სიახლეები დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში – პარკირება

დედაქალაქში მცხოვრებთათვის უკვე წლებია, დაუძლეველ პრობლემად რჩება ქალაქის მასშტაბით მოწესრიგებულად გადაადგილება. დისკომფორტს ქმნის არა მხოლოდ გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არამედ კერძო ავტომანქანის მძღოლებისთვის საკმაოდ რთულია გადატვირთული მოძრაობის პირობებში გადაადგილება.

საათობით საცობში ყოფნა, პარკირების პრობლემები, მოუწესრიგებელი შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების პრობლემა ზოგიერთ უბანში _ ქალაქში, სადაც თითქმის ყველას მანქანა ჰყავს, უმეტესობას კი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტის რომელიმე სახეობის გამოყენება სჭირდება, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ჩვეულებადაა ქცეული.
თბილისში საქართველოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს, თუმცა ის საქართველოს ეკონომიკის თითქმის ნახევარს ქმნის. რეალურად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში დიდი ბაზარია და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც, საქართველოს სხვა ადგილებთან შედარებით, ბევრად მაღალია.
ამ ეკონომიკური ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ურბანული ტრანსპორტია, ანუ ურბანული მობილობა, რომელიც სწორედ ქალაქის სატრანსპორტო სისტემასა და მის შემადგენელ ნაწილებს მოიაზრებს. ამ სისტემის განვითარებულობა პირდაპირ კავშირშია ბევრ დარგთან და შესაბამისად სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ მისი გამართულად ფუნქციონირება წარმოადგენს.
2016 წლის აპრილი-ივნისში, თბილისის მერიის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ფრანგულმა კომპანია SYSTRA-მ ადგილობრივი პარტნიორების მონაწილეობით თბილისის შინამეურნეობის კვლევა განახორციელა. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა არსებული მობილობის (გადაადგილება) ნიმუშის მონაცემთა ბაზის შექმნა. თბილისში მობილობის განაკვეთი განისაზღვრება, როგორც გადაადგილების საშუალო რაოდენობით ერთ სულზე, რომელმაც დღეში 1.55 მგზავრობა შეადგინა. ეს განაკვეთი სტაბილურია 2011 წლიდან და აღნიშნული მონაცემი საერთაშორისო ნიშნულზე დაბლა დგას.
კვლევის მიხედვით, თბილისში 2011 წელთან შედარებით, გაზრდილია კერძო ავტომობილებით გადაადგილება: 0.51 ავტომობილი ერთ ოჯახზე, ეს მონაცემი 2011 წელს 0.40-ს შეადგენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალების საშუალო ასაკი 14 წელია, რომელიც მიუთითებს, რომ თბილისის მცხოვრებლები მეორადი მოხმარების ავტომანქანებს ყიდულობენ და, ფაქტობრივად, ის ხდება ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშულება.
კვლევის თანახმად, საქართველოს ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა ქაოსურია და ინერციით მუშაობს. ავტობუსების, სამარშრუტო ტაქსების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოსული ან ამორტიზებულია. საქართველოს ქალაქების მხოლოდ ნაწილში იგეგმება სატრანსპორტო მოძრაობის სქემა და ტრანსპორტის საშუალებების აღნიშნული გეგმით მართვა. სატრანსპორტო სისტემების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობები, ძირითადად, თბილისსა და ბათუმშია. არიან ქალაქები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას კერძო ოპერატორები ახორციელებენ, თუმცა სუსტია მათი რეგულირების მექანიზმები, რაც ტრანსპორტის მიწოდების ხარისხზე და უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება.
ზოგადად სატრანსპორტო სისტემაში არსებული ხარვეზების დანახვის საშუალება ქალაქის მცხოვრებლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აქვთ. ეს ხარვეზები, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება მთლიანად ქალაქის სოციალურ ფონსა და მისი სხვადასხვა დარგის განვითარებაზე.
დარგის ექსპერტები ურბანული ტრანსპორტის ერთიანი სტრატეგიის შექმნისა და მისი ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია დაინტერესებულ მხარეებსა და სექტორში მოქმედ სააგენტოებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა. 2014 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც შედგებოდა თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდისა და სატრანსპორტო ექსპერტებისგან. პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები და განიხილებოდა აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული ურბანული მობილობის საკითხები და რეკომენდაციები.
გასულ წელს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ფუნქცია დაემატა, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება პრიორიტეტად არა მხოლოდ ქალაქის მერიისთვის და სატრანსპორტო კომპანიებისთვის იქცა, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც იმდენად, რამდენადაც გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტის გამო გაიზარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ხარისხი და შესაბამისად იმ დაავადებათა რიცხვი, რომელიც ამ პრობლემითაა გამოწვეული.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია ხელს შეუწყობს ქვეყანას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში. საქართველოს ქალაქების სიცოცხლისუნარიანობა, მიმზიდველობა და ეკონომიკური განვითარება პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე, მდგრადი ურბანული სატრანსპორტო პოლიტიკის შექმნასა და განვითარებას.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც 2014 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა, სხვა კომპონენტებთან ერთად განსაზღვრავს სატრანსპორტო სისტემასა და მის მახასიათებლებს, ასევე ძირითად პრინციპებს, რასაც ეს სისტემა უნდა ემყარებოდეს.
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომუნიკაციების მოწესრიგება უპირატესად დაკავშირებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების რეგიონულ ტენდენციებთან. შიდა საქალაქო მაგისტრალების განვითარების დროს საქალაქო მაგისტრალური გრძივი და განივი კავშირების სტრუქტურული სრულყოფა უზრუნველყოფილია განაშენიანებისა და ტრანსპორტის თანაბარძალოვანი ინტერესების ურთიერთდაბალანსების გზით. თანაბრად გასათვალისწინებელია როგორც შიდა საქალაქო მაგისტრალების ორგანულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა, ასევე განაშენიანების საფუძვლიანი ინტერესები.
სწორედ ამ გეგმას ეფუძნება სიახლე, რომელიც მომავალი წლიდან საპილოტე სახით ამოქმედდება დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა დაარეგულირებს როგორც საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა-მიწოდებას, ასევე სატრანსპორტო ნაკადების მართვას. ამ სისტემიდან შემოსული თანხები მთლიანად მიმართული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ. სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც პარკირებაზე მოთხოვნა კრიტიკულად მაღალია, თუმცა საპარკინგე ადგილების საკმარისი რაოდენობა არ არის, მოთხოვნა შემცირდეს და ამის შედეგად საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს.
დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მისი მოხმარების ზრდასა და, პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებას აპირებს.
ახალ ინიციატივას მოწინამდეგეებიც გამოუჩნდა. ისინი ყურადღებას ამახვილებენ პარკირების ახალი სისტემის იმ უარყოფით მხარეზე, რომლის მიხედვითაც პარკირების საფასური გაიზრდება, ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე მცხოვრებლებზე.

რა მიზანს ისახავს ქალაქის მერიის ახალი ინიციატივა და როგორი იქნება პარკირება საათობრივად და ზონალურად?
„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უპასუხეს:

_ როგორ შეაფასებთ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას? რა ძირითადი ხარვეზები იკვეთება და რა საკითხებია აქცენტირებული?
_ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც თბილისის მერიის მიერაა შემუშავებული, დადებით შეფასებას იმსახურებს, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ასევე ქვეითთა ინტერესები. გარდა ამისა, ამავე პოლიტიკის ჭრილში აქცენტი კეთდება ქალაქის ეკოლოგიის გაჯანსაღებაზე.
_ მერიის ინიციატივით მომდევნო წლიდან შესაძლოა, ზონალური და საათობივი პარკირება ამოქმედდეს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რა სიახლეს მოუტანს ეს ქალაქის მცხოვრებლებს?
_ მოცემულ ეტაპზე ამ სისტემის შემუშავებასა და გამართვაზე აქტიურად ვმუშაობთ. ზონალური და საათობრივი პარკირების ამოქმედება იგეგმება არა მთელი ქალაქის მასშტაბით, არამედ აქ აქცენტი კეთდება ქალაქის ყველაზე გადატვირთულ და მოთხოვნად უბნებზე. შეირჩევა ყველა ისეთი ადგილი, სადაც მძღოლებისთვის ავტომობილების პარკირება განსაკუთრებით რთულია, ამ ადგილებზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და სისტემა გაიმართება.
სიახლის დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მძღოლებისთვის ისეთი საპარკინგე ადგილები შეიქმნება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გარკვეული თანხის გადახდისას სატრანსპორტო საშუალება დააპარკინგონ მათთვის სასურველ და აუცილებელ ადგილას.
_ ახალი პარკირების სისტემა ფასების ზრდას შეუწყობს ხელს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მძღოლებში. რამდენად არის მოსალოდნელი ფასების ზრდა და როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე?
_ აქ მნიშვნელოვანია, რომ საათობრივი პარკირებიდან შემოსული თანხები მთლიანად მიიმართება, ისევ და ისევ, სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე. სატრანსპორტო პოლიტიკის ეს ნაწილი საშუალებას მოგვცემს, საზოგადოებრივი ტრანპორტის სისტემა სრულად პასუხობდეს თანამედროვე სტანდარტებს.
_ იგეგმება ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირების პარალელურად. რას ფიქრობთ ამ საკითხზე, რამდენად მოაგვარებს ეს ქალაქში არსებულ სატრანსპორტო პრობლემებს და რამდენად ეფექტიანი იქნება ის?
_ სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით ჩვენ საშუალება გვეძლევა გავზარდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი ქალაქში, რათა ის იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, კომფორტული. ჩვენი მიზანია, მგზავრების შევთავაზოთ სწრაფი, მოსახერეხებელი და, ამავდროულად, იაფი გადაადგილების სატრანსპორტო მომსახურების სისტემა.
უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ახალი, 90 ერთეული ავტობუსის შემოყვანის შესახებ, რომელიც იქნება კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული სატრანპორტო საშუალება. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლომდე იგეგმება 460 ერთეული ახალი ავტობუსის შემოყვანა და არსებული ავტოპარკის მთლიანად ჩანაცვლება, რითაც ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს კომფორტული და სწრაფი გადაადგილების სერვისს შევთავაზებთ.

ანა ურუშაძე