უნიკალური ქართული კალიგრაფია და ბიჭი დიდი ოცნებებით

ის, ვისაც ქართული დამწერლობა განსაკუთრებულად უყვარს, ვინც წერს და ქმნის ხელოვნების ნიმუშს, ვინც სიტყვას ვიზუალურად გამოხატავს…
18 წლის ხელოვანი ბიჭი ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელიც გაერთიანებულ საქართველოზე ოცნებობს!

გიყვებით ნიკა ღუნაშვილზე, რომელიც წარმოშობით მთიულია, დღეს რუსთავში ცხოვრობს, განსაკუთრებით თავისი სოფელი და ბებო ენატრება. მიზეზი, რატომაც მოხვდა ის ამ რუბრიკაში, არის მისი ნიჭი დამწერლობასა და სიტყვებთან მიმართებით… ნიკა კალიგრაფი გახლავთ, რომელსაც ამის გარდა ხელნაკეთი საათების სტარტაპიც აქვს. ყველაფრის პარალელურად კი აბიტურიენტია, არქიტექტურაზე აბარებს და ყოველდღე ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხებს ელის.
როგორც ყვება, ამ საქმიანობით პირველად რვა წლის ასაკში დაინტერესდა. მთავარი მოტივაცია კი კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრები იყო, რომელიც შემდგომ ნიკას მასწავლებელი გახდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ამ საქმეს ნიკაც აკეთებს:
„კალიგრაფია შევისწავლე რუსთავში არსებულ კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ „მთაწმიდელში“, სადაც ნებისმიერ მსურველს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია კალიგრაფიის დაუფლება. რაც შეეხება კალიგრამების შექმნას, ამაზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყე. ლათინური ნამუშევრები ვნახე და გადავწყვიტე, მეც გამეკეთებინა, თანაც ქართულ ხელნაწერებში კალიგრამები თითქმის არ გვხვდება“.
ახალგაზრდა ხელოვანმა მონაწილეობა მიიღო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კალიგრაფიის კონკურსში, რომელშიც, სამწუხაროდ, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მეტი შეიძინა _ ამ სფეროში განვითარების მოტივაცია მისცა.
ასევე მონაწილეობა მიიღო სკოლა „ლაზარეს“ მიერ ჩატარებულ კონკურსში ქვემო ქართლის მასშტაბით, სადაც პირველი ადგილი დაიკავა!
კითხვაზე, თუ რამ შეუქმნა ყველზე დიდი სირთულე ცხოვრებაში, 18 წლის ახალგაზრდა 2008 წლის ომს ასახელებს, რომლის გამოც ქვეყანაში გმირები დაიუპნენ და ნიკას სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ძალიან წუხს, რომ ახლა ვეღარ ახერხებს იქ ჩასვლას. სწყინს, რომ ვეღარ ნახავს ბებოსაც, რომელიც განსაკუთრებულად ენატრება და ცოცხალი აღარ არის…
ამ ახალგაზრდისთვის დღეს მის სფეროში საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, რაზედაც თავად გვიყვება:
„საქართველოში ქართული კალიგრაფია არც თუ ისე კარგადაა განვითარებული. ვისურვებდი, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროთი, რისთვისაც მეტი პოპულარიზაციაა საჭირო. ადრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებდა ხოლმე კონკურსებს, სადაც არაერთი კალიგრაფი მონაწილეობდა, სამწუხაროდ, დღეს ეს კონკურსი აღარ არსებობს და შესაბამისად, ეს სფეროც სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. კარგი იქნება, თუ სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში კალიგრაფიის წრეები გაიხსნება, მოეწყობა გამოფენები და ა. შ. კარგი იქნება, თუ მედიაც უფრო ხშირად გააშუქებს ამ თემას“, _ ამბობს ახალგაზრდა ხელოვანი…
ჩვენი სტატიის მთავარი გმირის ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედა გახლავთ, რომელიც ყოველთვის სასარგებლო რჩევებს აძლევს ნიკას. ამ უკანასკნელს კი ყველაზე დიდ სიამოვნებას ხელნაწერების შექმნა და ხატვა ანიჭებს. სწორედ ხელოვნებისა და ოჯახის წევრებისთვის არ ენანება მასაც არაფერი.
საქმეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნამუშევრის ხარისხიანად შესრულებას. ყველაზე მეტად აღიზიანებს, როცა ქუჩაში ნაგავს ყრიან, ასევე როცა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევენ.
თავისუფალ დროს ხელნაწერებს ქმნის, წიგნს კითხულობს ან ისვენებს.
ბუნებით მაქსიმალისტია. ყოველთვის ცდილობს, საქმე ხარისხიანად გააკეთოს, რათა საზოგადოება უფრო მეტად დააინტერესოს ქართული კალიგრაფიით.
ნამუშევრების შექმნის დროს განსაკუთრებით სიამოვნებს საგალობლების მოსმენა.
ყოველი ახალი გათენებული დღე უკეთესი მომავალის იმედით ავსებს…
როგორც ნიკა ამბობს, ბევრ რამეზე ოცნებობს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც სურს, ეს ერთიანი საქართველოს ნახვაა: „მით უმეტეს, მეც ოკუპირებული რეგიონიდან, კერძოდ ახალგორიდან ვარ და ძალიან მინდა, ისევ ისე თავისუფლად ჩავიდე ჩემს სოფელში, როგორც ადრე, წლების წინათ…“
მისთვის მისაბაძი მაგალითები მშობლები არიან _ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ნიკასა და გვანცასთვის, რომ მათ შვილებს კარგი მომავალი და განათლება ჰქონდეთ.
როგორც კალიგრაფი ამბობს, ეს საქმე მისთვის ყველაფერია. ეს სწორედ ის არის, რაც ყველზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და აბედნიერებს.
ნიკა ფიქრობს, რომ თავისუფალია, ამას კი იმით ხსნის, რომ საყვარელი საქმის კეთება, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, უკვე თავისუფლებაა…
ახლა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზეა _ წინ ახალი, განსხვავებული პერიოდი ელოდება… ეს არის მომავალი, რომელიც თავად უნდა შექმნას. მომავლის შექმნის გზაზე კი საკუთარი თავი ჯერ ბოლომდე არ აქვს ნაპოვნი.
იბრძვის იმისთვის, რომ ქართული კალიგრაფიით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ეს სფერო უფრო განვითარდეს საქართველოში…
შანსი რომ ჰქონდეს, საკუთარ ცხოვრებაში არაფერს შეცვლიდა, იმიტომ, რომ მის გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან. ქვეყანას რაც შეეხება, მისი ნება რომ იყოს, ახალგორს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებდა.
ამბობს, ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მთავარი მონდომებააო. ერთადერთი, რაც ზუსტად იცის ისაა, რომ არასოდეს იქნება ორპირი ადამიანი!
მისივე თქმით, ის, რაც სხვა ადამიანებისგან რადიკალურად განასხვავებს, კალიგრაფიაა _ პროფესია, რომელიც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს.
ამბობს, ნამდვილი ნიკა ღუნაშვილი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, დიდი ოცნებებითა და გეგმებით, რომლის ასრულებისკენაც ყოველდღიურად რამდენიმე თუ არა, ერთი ნაბიჯის გადადგმას მაინც ცდილობს.
ჩვენი სტატიის მთავარი გმირი აპირებს, რომ ბოლომდე გაჰყვეს კალიგრაფიას და უფრო მეტად განვითარდეს, რათა სხვებსაც შეაყვაროს და შეასწავლოს ეს საქმე.
ცხოვრებაში ვისი იმედიც აქვს, ეს ოჯახი და დაა.
ნიკასთვის ყველაზე დიდი სიმშვიდე საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნას მოაქვს: „მგონია, რომ ადამიანებისთვის ხსნა სიყვარულშია, ამ ქვეყანას ხომ სიყვარული ატრიალებს, როგორც დოჩანაშვილი იტყოდა“.
ახალგაზრდა და ცხოვრების გამოწვევებს შეჭიდებული ხელოვანის გზავნილი საზოგადოებისთვის ასეთია:
„ვეცადოთ, რომ ვიყოთ უკეთესები, ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, თუნდაც იმით, რომ ელემენტარულად, ქუჩაში ნაგავი არ დავყაროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ. რაც მთავარია, დავაფასოთ ერთმანეთის საქმე და ჩვენი ქვეყნის მტერს ფეხქვეშ არ გავეგოთ“.
ცხოვრების ახალი ეტაპის გზაზე შემდგარ და სამშობლოსთვის გულანთებულ ახალგაზრდას წინ დიდი მომავალი აქვს, ის კი ახლა იწყებს და დანებებას არ აპირებს!

ნინო ტაბაღუა