1918 წლის აგვისტო

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-25.

ბოლშევიკების აჯანყება ლეჩხუმში

საქართველოში კვლავ გრძელდება ბოლშევიკური აჯანყება. 1918 წლის ივლისში, დუშეთის მაზრაში კომუნისტთა შეიარაღებული გამოსვლების ჩახშობის შემდეგ, ვითარება გართულდა დასავლეთ საქართველოში. კომუნისტები განსაკუთრებით ქუთაისის გუბერნიაში, კერძოდ კი ლეჩხუმის მაზრაში აქტიურობდნენ. 18 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ სამხედრო სამინისტროს მიერ დასავლეთ საქართველოდან მიღებულ დეპეშას აქვეყნებს, სადაც გენერალ სუმბათაშვილის ანგარიშია მოცემული: „გენერალ სუმბათაშვილისაგან ქუთაისიდან სამხედრო მინისტრს შემდეგი დეპეშა მოუვიდა: პოლკოვნიკ ზაქარიაძის რაზმმა მოწინააღმდეგე სასტიკად დაამარცხა და ბრძოლით წინ მიიწევს. ჩვენმა ჯარმა მტერი ქვაკუნტისა და თავშარას უღელტეხილებიდან განდევნა და დაიკავა ყველა ხეობა და გასავლელი ადგილები. მდინარე რიონსა და ალპანაზე მზვერავთა რაზმი მარჯვედ მოქმედობს. ბრძოლით ავიღეთ სოფ. ზაგიში. ხელთ ვიგდეთ 1 ტყვიის მფქვეველი და 6 ტყვედ წამოვიყვანეთ. კაკიშსა, ცაგერსა და სხვა დაბა-სოფლებიდან დელეგატები მოდიან და მორჩილებას გვიცხადებენ. იმედი გვაქვს, რომ ლეჩხუმისა და ხონის რაიონებში აჯანყებას მალე ჩავაქრობთ. შუმშუას ხიდი ჩვენს ხელშია. ჩვენმა ჰაეროპლანებმა ს. აბასთუმანში ასაფეთქებელი მასალა ჩამოჰყარეს; სოფლის მცხოვრებლებმა დელეგაცია გამოგზავნეს“.
ორი დღის შემდეგ გაზეთი „საქართველო“ ლეჩხუმის ამბების შესახებ კიდევ ერთ ცნობას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ბოლშევიკებმა სასტიკი მარცხი იწვნიეს. სამთავრობო ჯარებმა ბრძოლით აიღეს ნაქერალას უღელტეხილი. ტყვედ ჩავარდა 26 აჯანყებული კომუნისტი. ბოლშევიკებმა ბრძოლის ველზე დატოვეს ერთი ქვემეხი და ტყვიამფრქვევები. იმავე დღეს, გაზეთის ცნობით, სამეგრელოში მოქმედი ბოლშევიკური რაზმის ხელმძღვანელებმა ჩვენს ჯარს დაზავების წინადადებით მიმართეს.
კიდევ ერთი ინფორმაცია ლეჩხუმის აჯანყების შესახებ გაზეთ „საქართველოს“ 21 აგვისტოს ნომერში. როგორც ამ ცნობიდან ჩანს, სამთავრობო ჯარებმა თითქმის მლიანად დაძლიეს ბოლშევიკთა მიერ ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლები და რეგიონი აჯანყებულებისგან გაწმინდეს: „ლეჩხუმის უბედურება თავდება. გორმაღალაზე დამარცხების შემდეგ „ბანდა“ დიდ ძალას აღარ წარმოადგენს. ჰაეროპლანები ლეჩხუმისაკენ ხშირად დაფრინავენ. ნიკორის ძირში მათ ყუმბარები ჩაჰყარეს, რის გამოც ბრბოს საგრძნობი ნაწილი გაიფანტა. დერჩის საზოგადოება მთავრობის ჯარმა დაიპყრო. ეხლა მთავრობის ჯარს უპყრია ერთის მხრივ მაღალი თავშავა და მეორის მხრივ _ ხომლის მთის ძირი. ზოგიერთი ნასტრაჟნიკალი ბრბოს მეთაურების სახლები ჯარმა დასწვა. ალპანის საზოგადოებამ იარაღი ნებით აიყარა. ასევე აპირებენ ლაილაშის და ორბელის საზოგადოებები. ჭვიშის საზოგადოების დასამორჩილებლად ნაქერალას მთით წავიდა პატარა რაზმი, რომელსაც ლაშხელი სვანები შეუერთდებიან და ხვალ უთუოდ ჭრებალოს დაიკავებენ. სვანეთი მთავრობის მხარეზეა. საჩხერიდან რაჭაში შეიარაღებული ბრბო გადმოვიდა, მაგრამ რაჭველებმა თვითონ გარეკეს. ლეჩხუმის „ბანდამ“ დაიკავა რაჭული სოფლები თხმორი და გოგილათი, მაგრამ ეხლა ამათაც ერეკებიან. მეამბოხეთა სიმხეცე გამოუთქმელ საშინელებამდე ადის. ლამაზ ქალებს იტაცებენ და ერთი მეორეში კენჭის ყრით ინაწილებენ“.
აგვისტოს ნომრებში გაზეთი „საქართველო“ საჩხერეში ოსების მიერ ივნის-ივლისში მოწყობილ გამოსვლებსაც უბრუნდება და მკითხველს ვეშაპიძის წერილს სთავაზობს. ავტორი ოსების აჯანყებაში უფრო ნაციონალისტურ ნიშნებს ხედავს, ვიდრე ბოლშევიკურ ფანატიზმს. ვეშაპიძის აზრით, ოსებმა უბრალოდ გამოიყენეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კომუნისტების ამბოხი და საჩხერის მაზრაში ქართველების ხარჯზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას შეეცადნენ. 1918 წლის 8 აგვისტო: „როგორც საჩხერელი და მოწმე საჩხერის ამბებისა, ვალად ვსთვლი ჩემს თავს, ცოტაოდენი სიმართლე მაინც მოვფინო პრესის საშუალებით იმ შავბნელ ისტორიას, რომელსაც ნამდვილად ოსების გამოლაშქრება ჰქვიან საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ. დიდი ცოდვა იქნებოდა, რომ დამშვიდებული კილოთი რაინდულად და სოციალისტურად გაგვეცხადებინა: საჩხერის ამბოხი ეს ჩვეულებრივი ბოლშევიკური გამოსვლააო. ამის წინააღმდეგ თვით ფაქტები ლაპარაკობენ…
ივნისის შუა რიცხვების აჯანყება დუშეთის მაზრაში და ცხინვალის რაიონში ხომ წმინდა ნაციონალისტური იყო. მეთაურები ამ მოძრაობისა მარტო ოსები, რუსები და სომხები იყვნენ. ამ აჯანყების გამოძახილი იყო ოსების იერიში საჩხერეზე ივნისის 28-ს.
ამტკიცებენ, რომ საჩხერის ამბები დღევანდელი ავადმყოფური ბოლშევიზმის ნაყოფიაო. მაგრამ თუ სამეგრელოში იჩინა თავი ბოლშევიკურმა მოძრაობამ ეს იმის ბრალი არის, რომ ამ მოძრაობას ცნობილი ფილიპე მახარაძე ხელმძღვანელობდა. რაჭა-ლეჩხუმის მოძრაობაც ადვილად აიხსნება იმ გარემოებით, რომ უკანასკნელ ხანებში იქ შხამიან აგიტაციას ეწეოდა ცნობილი საშა გეგეჭკორი…
ამ რიგად, საქართველოს ამა თუ იმ ნაწილში, ასე თუ ისე იყო და მზადდებოდა ნიადაგი ბოლშევიკურ აჯანყებისათვის. საჩხერე ამ შემთხვევაში გამონაკლისს შეადგენდა. არც პირველს და არც მეორე გარემოებას საჩხერეში ადგილი არ ჰქონია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დღიდან რევოლუციის დაწყებისა, ვიდრე აჯანყებამდე, საჩხერის რაიონში არც ერთ აგიტატორ-ბოლშევიკს არ გაუჭაჭანია.
საზოგადოდ, ბოლშევიკურ მოძრაობის დროს ანადგურებენ ბაზარს და ხოცავენ თავად-აზნაურობას. საჩხერეში კი არც ერთი თავადი არ ყოფილა მოკლული ოსების მიერ. ამტკიცებენ, რომ საჩხერის რაიონში პირველად ქართველებმა გამოილაშქრესო და შემდეგ კი ოსები მათ მიეშველენო. ეს ცნობა მთლად სიყალბეა. აჯანყების პირველ დღეს, ივნისის 28-ს პირველად საჩხერეში ოსები შემოვიდნენ, მათი რიცხვი ორი ათასზე მეტი იყო. მათ დაიჭირეს ყველა სტრატეგიული პუნქტი: ფოსტა-ტელეგრაფი, ციხე „მოდი-ნახე“, სადგური, რკინის გზის ლიანდაგი და საჩხერის ხიდი…. ყველასათვის აშკარაა, რომ საჩხერის მოძრაობა წმინდა ოსური, ნაციონალისტური იყო და ვინც ამ ფაქტს უარჰყოფს, ის ცხადია, განზრახ ცრუობს“.

მაზნიაშვილის სამხედრო ოპერაცია შავი ზღვისპირეთში

1918 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება ბოლშევიკებს აფხაზეთშიც ებრძოდა. ქართულ საარმიო ნაწილებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მტერი ჯერ აფხაზეთში დაამარცხა, შემდეგ კი შეტევაზე გადავიდა და წითელი არმიის რაზმებს სოჭის ოლქიდან ტუაფსეს მიმართულებით დაახევინა. მაზნიაშვილთან ერთად აფხაზეთში მოქმედებდნენ სახალხო გვარდიის ნაწილები ვალიკო ჯუღელის მეთაურობით. 8 აგვისტოს გაზეთი „საქართველო“ სოხუმიდან მაზნიაშვილის მიერ გადმოცემულ დეპეშას აქვეყნებს, სადაც გენერალი სამხედრო მინისტრს ჩატარებული ბრძლების შესახებ ანგარიშს აბარებს. როგორც მაზნიაშვილი იტყობინება, 4 აგვისტოს ქართულმა ნაწილებმა მოწინააღმდეგეს დაასწრეს და სადგურ ბელორეჩინსკთან, რომელიც ტუაფსიდან 6 ვერსის მანძილზე იმყოფებოდა, შეტევაზე გადავიდნენ. მტრის მოწინავე რაზმმა ქართულ იერიშს ვერ გაუძლო და უკან დაიხია. შემდეგ ბრძოლა ბოლშევიკების ძირითად ნაწილებთან დაიწყო, რომელიც 4 ათას ჯარისკაცს ითვლიდა და მიხაილოვსკისა და მაიკოპის პოლკებისგან შედგებოდა.
ექვსსაათიანი შეტაკების შემდეგ ბოლშევიკები დამარცხდნენ. მოწინააღმდეგემ მოკლულებისა და დაჭრილების სახით ასობით ჯარისკაცი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა წითლების ჯავშანმატარებელი. ქართულმა არმიამ ხელში ჩაიგდო 2 ქვემეხი, 30-მდე ტყვიამფრქვევი, უამრავი საარტილერიო ჭურვი და ტყვია-წამალი. მტერი ისე გარბოდა, რომ მას საველე სამზარეულოებიც კი დარჩა მომზადებული სადილით.
ქართველების ხელში აღმოჩნდა ცხვრის ფარა, სურსათი და მთელი აღალი. 4 აგვისტოს მაზნიაშვილის შენაერთი სადგურ კრივენსკოვსკაიაში შევიდა, წინ კიდევ 5 ვერსით წაიწია და გზა არმავირამდე გაეხსნა.
ამ გამარჯვებას გაზეთი „საქართველო“ დიდ სტატიას უძღვნის, სადაც მაზნიაშვილს ბრწყინვალე და მამაც სარდალს უწოდებს. ამავე სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ ოსმალთა მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ შავი ზღვისპირეთში მიღწეული წარმატება უმნიშვნელოვანესია. ავტორი ირწმუნება, რომ სოჭისა და ტუაფსეს მიდამოები ისტორიულად ყოველთვის საქართველოსთან იყო დაკავშირებული და იმედს გამოთქვამს, რომ მაზნიაშვილის მიერ დაკავებულ ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ უპატრონებდა(!!!). მეტიც, გაზეთი ვარაუდობს, რომ მაზნიაშვილი ტუაფსით არ დაკმაყოფილდებოდა და საქართველოს ნოვოროსიისკსაც შემოუერთებდა. საიდან ჰქონდა სტატიის ავტორს ასეთი რწმენა და ოპტიმიზმი, გაუგებარია. გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 4 აგვისტო: „ჩვენმა ჯარმა გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით ტუაფსე აიღო. ჩვენ არ ვიცით შეჩერდა ძლევამოსილი სარდალი ამ ქალაქში, თუ კიდევ წინ წაიწევს გელენჯიკისა და ნოვოროსიისკისაკენ. ამიერკავკასიისა და იმიერკავკასიის გეოგრაფიული და ტოპოგრაფიული მიჯნა უფრო გელენჯიკის ნავსადგურია, ვიდრე ტუაფსე, ადმინისტრაციულად კი ძველი რეჟიმის დროს თვით ნოვოროსიისკიც ამიერკავკასიაში შედიოდა. თუ ჩვენი სახელმწიფო ყოფილი ამიერკავკასიის რესპუბლიკის კანონიერი მემკვიდრეა, შავი ზღვის გუბერნიას სხვა პრეტენდენტი არ უნდა ჰყავდეს, გარდა საქართველოს რესპუბლიკისა.
ასე თუ ისე, ტუაპსის დაჭერას თავის თავადაც შეუდარებელი მნიშვნელობა აქვს. ეს ერთი საუკეთესო ნავთსადგურთაგანია ჯიქეთ-აფხაზეთის სანაპიროზე. ამას გარდა ის წარმოადგენს ახლად დაწყებული რკინის გზის უმთავრეს პუნქტს, ამ დაუმთავრებელი რკინის გზის დაცვა კი ჩვენმა მთავრობამ იკისრა, ხოლო ეროვნულმა საბჭომ ერთი მილიონი გადასდო სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად.
დღესდღეობით, როცა ბათომის ბედი გამორკვეული არ არის, ბუნებრივად ორკეცდება ინტერესი სოჭისა, ტუაფსისა და ნოვოროსიისკისადმი. რასაკვირველია ჯიქეთ-აფხაზეთის რივიერა ვერასოდეს ვერ დაგვავიწყებს და აგვინაზღაურებს აჭარა-ქობულეთსა და შავშეთ-ლივანას; მაგრამ თუ ბათომის ოლქის ბედი ჩვენი მოლოდინისა და სამართლიანი მოთხოვნილების წინააღმდეგ ჩვენდა საზარალოდ გადასწყდა, მდგომარეობის სიმწვავე ცოტათი მაინც განელდება ჩრდილოეთ ნავსადგურებს შეძენით.
ისტორიულ საბუთებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ჩვენს რეალისტურ ხანაში. მაგრამ ეს საბუთებიც ამ შემთხვევაში ჩვენდა სასარგებლოდ ლაპარაკობენ. ზედმეტია სიტყვის გაგრძელება აფხაზეთის შესახებ. თვით ჯიქეთიც ყოველთვის საქართველოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული არა მარტო იმ შორეულ ეპოქაში, როცა საქართველო „ნიკოფსიით დარუბანდამდე ვრცელდებოდა“, არამედ შემდეგაც, როცა დიდი სამეფო შესუსტდა და მოიშალა“.
1918 წლის აგვისტოში შავი ზღვისპირეთში კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. ოსმალეთმა ახალი ათონის რაიონში ასკერთა სადესანტო რაზმი გადმოსხა და პროთურქულად განწყობილ აფხაზ დიდგვაროვნებთან ერთად ქართული საარმიო ნაწილების აფხაზეთიდან გაძევებას შეეცადა. 25 აგვისტოს ნომერში გაზეთი „საქართველო“ ამ ბრძოლის შესახებაც მოგვითხრობს. როგორც სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი იუწყებოდა, თურქ ასკერთა რაზმი თავს დაესხა სახალხო გვარდიის ნაწილს, რომელსაც პოზიცია ახალ ათონთან მდებარე მოქვის მონასტრის სიახლოვეს ეკავა. ქართველმა მებრძოლებმა მტრის შეკავება მოახერხეს, რის შემდეგაც დესანტი უკუიქცა. ბრძოლაში სახალხო გვარდიის 7 მებრძოლი დაიღუპა, ხოლო 14 დაიჭრა. ასკერებმა ბრძოლის ველზე მარტო მოკლულების სახით 55 კაცი დატოვეს.

შეიარაღებული ძალების შექმნა

13 აგვისტოს სხდომაზე ეროვნულმა საბჭომ საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტი მიიღო. ეს იყო უდიდესი სახელმწიფოებრივი აქტი, რომელიც ერთ-ერთი ქვაკუთხედი გახლდათ დამოუკიდებელი ქვეყნის შენების გზაზე.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 14 აგვისტო: „განა საჭიროა გამეორება იმის, რომ რეგულიარულ ჯარის არ მქონე არ არის სახელმწიფო? ამის გამოცდილება ჩვენ მივიღეთ იმ მოკლე დროში, რაც საქართველოს რესპუბლიკა არსებობს, როცა ვიწვნიეთ სირცხვილი ოსმალთაგან დამარცხების და როცა გააფთრებული ანარქია და შინაური მტრები ყოველ დღე უპირებენ გაქრობას რესპუბლიკას და ეხლაც დაუსჯელად აწყობენ ახალ აჯანყებებს საქართველოს სხვა და სხვა პროვინციებში.
თქმა არ უნდა ბოლშევიკების გამოსვლას და ხალხის აყოლებას გარდა პროვოკაციისა და სხვა მიზეზებისა, ისიც უწყობდა ხელს, რომ ხალხს ომით დაღლილს, ომი არ უნდოდა და ბოლშევიკებს სწორედ ომში ნამყოფი ძველი ჯარის კაცები მეთაურობდნენ _ მაგრამ როგორც არ უნდა იყოს საქმე _ ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მის არსებობისთვის აუცილებელია ჯარის შექმნა და ყოველივე ზომები უნდა იქმნეს მიღებული, რომ ეხლა მაინც ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს ჯარის შექმნის საკითხი“.
კანონპროექტით ჯარში სამსახურის ვადა ორი წლით განისაზღვრა. პირველ ჯერზე გაიწვევდნენ 20 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეებს. სავალდებულო სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ავადმყოფები და საშუალო სასწავლებლის მოწაფეები. ჯარში არ გაიწვევდნენ ქვეყნის მუსლიმ მოსახლეობას.
დაგეგმილი იყო 1896-1899 წლებში დაბადებული მოქალაქეების გაწვევა. კანონში არსებული განმარტებიდან ჩანს, რომ 1918 წლის დასაწყისში საქართველომ ჯარში 25 ათასი მოქალაქე გაიწვია, მაგრამ ტერიტორიების დაკარგვის გამო გასაწვევთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და კანონის მიღების დროს მთავრობა დაახლოებით 10-12 ათასი ადამიანის გაწვევას ვარაუდობდა.

კრიმინალი

საქართველოში გახშირდა ყალბი ფულის გავრცელება. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყნის ეკონომიკას ყალბი ფულის მჭრელები ბოლომდე ძირს უთხრიდნენ. ვრცელდებოდა როგორც ყალბი რუსული ფული, ასევე ადგილობრივი ბონებიც. საგარეჯოში სპეკულიანტებმა გლეხებს პურის შეძენისას ყალბი სამმანეთიანი ნომინალის ბონები მისცეს და დიდი რაოდენობით პური დასტყუეს. ამის შედეგად პურის ფასმა ქვეყანაში კიდევ უფრო მოიმატა.
ბოროტმოქმედები ისე გათავხედდნენ, რომ ყალბი ფულის ქარხანაც კი გახსნეს, რომელიც პირდაპირ გოლოვინის გამზირზე მოქმედებდა. ამის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 27 აგვისტოს ნომერში იტყობინება: „კვირას, 25 აგვისტოს, ღამის 11 საათზე და 15 წუთზე, გოლვინის პროსპექტზე, სასტუმრო „ბელვიეს“ გვერდით მყოფ კაფე „მარსის“ პატრონმა შეამჩნია, რომ გვერდით მყოფ ბიხოვის ხრომოლიტოგრაფიის სარდაფში, სწორედ კაფეს ქვეშ, საბეჭდი მანქანა მუშაობდა ღამე, ჩვეულების და საწინააღმდეგოდ. მას ეგონა, რომ დღისით ლიტოგრაფიის მომუშავეებს მანქანა არ შეეჩერებინათ და რადგანაც შეეშინდა, რომ რაკი უსაქმოდ მომუშავე მანქანა გახურდებოდა და ამიტომ მოსალოდნელი იქნებოდა უბედურება, გამოვიდა გარედ, დაუძახა მეზობლებს, რათა ჩასულიყვნენ სარდაფში და საბეჭდი მანქანა შეეჩერებინათ. ამავე დროს ლიტოგრაფიის პატრონთან, ბიხოვთან აფრინა კაცი დასაძახებლად. ამასობაში ტროტუარზე ხალხმა მოიყარა თავი.
ამ დროს გზად მიმავალმა ყოფილ დამცველ შტაბის უფროსის თანაშემწემ კოლა ყიფიანმა, სისხლის სამართლის მილიციის უფროსის ყოფილ თანაშემწე ნიკოლოზ შელიამ და მე-6 ნაწილის უფროსმა მილიციონერმა ტარიელაშვილმა ყურადღება მიაქციეს ამ მოვლენას და მიუახლოვდნენ ხალხს და როცა შეიტყვეს, რაში იყო საქმე, გადასწყვიტეს სარდაფში ჩასვლა. ამავე დროს მოვიდა თითონ ბიხოვი, რომელმაც კარი გააღო და ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად შიგ შევიდნენ. სარდაფში ჩასვლისას კიბეზე ბიხოვმა გამოურკვეველ მიზეზით რევოლვერი გაისროლა ერთხელ. შიგ რომ ჩადიოდნენ, მანქანა გაჩერდა. სარდაფში აღმოჩნდა 4 კაცი, რომელნიც მიწის თანაბრად გზისკენ გაკეთებულ რკინის ბადიან ფანჯრის ქვეშ დამალულიყვნენ. ეს პირნი გზის მხრიდან ამოიყვანეს მაღლა მას შემდეგ, რაც ფანჯრის რკინის ბადე აჰხადეს.
საბეჭდავ მანქანაზე აღმოჩნდა გამზადებული კლიშე ხუთ თუმნიან ბონების დასაბეჭდათ და უკვე დაბეჭდილი 50 მან. ბონები. სარდაფშივე იყო 4 დამზადებული კლიშე ხუთ თუმნიან ბონების ნახატის სხვა და სხვა ფერებითა და ფიგურებით. ბონების მბეჭვდელი აღმოჩნდნენ ვლადიმერ ჯიბლაძე, მე-3 კომისარიატის ყოფილი უმცროს მილიციელი ალექსანდრე საყვარელიძე, რომელიც როგორც გადმოგვცეს, ბონების სახელმწიფო ექსპედიციაში მუშაობდა, არტემ სადერჯანოვი და ზაქარია ხმალაძე. ყველა ესენი ბიხოვთან ერთად გაძლიერებული კონვოით მილიციის უფროსის სამმართველოში წაიყვანეს“.
როგორც გაზეთის სტატიიდან ირკვევა, მილიციამ ამოიღო 211 ფურცელი, თითოეულზე 11 ცალი ხუთთუმნიანი კუპიურით. სულ დაბეჭდილი იყო 116 ათასი ყალბი 50-მანეთიანი ბონი. ბონები არაფრით გამოირჩეოდა ნამდვილი კუპიურებისაგან, ხოლო მისი საბეჭდი კლიშე სპეციალური საშუალებით გადაღებული იყო ლიტოგრაფიის ქვაზე.
ყალბი ფულის მჭრელების შესახებ გაზეთი 21 აგვისტოს ნომერშიც იუწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ რაზმის უფროსს აცნობეს, რომ თბილისში არსებობდა კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ყალბ კუპიურებს ამზადებდა. მათი ცენტრი თბილისში მდებარეობდა, ხოლო კიდევ ერთი ჯგუფი ბორჯომში მოქმედებდა. ინფორმაციის გადასამოწმებლად განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე ფაჩულია ბორჯომში გაემგზავრა, სადაც მან მოქალაქე იოსებ ტორონაშვილი დააპატიმრა, რომელსაც 5 ათასზე მეტი ყალბი კერენსკის ფული აღმოჩნდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფაჩულიამ შემდეგ უკვე თბილისში მოქალაქე ალექსანდრე გაბელაია დააკავა, რომლის ბინიდანაც 11 ათასი კერენსკის ყალბი ფული ამოიღეს. გარდა ამისა, არტილერიის ქუჩაზე მილიციამ ამ ბანდის ყალბი ფულის საჭრელ დაზგასაც მიაგნო.

სახელმწიფოს სიმბოლიკა

1918 წლის აგვისტოში საქართველოში სახელმწიფო სიმბოლიკის შემუშავება დასკვნით ფაზაში შევიდა. ეროვნულ საბჭოში მსჯელობა მიდიოდა სახელმწიფო გერბის შესახებ. სოციალ-დემოკრატები კავკასიონის კლდეზე მიჯაჭვული ამირანის გამოსახულებას ემხრობოდნენ. მათი აზრით, ამირანი საქართველოს სულისკვეთების გამომხატველი იყო, რომელიც ცალი ხელით ჯაჭვისგან განთავისუფლებას ცდილობდა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას არ წყვეტდა. ამირანის ალტერნატივად წარმოდგენილი წმინდა გიორგის გამოსახულება სოციალ-დემოკრატებს მისი რელიგიური საწყისის გამო არ მოსწონდათ. საბოლოოდ, დავა პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა გადაჭრა. გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 24 აგვისტო: „პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა საუცხოვო ლექცია წაუკითხა ეროვნულ საბჭოს წევრებს საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიურ გამოხატულებაზე. პროფესორი ალბათ ჰგრძნობდა, რომ სოციალ-დემოკრატებს ყველაზე ძლიერ აფრთხობდათ რელიგიური მხარე საკითხისა, ამიტომ ეჭვის დაუბადებლად განმარტა თეთრი გიორგის თაყვანისცემის მიზეზები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არაფერი აქვს საერთო საეკლესიო წმინდანთან, რომ პირიქით, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა თეთრი გიორგის კულტის განმტკიცებას ქართველ ხალხში, როგორც წარმართობის ნაშთისას, მაგრამ ეკლესია ბოლოს იძულებული გახდა, დაეთმო ხალხის შეურყეველ სურვილისათვის. სოციალ-დემოკრატებს პროფესორმა განუმარტა, რომ ადვილი მოსახერხებელია თეთრს გიორგის მოვაცილოთ სახის ირგვლივ შარავანდედი, ხოლო შუბლზე ჯვარი და მაშინ სავსებით აღმოიფხვრება რელიგიური ჩანასახი საერთო სახელმწიფოებრივ ნიშანზე“.
საბოლოოდ, როგორც გაზეთი იუწყება, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ, საქართველოს გერბად თეთრი გიორგი 7 მნათობით აღიარა.
სახელმწიფო ღერბზე მუშაობის პარალელურად, აგვისტოში გაიმართა ჰიმნის შესარჩევი კონკურსიც. როგორც 18 აგვისტოს გაზეთი გვამცნობს, ქართველთა სამხედრო კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა კონკურსისთვის 11 ნაწარმოები მიიღო. ჰიმნის შემრჩევ კომიტეტში ქართველ სამხედროთა კავშირის გარდა ეროვნული საბჭოს ხელოვნების სექციის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. ჟიურის მიერ შერჩეული ჰიმნი მთავრობას უნდა დაემტკიცებინა, რის შემდეგაც ჰიმნი ოფიციალურად დაკანონდებოდა. გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 18 აგვისტო: „მოწონებული და დამტკიცებული ჰიმნი დაიბეჭდება და დაეგზავნება საქართველოს რესპუბლიკის მოკავშირეთა სახელმწიფოს და ნეიტრალურ მთავრობათ. ჰიმნები უკვე შესწავლილი აქვს ქართველთა სამხედრო კავშირის ქალ-ვაჟთა გუნდს, რომელიც გაძლიერებულია ამ შემთხვევისთვის 100 სულამდე“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ნომერში გამოქვეყნებულია კანონი, რომლის მიხედვითაც ქართული უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთდა. ამის შემდეგ უნივერსიტეტმა მიიღო ის სახელი, რომელსაც ის დღესაც ატარებს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „ა) ცნობილ იქმნას ქართული უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად და დაერქვას მას „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
ბ) ყოველ წლიურ სახელმწიფო ხარჯთ-აღრიცხვაში შეტანილ უნდა იქმნას განსაზღვრული თანხა უნივერსიტეტის შესანახად. ამა 1918 წელს მიეცეს ტფილისის უნივერსიტეტს, თანახმად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვისა _ 289,966 მანეთი და 3 აბაზი.
ტფ. უნივერსიტეტს უფლება აქვს მოძღვართ-მოძღვრობის ანუ დოქტორის სამეცნიერო ხარისხისათვის უნივერსიტეტთან დატოვებული ან გარეშე მოსული გამოსცადოს და უკეთუ შესატყვისს ცოდნას გამოიჩენს, წარდგენილ დისერტაციის ფაკულტეტში განხილვისა და ჯერ ფაკულტეტშივე, ხოლო შემდეგ საჯაროდაც დაცვის ღირსეულად ცნობის შემდგომ, მოძღვართ-მოძღვრობის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭოს“.
შემდეგ კანონში წერია, რომ უნივერსიტეტში სწავლა ორივე სქესის იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც მიღებული აქვთ საშუალო განათლება. გარდა ამისა, კანონი სტუდენტთა ფინანსურ საკითხსაც განმარტავს, რომლის მიხედვითაც სტუდენტი უნივერსიტეტის სასარგებლოდ ყოველ სემეტრში, უნივერსიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ გადასახადს იხდიდა.
31 აგვისტოს ნომერში გაზეთი უკვე უნივერსიტეტის განცხადებას აქვეყნებს, სადაც მკითხველს ახალი სასწავლო წლის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამ განცხადებაში ვხვდებით ფაკულტეტების ჩამონათვალს და სტუდენტთა მიღების საერთო წესს:
„უკვე არსებულ სიბრძნის მეტყველების (საისტორიო-საფილოლოგო) ფაკულტეტს ენკენისთვიდან ემატება სამათემატიკო, საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები.
სტუდენტებად მიიღებიან: 1) ყოველგვარი ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში კურს დამთავრებულნი, 2) ყოველგვარი ტიპის საშუალო სასწავლებლებში კურს დამთავრებულნი: ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, რელიგიური, საკომერციო, სამიწისმზომლო და სააგრონომო, საეპარქიო და წმ. ნინოს სასწავლებლები, სამასწავლებლო და ქალთა ინსტიტუტები, კადეტთა კორპუსი, სასულიერო სემინარიები მართლმადიდებელთა (ათი კლასი) და გრიგორიანელთა და სამასწავლებლო სემინარიები (1918 წელზე უფრო ადრე კურს დამთავრებულნი მხოლოდ სიბრძნის-მეტყველების, საპედაგოგო და საფსიქოლოგო დარგზედ მიიღებიან).
სტუდენტად ჩასარიცხავად საჭიროა: 1) თხოვნა უნივერსიტეტის გამგეობის სახელობაზე უნდა აღნიშნული იყოს ფაკულტეტი და მთხოვნელის მისამართი, 2) მოწმობა განათლების ცენზის შესახებ და 3) მეტრიკული მოწმობა.
სწავლის ფული ყველასთვის (სტუდენტებსა და მსმენელთათვის) სემესტრში (ე. ი. ნახევარი წლისა) ათი თუმანია, რომელიც თხოვნასთან ერთად უნდა იქმნეს შემოტანილი. უნივერსიტეტის კანცელარია ღიაა საღამოს 6 საათამდის, გარდა კვირა-უქმეებისა. თხოვნის მიღება ენკენისთვის ბოლომდე; სწავლის დაწყება ოქტომბრის 1-ს“.

თბილისის ამბები

დაბოლოს, დედაქალაქის ამბები. როგორც ჩანს, იმ დროის თბილისის ქუჩებში სრული განუკითხაობა და ანარქია სუფევდა. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანთ ორ შემთხვევას, რომელიც ქალაქის სანიტარიულ მდგომარეობასა და ქუჩაში წესრიგს ეხება.
გაზეთ „საქართველო“. 1918 წლის 23 აგვისტო: „ამ უკანასკნელ დროს ღამე კაცს ვერ დაუძინია, განსაკუთრებით ქალაქის განაპირა უბნებში. ავლაბარში მაგალითად კაბგუროვის ქუჩაზე მთელი ღამე არღნის ჭიჭყინი და მთვრალთა ღრიანცელია. ეს ლოთი და უსაქმური ფაიტონებით დაბრძანდებიან ღამე, მეარღნე თან დაჰყავთ და უწესრიგობით და თავხედობით თავს აბეზრებენ მშვიდობიან მცხოვრებთ. საჭიროა ბოლო მოეღოს ამ უწესობას“.
ეს ინფორმაცია კი უკვე ანტისანიტარიას ეხება.
30 აგვისტო: „წყნეთის ქუჩაზე ორი დღეა გდია აყროლებული ცხენის ლეში, რომელსაც ძაღლები ჰღრღნიან. ახლო-მახლო აუტანელი სიმყრალეა. ქუჩის ბავშვები ლეშთან თავს ირთობენ და ჯოხებით ეთამაშებიან მძორს. ვინ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება?“

მიხეილ ბასილაძე