ხეების “გენოციდი” დედაქალაქში

უკვე წლებია, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. ფაქტს ამძიმებს ისიც, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ყოველწლიურად მცირდება დედაქალაქში მწვანე საფარი და სულ უფრო მეტი ხე და ბუჩქი ხმება.

რა იწვევს “ქალაქის ფილტვების” განადგურებას და მწვანე საფრის შემცირებას, რომელიც ისედაც დაბინძურებული და ხმაურიანი ქალაქის ერთადერთი ეკოლოგიური ბერკეტია საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
მოსახლეობის ნაწილი ამას მოურწყველობასა და საჭირო პროცედურების დაუცველობას აბრალებს, ნაწილის აზრით, ეს შესაბამისი უწყებების უპასუხისმგებლობის ბრალია. ფაქტი კი ერთია: დედაქალაქში დღითი დღე უფრო მეტი ხე კვდება და მოახლოებული ეკოლოგიური საფრთხეების რიცხვი იზრდება.
გარემოსდამცველები და დარგის ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან მწვანე საფრის მნიშვნელობასა და მის როლზე ურბანული ეკოლოგიის განვითარების საქმეში. მწვანე საფარი არა მხოლოდ ბუნებრივი გარემო პირობებისთვისაა აუცილებელი, ასევე მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა დარგის განვითარების საქმეში.
მწვანე საფარი ადამიანს იცავს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს, 3) მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ მწვანე ნარგავებით დაკავებულ ტერიტორიებს (ყოფილი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია) მართავს ქალაქ თბილისის მერია.
2010 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული თბილისისა და მისი შემოგარენის 8600 ჰა ტყე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა და ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგი ასეთი ადგილი საერთოდ დაუსახლებელია, თბილისის ცენტრში კი მწვანე ნაწილი მაინც მცირეა, მსგავსი ინიციატივები ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობს ქალაქში რეალურად მაინც არ ზრდის. დედაქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვ.მ.-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს _ 13,0 კვ.მ.-ს, ისე საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ 10-15 მ2-ს.
თითო სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობის გაცილებით უფრო ეფექტიანი ურბანული ინდიკატორი, რომელიც დღეს მსოფლიოში მოქმედებს, ასეთია: ერთ ადამიანს საკუთარი სახლიდან ათი წუთის სავალზე უნდა ჰქონდეს მწვანე საფარი იმისთვის, რომ დასაშვებ ნორმას აკმაყოფილებდეს.
იმის ფონზე, რომ ქვეყანაში იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი, რაც ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მწვანე საფრის შენარჩუნება.
თუმცა ბოლო პერიოდში დედაქალაქის მცხოვრებლები მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეებს თავად ხედავენ და ამაზე უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ, თუმცა რეაგირება ამ პრობლემის მიმართ ნაკლებად ვლინდება.
უკვე წლებია, სხვადასხვა ტერიტორიაზე დაიწყო ფიჭვის ხეების მასობრივი ხმობა და განადგურება.
პრობლემა მასშტაბურია და მთელი თბილისის ტერიტორიაზეა გავრცელებული. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ხმობის მიზეზი ხეების რესურსის ამოწურვაა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შავი ფიჭვი თავის ბუნებრივ გავრცელების არეალში 300-დან 500 წლამდე ცოცხლობს, ჩვენთან კი გახმობა, რატომღაც, 60-70 წლის შემდეგ დაიწყეს (დაახლოებით, 60-70 წლის წინათ დაირგა ეს ხეები).
როგორც ეკოლოგები აფასებენ, ხეების ხმობისა და განადგურების მიზეზები კომპლექსურია და ბევრი საფუძველი არსებობს მსგავი პრობლემების გამოსავლენად, მაგალითად, ხეების მაღალი სიხშირით დარგვა, ფიჭვის მონოკულტურად ჩამოყალიბება, ასევე კლიმატის ცვლილება და დაბინძურება.
ბუნებრივია, რომ ხეებს გარკვეულ პერიოდში შეწამლვა და სხვა საშუალებებით მოვლა-პატრონობა ესაჭიროება, რაც პირდაპირ შედის დედაქალაქის მერიის კომპეტენციაში. როგორც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, იწყება თბილისსა და მის შემოგარენში ზეხმელი და ხმობადი ფიჭვების შეწამვლა-ჩანაცვლება.
ხმობადი (ხეები, რომელთა 2/3 ხმელია) და ზეხმელი ხეები მოიჭრება, დამუშავება და ტერიტორიიდან გაიტანენ. ამასთან, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, თბილისის კლიმატური პირობების შესაბამისი, სხვადასხვა სახეობის მერქნიანი ხე-მცენარეები დაირგვება.
ამ გადაწყვეტილების მიღებიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ფიჭვების მასობრივი ხმობა კი კვლავ გრძელდება, რაც ქალაქის მწვანე საფარს ეკოკატასტროფას, ქალაქის მცხოვრებლებს კი დამატებით ეკოლოგიურ საფრთხეებს უქადის.
ასათიანის ქუჩა ერთ-ერთია იმ ტერიტორიებს შორის, სადაც უკვე წლებია, მწვანე საფარი ხმება და განადგურების პირასაა. აქაური მცხოვრებლები ყოველდღე ხედავენ თავიანთი ფანჯრებიდან, თუ როგორ ნადგურდება ხეები, მშველელი კი არავინ ჩანს.
მაია ორჯონიკიძე უკვე წლებია, ასათიანის #10-ში ცხოვრობს. მისი სახლის ფანჯრიდან კარგად ჩანს გამხმარი ხეები და ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რაც ამ კუთხით უკვე წლებია, არსებობს. ქალბატონმა მაიამ ფართო საზოგადოებას ხმა მიაწვდინა, საკუთარი აქტიურობით გააგებინა ყველას ამ პრობლემის შესახებ, მიმართა მერიასაც, თუმცა რეაგირებას დღემდე ელოდება და იმედს არ კარგავს, რომ ამ ნარგავების გადარჩენას კვლავ შეძლებს, თუ შესაბამისი უწყებები დროულად გამოფხიზლდება და მის მოწოდებებს ყურადღებას მიაქცევს.

მაია ორჯონიკიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა:
„ეს არის ასათიანის #10, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორია. იგი კერძო პირმა იყიდა და აქ მრავალსართულიანი კორპუსი ააგო, რომელიც ახლა ჩემი სახლის პირდაპირაა. ამ კორპუსის ასაშენებლადაც ათობით ხე მოიჭრა და მწვანე საფარი თითქმის მთლიანად განადგურდა.
ასევე აქვეა მეორე პატარა ტერიტორია, ზაქარიაძის #8-სა და #10-ს შორის, სადაც პატარა სკვერი მდებარეობს. ისაა ზუსტად ჩემი სახლის წინ და მერიას ეკუთვნის.
აქ ნამდვილად ეკოლოგიური კატასტროფა ხდება. მთელი ფიჭვები ინფიცირებულია, ზოგი უკვე გახმა და ზოგიც ნახევრად გამხმარია.
ეს ხეები კომუნისტების დროს დაირგო, ბევრ საკმაოდ მძიმე პერიოდს გაუძლო და დღემდე მოაღწია, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული ეს მწვანე საფარი განსაკუთრებით მძიმე პრობლემების წინაშე დგას.
სწორედ ამ დროიდან მოყოლებული აღარ შეწამლულა ხეების ძირები, რაც აუცილებელი და საჭიროა ნარგავებისთვის. ხუთი წელი გაუძლო ამ ხეებმა ათას უბედურებას და პირველი ხმობის ნიშნები ხეების კენწეროებს სამი წლის წინათ დაეტყო.
შევამჩნიე თუ არა ეს ცვლილება, მაშინვე შევატყობინე მერიასა და ყველას, ვისაც რამის შეცვლა შეეძლო, თუმცა დაინტერესება არავის გამოუხატავს, არც არავინ მოსულა და მდგომარეობა ადგილზე არ შეუსწავლია.
წელს იყო პირველი გაზაფხული, როდესაც ფიჭვებმა ულამაზესი მწვანე გირჩები აღარ გამოისხა. ეს უკვე მიანიშნებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა და ჩვენს მწვანე საფარსაც უკვე დრო აქვს დათვლილი, შველა და ყურადღების მიქცევა აუცილებელია.
სკვერის ნაწილი, რომელშიც ხეები უკვე გამხმარია და ეკოლოგიური კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მუნიციპალური საკუთრებაა, მეორე ნაწილი კი კერძო მფლობელობაშია. აქ წლების წინათ დიდი რაოდენობით ხე გაიჩეხა და მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა, რომელიც, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, რუსი ჩინოვნიკის ხელშია. სწორედ მისი დაინტერესებით და მცდელობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩემი ვიდეო, რომლითაც ამ პრობლემის შესახებ ხმის ამოღებას ვცდილობდი, მოულოდნელად გაქრა და დღემდე არ ვიცი, ამ ვიდეოს რა ბედი ეწია.
რეკრეაციული ზონა, რომელიც ამ ადგილისა და ტერიტორიის სავიზიტო ბარათი იყო, სწორედ ამ ნაგებობის აშენების შემდეგ სრულად განადგურდა. კორპუსის ეზო შემოიღობა დიდი რკინის გალავნით, რომელმაც სრულად გაყო ფიჭვნარები ერთმანეთისგან და ამით კიდევ უფრო მეტად დაამახინჯა ბუნებრივი ეკოსისტემა.
ჩემი ყველა ფანჯრიდან მძიმე ხედი იშლება. აშკარად ასე მასშტაბურად გავრცელებული ეს პრობლემა ფიჭვების დაავადების სახელწოდებითაა ცნობილი და არა მხოლოდ ჩემს მახლობელ სკვერში, არამედ ქალაქის ბევრ უბანშია გავრცელებული და მძიმე პრობლემად ქცეული. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ძალით გავრცელებული და პროვოცირებული დაავადება იყოს, ისევე როგორც ფაროსანა რეგიონებში, რომლის უკანაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები იდგნენ. სწორედ მათ ინტერესებშიც შედის ის მძიმე და სავალალო ვითარება, რაც დღეს ჩვენს დედაქალაქშია მწვანე საფრის კუთხით.
სამი წლის წინათ მეზობლების სახელით ეს პრობლემები, მერიის არსებული უყურადღებობა და დაუდევრობა გავასაჩივრე, მაგრამ დღემდე რეაგირება ნულია. პრობლემა სწორედ ისაა, რომ ყოველწლიურად მუნიციპალურ ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა დედაქალაქში და მის შემოგარენში არსებული ნარგავების შესაწამლად და მოსავლელად, სად მიდის ეს თანხები და რაში იხარჯება ფული, რომელიც შესაბამის მიზანს არ ხმარდება, სწორედ ეს არის საკითხავი და გამოსარკვევი.
უკვე ექვსი წელია, არავინ მოსულა მერიიდან და არ შეუთეთრებია ხეები. ამას დამატებული გავრცელებული ფიჭვნარის დაავადება და ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ხეების უმეტესობა დაღუპული, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაშია.
ზუსტად ჩემი ფანჯრების პირდაპირ ციყვების ოჯახი ცხოვრობდა და, დიდი ალბათობით, ან უკვე მოკვდა ან ამ ზამთარს მოკვდება, რადგან ციყვი ფიჭვის გირჩით იკვებება, წელს კი პირველი გაზაფხული იყო, როდესაც ხეები იმდენად დაუძლურდნენ, რომ მწვანე გირჩი აღარ გამოისხეს“.

თბილისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დედაქალაქის ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაა. ამისთვის მომზადდება შესაბამისი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შემუშავდება და განხორციელდება ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული სივრცეების შექმნა-განვითარების მასშტაბური გეგმა. თბილისის დიდი პარკებისთვის შემუშავდება განვითარების ინდივიდუალური კონცეფცია და დაწესდება კეთილმოწყობისა და მართვის მინიმალური სტანდარტი. გაუმჯობესდება დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა და გარე იერსახე, მცენარეთა ფიტოსანიტარიული და ეკოლოგიური მდგომარეობა, ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. უზრუნველყოფილი იქნება მწვანე საფრის მოვლა-პატრონობა, მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება, პარკების განახლება და ახალი გამწვანებული სივრცეების შექმნა.
სწორედ ამას ვკითხულობთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში, რომელშიც, სხვა აქტივობებთან ერთად, ქალაქის ნარგავებისა და მწვანე საფრის მოვლისთვის ცალკე თანხებია გამოყოფილი, რეალობა კი სავალალო და ძალიან მძიმეა, დედაქალაქის ფილტვები უკვე წლებია, ხმება და გენოციდს განიცდის.

ანა ურუშაძე