შეიცავს თუ არა ომის მუქარას მედვედევის განცხადება?

„ქრონიკა+“ ესაუბრება პარლამენტის წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ქალბატონ სალომე სამადაშვილს:
_ ათი წელი გავიდა იმ ომიდან, რომლის დაწყებაშიც საქართველოს ადანაშაულებს ის პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს პრეზიდენტობის „დამოუკიდებელ“ კანდიდატად წამოაყენა თავი. ის რომ მართლაც დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს და მხოლოდ ფორმალურად არ იწოდებოდეს ასე, ალბათ, არც იქნებოდა საგანგაშო, რადგან მისი გამარჯვების შანსები მინიმალური იქნებოდა, ახლა კი, როცა იგი, ფაქტობრივად, სახელისუფლებო კანდიდატია, თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს ერთად _ ადმინისტრაციულ რესურსს, გაყალბებასა და ა. შ. არის დიდი შანსი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ის, ვინც ომის დაწყებაში საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა?
_ მხოლოდ ზურაბიშვილი არ ადანაშაულებდა და არ აკისრებდა საქართველოს პასუხისმგებლობას 2008 წლის ომზე, ეს იყო ხაზი, რომელსაც ატარებდა მთლიანად „ქართული ოცნება“ და ის კოალიცია, რომელიც 2012 წელს შექმნა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ამ კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტი იგივეს ლაპარაკობდა და საქართველოს აკისრებდა პასუხისმგებლობას 2008 წლის ომზე. მიიჩნევდნენ, რომ პოლიტიკურად ასე იყო მომგებიანი მათთვის. ამ პოზიციას აფიქსირებდნენ დაუფარავად. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და საქართველოსთვის ძალზე სახიფათოა, როდესაც ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკოსები (მათ შორის ისინიც, რომლებიც მზად არიან გახდნენ პრეზიდენტი და დაიკისრონ მთავარსარდლის ფუნქცია), რომლებიც მზად არიან, თავისი სახელმწიფოს ინტერესები გაწირონ საკუთარი პოლიტიკური ამბიციების, პირადი წყენებისა და ბოღმის გამო. დიახ, წყენებისა და ბოღმის გამო! ყველას კარგად გვახსოვს: ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციაში წავიდა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს. თუ მისთვის მიუღებელი იყო ის, რაც მაშინდელ ხელისუფლებაში ხდებოდა, კი არ უნდა მოეხსნათ, თავად უნდა წასულიყო პოსტიდან.
როდესაც თანამდებობიდან მოხსნილი პირი მეორე დღეს ოპოზიციაში მიდის, მისი ეს ნაბიჯი განპირობებულია პირადი წყენით, ბოღმით და საერთო არაფერი აქვს პრინციპულ პოზიციასთან. სალომე ზურაბიშვილი სწორედ ასეთი, ბოღმით მოქმედი პოლიტიკოსის თვალსაჩინო მაგალითია.
_ აგვისტოს ომის ათი წლისთავზე საკმაოდ საგანგაშო განცხადება გააკეთა რუსეთის პრემიერმა მედვედევმა: განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
_ მედვედევის ეს განცხადება, ჩემი აზრით, აჩვენებს იმას, რომ რუსეთი ძალიან აშკარად და ღიად, ძალიან დიდ ფასს ადებს საკუთარ პოზიციას ირანთან და სირიასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საუბარი იყო ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე და რუსეთი აშშ-სთან ისეთ საკვანძო საკითხებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ, როგორიცაა ირანი და სირია, აშშ-სგან მოითხოვს, ვაშინგტონმა უარი თქვას ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერაზე. როგორც ჩანს, რუსულმა მხარემ ეს დაპირება ვერ მიიღო და ვფიქრობ, სწორედ ამის მაჩვენებელია მედვედევის ეს განცხადება, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ძვირი დაუჯდება.
_ ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ომის მუქარა?
_ ჩვენ ვიცით, რომ 2008 წლის ომი რასაც მოჰყვა, ეს იყო პასუხი ბუქარესტის სამიტზე, როდესაც დაფიქსირდა, რომ საქართველო ნატო-ს წვერი ქვეყანა გახდებოდა, მაგრამ არ მიეცა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. რუსეთმა ჩათვალა, რომ სწორედ ეს იყო შესაძლებლობების ფანჯარა, რომ ემოქმედა და დაენაწევრებინა ქვეყანა, რათა ხელი შეეშალა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ასე რომ, ომის ათი წლისთავზე ამის განაცხადი მედვედევის მხრიდან, არის კიდევ ერთი შეხსენება, თუ რატომ მოხდა 2008 წლის ომი და განსაკუთრებით საინტერესოა ამ ფონზე საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც ამ ომს საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ქვეყანას ჯიუტად აბრალებს.
_ პუტინისა და ტრამპის შეხვედრამ დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჩვენშიც. თქვენ რა შთაბეჭდილება შეგექმნათ, როდესაც ეცნობოდით ინფორმაციებს ამ შეხვედრის შესახებ?
_ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა მიგვაჩნდეს, რომ, რატომღაც, ჩვენი საკითხი ან ამ რეგიონის საკითხი არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი მსოფლიოს რუკაზე. ეს ასე არ არის. აშშ-ს საკუთარი ინტერესები დივერსიფიცირებული აქვს, სხვადასხვა ინტერესი აქვს მსოფლიოში და ყოველი კონკრეტული პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავისი პრიორიტეტები აქვს. კონკრეტულად ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტული, პირველ რიგში, ირანისა და სირიის, ასევე ჩრდილოეთ კორეის საკითხებია და ამ მიმართულებით მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიცია.
_ ანუ ჩვენ არ ვართ ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტი?
_ იმისთვის, რომ პრიორიტეტული იყო რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, არსებობს ორი შესაძლებლობა: ერთი არის თავისთავად ასე მოხდეს, გაგიღიმოს ბედმა, რომ ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტები უკავშირდებოდეს შენს რეგიონს, შენს ქვეყანას და მეორე ეს გახლავთ _ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ლობირება და იმის მოხერხება, რომ შენ აღმოჩნდე ამ პოლიტიკურ დღის წესრიგში და პრიორიტეტებში. ვფიქრობ, ყველასთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგი არ მოიცავდა ამ რეგიონს, მაგრამ, მეორე მხრივ, რა გააკეთა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველო რაღაცნაირად მოქცეულიყო ამ პრიორიტეტებში? ამ დღის წესრიგში? ამ თვალსაზრისით, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერაფერს ვერ და არ აკეთებს, იმიტომ რომ მას არ აქვს არანაირი კავშირები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შენ რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინო პოლიტიკურ პროცესზე. 2012 წლამდე პერიოდში ბიძინა ივანიშვილი არ იშურებდა არაფერს, უამრავი კონსულტანტი ჰყავდა დაქირავებული და უამრავ ფულს ხარჯავდა მაშინდელი ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. დღეს რატომ არ ხარჯავს იგივე რესურსებს, თუნდაც, ვაშინგტონში ჩვენი ინტერესების ლობირებისთვის? სად არიან ის გავლენიანი მოკავშირეები, რომლების მოსაპოვებლადაც ივანიშვილი არანაირ რესურსებს არ იშურებდა, როდესაც ეს მის პირად ინტერესებს შეეხებოდა? დღეს საქართველოს ინტერესების ლობირებისთვის ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, არანაირი რესურსები არ იხარჯება. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას, რომელსაც მართავს ოლიგარქი, რომლის პირადი ინტერესები არის ერთი და ამ ქვეყნის ინტერესები არის სხვა. ოლიგარქიულ ქვეყნებში მთელი რესურსები სწორედ ოლიგარქის პირადი ინტერესების ლობირებაზეა მიმართული და სახელმწიფოს ინტერესები გვერდზე რჩება.
დღეს საქართველო არ წარმოადგენს პრიორიტეტს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, მისი უშუალო გარემოცვისთვის. ეს ეხება ტრამპსა და მის გარემოცვას და არა აშშ-ს ოფიციალურ ისტებლიშმენტს, რაშიც მოიაზრება ამერიკის კონგრესი, სენატი, მთელი დიპლომატიური ბიუროკრატია, ასევე თავდაცვის მიმართულებით. აქ, ვფიქრობ, გასული 20 წლის მანძილზე საქართველომ საკმარისად მყარი სტრატეგიული კავშირები შექმნა საიმისოდ, რომ მაინც მივიღოთ დივიდენდები და ვხედავთ კიდეც, რომ მოდის ასეთი დივიდენდები, მაინც წინ მიდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ეს არის მისასალმებელი, ეს არის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი.
_ როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს? დამეთანხმებით, რომ საზოგადოებაში ერთგვარი სკეფსისია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდება თუ არა რომელიმე ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება ამ საარჩევნო კანონმდებლობისა და გაყალბების, საერთოდ ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
_ ვფიქრობ, რომ ეს, ისევ და ისევ, ამომრჩევლის აქტიურობაზეა დამოკიდებული. ცხადია, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსიც აქვს და სხვა ბერკეტებიც, მაგრამ მას გაყალბების საშუალებას, პირველ რიგში, სწორედ ის აძლევს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის მობილიზაცია ვერ ხერხდება საარჩევნო ურნებთან. არჩევნებზე, საარჩევნო ურნასთან ყველა უნდა მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს იმიტომ, რომ არჩევნების პროცესის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება შედის სწორედ ხელისუფლების ინტერესებში. არჩევნებზე მობილიზებულად უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და სწორედ საზოგადოებრივი აქტივობა იქნება ის, რაც ხელისუფლებას შესაძლებლობას არ მისცემს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ადეკვატურად არ დაფიქსირდეს.
_ გაყალბების გარდა საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ აქტივობას, ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ პრეზიდენტის უფლებები საგრძნობლად შეკვეცილია და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს ეჭვი უჩნდება: რომც გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა, შეძლებს კი ამ შეზღუდული უფლებებით რაიმეს რეალურად შეცვლას ამ ქვეყანაში?
_ ამ არჩევნებზე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორედ ეს ქმნის შემდგომში ხელისუფლების შეცვლისა და ჩანაცვლების საფუძველს, რა თქმა უნდა, ისევ არჩევნების გზით. 2012 წლის შემდეგ ხედავთ, რა ტენდენციაცაა, _ არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ძალაუფლება. მათ მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგილობრივ დონეზე ყველგან განიმტკიცეს ძალაუფლება. ამდენად, ეს არჩევნები იმით კი არაა მნიშვნელოვანი, რა ფუნქციები აქვს და არ აქვს პრეზიდენტს, არამედ იმით, რომ შეიქმნას „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხების პრეცედენტი. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ: თუ უნდათ, რომ მომავალში რამე შეცვალონ, ახლა არის სწორედ ის მომენტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოვიდნენ და ხმა მისცენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.
_ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა თავად ბრძანა, არაა მომხრე „ოცნებამ“ კანდიდატი წამოაყენოს, საზოგადოებაში მაინცაა ერთგვარი მოლოდინი, რომ ბოლო მომენტში „ქართული ოცნება“ წამოაყენებს კანდიდატურას, თუნდაც იგივე ბიძინა ივანიშვილს. თქვენ რას ფიქრობთ, გამორიცხავთ მოვლენების ამგვარ განვითარებას?
_ არ ვიცი, არ მიყვარს მარჩიელობა. ვნახავთ, რასაც იზამს. შემიძლია გითხრათ, რას ვიზამდი, „ქართული ოცნების“ ადგილზე რომ ვიყო _ აუცილებლად დავაყენებდი პარტიულ კანდიდატს. არ მესმის და არ ჯდება პოლიტიკურ ლოგიკაში ის, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში არ დააყენა კანდიდატი. მმართველმა პარტიამ უნდა დააყენოს კანდიდატი და იბრძოლოს მისი გამარჯვებისთვის, ესაა პოლიტიკური თამაშის წესებები და არა რაღაც ხრიკებით ფონს გასვლა, რომ არ დააყენებ კანდიდატს და მხარს დაუჭერ ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს. ვიცით, როგორც მთავრდება ასეთი ხრიკები, ეს პასუხისმგებლობის აღრევას იწვევს. არსებობს მმართველი პოლიტიკური პარტია? კეთილი ინებოს ამ პარტიამ და დაასახელოს თავისი კანდიდატი. არჩევნებისგან ამ რაღაც ხრიკებით თავის დაძვრენა სისუსტის მაჩვენებელიცაა.
_ ქალბატონო სალომე, როგორ ფიქრობთ, რა იყო ძირითადი მიზეზი, რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე?
_ ყველა პარტიას საკუთარი, სხვადასხვა ინტერესი აქვს. ვფიქრობ, ერთი მხრივ, რთული წარმოსადგენი იყო თვითონ მექანიზმი, როგორ მოხდებოდა შეჯერება სხვადასხვა პარტიას შორის, გარდა ამისა, მეორე მხრივ, ჩემთვის გასაგებია, რომ პარტიებისთვის არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და ბევრს მიაჩნია, რომ პარტიამ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი უნდა დაასახელოს, თუნდაც იმიტომ, რომ პარტიის აქტივის მობილიზაცია მოახდინოს, ხელი შეუწყოს პარტიის განვითარებას და მზადებას შემდგომი არჩევნებისთვის. შესაბამისად, მათ, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ცხადია, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის გამარჯვების გაცილებით მაღალი შანსი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შევჯერდებოდით და არ მოხდებოდა პირველ ტურში ხმების დანაწილება რამდენიმე ოპოზიციურ კანდიდატს შორის. სამწუხაროა, რომ ეს ასე ვერ მოხდა.
_ ვერ მოხდა ეს, მაგრამ გაფორმდა თავდაუსხმელობის მემორანდუმი თქვენსა და „ევროპულ საქართველოს“ შორის, რომელიც დადებისთანავე დაირღვა. როგორ ფიქრობთ, იმუშავებს ეს მემორანდუმი თუ დარჩება ქაღალდზე?
_ შემიძლია პირადი აზრი გითხრათ… მას შემდეგ, რაც პარტიები ვერ შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე, ჩემი აზრით, ასეთი მემორანდუმის გაფორმება, უბრალოდ, არარეალისტურია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ შეუძლებელია, სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა წამოაყენოს თავისი კანდიდატი და საარჩევნო პერიოდში მხოლოდ ტკბილად და მეგობრულად ესაუბრონ ერთმანეთს, ეს ეწინააღმდეგება კონკურენციას, თვითონ პოლიტიკური პროცესის ბუნებას. თუ საუბარი იმაზეა, რომ ამ პოლიტიკურ კონკურენციაში ორივე მხარემ გარკვეული ეთიკური ჩარჩოები უნდა დაიცვას, ეს გასაგებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური შეჯიბრის პროცესში მოწინააღმდეგე მხარეებმა არ აკრიტიკონ კონკურენტები, ჩემი აზრით, ცოტა გაუგებარი რამაა. თუ მთელ ოპოზიციას ეყოლებოდა ერთი კანდიდატი, ისედაც შედეგი დადგებოდა და მსგავსი შეთანხმება გასაგებიც იქნებოდა, კონტექსტშიც იმუშავებდა, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში, ვფიქრობ, მისი შესრულება გართულდება.
_ გამომდინარე ყველაფრიდან _ საარჩევნო კანონმდებლობიდან, გაყალბების ხარისხიდან, ადმინისტრაციული რესურსებიდან, ელექტორატული განწყობებიდან, ოპოზიციური ხმების გათიშვიდან, როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა გრიგოლ ვაშაძეს შანსი, გახდეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?
_ თუ შევხედავთ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, რაც დარჩა მას ახალი კონსტიტუციით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საგარეო პოლიტიკის ფრონტია და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას გამოადგება და ესაჭიროება ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ცოდნა, ხედვა და შეუძლია, რომ ღირსეულად წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძე უდავოდ ძალიან ძლიერი კანდიდატია და, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი ამას დაინახავს. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტს ხშირად უწევს არბიტრის როლის თამაში და ამ თვალსაზრისითაც გრიგოლ ვაშაძე ძლიერი კანდიდატია. დამეთანხმებით, რომ იგი უფრო დიპლომატიური განწყობის ადამიანია და პოლიტიკური აზროვნების წესის თვალსაზრისით არ განეკუთვნება რომელიმე რადიკალურ დაჯგუფებას. რაც შეეხება მის შანსებს, მოგეხსენებათ, საზოგადოების დაკვეთა იყო ოპოზიციური ფრონტის გაერთიანება. გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია. მას მხარს უჭერენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ტრადიციულად მხარს არ უჭერდნენ იგივე „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ მწვავე ოპონენტები იყვნენ. დღეს ამომრჩეველთა უმეტესობა გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რომელსაც არ აქვს იდეოლოგიზებული ხედვა არც ერთი მიმართულებით, არც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არიან და არც _ „ქართული ოცნების“. ვფიქრობ, ვაშაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია სწორედ იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც სურს, ღირსეული ადამიანი იხილოს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ არ არის მკაცრად იდეოლოგიზებული პოლიტიკური თვალსაზრისით.

რეზო შატაკიშვილი