გიორგი ტიგინაშვილი: „მათი პატრიარქი შორენაა, მათი ტაძარი _ საპატრიარქოს სამდივნოს აპარტამენტი“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ „ქრონიკა+“ რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს, თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს ესაუბრა.

_ ჩვენი საუბარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „ციანიდის საქმით“ _ სკანდალით დავიწყოთ, რომელსაც ჯერაც არ უჩანს დასასრული უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიუღებლობის მიუხედავად. მეუფე იაკობმა კი ღია ომი დააანონსა…
_ „ციანიდის სკანდალი“ ლაკმუსის ქაღალდი და პანდორას ყუთი აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოსთვის. ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი შედეგი იმ პოლიტიკისა, რასაც ადმინისტრაცია ატარებდა მრავალი წლის მანძილზე. ღმერთმა დაუშვა ეს განსაცდელი იმისთვის, რომ იქ არსებული უწესრიგობა გამოვლენილიყო. გამოძიების სურათი უცნაური და ბუნდოვანია. ბევრი კითხვა _ ჯერაც პასუხგაუცემელი. ამდენად მე ამ საქმეზე ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ მაქვს. ერთი რამ ცხადია, საქმეში იმდენი დელიკატური და უხერხული თემაა საპატრიარქოსთვის, რომ მოსამართლე იძულებული გახდა, სხდომები დაეხურა.
_ როგორ ფიქრობთ, ამ საქმეზე სიმართლე იხილავს დღის შუქს და რეალობა გაირკვევა?
_ შორენა თეთრუაშვილის ძალაუფლების პირობებში საქმის დეტალების გარკვევას არ ველოდები, აი, მომდევნო ადმინისტრაციის დროს კი, თუ პატრიარქად არარუსოფილ და დამოუკიდებელ ადამიანს ავირჩევთ, ვგონებ, ბევრის გასამართლება და ბევრის რეაბილიტირებაც აუცილებლად წინ გველის.
_ ძალიან საინტერესოა ზოგადი, მაგრამ თვალში საცემი ტენდენციების შეფასება, რომელიც ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს…
_ სადღეისოდ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუკი ადამიანი სასულიერო პირობას მოინდომებს, იგი აწყდება ერთ, მეტად პარადოქსულ უკუღმართობასა და გამოწვევას, _ ის უნდა გახდეს ბევრად უფრო შეზღუდული, კონიუნქტურული, კონფორმისტული და მდუმარე, ვიდრე ის ერში იყო. უცნაურია, ნაცვლად იმისა, რომ ქრისტეში ლიტურგიკულ-მისიონერული მსახურების კვალად თავისუფლების ამაღლებულ შრეებს, სიხარულს, სიმართლესა და შეუორგულებელ თუ სულიერ პრინციპებს ღირსეულად გამოხატავდე, პირიქით _ უფრო დამცრობილი, შებოჭილი და იდეოლოგიზებული ხდები, საუკეთესო შემთხვევაში კი დემორალიზებული და მშფოთვარე, რასაც პატიოსანი სინდისის დაუცხრომლობა იწვევს.
_ ამბობთ, რომ ეკლესიაში არჩევანის თავისუფლებაზე საუბარიც შეუძლებელია?
_ სისტემა განთავისუფლების მაგივრად ადამიანებს იმონებს, ანუ ყველაზე ფუძემდებლურ კატეგორიას _ არჩევანის თავისუფლებას, რომელიც ყოვლადწმიდა სამებამ გვიბოძა, ცენზურა ატყვევებს, ხოლო წარმატების გზაზე თუკი სათნოებათა მოხვეჭა თავისთავად პრიორიტეტული უნდა იყოს, ამ დროს წონასწორობის მთავარ გარანტორად პირმოთნეობა, მონური მორჩილება, კარიერიზმი და ანგარება დომინირებს.
აქედან გამომდინარე, ჩნდება მეტად რიტორიკული და ლეგიტიმური შეკითხვა: იმ სასულიერო პირებს _ იგულისხმება სამღვდელო დასის დიდი ნაწილი _ რომელთაც ღირსებასა და თავისუფლებაზე უარი თქვეს, რეჟიმს დაჰყაბულდნენ და ცოცხალი ღმერთი, ქრისტე _ ავტორიტეტითა და კერპით ჩაანაცვლეს, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება?
საერთოდ, რატომ უკვირთ ჩვენს ეპისკოპოსებსა და სამღვდელო პირებს მრევლის კლებადობის კატასტროფული დინამიკა, როცა ამდენი შეშლილი, კორუმპირებული, მრუში, ჰომოსექსუალი, პედოფილი, ფანატიკოსი და ხეპრე ჰყავთ გვერდით აღზევებული?! დიახ, „ცოცხალ წმინდანად“ წოდებულმა ავტორიტეტებმა ააყროლეს თევზი თავიდან და ამის აღიარება უმეტესობა ჩვენგანს ჯერაც ჯიუტად არ გვსურს!
_ უმძიმესი განცხადებაა…
_ დღეს საქართველოში პატიოსანი მღვდლობა _ უსისხლო მოწამეობაა! ვეთაყვანები ასეთ ერთეულებს!
საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაცია ადიდებს არა იესო ქრისტეს, არამედ თიხისფეხებიან კერპს, სიყალბისაგან გამოძერწილ კოლოსსა და კრემლისგან სულშთაბერილ „ზეარსს“! სწორედ ეს გახდება საწინდარი მათი სისტემური მსხვრევისა და ჩამოშლისა, რამეთუ იდეოლოგიზებული „რწმენით“ დააავადეს საზოგადოება და ერი, უარყვეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიის მაცხოვნებელი გამოცდილება, განდევნეს ინტელექტი, გარიყეს ყველა ჯანსაღი, განათლებული, სულიერი და პატიოსანი ადამიანი, ზოგი კონფორმიზმით დააჩიავეს და ზოგიც კარიერიზმით მოწამლეს. აღაზევეს ფლიდი ხალხი და გული მოუკლეს წესიერ ადამიანებს თავიანთი უყურადღებობით. მე არ შემიძლია, ამ რეჟიმს შევეგუო და ხმა არ ავიმაღლო.
საპატრიარქოში რომ შეხვიდე ერმიტაჟი, ლუვრი, უფიცა ან ორსეს მუზეუმი გეგონება, იმხელა კომფორტი, ფუფუნება და ფეშენებელური განცხრომაა ირგვლივ. უპოვრების, ქალწულებისა და მორჩილების აღთქმადადებული სასულიერო პირნი კი (თანაც, არც ისე ცოტანი) ურცხვად ნებივრობენ აღნიშნულ გარემოში და იქ მსხდომთ „ცოცხალ წმინდანებად“ ან „ჭეშმარიტ და ნამდვილ ბერებად“ გვასაღებენ. ჩვენ კი ვიჯერებთ ამ სიბრიყვეს, თავს ვიტყუებთ ჩვენივე უპასუხისმგებლობის გამო და თიხისფეხებიან კერპებსა თუ სადუკეველ ავტორიტეტებს ეკლესიის ცნებასთან უტიფრად ვაიგივებთ და ვერ გაგვივლია ზღვარი ღვთივდადგენილ ორგანიზმს, ანუ უცდომელ ეკლესიას, როგორც მაცხოვრის მისტიკურ სხეულსა და ადმინისტრაციას, ანუ მენეჯმენტს შორის. არადა მოცემულობა მარტივია: ისე როგორც სხვადასხვაა მედიცინა და „არამიანცი“, აგრეთვე სხვადასხვაა ეკლესია და საპატრიარქო!
ტრაგედია ის არის, რომ იდეოლოგიზებულმა და პროფანირებულმა „რწმენამ“, ანუ ფანატიზმმა, ადამიანები სისტემასთან დააახლოვა და არა ჯვარცმულ და დევნილ იესო ქრისტესთან!
ღვთის შეწევნით ვიყავი, ვარ და ვიქნები ამ ეკლესიის შვილი, მაგრამ ვერასოდეს მოვიტყუებ თავს და ვერ გავხდები უსინდისო კონფორმისტი და უნამუსო ლაქია იმ რეჟიმისა, რომელიც დღეს ანდრია მოციქულის საყდარს მკრეხელურად აჩიავებს სულიერების გზაზე.
_ გავიმეორებ, _ უმძიმეს განცხადებებს აკეთებ, თუმცა აქვე გეთანხმები, რომ ეკლესია და მისი ადმინისტრაცია სხვადასხვა რამეა. ისევე როგორც ცნობილი გამოკითხვებისას ეკლესიის რეიტინგზე აპელირებისას, გამოკითხულთა უმეტესობა იმას გულისხმობს, რომ თავად არის მორწმუნე და სულაც არ გულისხმობს საპატრიარქოს ან, გნებავთ, მართლმადიდებლობას. თუ თემას გავაგრძელებთ, ე. ი. საპატრიარქოში უმეტესობა საეკლესიო ცხოვრებისა და ქრისტეს გზის მიღმა არის დარჩენილი.
_ სამწუხაროდ, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა უმრავლესობა არის ყალბი, ფარისეველი, კარიერისტი და კონფორმისტი, ხოლო მათგან ვინც რაიმე „განსაკუთრებულ“ ღვაწლს იჩენს _ ხიბლში მყოფი და არაადეკვატურად ამბიცური. ქრისტეს პიროვნებაზე აპელირებენ და ერთი ადამიანის სიმართლით დაცვაც კი არ შეუძლიათ. მათი პატრიარქი შორენაა, მათი ტაძარი _ საპატრიარქოს სამდივნოს აპარტამენტი, მათი მრევლის დიდი ნაწილი _ სნოს ჭალებში დაწერილ მითებს, ლეგენდებსა და თქმულებებს აყოლილი გულუბრყვილო საზოგადოება, მათი მიზანი _ დიდებისმოყვარეობა, მათი ინტელექტის დონე _ კატეხიზმოს საფუძვლები, მათი ქადაგება _ მათივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგო, მათი რიტორიკა _ არააკადემიური და ისტეროიდული, მათი ერთგულება _ მამლის ყივილამდე სამგზის უარმყოფელი.
საუბედუროდ, ტენდენცია მეტად მძიმეა და შემაძრწუნებელი. მღვდელმთავართა უმრავლესობაც, ქრისტოცენტრული პრიორიტეტების ნაცვლად, დღის წესრიგში მხოლოდ ორ საკითხს აყენებს: 1) ქონებრივი გადანაწილება; 2) გავლენის სფეროების გაძლიერება.
თანამედროვე სადუკეველთათვის, მრევლი _ ხელისუფლებასთან ვაჭრობის საგანია, რომლის მეშვეობითაც ფეშენებელური ავტომობილების, ფინანსური სუბსიდიებისა და იმუნიტეტის გარანტირება ხდება.
სახელდობრ, დღევანდელი საპატრიარქოა სწორედ ეკლესიოლოგიური წესრიგისა და სარწმუნოებრივი სიწმინდის სფეროში დისონანსის შემომტანი.
ჭეშმარიტების, სიყვარულისა და თავისუფლების იდეის მაგივრად წარმართობა, მზაკვრობა და მონობა პარპაშებს!
სამწუხაროდ, ნებსით თუ უნებლიეთ, ეს სისტემა და რეჟიმი შექმნა სწორედ ილია II-მ, რომლის სადღეგრძელოსაც სუფრაზე ლამის იყო და ღმერთზე წინ ამბობდნენ, თუმცა ტაბუ მოხსნილია უკვე! უპასუხისმგებლობა და უტიფრობაა ობიექტური რეალობის ვერდანახვა. დიახ, თევზი თავიდან ყარს! საღვთო პატიოსნება გვაიძულებს, რომ გულწრფელნი ვიყოთ, დავეხსნათ კომფორტულ ტყუილსა და განსჯის უნარი არ მივაძინოთ ჩვენს სინდისში. მე თავს ვერ მოვიტყუებ, მაპატიეთ ემოციური გულახდილობისთვის…
_ პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადება მტრებს არ მოგაკლებს…
_ გულწრფელად და მწუხარებით უნდა ითქვას, რომ პარადოქსული შუსაბამობაა, ისაუბრო „წარმატებულ ეპოქაზე“, როცა ეკლესიის წიაღში იგულისხმება: ადმინისტრაცია, უღირსი სამღვდელო დასი, არაერთი ურწმუნო ეპისკოპოსი _ მათ შორის უამრავი უკეთურება გვაქვს: გეილობი, პედოფილია, ნარკომანია, ორცოლოსნობა, ნასამართლეობა, ფუფუნება, გაუნათლებლობა, ფანატიზმი, პოლიტიკანობა, ბიზნესკარტელი, ერეტიკული აზროვნება, „ციანიდის საქმე“ და ამ ფონზე „ბოლო ჟამის ახალ მოციქულად“ სახელგდებდნენ, ცოტა არ იყოს და უტრირებული პიეტეტი მგონია, მით უფრო მაშინ, როცა არასდროს არც ერთი გადაწყვეტილება კრებითობის, კონსენსუს პატრუმის პრინციპით და ძმათა შორის თანაბარუფლებიანი დისპუტის გზით არ მიგიღია და ყოველთვის ერთმმართველი აბსოლუტის როლში იყავი. თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ წმიდა დიდი სჯულის კანონი, კანონიკური სამართლის პრინციპები, წმიდა წერილი და მამათა გამოცდლება _ აბსოლუტურად იგნორირებული, შერჩევითად გაზიარებული, იდეოლოგიზებული კლიშეებით დატუსაღებული და დაშტამპული იყო სწორედ „მოსეს მიგრაციის“ ამ პერიოდში. ან „აღმსარებელი და მოწამე“ როგორღა ხარ, როცა ყველა ხელისუფლებას ჰარმონიულად ერგები?
_ თუმცა ვერ წავუვალთ ფაქტს იმის შესახებ, რომ „მოსეს მიგრაციის“ პერიოდში მრავალი რამ გაკეთდა: გაძლიერდა ეკლესია, აიგო უამრავი ტაძარი და ა. შ.
_ ცხადია, როგორც არაერთგზის ითქვა, ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, რაზედაც ტაძრების სიმრავლეც მეტყველებს, რაც უდავოდ შესამჩნევია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკლესიის სახსრები არა მარტო ტაძრების რესტავრაციასა და აშენებას უნდა მოხმარდეს, არამედ, უმთავრესად, ცოცხალი ტაძრების, ანუ ქრისტეს მსახური და კათაკმეველი ადამიანების განსწავლასა და აღზრდას. იდეაში ეკლესიის ძლიერებაში ეს უნდა იგულისხმებოდეს და არა რელიგიურ შენობა-ნაგებობათა სიმრავლე!.. ამ მხრივ კი ყველამ გულში ჩავიხედოთ: რაოდენობა ხარისხზე მეტყველებს მორწმუნე და ღვთისმსახურ ჰომოსაპიენსთა მოდგმაში? საუბედუროდ, _ არა! კარგი ადამიანობა და კარგი ლიდერობა სხვადასხვა რამეა, სამწუხაროდ. დანარჩენს მომავალი და პირუთვნელი თაობა შეაფასებს და არა დღევანდელივით მლიქვნელი, დივიდენდებისთვის მოტივირებული და ავტორიტეტების ფონად ქულების დამწერი ფარისევლები.
_ პარალელურად გარედან მომდინარე საფრთხეების შესახებ გვესმის, თვით მოსაყდრემაც გაამახვილა ამაზე ყურაღდღება.
_ „განსაცდელის დროს სუსტი დამნაშავეს ეძებს, ხოლო ძლიერი _ ღმერთს“, _ წმ. იოანე ოქროპირი. მოსაყდრე, მისი ხელქვეითი დეკ. ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს წარმომადგენელნი, საუბედუროდ, ადეკვატურად ვერ გრძნობენ ერთ მარტივ მოცემულობასა და სავალალო რეალობას, რომლის აქტორები და შემოქმედნიც თავადვე არიან. როცა ისინი წუხან მრევლის კლებადობაზე, ეკლესიის რეიტინგის დაქვეითებასა და ტაძრების დაცარიელების ტენდენციაზე, ამ ყოველივეს გამომწვევ მიზეზად პოსტმოდერნიზმი, დესაკრალიზაცია, გლობალიზაცია და მასონიზმი კი არ უნდა დაასახელონ, არამედ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრონ და პრობლემებზე პირველ პირში რელევანტურად უნდა იმსჯელონ და თავიანთი დექრისტოცენტრული, კარიერისტული თუ უტილიტარული ქმედებები, ანუ შეცდომები გულწრფელად უნდა აღიარონ! მაგრამ ეს უჭირთ და არ შეუძლიათ, რადგან სინდისთან, რწმენასთან და სიმდაბლესთან აქვთ სრული გაუცხოვება! ამიტომ ამ კოროზირებული სისტემისა და არაჯანსაღი რეჟიმის ავტორები როცა მიზეზებს გარეთ ეძებენ, ეს მათსავე სულიერ სიღატაკესა და სააზროვნო კაპიტალის არარსებობაზე მიუთითებს, სამწუხაროდ. ამრიგად, მათ ხელში შედეგიც უფრო ფატალური დადგება, სავარაუდოდ…
_ რადგან მოსაყდრე ახსენე, ბარემ აქვე ვიკითხავ ბოლო დროს მეტად გააქტიურებულ მეუფე გრიგოლზე. მისი ქადაგებები ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის საპატრიარქოს პოზიციასთან და მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი მომავალი პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატადაც მიიჩნევს.
_ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, არის საკმაოდ მაღალკვალიფიციური, ფრიად განსწავლული და გავლენიანი ფიგურა საქართველოს ეკლესიაში, რომლის განვითარებაშიც მას უზარმაზარი დამსახურება და ღვაწლი აქვს. იგი როგორც ადმინისტრატორი, როგორც მენეჯერი და როგორც სასულიერო პირი ერთობ წარმატებულია. მას აქვს პროგრესული ხედვები, კონცეპტუალური პროგრამა, რომელიც საქართველოს ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანას ემსახურება. ჩემი დაკვირვებით, ეს პროგრამა ემყარება რამდენიმე, ფუნდამენტურად მნიშვნელოვან პოსტულატს: საგანმანათლებლო საკითხებს, სოციალურ დოქტრინას, მისიონერობის ახლებურ მეთოდებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციისა თუ რებრენდინგის მზაობას, რომელიც უმთავრესად გულისხმობს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირებას, საკადრო პოლიტიკის მოწესრიგებასა და წმინდა სინოდის უფლებამოსილების ქმედითად ფუნქციონირებას. დღეს დეკლარირებულად ეკლესიას მართავს წმინდა სინოდი, თუმცა რეალურად სახეზე გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის მოდელი, კათოლიკოს-პატრიარქის აბსოლუტური ძალაუფლებისა თუ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე შექმნილი ერთმმართველობისა. ეს გარკვეულწილად უხერხულობას ბადებს, თუმცა პირადად მე პატრიარქის პიროვნებასთან, როგორც სამწყსოს სულიერ მამასთან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ძალაუფლების დეცენტრალიზება და ღვთივსულიერ კანონთა უზენაესობა აუცილებელია ყველასთვის, რადგან ეკლესია ქრისტოცენტრულია თავისი ბუნებით და არა ანთროპოცენტრული ან კერპთაყვანისმცემლური.
პერიოდულად, ვეცნობი რა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ეპისტოლეებს, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ასეთი რელევანტური, თანადროული, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური ანალიზი ქართულ სინამდვილეში ნამდვილად სასიამოვნო ექსკლუზივია. ორმაგად დასაფასებელია, როცა მაღალ იერარქს საღვთისმეტყველო და სულიერ მსჯელობასთან ერთად, თანმიმდევრული, აკადემიური, სახელმწიფოებრივი ხედვა და საზოგადოებრივი განვითარების კონცეპტუალური პროგრამა _ სოციალური დოქტრინა, მისიისა და ევანგელიზაციის ახლებური წარმოება და ა. შ. _ გააჩნია. მისი მიდგომები თანამედროვე რეალობასთან მიმართებით სავსებით ადეკვატური, რაციონალური და პრაგმატულია, რაც პირდაპირ ამხელს და საინტერესო ალტერნატივასაც გვთავაზობს ცრუ მისტიციზმის, „ხალხური ღვთისმეტყველების“, იზოლაციონიზმის, ობსკურანტიზმის, გნოსეომაქიის, პაგანიზაციის, ანიმიზმისა და ბრმა რიტუალიზმის დაძლევის გზაზე. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, როცა სისტემური რეორგანიზაციის, რებრენდინგის, მენეჯმენტის მოდერნიზაციისა და ადმინისტრაციული მოწყობის ცვლილების აუცილებლობაზე კეთდება აქცენტი. რაც მთავარია, ეს ყოველივე ჟღერდება პირველ პირში და შესაბამისი პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული. პოზიტივია თავად ის ფენომენიც, როცა სასულიერო პირს ქრისტიანული ღირებულებებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჰარმონიზების აუცილებლობა ესმის და ეკლესიას განიხილავს როგორც ღმერთის, საზოგადოებისა და იერარქიის კონგლომერატად და არა ელიტურ არისტოკრატიად. ჩემი მოკრძალებული კომპლიმენტი და პატივისცემა მეუფე გრიგოლს! აქსიოს!
_ სიმართლე გითხრა, ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია ეს შეფასებები, თუმცა, ამ ეტაპზე, კამათს არ ვაპირებ. უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა ერთგვარი კასტინგი მიმდინარეობს და ყველა ცდილობს, საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს საკუთარი პერსონა. დავიბრუნდეთ ისევ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორია შენი მოსაზრება არსებული ვითარების დაძლევისთვის, რა არის გამოსავალი?
_ საქართველოს ეკლესიის კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია რამდენიმე ფაქტორის მეშვეობით: 1) რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით თანამედროვეობასთან მიმართებით; 2) აკადემიური, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების _ კანონისტი, ეგზეგეტი, პატროლოგი, ლიტურგისტი, თეოლოგი, რელიგიათმცოდნე, ანალიტიკოსი, სტატისტიკოსი _ ინტეგრირებით ადმინისტრაციულ სივრცეში; 3) საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალობითა და აუდიტის ფუნქციონირებით; 4) საზოგადოებასთან ღია და უშუალო კომუნიკაციით; 5) წმინდა სინოდში კრებსითობის მმართველობითი პრინციპის რეალური ამოქმედებით; 6) მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირებით; 7) სოციალური დოქტრინისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონცეფციის შემუშავებით, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკაზე იქნება მორგებული; 8) სამღვდელოების ინტელექტუალური გადამზადებით: სემინარები, კონფერენციები, ფორუმები; 9) თითოეული სასულიერო პირის სახელმწიფოებრივი თუ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რასაც სამოტივაციოდ მაღალი იერარქიის მაგალითი ექნება; 10) ქრისტოცენტრიზმით, ანუ იდეოლოგიზებული რწმენის, „ხალხური ღვთისმეტყველების“, ანიმიზმის, გნოსეომაქიისა და პაგანიზაციის მავნე ტრენდის უარყოფით და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების ქადაგებით, სადაც დაშტამპული კლიშეების ნაცვლად პიროვნების თავისუფლების უმაღლესი იდეა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ყოველივეს სჭირდება პროფესიონალური ცოდნა და კეთილი ნება…
_ საკმაოდ რთული ამოცანები დასახე, ანუ რთული პოლიტიკური ნების გამომჟღავნების მხრივ. რამდენად ექნება სინოდს ამის ნება, ძნელი სათქმელია. პატრიარქობის თემასაც შევეხოთ: მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გაკეთდა განცხადება, _ მოსაყდრე არ ნიშნავს მემკვიდრეს, _ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორც ერში, ასევე ბერში, ჯიუტად კულტივირებს ამ მოსაზრებას. იქნებ, კიდევ ერთხელ განმარტო ეს საკითხი.
_ პატრიარქობა არის არჩევითი თანამდებობა და არა მემკვიდრეობითი. მოსაყდრე არ არის ილია II-ის უფლისწული, რომ წინასწარვე მოვიაზროთ აპრიორი კათოლიკოს-პატრიარქად. ეს ელემენტარული „კატეხიზმოა“. აბსოლუტური უვიცობისა და არაკომპეტენტურობის გამოვლინებაა, როცა მოსაყდრეს აქედანვე მწყემსმთავრად მიიჩნევენ. ე. ი. რადგან ამჟამინდელი პატრიარქის რჩეულია, მეორე კანდიდატის არსებობაც, ალბათ, მავანთათვის „ურჩობა და ამორალურობაა“. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების IV თავი: §3: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება. §10. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს. §11. წმ. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება, წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის, საკუთარი თავიც. §12. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი“.
ამრიგად, ეკლესიის ცხოვრება რეგულირდება კანონიკური სამართლისა და წმიდა წერილის პრინციპებით და არა „ბრძენ პატრიარქთა“ იმპერატიული გადაწყვეტილებებით.
ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაც ამ თემასთან დაკავშირებით: მამა ეფრემ ვატოპედელის ჩამოყვანაც მოსაყდრის ლეგიტიმაციისა და დივიდენდებისთვის დასჭირდა საპატრიარქოს, მაგრამ კვალიფიციური და საკითხში გარკვეული ადამიანები ამით მაინც ვერ მონუსხეს.
_ ხშირად საუბრობენ ეკლესიასა და ქართულ საზოგადოებაში რუსულ გავლენებზე. ამ აზრის მოწინააღმდეგეები ითხოვენ კონკრეტულ ფაქტებს, თითქოს ვინმე იმაზე მიუთითებდეს, რომ საუბარია ე. წ. ნომრიან აგენტებზე და, რატომღაც, არ ან ვერ ხვდებიან, რომ ცალკეული პერსონების, ინსტიტუტებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ რუსული ინტერესების გატარება მათ ქმედებებსა და სიტყვებში ჩანს და დამატებითი მტკიცებულებები არც არის საჭირო. რეალურად, რა გვჭირს, განსაკუთრებით „მართლმადიდებლობის“ კონტექსტში?
_ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ბოლო დროს ერთობ არაადეკვატური და ამაზრზენად ნოსტალგიური დამოკიდებულება შეინიშნება კრემლის ისტაბლიშმენტისა და რუსული „დერჟავის“ მიმართ. ტენდენცია შემდეგი გახლავთ: რამდენიმე „არასამთავრობოს“ სახელს ამოფარებული ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ შავრაზმელთა სხვადასხვა მარგინალური გაზეთი დაუფარავად ეწევა „უძლეველი, ზნეობრივი და წმინდა რუსეთის“ საკრალიზაციასა და რეკლამირებას. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მკრეხელობა და ცინიზმია, როცა ისინი ამ „გამაჯანსაღებელ“ პროცესს „მართლმადიდებლობის“ ეგიდით ახორციელებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, პარალელურ რეჟიმში, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს დასავლეთის ისტერიული დემონიზაცია, სადაც ვითომდა მორალური თუ სულიერი საზრდო არ მოიპოვება. ამგვარად შეფუთული სიცრუით, ემოციური ტემპერატურის აწევითა თუ სენსიტიური საკითხების ტირაჟირებით ხშირ შემთხვევაში ხდება გულწრფელი ხალხის სრული ზომბირება და ინტოქსიკაცია.
მე, როგორც პროფესიით თეოლოგი, მეტ-ნაკლებად, ჩახედული ვარ წმინდა წერილის, კანონიკური სამართლისა და ზოგადად ეკლესიოლოგიის საკითხებში, რომლის გათვალისწინებითაც, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მოსკოვის საპატრიარქო თითქმის უკვე სრულებით აცდენილია ქრისტიანობის ძირითად არსსა და იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რამაც მაცხოვრის ჭეშმარიტი სიტყვა უნდა დაამოწმოს დედამიწაზე.
_ იქნებ, უფრო დააკონკრეტო…
_ მწუხარებით შევნიშნავ, რომ რეალურად, რუსეთის ეკლესია გადაიქცა კრემლის აგრესიული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად, იდეოლოგიურ მანქანად, რომელსაც უკიდურესად ეთნონაციონალისტური და ფაშისტური ზრახვები ამოძრავებს. სინამდვილეში, ფილეტისტური, ცრუმესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური კონტენტის ომახიანი ქადაგება პირდაპირ წინააღმდეგობაშია მაცხოვნებელ, ანუ ჭეშმარიტ ცნობიერებასთან. ასეთი დამღუპველი მექანიზმის წახალისება, თავის მხრივ, წარმოადგენს ცეზაროპაპიზმსა და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის გამოგონება. არადა, ნამდვილი რწმენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს მასებისა და კოლექტივების მმართველ კულტივატორად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზება, რომელიც ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე.
ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ კირილეს ადმინისტრაციული აპარატი აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართლიანობისა და ძმადმოყვარების ელემენტარულ სულისკვეთებას, რაც გამოიხატება თუნდაც ლოკალურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მიმართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეპარქიებში დესტრუქციული, ექსპანსიური და პოლიარქიული პროცესებით, რომლის ინსპირირებასაც რუსეთის უმაღლესი იერარქია ეწევა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა ჩვეულებრივ არათანაბარ პირობებში წარმოებს და იგი მოკლებულია პატივისცემის იოტისოდენა წესებსაც კი.
_ რამდენად ჰყავს მოკავშირე ამ საკითხებში რუსულ ეკლესიას ჩვენი ეკლესიის წიაღში?
_ დანანებით უნდა ითქვას ისიც, რომ ამჟამად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა არცთუ ისე მცირე ნაწილი, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, პრორუსული ორიენტაციის მიმდევარია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსაყდრე შიო (მუჯირი) თავისი ანტურაჟითა და გარემოცვით. მისმა მეუფებამ ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განსაცდელში მყოფი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია მიატოვა და თბილისში იმყოფებოდა (ავსტრალია-ახალ ზელანდიაში მაინც ყოფილიყო), მას შემდეგ კი არც ახლა და არც რომელიმე 8 აგვისტოს (10 წლის მანძილზე) მისგან არ გვახსოვს არც ერთი პატრიოტული ქადაგება ან ბრძოლის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად საგანგებო პანაშვიდის გადახდა ან რაიმე პოზიციის დაფიქსირება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ, სამწუხაროდ, კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე წაუსვლელობა, მისი უარყოფა და გმობაც საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში რუსეთის კონფიდენციალური დირექტივის შედეგია, რასაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეც უპირობოდ ეთანხმება.
დღეს ჩვენ გვიხდება ცხოვრება იმ პერიოდში, როდესაც მავანთათვის ეკლესია არის ტაძარი და ხატები, ხოლო რელიგია მართლმადიდებლობა მხოლოდ შიში და მორჩილება. ვგონებ, ზოგიერთმა ღვთისმსახურმაც კი არაფერი იცის ეკლესიის მისიის შესახებ.
ჭეშმარიტებისა და სიმართლის მსახურება სიყვარულის, ემპათიისა და სხვისადმი შესაბამისი ლმობიერების გარეშე ფსიქიკური შიზოფრენიის საწინდარია. დააკვირდით სქემატური და დაშტამპული კლიშეებით მოაზროვნე ფანატიკოსებს და თქვენ დაინახავთ მათში კლინიკურ რეალობას _ ღმერთში საკუთარი თავის თაყვანისცემას, ხიბლისმიერ სიხისტეს, პატივმოყვრულ ეგოსა და თვითდაჯერებულობას. მათი მუდმივი სურვილია, უზენაესის ეგიდით დასაჯონ ყველა, ვინც ოდნავ მაინც განსხვავებულად აზროვნებს. ეს დემონური პათოსია, როცა ყოვლადმოწყალე, ცოცხალი და პიროვნული ღმერთი სადამსჯელო ინსტრუმენტია შენთვის და არა მშობელი მამა, რომელიც მარადიულად ჯვარცმულია უძღებ შვილთათვის. ამგვარი კომპლექსები, გაუნათლებლობა და რეფლექსიის არქონა იწვევს აგრესიასა და საღი აზრის დაქვეითებას. ეს არის შედეგი იმ მდგომარეობისა, როცა რწმენა იდეოლოგიად ყალიბდება და როცა კანონი ხდება კერპივით ცივი თუ უგრძნობი და როცა „სულიერება“ გვევლინება ცოდნის ჯალათად. გარედან შეფეთქილი საფლავის მოპირკეთებული სახე ვერანაირად დაფარავს სამარის სიმყრალეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ შიდასულიერ უხრწნელობაზე, ვიდრე სიპი მარმარილოსავით თვალისმომჭრელ გარეგნულ ფორმებზე, ანუ ბრმა და მექანიკურ რიტუალიზმზე, რაც ფარისევლური ნარატივია ხოლმე ხშირ შემთხვევაში და მორწმუნე ადამიანის არტისტულ პოზას წარმოადგენს. ამიტომ ლოცვა და მისტიკური ასკეზა სისხლის მიმოქცევასავით შიდაორგანული და განმარტოებითი პროცესი უნდა იყოს, რომელსაც ვერავინ ხედავს _ არ იგულისხმება ეკლესიაში არსებული საჯარო მსახურება, რომელიც, რასაკვირველია, ღვთივსულიერია. ზოგჯერ კი ლოცვა _ ეს არის თუნდაც მხოლოდ მადლიერებით განმსჭვალული, უბრალო ფიქრი მოწყალე ღმერთზე.
_ გარკვეულწილად, პრობლემა ხომ ჩვენში _ ადამიანში მდგომარეობს…
_ თანამედროვე ადამიანებს ყველაზე მეტად გვაკლია სწორედ მადლიერი „სული შვილობისა“, როგორც ამას წმ. ბასილი დიდი ამბობს საიდუმლო ლოცვაში ლიტურგიისას. სწორედ ამ კანონზომიერების რღვევა გვაკარგვინებს წონასწორობას, გვამონებს „მესთან“ და დეზორიენტირებულს გვხდის სამყაროს შემეცნების გზაზე.
ქრისტეს გარეშე არც თავისუფლებისა და ზნეობრივი ღირსების შენარჩუნებაა შესაძლებელი და არც შინაგანი მონობის გადატანა.
თეოლოგია არ არის უბრალოდ ჰუმანიტარული მეცნიერების დარგი და დისციპლინა. ის არც რიგორიზმია, არც მორალიზმი, არც მშრალი სქოლასტიკაა, არც საკუთრივ აკრიბია და არც თუნდაც საღვთო იკონომიაა თავისი მისიით. თეოლოგია _ ეს არის უპირველესად მაკურნებელი, სასიხარულო, განმწმენდელი, დინამიკური, დამამდაბლებელი, ღმერთივით ამოუწურავი, ჭვრეტითი წვდომის ხელოვნება, რომელსაც ცხოვრების წესი და პირადი ზრახვები უნდა მივუსადაგოთ 2000-წლოვანი გამოცდილების შუქზე. და თუ ამას შევეცდებით, მაშინ თეოლოგია ჩვენთვის გახდება იმგვარი ერთადერთი მეცნიერება, რომელიც სხვა სფეროებისგან განსხვავებით, იმქვეყნადაც დაგვჭირდება და გამოგვადგება, რადგან მისი ოპტიმისტური არსი მთლიანად მომავლისა და გადარჩენის ნეტარ პერსპექტივაზეა აგებული. ამასთან, თეოლოგიაში არ არსებობს გარეშე მტრის ხატი და პროგრესული თუ რეტროგრადი კაცობრიობა, როგორც შენი მოწინააღმდეგე ან ხელის შემშლელი, არამედ ქრისტიანული სწავლების თანახმად ბრძოლის სარბიელად მარტოოდენ საკუთარი თავი მოიაზრება ადამიანისთვის. შესაბამისად, თეოლოგიაში არ არსებობს არავითარი ფობია, მაგრამ სიყვარული _ თუკი ის არ ემყარება ობიექტურ ჭეშმარიტებას, დაიყვანება რაღაც ემოციურ სენტიმენტალიზმამდე, მახინჯდება და კარგავს თავის ძლევამოსილ თუ სრულყოფილ იდეას.
_ და მაინც, ღმერთი არა ერუდიციითა და ინტელექტით, არამედ მადლით, სინანულითა და ქედმოდრეკით იცნობა.
_ ეკლესია გვავსებს ლიტურგიკული ტალანტითა და ჩვენივე ონტოლოგიური ადგილისა თუ საზრისის გააზრების ძალით _ ევქარისტიაში იმისათვის, რათა მასში ვიყოთ არა ცოდვაზე უარის თქმის საბოლოო მიზნით, რაც არსებითად არ წარმოადგენს უმთავრეს და ფუნდამენტურ პრიორიტეტს, არამედ თბილ მამასთან შვილობრივი ერთგულებით, როცა ენდობი მას, ბავშვურად გჯერა მისი და შემაწუხებელი კითხვების დასმის ნაცვლად ემორჩილები მის ნებას, რადგან გიყვარს და არ გსურს, რომ დაკარგო აღტაცებული მოკრძალება მისდამი. ეს არის მშობლის კალთაში უშფოთველად ჩაძინების მსგავსი სიტკბო, როცა იცი, რომ მკლავებს არ გაგიშვებს, ძირს არ დაგაგდებს და შენც ამ რწმენით დაიმედებული წყნარად თვლემ და ძილში ჩვილივით „უშინაარსოდ“ იღიმი, რამეთუ იცი, რომ გარანტირებულად დაცული ხარ…

კოკა წერეთელი