რა ხდება თსუ-ს აკადემიურ პერსონალში და რატომ ბლოკავენ მაღალკვალიფიციურ კადრებს?

უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელია მთელ კავკასიაში, დღეს იმდენად გაუგონარი ფაქტები ხდება აკადემიურ წრეებში, რომ შესაძლოა, დაჯერებაც კი გაგიჭირდეთ!

მოგეხენებათ, გასული თვის ბოლოს უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის კათედრაზე ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა, სადაც 4 ადგილი იყო თავისუფალი და ორჯერ მეტი კანდიდატი მონაწილეობდა. საპროტესტო ტალღა იმ ამბავს მოჰყვა, რომ კომისიამ მაღალკვალიფიციური კადრები უნივერსიტეტის მიღმა დატოვა და ეს იმდენად აშკარა გახლდათ, რომ, ცოტა არ იყოს, უხერხულობა და სირცხვილიც კი უნდა ეგრძნოთ კომისიის წევრებს, თუმცა, როგორც ჩანს, მსგავსი არაფერი მომხდარა!
გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კარი მოუხურეს ისეთ კადრებს, როგორებიც არიან ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია და თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია.
ემზარ ჯგერენაიას უდიდესი წვლილი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარი მიმართულების განვითარებაში, სტუდენტების აღზრდა-დასაქმებასა და ბოლოდროინდელი ბლუმბერგის ფინანსური ბაზრების ლაბორატორიის ჩამოყალიბებაში, რომელიც თავიდან ბოლომდე უშუალოდ ემზარ ჯგერენაიას ხელმძღვანელობითა და დიდი ძალისხმევით 2016 წელს შეიქმნა უნივერსიტეტში. მსგავსი ლაბორატორიის ანალოგი აღმოსავლეთ ევროპაში მხოლოდ კაუნასის უნივერსიტეტშია, დასავლეთში კი მხოლოდ ისეთ უნივერსიტეტებს აქვთ, როგორიცაა იელის უნივერსიტეტი, კასის ბიზნესსკოლა, მასაჩუსეტსისა და სხვა მსგავსი დონის უნივერსიტეტები.
„ქრონიკა+“-თან საუბარში ეკონომიკის ექსპერტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მსგავსი საქციელი იმ ადამიანებს აწყობთ, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე თანამდებობა უჭირავთ და ამით სერიოზულადაც ითბობენ ხელს. ის სასამართლოში აპირებს საქმის გაგრძელებას, რადგან უფლება არ აქვს, სტუდენტებსა და საზოგადოებას იმედები გაუცრუოს.

ცალკე შეშფოთებას გამოთქვამენ სტუდენტები, რომელთა თქმითაც, ამგვარი გაუგონარი შემთხვევა ნამდვილად აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია…

მაკა ღანიაშვილი _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი:
„როგორც ემზარ ჯგერენაიას სტუდენტი (ბატონი ემზარი მასწავლიდა მაგისტრატურის საფეხურზე და ამჟამად ჩემი სადოქტორო თემის ხელმძღვანელია), გაოგნებული და შოკირებული ვარ იმ ფაქტით, რომ ასეთ პროფესიონალს, თავისი საქმის უზომო მცოდნეს და მოყვარულს, სტუდენტებისთვის თავდადებულ ადამიანს უხურავენ უნივერსიტეტის კარს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ფაქტია.
საქართველოში ბევრს არ შეუძლია სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლა და ძვირადღირებულ კერძო უნივერსიტეტებში თანხის გადახდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თსუ ასპარეზი იყოს ისეთი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ დასაქმებაზე ორიენტირებული, ხარისხიანი განათლების მიღება ხელმისაწვდომ ფასად. ყველა იმსახურებს ხელმისაწვდომ და ხარისხიან განათლებას, რომლის უზრუნველყოფასაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვერ შეძლებს კვალიფიციურ ლექტორებზე უარის თქმით, დღეს კი სწორედ მსგავსი სავალალო რეალობის წინაშე ვდგავართ.
ჩემ ირგვლივ სტუდენტების პოზიციაც ასეთია, ძალიან ბევრი აღშფოთებულია და უკმაყოფილებას გამოხატავს. მათ სურთ, ლექციებს უკითხავდეს ისეთი კვალიფიციური ლექტორი, როგორიც ბ-ნი ემზარია.
მინდა მჯეროდეს, რომ აყველაფერი ასე არ დამთავრდება და იმედს ვიტოვებ, ასეთი შავი ფურცელი უნივერსიტეტის ისტორიაში არ ჩაიწერება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ემზარ ჯგერენაიას მსგავსად კონკურსში დაბლოკეს და მის მიღმა დატოვეს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა, ვახტანგ ჭარაია, რომელსაც უამრავი საერთაშორისო სტიპენდია აქვს მოპოვებული, თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებთან, როგორებიც არის სავალუტო ფონდი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ჰარვარდის ბიზნესსკოლა და ა. შ. ამას გარდა, იგი სავალუტო ფონდის ერთადერთი სტიპენდიანტი იყო საქართველოდან. აგრეთვე ის ერთადერთია ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ეთანამშრომლება, ეს უკანასკნელი კი ყოველწლიურად აქვეყნებს რეიტინგებს მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოზე და აქ სწორედ ვახო ჭარაიაა მათი ადგილობრივი კონსულტანტი.
საინტერესოა, რატომ და რის საფუძველზე „დაიწუნა“ ამგვარი ახალგაზრდა დეკანის მიერ არჩეულმა საბჭომ და, ამავდროულად, ისიც ხომ პარადოქსია, რომ თავისივე არჩეული კომისიის წინ კონკურსში დეკანიც მონაწილეობდა.

საკუთარი შემთხვევის დეტალებს ვახო ჭარაია გვიყვება:

„კომისიაში 7 წევრი მყავდა, რომელთაც შემაფასეს. აქედან ორმა ადამიანმა მე მომცა ხმა, დანარჩენი 5-ის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია, რადგან იმაზე მეტი საბუთის წარდგენა, რაც მე შევძელი, ძალიან რთულია(!) _ ეს იყო დიპლომ-სერტიფიკატების ნაკრები. გარდა ამისა, გასაუბრებაზეც ძალიან კარგად გამოვედი. ყველა თავს მიქნევდა, მართალი ხარო, მეუბნებოდნენ და ბოლოს ჩამიწერეს: წინააღმდეგი. იმიტომ კი არა, რომ რამეს ვერ ვუპასუხე (ასე რომ ყოფილიყო, ამას ოქმში ჩამიწერდნენ), არამედ იმიტომ, რომ ასეთი სისტემა და განწყობაა მათ წრეში _ „ახალი ადამიანის“ მიღება კატასტროფულად არ უნდათ! ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ყველა მათი კონკურენტია (დღეს შეიძლება სხვისი კონკურენტი ვარ, ხვალ მათი ვიქნები) _ ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ეს სისტემა როგორ უნდა დაინგრეს, არ ვიცი!
სტრუქტურას რაც შეეხება, გეტყვით, რომ კომისია ადგენს ფაკულტეტს, ფაკულტეტი კი კომისიაში ყოველთვის ისეთ ადამიანს შეიყვანს, რომელიც იცის, რას გააკეთებს. გარედან ვერანაირად შეაღწევ ამ სისტემაში, რომ შეცვალო.
კომისია თავად დეკანმა ჩამოაყალიბა, მან წარადგინა ყველა წევრი, პროცედურულად აკეთებს ამას და სრული უფლებამოსილება აქვს, ეს გუნდი დააკომპლექტოს _ ამაში გასაკვირი არაფერია იმ წესებიდან გამომდინარე, რაც დამკვიდრებულია, თუმცა იგი ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში არმყოფი პირების ინტერესებს და მათ შორის იმათ ინტერესებსაც, ვინც მათთან არ არის გაერთიანებული. თან ისეთი შემთხვევა ვიხილეთ, რომ დეკანი თავადაც კანდიდატი იყო(!).
ყველა კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმებს რომ შეხედოთ, გაგიკვირდებათ _ არც ერთი შეაფასეს მათი აქტივობის რაოდენობრივი და არც ხარისხობრივი ასპექტის მიხედვით. ე. ი., როცა მსოფლიო მასშტაბების პროექტებში ვმონაწილეობ, ამას არავინ მიფასებს და მიწერენ, რომ რაღაც მეთოდების გაზომვა არ შემიძლია!!! რა აბდაუბდაა! რა მეთოდების გაზომვასა და შეფასებაზეა საუბარი, როცა ტოპორგანიზაციების თანამშრომელი ვარ ჩემს სფეროში, მათთან ერთად ვმუშაობ! ეს ყველაფერი, უბრალოდ, გაუგებარია!
ჩემ გარდა კონკურსის მიღმა დარჩენილთა რიგებში კიდევ რამდენიმეა, მათ შორის, ემზარ ჯგერენაია, დათო ნიჟარაძე. ბ-ნი ემზარის საქმიანობაზე არაფერს ვიტყვი, ყველამ კარგად იცის, რასაც წარმოადგენს და რა გაუკეთებია უნივერსიტეტისთვის, დათოს კი 10 წელზე მეტია, პედაგოგიური სტაჟი აქვს, ახალგაზრდაა და განვითარებაზე ორიენტირებული. სწორედ ასეთ ადამიანებს იშორებენ და გაურკვეველი მიმართულების მქონენი შეჰყავთ.
ამ ამბავზე, თითქოს, ყველას გული შესტკივა. პირად საუბრებში ყველა მეუბნება, კარგი ხარ, შენნაირი არავინ გვყავსო და ყოველ კონკურსზე შედეგი არის უარყოფითი! როგორ შეიძლება, ეს ორი რაღაც ხდებოდეს _ ყველაზე მაგარი ვიყო კონკურსში და უეჭველი ვიბლოკებოდე?!
აქ კიდევ ის ამბავია, რომ მე ჰარვარდის ბიზნესსკოლის პროექტი ჩამოვიტანე. საქართველოში მათი ლექციებით უნდა მესწავლებიანა სრულად, ჰარვარდიდან უნდა ჩართულიყვნენ პროფესორები და მათაც წაეკითხათ ლექციები ჩვენი სტუდენტებისთვის _ ეს არ მაპატიეს! მიიჩნიეს, რომ თავზე გადავახტი და ისეთი რაღაც გავაკეთე, რაც მათ არ გაუკეთებიათ, ეს მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა! იმის მაგივრად, რომ გამამხნევონ, _ მიდი, მეტი გააკეთე და არ დანებდეო, ყოველ გაკეთებულ საქმეზე ზურგში დანას მირტყამენ.
სასამართლოს აუცილებლად მივმართავ, მაგრამ პროცესები წლობით იწელება. არც მე ვარ უსაქმური, რომ ამ სასამართლოს მივდიო და არც თსუ-ში საქმიანობაზე ვარ დიდად დამოკიდებული, რომ სისხლის უაკანასკნელ წვეთამდე ამ საქმეს შევალიო თავი, მაგრამ სამართლიანობა უნდა აღვადგინო!
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინც აიყვანეს, იმათ კვალიფიკაციაზე ნაკლები საბუთები ნამდვილად არ მქონდა, თუ არა უკეთესი! კონკურენტი 4-დან 1 ადგილი მაინც გარანტირებულად უნდა ყოფილიყო ჩემი, რბილად რომ ვთქვათ.
ვიღაცას თუ არ მოვწონვარ, შეუძლია, სახლში არ დამპატიჟოს, მაგრამ უნივერსიტეტი ყველასია, საჯაროა, სახელმწიფოა და საუკეთესოებისაა, არა იმ პროფესორების, რომლებიც ახლა მანდ არიან. ისინი ისე უდგებიან საქმეს, გეგონება, მათი სახლი იყოს თსუ, მათი აშენებული და კერძო _ ვისაც უნდათ, შეუშვებენ და ვისაც არ უნდათ, _ არა. ამ გადმოსახედიდან უყურებენ, რაც ცალსახად არასწორია!
არც დაუნახავი ვარ და არც უზრდელი, არც უაზროდ ამბიციური, არც ვინმეს ბოღმა მახრჩობს და არც ვალდებულება მადევს ვინმეს წინაშე! ვარ თავისუფალი, პროგრესზე ორიენტირებული პიროვნება!“
მომხდარი ფაქტის შემდეგ იგი არჩევნების სამართლიანობაზე სასაუბროდ უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთანაც მივიდა, თუმცა რექტორატში უთხრეს, რომ კონკურსებთან დაკავშირებით რექტორი არავის იღებს.
ვახტანგ ჭარაიასვე თქმით, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი ავტორიზაციის ჰოლანდიელმა ექსპერტმა (ჯგუფის უფროსი) 1-კვირიანი დაკვირვების შედეგად დასკვნა დადო, რომ უნივერსიტეტს 10 წელიწადში არ ეყოლება ახალი თაობა და რომ ის უფსკრულისკენ მიექანება. 35 წლამდე აკადემიური თანამდებობის პირების რაოდენობა უნივერსიტეტში 5%-ს არ აღემატება!
საინტერესო გახლავთ ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესურის შესარჩევ კონკურსში ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო ასევე გასული წლის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროფესურის შესარჩევი კონკურსის შედეგებიც, რომლის მერეც თსუ-ში აკადემიური კონკურსის მიღმა დატოვეს ისეთი მაღალკვალიფიციური პროფესორი, როგორიც დალი ოსეფაშვილია, რომელმაც აკადემიური კონკურსი 3-ჯერ გაიარა, 17 წლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში, ძალიან ხშირად მონაწილეობს უცხოეთში კონფერენციებში, იმარჯვებს კვლევით თუ სასწავლო სტიპენდიებსა და გრანტებში, კონფერენციებზე მოხსენებით გამოდის ჰარვარდში, ოქსფორდში, პრაღაში, მიუნხენში, ბრიუსელში და ა. შ., მიწვეული პროფესორის სტატუსით კვლევებს ატარებდა მიჩიგანში, მიუნხენში, ვილნიუსსა და ა. შ., აქვს საზღვარგარეთ სწავლების გამოცდილებაც (ჰელსინკის, ვროცლავისა და მასარიკის უნივერსიტეტებში).

დალი ოსეფაშვილი „ქრონიკა+“-ს თავის შემთხვევაზე მოკლედ ესაუბრა:

„მგონია, რომ ასე სუბიექტური დამოკიდებულებების გამო მოიქცნენ. ძნელი სათქმელია და შორს წავალ, დეტალებზე რომ ვისაუბრო, თუმცა ფაქტია, რომ კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანს გარეთ ტოვებენ. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში და ასეა ეკონომისტების შემთხვევაშიც: ემზარ ჯგერენაიას, ნინო პაპაჩაშვილის, ვახო ჭარაიას… კიდევ რამდენიმე ფაქტია ასეთი.
ჩემს შემთხვევაში, იქამდეც მეკავა პროფესორის პოზიცია. აკადემიური კონკურსი 3-ჯერ გავიარე, თსუ-ში პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი, უცხოეთში სწავლებისა და კვლევის გამოცდილებაც მაქვს და, ამ დროს, უცებ, ჩემი მიმართულების კომისია უარს მეუბნება! ეს იყო სრულიად გაუგებარი და აუხსნელი ფაქტი, თან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე! არანაირი მოტივი არ ყოფილა იმისი, რომ ეს ყოველივე განემარტათ. შემაჯამებელ ოქმში არაფერი ეწერა. ეკონომისტების შემთხვევაში ოქმში ყურით მოთრეული ფრაზები წერია, ძალიან აბსურდული რაღაცები, მაგრამ ჩემთან ესეც კი არ იყო!
ამას ვაპროტესტებდი და პასუხს ვითხოვდი, თუ რატომ მითხრეს დაუსაბუთებელი უარი, ვითხოვდი კომისიის შეცვლას. პირველი აპელაციის პროცედურების გავლის შემდეგ უნივერსიტეტმა ოქმი არ დაამტკიცა და იმავე კომისიას მოსთხოვა დასაბუთების წარმოდგენა. ამის შემდეგ დაწერა კომისიამ დასაბუთება სამარცხვინო მიზეზებით, 6 პუნქტი ჩამოთვალეს, რომლებზედაც კონტრარგუმენტებით ვუპასუხე მეორე აპელაციაზე. სააპელაციო კომისიაზე განსხვავებული აზრიც დაფიქსირდა კომისიის ერთი წევრის მიერ, რომელმაც სრულიად გაიზიარა ჩემი პოზიცია.
ჩემს შემთხვევაში გასაუბრებაზეც კი აგდებული დამოკიდებულება იყო ყოველივე ინგლისურის მიმართ და მეტიც, პრეტენზიებიც კი ჰქონდათ ჩემთან იმაზე, თუ რატომ მაქვს ამდენი კონფერენცია და გამოქვეყნება საზღვარგარეთ: „შენ, ალბათ, სტუდენტებსაც ინგლისურად სთხოვ მასალებს“, _ ეს ტონი ძალიან გამაღიზიანებელი იყო! მერე კი, საერთოდ, სააპელაციო კომისიამ ოქმში ჩამიწერა „მარგალიტი ფრაზები“, რომ რუსულ ენას აგდებულად მოვიხსენიებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი, რადგან ვამბობდი, რომ ინგლისურად უნდა მეკვლია უცხოეთში, აბა, რუსულად ხომ არა…
საქმე ისე წავიდა, რომ თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ საბოლოოდ არ დაამტკიცა ეს ოქმები და მეტიც, არადამაკმაყოფილებლად შეაფასა საკონკურსო კომისიის მუშაობა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ უნივერსიტეტმა, ფაქტობრივად, მაინც მე დამაზარალა, ფსევდოსამართლიანობა „აღადგინა“, ანუ არ დაამტკიცა შედეგები და ოქმები, მაგრამ ვაკანსია ღიად დატოვა. ამით ჩემი უფლებები უხეშად დაირღვა, ამიტომაც მივმართე სასამართლოს და განხილვას ველოდები. ისეც მოხდა, რომ ჩემი საქმის მოსამართლე დაინტერესებული მხარის, სააპელაციო კომისიის ერთ-ერთი წევრის ძალიან ახლობელი ადამიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ, ეს მოსამართლე ავიცილეთ. მას შემდეგ სხდომა აღარ ყოფილა. ახალ მოსამართლესთან საქმის ჩანიშვნას ველოდებით.
ვფიქრობ, რომ თსუ-ს კომისიამ შეკვეთა შეასრულა!
ჩემს დროს მსგავსად მოექცნენ რუსუდან ვაშაკიძეს და ლაშა ტუღუშს ასოცრებული პროფესორების კონკურსში (მაგრამ ლაშა არ ყოფილა ამ მიმართულების პროფესორი, ის არის ინტერდისციპლინური დეპარტამენტის, კონფლიქტოლოგიის ასისტენტ-პროფესორია, მან არ გააპროტესტა ჟურნალისტებთან ჩატარებული კონკურსის შედეგები). რუსიკო კი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერი იყო, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროდიუსერ რეზი ჭიჭინაძით ჩაანაცვლეს. რუსიკო ამერიკაში იყო ერთთვიანი კვლევითი სტიპენდიით და ეს ამბავი რომ გაიგო, აღარც ჩამოვიდა… საბოლოოდ, ბრძოლის რეჟიმში ჟურნალისტიკის მიმართულების აკადემიურ კონკურსში მხოლოდ მე აღმოვჩნდი…
ვფიქრობ, რომ რაც ჩემ, ვახტან ჭარაიასა და ეკონომიკის ფაკულტეტის სხვა პროფესორების მიმართ ხდება, არის ბრძოლა პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანების წინააღმდეგ, ეს ძალიან სამწუხაროა. კომისიას ჩემთან პრეტენზია ჰქონდა სწორედ იმაზე, თუ რატომ ვიყავი განვითარებაზე ორიენტირებული პროფესორი, კოლეგებს რატომ არ ვუზიარებდი უცხოეთში მიღებულ ცოდნას, ინგლისურად რატომ ვაქვეყნებდი სამეცნიერო ნაშრომებს, კომისიას რატომ წარვუდგინე განსახილველად ინგლისურ ენაზე მომზადებული ნაშრომი, რატომ არ ვთარგმნე, რომ ამით სახელმწიფო ენას პატივს არ ვცემ, თურმე, და ისინი ვალდებულნი არ არიან, ინგლისური ენა იცოდნენ… მეტიც: მეორე სააპელაციო კომისიის სხდომაზე კითხვა დამისვეს, _ სნობიზმი ხომ არ არის, სტუდენტებს დასავლური სტანდარტებით რომ ასწავლი ჟურნალისტიკასო?!.“

საბოლოოდ, რეალურად ყველამ კარგად იცის, თუ ვის და რატომ „აწყობს“ ახალგაზრდა და პროგრესზე ორიენტირებული, სტუდენტებისთვის დასავლური ღირებულებების გამზიარებელი ლექტორების მოშორება უნივერსიტეტიდან, თუმცა ამის ხმამაღლა თქმას აზრი არ აქვს იქამდე, სანამ სრულიად ახალი სისხლი არ წამოვა დედაუნივერსიტეტის ისტორიაში.
სტუდენტები აღშფოთებულები არიან და სიმართლის მხარეს დგანან! ცალსახაა, რომ უნივერსიტეტი, პირველ რიგში, მომავალი თაობის ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს და არა კონკრეტული პიროვნებების კეთილდღეობაზე.
საწყენია, მაგრამ ფაქტია, უნივერსიტეტის აკადემიური შემადგენლობა დღეს ისე იმართება, რომ რექტორიც კი ერიდება კონკურსებზე ღიად საუბარს.

ნინო ტაბაღუა