„იგრძენი მომავალი“, თუ იგრძენი უსამართლობა?!

საქართველოში არის ადგილი, სადაც კეთილგანწყობის კონტროლს გასწავლიან… შესაძლოა, ბევრი ადგილი გაგახსენდეთ, მაგრამ ნაკლებად ისეთი დიდი ორგანიზაციის ქოლ-ცენტრი, როგორც „საქართველოს ბანკია“.

დღეს იმ ახალგაზრდებზე უნდა გიამბოთ, რომლებიც სწავლის პარალელურად ისეთ სტრესულ გარემოში მუშაობდნენ, სადაც დეპარტამენტის უფროსთან შეხვედრა შიშის ზარს სცემდათ, რადგან ნებისმიერ საკითხზე მის ოთახში შესვლისას უნდა ესაუბრათ ისე, თითქოს დამნაშავეები იყვნენ.
რიტორიკაც ეს იყო _ ისაუბრე ისე, თითქოს დამნაშავე ხარ. ნუ გადადიხარ თავდაცვაზე, შენ არ ხარ მართალი!
გასულ კვირას საქართველოს ბანკის ქოლ-ცენტრის რამდენიმე ოპერატორი 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შედეგად გაათავისუფლეს. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, რომ არა ერთ-ერთი განთავისუფლებული თანამშრომელი, რომლის შეფასებებიც უმაღლესია და მომსახურების სისწრაფეც ძალიან მაღალი.
იგი ახალგაზრდა, მაგისტრატურის 23 წლის სტუდენტი, ბექა ჯავახიშვილი გახლავთ, რომელმაც გადაწყვიტა, არ გაჩუმდეს და ბანკს შესაბამისი პასუხი მოსთხოვოს იმაზე, თუ რატომ დაითხოვეს სამსახურიდან ასეთი კარგი მონაცემების მიუხედავად?
ბექა „ქრონიკა+“-თან ყვება იმ მოპყრობასა და დამოკიდებულებაზეც, რაც ხელმძღვანელებს თანამშრომლების მიმართ აქვთ:

ბექა ჯავახიშვილი:
„ნოემბერში გასაუბრებაზე მივედით, 3 თვის მანძილზე სტაჟირება გავიარეთ და უკვე თებერვალში გამოსაცდელი ვადით ამიყვანეს სამუშაოდ. აგვისტოს ბოლოს 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა მიმთავრდებოდა და ხელშეკრულება უნდა გაგრძელებულიყო, მანამდე გვაკვირდებოდნენ, კვირის ბოლოს ჩვენს მუშაობას აფასებდნენ, გვეუბნებოდნენ, რა უნდა გამოგესწორებინა და ა. შ. ჩემი შეფასების ფოტოებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ დონეზე ვასრულებდი საქმეს. ისეც კი ხდებოდა, რომ როდესაც გეგმა 2310 ზარი იყო, რეალურად, განხორციელებული მქონდა 2989 ზარი(!)… მომსახურების უმაღლესი ხარისხისა და სისწრაფის მიუხედავად, მაინც არ გამიგრძელეს ხელშეკრულება, თან ისე, რომ არც ამიხსნეს ამის მიზეზი.
გასულ სამშაბათს სამსახურის შემდეგ უფროსის კაბინეტში დამიბარეს, იქ კი უფროსმა მითხრა: ამ გამოსაცდელი 6 თვის მანძილზე შენს მუშაობას ვაკვირდებოდით და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ხელშეკრულებას არ გაგიგრძელებთო. როცა მიზეზი ვკითხე, მარტივად მომიგო: დამსაქმებელს აქვს უფლება, რომ ხელშეკრულება არ გაგიგრძელოს!
რელურად, 19 აგვისტომდე გაქვს ხელშეკრულება დადებული, მაგრამ შეგიძლია, ხვალიდან აღარ მოხვიდე სამსახურში, საშვი დატოვე და წადიო. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის გამაოგნებელი იყო! იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ გავაკეთე, რაც იქ გავწიე, შეფასებებისა და ზარების ოდენობის დაფიქსირების შემდეგ, ახსნის გარეშე გამომიშვეს სამსახურიდან.
საინტერესო იყო ისიც, რომ საკუთარი სურვილითაც კი დავრჩენილვარ სამსახურში, როცა ზარების ოდენობას ოპერატორების რაოდენობა ვერ აუდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახალ კოორდინატორს მადლობაც კი უთქვამს ამისთვის, რადგან ჩემი კეთილი ნება დაინახა, ძველი კოორდინატორი აშკარად უარყოფითად იყო ჩემ მიმართ განწყობილი და გაფრთხილებაც კი დამიწერა იმისთვის, რომ კომპანიას ვეხმარებოდი. გაფრთხილებაში კი ჩაწერა, რომ მე ზეგანაკვეთურად ვმუშაობდი და სხვის რესურსებს ვიყენებდი…
იმაზე აღარ ვსაუბრობ, თუ რამდენად არ მოსწონდათ იქ, როდესაც თანამშრომლები ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები ვიყავით. რამხელა შეურაცხყოფას აყენებდნენ თანამშრომლებს, თუ რამე შეეშლებოდათ ან ვინმეს რამეს ჰკითხავდნენ.

მახსოვს, მომხმარებელი მყავდა ძალიან უცნაური კითხვით, რომელზე პასუხიც, როგორც შემდეგ გაირკვა, სტაჟიან თანამშრომლებსაც კი არ ჰქონდათ, არათუ მე. ამიტომ არ ვიცოდი, რა მეპასუხა. კოორდინატორი კი იმისთვის არის, რომ დაგეხმაროს, როცა ამის საჭიროებაა. მომხმარებლის კითხვით ჯგუფის უფროსთან შევედი და რჩევა ვკითხე, თუ რა მეპასუხა მომხმარებლისთვის. მან კი სხვა თანამშრომლებთან გამაგზავნა და იმათ ჰკითხეო, მითხრა. მას შემდეგ, რაც გაფრთხილება დამიწერა სხვისი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვუთხარი, _ ამ კონკრეტული კითხვით როცა თქვენთან ვიყავი მოსული და სხვასთან გამაგზავნეთ, მაშინ ეგ არ იყო სხვისი რესურსის, ცოდნის გამოყენება-მეთქი?! ამ ამბის განხილვა გვქონდა ჩვენი ქოლ-ცენტრის მთავარ უფროსთან. იქაც მე დამადანაშაულეს, _ შენ თუ რამე არ იცი, თავად უნდა გაგერკვია და ეს შენი პრობლემააო! ზუსტად ასე მითხრა უფროსმა.
ზოგმა შეიძლება იფიქროს, თუ ასეთი გარემო იყო, რატომ არ წამოვედი იქიდან და რატომ გავჩერდი ამდენ ხანს, მაგრამ ეგრე მარტივად არ არის საქმე. როდესაც სამი თვის მანძილზე უხელფასოდ სტაჟირებაზე დადიხარ, 6 თვის მანძილზე მუშაობ, ვიღაცის გამო რატომ უნდა წავიდე სამსახურიდან?! გარდა ამისა, 23 წლის ვარ, ვსწავლობ ილიაუნში მაგისტრატურაზე მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლის ფულს ვიხდიდი, ახლა სამსახური არ მაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს სამუშაო სტრესული იყო, იმდენად მქონდა ალღო აღებული, რომ ძალიან მაგრად ვმუშაობდი. გეგმას გადაჭარბებით ვასრულებდი და კმაყოფილი მომხმარბლების რაოდენობაც ძალიან მაღალი იყო ჩემს შემთხვევაში. სისტემა ისეთი აქვთ, რომ როცა გირეკავენ, შეუძლიათ დააფიქსირონ პრეტენზია და მადლობა. როცა პრეტენზიას გიწერენ, თვის ბოლოს შეფასების 20% გაკლდება და ბონუსს გიკორექტირებს, მოვლენ, გაგაფრთხილებენ, დაგსტრესავენ და როცა მომხმარებელი მადლობას დააფიქსირებს, მაგას აზრი არ აქვს, არავინ არაფერს გეუბნება…
6-თვიანი კადრი ვარ, ხედავ ჩემს შესაძლებლობას, მუშაობას, სამსახურიდან მიშვებ და ამ დროს, პარალელურად, ვაკანსია გაქვს გამოცხადებული იმავე პოზიციაზე, რაზეც ვიყავი. იმას ხომ დამატებითი რესურსი სჭირდება, სტაჟირება, ტრენინგები. ვერ ვხსნი ჩემი განთავისუფლების მიზეზს. მაგრამ იქნებ, უღირთ, რომ 6 თვის მანძილზე ახალმოსულს 440 ლარი გადაუხადონ ფიქსირებულად. ჩემთვის რომ გაეგრძელებინათ ხელშეკრულება, მაშინ 760 ლარის გადახდა მოუწევდათ. არადა, ხომ ფაქტია, რომ ჩვენ, უკვე გამოცდილები, უკეთ მოვემსახურებით მომხმარებელს, ვიდრე ახალმოსული?!
ვიცი, რომ ბევრი გაათვისუფლეს ასე და ვიღაცამ „საქართველოს ბანკსაც“ მიმართა, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
ის მახარებს, რომ წამოსვლის წინ ყველა თანამშრომელს შეტყობინება დავუტოვე, დავემშვიდობე და ჩემი სათქმელი ვთქვი. საპასუხოდ კი ბევრისგან ჩუმად მივიღე წერილი იმ შინაარსით, რომ მათი სათქმელიც ვთქვი და უხარიათ, რომ ეს გავაკეთე. ვიცი, რომ ხელმძღვანელობაც წაიკითხავდა ჩემს ბოლო სიტყვას.
ნებისმიერ შემთხვევაში, თავადაც რომ არ მოგაწოდონ ინფორმაცია და თვითონ იყვნენ დამნაშავეები, გეტყვიან, _ შენ საკუთარ დანაშაულს ვერ ხვდები, თავს იმართლებო.
ხომ ნათელია, რომ ქოლ-ცენტრის ოპერატორი უნდა შეფასდეს ორი მთავარი ფაქტორით _ რამდენად ხარისხიანად ემსახურება მომხმარებელს და რამდენად სწრაფად. რაოდენობა და ხარისხი!
თუკი ეს ყველაფერი კარგი აქვს, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს, რომ თანამშრომელი გაათავისუფლო და მით უფრო, ამ პოზიციაზე თანამშრომლების მიღება გამოაცხადო?!“

ირმა ბოლქვაძე 23 წლისაა, ისიც მაგისტრატურაზე სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბექას მსგავსად მასაც მოუწია სამსახურიდან წამოსვლა ისე, რომ მიზეზი და ახსნა არ მიუღია.
„ჩემს შემთხვევაშიც თითქმის იგივენაირად მოხდა ყველაფერი… იქ არსებულ სიტუაციას რაც შეეხება, მახსენდება ფაქტი, როდესაც სტაჟირების ერთი თვე გავიდა და უკვე დეპარტამენტის უფროსთან შევედით. ის საქმეზე საუბრის შემდეგ ამდენ ახალგაზრდას გვეუბნება, რომ ყოველდღე უნდა დავიბანოთ და ხშირად გავრეცხოთ ის ტანსაცმელი, რომელიც აქ, სამსახურში უნდა ჩავიცვათ, რადგან ამ სართულზე სუნი დგას და საჭიროა დაბანა! ეს ჩვენთვის სრული შოკი იყო!
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამხელა ორგანიზაციაში, დაწესებულებაში მიდიხარ სამუშაოდ და ყველაფერს აკეთებ, რომ ის შეინარჩუნო, არის მოლოდინი იმისა, რომ რადგან დიდი კომპანიაა, უპატივცემლოდ არ მოგექცევიან და შენს უფლებებს არ შელახავენ. არადა, აბსოლუტურად პირიქით აღმოჩნდა!
თუ რომელიმე ხელმძღვანელს წინააღმდეგობა გაუწიე ან საკუთარი აზრი დააფიქსირე, მაშინვე დამნაშავე ხარ. არადა, ხომ გაქვს უფლება, რამე თქვა და საკუთარი პრინციების წინააღმდეგ არ წახვიდე?! აქ ადამიანის უფლებებზეა საუბარი.
გარდა ამისა, იყო მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც თანამშრომლებს უყვიროდნენ. მეც შემემთხვა მსგავსი რამ, როდესაც რთულ მომხმარებელთან დარეკვა დავაგვიანე… მაშინ ჩემი ხელმძღვანელი მოვარდა და პატარა ბავშვივით მიყვიროდა!
როცა ამდენი ტიპის მომხმარებელთან გიწევს მუშაობა, თავისთავად სტრესულია ეს ყველაფერი, თუმცა არის რაღაცები, რის გამოც უნდა გიღირდეს მუშაობა და ჯგუფის უფროსებს ის ფუნქცია უნდა ჰქონდეთ, რომ გაგამხნევონ, სტიმული მოგცენ… ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ სტრესულ გარემოში, რაც, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არ ყოფილა. ერთადერთი, რისთვისაც ვმუშაობდით, ეს იყო ფული.
მე 23 წლის ვარ და თსუ-ში ვსწავლობ მაგისტრატურაზე. როცა სამსახური იმად გიჯდება, რომ 3 თვის მანძილზე სტუდენტმა სრულიად უსასყიდლოდ იარო ტრენინგებზე, გაიარო სტაჟირება, ასეთ სტრესულ გარემოში იყო და თან ისწავლო, ამავდროულად, ბინის ქირა იხადო, ამხელა ორგანიზაცია იმდენს მაინც უნდა აკეთებდეს, რომ გიხსნიდეს, თუ რატომ დაგითხოვეს! ამხელა რესურსი და ენერგია ხომ წყალში ჩავყარეთ?! მათ ერთი კარგი რამეც არ უთქვამთ ჩვენთვის. რასაც ვაკეთებდით, იმის 70% თვითონ ვისწავლეთ, რადგან მათი ტრენინგები და სტაჟირება ნამდვილად არ იყო ისეთი კარგი, რომ ყველაფერი გვესწავლა.
იქაურობა რაღაც სტალინის პერიოდის სტრუქტურას ჰგავდა: უფროსთან გამოძახება, შეყვანა, ხმამაღლა საუბარი, ყვირილი, იმის თქმა, რომ შენ არ გაქვს არც კითხვების დასმის და არც თავის მართლების უფლება. სხვა საკითხზე გადავლენ და შენს სულ სხვა სისუსტეს გაგახსენებენ, აზრი არ აქვს გაპროტესტებას ან რამის თქმას.
ჩემი იქ ყოფნა პირველივე დღიდან საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ წასვლა იყო და ერთი სული მქონდა, იქიდან წამოვსულიყავი. უბრალოდ, იქ არიან ადამიანები, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ფული, ოჯახი უდგათ უკან ან უკვე ასაკოვნები არიან და სხვა შანსი არ აქვთ… ჩვენ ვიბრძვით არა იმისთვის, რომ უკან დაგვაბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“.

„ქრონიკა+“ ამავე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელსაც ესაუბრა, რომელმაც 2 თვის წინ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური და დღეს ამერიკაშია.
სოფო რეხვიაშვილიც იმავე პირობებზე საუბრობს, რაზეც ირმა და ბექა:

„მე სამსახურში 2015 წლის ნოემბერში მივედი და 2 თვის წინ ჩემი სურვილით წამოვედი იქიდან, რადგან ამერიკაში ვარ სასწავლებლად და სამუშაოდ.
გეტყვით, რომ იქ სულ ქაოსი და სტრესული მდგომარეობაა, მაგრამ ამას კიდევ აიტან, მთავარი ისაა, რომ თვითონ მენეჯერი ისეთ მეილებს გვწერდა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდით, თითქოს ხან ტილებისგან უნდოდა, რომ დავეცავით, ხანაც დაბანისკენ მოგვიწოდებდა ყველას, არადა, იქ არავინ მინახავს დაუბანელი.
ელემენტარული შეცდომაც რომ დაეშვა ვინმეს, შეიყვანდა დეპარტამენტის უფროსი თავის კაბინეტში და სულ წივილ-კივილი გამოდიოდა იქიდან.
ინტერიერი არ ნიშნავს ყველაფერს!
2017 წლის საუკეთესო ოპერატორი ვიყავი, მაგრამ ამას ჩემი აზრი არ შეუცვლია. მე პირადად არავინ შემხებია, რადგან იმდენად მჭირდებოდა მაშინ სამსახური, რომ ზედმეტს არ ვლაპარაკობდი. მაგრამ მინდა, ვინც იქ დარჩა, იმათ მაინც უწევდეთ ნორმალურ გარემოში მუშაობა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრი კოორდინატორია, რომელიც არაპროფესიონალია, ელემენტარულიც კი შეიძლება არ იცოდეს, უბრალოდ მენეჯერის მიერ მიყვანილი და დანიშნული პირები გახლავთ. ზოგჯერ ისეთი თანამშრომლებიც დაუწინაურებიათ, საერთოდ ვაკანსია რომ არ გამოცხადებულა მათ პოზიციებზე. პარალელურად, ძალიან ბევრი და კარგი თანამშრომელია, რომელიც დღემდე არ ვიცით, რატომ გაუშვეს… ძალიან კარგი იქნება და მინდა, რომ ეს ყველაფერი გადამოწმდეს“.

ახალგაზრდებმა უკვე მიმართეს გაერთიანებულ პროფკავშირებს და ამ კვირაში შეხვედრაცაა ჩანიშნული.

მანამდე კი „ქრონიკა+“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროფკავშირების იურისტ თამარ სურმავას ესაუბრა:

„2006 წლის შრომის კოდექსით, რომელიც 2013 წელს გაუქმდა, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა, ცალმხრივად მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ თუ დამსაქმებელი გადაწყვეტდა, რომ უბრალოდ შეეწყვიტა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება, შეეძლო ასე მოქცეულიყო.
2013 წლის შრომის კოდექსის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის, რომ დამსაქმებელს აღარ აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ცალმხრივად, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ინიციატივით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლში ჩამოწერილია საფუძვლები და დამსაქმებელს მხოლოდ ამ საფუძვლების შედეგად აქვს უფლება, დამსაქმებელს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.
გარდა ამისა, შრომის კოდექსი ითვალისწინებს დასაქმებულის წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობას. მაგალითად, პირდაპირაა კოდექსში მითითებული გარემოება, რომ თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება იმის გამო, რომ ე. წ. რეორგანიზაციას აქვს ადგილი ან კვალიფიკაცია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, ამ პირობებში დამსაქმებელს შეუძლია შეუწყვიტოს ხელშეკრულება, თუმცა 3 კალენდარული დღით ადრე თუ გააფრთხილებს მას, ამ შემთხვევაში 2 თვის კომპენსაცია უნდა მისცეს დასაქმებულს, ხოლო თუ 30 დღით ადრე, მაშინ ერთი თვის კომპენსაცია. იმას, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს საფუძვლის გარეშე შეუწყვიტოს ხელშეკრულება, დღევანდელი კოდექსი არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლებს, როგორიც არის ვალდებულებების უხეში და არაერთგზისი დარღვევა, ამ შემთხვევის გარდა, დანარჩენ შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ აცნობოს დასაქმებულს და მიუთითოს საფუძვლები.
წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გარანტირებულია, ასევე, ევროპის სოციალური ქარტიის შესაბამისი მუხლით, რომელიც ჩვენ რატიფიცირებული გვაქვს.
განსხვავება ამ ძირითადი საფუძვლებისა არის ერთადერთი, გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შემთხევვაში, ანუ კანონში მითითებულია, რომ გამოსაცდელი ვადით ხელშეკრელბის შემთხვევაში დამსაქმებელს აქვს უფლება, დასაქმებულს შეუწყვიტოს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, თუმცა ნორმის შინაარსიდან და სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას და ეს ხდება სრულყოფილად, კარგად და დამსაქმებელსაც ეს პოზიცია სჭირდება (ასაყვანი ჰყავს კადრი), ასეთ შემთხვევაშიც ხელშეკრულების შეწყვეტისას აუცილებელია მიზეზის მითითება!
ანუ ის განმარტება, რომ გამოსაცდელი ვადის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დამსაქმებელს შეუძლია გაათავისუფლოს დასაქმებული, არ არის სწორი და ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ დმსაქმებელს მაინც აქვს ვალდებულება, მიუთითოს მიზეზი.
განსხვავება, ამ დროს, ხელშეკრულების შეწყვეტასა და 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლების დროს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას შორის არის ის, რომ მტკიცების ტვირთი პირველ შემთხვევაში უფრო ძლიერია. გამოსაცდელი ვადის შემთხვევაში შეიძლება იმ ოდენობით მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს არ დაეკისროს. ძირითადი განსხვავება ეს არის.
საერთაშორისო კანონმდებლობაც იმას მიუთითებს და განმარტავს, რომ თუ გამოსაცდელ ვადაში ხდება იმის შემოწმება და გამოვლენა, შეესაბამება თუ არა სამუშაოს შესრულება განთავისუფლებულ დასაქმებულს, ფაქტებით კი დასტურდება, რომ ნამდვილად კარგად შეუძლია და თანაც, დამსაქმებელს სჭირდება ამ პოზიციაზე კადრი, მაშინ კონკრეტული თანამშრომლისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა გაუგებარი და დაუსაბუთებელი მიზეზის გამო არ არის სწორი.
ჩვენ ამ კვირაში გავესაუბრებით ამ ახალგაზრდებს და აბსოლუტურ, დეტალურ კონსულტაციას გაივლიან ისინი. სამართლებრივი თვალსაზრისით, უნდა მოხდეს გასაჩივრება და სასამართლოსთვის მიმართვა. ბუნებრივია, გასაჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდენის ანაზღაურების მოთხოვნა“.

„ქრონიკა+“-მა კითხვებით მიმართა „საქართველოს ბანკსაც“, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კეთილგანწყობის მიუხედავად, პასუხები შემდეგ კითხვებზე მაინც ევრ მივიღეთ:

1) რა მიზეზით განთავისუფლდა სამსახურიდან გამოსაცდელი ვადით აყვანილი ბექა ჯავახიშვილი და ანალოგიურ კითხვაზე რატომ მიიღო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან არა კონკრეტული, არამედ შემდეგი სახის პასუხი:
„დამქირავებელს აქვს უფლება, დაქირავებულს აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება“, _ ეს მაშინ, როდესაც 2013 წლის შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია (გამოსაცდელი ვადის შემთხვევაშიც კი(!), მინიმუმ, განთავისუფლების მიზეზი აუხსნას ისეთი შეფასების მქონე თანამშრომელს, როგორიც ბექა ჯავახიშვილი იყო (გადაჭარბებითაც კი ასრულებდა ნორმებს და ამის სქრინები აქვს). თან ეს მაშინ, როცა იმავე პოზიციაზე კვლავ თანამშრომლების მიღებაა გამოცხადებული.
2) ადასტურებთ თუ არა იმ ფაქტს, რომ ხელმძღვანელობისა და ახალ თანამშრომლებთან პირველი შეხვედრის დროსაც კი ხდება საუბარი ბანაობის სიხშირეზე, ტანსაცმლის რეცხვის ინტენსივობასა და ტილების მომრავლებასთან დაკავშირებით (“ამიტომ ხშირად უნდა დაებანათ”), რასაც თანამშრომლები ცალსახად შეურაცხყოფად აღიქვამენ?
3) ადასტურებთ თუ არა თანამშრომლების მისამართით ყვირილს და ამ ფორმით მათი დასჯის ფაქტებს?

„საქართველოს ბანკისთვის“ გაგზავნილ წერილში ყურადღება გამახვილებული იყო იმაზეც, რომ თანამშრომლებთან განსაკუთრებულად უტაქტო და უხეშ მოპყრობაში არაერთმა ახალგაზრდამ დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, ეკატერინე ბექაურზე მიუთითა.
სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წერილს რეაგირება არ მოჰყოლია…
საბოლოოდ, რა შედეგს გამოიღებს ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვა და ამით გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა „საქართველოს ბანკის“ ქოლ-ცენტრში, ამას უახლოეს მომავალში აქტიური ნაბიჯების გადადგმის შედეგად გავიგებთ.

ნინო ტაბაღუა