გიდი საქართველოში _ უსაფრთხოების გარანტი

ტურიზმი ის სფეროა, რომელსაც დახვეწა და განვითარება ყოველი ფეხის ნაბიჯზე სჭირდება. ერთი შეცდომაც კი მას ბევრ სამომავლო წინააღმდეგობას უქმნის. მაქსიმალური სიამოვნებისა და განტვირთვის მოლოდინი ყველა ტურისტს აქვს. გიდი არის ადამიანი, რომელიც, გარკვეულწილად, განსაზღვრავს ტურისტის კომფორტსა და სასიამოვნო მოგზაურობას.

სამოქალაქო განათლების ლექსიკონი გიდს შემდეგნაირად განმარტავს:
გამცილებელი; ტურისტების, ექსკურსანტების თანმხლები პირი ქალაქის, მხარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების დროს; ექსკურსიამძღოლი. სიტყვა „გუიდე“ ფრანგული წარმოშობისაა და მოგზაურობაში გზის მაჩვენებელს ნიშნავს.
გიდი მუშაობს როგორც ტურისტულ ჯგუფებთან, ისე _ ინდივიდუალურ ტურისტებთან. იმის გათვალისწინებით, რამდენად საინტერესო მოსაუბრეა ის, კონკრეტული გიდი მეტად სასურველია და მოთხოვნადი. ესა თუ ის სააგენტო იმის მიხედვით, რა ტიპის ტური იგეგმება, მომხმარებელს შესაბამის ალტერნატივებს სთავაზობს.

– რატომ არის საჭირო, ტურისტს თან ახლდეს გიდი?
– ამ მიმართულებით რამდენად სპეციალიზებული კადრები ჰყავს საქართველოს?
– რა კეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალი კადრები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას?
„ქრონიკა+“-ის შეკითხვებს პასუხობს ტურიზმის საკითხების ექსპერტი ვატო ასატაშვილი:
_ საქართველოში გიდის ინსტიტუტი რა დონეზეა განვითარებული?
_ თუ გავითვალისწინებთ, რა დონეზეა ქვეყანა განვითარებული საგანმანათლებლო სისტემითა და მომსახურებით, გიდის ინსტიტუტი შესაბამისი რეალობის ადეკვატურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი კი ნაკლებად გვყავს. ყოველწლიურად, გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ სისტემაში და, პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველ წელს უკეთესი კვალიფიკაციის კადრებთან გვაქვს საქმე.
_ როგორც აღნიშნეთ, საქართველოში, ამ მიმართულებით, პროფესიონალი კადრების სიმცირე შეინიშნება. რა კეთდება მათი გადამზადებისთვის?
_ ინდივიდუალური, სხვადასხვა მცირე კომპანია ცდილობს საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას. ამ კურსების მეშვეობით, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კულტურული თუ სათავგადასავლო ტურიზმი, ყველაფერი ნელ-ნელა, კომერციულად ვითარდება.
_ ამ მხრივ როგორი ტენდენციაა მთის ტურიზმის ჭრილში? რამდენად არის შესაძლებელი, ტურისტმა პროფესიონალი გიდი დაიქირაოს?
_ საერთაშორისო სტანდარტის გიდები საქართველოს არ ჰყავს, მაგრამ არის პერსპექტივა, რომ მივუახლოვდეთ მაინც, თუმცა 15-20 წლის შემდეგ. ისიც მნიშვნელოვანია, გვჭირდება, თუ არა რომელიმე ქვეყნის ან რეგიონის სტანდარტების აღება, თუ შეგვიძლია დამოუკიდებლად საკუთარი სტანდარტის შექმნა. ეს საკითხი დამატებით სამუშაოებს გულისხმობს. ამ მიმართულებით, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა არსებობს გუდაურში, რომელიც ზამთრისა და ზაფხულის პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს. გუნდი ცდილობს, ადგილობრივი სტანდარტები შეიმუშაოს და, ყოველწლიურად, ამ სტანდარტებით სისტემურად გადაამზადოს გიდები.
_ რა სახის შემთხვევები იქნება თავიდან აცილებული, თუკი გიდის ინსტიტუტი მეტად გაძლიერდება?
_ 1. უსაფრთხოება; 2. გაცილებით მაღალი ხარისხის სერვისი. გიდის მომსახურება ვერანაირად იქნება სიცოცხლის გარანტი იმიტომ, რომ ნებისმიერი ტურისტი, როდესაც გარკვეული მიმართულებით მიდის, ის არ არის გიდზე დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ის თვითონ ირჩევს ამა თუ იმ მიმართულებას და თავადვე იღებს გადაწყვეტილებებს, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა იმოქმედოს. უპირველეს ყოვლისა, არავის აქვს უფლება, დაუდევრობით, განზრახ, ვინმეს სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე (იქნება ეს გიდი, მძღოლი თუ ნებისმიერი სხვ.). რაც შეეხება შეგნებულად სიცოცხლის ხელყოფას, ეს არის დანაშაული, რომელიც ისჯება. ასე რომ, მსგავს შემთხვევებში გიდზე ნამდვილად არაფერია დამოკიდებული.
_ გიდთან დაკავშირებით როგორია ნდობის ხარისხი?
_ იმ რაოდენობის ტურისტიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში (სტატისტიკიზე დაყრდნობით), შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ სანდო სერვისები გვაქვს.
_ გიდთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობა არ არეგულირებს. რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა, არსებობდეს გარკვეული საკანონმდებლო ბაზა?
_ შესაბამის პროცესებს ცალკე ხელოვნური კანონი არ სჭირდება. საგადასახადო კოდექსში არსებობს ინდმეწარმის რეგულირების და მცირე მეწარმის რეგულირების წესი, ასევე შპს-ის რეგულირების წესი. ამ ყველაფერს სახელმწიფო არეგულირებს და ეს ადამიანები გადასახადებს იხდიან. ნებისმიერი სხვა დამატებითი რეგულაცია ზედმეტი ტვირთი იქნება როგორც საზოგადოებისთვის, ისე _ ბიზნესსექტორისთვის.
_ როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა გუდაურში. რა არის მისი მიზანი?
_ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა არის განვითარებაზე ორიენტირებული ერთი ფანჯრის პრინციპის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ პროფესიული განათლებისა და სასერტიფიკატო პროგრამებს.
სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სათავგადასავლო ტურიზმი: გამყოლები, სამთო სპორტების მასწავლებლები და მთასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე აქტივობები, როგორიცაა ინდუსტრიული სასიმაღლო სამუშაოები, საზვავე უსაფრთხოება და ა. შ.
ჩვენი მთავარი მიზანია, სტუდენტებს მივაწოდოთ აუცილებელი ცოდნა და შევასწავლოთ საჭირო უნარები, რათა მათ შეძლონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა მაქსიმალურად უსაფრთხოდ წარმართონ როგორც თავისთვის, ასევე თავიანთი მომსახურების მომხმარებლისთვის.
_ რა უნარებით უნდა ხასიათდებოდეს გიდი?
_ ის უნდა იყოს კომუნიკაბელური, უნდა შეეძლოს, მარტივად დაამყაროს კომუნიკაცია ტურისტებთან და მარტივად უპასუხოს მათ მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას;
უნდა იყოს განათლებული _ ყველა იმ სფეროსა და სექტორთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე უნდა შეეძლოს პასუხის გაცემა, რომელზეც პასუხისმგებელია, ტურისტს არ უნდა დარჩეს ინფორმაციული ვაკუუმის შეგრძნება;
უნდა ჰქონდეს კარგი მეხსიერება _ შეუფერხებლად უნდა შეეძლოს, ისაუბროს ნებისმიერ დეტალზე;
უნდა ჰქონდეს ნებისყოფის უნარი _ მას, შესაძლოა, გაურკვეველი დროით მოუწიოს ტურისტებთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
ის უნდა იყოს არტისტული _ გიდმა მაქსიმალურად ნათელი უნდა გახადოს ის, რაზეც საუბრობს; ადამიანებს შეძლებისდაგვარად, იმ ეპოქის მონაწილედ უნდა აგრძნობინოს თავი, რომელზეც ესაუბრება;
უნდა იყოს კეთილგანწყობილი _ უნდა ჰქონდეს მოთმინების უნარი, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანებთან შეძლოს ურთიერთობა.
_ ვის შეუძლია გახდეს გიდი?
_ იმისთვის, რომ ადამიანმა გიდის პროფესიით შეძლოს მუშაობა, საკმარისია, გაიაროს შესაბამისი სპეციალიზებული კურსები. პროფესიული სასწავლებლებისა და შესაბამისი კურსების მეშვეობით ადამიანს შეუძლია, მიიღოს მისთვის სასურველი და საჭირო სერტიფიკატი, რომ დაეუფლოს ამ სექტორს. გარდა პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისა, გიდებად მუშაობენ დაახლოებული სფეროების წარმომადგენლები, იქნებიან ისინი ტურიზმის სფეროს სპეციალისტეიბი, ისტორიკოსები, თუ სხვ.
სულ მარტივად, საძიებო სისტემის ელემენტარული გამოყენებითაც კი, დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, ადვილად მოიძიონ და დაეუფლონ გიდის პროფესიას. არაერთი სკოლა და კურსი არსებობს ამ მიმართულებით.
გიდის პროფესია ძალიან მომხიბვლელი და, ამასთანავე, პასუხსაგებია. ის პასუხისმგებელია კლიენტებზე, რომლებიც ყოველთვის არ არიან კეთილგანწყობილნი და ორგანიზებულნი. გიდს უნდა შეეძლოს რთულ სიტუაციაში გარკვევა, კონფლიქტის გადაწყვეტა, რომ მოგზაურობა ტურისტებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო გახდეს.
გიდზე დამოკიდებულია, რომ მოგზაურობა იყოს უსაფრთხო, კომფორტული და საინტერესო. რაც უფრო მეტი იცის გიდმა რის შესახებაც საუბრობს, მით მეტად მოთხოვნადი, სანდო და საინტერესოა ის. ჩვეულებრივ, გიდები ტურისტულ ბიუროებსა და სააგენტოებში მუშაობენ. გამოცდილ გიდს ინდივიდუალურადაც შეუძლია მუშაობა.
საქართველოში არსებობს საქართველოს გიდების ასოციაცია. ის არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მის პროდუქტებს რაც შეეხება, სერვისი გახლავთ ახალგაზრდული ასოციაციების (ორგანიზაციების) მიერ გაწეული მომსახურებები.
იმის გათვალისწინებით, რა ტურისტული რესურსი აქვს საქართველოს, აუცილებელიც კია, ის აღჭურვილი იყოს პროფესიონალი გიდებით. როგორც აღინიშნა, გიდების კვალიფიკაცია არც თუ ისე მაღალია, მაგრამ იმის ფონზე, რომ არაერთი კურსი ითვალისწინებს ამ პრობლემის აღმოფხვრას, მოსალოდნელია, რომ ეს მიმართულება გაძლიერდეს.

მარიამ ტიელიძე