უცნობი საქართველოს ქრონიკა: 1918 წლის ივლისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-24.

1918 წლის ივლისი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე თვე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ივლისში ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკთა შეიარაღებული აჯანყებების ტალღამ გადაუარა. კომუნისტთა გამოსვლები დაიწყო დუშეთის მაზრაში, საჩხერეში, აფხაზეთში. ქვეყანამ, რომელმაც ერთი თვის წინ ბათუმის ოლქი, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრა დაკარგა, ახლა უკვე გაწითლების საფრთხე დაემუქრა.
რუსული ბოლშევიზმი. ეს იყო ყველაზე საშიში დაავადება, რომელიც ახალგაზრდა რესპუბლიკას ემუქრებოდა. სხვა გარეშე მტრისგან განსხვავებით, ბოლშევიკები საქართველოს სახელმწიფოებრიობას პარაზიტების მსგავსად შიგნიდან ხრავდნენ:
მოსახლეობაში მთავრობის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივება; ჯარისკაცების გადაბირება; გლეხთა შორის უკმაყოფილების დათესვა; ჭორების, ცილისწამების, ათასგვარი სიბინძურის გავრცელების გზით ქართული ხელისუფლებისთვის სახელის გატეხა და სამოქალაქო არეულობის გამოწვევა – ასეთი იყო საქართველოში ბოლშევიკების სამოქმედო გეგმა, რომელიც, საბოლოოდ, შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო.
ბოლშევიკური აჯანყებები საქართველოში _ სწორედ ეს გახლავთ 1918 წლის ივლისის მთავარი თემა ქართულ გაზეთებში.

დუშეთის აჯანყება

1918 წლის ზაფხულში აჯანყების მთავარი კერა დუშეთი გახდა. ბოლშევიკურ აგიტაციას აყოლილმა გლეხობამ, რომელსაც ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული წითელი რაზმები უმაგრებდა ზურგს, დუშეთი აიღო. კომუნისტური ბაცილა სულ მალე თიანეთის, მცხეთისა და გორის მაზრის ნაწილსაც გადაედო. მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ნატახტარი, დუშეთი, წილკანი, ყაზბეგი.
აჯანყებულთა წინააღმდეგ ქართულმა ხელისუფლებამ სახალხო გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილები გაგზავნა. გაზეთ „საქართველოს“ 3 ივლისის ცნობით, სამთავრობო ნაწილებმა მცირე წინააღმდეგობის შემდეგ დაიკავეს დაბა ნატახტარი და ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღებას შეუდგნენ. იმავე დღეს შევიდნენ მუხრანში და წილკანში, საიდანაც დაიწყო აჯანყება. ბოლშევიკთა რაზმებმა რეგულარულ ნაწილებთან ბრძოლას თავი აარიდეს და ჩრდილოეთისკენ დაიხიეს, თუმცა წილკნის სიახლოვეს კომუნისტებთან ლოკალური შეტაკება მაინც მოხდა, რომლის დროსაც 7 სახალხო გვარდიელი დაიჭრა.
5 ივლისის ნომერში გაზეთი აქვეყნებს ცნობას, რომლის მიხედვითაც სახალხო გვარდიის რაზმებმა, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით, ბოლშევიკთა ძირითად დასაყრდენს _ დუშეთს შეუტიეს და ქალაქში შევიდნენ, ამის პარალელურად საარმიო ნაწილები, პოლკოვნიკ კონიაშვილის მეთაურობით, მტერს ზურგში მოექცა, რითაც მოწინააღმდეგეს უკან დახევა აიძულეს. გაზეთის ინფორმაციით, სამთავრობო ნაწილების დანაკლისი სულ რამდენიმე დაჭრილით შემოიფარგლა. ინციდენტი მოხდა ბაზალეთის გზაზე, სადაც ბოლშევიკებმა ხელში ჩაიგდეს სურსათით დატვირთული სამხედრო აღალი. აღალის მცველი ორი გვარდიელი მოკლეს, ორი კი ტყვედ წაიყვანეს.
8 ივლისიდან ხელისუფლებამ დუშეთის მაზრაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. დუშეთის კომენდანტად პორუჩიკი გრიგოლია დაინიშნა. მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ნებისმიერ ანტისამთავრობო გამოსვლებს შეიარაღებული ძალების გამოყენებით ჩაახშობდნენ. აიკრძალა მაზრის ტერიტორიაზე იარაღის ტარება და შენახვა. ვისაც ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ვალდებული იყო, კომენდატურაში ჩაებარებინა. ვინც აღნიშნულ წესებს არ დაემორჩილებოდა, სამხედრო საველე სასამართლოს გადასცემდნენ.
9 ივლისის ნომერში გაზეთი „საქართველო“ უკვე ანანურის სიახლოვეს მიმდინარე ბრძოლების შესახებ იტყობინება: „ბოლშევიკების ბრბოთა წინააღმდეგ მომქმედი სახალხო გვარდია და რეგულიარული ჯარები ორ რაზმად გაიყო: მარჯვნივ არაგვის ხეობაზე მოქმედებს ფურცელაძის და გედევანიშვილის რაზმები, რომელიც სწრაფად მიიწევენ ანანურისკენ, რათა მტრისთვის ზურგიდან შემოევლოთ; მთავარი ძალები პოლკოვნიკ კონიევისა და ვ. ჯუღელის ხელმძღვანელობით სამხედრო გზით ჯერ დუშეთზე და შემდეგ იქიდან ანანურისკენ მიიწევდა. ამ ჯარების მარჯვენა ფრთას ხელმძღვანელობს გ. ლომთათიძე, მარცხენას _ თუთბერიძე, სამთო ბატარეას _ კაპიტანი ყანჩელი, ცხენოსან ჯარს _ პორუჩიკი ქუთელია. შუა კალონა მთავარი ძალებისა და თვით შტაბი სამხედრო გზით მიიწევდა წინ… შეტევა დაიწყო 6 ივლისს, დილის 5-ს. მარჯვენა და მარცხენა ფრთა შეთანხმებით გაუთანასწორდნენ მტერს, რომელიც იძულებული იყო, ანანურისკენ უკან დაეხია, რათა ხელში არ ჩაგვარდნოდა. გაქცეულ მტერს გედევანიშვილის რაზმმა დროზე მიუსწრო და 2 ზარბაზანი და 2 ტყვიისმფრქვეველი წაართვა ანანურსა და ფასანაურს შუა. ტყვედ ჩაგვივარდა 200 კაცი. ბრბოს მეთაურებმა გაქცევით თავს უშველეს. საერთოდ არტილერიის, ქვეითთა და ცხენოსანი ჯარი შეთანხმებით და მხნედ მოქმედებენ და მტერი უკვე დამაცხებულად უნდა ჩაითვალოს. მეორე დღეს მტრის დევნა გაგვიადვილდა. ფრონტზე სიკვდილით დასჯაა შემოღებული მოღალატეთათვის და მძარცველებისთვის.
ამ ბრძოლებში მსუბუქად დაგვიჭრეს 5 კაცი, მოგვიკლეს ქუთელიას 2 ცხენოსანი და ორიც ტყვედ წაიყვანეს, როცა ისინი მტერს ზვერავდნენ. მოკლული ცხენოსნები უწამებიათ, რის შესახებაც ცნობები გვაქვს. ერთ გვარდიელს, როცა მას მოხსენება მოჰქონდა კონიევთან მთავარ შტაბში, არაგვში გასვლის დროს წყალში ცხენი წაექცა და დაიხრჩო, შემთხვევით არაგვში დაიხრჩო ერთიც გედევანიშვილის რაზმიდანაც. სხვა მსხვერპლი არ არის. მცხოვრებნი ნელ-ნელა უბრუნდებიან ოჯახს და მშვიდობიან მუშაობას და ცხოვრებას განაგრძობენ. იმ მცხოვრებლებმა, რომლებიც უწინ უნდობლად გვეპყრობოდნენ, დღეს შეიგნეს თავისი შეცდომა და ეხლა ნდობით გვეპყრობიან“.
11 ივლისს მძიმე შეტაკება დაიწყო ფასანაურის მიდამოებში. ბოლშევიკებმა ქართულ ნაწილებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ მათი წინააღმდეგობა მაინც დაიძლია. კომუნისტებმა ბრძოლის ველზე 60 მოკლული დატოვეს. ტყვედ ჩავარდა ასეულობით აჯანყებული. ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკების არტილერია. ქართულმა ნაწილებმა მტრის შევიწროება დაიწყეს და ჯერ გუდაური დაიკავეს, შემდეგ კი კობში შევიდნენ.
გაზეთი „საქართველო“. 1919 წლის 14 ივლისი: „გენერალი კონიევი გვარდიის მთავარ შტაბს დეპეშით შემდეგს ატყობინებს: 12 ივლისს გუდაურის სადგურზე და მის რაიონში ბრძოლა ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა. ჩვენ დავატყვევეთ რაჭველების, მეგრელების და ლეჩხუმელებისგან შემდგარი მოწინააღმდეგის რაზმი. წავიღეთ აგრეთვე 3 ზარბაზანი და ტყვიის მფქვეველები. განსაკუთრებულს აქტივობას იჩენს გედევანიშვილის პარტიზანული პოლკი. სამაგალითო მამაცობა გამოიჩინა მოტოციკლისტმა ტყვიის მფქვეველმა გომელაურმა, რომელიც სამწუხაროდ მკერდში იქნა დაჭრილი. მთელ ბრბოს ხვალ ბოლოს მოვუღებთ და საქმესაც გავათავებთ“.
15 ივლისს საღამოს 9 საათზე გვარდიისა და არმიის ნაწილებმა ბრძოლით აიღეს ლარსი. მტერი, რომელიც დარიალის ციხეში იყო გამაგრებული, პირწმინდად დამარცხდა. სამთავრობო ჯარებმა ხელში ჩაიგდეს მოწინააღმდეგის მთელი აღალი და შეიარაღება. ტყვედ ჩავარდა აჯანყებულთა უდიდესი ნაწილი. ბოლშევიკთა მეთაურებმა ვლადიკავკაზში გაქცევით უშველეს თავს. როგორც გაზეთებიდან ირკვევა, ბოლშევიკური აჯანყების ხელმძღვანელი ცნობილი ბოლშევიკი ალექსანდრე, იგივე საშა გეგეჭკორი გახლდათ, რომელმაც ძლივს გაასწრო დარიალიდან.
20 ივლისს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს ბოლშევიკურ პროკლამაციას, რომლის მეშვეობითაც კომუნისტები დუშეთის მაზრის მოსახლეობის გადაბირებას ცდილობდნენ. ეს პროკლამაცია სახალხო გვარდიელებს ჩაუვარდათ ხელში. მოწოდება დუშეთის მაზრის გლეხთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სახელით ვრცელდებოდა. პროკლამაცია საკმაოდ დიდი მოცულობის არის, ამიტომ მხოლოდ მის ნაწილს გაგაცნობთ: „მთელ დუშეთის მაზრას დღეს ცეცხლი აქვს მოდებული და იწვის. თბილისის მთავრობამ ვერაგულათ გასცა მთელი მუშების და გლეხების რევოლიუცია, ხალხის დაუკითხავად და ხალხისვე სურვილის წინააღმდეგ შეკრა კავშირი თათრის ბეგებთან და ხანებთან, ქართველ მემამულეებთან და თავადებთან, მან მოსწყვიტა მთელი ამიერ-კავკასია და საქართველო რუსეთს და სამაგიეროთ ჩამოგვიყენა სახლში ავაზაკ ვილჰელმის ჯარები, რომელთაც სწადიათ ჩვენი სისხლის დალევა, თბილისის მთავრობას სწადია, რომ ჩვენ ისევ მემამულეების და თავადების მონები გავხდეთ. ამიტომ გამოგზავნა მან ჩვენ წინააღმდეგ დაქირავებული ჯარი, რომელსაც ხალხის მოსატყვილებლად წითელ გვარდიას უწოდებენ და რომელსაც წინამძღოლობს ხალხის ჯალათი ჯუღელი. ეს ხალხის სისხლში მცურავი გვარდია მოვიდა ჩვენთან მუხანათურათ, მას ჯერ დავალებული ჰქონდა ჩვენთვის იარაღი აეყარა, რომ შემდეგ ჩვენი დამორჩილება გაადვილებოდათ. მაგრამ ჩვენ არ ავეგეთ იმათ ანკესზე. არ მივეცით მათ ნება ჩვენთვის იარაღის აყრისა…
დუშეთის მაზრას დღეს შემოესია ჟორდანია-ჯუღელის ბრბო და ლამობს ჩვენ განადგურებას, ასეთი დღე არ დასდგომია ჩვენ ქვეყანას არც ძველ და ახალ დროში, არც შაჰაბაზის და აღამახმადის ურდოების შემოსევის დროს, არც სისხლის მსმელ ნიკოლოზ რომანოვის შავბნელ რეაქციის დროს. საქართველოს ახალმა თვითმყრობელებმა _ მენშევიკებმა ყველას გადააჭარბეს“.
პროკლამაცია ბოლოს მოწოდებით მთავრდებოდა, სადაც ბოლშევიკები დუშეთის მაზრის მოსახლეობას მთავრობის დამხობისა და წითელ რუსეთთან ძმური კავშირის აღდგენისკენ მოუწოდებდნენ: „ძირს მენშევიკების და მემამულეების მთავრობა! გაუმარჯოს მუშების და გლეხების რევოლიუციას! გაუმარჯოს საბჭოთა მთავრობას ამიერკავკასიაში! გაუმარჯოს ერთობას რუსეთის და კავკასიის მუშებსა და გლეხებს შორის!“

საჩხერის აჯანყება

საჩხერის რაიონში ბოლშევიკების შეიარაღებული გამოსვლები ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო. კომუნისტთა აგიტაციას აყოლილმა მოსახლეობამ და ბოლშევიკების პროპაგანდით გაბრუებულმა ჯარისკაცებმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და ლამის საბჭოთა რესპუბლიკა შექმნეს. მაზრაში აღარ ფუნქციონირებდა არც ერთი დაწესებულება, გააძევეს მთავრობის დანიშნული ჩინოვნიკები.
საგულისხმოა, რომ საჩხერის გამოსვლები დუშეთის მაზრაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობდა და მას კოორდინაციას საბჭოთა რუსეთი უწევდა. საჩხერის გამოსვლებს ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა _ ბოლშევიკებთან ერთად აქ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოსი ეროვნების მოსახლეობაც იბრძოდა. 7 ივლისს გაზეთ „საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჯანყებულთა წინააღმდეგ რესპუბლიკის შეიარაღებული ნაწილი გაიგზავნა ხორუნჟი ფხაკაძის მეთაურობით. საარტილერიო ცეცხლის შემდეგ ბოლშევიკებმა უკან უწესრიგოდ დაიხიეს და მთებს შეაფარეს თავი.
საჩხერეში შესვლისთანავე მთავრობამ შესაფერისი ზომები მიიღო ქალაქის გასამაგრებლად და მოსახლეობის განიარაღებას შეუდგა. გაზეთის ცნობით, დააპატიმრეს 100-მდე პროვოკატორი და ბოლშევიკთა აგიტატორი, ამოიღეს 400-მდე შაშხანა, მაგრამ აჯანყების ჩაქრობა მაინც ვერ მოხერხდა. 14 ივლისის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში საშინელი ანარქია სუფევდა. ბოლშევიკთა რაზმები აოხრებდნენ სოფლებს, წვავდნენ საცხოვრებელ სახლებს, ძარცვავდნენ და კლავდნენ თავად-აზნაურობის წარმომადგენლებს.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 17 ივლისი: „გაცხოველებული ბრძოლა სწარმოებდა 6-10 ივლისს. ყვირილის ხეობა სოფელ ჭალამდე გაწმენდილია წითელ-გვარდიელების მიერ. წამოყვანილია 60-მდე ტყვე. ბრბოს რამდენიმე მეთაური შეპყრობილია; ზოგი დახვრიტეს საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით. გაქცეულები იკრიბებიან სოფელ ჭალასთან, საცა მათი შტაბი იმყოფება. ხმები დადის, რომ მათ ხელმძღვანელობას უწევენ გამოცდილი ოფიცრები ჯიოშვილი და ხარაბუა და სხვ. წითელ-გვარდიას სხვა და სხვა მხრიდან ძალა ემატება. აჯანყებულთაგან გაწმენდილ ადგილებს მცხოვრებლები უბრუნდებიან და თავიანთ საქმეს განაგრძობენ. ყველგან მიტინგები ხდება…“
ბოლშევიკთა ძირითადი რაზმების განადგურების მიუხედავად, იარაღს არ ყრიდნენ აჯანყებული ოსები, რომლებიც სოფლებზე თავდასხმას და ქართული მოსახლეობის ძარცვას განაგრძობდნენ. ოსთა სოფლებში, წესრიგის დამყარების მიზნით, ხელისუფლებამ არმია შეიყვანა, მაგრამ ოსები ჯარისკაცებს მაინც ეურჩებოდნენ და იარაღს არ ყრიდნენ. 19 ივლისს გაზეთში დაბეჭდილი წერილის მიხედვით ოსებს შემდეგი განწყობა ჰქონდათ: „ტახტზე უნდა ავიდეს ისევ რუსის ხელმწიფე ნიკოლოზი, რომლის გადმოგდების შემდგომ ფართალი აღარ იშოვება, ხურდა ფული მოისპო, გირვანქა პური 7 მანეთი გახდა. ახალმა მთავრობამ ყაჩაღები დაგვიყენა მეთაურებათ“.
ოსთა დაშოშმინება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ქართულმა არმიამ აჯანყებულებზე მასშტაბური შეტევა მიიტანა. ამ ბრძოლებში მოკლეს ოსთა მეთაური ხარებოვი. დამარცხებული ოსები გაიფანტნენ და იარაღი დაყარეს.
გაზეთი „საქართველო“ 21 ივლისის ნომერში ამ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს: „საჩხერიდან მთავრობის თავმჯდომარეს დეპეშით შემდეგი შეატყობინეს: 17 ივლისს, გათენებისას, ჩვენმა ჯარმა მთელ საჩხერის ფრონტზე შეტევა დაიწყო ჩიხის, ივანწმინდის, ყვირილის ხეობის, ურგულის და ციხე-მოდიმნახეს მიმართულებით. როგორც გამოირკვა, მტერსაც მაშვინ დაუწყვია შემოტევა. მედგარი ბრძოლა 2 დღე და ღამე გრძელდებოდა. ჩვენი ენერგიულ შეტევის წყალობით მტერი დაიბნა, რასაც ხელი შეუწყო მოწინააღმდეგის მეთაურის ხარებოვის დაჭრამ. ხარებოვი გზაში მოკვდა. ტყვედ წამოიყვანეს რამდენიმე ათეული ოსი. ტყვეების სიტყვით, მეამბოხეთა რიცხვი 1500 უდრის. მათ შეუერთდა 100 ქართლელი ბოლშევიკთა ბრბოდან და აგრედვე ადგილობრივი ბრბო. მტრის ზარალი _ ტყვე, დაჭრილი და დახოცილი 160 კაცს უდრის“.

ურთიერთობა გერმანიასთან

საქართველოში გერმანული არმიის შემოსვლისა და გერმანული სამხედრო-პოლიტიკური მისიის დაფუძნების შემდეგ სულ უფრო ინტენსიური ხდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი გახდა და ივნისის დასაწყისში ბორჩალოს მაზრაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებაში რაიხსჰერის ნაწილების მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კაიზერის მთავრობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენს ქვეყნაში დამკვიდრება.
გაზეთ „საქართველოს“ ივლისის ნომრებში მრავლად გვხვდება გერმანელების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გერმანელების არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით აქტივობას ასახავს.
3 ივლისს გაზეთი „საქართველო“ მთავრობის მიერ მოწყობილი ბანკეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ხელისუფლებამ ოთხთა კავშირის წარმომადგენელთა პატივსაცემად გამართა (იგულისხმება ანტანტის მოწინააღმდეგე, ევროპის ცენტრალური ქვეყნების კავშირი, რომელშიც გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი და ოსმალეთი შედიოდნენ).
ბანკეტი ქართული კლუბის ბაღში გაიმართა, რომელსაც, მოწვეული უცხოელი სტუმრების გარდა, საქართველოს მთავრობის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა. საზეიმო ვახშამი საღამოს 9 საათზე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ფრანგულ ენაზე შემდეგი სიტყვით მიმართა: „ბატონებო! პატარა საქართველომ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში შეინარჩუნა თავისუფლება და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ნებით შეუერთდა რუსეთს, რომ გადარჩენილიყო როგორც პოლიტიკურად, აგრეთვე ფიზიკურად და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. უკანასკნელ დროს იგი დატოვებული იყო რუსეთისაგან და როცა ფაქტიურად გაუქმდა კავშირი ჩვენსა და რუსეთს შორის _ საქართველომ შესცვალა რუსეთის ორიენტაცია გერმანიის ორიენტაციაზედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძმური კავშირი უნდა დამყარდეს ყველა სახელმწიფოსთან და ამასთანავე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობაც და ხალხიც დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური, ფინანსიური და ეკონომიური ინტერესები ჩვენი და შუა ევროპის სახელმწიფოებისა ერთმანეთს ეგუებიან და ამიტომ სალამს ვუძღვნი და სადღეგრძელოსა ვსვამ დიდი გერმანიის დიდებისა და მისი სუვერენისათვის (ვაშა! მუსიკა). შემდეგ ავსტრო-უნგრეთის სახელმწიფოსა და მისი უფროსისათვის (ვაშა! მუსიკა). იმ ერისა, რომელსაც ეძახიან გაბედულს და რომელთა ბედი ჩვენსასა ჰგავს, მე ვსვამ ბულგარეთის სადღეგრძელოს (ვაშა! მუსიკა). და უკანასკნელადა ვსვამ სადღეგრძელოს იმ ოტტომანის იმპერიისას, რომელთანაც ჩვენ სამუდამო კარგი მეზობლობა გვინდა“.
როგორც გაზეთი გადმოგვცემს, ჟორდანიას ამ სიტყვას ყველა ტაშით შეხვდა. თავის მხრივ, საქართველოს სადღეგრძელო შესვა გერმანიის მისიის ხელმძღვანელმა ფონ კრესენშტაინმა, რომელმაც ჟორდანიას მსგავსად მისასალმებელი სიტყვა ფრანგულ ენაზე წარმოთქვა. კრესენშტაინი მიესალმა ქართველ ერს, აღნიშნა ქართველების ღვაწლი და უსურვა საქართველოს აყვავება და თამარის ოქროს ხანის დაბრუნება. ამ სიტყვას მთელი საზოგადოების აღტაცება და ვაშას ძახილი მოჰყვა.
შემდეგ ბანკეტმა არაფორმალურ ვითარებაში გადაინაცვლა: „თანდათან ვახშამი უფრო ინტიმურ ხასიათს იღებდა, გერმანელი ოფიცრები, ავსტრიელები და სხვანი ისე გამხიარულდნენ, რომ მათაც დაიწყეს ლეკურის თამაში და საზოგადო ზეიმსა და მხიარულებას თავისებურ იერს აძლევდნენ. საზოგადოება და სტუმრები დიდათ ნასიამოვნები დაიშალნენ განთიადისას. ასე დამთავრდა პირველი საზეიმო შეხვედრა ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა წარმომადგენლებისა“.
გერმანიასა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკის სფეროში ურთიერთობას ექცეოდა. 20 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში სპეციალური უწყებათაშორისი თათბირიც კი შედგა, რომელიც საქართველოდან გერმანიაში საექსპორტო საქონლის გაგზავნას ეხებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა შორის შედიოდა: თამბაქო, სპილენძი, ქვანახშირი, ღვინო, თხილი, დაფნის ფოთოლი, მატყლი, აბრეშუმის პარკი, მინერალური წყლები, ხე-ტყე და სხვა. თათბირზე ასევე იმსჯელეს გერმანიაში სპეციალური სავაჭრო მისიის გაგზავნაზე, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთმომგებიანი სავაჭრო ურთიერთობის დამყარებისთვის უნდა შეეწყო ხელი.
18 ივლისის გაზეთში გამოქვეყნებულია საინიციატივო ჯგუფის განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულ-გერმანული კულტურული საზოგადოების შექმნას: „საინიციატივო ჯგუფი ამით აცნობებს გერმანიაში ყველა განათლება მიღებულ ქართველთ, საქართველოსთან დამოკიდებულებაში მყოფ გერმანელთ და აგრეთვე საზოგადოების ყველა თანამგრძნობთ, რომ ხსენებულ საზოგადოების პირველი სხდომა შესდგება კვირას 21 ივლისს, დილის 11 საათზე, ფრეილინის ქუჩაზე სახლი #11. ყოფილი ბინა ეროვნულ საბჭოისა“.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, ამ საზოგადოების დაარსების მოთავენი იყვნენ: ტიტე მარგველაშვილი, არტურ ლაისტი, ბ. პაპავა, გ. ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი.

დევნილები

სულ უფრო ძლიერდება საქართველოში შემოსული დევნილების რიცხვი. კავკასიის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, იმ დროის ტფილისი რეგიონის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლებოდა, ამიტომ მეზობელი ქვეყნებიდან ომსა და არეულობას გამოქცეული ადამიანები თავშესაფარს, ძირითადად, აქ ეძებდნენ. დევნილთა შორის სომხები სჭარბობდნენ, რომლებიც ოსმალთა ჯარის სისასტიკეს გაურბოდნენ. ქვეყნის ისედაც მწირ ბიუჯეტს სომეხ ლტოლვილთა შენახვის დამატებითი ხარჯი დააწვა.
გაზეთი „საქართველო“ 16 ივლისის ნომერში დევნილთა მძიმე ყოფაზე აქვეყნებს ცნობას, საიდანაც ირკვევა, რომ ლტოლვილთა შორის ძლიერ გაიზარდა სიკვდილიანობა: „გამოქცეულთა შორის სიმშილი თანდათან იზრდება. ქალაქის თვითმმართველობამ უკვე გაანაწილა მთავრობისგან მიღებული უკანასკნელი 100 ათასი მანეთი, 25 ათას გამოქცეულთა გამოსაკვებად, რაიცა ძლივსა ჰკმარის ერთ მესამედ გირვანქა პურსა. ბავშვების სიკვდილი გახშირდა. დღეში 30-40 ბავშვი კვდება. გამოქცეულები იქვე თავშესაფრების გალავანში ასაფლავებენ ბავშვებს, რადგან დამკრძალავი კონტრაგენტი დასაფლავებას ვერ ასწრებს“.
დევნილთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჭიროდ მიიჩნია, საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილთა ახალი ნაკადი აღარ მიეღო. თუმცა იმ პერიოდის ქაოსის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარება, უბრალოდ, წარმოუდგენელი ჩანდა.
ვითარების მთელი სირთულე რომ წარმოვიდგინოთ, გაზეთ „საქართველოს“ 16 ივლისის ნომერში კახეთიდან მიღებულ წერილს გავეცნოთ: „სომეხთა ეროვნულ საბჭოს დედოფლის წყაროდან ატყობინებენ: ჩამოვიდა ლტოლვილთა პირველი ჯგუფი ათასი კაცი. ქვემო და ზემო ქედას რაიონში დაბანაკდა 5000 მეტი ლტოლვილი. მდინარე ალაზნიდან სოფელ ქედამდე განუწყვეტლივ მოდიან ლტოლვილნი. გუბერნიის კომისრის განკარგულებით ჩამოსულ ლტოლვილებს 7 დღის განმავლობაში თბილისისკენ გზავნიან. ლტოლვილთა საერთო რიცხვი ოცი ათასს აღემატება. ალაზანზე გადასვლის დროს 500 ქალი და 6 ბავშვი დაიხრჩო…
ლტოლვილთა შორის ბევრია ავადმყოფი და დაჭრილი ქალი და ბავშვი. საჭიროა სწრაფი დახმარება. იქ მხოლოდ ერთი ექიმია. არ არის არავითარი მედიკამენტები. ჩვენ ვერაფერი გაგვიწყვია; ეხლავე გამოაგზავნეთ სანიტარული რაზმი, მედიკამენტები და ფული; დედოფლის წყაროში გახსენით საკვები პუნქტი. აცნობეთ საქართველოს მთავრობას, რომ ლტოლვილთა უკან დაბრუნება ყოვლად შეუძლებელია. საჭიროა საავადმყოფოებისა და ბავშვთა თავშესაფარის მოწყობა“.
დევნილებმა საქართველოში შემოიტანეს გადამდები სნეულებები, რომელიც სწრაფად ვრცელდებოდა. განსაკუთრებით საშიში სახე მიიღო ქოლერის დაავადებამ. 17 ივლისის ინფორმაციით, მარტო ორი დღის მანძილზე თბილისის საქალაქო საავადმყოფომ 33 ქოლერით დაავადებული და 15 ავადმყოფობის ნიშნების მქონე მოქალაქე მიიღო. ამავე ინფორმაციით, საავადმყოფოში ქოლერით უკვე გარდაიცვალა 30 სხვა პაციენტი. შექმნილი მძიმე ვითარების გამო ქალაქის თვითმმართველობამ სპეციალური დადგენილებაც კი მიიღო.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 20 ივლისი: „ხოლერის გაძლიერების გამო, ქალაქის თვითმმართველობამ გადასწყვიტა, ყოველი ზომა იქმნას მიღებული ლტოლვილთა ქალაქში შემოსვლის წინააღმდეგ. ქალაქში მოთავსებული ლტოლვილთა თავშესაფრები გაუქმდეს, ხოლო ლტოლვილნი გადაყვანილ იქნან სადგურ ნავთლუღიდან 300 ვერსის სიშორეზე“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის დასაფლავება

30 ივნისს მარტყოფის მონასტრიდან თბილისში გადმოასვენეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის ნეშტი. 3 ივლისის გაზეთში გამოქვეყნებულია განცხადება, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას აუწყებენ, რომ კათოლიკოსის ცხედარი დასვენებული იყო ანჩისხატის ეკლესიაში. ამავე განცხადებით ირკვევა, რომ დასაფლავება 7 ივლისს სიონის საკათედრო ტაძარში შედგებოდა. კათოლიკოსთან გამოსამშვიდობებლად უამრავი მოქალაქე მივიდა ტაძარში. უნეტარესს უკანასკნელი პატივი მიაგო გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მისიის ხელმძღვანელმა ფონ კრესენშტაინმა და გრაფმა შულენბურგმა, რომლებმაც სამძიმარი თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს გამოუცხადეს.
6 ივლისის გაზეთში, დამკრძალავი კომიტეტის სახელით, გამოქვეყნებულია დაკრძალვის ცერემონიის განრიგი: „მისი უწმინდესობის ნეშთი გამოსვენებულ იქმნება ანჩისხატის ტაძრიდან კვირას მკათათვის 7-ს, დილის სწორედ 9-ის ნახევარზე. სამგლოვიარო პროცესია გაემართება ანჩისხატის, მუხრანის, პუშკინის ქუჩებით და შუაბაზარით სიონის ტაძარში, საცა გადახდილ იქნება წირვა და ანდერძი, რის შემდეგ მისი უწმინდესობის კუბო სამჯერ შემოტარებულ იქნება ტაძრის გარშემო და დაკრძალული სიონის ტაძარში. ერის კაცნი სიტყვებს წარმოსთქვამენ სიონის გალავანში, ხოლო სამღვდელო პირნი თვით სიონის ტაძარში. სიტყვის წარმოთქმის მსურველთ წინდაწინვე უნდა განუცხადონ თვისი სურვილი დამკრძალავ კომიტეტს. ყველას, ვისაც რაიმე მონაწილეობა სურს მიიღოს სამგლოვიარო პროცესიაში, აგრეთვე უნდა აცნობონ თავიანთი სურვილი დამკრძალავ კომიტეტს.
სიონში შესასვლელი განსაკუთრებული ბილეთები არ იქნება. წირვაზე და ანდერძზე დასწრება შეუძლიან ყველა მსურველს, რამდენსაც სიონი დაიტევს. დატოვებულ იქნება მხოლოდ განსაკუთრებული ადგილი მთავრობის და უცხო ერთა წარმომადგენელთათვის“.

მიხეილ ბასილაძე