გენდერული (უ)თანასწორობა

დღევანდელ რეალობაში სქესსა და გენდერს შორის განსხვავებებს ბევრი ჯერ კიდევ ვერ პოულობს. მაშინ, როდესაც ზოგიერთი გენდერში მოიაზრებს ქალის ფიზიკურ შესაძლებლობებს, სინამდვილეში, საუბარია უფლებებზე, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს დღესაც ერევა ერთმანეთში სქესი და გენდერი, აზრობრივი შეკამათებები, ალბათ, აქედან იჩენს ხოლმე თავს.

გენდერული თანასწორობა არ გულისხმობს, რომ მამაკაცმა ის ყოველდღიური აქტივობები უნდა განახორციელოს, რაც ქალისთვისაა დამახასიათებელი. გენდერი გულისხმობს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა სახის თანასწორუფლებიანობას ქალსა და მამაკაცს შორის. იმ შემთხვევაში, თუკი სწორად მოხდება მისი ტერმინოლოგიური განსაზღვრება, ალბათ, უფრო ნაკლები კითხვა დარჩება ამ მიმართულებით.
Civil ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტების თანახმად სქესი გულისხმობს ბიოლოგიას, ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებებს, რომელიც გვიჩვენებს მამრია იგი თუ მდედრი. ქალის ან მამაკაცის ბიოლოგიური სქესი სტატიკურია, ანუ იგი არ იცვლება, არის უნივერსალური და აშკარად დაკავშირებულია რეპროდუქციულ ფუნქციებთან. მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავება არის ის, რომ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ხოლო კაცს _ არა. კიდევ ერთი სქესობრივი განსხვავება ისაა, რომ კაცს მუსკულატურა ძირითადად უფრო მძლავრი აქვს, ვიდრე _ ქალს.
გენდერს რაც შეეხება, ამავე ლექსიკონის განსაზღვრებით ტერმინი „გენდერი“ აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც მიეწერება მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ამდენად, გენდერული როლები დამოკიდებულია კონკრეტულ სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტუროლოგიურ კონტექსტზე და განიცდის სხვადასხვა ფაქტორის გავლენას რასის, ეთნიკურობის, კლასის, სექსუალური ორიენტაციისა და ასაკის მიხედვით. გენდერული როლების შესწავლა ხდება და ფართოდ განსხვავდება თითოეული კულტურის ფარგლებსა და კულტურებს შორის. პიროვნების ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებით, გენდერული როლები შეიძლება, შეიცვალოს.
საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ ქალისა და მამაკაცის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით არაერთ განმარტებას ვხვდებით. ვკითხულობთ მუხლებს, სადაც საუბარია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომითი უსაფრთხოებებისას, სახელმწიფო გარანტიების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სფეროში,
საინფორმაციო რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაზე საოჯახო ურთიერთობებსა და სხვ. თითოეულ შემთხვევაში საუბარია ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობაზე. საბოლოოდ, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებას.
ხშირად გვესმის მსჯელობა გენდერული თანასწორობისა და, ზოგადად, გენდერის შესახებ. სიტყვა გენდერი მიღებულია საზოგადოებისგან, მაგრამ ყოველთვის არ არის სწორად და სრულყოფილად გაგებული. გენდერი სოციალური ქსელია, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქცევას საზოგადოებაში და ამ ქცევის აღქმას საზოგადოების მიერ.
საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ტერმინ გენდერს შემდეგნაირად განმარტავს: სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე.
„The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით, 2006 წელს საქართველო, 135 ქვეყანას შორის, გენდერული თანასწორობის ხარისხის მიხედვით, 54-ე ადგილზე იმყოფებოფა. 2007 წელს _ 67-ე, 2008 წელს _ 82-ე, 2009 და 2010 წლებში 88-ე ადგილს იკავებდა, ხოლო 2011-იდან 2014 წლის ჩათვლით 85-ე ან 86-ე ადგილზე იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში, 2003-2004 სასწავლო წლიდან 2013-2014 სასწავლო წლამდე, მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა აღემატება მამრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობას. შესაბამისად, განვითარების ამ ეტაპზე არ ხდება ქალთა გენდერული დისკრიმინაცია. ეკონომიკური აქტივობების მიხედვით სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად მიღებული შედეგებით, აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალა) მიხედვით მამაკაცები ჭარბობენ ქალბატონებს. ეს ინფორმაცია არსებითად ეწინააღმდეგება „The Global Gender Gap“-ის მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშის მონაცემებს, სადაც საქართველო 86-ე ადგილზეა.
საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის იანვარში დაამტკიცა 2014-2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. დაინერგა პრობაციონერი ქალების სარეაბილიტაციო პროგრამები; საბავშვო ბაღები გახდა უფასო _ ორგანული კანონით აიკრძალა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლისა და კვების მომსახურებისთვის გადასახდელის დაწესება; ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია ქალთა და გოგონათა სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად; ამოქმედდა ფოლის მჟავის მიწოდების პროგრამა, როემლიც ახდენს ნაყოფის ენცეფალური პრობლემების პრევენციას.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წელს შემოვიდა (UNIFEM) რეგიონული პროექტით ქალები კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 2006 წელს დასრულდა. UNIFEM-მა საქართველოში 2008 წელს განაახლა საქმიანობა, აიყვანა მრჩეველი გენდერის საკითხებში, გახდა გაეროს გუნდის აქტიური წევრი, თავმჯდომარეობდა გენდერის თემატურ ჯგუფს და გადამწყვეტი როლი შეასრულა გენდერის ჩართვაში გაეროს 2012-2014 წლების განვითარების ხელშეწყობით. ამ ეტაპზე საქართველოში UN Women-ის პორტფოლიო შედგება ინტერვენციებისგან შემდეგ სფეროებში: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება; გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია ძირითად მიზანზე: არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მიზნით.
აღნიშნული მიზნის მხარდასაჭერად UN Women საქართველოში მუშაობს შემდეგ თემებზე:
• ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება;
• ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა;
• ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება;
• გენდერის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.
აღსანიშნავია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობა. საქართველოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოში შექმნილია გენდერული თანასწორობის მექანიზმები _ გენდერული თანასწორობის სამთავრობო კომისია და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო. საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა სირთულეებთან ასოცირდება. ეს იმის გამო, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსული ქადაგებდა და, მეტ-ნაკლებად, დღესაც ქადაგებს, რომ მამაკაცს მეტი უფლება და თავისუფლება აქვს, ვიდრე _ ქალს.
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „გენდერი და პოლიტიკა“ _ ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ანგარიში „გენდერი და საზოგადოება: საქართველო“.
ამ პუბლიკაციის თანახმად გენდერული დიფერენციაცია, ისევე როგორც გენდერული უთანასწორობა უნივერსალურია და ყველა საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი (Kimmel, 2000). ის ბიოლოგიას ეყრდნობა და მისი განსაზღვრება ცვალებადობს:
• ერთი საზოგადოებიდან მეორეში;
• ერთ კულტურაში გარკვეული დროის განმავლობაში;
• პიროვნული მოწიფულობის მიხედვით;
• სხვადასხვა ჯგუფს შორის ერთ კულტურაში;
• ინდივიდებს შორის.
„ქალები შეადგენენ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტს და მიუხედავად ამისა, უკიდურესად მწირად არიან წარმოდგენილნი არჩევით ორგანოებში, სახელმწიფო ორგანოებში გადაწყვეტილების მიმღებთ შორის და კერძო ბიზნესში. ქალები ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და სამყაროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ, ნათლად არის გამოკვეთილი საზოგადოების მასკულინური ხასიათი“, _ ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
ოჯახში ძალადობასა და დისკრიმინაციას, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანების იდეური თუ აზროვნებითი შეუთავსებლობა განაპირობებს, რომლებიც ოჯახს ქმნიან. დღევანდელ საქართველოში, ალბათ, შედარებით მეტი ქალი წევს წინააღმდეგობას საკუთარ ნაკლებუფლებიანობასთან დაკავშირებით მეუღლესთან შედარებით. თუ ორივე მათგანი გამუდმებით, გაუაზრებლად აკეთებს აქცენტებს საკუთარ „ძალაუფლებასთან“ მიმართებით, ეს აუცილებლად იქნება კონფლიქტის მიზეზი. დისკრიმინაციისა და ძალადობის მიზეზად კი თავისუფლად შეგვიძლია, დავასახელოთ ოჯახის რომელიმე წევრის _ ქალის ან მამაკაცის არასწორი ინფორმირებულობა საკუთარ უფლებებთან და ვალდებულებებთან მიმართებით.

მარიამ ტიელიძე