რა და რამდენით ძვირად-იაფად ვიყიდეთ და რას ველით აგვისტოში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტში წარმოდგენილია გასული თვის მონაცემები და წლიური ინფლაციის დონე _ ჯგუფები, რომელთა შემადგენლობაში შესულ პროდუქციებზე ფასების ცვლილებამაც გამოიწვია ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირება.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,3%, წლიური ინფლაციის დონემ კი 2,8% შეადგინა.

უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები შემცირდა 1,1%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,32%-ული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი _ (-12,6%);
ბოსტნეული და ბაღჩეული _ (-10,7%).
ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (2,7%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,4%-ით, რაც -0,05%-ული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2,4%), ასევე ტანსაცმლის (-1,0%) ქვეჯგუფებზე.
ტრანსპორტი: ფასები გაზრდილია 1,2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,15%-ტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე: (1,7%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,3%). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1,6%);
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,9%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,93%-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,3%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,0%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ფასები გაიზარდა 2,3%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67%-ული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4,6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,2%), თევზეული (3,7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,1%), რძე, ყველი და კვერცხი (2,6%). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-2,9%);
საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 5,2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,43%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7%), ასევე ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების (6,0%) ქვეჯგუფებზე;
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,0%-ით, რაც 0,42%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (9,0%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,4%) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,4%-ით, რაც 0,31%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8,2%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ პერიოდში ფასების კლება დაფიქსირდა 8,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,32%-ული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმელზე (-8,5%), ისე ფეხსაცმელზე (-7,9%)…

რა იწვევს ფასების ცვლილებას და რამ განაპირობა იგი წინა თვეში?

სოსო არჩვაძე _ ექსპერტი:
„ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის სტრუქტურა ისეთია, რომ როგორც წესი, რაიმე ექსტრაორდინალური თუ არ ხდება საქართველოს ეკონომიკაში, ზაფხულის პერიოდში, მაისიდან სექტემბრამდე, დეფლაციური თვეებია, ანუ ძირითადი სურსათი იაფდება, მაგალითად, ხილ-ბოსტნეული, ზოგიერთი კვების პროდუქტი და რადგან მათი წილი სამომხმარებლო კალათაში მაღალია (განსხვავებით ევროპული ქვეყნებისა და აშშ-გან), მათი გავლენა ფასების საერთო ინდექსის მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალია. ჩვენთან რომ სურსათის გავლენის წილი დაბალი ყოფილიყო ინფლაციის საერთო მაჩვენებელში, ასეთი დეფლაცია შეიძლება არ მიგვეღო. დღეს კი დაახლოებით 30%-იანი გავლენა აქვს ამ ჯგუფს ფასების ცვლილებაზე. ამიტომ მივიღეთ ზემოთ აღნიშნული შედეგი.
ყველაფერს აქვს შიდა და გარე ფაქტორები. სამომხმარებლო პროდუქტი შარშანდელთან შედარებით გაიაფდა, გარდა ამისა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არ არის მაღალი, ესეც მოქმედებს ფასების საერთო მაჩვენებელზე. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, _ საქსტატის მონაცემებით შინამეურნეობების მონაცემები ხომ იზრდება?! _ კი ბატონო, ეს ფიქსირდება და ტენდენცია ნარჩუნდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ შემოსავლების საკმაო ნაწილი მიემართება საბანკო კრედიტების დასაფარად და, რაღა დავმალოთ, სათამაშო ბიზნესისკენ. ამ უკანასკნელისგან მიღებული სარგებელი (უკან ამოღებული თანხის მაჩვენებელი) 5-7%-ს არ აღემატება. ამიტომ მოსახლეობას მეტი შემოსავალი კი აქვს, მაგრამ საბოლოო შემოსავლებისა და მოხმარების დროს მისი განკარგვა და სახსრების სიდიდე კი არ იზრდება, არამედ პირიქით, მცირდება და ამის გამო ერთობლივი მოთხოვნაც არ იზრდება. რადგან მოთხოვნა არ იზრდება, ეს გავლენას არ ახდენს ფასების საერთო დონეზე, ის ნარჩუნდება ან თუ რაღაც ფაქტორები ახდენს გავლენას, მცირდება და ა. შ.
რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებს, სურსათში ძალიან მნიშვნელოვანი წილი აქვს მეცხოველეობის პროდუქციას, რაზეც ბოლო დროს ფასი გაიზარდა. ზოგიერთ საქონელზე კი ისეთი ტენდენციაა, რომ ფასები სწრაფად იწევს, მაგრამ ის ძველ, საწყის ნიშნულს ნაკლებად უბრუნდება…
ხოლო თუ საცხოვრებელზე, წყალზე, ელენერგიასა და აირზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ აქ ფასები 5,2%-ით გაიზარდა. იგი რეგულირების სფეროს განეკუთვნება და ცენტრალიზებულად გაიზარდა ფასები ელენერგიაზე, ბუნებრივ აირში კი ახალი აბონენტები გაცილებით ძვირს იხდიან. რადგან მათი წილი იზრდება, საშუალო მაჩვენებელიც გაზრდილია.
გაიზარდა საწვავის ფასი. ვხედავთ, რომ ბენზინის ფასის შემცირებას პირი არ უჩანს და ესეც საგრძნობი დარტყმაა გადახდისუნარიანი და მოთხოვნის მქონე ადამიანებისთვის.
ჯანდაცვა კი ძალიან დიდი თემაა. მასზე გავლენას ახდენს საყოველთაო დაზღვევისა და ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვაზე გამოყოფილი თანხების მაჩვენებელი, რომელიც ხშირად არაეფექტიანად გადანაწილდება და რომ იტყვიან, საბიუჯეტო სახსრების ზრდა აისახება არა იმდენად მომსახურების ზრდაში, არამედ უფრო მომსახურების ტარიფების ზრდაში. აქ ძნელია კონკრეტული ვერდიქტის გამოტანა, მაგრამ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება ცდილობს, რომ მაშინაც კი, როცა ავადმყოფი ან მისი დიაგნოზი არ საჭიროებს შესაბამის მომსახურებას ან ძვირადღირებული აპარატის გამოყენებას, მაინც გამოაყენებინონ პაციენტებს აღნიშნული მომსახურება. ცხადია, მომსახურების ღირებულება იზრდება. საბოლოო ჯამში, ავადმყოფის მდგომარეობა ნაკლებად უმჯობესდება. ეს ჩვენი ცხოვრების თანმდევი პრობლემაა.
რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ საქონელზე, ტექსტილზე, ტანსაცმელზე, ტექნიკაზე… იმპორტის ძირითადი ქვეყანა არის თურქეთი და ვიცით, რომ ბოლო თვეებში ლირის დევალვაციაც ვიხილეთ. ეროვნული ბანკის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, 1 ქართული ლარით 2-ჯერ მეტი თურქული ლირის ყიდვა შეიძლება, რაც შესაბამისად აისახება ჩვენს ეკონომიკასა და ცალკეული საქონლის ფასებზე.
დაბოლოს, ტურისტული სეზონის პიკი არის აგვისტო. იმედია, ამ თვეში პოლიტიკურად სტაბილური ფონი იქნება, რაც მეტი ტურისტის მოსვლას ნიშნავს და უკვე საქართველოში მყოფი დამსვენებლის მიერ მეტ დახარჯულ თანხად აისახება“.

გელა ტყეშელაშვილი _ ეკონომიკის პროფესორი:
„არ მჯერა, რომ ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით მინუსში იყოს. რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასის ცვლილებას, ვფიქრობ, ამით ნაკლებად იზომება ინფლაცია და ეს არ უნდა შედიოდეს მეთოდოლოგიაში. ტანსაცმელი, საერთოდ, იაფდება, რადგან ჩინური პროდუქცია შემოდის და ვიცით, რომ ის იაფია. რაც ყველაზე საჭირო და ძირითადია, იქნება ეს პროდუქტი თუ მომსახურება, სურსათი, ტრანსპორტი, საწვავი და ოჯახისთვის საჭირო სხვა რესურსები, მათზე თანხები გაზრდილია და ზემოთ მოყვანილი მონაცემები ნაკლებად დამაჯერებელია.
მეორე: ზაფხულის პერიოდში დოლართან მიმართებით, წესით, კურსი უნდა გამყარდეს, მაგრამ გეტყვით, რომ რეფინანსირების სესხის სახით გაცემულია თითქმის 1 მლრდ. ლარი და ამ შვიდ თვეში, პლუს, კიდევ, დაახლოებით, 1 მლრდ.-ით ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებები, ობლიგაციები აქვთ გაცემული. ანუ დამატებით 2 მლრდ. ლარი გამოუშვეს ბრუნვაში. როცა ქვეყანში ტურისტული ნაკადი მოდის, შემოსავალი იზრდება, მაგრამ ამ დროს 2 მლრდ.-ის ემისიას რომ გააკეთებ დამატებით, მაშინ რომელ ინფლაციის მაჩვენებელზეა ლაპარაკი?!
მგონია, რომ თუ ხელისუფლებას შიში არ ექნა, შემოდგომაზე ძალიან მაღალი დონის ინფლაცია წავა, როცა ტურისტული ნაკადი შეწყდება და ნაკლები დოლარი შემოვა. ლარიც საგრძნობლად გაუფასურდება დოლართან მიმართებით.
ვიმეორებ: 2016 წელს რომ გააუფასურეს 40%-ით, მოსალოდნელია, იგივე გააკეთონ, თუ რაღაცის შიში ვერ იგრძნო ხელისუფლებამ“.

დემურ გიორხელიძე _ ექსპერტი:
„ახალი ამბავი არ არის, რომ ფასები თითქმის ყველაფერზე მცოცავად იწევს. ერთადერთი, ნახტომისებური ზრდა არ არის. ამას კი ეკონომიკური მდგომარეობა და არასწორი რეგულაციები იწვევს. უფრო სწორად, ის შეხედულებათა სისტემა, რაც მთავრობის მოქმედებებს უდევს საფუძვლად. არადა, სწორი შეხედულებათა სისტემაა ყველა ცივილიზებული და განვითარებული ქვეყნის მთავარი ღერძი, რათა ეკონომიკა რაც შეიძლება ეფექტიანად ფუნქციონირებდეს. მართალია, იდეალური მდგომარეობა მიუღწეველია, მაგრამ საუკეთესოსკენ სვლა აუცილებელია. ჩვენთან ცოტა სხვა შეხედულებათა სისტემა აქვს მთავრობას და თავის საფუძვლებში ეს მცდარია, დინებაზეა მიშვებული, ამიტომ არ გამოდის არაფერი და პლუს ამას, ფასები ყველა იმ სფეროში იზრდება, სადაც ოლიგოპოლიები მიმდინარეობს… ქართული ბაზრები კი ძირითადად ოლიგოპოლიურია, რომელსაც ხელისუფლებისგან დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არის მთავარი მიზეზი _ ჩვენთან არ არის ჯანსაღი, თავისუფალი და კონკურენტული გარემო.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ტურისტული ნაკადის შემოდინება ინფლაციაზე, გეტყვით, რომ ეს არ მოქმედებს. ესეც შეხედულებათა მცდარი სისტემაა, რომ თითქოს შეიძლება ტურისტების ნაკადმა ეკონომიკაზე ასახვა ჰპოვოს. არ არის ეს სწორი. ეკნომიკის განვითარებას ამ ფაქტორების ეკონომიკური რეალიზაცია განაპირობებს.
2-ჯერ მეტი ტურისტი რომ შემოვიდეს ხვალ ან ზეგ, მაშინაც სიღარიბე და სოციალური პრობლემები არ მოგვარდება და ეკონომიკაც დიდად ვერ განვითარდება“.

ნინო ტაბაღუა