ანა ჭარხალაშვილი: „ჩვენ ვართ ის, რისიც გვჯერა“

როცა უჩვეულოდ არაქართულ გარეგნობაზე ეკითხებიან, ყოველთვის იმას პასუხობს, რომ ძირძველი ქართველები ასეთი გარეგნობისანი ყოფილან. როცა საქმე საქმეზე მიდგება, საკუთარი ხელით იცავს საქართველოს!
ჯერ კიდევ 24 წლის გოგო მისიით ავღანეთშიც იყო და ჩვენი ქვეყნის საზღვარსაც „ძალა ერთობაშიას“ პრინციპით საგულდაგულოდ უფრთხილდება!
დღეს იმ ლურჯთვალება და წითურ ელფზე გიამბობთ, სამყაროსთვის სიკეთის მოტანა და ხალხის დახმარება რომ აუცილებელ მისიად ესახება.

ანა ჭარხალაშვილი ერთ-ერთი იშვიათთაგანია, რომელიც ბრძოლით არასდროს იღლება, საკუთარ მოსაზრებას ხმამაღლა აფიქსირებს და ყოველთვის სამართლიანობისკენ მიმავალ გზაზე დგას.
ბებოს საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის სურდა, რომ ექიმი გამოსულიყო. ხედავდა, რამდენად საჭირო იყო ბებო ხალხისთვის და რამდენად კარგ საქმეს აკეთებდა იგი, სწორედ ამის შემდეგ ჩააბარა სამედიცინო ფაკულტეტზე, სამკურნალო საქმეზე, თუმცა, მოგვიანებით, გააცნობიერა, რომ თუ ამ სისტემის ნაწილი გახდებოდა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს, ერთეულებს დაეხმარებოდა მხოლოდ, მას კი უფრო მასშტაბური მიზნები ჰქონდა, ამიტომ სწავლა ჯანდაცვის პოლიტიკა-მენეჯმენტის მიმართულებით გააგრძელა და მეორადი სპეციალობაც აირჩია _ აღმოსავლეთმცოდნეობა, აღმოსავლეთის პოლიტიკა. ესეც იმიტომ, რომ აღნიშნული ტერიტორია ძალიან აინტერესებს, გამორჩეული ეპიცენტრია და თან ჯანდაცვის კუთხითაც საჭიროებენ აქ ადამიანები დახმარებას. ანა სამომავლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ გაჭირვებასა და სიღარიბესთან ბრძოლას აპირებს. სურს, რომ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გლობალურად შეცვალოს ხალხის მდგომარეობა.
იმაზე, თუ როგორ მოხვდა პირველად ავღანეთში და როგორ შეხვდა ოჯახი ამ გადაწყვეტილებას, თავად გვიყვება:
„2016 წელს ცესკოში სერტიფიცირება გავიარე. გავხდი ცესკოს საჯარო მოხელე და მისიით სამი დღის მანძილზე ვიყავი ავღანეთში ერთ-ერთ დიდ ბაზა ბაგრამზე. ეს ყველაზე სიანტერესო და საპასუხისმგებლო მისია იყო ჩემთვის. როცა მეგობრებმა და ახლობლებმა გაიგეს, რომ ავღანეთში მივდიოდი, გაოცებულები იყვნენ. ჩემთვის მთავარი დედას რეაქცია იყო, მას ძალიან მორიდებით ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მეგონა ინერვიულებდა და წასვლას დამიშლიდა, ამიტომ შევაპარე, _ ძალიან მინდა, საბუთები შევიტანო და ავღანეთში მისიით წავიდე-მეთქი… _ რა მაგარიაო! _ მიპასუხა. თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე ამიხსნა, რომ ასეთი შანსი კიდევ შეიძლება არ მომცემოდა, უდიდესი გამოცდილება იქნებოდა ჩემთვის იქ წასვლა, ამიტომ უკან არ უნდა დამეხია.
დედა ადრე ჟურნალისტი იყო, თან 9 აპრილის მონაწილეც და ყოველთვის ცდილობდა, აქტიურ პროცესებში ჩართულიყო. ახლაც სულ ცდილობს ბრძოლის ველზე ჩემს წინ წაწევას, რომ ერთი აგური მეც დავდო უკეთესი მომავლის მისაღწევად.
ამის შემდეგ რეკომენდაციებიც გავიარეთ, პატარა წვრთნაც და მშვიდად ვიყავი. იქ უდიდესი ბაზაა და საკმაოდ ადაპტირებულიც, თუმცა მაინც, ასეთ ადგილზე, სადაც იცი, რომ საფრთხეში ხარ, მეტად გრძნობ სიცოცხლეს, მეტად აფასებ მას.
საბოლოოდ, მისიით მყოფმა კომისიამ იქ არჩევნები ჩავატარეთ. სულ 1000-მდე ქართველი ჯარისკაცი იყო. ბოლოს დაგვათვალიერებინეს ბაზა, ჯარისკაცების მიერ აშენებული ეკლესია, გასართობი ოთახიც…
საინტერესო მოგზაურობა იყო და წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაპირებ ავღანეთში წასვლას, თუ ამის შანსი მომეცა.
ახლა უფრო საქართველოში ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვარ ჩართული. ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვაპროტესტებდით საქართველოსა და უკრაინაში მომხდარ ამბებს მე და ჩემი მეგობრები, საზოგადოების აქტიური წევრებიც გავიცანი და ჩართული ვიყავი სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლაში, 18 წლის ასაკიდან ხან ვიდეოჩანაწერებით, ხან აქციაზე დგომით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას.
მოგვიანებით, დავით ქაცარავასა და ლაშა ბერულავასთან ერთად ორგანიზაცია ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ჩამოვაყალიბეთ და ბოლო ერთი წელია უკვე ვცდილობთ, რეგიონებში ვიაროთ და უტყუარი ინფორმაციები მივაწოდოთ ხალხს იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება ჩვენს მიწაზე.
სექტემბრიდან ახალგაზრდები აქტიურ ბრძოლას ვიწყებთ _ „ელფები“ „ტროლების“ წინააღმდეგ _ ჰიბრიდულ ომს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებს რუსული „ტროლებისგან“ განსხვავებული და მართალი ინფორმაცია მიეწოდოთ. ოფიციალურადაა ცნობილი, რომ რუსეთს „ტროლების“ ფაბრიკა აქვს, რომლის აქტიური სამიზნე საქართველოა და მაშინაც კი, როცა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვებით გამოვდივარ, ვამჩნევ, ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე მესიჯს აგზავნის, ერთსა და იმავეს მიკომენტარებს, რომ ოკუპანტები არიან თურქეთი და აზერბაიჯანი და არა რუსეთი, რომელმაც თავად გადასცა ჩვენი ტერიტორიები თურქეთსა და აზერბაიჯანს. არასწორი ვექტორები აქვთ ადამიანებს, ამიტომ უტყუარი ინფორმაციის მიწოდებით სწორი მიმართულება უნდა მივცეთ მათ“, _ ამბობს ანა.
ამ მებრძოლი გოგონას ოჯახში სულ ორი მამაკაცია. ჰყავს ორი, ასაკით უმცროსი ძმა (18-ის და 9 წლის), თუმცა საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკვე აქტიურად ერთვებიან და დასაც გვერდით უდგანან.
ჩვენი სტატიის მთავარი გმირისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მოძრაობაში, რაღაც ღირებულის კეთებაშია. ამბობს, ერთადერთი, რასაც შევქმნიდი პროპაგანდის სამინისტროა, რომლის დახმარებითაც ე. წ. ტროლებთან ბრძოლას უფრო მარტივად შევძლებდითო.
ადრე სოციალურ ქსელში პრორუსული განწყობის კომენტარები აღიზიანებდა, მერე მიხვდა, რომ ეს ადამიანები დაბადებულები არიან საბჭოთა სივრცეში და ყველაზე დიდი ოკუპაცია, რაც მათ განიცადეს, გონების ოკუპაციაა, რასაც უფრო რთულად ეშველება. ახლა ფიქრობს, რომ არ უნდა გაღიზიანდეს, სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს და უფრო მშვიდად იღებს ყველაფერს. იბრძვის მიზნისთვის და აკეთებს მაქსიმუმს.
„იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, მთელ გულსა და სულს ვდებ. ძალიან მიყვარს და საჭიროდ მივიჩნევ ამის კეთებას, რომ უკეთესი მომავალი დავახვედრო ჩემს 9 და 18 წლის ძმებს. მატერიალურისგან განსხვავებით, მეანტალური ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ სასიკეთოს მოიტანს ქვეყანაში, სტერეოტიპებისგან და კომპლექსებისგან უნდა განვთავისუფლდეთ!“
უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პასუხისმგებლობის გრძნობას იმ საქმისადმი, რასაც აკეთებს და, ზოგადად, საკუთარი საქმის სიყვარულს:
„ჩართული უნდა იყო და ბოლომდე აკეთო შენი საქმე, თავს არ მოახვიო ადამიანებს საკუთარი ინტერესები და გულწრფელად აკეთო, რადგან ხალხი ყოველთვის გრძნობს, რას აკეთებ გულწრფელად და რას მოჩვენებითად. ამიტომ ჩემი ქვეყნის ინტერესების დაცვაში უნდა ვიყო ყველაზე ფრთხილი. სწორედ ერთგულებას, გულწრფელობასა და სანდოობას ვაფასებ ადამიანში ყველაზე მეტად!“
საინტერესო იყო, თუ რასთან ასოცირდება ამ გოგონასთვის ცნება თავისუფლება. როგორც გაირკვა, ეს მისთვის ნიშნავს აკეთო ის, რასაც საჭიროდ თვლი და არ იფიქრო, თუ რას იტყვიან სხვები…
ამბობს, ჩემთვის სამაგალითო მოთხრობაა ჯემალ ქარჩხაძის „იგი“, რადგან ნათლად ჩანს საზოგადოების მანკიერი სახე და როცა წელში მოხრილი საზოგადოება მხრებში გაიშლება, ნიშნავს, რომ სულის გამოძახილი სხეულზე აღიბეჭდა, სწორედ მაშინ მოვა სრული თავისუფლება.
„პირად თავისუფლებას რაც შეეხება, ვფიქრობ, თავისუფალი ვარ ჩემს მოქმედებებში, გამოვხატავ საკუთარ აზრსაც და არ მიმაჩნია, რომ ვინმე ან რამე მზღუდავს, თუმცა ქვეყნიდან გამომდინარე, ბევრი სტერეოტიპი არსებობს და მას უნდა ვებრძოლოთ. ეს მენტალური ოკუპაცია ძალიან რთული მოსაშორებელია. ჩვენ თავისუფალ საქართველოში დავიბადეთ, უბრალოდ, ზოგიერთს ჯერ კიდევ შემორჩა ის აზრები, რაც წინა თაობაში დალექილი იყო. ახლა კი ახალგაზრდებს უფრო შეგვიძლია მოჯადოებული წრის გარღვევა“.
საკუთარი აზრი აქვს წარმატებასთან დაკავშირებითაც. ფიქრობს, რომ წარმატება ინდივიდუალურად ადამიანზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ როგორ მიუდგება იგი საქმეს: „შენი ყოველი მოქმედება ქმნის საკუთარ მომავალს, შესაბამისად, განსაზღვრავს შენი წარმატების ხარისხს.
მე არ ვემხრობი იმ სტერეოტიპს, რომ საქართველოში ვერაფერს მიაღწევ. მჯერა ადამიანების შესაძლებლობების, იმის, რომ მას შეუძლია მოჯადოებული წრე გაარღვიოს და ამას ერთად შევძლებთ! ახალი სახეები გვინდა. გააჩნია ვის რამხელა დოზით სურს წარმატების მიღწევა და რას აკეთებს ამისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო პატარა ქვეყანაა და შეიძლება, უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწიო ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან აშშ-ში, რადგან ბაზარი იქ გაცილებით დიდია. თუმცა პირად კარიერას რაც შეეხება, ვფიქრობ, თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, ყველგან მიაღწევ წარმატებას“.
რაც წლები გადის, პასუხისმგებლობა ემატება და მეტად აფასებს დროს, ამიტომ მუდმივად ცდილობს, მხოლოდ საქმეზე და საინტერესო თემებზე ისაუბროს, რაც პიროვნულად გაზრდის და ახალს შესძენს.
ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს თავისი გარკვეული მისია აქვს. მისი ყოველდღიური მოქმედება არასდროსაა სახლში ჯდომა. ამბობს, მოქმედებაშია ის ძალა, რაც ადამიანის მისიას გამოკვეთს მოგვიანებითო.
მისი პრინციპით პიროვნებამ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის არ უნდა იცხოვროს, უნდა დათრგუნოს საკუთარი ეგოიზმი და მიაღწიოს ზედა საფეხურს, როცა სხვა ხდება შენთვის მნიშვნელოვანი.
თავადაც საკუთარს უკანა პლანზე წევს და ღირებულისთვის იბრძვის, რათა გაიგოს, თუ რისთვის დაიბადა. ყოველთვის არსებული მოცემულობის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს:
„ამ კონკრეტულ მომენტში ვიბრძვი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის. საქართველოს 20%-ზე მეტი ოკუპირებულია! მინდა, საერთო აზრზე ვიყოთ, რომ მხოლოდ რუსეთია ოკუპანტი და ამ ჰიბრიდულ ომში საქართველო გამარჯვებული იყოს. ეს არის ბრძოლის ნაწილი, რაშიც ჩართული ვარ და ვფიქრობ, ამას შევძლებთ. ამის ყველანაირი პოტენციალი გვაქვს _ წლების მანძილზე იმპერიები განადგურდნენ, მაგრამ ეს პატარა ქვეყანა მაინც იბრძვის და მედგრად დგას! ჩვენ დღესაც უნდა გადავრჩეთ, სხვაგვარად შეუძლებელია!“
მუდმივად მოტივირებულსა და საბრძოლო განწყობაზე მყოფს ენატრება მამა, რომელიც გარდაიცვალა, თუმცა სენტიმენტებს გაურბის.
შანსი რომ ჰქონდეს, ისევ ამ ეპოქასა და საქართველოში დაიბადებოდა, რადგან ფიქრობს, რომ ზეგანვითარების ყველაზე მაგარი საუკუნე გვაქვს, რომელიც დიდი საქმეების კეთების დიდ შესაძლებლობას გაძლევს.
სჯერა, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ აქტიური მოქმედებებით. სწამს გამარჯვების:
„მხოლოდ ბრძოლაშია გამარჯვება. მთავარი არის იდეათა ბრძოლა _ თუ შენს ქვეყანაში წარმატებისკენ მიმავალი მყარი პოზიციები იქნება, ამაში ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც დააჯერებ, მაშინ ყველაფერი გამოვა. ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური ადგილი გვიჭირავს, რომ მუდმივად მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, ამიტომ არ გვაქვს უფლება, არ გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების. ახალგაზრდებს, ყველას სხვადასხვა და ახალი იდეა გვაქვს, სადაც ისეთი ნაპერწკლები იბადება, რაც სამომავლოდ კოცონს გააჩაღებს.
ჩვენ ვართ ის, რისიც გვჯერა. თუ ჩვენ ცვლილებები გვინდა, თავად უნდა ვიყოთ ამის მაგალითი“.
ანა სულიად იზიარებს კენედის გამონათქვამს: „ნუ კითხულობ, რისი გაკება შეუძლია ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გაუკეთო ქვეყანას“. ამ პრინციპით ცხოვრობს ანაც და სწორედ ამიტომ არ იღლება, ამიტომ არის მუდმივად მოქმედებაში.
შანსი რომ ჰქონდეს, ისევ ანა ჭარხალაშვილი იქნებოდა. ამბობს, რომ ადამიანები თავიანთი მოქმედებებით ხდებიან პერსონები, სიკეთის მაკეთებლები და სხვებისთვის მისაბაძები, ამიტომ მეც ვცდილობ, რომ ჩემი ერთი აგურით ვიღაცისთვის იმედის მიმცემი ვიყო, რაღაც ღირებული გავაკეთო.
ეს უკომპრომისო ახალგაზრდა, რომელსაც დიდი მიზნები აქვს და უკეთესი მომავლისთვის იბრძვის, სექტემბერში საინფორმაციო კამპანიას იწყებს სახელწოდებით: „ელფები“ „ტროლების“ წინააღმდეგ“. იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში (და ახლა უკვე ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ განსაკუთრებით) გააქტიურდნენ ეს ე. წ. ტროლები, სხვებმაც აქტიურად უნდა ვწეროთ და მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია ხალხს. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ვჩანდეთ წინა ფრონტზე, რადგან ძალა სწორედ ახალგაზრდობაშია, ჩვენს თავისუფალ საქართველოშია, ახალი სისხლი ვართ, რომელიც ძველს უკეთესისკენ ცვლის, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი.
ოპტიმისტი და მაქსიმალისტია ყველაფერში. უკან არ იხევს. ყველაზე დიდი სიტიმული კი დედა და ძმები არიან, რომლებიც მოტივაციას აძლევენ და ანა ფიქრობს, რომ არ აქვს მათთვის იმედგაცრუების უფლება. სწორედ დედა და ძმები _ ოჯახია მისთვის ყველაზე დიდი საყრდენი.
როგორც მიხვდით, ანა იმდენად აქტიურია, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი უკვე დრო, წუთებია: „მგონია, რომ ყველა დრო რაღაცისთვის არის განკუთვნილი. რეალური საქმის გასაკეთებლად და შედეგის დასადებად სრული 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდე“.
ახლა 8 აგვისტოსადმი მიძღვნილ პერფორმანსზე მუშაობს. სულაც არ ღლის აქტიურად მუშაობა. პირიქით, ამით გრძნობს, რომ მნიშვნელოვანია და არასდროს ისვენებს.
არ აქვს ოცნებები, აქვს მიზნები, თუმცა მაინც… დიდი სიამოვნებით გაფრინდებოდა კოსმოსში და წავიდოდა მარსზე _ ამის მისაღწევად ჯერ არაფერს აკეთებს, სანამ ეს უკანასკნელი მიზნად არ ექცევა. ახლანდელი მიზანი კი სხვაა, უფრო მკაფიო და ნათელი _ საქართველოს დეოკუპაცია; სრულად კომპეტენტური იყოს თავის საქმეში; იმუშაოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში; ჩაერთოს სხვადასხვა მისიაში; საბოლოოდ, მისი ერთი აგური დადოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში!
ამ ეტაპზე ანას ძირითადი მოქმედებისა და ყურადღების არეალი ჰიბრიდულ ომზეა გადასული. თავიდან მარტივი სტიკერებით დაიწყეს, სექტემბერში კი სერიოზული ნაბიჯების გადადგმას იწყებენ.
ახარებს, რომ ხშირად გულანთებული ახალგაზრდები წერენ რეგიონებიდან: ბათუმიდან, სენაკიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან… თავიანთ მხარდაჭერას აგრძნობინებენ ჩვენი სტატიის მთავარ გმირს:
„ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ მწამს, რომ ჩვენ ახალი სისხლი ვართ და მნიშვნელოვანი პროცესების მიმართ პროტესტი სულ გვექნება.
სწორ კამპანიას წარმართავენ განათლებული ადამიანები. ჩვენ ვიზრდებით, ვვითარდებით და მოძრაობებში ვერთვებით სამშობლოსთვის, ხალხისთვის, ერთმანეთისთვის.
ჩემთვის მისაბაძია მებრძოლი, უკომპრომისო, მიზანდასახული ადამიანი. შეიძლება, ამ მიზნის მისაღწევად რამე დეტალი შეცვალო, მაგრამ თუ მას რადიკალურად გადათქვამ, მაშინ ადამიანები შენ მიმართ ნდობას კარგავენ. მგონია, რომ ახალგაზრდობაში არის ძალა და სხვა მიმართულებით მიგვყავს ბევრი რამ.
მთავარი ბრძოლა კი მაინც მენტალობაა. ამიტომ უნდა გავძლიერდეთ.
ჩემი გზავნილიც ეს იქნება: ძალა ერთობაშია! და როგორღაც ეს ერთობა მსოფლიოს უნდა დავანახვოთ. ჩვენ შევძლებთ ვიყოთ გამორჩეული და წარმატებული. უბრალოდ, ნებაა საჭირო, რომ ეს ყველაფერი სხვებმაც იხილონ. ჩვენი თაობის ხალხი არ უნდა მიდიოდეს სამუშაოდ ევროპაში ან სხვა კონტინენტის რომელიმე ქვეყანაში. შეგვიძლია, განათლება სხვაგან მივიღოთ და დავბრუნდეთ, რომ ისევ სამშობლოს მოვახმაროთ ეს ცოდნა. არადა, ძალიან დიდი რესურსი იკარგება. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანია და დიდი რესურსები გვაქვს. მგონია, რომ ძველებმა ახლებს უნდა დაუთმონ. უბრალოდ, გარკვეული პიროვნებები ძველი კომპლექსებით ხელს უშლიან მომავლის განვითარებას. სწორედ კომპლექსებით სავსე ყრუ კედლის დარღვევაა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მას აუცილებლად მივაღწევ“, _ ამბობს მუდმივად მებრძოლი ანა.
და მართლაც, ის არის ახალი სისხლი, რომელიც არასდროს დანებდება. ის ქართველია, რომელიც დაწყებულს ბოლომდე მიიყვანს და ყველა კარგ საქმეს სამშობლოს მიუძღვნის. ის ანა ჭარხალაშვილია.

ნინო ტაბაღუა