქეთის საბაჟო რევოლუციამდელი საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს ჰგავს _ როგორც იტყვიან, ცოცხალ რიგში ასობით ადამიანი დგას, თურქი მებაჟეები კი ერთმანეთს ელაზღანდარავებიან და დაკისრებულ მოვალეობას სვენებ-სვენებით ასრულებენ.
იმ დღეს, როცა სამშობლოში ვბრუნდებოდი, ძალაუნებურად თვალში მომხვდა: თურქეთიდან საქართველოში რამდენიმე ათეული თურქი შემოვიდა. უცხოტომელთა სიმრავლემ და თურქ მებაჟეთა გულგრილობამ რიგში მდგარი ქართველები გააღიზიანა, რასაც პოლიტიკური დებატები და ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.
_ დაგვასხეს ეს თურქები თავზე! _ ავიშვიშდა არისტოკრატული გარეგნობის ქალბატონი, _ პირველად გადმოვედი თურქეთში, ნეტავ, რა ჯანდაბა მინდოდა, ამ ჟაკეტის მეტი ვერაფერი ვიყიდე. მაგათი დიზაინერები მაჩვენა და მეტი არაფერი მინდა…
_ კარგი, გოგო, დაწყნარდი, _ დაამშვიდა არისტოკრატული გარეგნობის დიაცი გვერდით მდგარმა ქალმა, რომელიც აზერბაიჯანელ მამაკაცებს ქართულად ეჩხუბებოდა, რიგს არ დაგითმობთ და თუ გამეპარებით, ცოცხლები ვერ გადამირჩებითო…
_ ბათუმში ოფიციალურად უკვე 30 ათასი თურქი ცხოვრობს, _ ღიპიანმა მამაკაცმა აჭარული აქცენტით უფრო თავისთვის, ვიდრე ჩვენ გასაგონად ჩაილაპარაკა.
_ გაგვატარეთ, გაგვატარეთ, _ მომესმა უკნიდან.
მივიხედე _ ორი კარგად ნასვამ-ნაჭამი მამრი წინ ბუღასავით მოიწევდა.
_ რატომ უნდა გაგატაროთ? _ ტუჩები მოპრუწა არისტოკრატული გარეგნობის ქალმა.
_ გოგო, შეეშვი, ვერ ხედავ, ნასვამები არიან! _ გადაუჩურჩულა აზერებთან მოჩხუბარმა დიაცმა.
_ ნასვამები არიან, ფეხმძიმეები ხომ არა?! _ გულწრფელად გაიოცა „არისტოკრატშამ“.
ამასობაში, ჩემი რიგიც მოვიდა, პატარა სარკმელში ხელი შევყავი და თურქ მებაჟებს საბუთები მივაწოდე. თურქმა ალმაცერად შემომხედა, მერე კომპიუტერს მიაშტერდა და… იმის ნიშნად, რომ თურქეთის ტერიტორიას დარღვევების გარეშე ვტოვებდი, ვიზის ფარატინა ფურცელს შავი ბეჭედი დაარტყა…
საქართველოს მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, ჩემდაუნებურად ჩავილაპარაკე: შინ ვარ!
მერე გონიოში შოთი ვიყიდე და მადიანად შევექეცი…
მერე?..
მერე გამახსენდა, რომ სტამბულში პოლიცია თითქმის არ შემხვედრია, თუმცა როგორც მითხრეს, პოლიციაზე სახიფათო ჟანდარმაა, რომელიც კანონდამრღვევს, თურმე, უმოწყალოდ უსწორდება… ამიტომაც ქართველი არალეგალები ჟანდარმას ერიდებიან. ახსარაიში კი ქართველები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც თბილისში: ყვირიან, იგინებიან…
სხვათა შორის, ავტობუსის ქართველმა მძღოლებმა იმის გამო, რომ თბილისში თურქული კომპანიის ავტობუსით წამოსვლა გადავწყვიტე, ლამის მუშტი-კრივი გამიმართეს… ამ თურქული კომპანიის ოფისში კი ორი თბილისელი ქალბატონი გავიცანი. არ ვიცი, ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ თუკი თურქები ფიქრობენ, რომ მთელი საქართველო ასეთი „ქალბატონებია“, მაშინ გასაგებია, თუ რატომ გრძნობენ ბათუმში სტუმრად ჩამოსულები თავს მასპინძლად! სხვათა შორის, ისიც არ მომეწონა, ერთ-ერთმა თანამგზავრმა ერთ-ერთ გაჩერებაზე მაღაზიაში, ვითომ ყიდვას აპირებდა, სხვადასხვა თურქული ტკბილეული რომ დააგემოვნა. თურქმა გამყიდველმა ქალს ცინიკური ღიმილით შეხედა და დამტვრეული ქართულით უთხრა: ჭამე, ჭამე…
ავტობუსი ქუთაისს რომ გამოსცდა, ჩამეძინა… არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა…
მერე სუნმა გამომაღვიძა… ეს თბილისის სუნი იყო…
თვალი გავახილე და მივხვდი: ჩემი თბილისი, ჩემი მიწა მომნატრებია!..

გიორგი აბაშიძე
სტამბული-თბილისი