„სოფლის შენებას რა უნდა?!“

XXI საუკუნის საქართველოში ფაქტია, რომ მოსახლეობა სოფლებიდან დედაქალაქისკენ მიისწრაფვის. მხოლოდ უმცირესობა ცდილობს სოფლის უპირატესობებით მაქსიმალურად სარგებლობას. სწორედ ისინი იღვწიან, შეინარჩუნონ სოფლის რესურსი და ადამიანებს სტიმული მისცენ, დაანახვონ ის რეალობა, რისთვისაც მათ სოფელი არ უნდა დატოვონ.

„სოფლის შენებას რა უნდა?!“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან აქტივობას შორის, რომელიც ორიენტირებულია იმისკენ, რომ სოფელი არ დაიცალოს და მთელი სიმდიდრე ავითვისოთ.
დღევანდელი რეალობისა და იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც ქალაქი ყოველდღიურად იძენს, რთულია, ადამიანმა ცივი გონებით იმოქმედოს და უარი თქვას ამ მოცემულობებზე. ერთეულები კი ამას თავს ართმევენ.

პროექტ „სოფლის შენებას რა უნდას?!“ იდეის ავტორი ლევან ხმელიძეა. ის რაჭა/ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს, კონკრეტულად კი სოფელ ქორენიშს წარმოადგენს. „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს სწორედ ის პასუხობს:

_ საიდან გაჩნდა ამ პროექტის იდეა?
_ პროექტის იდეის ავტორი თავად გახლავართ. ოთხი წლის წინათ ქალაქიდან საცხოვრებლად სოფელში იმ მიზნით გადავედი, რომ სოფლის მეურნეობა გამეუმჯობესებინა და გარკვეული პასუხისმგებლობები ამეღო საკუთარ თავზე. ამის შემდეგ ტურისტულ პოტენციალს შევხედე, სამეურნეო პოტენციალი გავიაზრე, რაც, შესაძლოა, ჩემს სოფელს ჰქონოდა. დავინახე, რომ მას ამ კუთხით საკმაოდ დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ამ იდეასთან მარტო ვიყავი. ხშირად, როდესაც ამის გახმოვანება მიწევდა, _ კონკრეტულად, რა ნაბიჯები გადამედგა სოფლის მეურნეობის სასარგებლოდ, _ გარშემომყოფთა 90% სკეპტიკურად მიყურებდა. ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მოგეხსენებათ, რაჭა-ლეჩხუმში მთავრობის ინტერესი ისეთი დიდი არ არის არსებული ტურისტული პოტენციალის მიმართ, როგორიც, მაგალითად, სვანეთში. იქ მან გარკვეული რესურსი ჩადო და რაღაც გაკეთდა. მსგავსი ინიციატივები რაჭა-ლეჩხუმში, ჯერჯერობით, არ არის.
ამის შემდეგ დავფიქრდი, ჩემი და ჩემი ოჯახის ძალებით როგორ წავსულიყავი წინ. ბუნებრივია, მხოლოდ ამ რესურსით შესაბამის ნაბიჯებს ვერ გადავდგამდით. ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. გავაშენე ვაზი, ჩავდგი ფაცხები. მოგვიანებით, იდეა დაიხვეწა, რომ აშენებულიყო ეკოსოფელი. ლეჩხუმში სამთოტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარებისთვის ყველა პირობა გვაქვს. მინდოდა, ხის პატარა სახლები ჩამედგა _ ასე, 10 სახლი, 20-25 კაცზე გათვლით. დავგეგმე, რომ ჩემსავე მეურნეობაში პატარა სოფელი შემექმნა.
შემდეგ უკვე უფრო სხვანაირად შევხედე ამ თემას და ამას ნამდვილად დავარქვი ეკოსოფელი. ყველასთვის ცნობილი მულტფილმი დიდი სტიმულატორი გახდა ჩემთვის. „სოფლის შენებას რა უნდა?!“ და ვიფიქრე, _ რატომაც არა? თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სიუჟეტისგან განსხვავებით, მე და ჩემი იდეა მარტო ვიყავით. ამის შემდეგ თანამოაზრეების მოძებნა დავიწყე. პირველ ყოვლისა, ეს იდეა ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიასთან გავახმოვანე. მხოლოდ შენება არ გახლდათ მთავარი აზრი. იგი ტურისტული თვალსაზრისით უნდა დატვირთულიყო, უნდა მოსულიყო ხალხი და დაინტერესებულიყო. ამ ტურისტულ კომპანიასთან წინადადებით მივედი, რომ ახალი ტურისტული ლოკაცია შეიქმნებოდა ახალი პოტენციალით. თუ ის ჩაერთვებოდა, მას ექსკლუზივი ექნებოდა, რომ ეს მისი თანამონაწილეობით გაკეთდა და ტურისტები მოიზიდა. მათ ეს იდეა მოეწონათ, რადგან ტურიზმის თვალსაზრისით გათელილია გზა ყაზბეგის, ვარძიისა და სხვა მიმართულებებით. ეს უკვე ყველა ტურისტული კომპანიისთვის ჩვეული მიმართულებებია. მე კი მათ სიახლე შევთავაზე.
მაგრამ გამორჩეული, ახალი ლოკაცია გახლდათ ის, რასაც ხსენებული პროექტი ითვალისწინებდა. ჩვენი იდეები იმიტომ გადაიკვეთა და იმიტომ გავხდით პარტნიორები, რომ ჩემი ეს წინადადება მან აიტაცა და მისი ხედვაც ის გახლდათ, რომ ისეთი ზონა შექმნილიყო, რომელიც ახალი და მიმზიდველი იქნებოდა და რომელიც საკუთარი აქტივობით გახდებოდა ცნობადი. მეორე ფაქტორი გახლდათ ის, რომ ამ კონკრეტული ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ ლეჩხუმიდან. ჩვენი საერთო მიზანია ლეჩხუმის უდიდესი პოტენციალის ათვისება. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა ჩავდოთ საკუთარი რესურსი და მონდომება ამ საქმეში. არავის უნდა ველოდოთ, არავის ინიციატივასა და მონდომებას. ჯერ ჩვენ უნდა მოვინდომოთ და მერე სხვაც შემოგვეშველება. თავად ვიზრუნეთ, რომ ლეჩხუმის კეთილდღეობისთვის გარკვეული წვლილი შეგვეტანა.
_ ვინ მონაწილეობს პროექტში?
_ როგორც გითხარით, ამ იდეის დახვეწა ერთობლივად დავიწყეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, ვინ შეიძლებოდა, ჩართულიყო ამ პროექტში? მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასში მონაწილეობას მიიღებდნენ სტუდენტები, რომლებიც აგროტურიზმის მიმართულებიდან ავირჩიეთ. მათი ჩართვის მთავარი იდეა გახლდათ შემდეგი: ისინი ოთხი წლის განმავლობაში სწავლობენ უნივერსიტეტში თეორიას. მათთვის ხსენებული პროექტი იქნებოდა დიდი გამოცდილება და გამოწვევა საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში განსახორციელებლად. როდესაც სტუდენტი უნივერსიტეტს ამთავრებს და მუშაობის დაწყებას გეგმავს, დამსაქმებლის პირველი შეკითხვა გამოცდილებას ეხება. ხშირ შემთხვევაში კურსდამთავრებულს არ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და მათ დიდი ხნის მანძილზე უწევთ მუშაობა კომპანიაში, სადაც ჯერ გამოცდილებას მიიღებენ და შემდეგ დგება ანაზღაურების საკითხი.
ჩვენ სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ მათ საკუთარი ჩართულობით, კრეატიულობით, ცოდნით, შეუძლიათ მონაწილეობა ამ პროექტში, დაიხარჯონ, გამოავლინონ საკუთარი უნარები მარკეტინგის, მენეჯმენტისა, გუნდური მუშაობის და ა. შ. ანუ მთელი ის თეორიული უნარები, რომლებსაც ისინი უნივერსიტეტში ითვისებენ, შეუძლიათ, რეალურად განახორციელონ. გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ, შეცდომები დაუშვან. აქ არ არის მოთხოვნა, რომ მათი ქმედებები იდეალური იყოს. რა თქმა უნდა, ისინი გამოუცდელები არიან, იქნება ბევრი შეცდომაც, მაგრამ ეს პროექტი შეცდომებს ითვალისწინებს იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის, ერთი მხრივ, სტუდენტი განვითარდეს და, მეორე მხრივ, _ ის ადგილი, რომლის წარმატებაც იგეგმება და რომ ერთობლივი თანამშრომლობით შესაბამისი პროცესები ყველა მხარისთვის წარმატების მომტანი იყოს. აქედან გამომდინარე, არ გაგვიჭირდა დაინტერესებული სტუდენტური ჯგუფების შექმნა. ისინი დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ საქმიანობაში. გააანალიზეს, პირადად მათთვის რამდენის მომტანია ეს პროექტი. ერთია, რომ სტუდენტურ გამოცდილებას მიიღებენ, მეორე მხრივ კი მათი ეს ქმედება პატრიოტულ მოტივს დაემყარება. ისინი არიან პროექტის მონაწილეები დაცლილ სოფელში, სადაც დებენ საკუთარ პიროვნულ რესურსებს და ამ ადგილს სძენენ სიცოცხლეს, აყვავებენ საქართველოს ერთ სოფელს, ერთ კუთხეს. აქ არის სწორედ შინაგანი პატრიოტული გრძნობაც, რომ საკუთარი ქმედებით შეუძლიათ, სიცოცხლე შესძინონ დაცლილ სოფელს. სტუდენტი ახალგაზრდა ძალაა, რომელსაც არა მხოლოდ ენთუზიაზმი, არამედ სისხლის ყივილიც აიძულებს, გააკეთოს საკუთარი სამშობლოსთვის ის, რის რესურსიც აქვს. ჩვენ ასეთი გუნდი შევკარით _ ერთი მხრივ, ტურისტული კომპანია და, მეორე მხრივ, სტუდენტთა ჯგუფი. მათი მასპინძელი მე ვიყავი, შემდეგ საქმეში ჩაერთო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „ააღორძინე სოფელი“. მათი მიზანიცა და ხედვაც იყო სოფელში აგროტურიზმის განვითარება, სოფლის მეურნეობის წინ წამოწევა, რომ სოფლებში ოჯახები დასაქმდეს. აქ უკვე ორიენტაცია არის არა ბიზნესის, არამედ კონკრეტულად ოჯახის დასაქმებისაკენ, რომ მან მიიღოს შემოსავალი ზუსტად ამ მეურნეობის განვითარებით და მხოლოდ ამის შემდეგ გახდეს ბიზნესოპერატორი. ხშირად ყველა სახელმწიფო პროგრამა ითხოვს, რომ გახდე მეწარმე, ანუბიზნესოპერატორი და ამის შემდეგ გამოიმუშავო თანხები. მაგრამ ჯერ უნდას შექმნას ის მეურნეობა, რომელიც შემოსავლიანია, შემდეგ გავიდეს გაყიდვაზე და ამ გაყიდვით ხდები ბიზნესოპერატორი. „ააღორძინე სოფელი“ იმიტომ დაგვიკავშირდა და იმიტომ გახდა პროექტის თანამონაწილე, რომ ჯერ სოფელში მცხოვრებ ოჯახს, მეურნეს უნდა შეუწყო ხელი, რომ იმ მეურნეობაში გახდეს ძლიერი, შექმნას პროდუქცია და ამ პროდუქციის რეალიზების შედეგად გახდეს ბიზნესოპერატორი. მოეწონათ, რომ ჩვენ ახალ ლოკაციას ვქმნიდით და ოჯახი აგროტურიზმის მიმღები ხდებოდა. ისინიც ჩაერთვენ, მათი რესურსი ძალიან დიდია.
_ თუ იგეგმება პროექტის გატანა ქვეყნის სხვა რეგიონებში?
_ ეს იდეა ჩემს ოჯახში დაიბადა, მაგრამ როცა საქმე მის ფართო მასშტაბებზე განხილვამდე მივიდა, უკვე შორეულ პერსპექტივაში ვხედავთ, რომ ამ იდეამ, შეიძლება, საქართველოს ნებისმიერ კუთხემდე მიაღწიოს და იქ გახორციელდეს _ ისეთ ადგილებში, სადაც ტურისტული პოტენციალი არსებობს, მაგრამ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არ არის განვითარებული. პირველ ლოკაციად ავირჩიეთ რაჭა/ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი იმიტომ, რომ აქედან ვართ წარმოშობით და კარგად ვიცნობთ ამ ზონასა და მის პოტენციალს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროექტს არ ექნება გასაქანი თუშეთში, ხევსურეთსა და სხვ. ვიდეორგოლები ჩავწერეთ, ფეისბუკგვერდი გავაკეთეთ და ჩვენი ერთკვირიანი აქტივობების შემდეგ გამოხმაურება გვაქვს. რაჭაში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, არსებობს ოჯახი, რომელმაც თანამონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ისინი თბილისში ცხოვრობენ და უნდათ, სოფელში ჩავიდნენ და მის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანონ, მაგრამ შესაბამისი ფინანსური და სხვა სახის ხელშეწყობა სჭირდებათ. სწორედ ეს პროექტია ისეთი, რომელიც თვითმმართველობის აქტივობით, ტურისტული კომპანიისა და სტუდენტური ჯგუფის ჩართულობით, შეძლებს შექმნას ისეთი ბაზა, რომლის მეშვეობითაც ეს ოჯახი დასაქმდება.
ამ პროექტს დიდი პოტენციალი აქვს. ის გავაცანით თვითმმართველობას, ცაგერის მერიას. ისინი ჩართულობას დაგვპირდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ მათგან საჭირო იქნებოდა ტექნიკური რესურსითა და სამშენებლო მასალებით დახმარება. როდესაც დაგეგმილ ბანაკს მოვაწყობთ, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი მოწყობილობები და იარაღი უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩამონათვალი წინასწარ გავაკეთეთ. ტურისტულმა კომპანიამ, თავის მხრივ, ბანაკის ორგანიზება უზრუნველყო: შეიძინა კარვები, საძილე ტომრები, გადმოგვცა 15 კაცზე მორგებული აღჭურვილობა; მერია კი დაგვპირდა, რომ უკვე გაწმენდილი ზონის ფარგლებში დაგვეხმარება გასართობი და სხვა საჭიროებების უზრუნველყოფაში და სამშენებლო მასალებში.
_ რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი? რა აქტივობებს სთავაზობს ის მასში ჩართულ ადამიანებს?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტის მონაწილეები სტუდენტები არიან. პროექტი სტუდენტებს, ერთი მხრივ, სთავაზობს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას, რომ მათ საკუთარი ამბიციები და ცოდნა პრაქტიკულად განახორციელონ. როდესაც ისინი სამსახურს ეძებენ, მათ სწორედ ამ სამსახურის პირობებს სთავაზობენ, რომელსაც ისინი უნდა მოერგონ. ამ შემთხვევაში მათ ეს პროექტი სთავაზობს, რომ საკუთარი იდეები გაახორციელონ. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ჩონჩხი, გარკვეული პირობები, რომლებსაც მონაწილეები არ უნდა გასცდნენ, მაგრამ სტუდენტს სრული თავისუფლება აქვს, საკუთარი იდეა გააჟღეროს. ეს იდეა შემდეგ იხვეწება, ანალიზდება. ჩვენ ყველა ერთად ვართ და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
მონაწილეების მთავარი ინტერესი არის ის, რომ მათ უნიკალური საშუალება ეძლევათ არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ზაფხულში მაღალმთიან რაჭაში დაისვენონ, არამედ იმიტომ, რომ ისინი აქ არიან პიროვნებები საკუთარი იდეებითა და შეხედულებებით.
თუ პროფესიონალებს დაიქირავებ, რომლებსაც ლანდშაფტურ დაგეგმარებას, მოწყობას, კარვების გაშლასა და დიზაინის შექმნას დააკისრებ, ეს, ცხადია, ძვირი დაჯდება. ამიტომ ოჯახების ინტერესია, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ადგილმა სიცოცხლე შეიძინოს. მთავარი იდეა არის ის, რომ პროექტი შედის ადგილზე სოფელში, ოჯახში, სადაც მთლიანი სივრცე ვითარდება. რა თქმა უნდა, კონკრეტული ოჯახებიც ერთვებიან. შემდეგ პროექტი ადგილს ტოვებს და სივრცე მმართველობაში სრულიად გადაეცემა ოჯახს. მთავარი სწორედ ის არის, რომ ჩვენ შევქმნით, შექმნილს დავტოვებთ და მფლობელი მას მართავს. შემდგომ ტურისტულ შემოსავალს მხოლოდ ეს ოჯახი იღებს. პროექტის მიზანი არის ის, რომ მეტი ასეთი ლოკაცია შეიქმნას მაღალმთიან ადგილებში. ამით ბევრად მეტი ოჯახი დასაქმდება და დაუბრუნდება სოფელს.
_ რას გულისხმობს ტურისტული მარშრუტები?
_ ეს არის უფრო მეტად სიღრმისეულად გადადგმული ნაბიჯი. პროექტი „სოფლის შენებას რა უნდა?!“ ზრუნავს, ერთი მხრივ, ლოკაციის შექმნაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო წინ იხედება. მაგალითად, კი მოვა ტურისტი, ნახავს, გაათენებს ღამეს, მაგრამ ამის შემდეგ ვიკვლვეთ, ამ კონკრეტულ ადგილზე თუ არის კიდევ სხვა რესურსი _ სიახლოვეს ჩანჩქერი, მღვიმე, საცალფეხო ბილიკი, რომ მოსული ტურისტული ჯგუფისთვის, განტვირთვის მიზნით, რამდენიმესაათიანი ან ერთდღიანი ტურები ორგანიზდეს.
სოფელ ქორენიშში ასეთი ადგილი ვიპოვეთ _ სამკილომეტრნახევრიანი საცალფეხო ბილიკი. გავაკეთეთ ნიშნულები, სადაც საჭირო იყო, ის ტერიტორია გავკაფეთ, გზები გავწმინდეთ. როცა ტურისტები ამ კონკრეტულ ადგილზე მოვლენ, იმ ოჯახს, რომელიც ხელმძღვანელობს, შეუძლია, ტურისტს გიდობა გაუწიოს და ეს საცალფეხო ბილიკი დეტალურად დაათვალიერებინოს. ყველა სოფელს ექნება ინდივიდუალური რესურსი. სადაც ეს პროექტი იმუშავებს, იმ ტერიტორიების ფარგლებში, შევაფასებთ, რა და როგორ კეთდება, დამატებით რა უნდა გაკეთდეს. კიდევ შეიძლება საცხენოსნო ტურების ორგანიზება. მოსული ტურისტისთვის მოგზაურობა მოსაწყენი არ უნდა გახდეს. უნდა ჰქონდეს სურვილი, ადგილზე ბევრად მეტ დღეს დარჩეს. რაც უფრო მეტ დროს დაყოფს სოფელში, ეს ოჯახისთვის მეტი შემოსავლის მომტანი იქნება. რაც მეტ სერვისს შესთავაზებს ტურისტს კონკრეტული ლოკაცია, მით მეტი შემოსავლის მომტანი იქნება აქტივობა. ჩვენი ინტერესი არის, მაქსიმალურად შევისწავლოთ ტერიტორია, არსებული პოტენციალი გამოვიკვლიოთ, რომ ოჯახს, რომელიც ამას ხელმძღვანელობს, მეტი შემოსავალი ჰქონდეს.
_ რამე წინააღმდეგობების გადალახვა თუ მოუწია ამ იდეას?
_ ერთი წელიწადია, რაც ამ იდეაზე ვმუშაობ. შეგნებულად არ დავასახელებ იმ ორგანიზაციებსა და ტურისტულ კომპანიებს, რომლებთანაც მქონდა კონსულტაციები (და ასეთი იყო ბევრი), რომ ეს პროექტი ერთობლივად განგვეხორციელებინა. ესენი იყვნენ უკვე შემდგარი, წარმატებული კომპანიები. მათი ხედვა განსხვავებული აღმოჩნდა, იდეა არასერიოზულად მიიჩნიეს, არ დაიჯერეს და მის მიმართ სკეპტიკურად განეწყვნენ. არ ეგონათ, რომ ამ იდეას მომავალი ექნებოდა და მას ბოლომდე მივყვებოდი. მხოლოდ ზემოხსენებული ორი ორგანიზაცია იყო, რომელიც დაგვთანხმდა იდეის პირველი გაჟღერებისთანავე და არა მხოლოდ დაგვთანხმდა, მათვე შეიტანეს უდიდესი წვლილი მის რეალიზებაში. აქ უკვე გუნდური მუშაობის პრინციპთან გვაქვს საქმე. მთავარი იდეა გახლდათ _ სოფლის შენებას რა უნდა? თუ შევიკრიბებით და გავერთიანდებით _ გავაკეთებთ, მარტო ერთი ადამიანი კი ვერაფერს გააკეთებს. სწორედ ამ იდეისთვის გავერთიანდით.
კიდევ ერთი უმნიშველოვანესი ფაქტორი გახლავთ მუნიციპალიტეტის ჩართულობა. ენთუზიაზმი საჭიროა იმისთვის, რომ იდეა წარმატებული იყოს და მას ხორცი შეესხას, მაგრამ იმ მუნიციპალიტეტმა, რომელშიც ის ხორციელდება, აუცილებლად უნდა შეგვიწყოს ხელი. მასში უნდა იყოს ჩართული არა მხოლოდ მერია, გუბერნია, ასევე _ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ცენტრი. მის რეგიონში ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნისთვის მანაც უნდა მიიღოს პროექტში მონაწილეობა. როდესაც არ ხარ მარტო, გვერდში გიდგას მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და ტურისტული კომპანია, აქ უკვე იქმნება ჯაჭვი და კარგი საქმეები გაკეთდება. ცოცხალი ფაქტი გახლავთ სოფელი ქორენიში, რომლის მაგალითზეც, ერთმანეთის გევრდში დგომითა და მცირე დანახარჯებით, შეიძლება, დიდი საქმე გაკეთდეს _ საქმდება ის ოჯახი, რომელსაც არ ჰქონდა დასაქმების რეალობა. ეს ოჯახი, თავის მხრივ, უკვე სხვა თანასოფლელებს დაასაქმებს იმიტომ, რომ მომსახურების სერვისს ერთი ოჯახი მაინც ვერ ქმნის. საჭირო იქნება პროდუქტები, ადამიანური რესურსი და ა. შ. ერთი ტურისტული ლოკაციის გაკეთება ნიშნავს ამ კონკრეტულ სოფელში 4-5 ოჯახის ჩართულობასა და დასაქმებას. ამ პროექტით მაგალითსა და იმედს მივცემთ მთავრობასაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, სოფლებსაც და მოსახლეობასაც, რომ თანამშრომლობით შესაძლოა სოფლის მეურნეობის განვითარება.
_ დღეს პროექტი რა ეტაპზეა?
_ პროექტი ორ ეტაპს ითვალისწინებს. პირველი ეტაპი უკვე გავიარეთ და შევაფასეთ. ის ითვალისწინებს ადგილის მოწყობას: ტერიტორია გავწმინდეთ, კარვები გავშალეთ და ტექნიკურად უზრუნველვყავით. იქნება ჩვენებები, განტვირთვის საშუალებები. ზონა უკვე შევქმენით. ეს ჩვენ შვიდდღიან ქმედებაში მოვახერხეთ. ახლომდებარე მთაზე საცალფეხო ბილიკის ლოკაცია შევქმენთ. მისი მეორე ეტაპი კი უკვე 20 აგვისტოდან იწყება. ჩვენ ახლა სტუდენტთა ახალ ჯგუფს, აქტივისტებს ვკრებთ და ნებისმიერ მსურველს ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებთ. მეორე ეტაპი ითვალისწინებს შემდეგს: უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურული შენობა-ნაგებობა, ხის კონსტრუქციის შენობა, ეს იქნება ღია სივრცე _ ლეჩხუმის კუთხის ზონა: თონე, სამზარეულო, სადეგუსტაციო ადგილი, განტვირთვის ზონა, სატრაპეზო და ა. შ. როდესაც სტუდენტებს ან ტურისტებს მივიღებთ, საოჯახო სასტუმროს 15 ადამიანამდე მიღება შეეძლება. ახლა კი ახალ სივრცეს ვაკეთებთ, სადაც საღამოობით იქნება ტრენინგები, ჩავატარებთ კინოჩვენებებს, დეგუსტაციებს. ეს იქნება ხინ გადახურული კონსტრუქცია, რომ დაცული იყოს ბუნებრივი მოვლენებისგან.
ამ ყველაფერს ვაკეთებთ ვენახში, ეზოში, პირდაპირ ბუნებაში. პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში ცაგერის მერია დაგვპირდა დაფინანსებას, ხელშეწყობასა და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას. მერიიდან შესაბამის სამშენებლო მასალას ველოდებით. პარალელურად, ვკრებთ ჯგუფს და 20 აგვისტოდან დავიწყებთ ათდღიან აქტივობას. ამ ათ დღეში სრულად შევძლებთ ზემოხსენებული შენობა-ნაგებობის აშენებას _ როდესაც პროექტი დასრულდება, ტურისტული კომპანია ცალსახად იღებს ვალდებულებას, რომ უკვე ამ კონსტრუქციაში მიიღებს ტურისტებს. შესაძლებელი იქნება სამხატვრო ტურების, იოგატურების ორგანიზება _ ეს სივრცე ტურისტებს მრავალფეროვან აქტივობას შესთავაზებს. ამიტომაც არის აუცილებელი თვითმმართველობის ჩართულობა. იმისთვის, რომ მსგავსი პროექტები განხორციელდეს, საჭიროა მცირე ბიუჯეტი და კონკრეტული ადგილი მაქსიმალურ ეფექტს შეიძენს. სექტემბრის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე შეგვეძლება ტურების ორგანიზება და ტურისტების მიღება კონკრეტულ ლოკაციაზე. ქორენიშის შემთხვევაში პროცესების ორ ეტაპად დაყოფა იყო საჭირო. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ერთი ან, სულაც, სამი ეტაპი იყოს საჭირო. ეს ინფრასტრუქტურულ მოცემულობებზე იქნება დამოკიდებული.
ამ პროექტის პირველი ეტაპი იყო ქორენიში. ჩვენი გამოცდილება დაიხვეწა, უკვე გვაქვს ხედვები, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და როდესაც სხვა ადგილების ათვისებას დავიწყებთ, შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, თვითმმართველობასთან ერთად.

მარიამ ტიელიძე