ალკოჰოლიზმი არ არის განაჩენი

ყველა ადამიანისთვის არსებობს ისეთი მოცემულობა, რომელზედაც ის, მეტ-ნაკლებად, დამოკიდებულია. შეიძლება, ერთი ადამიანი სხვა ადამიანზე იყოს დამოკიდებული, ცხოველზე, ნივთზე, ან _ კონკრეტულ გარემოზე. მაგრამ დამოკიდებულება არ არის განაჩენი. თუმცა ამ დამოკიდებულებებისგან თავის დაღწევის გზები, მცდელობები და დამხმარე საშუალებები განსხვავებულია და ინდივიდის მახასიათებლებიდან გამომდინარეობს.

ალკოჰოლიზმი მსოფლიოში გავრცელებული ტერმინია და, სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართულ რეალობასაც აქტიურად ერგება. რას ნიშნავს ალკოჰოლიზმი?
პუბლიკაციის მიხედვით „ალკოჰოლური დამოკიდებულების მართვა პირველად ჯანდაცვაში“, ალკოჰოლიზმი ქრონიკული პროგრედიენტული (პროგრესირებადი) დაავადებაა. განისაზღვრება ალკოჰოლური სასმელების მიმართ პათოლოგიური ლტოლვით, ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებით, რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის დისფუნქციური მდგომარეობა, ხოლო სასმელის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში – მყარი სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური დეგრადაცია. იწვევს მრავალი სახის მეტაალკოჰოლურ აშლილობას, მათ შორის – ფსიქოზებს.
ალკოჰოლური დამოკიდებულება განიმარტება, როგორც ფიზიოლოგიურ ქცევით და კოგნიტურ გამოვლინებათა ერთობლიობა, როცა ალკოჰოლის მოხმარება პირველ ადგილს იკავებს ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში.

ალკოჰოლის მავნედ მოხმარებისა და ალკოჰოლიზმის ამერიკის ნაციონალური ინსტიტუტის განმარტებით, ალკოჰოლიზმი მოიცავს შემდეგ 4 სიმპტომს:
1. ლტოლვას;
2. კონტროლის დაკარგვას – პიროვნებას არ ძალუძს დალევის შეწყვეტა, რაკიღა დაიწყო დალევა;
3. ფიზიკურ დამოკიდებულებას – აღკვეთის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, კანკალი, შფოთვა სამელის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
4. ტოლერანტობას – უფრო დიდი რაოდენობის სასმელის მიღების საჭიროება თრობის იმავე ეფექტის მისაღებად.
ალკოჰოლიზმისგან განსაკურნებლად დღეს საქართველოში, როგორც დედაქალაქში, ისე _ მის ფარგლებს გარეთაც, არაერთი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს. ბენეფიციარების ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებულ მსგავს ცენტრებს ბევრი „განკურნებული“ ტოვებს, სხვები კი ვერ ახერხებენ, უარი თქვან ალკოჰოლის მოხმარებაზე.
გარდა მსგავსი ცენტრებისა, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ალკოჰოლზე დამოკიდებულების ოჯახის წევრები ამ ადამიანს მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო საშუალებების დახმარებით სთავაზობენ სასმელზე უარის თქმას. მკურნალობის ეს მეთოდიც აქტუალურია, თუმცა ბევრად საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე მაშინ, როდესაც იმ ადამიანის პირისპირ ვდგებით, რომელმაც ალკოჰოლისგან თავის დასაღწევად არც სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა, არც მედიკამენტებს და არც სხვა ჩვეულ მეთოდებს.

„ქრონიკა+“-ის შეკითხვებს უპასუხა ადამიანმა, რომელსაც, ყველაზე მეტად, საკუთარი თავი და გონება დაეხმარა, უარი ეთქვა ალკოჰოლზე და ცხოვრების სხვა უპირატესობებისთვის აეწყო ფეხი. სწორედ იმის გამო გახლავთ ინკოგნიტო რესპონდენტი საინტერესო, რომ მან განკურნების მეთოდად საკუთარი თავი, მასთან მუშაობა და მასთან წინააღმდეგობა აირჩია. ის 45 წლის მამაკაცია და დასმულ შეკითხვებს გულახდილად პასუხობს:

_ პირველ ყოვლისა, თქვენ შესახებ მოგვაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია.
_ დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მამა ძალიან ადრეულ ასაკში დავკარგე. ის აქტიურად მოიხმარდა ალკოჰოლს. სწორედ ამან დააჩქარა მისი სიცოცხლე. მე უმცროსი ძმა მყავს. ჩვენზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებდა, რომ მამა სახლში ნასვამი მოდიოდა ხოლმე. ფიზიკურ ზიანს არასდროს გვაყენებდა, მაგრამ მაინც ყოველთვის გვქონდა უსიამოვნო შეგრძნება. მე და ჩემი ძმა ჩვენს მეგობრებთან ერთად იმ რაოდენობის სასმელს ვსვამდით, რასაც _ ჩვენი თანატოლები. არასდროს ვაჭარბებდით ჩვეულ ნორმებს. დაახლოებით, 18-19 წლის ვიქნებოდი, როდესაც უკვე შევნიშნე ალკოჰოლისადმი ჩემი მიდრეკილება. დედაჩემიც ამჩნევდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა. ალბათ, თავიდანვე რომ ერთად მიგვეღო შესაბამისი ზომები და ორივეს აღგვექვა პრობლემა, უფრო ადრეულ პერიოდშივე მოხერხდებოდა მისგან თავის დაღწევა.
_ რა ემოციებს ავლენდით, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყავით ხოლმე?
_ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ იმას გეტყვით, რომ მე მყავს მეუღლე და ორი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ მახსოვდა, როგორ მიმწარდებოდა ბავშვობის გარკვეული პერიოდები იმის გამო, რომ მამა საკმაოდ იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული და ზუსტად ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემი შვილების გონებასა და გულში, ვერ ვახერხებდი, უარი მეთქვა ამ „სიამოვნებაზე“. როდესაც ფხიზელი ვიყავი, მეორე დილით მრცხვენოდა ხოლმე. ზუსტად ვიცოდი, რა ტკივილი მივაყენე წინა დღეს საკუთარ ოჯახს. ამ დროს სულ განსხვავებულად ვაზროვნებდი ხოლმე, მაგრამ ეს უკვე რეჟიმად იქცა. პრობლემა პრობლემად რჩებოდა.
ფიზიკური ძალადობა და მსგავსი ტიპის აგრესია ჩემი ოჯახის მიმართ არასდროს გამომივლენია. თუმცა მინდოდა-არმინდოდა, მაინც ვახერხებდი მათ ტრავმირებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ისე მოხდა, რომ ბავშვებს ნაადრევად მოუწიათ „გაზრდა“ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ნორმალურისგან განსხვავებულ გარემოში ცხოვრობდნენ. ძირითადად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით ხოლმე. ჩემი ხმაც კი მათში აგრესიას იწვევდა. ამიტომ მათზე, ძირითადად, არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, რას აკეთებდნენ ყოველდღიურად. და ეს იყო ძალიან ბუნებრივი, რომ ისინი ვერ მენდობოდნენ და არც იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ჩემგან რაიმე გონივრულ რჩევას მოისმენდნენ.
ჩემს მეუღლეს რაც შეეხება, ის ცდილობდა, რომ ბავშვებს თვალში არ მოვხვედროდი, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში ვიყავი ხოლმე. თუმცა, აბა, ერთ ოჯახში ეს შესაძლებელია? ცალკე უკვე მის მიმართ ავლენდნენ გულგრილობას ბავშვები. ჩვეულებრივ, ისე ვაზროვნებდი, როგორი აზროვნებაც არ შეეფერებოდა კაცს, რომელსაც საკმაო ასაკი აქვს და ჰყავს ცოლი და შვილები. როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ვიცოდი, რა უნდა მექნა მეორე დღეს, რომ ამ სენისგან თავი დამეღწია, მაგრამ მეორე დილა სხვანაირად იწყებოდა ხოლმე. ჩემში ორი ადამიანი სახლობდა _ პირველი, რომელიც აზროვნებდა და იცოდა, რას იწვევდა სასმელისადმი მისი მიდრეკილება და მეორე, რომელიც ივიწყებდა ამ ცოდნას და საკუთარ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობდა.
_ როგორ ფიქრობთ, გედგათ თუ არა ოჯახი გვერდით? რატომ არ ამბობდა ის უარს ერთად ცხოვრებაზე?
_ იმ პერიოდში, თითქოს, მათ ვავალდებულებდი კიდეც, რომ მშვიდად შეხვედროდნენ ჩემს არაფხიზელ მდგომარეობას. მძულდა ის აგრესია და გულგრილობა, რასაც მათგან ვგრძნობდი. ამ დროს მავიწყდებოდა ჩემი წარსულიც, ბავშვობაც და მთელი ის ანალოგიები, რომელში ცხოვრებასაც მე მათ ვაიძულებდი. შეკითხვას რაც შეეხება, ალბათ, ერთი მიზეზი ის იყო, რომ იმ რეალობაში, რომელშიც ჩემი მეუღლე ვერ დგამდა ჩემი მიტოვების ნაბიჯს, ვერც ისინი ახერხებდნენ დედის მიტოვებას. ამ შემთხვევაში ჩემს თავს ნამდვილად არ მოვიაზრებ და ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ ერთადერთი, რაც მათ ჩემთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას აიძულებდა, მათი დედა იყო. მეორე მიზეზი, ალბათ, ის, რომ მათ სურდათ, საკუთარი მამა ენახათ ისეთი მოაზროვნე და ცივ გონებაზე მყოფი, როგორიც მათი მეგობრების მამები იყვნენ. მათ, სადღაც, გულის სიღრმეში, ალბათ, ამის იმედიც ჰქონდათ.
ბავშვებს არაერთხელ ჰქონიათ სახლიდან გაქცევის მცდელობა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეს „რისხვა“, ხშირად, მაქსიმალურ ნიშნულს აღწევდა ხოლმე, იმ ღამეს მაინც შინ ათენებდნენ. გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ჩემზე მეტად ჩემი მეუღლე იყო ხოლმე იმის მიზეზი, რომ ისინი ჩვენს სახლში ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ.
_ თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როდესაც გიჯობნიათ საკუთარი თავისთვის და მცდელობა მაინც გქონიათ, რომ მკურნალობისთვის პირველი ნაბიჯი მაინც გადაგედგათ?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს გონებაში ორი ადამიანი იყო. ამ ორი ადამიანიდან, ძირითადად, ის იმარჯვებდა ხოლმე, რომელიც ალკოჰოლის მოხმარების მომხრე იყო. მკურნალობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს რაც შეეხება, ეს იდეაც მხოლოდ მაშინ მესახებოდა ეფექტიანად და საჭიროდ, როდესაც ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი ხოლმე. ასეთ დროსაც კი ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მედიკამენტებიც და სხვა საშუალებებიც, მიუხედავად მათი წარმატებული გამოცდილებისა, მხოლოდ მაშინ მოიტანდა შედეგს, როდესაც საკუთარ თავს მოერეოდი, საკუთარ თავსვე გაუწევდი წინააღმდეგობებს და პრიორიტეტებსაც საკუთარ თავთან განიხილავდი. ხშირად ისიც კი მიფიქრია, რომ მხოლოდ ეს იყო საჭირო _ საკუთარ თავთან გულახდილობა და არავითარი სხვა დამხმარე საშუალებები. როგორც უკვე იცით, საბოლოოდ, სწორედ ამ მეთოდზე დავიწყე მუშაობა. სიმართლე გითხრათ, ამას უფრო დიდი ნებისყოფა სჭირდება, ვიდრე სხვა უკვე ნაცად მეთოდებს. მაგრამ, ალბათ, ეს მეთოდებიც ყველა დამოკიდებულისთვის ინდივიდუალურია და თვითონ უნდა იგრძნო, რომელი მოგიტანს შედეგს.
_ გვესაუბრეთ სწორედ ამ მეთოდზე, რომელმაც თქვენი კონკრეტული შემთხვევა საინტერესო გახადა.
_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, როდესაც ჩემი გონება ალკოჰოლისგან თავისუფალი იყო ხოლმე, მაშინ ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მეშველა საკუთარი თავისთვის და, შესაბამისად, ოჯახისთვის. ჩემი აზროვნება ყოველთვის იმ იდეამდე მიდიოდა, რომ საკუთარ თავთან უნდა მემუშავა. ადრეც ვიცოდი, რომ როდესაც, მაგალითად, ალკოჰოლის საყიდლად შევიდოდი სადმე მაღაზიაში, თვალწინ ჩემი ოჯახი და ჩემი ახლობელი ადამიანები უნდა წარმომედგინა ხოლმე. მაგრამ ეს რთულდებოდა და, საბოლოოდ, შეუძლებელიც კი ხდებოდა ხოლმე. არასდროს არავინ იცოდა, რაც ვფიქრობდი, რაც მივიჩნევდი გამოსავლად და რა წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი საკუთარ თავთან. როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ღამეებიც კი მითენებია იმაზე ფიქრში, როგორც შევძლებდი, დავპირისპირებოდი საკუთარ სურვილებს. საშინელი შიში მიპყრობდა ხოლმე იმის გააზრებაზე, რომ, პირდაპირ გეტყვით, ვერც ჩემი მეუღლისა და ვერც ჩემი შვილების სახე ახდენდა გავლენას ჩემს მიდრეკილებაზე ალკოჰოლისადმი.
ძირითადად, ჩემი გადაწყვეტილება იყო ხოლმე შემდეგი: დავნიშნავდი ხოლმე ერთ კონკრეტულ, უახლოეს თარიღს და საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. ეს იყო ჩემი მეთოდი. მიზანი მქონდა ხოლმე შემდეგი: ან საერთოდ არ გავსულიყავი სახლიდან, ან სასმლის საყიდლად არსად შევსულიყავი. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება მარცხით სრულდებოდა ხოლმე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიზანსა და, საბოლოოდ, მიღწეულ შედეგზე კონკრეტულ ფაქტს არ მოუხდენია გავლენა. არაერთი უსიამოვნო რამ მომხდარა ჩემს ოჯახში, ჩემი დამოკიდებულების გამო ალკოჰოლისადმი, მაგრამ არც ერთ ამ ფაქტს არ უმოქმედია ჩემს გონებაზე ისე, რომ ჩემი მიდრეკილებებისთვის ეჯობნა.
არ ვიცი, ცუდია თუ კარგი (ალბათ, უფრო მეტად, ცუდი), მაგრამ დღეს იმასაც კი ვფიქრობ, რომ ჩემ განსაკურნებლად იმუშავა არა მეთოდმა, არამედ იმან, რომ ჩემი ორგანიზმი დაიღალა, მობეზრდა მას ალკოჰოლი და უარი სწორედ მან თქვა და არა ჩემმა პიროვნებამ. ამას ის მაფიქრებინებს, რომ, როგორც უკვე ვთქვი, ჩემ მიერ შემუშავებულ მეთოდს არაერთხელ მივმართე. რატომ ვერ გამოიღო აქამდე შედეგი? ძალიან ცუდი იქნება, თუკი საკუთარ თავთან მომიწევს იმის დამტკიცება, რომ „ჩემს ორგანიზმს მობეზრდა“ და არა _ მე. ბუნებრივია, მეთოდმა იმუშავა და საკუთარ თავს ლოგიკურ ახსნებს ვუძებნიდი, მაგრამ არ ვიცი, რამხელა იყო ამ მეთოდის გავლენა იმაზე, რომ, საბოლოოდ, უარი მეთქვა ალკოჰოლზე.
_ თქვენი აზრით, ძირითადად, რა უშლის ხელს ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანს, რომ მან თავი დააღწიოს ამ დამოკიდებულებას?
_ ერთადერთად ვერა, მაგრამ უმთავრეს მიზეზად დავასახელებ იმას, რომ ჩვენ გვიჭირს დავინახოთ, სასმლის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენთვის არის სიამოვნება. რთულია იმის დაჯერება, რომ ეს არის პრობლემა და მას აღმოფხვრა სჭირდება. დამოკიდებული ადამიანების თითქმის სრულ უმრავლესობას ყოველთვის ჰყავს გვერდით საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები, მეგობრები. სწორედ ეს უახლოესი ადამიანები ცდილობენ, თავი დავაღწიოთ ამ სენს. თუმცა როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ყველაზე მთავარი ალკოჰოლიკის მონდომება და სურვილია.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ როცა ადამიანი ალკოჰოლზეა დამოკიდებული, ძალიან რთული და ხშირად შეუძლებელიც კია, რომ მან ეს მოცემულობა აღიქვას, როგორც ჩვეულებრივისგან განსხვავებული. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ვიმეორებ, ჩემი ოჯახის უახლოესი წევრების დამოკიდებულებების გათვალისწინებაც კი ვერ შევძელი. რთულია, თავი დააღწიო ალკოჰოლს და გაიაზრო ის რეალობა, რომელშიც მაშინ იმყოფები ადამიანი, როდესაც ამ „სიამოვნების“ მონაწილე ხარ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არ არის საინტერესო, არაერთი ცენტრი არსებობს, რომელიც მორგებულია ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების საჭიროებებს. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცენტრები, იქ მოხვედრილი ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის, შედეგიანი აღმოჩნდება ხოლმე. წარმოგიდგენიათ, რამხელა ნებისყოფა უნდა, რომ ადამიანი იქ მივიდეს? მსგავს ცენტრებამდეც სწორედ ისინი მიდიან, რომლებიც ნებისყოფას იჩენენ, _ ნამდვილად ძლიერი ადამიანები, რასაც ვერ ვიტყვი იმ პიროვნებაზე, რომელიც წარსულში ვიყავი. ასე თუ ისე, მთავარია, ალკოჰოლზე დამოკიდებულმა ადამიანმა იმის დანახვა შეძლოს, თუ რა საფრთხეს უქმნის ის გარდა საკუთარი თავისა იმ ადამიანებს, რომლებზედაც უნდა ზრუნავდეს. კიდევ უფრო მთავარი მაინც ის წინააღმდეგობაა, რომელიც საკუთარ თავში არსებულ საკუთარსავე თავს უნდა გაუწიოს.
_ თქვენ, ასე ვთქვათ, შეძელით და გადალახეთ ალკოჰოლზე დამოკიდებულების ეტაპი. თუ არის შესაძლებელი, გასცეთ რაიმე „რეცეპტი“, რომელიც სხვებისთვისაც აღმოჩნდება ეფექტიანი?
_ შეუძლებელია, მსგავსი „რეცეპტი გამოწერო“ და მან სხვების შემთხვევაშიც შედეგი გამოიღოს. ის, რაც ერთისთვის ეფექტიანია, შეუძლებელია, სხვის შემთხვევაშიც იგივეს გარანტი იყოს. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია. მკურნალობის, რეაბილიტაციის მეთოდი აუცილებლად ალკოჰოლზე დამოკიდებული თითოეული ადამიანის შესაძლებლობებზე, ნებისყოფაზე, უნარებზე, სურვილებზე, მის გარემოზე, ადამიანებზე, ოჯახურ და სხვა სახის მდგომარეობებზეა დამოკიდებული.

ზემოხსენებული პუბლიკაცია: „ალკოჰოლური დამოკიდებულების მართვა პირველად ჯანდაცვაში“, აქვეყნებს იმ რისკფაქტორებს, რომელიც, შესაძლოა, ალკოჰოლის ჭარბ გამოყენებას მოყვეს:
• პრობლემები სამსახურსა და ოჯახში;
• ხშირი ტრავმა/უბედური შემთხვევა;
• დეპრესია;
• შფოთვა;
• ჰიპერტენზია;
• კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
• სქესობრივი დისფუნქციები;
• ძილის დარღვევები;
• ამნეზიური ეპიზოდები ინტოქსიკაციის პერიოდში;
• თავის ტკივილები;
• ღვიძლის დისფუნქციები/დაავადებები;
• ალკოჰოლიზმის ოჯახური ისტორია;
• თამბაქოს მძიმე მოხმარება;
• სხვა ნარკოტიკების მოხმარება.

სამწუხაროდ, არ არსებობს რაიმე სტატისტიკა, რომლითაც ალკოჰოლის აქტიურად მომხმარებლებს დაითვლიან. მსგავსი სტატისტიკის არარსებობა ძალიან დიდი პრობლემაა. რაც უფრო მეტი ადამიანი თუ ორგანიზაცია იქნება ინიციატორი, მსგავსი სისტემა შემუშავდეს, მით მეტად გაცხადდება, რა არის საჭირო პრობლემის აღმოსაფხვრელად.
2015 წელს გამოქვეყნდა პუბლიკაცია: „ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების სახელმწიფო სტრატეგია 2015“. მის მიხედვით, ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა ევროპის ქვეყნებში საერთო სიკვდილობის დაახლოებით 12%-ს იკავებს (13.9% მამაკაცებში და 7.7% ქალებში). 2010 წლის მონაცემებით ევროპაში ალკოჰოლის საზიანო მოხმარებასთან ასოცირებულია ღვიძლის ციროზის 10-დან 7 შემთხვევა, კიბოს ყველა შემთხვევის 3-5% და ტრავმების 27% მამაკაცებში (ქალებში _ 6%). კიბოს, ღვიძლის ციროზსა და ტრავმებს უკავია ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილობის 90%. ევროპა წარმოადგენს ყველაზე მძიმე „მსმელ“ რეგიონს მსოფლიოში. 23 მილიონი ადამიანი ევროგაერთიანების ქვეყნებში (EU) არის ალკოჰოლ-დამოკიდებული. 15-16 წლის სტუდენტების 43%-მა აღნიშნა, რომ მძიმე სიმთვრალე ჰქონდა. ალკოჰოლი ამ ასაკში წარმოადგენს სიკვდილობის უდიდეს მიზეზს. 9 მილიონი ბავშვი და მოზარდი ცხოვრობს ერთ ალკოჰოლ-დამოკიდებულ მშობელთან მაინც. 4-დან 1 უბედური შემთხვევა დაკავშირებულია ალკოჰოლთან.
ამავე პუბლიკაციის მიხედვით, 2009 წელს ჩატარდა კვლევა თბილისის სკოლის მოსწავლეებში (მე-10 კლასის მოსწავლეებში, კვლევის პერიოდში 16.1 წლის საშუალო ასაკით) (ESPAD). მოსწავლეთა უმრავლესობა ალკოჰოლის მიღებას აღიქვამს დადებით მოვლენად. ყველაზე პოპულარული სასმელებია ღვინო და ლუდი. გამოკითხულ მოსწავლეთა 70%-მა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ერთი ჭიქა ღვინო მაინც დალეული აქვს 13 წლამდე ასაკში. შამპანურისთვის ეს სიტუაცია 66%-ით, ხოლო ლუდისთვის 63%-ით განისაზღვრა, მაგარი სპირტიანი სასმელებისთვის კი 36%-ით. ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით კი ლუდი და ღვინო, შესაძლებელია სრულიად თავისუფლად შეიძინოს მომხმარებელმა (მ.შ. მოსწავლემ). მოსწავლეთა 90%-მა აღნიშნა, რომ, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ყოფილა ნასვამი (მთვრალი). ასევე 2010 წელს საქართველოში ჩატარდა „ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების“ კვლევა საქართველოში, რომელიც მოიცავდა 18-64 წლის ასაკის მოსახლეობას (STEPS). ალკოჰოლის მოხმარების საერთო პრევალენსი საქართველოში საკმაოდ მაღალია, ის 78.5%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ძალზე მაღალია მამაკაცებში 90,3, განსაკუთრებით, 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ალკოჰოლის მომხმარებელ ქალთა და მამაკაცთა თანაფარდობა 1:3 ტოლია.

ალკოჰოლთან დაკავშირებით საქართველოში შემდეგი კანონმდებლობებია შემუშავებული:
• რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი;
• „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
• საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსი;
• ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
• საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი;
• მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონი;
• საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსები.

მარიამ ტიელიძე