პანკისში რუსული პროვოკაცია მზადდება!!!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთ, ამჯერად, საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხის გაცემა ორ ქვეყანაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოუწევთ. საქმე ეხება სტრასბურგში დაგეგმილ და ჩაშლილ ვიზიტს, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მე ევროპელ უფლებადამცველებს და ომბუდსმენს, ჟენევის ადამიანის უფლებათა კომისიის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს უნდა შევხვედროდით.

ვიზიტის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ამერიკის მოქალაქე პაატა აბჟანდაძე იყო.
26 ივლისს „ქრონიკა+“-ის რედაქციაში მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძისა და ჩემი საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ჟურნალისტებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრებზე, ვიზიტის ორგანიზატორებსა და სხვა დეტალებზე. იმავე დღეს ოფიციალური წერილებით მივმართეთ სუს-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხომ არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი ობიექტური მიზეზი ჩვენ მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიმართვა იმიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ არსებობდა გონივრული ეჭვი _ სუს-ი მალხაზ მაჩალიკაშვილს საზღვარზე არ გაატარებდა და ადგილზე პროვოკაციას მოაწყობდა.
წერილის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ნინო გიორგობიანმა, რომელიც, რატომღაც, შეთავსებით პრესსამსახურიცაა და იშვიათად, მაგრამ მაინც კომენტარებსაც აკეთებს სუს-ის სახელით, პატივი დაგვდო და პასუხი მოგვწერა, _ კომპეტენციის მიხედვით, თქვენი განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნაო.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან რაიმე ტიპის აკრძალვა-გაფრთხილება არ მიგვიღია, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შეფერხებას ადგილი არ ექნებოდა.
რეისი თბილისი-მიუნხენი კვირას, გამთენიისას იყო გერმანიაში. აეროპორტში ვიზიტის ორგანიზატორი პაატა აბჟანდაძე გველოდებოდა და სტრასბურგში ავტომანქანით გავემგზავრებოდით.
ორგანიზაცია „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი მიუნხენის აეროპორტში წინა დღის 4 აგვისტოს ჩაფრინდა.
საზღვარზე პაატა აბჟანდაძე შეაჩერეს, მესაზღვრემ კი ფედერალური პოლიციის წარმომადგენლებს გამოუძახა.
პაატა აბჟანდაძე საემიგრაციო განყოფილებაში გადაიყვანეს და მას კითხვები დაუსვეს, რა შეხება ჰქონდა ისლამთან, იცნობდა თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს და იცოდა თუ არა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში, რომელსაც ის მიაცილებდა, ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ძებნილი პირი იმყოფებოდა? ასევე მას სთხოვდნენ საქართველოს მოქალაქის პასპორტს.
გერმანელი სამართალდამცველების პირველი გაოცება იყო ის, რომ პაატა აბჟანდაძე საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა და, შესაბამისად, მას არც საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. მეორე გაოცება იყო ის ფაქტი, როცა გერმანელმა პოლიციელებმა გაიგეს, რომ ჯგუფის შემადგენლობაში ჟურნალისტი და გაზეთის რედაქტორი იმყოფებოდა ორ შვილმკვდარ მამასთან ერთად, რომლებიც სტრასბურგში ევროპელ უფლებადამცველებთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ.
როგორც რამდენიმესაათიანი გამოკითხვისა და საქმეში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლების ჩართვის შემდეგ გაირკვა, ქართულ სპეცსამსახურს გერმანიაში გაგზავნილი ჰქონდა ცნობა (დახურული ფაილი) და ამტკიცებდა, რომ პირთა ჯგუფს ევროპის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჰყავდა ტერორზმში ეჭვმიტანილი ძებნილი პირი.
გამოძიება გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე უკვე დაიწყო, პაატა აბჟანდაძე ამერიკაში დაბრუნდა და ფედერალურ ბიუროს მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ინტერპოლის ღია ბაზაში არც მალხაზ მაჩალიკაშვილი, არც ზაზა სარალიძე და არც მე ძებნილ პირთა სიაში არ ვირიცხებით, არც ერთი ოფიციალური ინფორმაციით არ დასტურდება, რომ საქართველოში მალხაზ მაჩალიკაშვილზე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, შესაბამისად, ის გამოსაკითხად დაბარებული არც ერთ უწყებაში არ ყოფილა, არ იძებნება, თავისუფლად გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერვიუებს აძლევს ტელევიზიებს და რაც მთავარია, სტრასბურგში გამგზავრების წინ იმყოფებოდა ბრიფინგზე, მისი მხრიდანაც გაკეთდა საჯარო განცხადებები. ამიტომ რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოაცხადა სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობისთვის ძებნილ პირად, უცნობია.
მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ ქართული სპეცსამსახურების მხრიდან გერმანიის სამართალდამცველ უწყებაში გადაცემული იყო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დაკავებას გვიპირებდნენ ყველას. ეს იმ ფონზე, როცა სტრასბურგში ჩვენი ვიზიტი იყო საინფორმაციო ხასიათის, დაგეგმილი გვქონდა შეხვედრები ომბუდსმენის ოფისთან, ევროპარლამენტის იმ დეპუტატებთან, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობენ და ჟენევის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრებთან. ეს არ იყო პოლიტიკური აქცია, ეს იყო საერთაშორისი ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა, რადგან ვერც მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ვერც ზაზა სარალიძემ საქართველოში ობიექტური გამოძიების ჩატარებას ვერ მიაღწიეს. ვიზიტის მომზადებაში არ იყო ჩარეული არც ერთი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, რადგან არ გვინდოდა, სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების საშუალება მიგვეცა ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, თავად სუს-მა თავისი გაუაზრებელი და შურისძიებაზე ორიენტირებული მოქმედებებით სრულიად ჰუმანური საკითხი პოლიტიკურ სივრცეში გადაიყვანა, კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ ქართული სახელმწიფო კი არ იცავს, არამედ დევნის თავის მოქალაქეებს, ქართული სპეცსამსახური კი საერთაშორისო კანონმდებლობას, რომელიც განსაკუთრებით კონსერვატიული სწორედ ტერორზმში ბრალდებული პირების მიმართაა, იყენებს საკუთარი ოპონენტებისა და მოქალაქეების დევნის იარაღად. ბინძურ საქმიანობაში ითრევენ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს.
სუს-ი, რომელიც თავადაა მხილებული ისლამური სახელმწიფოს ლიდერების საქართველოში შემოყვანასა და მსოფლიო ტერორისტების ათეულში შეყვანილ ახმედ ჩატაევთან კავშირში, ცრუ დასმენით ცდილობდა გერმანელი სამართალდამცველი უწყებების შეცდომაში შეყვანას და საკუთარი მოქალაქეების ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით სხვა ქვეყანაში დაკავებას. მეორე მხრივ, დარტყმის ობიექტი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ორგანიზებული „დანაშაულებრივი“ ჯგუფის ხელშემწყობი გამოვიდოდა, რადგან უპრობლემოდ გაგვატარებდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
არავისთვის სიახლე არაა, რომ სუს-ითვის განსაკუთრებით მძიმეა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე. სპეცოპერაციას პანკისში სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის მეორე დღეს ის აშინებდა მაჩალიკაშვილის ოჯახს, აყალბებდა საქმის მასალებს, ახდენდა მტკიცებულებების ფაბრიკაციას, მაგრამ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ნანახ (ჩადებულ) ხელყუმბარაზე საერთოდ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ანაბეჭდები.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე სოსო გოგაშვილისთვის საბოლოო განაჩენია. მართალია, ქვეყნის შიგნით სუს-ის მიერ მართული ფეიკ გვერდებისა და სააგენტოების მეშვეობით აქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა ტერორისტებთან, ქვეყნის გარეთ გოგაშვილის ზღაპრებს მტკიცებულების გარეშე არავინ დაუჯერებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპარლამენტარები ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც პირველწყაროდან მიიღებდნენ.
გომელაურის უწყების გათვლა მოკლევადიანი ეფექტი იყო _ მიუნხენის აეროპორტში დაკავებული სამი პირი: მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე და მე, მინიმუმ, ორი-სამი თვით ვიქნებოდით განეიტრალებული მანამ, სანამ გამოძიება სიმართლეს არ გაარკვევდა. ქართული სპეცსამსახური მაქსიმალურად შეეცდებოდა, არ დახმარებოდა გერმანულ მხარეს სიმართლის დადგენაში, საქართველოში ხელახლა აგორდებოდა შავი პიარი მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირზე, პარალელურად, დაიწყებოდა იმის მტკიცება, რომ ეს ჩემი მხრიდან წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო თემირლანის მამის გასანეიტრალებლად, რაც, ბუნებრივია, საფრთხის ქვეშ დააყენებდა ჩემს რეპუტაციას და უკიდურესად დაძაბავდა მოძმე ქისტ ხალხთან დამოკიდებულებას. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სუს-ის ტროლები და ბოტები მხოლოდ დირექტივას ელოდებოდნენ.
სპეცსამსახურის ასეთი სახიფათო თამაშები საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე რეალურად აზიანებს, შეიძლება ქვეყანა იმ მდგომარეობამდე მიიყვანოს, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა საქართველოს ჩამოართვან ან შეუჩერონ ინტერპოლის წითელი სიით სარგებლობის უფლებაც, თუმცა მეეჭვება ან ვახტანგ გომელაურს, ან სოსო გოგაშვილს ეს საერთოდ აღელვებდეს.
როგორც ჩანს, გოგაშვილის ტერორისტული ფანტაზიები ჰაკიმ ფაშასა და ჯიჰადის ვიდეოების გავრცელების მასშტაბებს ბევრად აღემატება, თუმცა სცენარის ცალკეული პასაჟები მეტისმეტად უნიჭოა.
ორშაბათს სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ერთი პირი, მალხაზ ტოხასაშვილი დააკავა. ოფიციალურ ბრალში მას იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა უწერია და არა ტერორიზმთან შესაძლო კავშირი, თუმცა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ტოხასაშვილს ისლამური სახელმწიფოს სიმბოლოები უპოვეს. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ვაზნები, რომელიც მას ამოუღეს, დაზიანებული და გამოუსადეგარია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მალხაზ ტოხასაშვილი ბიზნესმენ მინდია საბანაძის დაცვის უფროსი იყო და, შესაბამისად, მას იარაღის ტარების უფლებაც ექნებოდა, თავად მინდია საბანაძე ის ბიზნესმენია, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიას აქტიურად აფინანსებს, 2012 წელს მან „ნაციონალურ მოძრაობას“ 49000 ლარი, ხოლო 2016-2017 წლებში უკვე „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი შესწირა.
პარალულურად, სახელისუფლებო მედიის ხელში მოხვდა ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერების მუქარა, რომელიც დახოცილი მებრძოლების სიცოცხლის სანაცვლოდ სისხლის აღებითა და შურისძიებით იმუქრება. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ე. წ. მუქარის ვიდეოს ქართული ტიტრები ადევს და მასში საუბარია წინა ხელისუფლების წარმომადგნელების წინააღმდეგ მუქარაზეც, ახმედ ჩატაევზეც და ნახსენებია თემირლან მაჩალიკაშვილი.
სუს-ის აგიტატორებმა ე. წ. ისლამური სახელმწიფოს მუქარის ვიდეო პირდაპირ დაუკავშირეს თემირლან მაჩალიკაშვილის მამას და ქისტების წინააღმდეგ ახალი შავი პიარი ააგორეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი შურისძიების მოწოდებებსა და მუქარებს კატეგორიულად გაემიჯნა, ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შვილის მკვლელების დასჯას კანონის მიხედვით ითხოვს.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლის თავზე პანკისის ხეობაში მასშტაბური პროვოკაცია მზადდება, რომელიც მიზნად ისახავს ხეობაში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირებას, რაც რუსეთს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის საფარქვეშ საომარი მოქმედებების დაწყების საშუალებას მისცემს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, დაგეგმილ პროვოკაციასთან კავშირშია რუსეთის პრემიერის პირდაპირი მუქარა. დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში კავკასიაში ომი დაიწყება.
წინ მძიმე ზაფხული და არანაკლებ მძიმე შემოდგომა გველის.

P. შ. გერმანიის ფედერალურ პოლიციაში უკვე გავაგზავნეთ ყველა მასალა სტრასბურგში ჩაშლილი ვიზიტის დეტალებზე და დაგეგმილ შეხვედრებზე, ასევე დახმარებისთვის მივმართეთ გერმანიის ელჩს საქართველოში ქ-ნ ჰაიკე ფაიჩს, რათა გერმანულ მხარეს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. მასალები გავაგზავნეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოვთქვით მზადყოფნა, აქტიურად ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და პასუხი გავცეთ ყველა კითხვას.
მარტივი შურისძიებისა და მტკიცებულებების გარეშე ცრუდასმენის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
სამდღიანი სკანდალის მიუხედავად, გომელაურის უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია

ელისო კილაძე