მყარი ნარჩენების მართვა-გამოწვევები და პერსპექტივები

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, ნარჩენი არის ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, რაც სხვადასხვა თვისებით და, შესაბამისად, სპეციფიკითაც განისაზღვრება.

ნარჩენი იგივე საყოფაცხოვრებო ნაგავია, რომელსაც გამოყენების შემდეგ გარკვეულ ადგილას ვათავსებთ, თუმცა ნაგვის ნაგავსაყრელამდე მისვლა ამ კომპლექსური პროცესის, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი რგოლია, რომელიც ჯაჭვურად სხვა რგოლებთანაა დაკავშირებული.
ყველაფერი თავად ნარჩენების წარმოქმნით იწყება. მარტივი წამოსადგენია ყოველდღიური პროცედურები, რაც ძირითად შემთხვევებში ნაგვის წარმოქმნას განაპირობებს. მათგან განთავისუფლების სხვადასხვა გზა არსებობს, ყველაზე მეტად გავრცელებული კი ნარჩენების ბუნკერებში მოთავსებაა, საიდანაც ის ღია ნაგავსაყრელებზე ხვდება.
ყველა ამ რგოლს დიდი კომპლექსური სისტემა აერთიანებს, რომელიც მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სახელწოდებითაა ცნობილი.
ნარჩენების მართვა არის ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი მოვლა.
დღეს ნარჩენების მართვა განვითარებული თუ განვითარებადი სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა. მათ შორის საქართველოშიც ბოლო წლებში სხვადასხვა ღონისძიება გატარდა, რაც ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობის ზრდას ისახავდა მიზნად.
მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა, ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პრობლემა და გამოწვევაა.
ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო, განმარტავს ნარჩენების სხვადასხვა სახეობას, მათ შორისაა: სახიფათო ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები, რომელიც თავისი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების მსგავსია. ასევე ვხვდებით სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო ნარჩენებს და ბიოდეგრადირებად ნაგავსაც, რომელიც ანაერობულ ან აერობულ დაშლას ექვემდებარება, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო.
ნარჩენების მართვის საკითხი ძალიან კომპლექსური და მრავლისმომცველია. მასზე პირდაპირაა დამოკიდებული გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა იმდენად, რამდენადაც არასანიტარიულ პირობებს საკმაოდ ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია.
ნარჩენების სწორად მართვა მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ძალისხმევასა და რეფორმებს მოითხოვს. მხოლოდ სუფთა ქუჩები ან პარკები არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით მდგომარეობა დადებითია.
ნარჩენების მართვა საკმაოდ კომპლექსური სისტემაა, რომელიც შემდეგ საფეხურებს ითვალისწინებს: ისეთი რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრევენციას, ანუ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენის წარმოქმნის ხელშეწყობას მომხმარებლისა და მწარმოებლის მიერ; შემდეგი საფეხური არის ნარჩენების დახარისხება, ე. წ. სეპარირება, ანუ გარკვეული სახეობის ნარჩენების გამოცალკევებით შეგროვება, რის შემდეგაც ის გადამუშავებისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით; შემდეგ საფეხურზე ნარჩენები გადამუშავდება და იმავე ან სხვა ტიპის პროდუქტი იწარმოება; შემდეგ გარკვეული სახეობის ნარჩენებით, რომელიც გადამუშავებისთვის არ გამოდგება, ხდება ენერგიის აღდგენა, ანუ ამ ნარჩენების გარდაქმნა ენერგიად; და ბოლო საფეხურზე, აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, დარჩენილი ნარჩენები ნაგავსაყრელებზე თავსდება.
ეს ეტაპები მიმოხილულია კონრად ადენაუერის ფონდისა და „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის ერთობლივ კვლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემასა და არსებულ პოლიტიკას მიმოიხილავს.
ჩამოთვლილი ეტაპები, რასაც უნდა გადიოდეს კონკრეტული პროდუქტი ნარჩენობიდან ნაგავსაყრელამდე, ჩვენს რეალობაში ნაკლებადაა დაცული და თანმიმდევრული სახით წარმოდგენილი. წლების განმავლობაში საქართველოში ნარჩენების მართვა მხოლოდ ნარჩენების შეგროვებითა და ნაგავსაყრელზე განთავსებით შემოიფარგლებოდა.
გარემოსდამცველების შეფასებით, საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სისტემა არაეფექტიანია და ის სრულად არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. დარღვეულია ნარჩენების შეგროვების, განთავსებისა და ტრანსპორტირების სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები და ნორმები.
შემუშავებულია მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან მუნიციპალიტეტები და მოსახლეობა მყარი ნარჩენების სეპარირებაზე უნდა გადავიდეს.
სეპარირება ერთგვარი ხერხია სხვადასხვა სახეობის ნარჩენის დასახარისხებლად და შესაბამისად შემდგომში მის გადასამუშავებლად. საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების შემდეგ შესაძლებელი ხდება მათი ნაწილის ხელახლა წარმოებაში გაშვება. გადამუშავების დადებითი შედეგი ეკონომიკური მოგების გარდა ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებაცაა, რაც ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ნარჩენების წარმოების ციკლში ხელახალ მოხვედრას განვითარებული ქვეყნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ევროკავშირის სტანდარტით გადამუშავებადი ნარჩენების 50% მაინც ხელახლა უნდა გაიშვას წარმოებაში.
მიუხედავად ცალკეულ რეგიონებში დაწყებული ძვრებისა და გადადგმული ნაბიჯებისა, ნარჩენების მართვის სფეროში მაინც ბევრი პრობლემა და ხარვეზია, რომელიც გადახედვას, კვლევასა და კომპლექსურად მოგვარებას საჭიროებს. პრობლემის მასშტაბურობისა და მისი მნიშვნელობის გასააზრებლად იმის გაგებაც კმარა, რომ მდგრადი ნარჩენების გახსნა ათწლეულები გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ბინძურდება ჰაერი და წყალი.
პოლიგონებზე განთავსებული ნარჩენები ლპობის შედეგად გამოყოფს ნახშირორჟანგს, მეთანსა და სხვა მომწამვლელ აირს. მათ მძაფრი სუნი აქვს და სწრაფად ვრცელდება.
ეს საფრთხე, რომელიც არა მხოლოდ ქვეყნის ბუნებას, არამედ მისი მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც ემუქრება, ყოველწლიურად მზარდია, საერთაშორისო ვალდებულებები კი ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით საკმაოდ ბევრ მოთხოვნასა და სტანდარტს უწესებს, რომელთა შესრულება ქართული მხარის ვალია.
ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, 2020 წლამდე ნაგავსაყრელზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა 50%-ით, ხოლო სამშენებლო ნარჩენები 70%-ით შეამცირონ. ამ მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს შვედეთი, რომელმაც 2010 წელს 49%-იან რეციკლირებას მიაღწია და ნარჩენების მხოლოდ 1%-ს განათავსებს ნაგავსაყრელზე. ევროსტატის მონაცემებით, 2013 წელს ევროკავშირის 28 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე 156,9 კგ. ნარჩენის გენერირება მოხდა.
სწორედ ეს ვალდებულებები მოითხოვს ქართული სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ნარჩენების მართვის სფეროში იურიდიული ნორმების დამკვიდრებას, ასევე ამ სტანდატების პრაქტიკაში დანერგვასა და მათ ეფექტიანად გამოყენებას. ამის მიღწევის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო ნარჩენი კვლავ წარმოებად და გამოყენებად პროდუქტად იქცეს და სხვადასხვა სფეროში კვლავწარმოების გზით დაბრუნდეს.

რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და როგორია ქვეყნის პოლიტიკა ამ კუთხით?
„ქრონიკა+“ ესაუბრა ექსპერტს ნარჩენების მართვის საკითხებში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველ ხათუნა ჩიკვილაძეს:

_ როგორია ნარჩენების მართვის პოლიტიკა საქართველოში და რამდენად ეფექტიანია ის?
_ საქართველოში ნარჩენების მართვის პოლიტიკა საკმაოდ ეფექტიანია. 2015 წლიდან მთლიანად შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, რაც მანამდე არ ყოფილა.
2014 წელს, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო ნარჩენების მართვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რაზედაც საქართველომ თანხმობა გამოხატა და შემდეგ შემუშავდა მთელი რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები: კანონები, კანონქვემდებარე აქტები, რომელმაც, პრაქტიკულად, დაალაგა ნარჩენების მართვის სისტემა. ამ ყველაფერს მოყვა ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტაც.
მთავრობამ ძალიან აქტიურად გამოიყენა ყველა შესაძლებლობა _ ბიუჯეტური სახსრები თუ საფინანსო ინსტიტუტების დახმარება. ნარჩენების მართვის პოლიტიკის ეფექტიანობას ხელი შეუწყო იმანაც, რომ 2012 წელს შეიქმნა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაშია და საქართველოს მასშტაბით (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თბილისის გარდა) ნაგავსაყრელებს მართავს.
_ რა მდგომარეობაა ნაგავსაყრელების კუთხით საქართველოში?
_ მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მას მართვაში გადაეცა რეგიონებში არსებული 54 ნაგავსაყრელი (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა თბილისის და გარდა). დღეისთვის, კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან 31 მოქმედია და კეთილმოწყობილი გარემოსთვის უსაფრთხო სტანდარტების შესაბამისად, ხოლო 23 ნაგავსაყრელი შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა. ასევე მოქმედია თბილისისა და აჭარის 2 ნაგავსაყრელი. საბოლოო ჯამში, საქართველოში სულ არის 57 ნაგავსაყრელი, რომელთაგანაც მოქმედი გახლავთ მხოლოდ 34.
ნარჩენების მართვის ის პოლიტიკა, რაც დღემდე საქართველოში გატარდა, უკვე მნიშვნელოვან შედეგებს გვაძლევს, რადგან რა სურათიც იყო რამდენიმე წლის წინ, ის აბსოლუტურად შეცვლილია კარგისკენ და დღეს უკვე ყველა ნაგავსაყრელი, რაც კომპანიის მფლობელობაშია, მოწესრიგებულია. გარდა ამისა, სპონტანურ ნაგავსაყრელებზე კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა აღებული აქვს ადგილობრივ თვითმმართველობებს (მუნიციპალიტეტები).
_ ნარჩენების მართვის სისტემა კომპლექსურია და ბევრ საფეხურს მოიცავს, მათ შორის, ნარჩენების პრევენციას, ანუ ნაკლები ნარჩენის წარმოქმნის ხელშეწყობას. ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს და რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის?
ასევე რას იტყვით სეპარირების პროცესზე, რას გულისხმობს და რა ეტაპზეა იგი ჩვენს ქვეყანაში?
_ მართალია, რომ სისტემა ნამდვილად კომპლექსურია და მოიცავს არა მხოლოდ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც პრაქტიკულად გვეუბნება, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რა არის კანონიერი და რა _ არაკანონიერი.
სისტემა მოიცავს არა მხოლოდ ნაგავსაყრელს, არამედ შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და შემდეგ ნაგავსაყრელზე განთავსებას. აქ კანონის თანახმად კომპეტენციები გაყოფილია: შეგროვება-ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლები არიან თვითონ მუნიციპალიტეტები, ხოლო ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსებაზე (თბილისისა და აჭარის გარდა) პასუხისმგებელია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია. ერთი სიტყვით, ეს სისტემა შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან. ამ კომპონენტებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი _ მოსახლეობა და ყველა ის ობიექტი, ვინც საყოფაცხოვრებო ნარჩენს წარმოქმნის.
იმისთვის, რომ წარმოიქმნას რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყაროზე სეპარაციას. წყაროზე სეპარაცია კანონის მიხედვით არის მოთხოვნილი და 2019 წლიდან ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოხდება მისი დანერგვა. თუ რა პროცენტს უნდა მივაღწიოთ რეციკლირებად ნარჩენებში, როგორიც არის, მაგალითად, პლასტმასი, ქაღალდი, მინა, მეტალი, ამ შემთხვევაში, ეს განგვისაზღვრა ნარჩენების მართვის ეროვნულმა სტრატეგიამ და ნარჩენების მართვის ეროვნულმა გეგმამ. ზოგ მუნიციპალიტეტში დაწყებულია სეპარაციის საპილოტე პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას.
2019 წლიდან ასევე იგეგმება მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის ამოქმედება, რომელიც გულისხმობს ბაზარზე არსებული ყველა ნივთის მწარმოებლის ან შემომტანის პასუხისმგებლობას მისი პროდუქტის ნარჩენის საბოლოო მართვაზე.
ამისთვის გარკვეული სქემები მუშავდება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. იმ გზას გავდივართ, რაც უკვე გაიარა ევროპამ და საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ ყველა ნარჩენი, რომელიც თავიდანვე განსაზღვრულია, პროდუქტის მოხმარების შემდეგ ისევ გამოვიყენოთ და ვმართოთ. მართალია, ეს ყველაფერი უცბად არ მოხდება, ეტაპობრივად განხორციელდება, მაგრამ ამის სერიოზული წინაპირობა უკვე არსებობს.
_ ნარჩენების მართვის კოდექსის მნიშვნელობა და მისი ეფექტიანობა როგორია?
_ 2015 წლიდან, როდესაც ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება დაიწყო, პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ნარჩენების მართვის კოდექსი. კოდექსმა შექმნა ბაზა და საფუძველი იმისთვის, რომ ნარჩენების თანამედროვე და სწორი მართვა განხორციელებულიყო. ნარჩენების მართვის კოდექსი, პრაქტიკულად, ჰარმონიზებულია ევროდირექტივებთან ნარჩენებისა და ნაგავსაყრელების შესახებ. ამას შემდეგ მოყვა კანონქვემდებარე აქტები. ასე რომ, ნარჩენების მართვის კოდექსის მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყანაში.
_ ნარჩენების გადამუშავების მეთოდი როგორ გამოიყენება საქართველოში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მეთოდი?
_ ნარჩენების გადამუშავების მეთოდოლოგიებიც კანონმდებლობით განისაზღვრა. არსებობს სხვადასხვა ტიპის გადამუშავება, თუმცა გადამუშავების რომელ მეთოდს გამოიყენებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეს დამოკიდებულია ნარჩენების შემადგენლობაზე.
საქართველოში შესაძლებლობები გვაქვს, მაგალითად, სეპარაცია ხდება და მუშავდება პლასტმასი, ქაღალდი, ნავთობური შლამები, უკვე გამოყენებული ზეთები, საბურავები და ა. შ., მაგრამ ყველა ეს გადამამუშავებელი ძალიან მცირე შესაძლებლობების მქონეა. მათი გაფართოება და გაძლიერება უმნიშვნელოვანესია. ამ კუთხითაც დაიწყო უკვე მუშაობა, რომ გადამამუშავებლებს რაღაც გარკვეული შეღავათები ჰქონდეთ და მათი საქმიანობის სტიმულირება მოხდეს.
_ რა იგეგმება სამომავლოდ ნარჩენების მართვის კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და რა ნაბიჯები იდგმება ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლების კუთხით?
_ რადგანაც ნარჩენების მართვა არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა/ ვალდებულება და არის კომპლექსური საკითხი, რომელშიც ყველა, დაწყებული მოქალაქიდან, დამთავრებული სამთავრობო სტრუქტურებით, არის ჩართული, შესაბამისად, პრობლემების მოგვარება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებული ძალებით.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როდესაც ნარჩენების წარმომქმნელმა იცის, რას ნიშნავს ნარჩენი და როგორ უნდა იყოს ის მართული. ამისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას, რადგანაც ისინი მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან უშუალო კავშირში არიან.
ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია და შეაქვს კიდევაც მასმედიას, განსაკუთრებით სატელევიზიო გადაცემებს, ასევე ჟურნალისტურ სტატიებს ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ, ყველა საშუალების გამოყენება _ პრესა, ტელევიზია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა. შ. _ ძალიან ეფექტიანია.
ასევე ეფექტიანია დასუფთავების აქციები, რომელიც საქართველოში ხშირად იმართება და რეგიონების მასშტაბითაც უამრავი ხალხი მონაწილეობს მასში. განსაკუთრებით აქტუალურია დასუფთავების აქციები შემოდგომაზე, როდესაც მსოფლიო დასუფთავების დღე აღინიშნება და ყველა ერთიანად ერთვება დასუფთავების აქციებში. ეფექტიანია და შედეგიანია, როდესაც ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ვიწყებთ პატარებში, ბაღისა და სკოლის ბავშვებში, რადგანაც ისინი უფრო სწრაფად ითვისებენ და ახორციელებენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც მსოფლიოში ნარჩენების პრევენციასა და მართვასთან დაკავშირებით არსებობს.

ანა ურუშაძე