ჟენიადან სალომემდე

10 წელი გავიდა ბოლო ომიდან. აგვისტოს ომი ბოლო იყო, რომელსაც მოვესწარი, თორემ არც მანამდე გვაკლდა ომები.
არადა, შორეულ ბავშვობაში რამდენი დედაბრისგან მსმენია: „თქვენ ომი არ გინახავთ…“
იმდენი გვაძახეს და მანამ არ ჩაიწყვიტეს ხმა, სანამ მათთან ერთად და მერე მათ გარეშეც არ ვნახეთ ათასი ომი და უბედურება. არადა, მთელი ამ ამბის სიმწკლარტე ის არის, რომ თვითონ მათ არანაირი ომი არ უნახავთ და არანაირ ომს არ მოსწრებიან.

ომი, რომელსაც მათ სამამულო დაარქვეს, არანაირად არ იყო სამამულო და საქართველოდან კარგა შორს მიდიოდა. მათი „ომის ნახვა“ გამოიხატებოდა კაცების ომში წაყვანაში და მათი დიდი ნაწილის არდაბრუნებაში და აქ გაჭირვებაში. რეალურად, მათ ომი კი არ ნახეს, ომის შედეგები იწვნიეს. ჩვენ შედეგებიც ვიწვნიეთ და ომებიც აქვე იყო _ ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში, მანამ შუა თბილისში, შემდეგ ისევ ცხინვალის რეგიონში… ყველგან ერთი მტერი იყო _ რუსეთი, რომელიც ხან აფხაზს ამოიყენებდა შენ წინააღმდეგ ომში, ხან _ ოსს და ხანაც თვითონ ქართველს, როგორც ეს, აგერ, შუა რუსთაველზე მოხდა _ 1991-92 წლებში. რამდენს უშუალოდ შეეხო ეს ომები, დააკარგვინა სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ნათესავები… ამ ომის შდეგები კი ყველამ ერთად ვიწვნიეთ.
ყველა მძაგს, ვისაც კი უთქვამს: „თქვენ ომი არ გინახავთ…“
ყველას გაგახსენდებათ ვიღაც _ პირობითად „ჟენია“ ან „ნუგზარა“, ვისაც ეს თქვენთვის აქვს ბავშვობაში ნათქვამი. მე ყველა მძაგს და არასოდეს არც ერთ ბავშვს არ ვეტყვი ამას, რასაც ჩვენ ყველას გვეუბნებოდნენ.
10 წელი გავიდა ბოლო ომიდან. რაღაცნაირად მძაგს ეს პერიოდი _ აგვისტოს დასაწყისი. მინდა, რომ არ მახსოვდეს არაფერი იმ პერიოდის. მახსოვდეს მხოლოდ იმ ბიჭების საარაკო გმირობა, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე და რომლებიც ბედად გადარჩნენ. მინდა, მათი გმირობა მახსოვდეს განყენებულად, მარადისობაში განფენილად და სხვა ყველაფერი მინდა, წავშალო მეხსიერებიდან, მაგრამ არაფერი იშლება. ყველაფერი ისეა, თითქოს გუშინ იყო.
ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს _ რა როგორ დაიწყო, ვინ რა დაიწყო, ეს მერე მოგვევლინენ ბიძინები და სალომეები, რომლებმაც საქართველო დაადანაშაულეს ომის დაწყებაში.
და დღეს, იმ ომიდან ათი წლის შემდეგ, ის ბიძინა სწორედ ამ სალომეს გვტენის პრეზიდენტად, რომელმაც საკუთარი სამშობლო დაადანაშაულა ომის დაწყებაში, დაწერა და გამოსცა წიგნი, რომელიც მტკიცებულებად წარადგინა საქართველოს წინააღმდეგ იმ ლავროვმა, რომელიც ამ სალომეს აღაფრთოვანებს.
დიახ, დღეს, აი, ამ სალომეს ვირჩევთ ჩვენ პრეზიდენტად. სალომეს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, ოღონდ კი როგორმე ოკუპანტი ესიამოვნებინა. რაღა სალომე ზურაბიშვილი აგირჩევია პრეზიდენტად და რაღა პირდაპირ პუტინი. მე თუ მკითხავთ, უშუალოდ პუტინის არჩევაში კიდევ შეიძლება იყოს რაღაც რაციონალური _ აირჩიო და ფორმალურად მაინც გახადო შენ წინაშე ანგარიშვალდებული და ამ სალომე ზურაბიშვილის არჩევა რა ხილია, რომელმა ვირმა იცის? _ ალაზნისპირას თუ ელისეის მინდვრებში დაბმულმა?
საინტერესოა, რატომ დაგვასაჩუქრა და რატომ დაისაჩუქრა თავი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ასეთი საჩუქრით, თავის დროზე? დღესაც მახსოვს, რა ზარზეიმით გვამცნეს და ჩამოგვიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად, მერე გვახსოვს იპოდრომი და სალომეს ნესტან-დარეჯანობა და ყველა სხვის „ქაჯობა“.
არადა, არაფერია იმაზე დიდი ქაჯობა, საკუთარი პატარა ქვეყანა დაადანაშაულო იმაში, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. დაადანაშაულო მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ქვეყნის პირველმა პირმა ხელისუფლებიდან გაგიქნია თუ გაგწია.
ბოლო ომიდან ათი წელი გავიდა. მართლა ყველაფერი მინდა წავშალო მეხსიერებიდან, ბიჭების გმირობის გარდა, მაგრამ პირქით, ყველა აგვისტოს დასაწყისში ყველაფერი ახლდება და რეფლეშდება. ისე მძაგს აგვისტო, გეგონება, აგვისტოს ბრალი იყოს ომის დაწყება და არა _ რუსეთის. არათუ რამე იშლება, მახსოვს ყოველი წუთი იმ დღეების, ყველა განცხადება, ვინც გვამშვიდებდა და ვინ გვაშფოთებდა, ვინც იმედს თესდა და ვინც _ უიმედობასა და პანიკას. მახსოვს ის ემოცია და რამდენიმე საათიანი სიხარული, რაც ახლდა ცხინვალში შესვლას და აღებას… მახსოვს ის ყველაფერი, რაც იყო მანამ და რაც იყო შემდეგ და არაფერი იშლება… თითქოს გუშინ გაილალნენ ჩემი მეზობლები შუაღამით „სუმკებით“… და როგორ დავრჩით ცხრასართულიან და სამსადარბაზოიან კორუპსში სულ რამდენიმე ოჯახი, გასაქცევი რომ არსად გვქონდა ან არსად რომ არ ვიყავით გამქცევები. გასაგებიცაა, მტერი თბილისზე მოდიოდა, თან მაშინ ბუდაპეშტის ქუჩაზე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სიახლოვეს ვცხოვრობდი, მეზობლებმა ობიექტიც ალბათ სტრატეგიულად და შესაბამისად სახიფათოდ მიიჩნიეს და ვისაც სად ჰქონდა გასაქცევი, იქ გაიქცა…
მახსოვს, როგორ არ დატოვა დედაჩემმა გორის მიმდებარე სოფელი ხიდისთავი და რა მემართებოდა აქ ტელევიზიით გადმოცემულ ფრაზებზე „გორის მისადგომები იბომბება… გორის მიმდებარე სოფლები იბომბება“… რა მემართებოდა მანამ, სანამ დარეკვა როგორმე მოხერხდებოდა და გავიგებდი ხმას. მახსოვს, როგორ გაიქცა გორის დაბომბვისას შუაგულ გორიდან დეიდაჩემი და როგორ „შეაფარა“ თავი მშობლიურ სოფელს, ომს გაექცა და ომს მიადგა _ კასპის ის სოფელი მთლად იმ სოფლების პირად იყო, სადაც ბომბები ცვიოდა.
მახსოვს ყველა ის ემოცია, რაც ახლდა იმ დღეებს და მახსოვს შემდეგ უკვე ყველაფერი, ვინ რას ამბობდა და ვინ რას ბოდავდა, როგორც ამ ომზე, ისე ამ ომს, ქვეყანას შეწირულ ბიჭებზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ბიჭების სამშობლოსთვის შეწირული სიცოცხლე უაზრო მსხვერპლად გამოაცხადა, ქალბატონი ბურჯანაძე იყო, რომელსაც, ალბათ, დღემდე ვერ გაურკვევია, რატომ დაუდგა მადლიერმა ერმა ასეთსავე უაზრო მსხვერპლს _ სამას არაგველს მემორიალი. დიახ, მისთვის გაუგებარია, რატომ დგას თბილისში სამასი არაგველის მემორიალი და არა სამასი „მეშოკი“ ფქვილის!
ჩემთვის ის ომი მერეც გრძელდებოდა, როდესაც ომში დაღუპული ბიჭების მშობლებს, დებს, ძმებს, მეუღლეებს ვხვდებოდი და ვწერდი ნარკვევებს წიგნისთვის „გმირი“. დღესაც მახსოვს ის ემოცია, რაც ახლდა თითოეული ისტორიის მოსმენას. იქნებოდა ეს ალვანში გაზრდილი თუში ბიჭის _ გიორგი ანწუხელიძის გმირობის ამბავი, მაშინ ანწუხელიძის დედას არ სჯეროდა, რომ გიორგი მკვდარი იყო და როგორც ორჯერ ორი რომ ოთხია, ისე იცოდა, ისე სჯეროდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო და ჯერ ცრემლიც არ ჰქონდა ჩამოვარდნილი. დეენემის პასუხი სხვას ამბობდა, მაგრამ მას ასე სწამდა, რადგან ასე ჰქონდა ნათქვამი ოსის ქალს, რომლის შვილიც ოსურ ჯარში მსახურობდა…
მახსოვს ორი შემთხვევა გმირების დედებთან შეხვედრის, როდესაც ვისმენდი ისტორიას სახეზე ხელებაფარებული და ცრემლმდინარე. ეს იყო 20 წლის სერგეი გოროზიას გმირობის ისტორია და ეს იყო 19 წლის გიორგი ჯავახიშვილის ისტორია.
სერგეი გოროზია სოხუმში დაბადებული, გალში გაზრდილი ბიჭი იყო. ქართულ ჯარში წამოვიდა და ცხინვალთან დაეცა გმირულად. ქართულ ჯარში წამოსვლამდე დედას სოხუმში გაეპარა, ფიცი დადო მამის საფლავთან, რომ ქართულ ჯარში შევიდოდა და სოხუმს დაიბრუნებდა. და მან თავისი სოხუმი დაიბრუნა ცხინვალში. 9 სოფელი ირბინა ცხინვალამდე შეუსვენებლივ – შეძახილით: „წინ!!!“ თანამებრძოლები იხსენებდნენ, რომ არც ცხინვალში შეჭრილს შეუსვენია ერთი წამი. იხსენებდნენ იმასაც, რომ არასოდეს უნახავთ ისეთი ბედნიერი ადამიანი, როგორც სერგეი გოროზია იმ ღამით იყო ცხინვალში. არავინ იცის, საიდან იღებდა იმ ზღვა ენერგიას ის გაწლეკილი ბიჭი… ერთად დადუმდა მისი ტყვიამფრქვევი და გულისცემა…
ბოლო სიტყვები, რაც დედას უთხრა, ზუსტად 10 წლის წინ, 7 აგვისტოს იყო: „დედა, სანთელი მაინც დაანთე ჩემზე“… ვუსმენდი დედამისს, რომელიც ამბობდა: „იცით, რა მასულდგმულებს? იმ ღამეს რომ იგემა მოგების გემო… ბიჭები მიყვებიან, ვერ აგიწერთ, რა მდგომარეობაში იყო სერგო, დედამიწაზე ვერ ეტეოდა, სულ იმას გაიძახოდა, აბა, ბიჭებო წინო…“
და იყო ერთი გმირი. გიორგი ჯავახიშვილი. როდესაც დედამისმა მისი ფოტოები დამიდო, გავშრი _ პირტიტველა ბიჭის ფოტოები შემრჩა… გიორგი ჯავახიშვილი სულ 19 წლის იყო. შინ ომში დაინვალიდებული მამა ჰყავდა. მამამისი სამაჩაბლოში იბრძოდა, შემდეგ აფხაზეთში, იბრძოდა პარტიზანულადაც 1994 წლამდე, ვიდრე არ დაინვალიდდა. ჯარში რომ წავიდა, იმ პირტიტველა ბიჭს მამამისისთვის უთქვამს, _ შენი დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოო. და როცა ცხინვალი აიღეს და ნაბრძოლები ხეთაგუროვის ტყეში ისვენებდნენ, ალბათ, იწვა და ფიქრობდა, რომ მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა, თან ვაჟკაცურად. ფიქრობდა, როგორ ამაყად მივიდოდა შეყვარებულთან ხელის სათხოვნელად… რუსულმა ავიაციამ ტყის დაბომბვა დაიწყო, ყუმბარის ნამსხვრევმა თავში დაჭრა გიორგი… დაჭრა, მაგრამ მაინც გაიქცა ბიჭებთან ერთად დაჭრილი კაპიტნის გამოსაყვანად. შევარდა და იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ… ბრძოლის ველიდან გამოიყვანეს, ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს კომაში მყოფი…
ვუსმენდი დედამისს, რომელსაც არაფერი ჰქონდა მოსაყოლი გიოს ბავშვობისა და გმირული დაღუპვის გარდა. დედა მიყვებოდა, როგორ ჩაუყრია თავისი ხელით ატამი, ომის დწყებამდე ერთი კვირით ადრე უნახავს, რომ მის დარგულ ატმებს კარგად ესხა და უხაროდა, _ ნახე, დედა, რა კარგად ასხია ჩემს ატმებსო… დამწიფებას ვერ მოესწრო. ვერ მოესწრო ვერაფერს“, _ მეუბნებოდა დედამისი მაშინ, როცა მე სახეზე ხელი მქონდა აფარებული და ღვარად მდიოდა ცრემლი.
გავიდა წლები და შარშან, როცა ბაღში ატამს ვრგავდი, სწორედ ეს პატარა გმირი გამახსენდა… მის სახელზე დავრგე ერთი ძირი. არც ერთი სხვა ძირი არ აყვავებულა იმავე წელს, მხოლოდ გიორგის ატამმა გამოიტანა ყვავილები, მერე ყინვამ დააზრო, წელს კი, ომიდან ათი წლის თავზე, მოისხა და დამწიფდა კიდეც გიოს ატამი…
10 წელი გავიდა ბოლო ომიდან და დღეს, როგორც არასდროს, მძაგს ჟენია და მძაგს სალომე _ მძაგს ყველა, ვინც დაგვძახოდა, რომ ომი არ გვინახავს და მძაგს ყველა, ვინც ომის დაწყებაში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს.

რეზო შატაკიშვილი