სკანდალი „iPhone+“-ის წინააღმდეგ!

10621146_353331654831965_292513059_n

კომპანია „iPhone+“-ის წინააღმდეგ აგორებულმა სკანდალმა სასამართლო დარბაზებში გადაინაცვლა. დაზარალებული მოქალაქეების ნაწილმა ამ გზით უკვე აღიდგინა დარღვეული უფლებები, ნაწილის საქმეები კი განხილვის პროცესშია. რატომ ფუჭდება საქართველოში შემოტანილი პროდუქცია ყიდვიდან რამდენიმე დღეში? რატომ არ ასრულებს კომპანია საგარანტიო ვალდებულებებს? რატომ ჯდება 1500 ლარად ნაყიდი ტელეფონის შეკეთება 1050 ლარი? მოქალაქეები„iPhone+“ -ს უჩივიან, კომპანიაში მომსახურე პერსონალი კი ტექნიკურ წუნს გამორიცხავს და ტელეფონის დაზიანებაში მყიდველს ადანაშაულებს.

ბექა ბაბალაშვილი – დაზარალებული:

_ კომპანია „iPhone+“-ში შევიძინე „აიფონ 4“. მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ სურათის გადაღების დროს „სპიშკა“ ხან მუშაობდა, ხან – არა. ორი დღის შემდეგ საგარანტიო ქვითრით მივედი კომპანიაში და ტელეფონი სერვისცენტრში შესამოწმებლად დავტოვე. იმავე დღეს პრობლემა გამოსწორდა, მაგრამ მაშინვე სხვა პრობლემა შევამჩნიე – მობილურ ტელეფონს უკაბელო ინტერნეტის, „ვაი-ფაის“ დაჭერა უჭირდა, თუ მოდემს ორი მეტრის რადიუსით მოვცილდებოდი. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას და მეგონა, ჩემი მოდემის ბრალი იყო, ან ტელეფონს მეტი შესაძლებლობა არ ჰქონდა. ჩემმა თანამშრომელმა შეიძინა იგივე მოდელის ტელეფონი, ოღონდ სხვა კომპანიაში. მისი ტელეფონი ერთი და იგივე ადგილიდან იჭერდა უკაბელო ინტერნეტს, ჩემი კი – არა და მივხვდი, რომ ტელეფონს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. კომპანიაში პირველი ვიზიტიდან 4 დღეში ისევ მივედი საგარანტიო ფურცლით და ტელეფონით „iPhone+“-ში. მეორე დღეს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემს ტელეფონს „ვაი-ფაის“ მოდული ჰქონდა გაბზარული და ეს გამოწვეული იყო დავარდნით, რაზეც არ ვეთანხმები. შეკეთებაში მომთხოვეს 130 ლარი, მაგრამ რადგან გარანტია მქონდა, ეს თანხა ვითომ 90 ლარამდე შემცირდა. მოვითხოვე შეხვედრა მენეჯერთან, რაზეც უარი მივიღე. ამის გამო მივედი ოფისში და იქ ვცადე სიმართლის დამტკიცება, რომ ტელეფონი არ დამვარდნია. ორი საათის ლაპარაკის შემდეგ ვერაფერს მივაღწიე. როცა პირველად მივიტანე ტელეფონი „სპიშკის“ გასასწორებლად, მითხრეს, – ტელეფონი არ გახსნილა და პროგრამულად შესწორდა პრობლემაო; მეორედ რომ მივედი, მითხრეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტის დროს შესწორდა „ვაი-ფაის“ მოდულიც, რაზეც ჩემთვის არაფერი უთქვამთ. გამიჩნდა ეჭვი, რომ მაშინ დაზიანდა, ან შეცვალეს მუშა ნაწილი დაზიანებულით. აღვნიშნავ იმასაც, რომ პირველი ვიზიტის დროს მითხრეს, – ტელეფონი არ გახსნილა და მეორე ვიზიტისას მეუბნებიან, მაშინ ტელეფონი გავხსენითო. ვიკითხე, – მაშინ რატომ არ მითხარით, რომ ტელეფონი არ გაგიხსნიათ-მეთქი? მენეჯერის ასისტენტი 15-20 წუთი ცდილობდა ბაზაში შესვლას და პირველი ვიზიტის დროის ნახვას, მერე უცბად მეუბნება, – უი, შემეშალა, მაშინ თქვენნაირი გვარით სხვაც ყოფილა და იმაში ამერიაო. უფრო დავეჭვდი, მოვითხოვე დასკვნა, თუ რის შედეგად დაზიანდა აპარატი? ამ დასკვნას აუცილებლად გადავამოწმებ, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, ექსპერტს ჩავაბარებ მობილურ ტელეფონს და დავადგენ, – ქარხნული წუნია, თუ დავარდნის შედეგია ეს დაზიანება? 90 ლარის გადახდა შეკეთებაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მინდა გავაგებინო, რომ ტყუიან და მე არაფერ შუაში ვარ! ვიცი, ეს საქმე შეიძლება 90 ლარზე მეტი და ტელეფონზე ძვირიც დამიჯდეს, მაგრამ მაინც მივაღწევ შედეგს!

მია დადეშიანი – დაზარალებული:

_ სასამართლოში ვჩივი, კომპანიას ამ უნამუსობას, ტყუილს ნამდვილად ვერ ვაპატიებ! სამი კვირა მატარეს ყოველდღე, მითხრეს, რომ დაზიანებული იყო მთლიანად დედადაფა, გაკეთებაში მომთხოვეს 1050 ლარი. შემდგომ ავიღე ეს ჩემი ტელეფონი, წავიღე სხვა სერვისში, სადაც დადგინდა, რომ ტელეფონი ასე ვერ დაზიანდებოდა, მით უმეტეს, გარედან არ აქვს არანაირი დეფორმაცია, ტელეფონი, უბრალოდ, გამიფუჭეს. არის შემთხვევები, როდესაც ერთ პიროვნებაზე აქვთ გაფორმებული სამი საგარანტიო ბარათი. საგარანტიო ბარათის „იმეი“ მონაცემები და ტელეფონისა ერთმანეთს არ ემთხვევა. შეკეთებულ ტელეფონს შლიან და პირველად, ანუ არამუშა მდგომარეობაში გვიბრუნებენ. მის ხელახლა შეკეთებაში, თუ მანამდე უფასოდ ახდენდნენ, ახლა 260 ლარი მოითხოვეს.

ეკა ადეიშვილი – დაზარალებული:

_ ტელეფონი ყიდვიდან ოთხ თვეში გამიფუჭდა. www.apple.com -ზე შევედი და აღმოჩნდა, რომ მობილური, რომელიც მე მეკუთვნოდა, ერთხელ უკვე გაყიდული იყო, მე კი ქვეყანაში შემოსული მობილური, როგორც ახალი, ისე ვიყიდე. ჩემი „აიფონ 4“ 8-გიგაბაიტიანია, სერიული ნომერი შემოწმდა და ის არის გაყიდული, მას აქვს გარანტია 2014 წლის 14 თებერვლამდე, შესაბამისად, გაყიდულია 2013 წლის 14 თებერვალს. ეს ტელეფონი მე მეორეჯერ შევიძინე საქართველოში, ალბათ, როგორც მეორადი და გადაფუთული. არ ვიცი, რა ხერხებით ხდება ეს?!

iPhone+“-ით დაზარალებულთა რიცხვში ნიკა ნოზაძეც მოხვდა, რომელმაც კომპანიას სასამართლოში უჩივლა და სიმართლე დაამტკიცა. მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი, ამბობს, რომ iPhone+“ არ არის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, მაგრამ პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია:

„ – ჩვენი ინფორმაციით, შემოაქვთ დაზიანებული ტელეფონები, რომელსაც აქვს ქარხნული წუნი. ამ ტელეფონებს აქ აკეთებენ და მერე ყიდიან, როგორც ახალს. კომპანიაშიც ადასტურებენ, რომ ფირმასთან ოფიციალური ხელშეკრულება არ აქვთ. რამდენადაც ვიცით, პროდუქცია დუბაიდან შემოაქვთ, დუბაიში კი ფირმის ოფიციალური ქარხანა არ არსებობს. ეს ტელეფონები, დაახლოებით, 2-3 თვეში მწყობრიდან გამოდის. მომხმარებლების საჩივრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტელეფონი ითიშება. როცა სერვისცენტრში წარადგენენ, ეუბნებიან, რომ დედადაფაა დამწვარი, რომლის ღირებულებაც თითქმის ტელეფონის მთლიან ღირებულებას შეადგენს“, _ აცხადებს ადვოკატი.

ვასილ მამულაშვილი კომპანიის მიერ გაცემულ საგარანტიო ხელშეკრულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ აუცილებელია, მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს, რაზე აწერს ხელს: „საგარანტიო ხელშეკრულება ძალიან ცუდი ფორმისაა. როდესაც მყიდველი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიდის, ყურადღებას არ აქცევს, რა წერია ამ დოკუმენტში, მათთვის მთავარია, ნივთი იყიდონ. გარანტიაც უნდათ, მაგრამ საგარანტიო ხელშეკრულებაში რა წერია, იმას არავინ კითხულობს. ეს ძალიან ცუდია და ყველას ბრალია, რომ საქართველოში ასეთი სამართლებრივი კულტურაა. როცა გაფუჭდება, მერე იწყებენ ყურადღების გამახვილებას. საგარანტიო ხელშეკრულებაში წერია, რომ 5 დღის განმავლობაში თუ აღმოაჩნდა ტელეფონს წუნი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ცვლიან. თუ 5 დღე გავიდა, ქარხნულ წუნზე ტელეფონი აღარ შეიცვლება. 5 დღის შემდეგ 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ, რომ შეაკეთონ, 1-წლიანი გარანტიაა, მაგრამ 5 დღის შემდეგ, მხოლოდ შეკეთებაზეა საუბარი. ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ ტელეფონი არ გაკეთდება, თუ დაზიანდა დენის ცვალებადობის გამო. ექსპერტებთან გადავამოწმე და ამ მიზეზით, როგორც წესი, ტელეფონი ძალიან იშვიათად ზიანდება. თუ მაღალი დენი მოვიდა, ზიანდება ელემენტი. მათ ამიხსნეს, რომ ზიანდება ჯერ დამტენი, მერე ელემენტი და ელემენტი რომ გაითიშება, შიგნით სისტემაში არ აღწევს.

დაზიანდა თუ არა ჩემი კლიენტის ტელეფონი, იმ დღესვე წარადგინა ოფისში. ყიდვიდან დაახლოებით 2-3 თვე იყო გასული. ჩვეულებრივ ჩაიბარეს, იდენტიფიკაციის პრობლემა არ ყოფილა. გადის ორი დღე და ზეპირად ეუბნებიან, – ეს ტელეფონი, სავარაუდოდ, დენის ცვალებადობის გამო დაიწვა და ხელშეკრულებაში წერია, რომ ასეთ შემთხვევაში არ ექვემდებარება შეკეთებასო. მეორე კი ის არის, რომ ტელეფონი არ ირთვება და დარწმუნებული არ ვართ, ჩვენთან ნაყიდი ტელეფონი წარმოადგინეთო. სასამართლოში, ძირითადად, დავა იმაზე იყო, რომ ვამტკიცებდით, ნამდვილად იქ შეძენილი ტელეფონი იყო. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მოვითხოვეთ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რა თანხაც გადაიხადა, უკან დაბრუნება. ნიკა ნოზაძეს ტელეფონი ბანკის მეშვეობით ჰქონდა შეძენილი და ის ხარჯი, რაც ბანკისთვის გასწია, მთლიანად დაეკისრათ. კომპანიაში ტელეფონი რომ გაეკეთებინათ, არ დადგებოდა საერთოდ თანხის მოთხოვნის საჭიროება. მაქვს ინფორმაცია, iPhone+“ -ით დაზარალებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს და სასამართლოში უამრავი სარჩელი შედის. ეს არის მომხმარებლის მოტყუება და შეცდომაში შეყვანა, რასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. უკეთესი იქნება სახელმწიფო კონტროლითა და მექანიზმებით მომხმარებელთა უფლებების დაცვა. არსებობს საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, თუმცა ეს მუხლი, საერთოდ, წლებია, შეჩერებულია. შეჩერდა იმის გამო, თითქოს ახალი რედაქცია უნდა ჩამოყალიბებულიყო. ე. ი. სპეციალური კანონი, რომელიც დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს, არ არსებობს და დარჩენილნი ვართ, მხოლოდ და მხოლოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და იმ ხელშეკრულებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში სტანდარტული, შაბლონურია; მაგრამ გვაქვს სამოქალაქო კოდექსი, სულ ჰაერში არ ვართ გამოკიდებულნი, რითაც შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი დარღვეული უფლება. ნორმალურ ქვეყნებში მომხმარებელთა დაცვის მეტი ბერკეტია. ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით ყველაფერი მოშლილია“, – აცხადებს მამულაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა სცადა, კომპანიის ხელმძღვანელობას შეხვედროდა და პეკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიასაც ვეწვიეთ. რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მენეჯერთან გასაუბრება შეუძლებელი აღმოჩნდა. ტელეფონით დავუკავშირდით ასევე iPhone+“ -ის ინტერესების დამცველს, გიორგი ყავლაშვილს, რომელმაც „ესემეს“ შეტყობინების სახით მოგვწერა, რომ მოგვიანებით შეძლებდა პასუხის გაცემას და სასაუბრო თემის შესახებ ინფორმაცია „ესემესის“ სახითვე მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შევატყობინეთ, რომ iPhone+“-ის შესახებ გვსურდა საუბარი, ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს და აღარც „ესემეს“ შეტყობინებას აგზავნის.

თამარ ბატიაშვილი