არჩევნები 2018 – პრეზიდენტობის კანდიდატების შეფასება

უკვე 2018 წლის აგვისტოა და სამ თვეში საზოგადოებამ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. ცნობილია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ამბისთვის 39 136 784 ლარს დახარჯავს, საიდანაც არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 28 272 634 ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისთვის 1 002 300 ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება, რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებას, ამისთვის გათვალისწინებულია 7 619 000 ლარი.

საზოგადოებისთვის ცნობილია პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატები:

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქტიურად უარყოფს, ცხადია, რომ დამოუკიდებელ კანდიდატად წარმოდგენილი სალომე ზურაბიშვილი სწორედ მათი მხრიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში (თუმცა ვისთვის ან რისთვის სჭირდება მმართველ პარტიას ამგვარი „თამაში“, ეს თემა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს).
ცნობილია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატიც. გასულ თვეს დადასტურდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ათი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. მათ კოალიცია „ძალა ერთობაშია“ ჩამოაყალიბეს. ალიანსში გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „ახალი საქართველოსთვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ქრისტიან-კონსერვატიული პარტია, „ევროპელი დემოკრატები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „საქართველო ლიდერთა შორის“. მათ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინეს.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მათი კანდიდატი დავით ბაქრაძე გახლავთ.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ _ შალვა ნათელაშვილი.
„გირჩი“ _ ზურაბ ჯაფარიძე.
დავით უსუფაშვილი _ მან განაცხადა, რომ იგი არჩევნებზე უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

გამარჯვების ვის რა შანსები აქვს და რამდენად არის მომავალ არჩევნებში კანდიდატების წარმატება მათ პირად „მიღწევებზე“ დამოკიდებული? რამდენად მნიშვნელოვანია, თუ რომელი პარტია ან რესურსი დგას კანდიდატის უკან?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკური ელიტის სერიოზული კრიზისი გვაქვს როგორც პარტიული, ისევე პიროვნული კუთხით, ანუ არ არიან იმ ტიპის ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც ახალი იმედები გააჩინონ ან ნეიტრალურ ზონაში გასული ამომრჩევლის კონსოლიდაცია მოახდინონ და მეტ-ნაკლებად შეცვალონ ეს პოლიტიკური სტაგნაცია, რაც ქვეყანაში მიდის.
ასე რომ, ეს პიროვნებები, ვინც ვიცით, ყველა მიბმულია პარტიულ რესურსზე და იმდენ ხმას მიიღებენ, რამდენსაც მათი პარტიული რესურსი მოახერხებს და არა პიროვნული კაპიტალი(!) ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რომელ კანდიდატს აყენებს, ამით სურათი არ იცვლება _ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციისთვის.
ვხედავთ, რომ ამომრჩეველი უმრავლესობაში, ფაქტობრივად, არჩევანის გარეშეა დარჩენილი, ასეთი ტიპის არჩევნები არის ნეგატიური არჩევნები, როდესაც ამომრჩეველი მასობრივად ან არ მიდის არჩევნებზე, ან თუ მიდის, იმდენად არ ენდობა, რომ მზად არის, ერთჯერადად გაიყიდოს, ანუ ერთჯერადად გადაუგდოს ვინმეს ხმა და გაიყიდება იმაზე, ვინც უფრო მეტს „გადაუხდის“ (გადახდაში კი, მაინც და მაინც, ფული არ იგულისხმება). გაიყიდება იმაზე, ვინც მეტ სიკეთეს შესთავაზებს არა მომავალში, არამედ დღესვე. ერთადერთი, ვისაც ასეთი სიკეთის შეთავაზება შეუძლია, არის ხელისუფლება, მას თავისი რესურსებიდან გამომდინარე აშკარა უპირატესობა აქვს, შესაბამისად, სერიოზულ კონკურენციას არ ველოდები. შეიძლება გარკვეულ ვითარებაში გარკვეულ სიტუაციაში მეორე ტურში გადავიდეს პროცესი, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც დღეს გაკოტრებულ ოპოზიციას შეუძლია.
დღეს ამომრჩევლისთვის საერთოდ არ არის საინტერესო არც ვინმეს პროგრამა, არც ვინმეს ლამაზი თვალები. ის არავის ენდობა, არ სჯერა, რადგან 1000-ჯერ გადაგდებულია ბრჭყვიალა დაპირებებით.
დღეს არ არის ისეთი პოლიტიკური ლიდერი ან პარტია, რომელიც ნდობას და ახალ იმედს გააღვიძებდა ამომრჩეველში და მოახდენდა ალტერნატული, კონკურენტული პოლიტიკური ცენტრის ფორმირებას _ ასეთი არავინ არის!
_ ვინც უნდა წარადგინოს მმართველმა პარტიამ, თუნდაც ის ცალსახად პრორუსული განწყობის იყოს, მაინც გაიმარჯვებს?
_ რა თქმა უნდა! ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გასაგებია, რომ ხელისუფლება არ უყვარს ამომრჩეველს დღეს, მაგრამ ასევე არ უყვარს ოპოზიცია, არ ენდობა, პატივს არ სცემს არსებულ პოლიტიკურ ელიტას, აქედან გამომდინარე, ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ეს ოპოზიცია არაფრით უკეთესი არ იქნება. ამიტომ მე, როგორც ამომრჩეველი, ან სახლში დავჯდები, ან თუ წავალ, გადაიხადეთ წინასწარ და გადმოგიგდებთ ხმას _ ეს დამოკიდებულებაა… გადახდის ფორმა კი სხვადასხვაა. მაგ.: ბუნებრივი აირი შემოგვიყვანე, წყალი გამიყვანე, გზა დამიგე, რაღაც მომიწესრიგე, ვიღაც დამისაქმე და ა. შ. ჩვენ ახლა იმ დონის არჩევნები გვაქვს, სადაც არც პროგრამები, არც ლამაზი რიტორიკა და კამპანიის ხარისხი, პრინციპულად, არანაირ გავლენას არ ახდენს.
_ სალომე ზურაბიშვილზე რას იტყვით?
_ სალომე ზურაბიშვილს თავისი ცოდვა ეყოფა, ახლა პრეზიდენტობაც რომ დავუმატოთ. მე სკეპტიკურად შევხედავდი მის პრორუსულობას. მას აქვს გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პრორუსია, თუმცა ზურაბიშვილთან დაკავშირებით სხვა პრობლემებია. ჯერ ერთი: მისი დამოუკიდებელ კანდიდატად გამოცხადება სრული ფარსია, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ ფორმალისტურ საზოგადოებაში და ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის იყო „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტი და მისი განუყოფელი ნაწილი. მაგრამ ის ძალიან თავნება ადამიანია და დიდი თავის ტკივილი იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ „ქართული ოცნებისთვისაც“, რადგან ძალიან ბევრი „სასაცილო“ ფაქტის მომსწრე გავხდებით მისი პრეზიდენტობის პერიოდში. დეტალებში არ შევიდოდი, მაგრამ ჩემი წარმოდგენა მაქვს მასზე, თუ რა დაიწყება… ეს იმ ტიპის ადამიანია, რომელიც კანონის ფუნქციურ ნაწილში ვერ ეტევა, ეცდება ამ ფარგლებიდან გამოსვლას. ვფიქრობ, იმითაც არ შეიწუხებს თავს, რომ გაითვალისწინოს, თუ რა შედის პრეზიდენტის კომპეტენციაში და რა _ არა, თავს წარმოიდგენს რეალურ მმართველად და შეიძლება, ბევრი უცნაური რაღაც ვიხილოთ, თუმცა ეს არ არის ცუდი. ამ პოლიტიკურ ელიტას მაინც არაფერი შველის და შეიძლება, ცოტა გავერთოთ მაინც.
_ გრიგოლ ვაშაძე?
_ აქ პერსონებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვაშაძის მთავარი კომპრომატი არის ის, რომ იგი წარმოადგენს პარტიას, რომელსაც ძალიან შეზღუდული ელექტორატი ჰყავს. ამ ეტაპზე ეს ძალიან ჩაკეტილი სისტემაა და „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის მას. ამ ელექტორატშიც კონკურენტი გაუჩნდა ბოკერიას პარტიის სახით, რომელმაც ახლა „ევროპული საქართველოს“ სახელი დაირქვა, მაგრამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდული ელექტორატისთვისაც სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული შიგნით და ჯამური პოტენციალი, ამ ორივე პარტიის ელექტორალური ბაზა, ყევლაზე კარგ შემთხვევაში, არის 20%, რაც რაღაც პროპორციით გაიყოფა და ასეთი ელექტორატით არჩევნების მოგება შეუძლებელია.
_ დამოუკიდებელი კანდიდატია დავით უსუფაშვილი…
_ მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში უდავოდ ავტორიტეტია და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, პირადად მე ასეთ პრეზიდენტს ვისურვებდი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა დღეს პოლიტელიტა სრულად გაკოტრებული გვყავს არა მხოლოდ რეიტინგების, არამედ პროფესიული თვალსაზრისითაც, ამ ფონზე უსუფაშვილი ყველაზე კარგად გამოიყურება და მე მას ვუგულშემატკივრებდი, მაგრამ მისი ელექტორალური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, შესაბამისად, საარჩევნო პერსპექტივაც _ ძალიან ბუნდოვანი.
_ რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, მათ კანდიდატურებზე რას იტყვით?
_ „გირჩმა“ თავისი პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა, ახლა შეუძლია თავის საყვარელ საქმეს მოჰკიდოს ხელი და პოლიტიკას თავი დაანებოს. მით უმეტეს, მაგ საქმეს ხელს რომ მოჰკიდებენ, პოლიტიკასაც დაივიწყებენ და სხვა დანარჩენსაც.
ნათელაშვილთანაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა _ „აი, კიდევ ვცადოთ“ ტიპის. ლატარიას თამაშობს და ისევ აგებს, ბოლოს კი მთელ სამყაროზე გაბრაზებული რომაა, დაახლოებით ეგ სიტუაციაა. მაგრამ ნათელაშვილის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მას მცირე, თუმცა თავისი სტაბილური სეგმენტი ჰყავს.
ერთადერთი ინტრიგა ამ არჩვნებზე არის ელისაშვილის მონაწილეობა, რადგან ის შეიძლება მეორე ტურის კატალიზატორი გახდეს. ის, გარკვეულწილად, სამობილიზაციო ელექტორატის ნაწილს, სავარაუდოდ, „გადაქაჩავს“ და ამან შეიძლება „ქართულ ოცნებას“ 50%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა შეუქმნას, თუმცა უკვე მეორე ტურში ხელისუფლებას აშკარა უპირატესობა აქვს.

სოსო ცინცაძე _ ექსპერტი:
_ ქვეყანაში რომ დემოკრატიული არჩევნები გვქონდეს, მაშინ იოლი იქნებოდა თითოეული კანდიდატის რეიტინგის გათვალსიწინებით შანსებზე საუბარი, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენში უკვე დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა, რომ ყოველთვის მმართველი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს.
ნუთუ, საკმარისი არ იყო იგივე ნარმანიას გამარჯვება, ბურჯანაძის ყველაზე ზომაგადასული მაქინაციებით პარლამენტში არშეშვება და კიდევ უამრავი ფაქტი იმისთვის, რომ ერთადერთ სწორ დასკვნამდე მივსულიყავით _ არჩევნები საქართველოში პირობით ცნებად იქცა და ამის პირველი მაღიარებელი მმართველი პარტიაა, რომელიც დღეს მზად არის, თავის კანდიდატად ზურაბიშვილი წამოაყენოს. თანაც, საარჩევნო კანონი, ადმინისტრაციული რესურსი და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აპათია, ინდიფერენტიზმი უკვე საკმარისია, რომ მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდეს გარანტირებული გამარჯვება.
დღევანდელი სიტუაცია შეიძლება უნიკალური იმით არის, რომ თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული მმართველი პარტია უკვე ძალიან დიდ, ცინიზმთან შეკრულ ტყუილზე მიდის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მათი პარტიიდან და ის დამოუკიდებელია. მაგრამ ეს თუ ასეა, ასეთივე წარმატებით შემიძლია განვაცხადო, რომ მე ტიბეტის დალაი ლამა ვარ! ეს ქალი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის ისტორიაში 1 დღის განმავლობაშიც არ ყოფილა დამოუკიდებელი!
ამიტომ ტერმინი არჩევნები ცოტა შეურაცხმყოფელიც კია! მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, ის გაიმარჯვებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამაში მხოლოდ მმართველ პარტიას ვერ დავადანაშაულებთ (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავისი ჩიქორთული ქართულით მოსაუბრე ქალბატონი უნდა გვყავდეს). უკანასკნელ დღეებში სადღაც ისიც კი მოვისმინე, რომ თურმე მისი დამსახურება ყოფილა, თავის დროზე, საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანა. ესეც კიდევ ერთი ტყუილი! შეიძლება, რიგით მოქალაქეებს უფრო მეტი წვლილი მიგვიძღვის ბაზების გაყვანაში 1999 წელს, ვიდრე _ ზურაბიშვილს. ერთდართი ვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ ამისთვის, არის აშშ-ს იმდროინდელი პრეზიდენტი.
ზურაბიშვილის დამსახურება საქართველოს წინაშე _ არ არსებობს ასეთი რამე! უბრალოდ, არ არსებობს.
იგივეა ოპოზიციის შემთხვევაშიც. ოპოზიციამაც რაღაც კარიკატურულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი კიდევ ერთხელ, როდესაც უკვე რამდენიმე ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოაყალიბა. ეს უკანასკნელი არის 10-11-პარტიიანი კოალიცია, მაგრამ აქ შედის პარტიები, რომელთა რიგებშიც 2-3 ადამიანია გაერთიანებული.
_ არა პიროვნება, არამედ პარტია იმარჯვებს ამ არჩევნებშიც?
_ ხალხის მხარდაჭერასა და პიროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჯერ კიდევ დემოკრატიულ არჩევნებზე რომ ლაპარაკიც არ შეიძლებოდა, მაშინ ულვაშა ბელადმა თქვა, _ მთავარი ის კი არ არის, ხალხი ხმას როგორ მისცემს, მთავარია, როგორ დავითვლით ჩვენ ამასო(!) და თქვენ გჯერათ, რომ ზურაბიშვილს აღფრთოვანებით მისცა ხმა მთაწმინდამ 2016 წელს? სადაც მას კაციშვილი არ იცნობდა, თუმცა იქ ცხოვრობს…
მხარდაჭერაზე კი არა, ადმინისტრაციულ რესურსზეა საქმე, 150 000 ჩინოვნიკი თავისი ოჯახის წევრებით, ამას მიუმატეთ მათი ახლობლები, მეგობრები და რასაკვირველია, არჩევნების თაობაზე მიღებული კანონი, რომელიც შემდეგ რამდენჯერმე შეურაცხყვეს და უუნარო ოპოზიცია! ეს ოპოზიცია ხომ საჩუქარია ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის. მსოფლიოს ნებისმიერი მმართველი პარტია მაისის ღამის სიზმარშიც ვერ ინატრებდა ასეთ ოპოზიციას. აი, ეს არის და შედეგი წინასწარაა განსაზღვული.

გარკვეული წარმატების არა, მაგრამ 5-10%-მდე მიღების შანსი აქვს ბაქრაძის პარტიას. აქ შეიძლება გაიმეორონ ან იგივე პროცენტული მაჩვენებელი დაუწერონ, რაც მის პარტიას დაუწერეს. პლუს-მინუს 2-3%… ასევე ნათელაშვილსაც და სხვებსაც დაუწერონ ის პროცენტები, რაც მათ წინასაარჩევნოდ დაუფიქსირდათ და ამით ვერაფერს იტყვი, ვერ შეედავები _ გამოვა, რომ ადრეც იგივე იყო და ახლაც იგივე შედეგი აქვთ!
აბსოლუტურად არ მგონია, რომ გარღვევა მოხდეს!
მთელი ინტრიგა ჩემთვის კი არის უპასუხო კითხვა, _ რისთვის სჭირდება ზურაბიშვილის კანდიდატურის დამოუკიდებლად გამოცხადების თამაში მმართველ პარტიას?! დღეს, პრაქტიკულად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მომავალი პრეზიდენტის პიროვნებას. აბსოლუტურად (გინდ ნათელაშვილი იყოს, დილიდან საღამომდე ივანიშვილის კრიტიკით ნერვებს მოუშლიდა პარტიის ლიდერს?! თუმცა ვერ ვხედავ იმას, რომ ივანიშვილი ძალიან მტკივნეულად განიცდიდეს იგივე ნათელაშვილის ან რომელიმე სხვა ოპონენტის კრიტიკას)!
ეს არც ძალთა თანაფარდობას ცვლის ქვეყნის შიგნით და თან ასეთი დიდი ტყუილი, რომ ეს მათი კანდიდატურა არ არის, დამოუკიდებელია და უმრავლესობაში, როგორც ქუცნაშვილი გვაჯერებს, არ სურთ ზურაბიშვილი იხილონ თავიანთ კანდიდატად(!) თუ არ სურთ, მაშინ ვინ აძალებს, საერთოდ?!
დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების როლი _ რისთვის სჭირდებათ თავიანთ რეიტინგთან ასეთი სახიფათო თამაში? _ სალომე ზურაბიშვილი ხომ ყველა განზომილებით წამგებიანია. ადამიანი შემთხვევით მოხვდა პარლამენტში, შემთხვევით გახდა სააკაშვილის დროს მინისტრი, აბსოლუტურად შემთხვევით(!)
ასევე შემთხვევით გახდება პრეზიდენტი და მას შემდეგ, ალბათ, ერთი ვადით დარჩება, დიდი პენსია ექნება და იცხოვრებს მაგით, მაგრამ ქვეყანას და არჩევნების სისტემას, მმართველ პარტიას ამით რაა?!
ოდესღაც ხომ დაიწერება დღევანდელი საქართველოს ნამდვილი ისტორია?! იქ როგორ წარმოდგებიან დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერები?!
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან ქუთაისში ვერ მოიგო არჩევნები და მთელ საქართველოში როგორ უნდა მოიგოს?! ლოგიკა ხომ არსებობს?! მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა დღევანდელი ხელისუფლებით, არ მოქმედებს მასზე. აქ არ მოქმედებს ზიარჭურჭლის, ფიზიკის კანონი, რომ რაც აკლდება მმართველ პარტიას, ის ემატება ოპოზიციას, _ აქ სხვანაირადაა, რაც აკლდება მმართველ პარტიას, ის იკარგება, არავის ყულაბაში არ მიდის! ამიტომ ის, რომ მმართველ პარტიას დღეს ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცენტები ავტომატურად ოპოზიციას მოემატოს. მსგავსი შეიძლება მოხდეს აშშ-სა და ევროპაში, მაგრამ საქართველოში ასე არასდროს მომხდარა.
_ დავით უსუფაშვილი?
_ მან ძალზე სარისკო ინიციატივა წამოიწყი თავისი ღია წერილით პრეზიდენტისადმი ისე, რომ წინასწარ არც კონტაქტები შეუთანხმებია და გარანტიები ჰქონდა. ამან შედეგი არ გამოიღო და უსუფაშვილის ის წერილი ვიღას ახსოვს დღეს! ესეც იმის მამტკიცებელია, რომ ისეთი სერიოზული და ჭკვიანი პიროვნება, როგრიც უსუფაშვილია, უაღრესად სუსუტი პოლიტიკოსია, რაც, თუ გნებავთ, იმით დამტკიცდა, რომ 4-წლიანი სპიკერობით მან ისიც ვერ თუ არ შეძლო, რომ სამომავლოდ სერიოზული პოლიტინფრასტრუქტურა შეექმნა თავისი პოლიტპარტიისთვის. გადადგა თუ არა უსუფაშვილი, პარტიაც ბრინჯივით დაიშალა. ეს მას ღირსებას არ ჰმატებს, როგორც პოლიტიკოსს.
_ ზურაბ ჯაფარიძე…
_ იგი ისეთი ელმავლის როლშია, რომესაც სურს, რომ საზოგადოების წინ ირბინოს (თუკი მას საზოგადოებას დავარქმვეთ, რადგან ჩვენთან საზოგადოება აღარ არსებობს. ჩვენ უკვე საშიშ ზღვარზე ვართ, როცა ეს უკანასკნელი ბრბოდ იწყებს ქცევას). ამიტომ ახლა ჯაფარიძისა და „გირჩების“ იდეები სუპერრევოლუციური საქართველოსთვისაა. დღეს არ არის საქართველოსთვის მომგებიანი და არც მოსახლეობისთვის მისაღები მათი უკიდურესი ლიბერალურობა. ევროპაშიც ყოფილან მოღვაწეები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი თანამემამულეებისთვის გაესწროთ, უფრო მეტად „კათოლიკეები“ ყოფილიყვნენ, ვიდრე რომის პაპია(!)
დღეს „გირჩი“ ცდილობს, უფრო დასავლური დემოკრატიული პრინციპების მქადაგებელი იყოს, ვიდრე თვითონ დასავლეთის დემოკრატიაა და ამიტომაა, რომ ის სულ ქრონიკულ უმცირესობაშია და ასეც იქნება. ის დაკმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ მის წარმომადგენლებს სიამოვნებით მიიწვევენ გადაცემებში, ტოქშოუებში და მათ საშუალება ექნებათ, ტელეაუდიტორიაში ჰაერი ძრან და ესეც მხოლოდ იმ ოთახში, სადაც დისკუსია მიმდინარეობს.

წინ კიდევ სამი თვეა. ჯერ არც საპრეზიდენტო კანდიდატების სრული სია გვაქვს და არც მათი საარჩევნო პროგრამის ვიცით რამე. თუმცა თუ საქართველოშიც ხმების დათვლის პრინციპს ექნა გადამწყვეტი მნიშვნელობა და არა რეალურ რაოდენობას, მაშინ მართლაც არაა გასაკვირი, რომ ისეთი პრეზიდენტი გვყავდეს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებაში ცალსახად საქართველოს ადანაშაულებს, რომლის პოლიტიკური იდეალიც კრემლის ლავროვია და რომელსაც მისხალიც არ აქვს გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის!
რა არის ალტერნატივა და რამდენად შეუძლია მას გამარჯვება, ეს თავად საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. წინ კი ცხელი დღეები გველის, რომლის შედეგებს შემოდგომაზე დავითვლით…

ნინო ტაბაღუა