ექსკლუზიური ინტერვიუ შერეულ ბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონთან

გიგა კუხალაშვილი რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში. მის მიერ შესრულებული ნოკაუტები ორჯერ მოხვდა საუკეთესო ნოკაუტების ათეულში. გიგა ყველა შეჯიბრზე ქართული დროშისა და ქართული მუსიკის თანხლებით გამოდის, ხოლო მისი კლუბის დარბაზს ქართული დროშა ამშვენებს.

„ქართველი იქნება თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც არ უნდა იყოს, თავისი სამშობლო არ უნდა დაავიწყდეს და მე მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო, ისე როგორც საჭიროა“, _ ამბობს გიგა კუხალაშვილი „ქრონიკა+“-თან.

გიგა კუხალაშვილი:
_ 1999 წელი იყო, 11 წლის ვიყავი, მშობლებთან ერთად რომ წავედი მოსკოვში. მაშინ საქართველოში ომის შემდგომი პერიოდი და არეულობა იყო. სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე სამშენებლოზე, ერთი კურსი დავამთავრე და საქართველოში წამოვედით. აქ ეკონომიურზე ჩავაბარე, მაგრამ 3 კურსის დამთავრების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო, უფრო მშობლების ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი. დავანებე სწავლას თავი, ჯარში ვიმსახურე და შემდეგ ჩავაბარე იურიდიულზე.
_ იურიდიულზე რატომ?
_ ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებების დაცვა და გარკვეული უნდა იყოს ამ სფეროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 2013 წელს, რუსეთში სპორტის განხრით წავედი.
_ როგორც იურისტმა რატომ არ გააგრძელეთ თქვენი მოღვაწეობა?
_ ყოველთვის ვიცოდი, რომ იურისტად ვერ ვიმუშავებდი. არც მქონდა იმის ილუზია, რომ ადვოკატი გავმხდარიყავი, ოფისში დავმჯდარიყავი ან პროკურატურაში მემუშავა. უბრალოდ, მაინტერესებდა და იმიტომ ჩავაბარე. მაგისტრატურაზე ვფიქრობდი გაგრძელებას, მაგრამ აღარ გავაგრძელე, რადგან მაშინ მუშაობა ამ განხრით უნდა დამეწყო.
_ სპორტული ცხოვრება როდის აირჩიეთ?
_ სპორტის სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. აქტიური ბავშვი ვიყავი. ვანდამისა და ჯეკი ჩანის თაობა ვარ, მაშინ ყველა ვაფანატებდით მათზე და არც მე ვიყავი გამონაკლისი. აქ არანაირი პირობები არ გვქონდა, დარბაზი არ იყო, შუქი არ იყო და ცხელი წყალი. მოსკოვში შედარებით კარგი პირობები იყო. მახსოვს, ჩემი ძმა კიკბოქისინგზე დადიოდა და სანთლის შუქზე ვარჯიშობდნენ. თავიდან კარატეზე ვვარჯიშობდი, მერე ჩოგბურთზე დავიწყე სიარული და შემდეგ _ კრივზე. ჯარს რომ მოვრჩი, 2009 წელს შერეულ ორთაბძოლებზე დავიწყე სიარული. მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯები საქართველოში სპორტის ამ სახეობაში.
_ როგორც ვიცი, საქართველოს ჩემპიონი გახდით. რატომ არ გააგრძელეთ აქ მოღვაწეობა?
_ 2013 წელს სპორტის სასახლეში კიკბოქსინგში ბრძოლები ჩატარდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელს შევხვდი. ძალიან ძლიერი ბიჭი იყო. თავიდან აქტიურად დაიწყო, მაგრამ შევძელი და პირველი რაუნდის ბოლოს ნოკაუტით მოვიგე. ტურნირი მაღალი დონის იყო და ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი, ბიზნესმენები. ბრძოლის შემდეგ მინისტრი და თანამდებობის პირები მოვიდნენ, მხარზე ხელი დამარტყეს, გამარჯვება მომილოცეს. მითხრეს, მაგარი ხარ ბრძოლაშიო და სამასი ლარი მომცეს. მაგარი ბიჭობა და შექება კარგია, მაგრამ სპორტსმენს პირობების შექმნა და ფინანსური დახმარება რომ სჭირდება, ეს მინისტრმაც კარგად უნდა იცოდეს. არც ერთს არ გამოუჩენია არანაირი ინიციატივა.
ამ ბრძოლის მერე გადავწყვიტე, ჩემი კარიერა საქართველოდან სხვაგან გამეგრძელებინა, რადგან დავრწმუნდი, მინისტრებისგან მხარზე ხელის წამორტყმა და მაგარი ბიჭობის შექება უფრო ხშირია, ვიდრე რეალურად მხარში დადგომა. უკვე ხუთი წელია, მოსკოვის კლუბ „სტრელას“ სახელით გამოვდივარ. შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, კრივში – საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი და უშუ სანდაში – საქართველოს ჩემპიონი. ადრე თითქმის ყველა საბრძოლო სპორტის სახეობაში გამოვდიოდი, მაგრამ ახლა მხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებზე გამოვდივარ.
_ 300 ლარის გარდა არაფერი მოუციათ?
_ არაფერი. 300 ლარი გავყავი მწვრთნელზე, ცოტა ოჯახში და საერთო ჯამში აღარაფერი დამრჩა.
_ საქართველოზე გული აგიცრუვდათ?
_ საქართველოზე არ ამიცრუვდა გული, მიდგომაზე და დამოკიდებულებაზე ამიცრუვდა გული.
_ რუსეთში ცხოვრება რატომ აღარ გააგრძელეთ?
_ რუსეთის პოლიტიკა ქართველების მიმართ კატეგორიული გახდა. გაუსაძლისი პირობები იყო და შესაბამისად, ოჯახით ვერ გავჩერდით. ომის შემდეგ იქ მცხოვრები ქართველების მიმართ პოლიტიკა შეცვალეს.
_ 2008 წლის ომის შემდეგ შეიცვალა მათი დამოკიდებულება?
_ არა, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში. ომის პერიოდში ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი მათგან. ყველა გვწერდა და მიმდინარე მოვლენები აინტერესებდა, რაც აქ ხდებოდა. ეს პოლიტიკაა და არ შეიძლება, ყველაფერი ხალხში ავურიოთ. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები 90%-ს სიცრუეს აჩვენებდნენ და, შესაბამისად, ბევრი არ იჯერებდა ამ სისულელეებს. რაგბის ნაკრების ფედერაციამ ოფიციალური მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი იქაც გამიჯნულია პოლიტიკისგან და არ ერევა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ამას ვერავინ უარყოფს _ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.
_ აღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია?
_ რა თქმა უნდა! როგორ უნდა ვთქვა, არ არის-მეთქი, საკუთარ თავს ხომ არ მოვატყუებ ან დაღუპული ვაჟკაცების სულებს ხომ არ წავბილწავ?! უამრავი ჩემი ახლობელი დაიღუპა და ჯარში ნებისმიერ წამს მზად ვიყავით, რომ წავსულიყავით, გვეომა და ჩვენი ქვეყანა დაგვეცა.
_ რატომ არ წახვედით?
_ ბრძანება არ შემოსულა.
_ რუსეთში ქართული დროშით გამოდიხართ?
_ რა თქმა უნდა და ხშირად ჩემი მწვრთნელი მახსენებს, რომ დროშა არ დამავიწყდეს. ქართველი იქნება თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც არ უნდა იყოს, არ უნდა დაავიწყდეს თავისი სამშობლო და მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ, ჩემი ქვეყნის სახელი გავიტანო, ისე როგორც საჭიროა. საქართველოს ორმეტრიანი დროშა დარბაზშიც მაქვს გამოფენილი გამოსაჩენ ადგილზე და შესვლისთანავე პირველ რიგში მას ვხედავ.
_ ამის უფლებას გაძლევენ?
_ დიახ! ამის ნება კლუბის ადმინისტრაციამ დამრთო, _ მოიტანე შენი ქვეყნის დროშა და ჩამოკიდეო. პირველად ქართული დროშა გამოიფინა, შემდეგ კი ეს ტრადიციად იქცა და კლუბში მოსული ყველა უცხოელი სპორტსმენისა თუ მწვრთნელის პატივსაცემად მათი ქვეყნის დროშას კიდებენ.
_ როდის შევიდა თქვენ მიერ შესრულებული ნოკაუტები საუკეთესოთა ათეულში?
_ ეს იყო გროზნოში. შეჯიბრება შვიდ საათზე იწყებოდა. ისე მოხდა, რომ ექვსზე დაიწყეს. მე რიგით მეოთხე ბრძოლა მიწევდა. სასტუმროში ვიყავი, მწვრთნელმა რომ დამირეკა და მითხრა, ბრძოლები უკვე დაიწყოო. ასე სწრაფად, ალბათ, არასდროს გამოვსულვარ სახლიდან. მეგობარიც უკვე მანქანით მელოდებოდა, რომელმაც თავისი შუმახერული შესაძლებლობები გამოიყენა და ჩემს ბრძოლას მივუსწარით. მივედი, შორტები ჩავიცვი. ერთ ფეხზე „ბინტების“ დახვევა მოვასწარი, მეორეზე – ვერა. ბრძოლა მოწინააღმდეგის შეტევით დაიწყო, თუმცა ინიციატივის აღება შევძელი და გამარჯვება ნოკაუტით პირველ რაუნდშივე მოვიპოვე. ეს ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეორედ ინგუშეთში მქონდა შეჯიბრება. ყირგიზ სპორტსმენს შევხვდი, მსოფლიოს ჩემპიონი იყო ჯიუჯიცუში და ჩემთან ჭიდაობას ცდილობდა. 46 წამში ნოკაუტში გავუშვი და გამარჯვებაც მოვიპოვე. საღამოს ინგუშეთის პრეზიდენტმა ყველანი წვეულებაზე დაგვპატიჟა. თითო მაგიდასთან რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ვისხედით. შუა წვეულების დროს ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, პრეზიდენტის მაგიდასთან გადავმჯდარიყავი, ჩემი გაცნობა უნდოდა. თბილად მიმიღო, ისე, როგორც კავკასიელ ხალხს, ინგუშებსა და ქართველებს შეგვეფერება. რაღაც ნამცხვარი მომაწოდა – ჭამე, ძალიან გემრიელიაო. ნამცხვრები მივირთვით და აღმოჩნდა, რომ მასაც ჩემსავით ჰყვარებია. იუნუს ბეკ ევკუროვი თვითონაც სპორტითაა გატაცებული და ცდილობს, თავის რესპუბლიკაში არც ერთი სპორტსმენი უყურადღებოდ არ დატოვოს, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ინგუში სპორტსმენები უკვე საკმაოდ წარმატებულები არიან.
_ რთული გზა გაიარეთ, რომ რუსეთში წარმატებისთვის მიგეღწიათ?
_ რთული პერიოდის გავლა მომიწია, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ღამის გასათევი არსად მქონდა და არც არავის შეწუხება მინდოდა ზედმეტად. რამდენიმე დღე ერთი ნაცნობის „გარაჟშიც“ კი ვიცხოვრე ზამთარში. მოგეხსენებათ, მოსკოვში რა ყინვები იცის. მერე დარბაზში ვცხოვრობდი. მთელი დარბაზის ტატამი ჩემს განკარგულებაში იყო. ჩემი მწვრთნელი ტარას კიაშკო რომ არ გამეცნო, ბევრად უფრო რთული გზის გავლა მომიწევდა. ეს არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში და პრობლემის დროს გვერდში მიდგას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრებს არ იცნობს, იმხელა ყურადღებასა და ინტერესს იჩენს, რომ თუ რამე დახმარება შეუძლია, უკან არ იხევს. ბევრი ქართველი არ დამდგომია იქ გვერდით, როგორც ეს ადამიანი. რთული ოპერაციის გაკეთება დამჭირდა, რომლის ხარჯებიც მთლიანად ტარას კიაშკომ ამინაზღაურა. ეს არის ადამიანი, რომელიც უთქმელად ხვდება, რა გჭირდება და არ შემიძლია, მის მიმართ უდიდესი პატივისცემა არ გამოვხატო. ამას არავინ გაგიკეთებს. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკისა და ადამიანების არევა ერთმანეთში არ შეიძლება.
_ საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოდიხართ?
_ ჰიმნზე იქ არავინ გამოდის, რადგან ეს არ არის ნაკრებებს შორის შეჯიბრებები. კლუბის სახელით გამოვდივარ და ყველა იმ მუსიკის ფონზე გამოდის, რაც უნდა. ზურგზე შემოკრული მაქვს ქართული დროშა და მთიულურს ვუკრავთ ხოლმე.
_ რუსეთის ჰიმნის ფონზე გამოსულხართ?
_ არასდროს! ჩემთვის პრინციპული საკითხია, სხვა ქვეყნის ჰიმნზე რატომ უნდა გამოვიდე?!
_ საჭიროების შემთხვევაში თუ გამოხვიდოდით?
_ არ გამოვალ!
_ ბევრი ქართველია, რომელმაც კრემლის მოედანზე ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნი იმღერა. თქვენ თუ იმღერებდით?
_ რატომ უნდა ვიმღერო?! თუ ვიღაცისთვის მიღებულია, შეუძლია, რომ იმღეროს, მაგრამ მე, ზოგადად, არც ერთი ქვეყნის ჰიმნის მღერას არ ვაპირებ. არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთი იქნება ეს თუ _ ამერიკა. ქართველი ვარ და ჩვენი ჰიმნი ზეპირად ვიცი. თუ სიმღერაზე მიდგა საქმე, ჩემი ქვეყნის ჰიმნს ვიმღერებ.
_ სხვა ქვეყანაში არ გიფიქრიათ წასვლა და კარიერის იქ გაგრძელება, თუნდაც ამერიკაში?
_ ამერიკაში მიფიქრია, მაგრამ ვიზა არ ჩამირტყეს. ამერიკაში დიდი ბაზარია და მეტი შესაძლებლობა გაქვს. რუსეთში მოღვაწე სპორტსმენებიც ამერიკას უმიზნებენ. ბევრისთვის ოცნებაც არის ამერიკაში ჩასვლა.
_ ვიზა რომ მოეცათ, წახვიდოდით?
_ რა თქმა უნდა. იქ მეტი ანაზღაურებაც გაქვს, უფრო ყურებადია, მეტი პერსპექტივაა, თუმცა რუსეთის ბაზარიც, ამ ეტაპზე, ამერიკის შემდეგ მეორე ადგილზეა. 15 სექტემბერს ამერიკა რუსეთის ბაზარზე შემოდის. ეს უკვე ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს.
_ შემოდის რას ჰქვია?
_ თვითონ ორგანიზაცია შემოდის.
_ დაბოლოს, როგორც ვიცი, თქვენზე დოკუმენტურ ფილმს იღებენ. მოგვიყევით ამის შესახებ…
_ ყოველთვის მინდოდა და, შეიძლება ითქვას, ფილმში გადაღებაზე ვოცნებობდი. ახლა კი ისე გამოვიდა, ჩემი ფილმი მაქვს. 2016 წელს სოციალურ ქსელში გიგა ჯოხაძემ მომწერა და ამიხსნა, ვინ იყო და რას საქმიანობდა. გიგა რეჟისორია, რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული და სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახლავთ, რასაც ბევრი დადებითი გამოხმაურება მოყვა.
ის აკეთებს პროექტს „ქართველები მოსკოვში“ – რუსეთში მოღვაწე სხვადახვა პროფესიის მქონე ქართველებზე იღებს ფოტოებს. თავისი ნამუშევრები გამომიგზავნა და ძალიან მომეწონა. შევხვდით, ვივახშმეთ და ერთმანეთი რომ გავიცანით, მერე დოკუმენტური ფილმის გადაღება შემომთავაზა, სადაც მთავარ როლში მე ვიქნებოდი. გიგამ თავიდანვე მითხრა, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღება ძალიან სპეციფიკური და რთულია, რაშიც მერე თვითონვე დავრწმუნდი. უპირველესად, გაცილებით მეტი მოთმინება გმართებს. უნდა იყო ისეთი, როგორიც ცხოვრებაში ხარ.
დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთს შევჩვეოდით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე წელია, გადაღება მიმდინარეობს და უკვე ფინალში გავდივართ. იმედია, მალე დავამთავრებთ. გადაღების დროს ყველაზე უცნაურია, როდესაც ქუჩაში ხალხმრავალ ადგილას მიღებს. ვცდილობ, კამერა არ შევიმჩნიო და არც ვიმჩნევ. თუმცა გამვლელების დაკვირვებულ გამოხედვას ყოველთვის ვამჩნევ.

გიორგი საკარული