„მომავლის ვარსკვლავების“ ტრიუმფი „როსინიანა 150“-ზე და კონცერტები იტალიის სამ ქალაქში

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი FUTURE STARS 2018 იტალიაში წელს უკვე მეორედ გაიმართა. კონკურსი რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის
საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს ხელოვანთა კავშირის ეგიდით „როსინიანა-150“-ის ფარგლებში შედგა და მას ამჯერად 3 ქალაქი მასპინძლობდა: პეზარო, პერგოლა და კალი.

კონკურსის შესარჩევი ტურები ქ. პეზაროში ჩატარდა, 2017 წლის პრიზიორთა გალაკონცერტი _ ქ. პერგოლას თეატრში, ხოლო დასკვნითი გალა, დაჯილდოების ცერემონია და პრიზიორთა კონცერტი _ ქ. კალის 400-წლოვანი ისტორიის მქონე თეატრის უნიკალურ დარბაზში.
პროექტის ფარგლებში შედგა ოფიციალური ვიზიტი ქ. პერგოლას მერთან, რომელმაც უმასპინძლა კონკურსანტებს ოთხი ქვეყნიდან, ოფიციალურ დელეგაციას საქართველოდან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წარმომადგენლობას იტალიის რესპუბლიკაში. დელეგაცია ეწვია პერგოლას ანტიკური ხანის ბრინჯაოს ქანდაკებების უნიკალურ მუზეუმს, რის შემდეგაც შედგა საზეიმო ვახშამი და პრიზიორთა კონცერტი.
საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ როგორც ქართველი, ასევე იტალიელი მუსიკოსები, ცნობილი პროფესორები და იმპრესარიოები, რომლებმაც ორი დღის მანძილზე მოისმინეს და შეაფასეს საფორტეპიანო, ვოკალური, სიმებიანი და ჩასაბერი განყოფილებების კონკურსანტები ხუთივე ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოდან, იტალიიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან.
ჟიური: საქ. ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი, „მომავლის ვარსკვლავების“ დირექტორი, ღირსების ორდენის კავალერი – ნინო კუპატაძე; რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი, სოპრანო ნინო ლეჟავა; ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, დამსახურებული არტისტი, პარიზის მარგარიტა ლონგისა და ჟან ტიბოს, ბელგრადისა და იუნესკოს საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პროფესორი ნინო ქათამაძე; პიანისტი, როსინის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის გამგე, კარერასის პირადი აკომპანიატორი – ლორენცო ბავაი; ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების კათედრის გამგე, მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი, პროფესორი მანანა ქანთარია; დირიჟორი ორლანდო პულინი; ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ნიჭიერთა ათწლედისა და კონსერვატორიის სემინარიის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების კათედრის გამგე, თბილისის საერთაშორისო საორკესტრო კონკურსის დამფუძნებელი, პროფესორი მერი ჟვანია; როსინის სახელმწიფო ორკესტრის გენერალური დირექტორი, დირიჟორი ბრუნო მარონა; მუსიკოსი, პიანისტი, იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე – ეკა მეტრეველი.
პრიზიორებს საქართველოს ხელოვანთა კავშირისა და რ. ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო აკადემიისგან საჩუქრად გადაეცათ: მონაწილეობა პრიზიორთა კონცერტში იტალიაში, ერთწლიანი სტიპენდიები, მასტერკლასები პროფესორთან სპეცფორტეპიანოში, მონაწილეობისა და მგზავრობის დაფინანსება ბაქოს მე-9 საერთაშორისო კონკურსზე, მონაწილეობა კონცერტში იტალიაში როსინის ორკესტრის შემადგენლობაში, მონაწილეობა პრიზიორთა გალაკონცერტში საქართველოში ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით.
აკადემიის სპეციალური პრიზი გადაეცა მაია მონასელიძეს – 1-წლიანი უფასო სტაჟირება რ. ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს საერთაშორისო აკადემიის საკონცერტმაისტერო კლასში; ნინო კუპატაძისა და ხელოვანთა კავშირის სპეციალური პრიზი გადაეცა საბა მიქელაძეს – 1-წლიანი სტიპენდია; ხელოვანთა კავშირისგან გრანპრის მფლობელი ცოტნე სიდამონიძე დაჯილდოვდა როგორც აკადემიის, ასევე ხელოვანთა კავშირის საგანგებო პრიზით. მას ჯილდოდ გადაეცა მონაწილეობა პრიზიორთა კონცერტში იტალიაში 2019 წელს და მონაწილეობისა და მგზავრობის დაფინანსება ბაქოს მე-9 საერთაშორისო კონკურსში 2018 წლის დეკემბერში.
„ქრონიკა+“ საერთაშორისო კონკურსის დირექტორს, საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარესა და მუსიკოს ნინო კუპატაძეს ესაუბრა:
_ საქართველოს ხელოვანთა კავშირმა მორიგი საერთაშორისო საკონკურსო პროექტი განახორციელა იტალიაში, ქ. პეზაროში. ჩვენი პარტნიორი როგორც შარშან, ასევე წელს იტალიაში იყო რ. ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახ. საერთაშორისო მუსიკალური აკადემია ნინო ლეჟავას ხელმძღვანელობით. საქართველო 20 კონკურსანტით იყო წარმოდგენილი. ჩვენ მიწვეული ვიყავით იმ პერიოდში, როდესაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება როსინის 150 წლის იუბილე. ქ. პეზარო, სადაც საკონკურსო ტურები გაიმართა, მოგეხსენებათ, არის როსინის ქალაქი, იტალია კი _ მუსიკის ქვეყანა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით. კონკურსანტების ყველა ასაკობრივი კატეგორიით ვიყავით ჩართული. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ძალიან ძლიერი წარმომადგენელი იყო რუსეთის მხრიდან, ამიტომ პირველი საპრიზო ადგილი ერთ ასაკობრივ კატეგორიაში პიანისტებთან გაიყო რუსეთსა და საქართველოს შორის, თუმცა გრანპრი საქართველომ წამოიღო. ვოკალში ბელარუსმა და იტალიამ აჩვენა მაღალი ხარისხი.
_ როგორც ვიცი, კონკურსის გარდა მონაწილეებს იტალიის სხვა ქალაქებშიც ჰქონდათ დაკვრის საშუალება.
_ რა თქმა უნდა, საკონკურსო დღეების შემდეგ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეკრათ იტალიის სხვა ქალაქებში ძალიან სერიოზულ კულტურულ ცენტრებში და ასწლოვანი თეატრების გასაოცარ დარბაზებში. ქალაქ პერგოლას მერმა თბილი შეხვედრა და საზეიმო ვახშამი მოგვიწყო და სურვილი გამოთქვა, რომ თეატრალური სეზონი ქ. პერგოლაში სწორედ ჩვენი ბავშვების კონცერტით გაიხსნას, რაც ძალიან სასიამოვნო და, იმავდროულად, საპასუხისმგებლოცაა, რისთვისაც ჩვენ სერიოზულად მოვემზადებით. საინტერესო იყო როსინის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის შემოთავაზება, რომელმაც ორკესტრთან ერთად კონცერტში მონაწილეობა შესთავაზა ქართველ მევიოლინესა და ფლეიტისტს. პიანისტებს პრიზად გადაეცათ მონაწილეობა იტალიაში დაგეგმილ ლაურეატების კონცერტებში წლის განავლობაში. ყველა ამ ერთობლივი ღონისძიების საორგანიზაციო უზრუნველყოფას იტალიაში, რასაკვირველია, ტრადიციულად განახორციელებს ქ. პეზაროს მუსიკალური აკადემია. არ შემიძლია განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატო აკადემიის მიმართ, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი ცნობილი ქართველი სოპრანო, უმშვენიერესი ნინო ლეჟავა, რომლის მაღალი ავტორიტეტის წყალობითაც დაგვეთმო ქართველებს ამ არაჩვეულებრივი თეატრების დარბაზები სხვადასხვა ქალაქში. ასევე დიდი მადლობა აკადემიის აღმასრულებელ მენეჯერ ლიკა ლეჟავას, რომელმაც უზრუნველყო საორგანიზაციო საკითხების ძალიან მაღალ დონეზე მოგვარება.
_ საქართველოს რომელი რეგიონებიდან მონაწილეობდნენ ბავშვები?
_ საქართველოდან საკმაოდ ძლიერი მონაწილეები იყვნენ ჩართულნი კონკურსში. თბილისი, ბათუმი, ახალქალაქი, გორი, რუსთავი და მცხეთა წარმოადგენდა წელს იტალიაში საქართველოს ასე ღირსეულად.. კონცერტებს ესწრებოდნენ იტალიის მხრიდან ის მუსიკოსებიც, რომლებსაც შარშან შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ჩვენი ბავშვებისთვის და წელსაც სიამოვნებით მოვიდნენ მათ კონცერტებზე დასასწრებად, მაგ.: როსინის ორკესტრის უცვლელი აკომპანიატორი, პიანისტი, შარშანდელი კონკურსის ჟიურის წევრი პაოლა მარიოტი. ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ჟიურის შემადგენლობაში იტალიის მხრიდან ჩართული იყო იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე, მუსიკოსი და პიანისტი ქ-ნი ეკა მეტრეველი.

შედეგები:
მე-4 საპრიზო ადგილი:
1. თეკლა მირუაშვილი – საქართველო,
2. ნიკოლას სან მარტინი – იტალია;

მე-3 საპრიზო ადგილი:
1. ლუკა ირემაშვილი – საქართველო,
2. მაურო ბეატრიჩე – იტალია,
3. ანა-მარია ტაბატაძე – საქართველო,
4. სილვია სტელა – იტალია,
5. კრისტიანა ლუცენკო – იტალია,
6. ანა დევრიშაძე – საქართველო,
7. საბა კახიძე – საქართველო,
8. თეკლა სუპატაშვილი – საქართველო;

მე-2 საპრიზო ადგილი:
1. მარგარიტა ლიანჩუკი – ბელარუსი,
2. ნინო თვაური – საქართველო,
3. ელენა გირი – იტალია,
4. სტეფანია ბროკოუ – იტალია,
5. ანა ბერიძე – საქართველო,
6. საბა ცხოვრებაძე – საქართველო,
7. ფაბიოლა სანტი – იტალია,
8. სალომე ფუტკარაძე – საქართველო,
9. თათული ნიშნიანიძე – საქართველო,
10. გიორგი მოციქულაშვილი –საქართველო,
11. მარიამ გუგეშაშვილი – იტალია;

1-ლი საპრიზო ადგილი:
1. ალექსანდრე ზაზარაშვილი – საქართველო,
2. არკადი უხლინოვი – რუსეთი,
3. ანა ჩიკაშუა – საქართველო,
4. ანაჰიტ სტელმაშოვა – საქართველო,
5. თამაზ მჟავანაძე – საქართველო,
6. ნანუკა გოლიაძე – საქართველო,
7. სესილი სანებლიძე – საქართველო

გიორგი საკარული