საქართველო ეკოლოგიური საფრთხის წინაშე

გლობალური დათბობის თემაზე ყველაზე ხშირად საუბრობენ. ამ აქტუალურ საკითხს არა მხოლოდ გარემოსდამცველები და დარგის ექსპერტები განიხილავენ, ასევე რიგითი მოქალაქეებიც. ამ ბუნებრივი პროცესის ძალას უკვე ყველა გრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გლობალური დათბობის შესახებ, ჯერ კიდევ, 1895 წელს ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა იწინასწარმეტყველა. ამ საკითხმა აქტუალობა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა. სწორედ სამოცდაათიანი წლებიდან გახდა ცნობილი თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, როდესაც მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა შეამჩნიეს.
წინასწარმეტყველება დროთა განმავლობაში რეალობად იქცა, დღეს კი ყველა ერთხმად თანხმდება, რომ გლობალური დათბობა, ანუ კლიმატის ცვლილება, მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა, რომელიც თავისი მასშტაბებით და გამოვლენილი ფორმებით საყურადღებო და საგანგაშოც კია.
დარგის სპეციალისტები გლობალური დათბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე მსჯელობენ. დასკვნების თანახმად, თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციას. მეცნიერები ადასტურებენ, რომ გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი ატმოსფეროში არსებული მავნე გაზებია. ბუნებრივი საწვავების: ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვისას საკმაოდ დიდი რაოდენობით CO2 გამოიყოფა, მისი კონცენტრაცია კი ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სულ მალე დედამიწაზე ნახშირორჟანგის ისეთ კონცენტრაციას მივაღწევთ, როგორიც არ ყოფილა 50 მილიონი წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ, მივყავართ ტემპერატურის ისეთ ცვლილებებთან, რომელიც მომაკვდინებელი იქნება კაცობრიობისთვის.
კლიმატი, ფაქტობრივად, გასაშუალოებული ამინდია. კლიმატის ცვლილება განმარტებულია, როგორც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივი ცვლილება.
კაცობრიობის ისტორიაში გლობალური კლიმატის ცვლილებების სხვადასხვა პერიოდი გამოიყოფა, თუმცა თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით.
გარემოსდამცველი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გამოყოფს იმ კონკრეტულ მავნე შედეგებს, რაც კლიმატის მასობრივმა ცვლილებამ ბოლო ათწლეულებში გამოიწვია. კლიმატის ცვლილების მავნე შედეგები მოიცავს მყინვარების დნობას მთებზე და ყინულის ფენების განლევას ოკეანეებში, „სიცხის ტალღებს“, გვალვებს, ერთი მხრივ, და ძლიერ წვიმებს, მეორე მხრივ, ოკეანის დონის აწევას, დატბორვების, წყალდიდობების, ღვარცოფების, მეწყრების, ზვავების გახშირებას, ცუნამების, სხვადასხვა ქარიშხლის გაძლიერებასა და გახშირებას. კლიმატის შეცვლის შედეგად იცვლება ბუნება, ეკოსისტემები, რომელთაგან მრავალი ვერ ასწრებს ადაპტაციას და გადაგვარდება; იზრდება ადამიანთა დაავადების რისკი, მათ შორის, ეპიდემიების გავრცელებისაც.
კლიმატი რომ ზოგადად გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე და მის ცვლილებას განაპირობებს, ეს აქსიომაა და დადასტურებული ფაქტია. დანამდვილებით შეუძლებელია იმაზე საუბარი, რამდენად უკავშირდება მსოფლიოში გახშირებული კატაკლიზმები და ეკოლოგიური კატასტროფები გლობალურ დათბობას. ფაქტი ერთია: ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებასა და უჩვეულოდ მაღალ ტემპერატურას მოყვა მრავალი ხანძარი, წყალდიდობა თუ სხვა სახის კატაკლიზმა.
ეს პროცესები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა და მასშტაბური სახე მიიღო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. უკვე წლებია ევროპის, აზიისა და ამერიკის ცენტრალური სახელმწიფოები ეკოლოგიური კატასტროფების ცენტრადაა ქცეული. ეს ბუნებრივი კატაკლიზმები არა მხოლოდ დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიურ გარემოს, ასევე უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს.
რაც შეეხება საქართველოს, არც ჩვენი ქვეყნისთვისაა უცხო ბუნებივი კატაკლიზმები, გახშირებული ხანძრები, წყალდიდობები და ღვარცოფები. ბუნება რომ მბრძანებელია, ეს ქართველმა ერმა უკვე საუკუნეებია იცის. ეკოლოგიური საფრთხეები კი ყოველდღიურად უფრო და უფრო ძლიერდება. ამას თან ერთვის ცუდი საერთაშორისო პრაქტიკა და ადამიანების მავნე ზემოქმედება ბუნებრივ ეკოსისტემებზე.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად სტიქიურ უბედურებებს ეკოლოგიაზე ადამიანის მავნე გავლენა და ხელოვნური ჩარევები განაპირობებს.
გაეროს მონაცემებით ყოველწლიურად მსოფლიოში 600-მდე სტიქიური უბედურება ხდება, 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მილიარდ დოლარს აღწევს. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, მათი რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოლიტიკური რეპრესიების შედეგად ადგილნაცვალი პირების რაოდენობა ერთად აღებული. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით კლიმატის ცვლილებების ფონზე 2050 წლისთვის ეკომიგრანტთა რაოდენობა 200 მილიონამდე გაიზრდება.
ეს არასახარბიელო პერსპექტივა საქართველოზეც და მის რეგიონებზეც ვრცელდება.
გარემოსდამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გააქტიურების გამო, საქართველოში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება.
ამ რეალობის მავნე გავლენა ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნო.

და მაინც, როგორ აისახება საქართველოს ბუნებაზე კლიმატური ცვლილებები და რა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?
„ქრონიკა+“-ს ამ და სხვა თემებზე ესაუბრა ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში, ორგანიზაცია „საბუკოს“ დირექტორი _ ნათია ჯავახიშვილი:

_ რა კლიმატური ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში და რა კონკრეტული მიზეზებითაა გამოწვეული ეს ცვლილებები?
_ კლიმატის ცვლილების შესახებ თავდაპირველად აღსანიშნავია ითქვას, რომ ის ყოველთვის მიმდინარეობდა და XXI საუკუნეში ახალ მოვლენას არ წარმოადგენს. მაგალითად ავიღოთ დიდი გამყინვარება, რომელიც სწორედ კლიმატის ცვლილების შედეგი იყო.
დღეს კლიმატის ცვლილება აქტუალური თემაა იმდენად, რამდენადაც გაიზარდა ადამიანის როლი და წვლილი კლიმატის ცვლილების პროცესში.
საუბარია ინდუსტრიულ განვითარებაზე, რომელიც დიდ როლს თამაშობს სათბურის გაზების წვლილის გაზრდაში. რაც შეეხება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეულ პროცესებს, როგორიცაა გაუდაბნოება, მყინვარების დნობა, ზღვის დონის ცვლილება და სხვა, ის უკვე დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანებისთვის.
კლიმატის ცვლილებას დიდი გავლენა აქვს სოფლის მეურნეობაზე, ამიტომაც ბევრ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც სოფლის მეურნეობისთვის კლიმატის ცვლილებასთან საადაპტაციო გეგმები დგება, რაც გულისხმობს მოსავლიანობის თარიღების ცვლილებას, რეზისტენტული ჯიშების გამოყენებასა და ზოგიერთ შემთხვევაში კულტურების ცვლილებასაც.
ისეთი ტერიტორიები, რომელიც დეგრადირებულია გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად ჭარბი ძოვების შედეგად დეგრადირებული საძოვრები კიდევ უფრო მოწყვლადია კლიმატის ცვლილების მიმართ, ამიტომაც აუცილებელია საადაპტაციო ღონისძიებების გატარება.
_ რამდენად არის დაკავშირებული სწორედ ეს კლიმატური ცვლილებები ბოლო პერიოდში გახშირებულ კატაკლიზმებთან და უბედურ შემთხვევებთან, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება?
_ ამის თქმა რთულია. ზოგადად, თეორიულად, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს და პროვოცირებას იწვევს, მაგრამ ხანძრები დაუდევრობითაც ხდება, თანაც კატაკლიზმები ყოველთვის არსებობდა ბუნებრივი მიზეზების გამო, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საადაპტაციო ღონისძიებების გატარება.
_ რა მდგომარეობაა ამ კუთხით საქართველოში და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ კლიმატური ცვლილებების გამო?
_ „კლიმატის ცვლილების შესახებ“ ჩარჩო-კონვენციისთვის მომზადებული მეორე შეტყობინების ანგარიშის ფარგლებში ქვეყანაში შემუშავებულია მომავალი 50-100 წლის განმავლობაში შესაძლო ცვლილებების ამსახველი გარკვეული მოდელები.
აღნიშნული მოდელების მიხედვით, გლობალური ტემპერატურის მატება სრულად არის გამოხატული საქართველოში და სხვადასხვა პროგნოზით, საშუალო წლიური ტემპერატურის მატებამ, შეიძლება, შეადგინოს 1.8C°-დან 3.9C°-მდე.
პროგნოზების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის მაქსიმალური მატება მოსალოდნელია ზამთარში, ხოლო დასავლეთ საქართველოში _ ზაფხულში.
როგორც ტემპერატურის, ისე ნალექების მიმდინარე ცვლილებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული ხასიათი აქვს. ასევ მოსალოდნელია ნალექების შემცირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმალური კლება მოსალოდნელია უფრო გარდამავალ სეზონებზე (გაზაფხული, შემოდგომა), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში _ ზაფხულსა და შემოდგომაზე (კლიმატის ცვლილების II ეროვნული შეტყობინების მონაცემების თანახმად).
როგორც კვლევები ცხადყოფს, საქართველოს შემთხვევაში ყველაზე სენსიტიურ რეგიონს წარმოადგენს სემიარიდული ზონა და კავკასიონის სამხრეთის კალთები, განსაკუთრებით სვანეთი (წყარო: „კლიმატის ცვლილების შესახებ“ ჩარჩო-კონვენციის ეროვნულ დონეზე განხორციელება ინსტიტუციური მოწყობისა და მონიტორინგისა და ანგარიშგების შესაძლებლობათა შეფასება/მწვანე ალტერნატივა).
_ თქვენი აზრით, რამდენად არის ჩვენი სახელმწიფო მზად ამ ბუნებრივი პირობების ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების დასაძლევად?
_ ზოგადად რთული სათქმელია, არის რაღაც პროცესები დაძრული დონორი ორანიზაციების დახმარებით, მაგრამ სრულად რთული სათქმელია.
_ რა უნდა გაკეთდეს მომავალი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და ამ პრობლემის პრევენციისთვის?
_ კლიმატის ცვლილების მიმართულებით აუცილებელია საქართველომ განავითაროს ერთიანი სტრატეგია, რომელშიც დეტალურად იქნება საადაპტაციო ღონისძიებები გაწერილი. გარკვეულწილად ეს უკვე დაწყებულია და შექმნილია საადაპტაციო გეგმა სოფლის მეურნეობისთვის, თუმცა აუცილებელია, სხვა სექტორებშიც ჩამოყალიბდეს ხედვა.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ შევამციროთ კლიმატის სათბურის გაზების გამოყოფის წილი, აღვადგინოთ ის ლანდშაფტები, რომელიც დეგრადირებულია და რომელთა მოწყვლადობა დიდია (მაგ.: საძოვრები) და ამასთანავე გავზარდოთ ტყით დაფარულობის ფართობი საქართველოში.

ანა ურუშაძე