გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი აქ ნებისმიერი მოქმედება თერაპიაა

ადამიანებს ელემენტარულ ჩვევებზეც კი უჭირთ უარის თქმა. უკვე გამჯდარსა და შესისხლხორცებულს მხოლოდ ერთეულები თუ აღწევენ თავს. კიდევ უფრო რთული მაშინ ხდება ჩვევებზე უარის თქმა, როდესაც ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე ვსაუბრობთ. ნამდვილად ბევრს არ შეუძლია გაიაზროს, გააანალიზოს და დაიჯეროს საკუთარი პრობლემა და, ყველაზე მთავარი, დაარქვას საკუთარ რეალობას პრობლემა.

რეაბილიტაციის მიზნით დღეს საქართველოში არაერთი სარეაბილიტაციო, ბენეფიციარების საჭიროებებს მორგებული ცენტრი არსებობს.
გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი პირველი ქალაქგარეთა, სადღეღამისო დაწესებულებაა. ის წამალ და ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანებისთვის მუშაობს. საინტერესოა, რომ ის ბენეფიციარებს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ემსახურება.
ცენტრის მიზანია, ნივთერებებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი დაუბრუნდეს ოჯახს, საზოგადოებას. ცენტრის ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები და არტთერაპევტები ბენეფიციარებს ეხმარებიან სიფხიზლის შენარჩუნებაში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევაში, საკუთარი თავის მიმართ დაკარგული კონტროლის აღდგენაში.
მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში არ დაიშვებიან არასრულწლოვნები გამომდინარე იქიდან, რომ მათთან მუშაობა სხვა, განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს.
ცენტრი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომას“ და დონორების _ ევროკავშირისა და „შიდსის ფონდი _ აღმოსავლეთი-დასავლეთი“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს. „თანადგომა“ პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც დამოკიდებული ადამიანებისთვის ქალაქგარეთა ფსიქო-სოციალური ცენტრი დააარსა.
კახეთში მდებარე ამ ცენტრის შესახებ რეგიონის ბევრმა მცხოვრებმაც კი არ იცის. როგორც სხვა არაერთ დარგში, ცნობიერების პრობლემა აქაც აქტუალურია. საზოგადოებამ არათუ მხოლოდ არასწორად იცის მსგავსი ტიპის დაწესებულებების დანიშნულების შესახებ, ხშირად წარმოდგენაც არ აქვს მისი არსებობის შესახებ. მსგავს ცენტრებამდე მისვლა ნამდვილად დიდი გამბედაობაა, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. თუკი კონკრეტული ადამიანი ამ ეტაპს გადალახავს, ე. ი. პრობლემა სწორად გაიაზრა და მხოლოდ მისი ფეხდაფეხ მიყოლაა საჭირო ნაყოფიერი შედეგის მისაღწევად. უფრო მეტი კი ამ ნაბიჯს ვერ დგამს, ვერ უტყდება საკუთარ თავს, რომ მისი არსებული რეალობა პრობლემაა. თუკი ადამიანს საკუთარი თავის განკურნებაში ისევ საკუთარი თავი უშლის ხელს, პრობლემა აუცილებლად დარჩება პრობლემად. რაც უფრო ბევრს ეცოდინება და სწორად ეცოდინება, რა სერვისებს ითვალისწინებს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრი, მით მეტი შეემატება იმ ადამიანთა რიცხვს, რომელმაც გაბედა, აღიარა და იზრუნა საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
ყველამ კარგად იცის, რამდენად უარყოფითი პროცესია, იყო ალკოჰოლსა და ნარტოკიტებზე დამოკიდებული. მაშინ, როდესაც საზოგადოება მას „ასამართლებს“, ამავე საზოგადოებამ არ იცის, რეალურად, რას გრძნობს კონკრეტული ადამიანი. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განმარტებით, წამალდამოკიდებულება, ნარკომანია არის ((Drug dependence) ფიზიოლოგიური, ქცევითი და ფსიქოლოგიური მოვლენების ერთობლიობა, რომელიც ვითარდება ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებითი მოხმარების ფონზე და რომლის დროსაც ნივთიერების გამოყენება პირველ ადგილზეა ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში. დამოკიდებულების სინდრომის ძირითადი მახასიათებელია ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების ზოგჯერ დაუძლეველი მოთხოვნილება. ეს არის დაავადება, რომელიც ვლინდება ამ ნივთიერებაზე ფსიქიკური (და ზოგჯერ ფიზიკური) დამოკიდებულებით და ტოლერანტობის ზრდით.
ამავე ცენტრის განმარტებით, რეაბილიტაცია (Rehabilitation) არის ურთიერთდაკავშირებული სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური კომპონენტების დინამიკური სისტემა, რომელიც მიმართულია საბოლოო შედეგის – მყარი რემისიის მიღწევისკენ. რეაბილიტაცის დროს პაციენტი თავისუფლდება ნარკოტიკზე ფსიქიკური დამოკიდებულებისაგან. რეაბილიტაცია – ეს არის დაკარგული უნარ-ჩვევების, სოციალური კავშირების, ადამიანებს შორის დანგრეული ურთიერთობის აღდგენის პროცესი. რეაბილიტაციის კურსის გავლა შესაძლებელია ორი გზით: სპეციალიზებულ დაწესებულებაში, ე. წ. რეზიდენტულ სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნით ან ამბულატორიულ სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობით.
პუბლიკაციის „ალკოჰოლური დამოკიდებულების მართვა პირველად ჯანდაცვაში“ თანახმად, ალკოჰოლური დამოკიდებულების მართვა პირველად ჯანდაცვაში, ალკოჰოლიზმი ქრონიკული პროგრედიენტული (პროგრესირებადი) დაავადებაა. განისაზღვრება ალკოჰოლური სასმელების მიმართ პათოლოგიური ლტოლვით, ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებით, რის შედეგადაც ვითარდება ორგანიზმის დისფუნქციური მდგომარეობა, ხოლო სასმელის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში – მყარი სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები და ფსიქიკური დეგრადაცია. იწვევს მრავალი სახის მეტაალკოჰოლურ აშლილობას, მათ შორის – ფსიქოზებს. ალკოჰოლური დამოკიდებულება განიმარტება, როგორც ფიზიოლოგიურ, ქცევით და კოგნიტურ გამოვლინებათა ერთობლიობა, როცა ალკოჰოლის მოხმარება პირველ ადგილს იკავებს ინდივიდის ფასეულობათა სისტემაში.
დღესდღეობით არაერთი სარეაბილიტაციო ცენტრი იძებნება. განსხვავებული სპეციფიკით, ფსიქოლოგიური მეთოდებითა და მიდგომების, ადამიანების ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე არაერთი ცენტრი დგას. თბილისს რომ გავცდეთ, გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი პირველი ქალაქგარეთა სადღეღამისო დაწესებულებაა.

Civil ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტებით რეაბილიტაცია გულისხმობს შემდეგს:
• ჯანმრთელობაზე მზრუნველი ჯგუფის მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომელიც იწვევს ცვლილებებს და ეხმარება პიროვნებას, ავადმყოფობისა თუ დაზიანების შემდეგ, ფუნქციის აღდგენაში და ფუნქციური დამოუკიდებლობის მოპოვებაში. რეაბილიტაცია იწვევს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ნევროლოგიური პროცესების ცვლილებას, განაპირობებს უნარ-ჩვევებისა და ქცევის გავარჯიშებას;
• უსაფუძლოდ შელახული ღირსების, პატიოსანი სახელის, ჩამორთმეულ უფლებათა აღდგენა;
• იმ პირთა ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის აღდგენა, რომელთაც გადატანილ დაავადებათა ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები.

– ვინ ხვდება გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში?
– რა უნდა ახასიათებდეს ადამიანს, ამ ცენტრის ბენეფიციარი რომ გახდეს?

იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს და ისარგებლოს ზემოხსენებული ცენტრის უპირატესობებით, საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტული ადამიანის სურვილი, თავი დააღწიოს საკუთარ რეალობას. პირველი ნაბიჯი გულისხმობს: ის ჯერ თავად გამოუტყდეს საკუთარ თავს, რომ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებს. ცენტრში ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლურ სასმელებზე არიან დამოკიდებულები. ისეთი შემთხვევებიც ბევრია, როდესაც ადამიანი ორივე ამ მავნე ჩვევით არის შეპყრობილი. საბოლოოდ, ამ ორივე ჩვევისგან განკურნება შესაძლებელია. გარდა გარშემომყოფებისა, უპირველესად, ამ მიზნის სისრულე მაინც კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული.

ელისო ჩაჩხიანი _ ფსიქოლოგი:
„ამ ცენტრის გარდა სკოლაში სპეცპედაგოგად ვმუშაობ. სამ წლამდე მეტი გავიდა მას მერე, რაც ამ ცენტრში დავიწყე მუშაობა. აქ კვირაში ორ დღეს მოვდივარ _ ხუთშაბათობითა და შაბათობით. ყველა ძალიან კარგია. ჩვენ აქ ერთი ოჯახი ვართ. თუ რამე უჭირთ _ მირეკავენ. მობილურ ტელეფონს საერთოდ არ ვთიშავ. უფრო მეტად ჯგუფური თერაპია უყვართ. აქ იმდენად კარგი გარემოა, მე რომ მოვდივარ, უკვე ინსტრუქტორებთან გასაუბრებულები არიან და ისინი იმდენად თბილად მხვდებიან, ზედმეტი მუშაობა აღარ მჭირდება. ძალიან ადვილად იხსნებიან ჩემთან. იმდენად უნდათ ამ ყველაფრისგან განთავისუფლება, რომ გახსნის პრობლემა ხელს აღარ უშლით. სურთ, რომ ვინმემ მოუსმინოს. სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ისინი უფრო მეტად თბილები არიან იმიტომ, რომ იმ გარემოს ეძებენ, სადაც მათ უშველიან. ჩვენ ბიჰევიორისტული თეორიით ვმუშაობთ, ქცევის ჩანაცვლებას ვასწავლით _ დასწავლილი ქცევის სხვა ქცევით ჩანაცვლება. ამისთვის ვიყენებთ, მაგალითად, თიხის თერაპიას. თავისუფალი დროის შეგრძნება არ უნდა ჰქონდეთ, რომ სხვა რამეზე არ იფიქრონ. მუდმივად დაკავებულები უნდა იყვნენ. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ, საზოგადოების მიუღებლობაა _ ფიქრობენ, რომ განიკითხავენ, მათ აზრს გონივრულად არ მიუდგებიან. აქედან გარეთ რომ გავლენ, იმისიც ეშინიათ, იქ როგორი გარემო დახვდებათ. აქ ყველაფერი მოწესრიგებულია _ თავის დროზეა საჭმელი, ძილი… მაგრამ აქედან გასულებს ეს ყველაფერი, ეს „სამოთხე“ აღარ აქვთ. პირიქით, უფრო მეტად რთულ გარემოში ხვდებიან. ჩვენ გარე სამყაროსთან შეგუებაზე ვმუშაობთ, მაგრამ დროის ხანგრძლივობა არასაკმარისია. აუცილებლად უნდა ხდებოდეს დროის ჩანაცვლება. მათ სამსახურები უნდა ჰქონდეთ. ვასწავლით, რომ, დავუშვათ, იმ კონკრეტულ გზაზე არ გაიარონ, სადაც კონკრეტული საშუალება იყიდეს და შემოუარონ გზას, მაგრამ რეალობა სხვანაირია. აქედან წასვლა აღარ უნდათ იმიტომ, რომ ეს მათთვის კომფორტის ზონაა. აქ იმისთვის ვარ, რომ ვასწავლო, როგორ დამკვიდრდნენ საზოგადოებაში _ იპოვნონ საკუთარი თავი, რომ თავად არიან საკუთარი თავის მმართველები და რომ სხვებზე დამოკიდებულები არ უნდა იყვნენ, მიზანმიმართულად იმოქმედონ.
ერთ-ერთი ჩვენი ყოფილი ბენეფიციარი წამალზე დამოკიდებული აღარ არის. მისი მშობლები გვირეკავენ და ძალიან მოხარულები ვართ. ბენეფიციარების რაოდენობით ვერ დავიკვეხნით.
ჩართული გვაქვს არტთერაპიაც. ინდივიდუალური მუშაობის დროს ვცდილობთ, რაშიც თითოეულს ჩავარდნა აქვს, ის ამოვავსოთ. აქ ქალებიც ყოფილან, მაგრამ იმ დროს არ ვმუშაობდი. ისინი აქ არც დარჩენილან. თერაპია მათთან არ მქონია. თუ მსგავსი შეხვედრების საჭიროება იქნება, მზად ვარ.
ცენტრში, ამჟამად, ათი ადგილია. ქალებისთვის აქ ორი ოთახია. ამ დროისთვის ორივე ოთახი ცარიელი და გამოუყენებელია. თუ ასეთ დროს ცენტში მამაკაცი ბენეფიციარი მივა, ბუნებრივია, ამ ცარიელ ოთახში დააბინავებენ.
მესამე სართულზე რეკრეაციული ზონა განთავსდება, ასევე ორი დიდი ოთახი _ შეხვედრებისთვის და ბიბლიოთეკა. აქ იქნება დოკუმენტური ფილმების ჩვენება, ხოლო მეორე მხარეს _ დარბაზი სპორტული აქტივობებისთვის, ტრენაჟორები.
დაარსების დღიდან ცენტრს, დაახლოებით, 30 ბენეფიციარი ჰყავდა.
შრომის თერაპია გულისხმობს ეზოს, ბოსტნის მოვლას, მოწესრიგებასა და პატრონობას. მომავალში იგეგმება მეფუტკრეობის განვითარება. ცენტრის ხელმძღვანელობა მეფრინველეობის განვითარებაზეც ფიქრობს“.

ვაჟა კასრელიშვილი _ პროექტის კოორდინატორი:
„საკვების საკითხი პროექტშია გაწერილი. ცენტრს ორი პროექტი ინახავს, ერთ-ერთია ჰოლანდიური ორგანიზაცია. სწორედ მისი პირველადი ხელშეწყობით დაარსდა ცენტრი; მეორე ეტაპი, რომელიც მეორე სართულის გარემონტებას, თიხის საამქროსა და სხვას გულისხმობს, უკვე ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდა შარშან ივნისში. თიხასა და არტთერაპიას ევროკავშირი უზრუნველყოფს. სოფელ გლდანშიც არსებობს მსგავსი ტიპის ცენტრი. აქ ბენეფიციარმა, მინიმუმ, ერთი წელი უნდა გაატაროს და უფრო მეტი სიმკაცრეა. ჩვენს ცენტრში ბენეფიციარმა, მინიმუმ, ერთი და, მაქსიმუმ, სამი თვე უნდა გაატაროს.
თუკი ამ ცენტრიდან გასულმა კვლავ მიიღო ალკოჰოლი ან ნარკოტიკი (თუნდაც სულ მცირე დოზა), რის გამოც ცენტრს ისევ მიაკითხა, ე. ი. მას „ჩავარდნა“ აქვს. ამ შემთხვევაში მკურნალობას აზრი აღარ აქვს _ ერთი „ჩავარდნის“ შემთხვევაშიც კი მკურნალობის თავიდან დაწყებაა საჭირო. ასეთ დროს, ცხადია, ბენეფიციარს არ ეყო დრო და მოთმინება, თავი დაეღწია მავნე ჩვევისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს ჰქონდეს ხელმოსაჭიდი მიზანი.
მწვავე ინტოქსიკაციის მქონე ადამიანებს არ ვიღებთ. ერთი შემთხვევა გვქონდა, ვერ გაჩერდა ბენეფიციარი და წავიდა. თუ ადამიანს მწვავე ინტოქსიკაცია აქვს, ის აქ ჩამოვა და რამე დაემართება ან კვლავ მოძებნის დასალევს, ან შეეცდება, რომ შემოიტანოს, მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ვცდილობთ, დიტოქსი გაიკეთოს. ეს იმისთვის, რომ ინტოქსიკაცია მოიხსნას და მერე წამოვიდეს ჩვენთან. შემდეგ პროცედურაა გასავლელი გასაუბრების სახით. გასაუბრების პროცესი სკაიპის მეშვეობით მიმდინარეობს. ჩვენს ორგანიზაციას ფილიალებიც აქვს. მას ესაუბრებიან ფსიქოლოგი, პროექტის ხელმძღვანელი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ცენტრის ინსტრუქტორები.
რამდენიმე დღის წინ ასეთი გასაუბრება გვქონდა. აღმოჩნდა, რომ უკრაინის მოქალაქე ბიჭი საქართველოში, ქუთაისში 21 წელიწადია, რაც ცხოვრობს. საბუთი არ გააჩნია, გადატანილი აქვს ტუბერკულოზი (ჰქონდა ხველება, დაბალი ტემპერატურა და სისხლს გამოყოფდა). პროგრამა უფასო ანალიზს აკეთებს, რადგან ის საქართველოს მოქალაქე არ არის. ასეთი დაავადებები, შესაძლოა, ინსტრუქტორებისა და ბენეფიციარებისთვის საფრთხის შემცველი იყოს. მაგალითად, კანის გადამდები დაავადებები. ამ შემთხვევაში ადამიანს აუცილებლად ვთხოვთ სამედიცინო ფორმას, რომ კონკრეტული დაავადება არ გავრცელდეს. თუ მწვავე ინტოქსიკაცია აქვს, რას მოიხმარს და რა რაოდენობით, ბოლოს როდის მოიხმარა და ა. შ. შემდეგ უკვე აქაურ წესებს ვაცნობთ. ერთი ბენეფიციარი გვყავდა, რომელსაც ჩვენს ცენტრში უნდოდა ყოფნა და თქვა, რომ სველ წერტილებს არ დაალაგებდა. არადა, ბენეფიციარი, როგორც კი არ გადმოაბიჯებს ცენტრის ზღურბლს, ვალდებულია, გარკვეული მახასიათებლები მოიშოროს თავიდან. ცენტრის წესები ყველასთვის ერთია. ხან სამზარეულოს დალაგება მოუწევს, ხან _ სველი წერტილების, საკუთარი ოთახის და ა. შ.“

რა ევალება ინსტრუქტორს?

ინსტრუქტორი არის ადამიანი, რომელიც შესაბამის პროგრამებს ხელმძღვანელობს. ის წარმართავს წესებს, არის წესრიგისა და სისუფთავის ორგანიზატორი. თითოეული ბენეფიციარის მიმართ ის დიდ ყურადღებას იჩენს და პასუხისმგებელია, რომ ყველა ეტაპი, ყველა ნაბიჯი და მანევრი ნაყოფიერი და მოწესრიგებული იყოს.

გოჩა დიასამიძე _ ბენეფიციარი:
„ამ ცენტრში საკუთარი ინიციატივით მოვხვდი სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო ინსტრუქტორი. როცა აქ ჩამოვედი, ბუნებრივია, მან იცოდა ჩემი მდგომარეობა. ე. წ. მორფინისტი და ალკოჰოლიკი ვიყავი, ყველანაირ ჩვევას ვფლობდი. მთხოვა, რომ ამ ცენტრში მოვსულიყავი, _ თავი რომ არ მოიკლა, წამოდი, თავს უშველეო. ისიც მითხრა, რომ აქ სიწყნარე იქნებოდა და მესიამოვნებოდა. რადგან მეგობართან ერთად მოვდიოდი, გადაწყვეტილების მიღება არ გამრთულებია. მეგონა, ძალიან ჩაკეტილი გარემო იქნებოდა და ვუთხარი, _ ეს რომ მდომოდა, 18 წლიდან მოყოლებული, სულ სისტემასთან მაქვს ურთიერთობა-მეთქი. მესამე წელი გადის, რაც აქ ვცხოვრობ, ანუ დაარსების დღიდან. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ბენეფიციარებს ერთმანეთის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ გვაქვს. ხანდახან რაღაცებს ვთმობთ და „ჩავყლაპავთ“ ხოლმე. აქ სხვაც ჩემნაირ მდგომარეობაშია, ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს. მაინც ყოველთვის ჯობს, რომ წყნარად, მშვიდად ვისაუბროთ. ცეცხლზე ნავთს ხომ არ დავასხამთ? _ ჩვენ ერთმანეთს ვუვლით და ვუფრთხილდებით _ აქ დედა ჩვენ არ გვყავს და მამა. მივდივართ ხოლმე ოჯახებისა ახლობლების სანახავად. მსგავსი ცენტრები მრავლად უნდა იყოს. ხალხმა არ იცის, რომ ეს ცენტრი არსებობს. პიროვნებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ის უნდა გაიხსნას და აქამდე მოვიდეს. პირობები ძალიან კარგია. პირველი ნაბიჯის გადადგმაა გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული“.

იმისთვის, რომ მსგავს დაწესებულებასა და გარემოში ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და ყველა მისი უპირატესობით დატკბეს, სწორად უნდა დაინახოს, რა ელოდება აქ, რა შედეგებზეა ორიენტირებული აქ მოქმედი პროგრამები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა განსაზღვროს, რა მოხდება მას შემდეგ, რაც ის კონკრეტულ სარეაბილიტაციო კურსს ჩაამთავრებს.
ისეც ხდება ხოლმე, როცა დიდი ხნის წინ გადაჩვეულ მავნე ჩვევას ადამიანი მაინც უბრუნდება. ამ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაო გაცილებით რთული და არანაკლებ შრომატევადია. რემისიისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის შედეგისთვის, კონკრეტული ადამიანის ძალისხმევა და სურვილია საჭირო.
გრემის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის თერაპიას სთავაზობს. მათ შორის გამორჩეული და ნაყოფიერი თიხის თერაპია გახლავთ. სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილი პატარა შენობა თიხაზე მუშაობისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი და მასალით არის აღჭურვილი. უმარტივესი ნამუშევრების შექმნა აქ თითოეულ მცხოვრებს შეუძლია, თუმცა ცენტრის ბენეფიციარები გაცილებით პროფესიულ ნამუშევრებს ქმნიან.
აქ ყველაფერი თერაპიაა. ბენეფიციარს ფიზიკურად არ აქვს თავისუფალი დრო, რომ მისთვის უსარგებლო რამეებზე იფიქროს: ეზოს მოვლა, საკუთარი თავის პატრონობა, არტთერაპიის მიყოლა, კომუნიკაცია, ურთიერთობა, შეხვედრები, გაზიარება და წინსვლა მათზე მაქსიმალურად დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებით შემოქმედებით პროცესში, შეხვედრების დროს ისინი ერთმანეთთან ბოლომდე იხსნებიან და თამამად ააშკარავებენ საკუთარ შინაგან მდგომარეობას.
ცენტრის თანამშრომლებს წესრიგის დაცვისა და ბენეფიციარების კეთილდღეობისთვის სიმკაცრის გამოჩენაც უწევთ ხოლმე.
საინტერესოა ქალებთან დაკავშირებული ფაქტები. როგორც ზემოთ ითქვა, ცენტრს წარსულში რამდენიმე ქალი ესტუმრა, თუმცა აქ სამკურნალოდ არ დარჩენილა. სინამდვილეში, არაერთი ქალბატონი საჭიროებს ცენტრის მიერ შემოთავაზებული სერვისებით სარგებლობას, თუმცა ამ დაწესებულებას არ ახსოვს, რომ აქ ქალი დარჩენილიყოს სამკურნალოდ. ეს საკითხი პრობლემაა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი დახმარების საჭიროების მქონე არაერთი ქალი არსებობს. ისინი, სავარაუდოდ, ვერ ლახავენ იმ გზას, რომელიც რეაბილიტაციის იდეამდე მიდის. ბევრი მამაკაცის მსგავსად ვერც ისინი უტყდებიან საკუთარ თავს, რომ დახმარებას საჭიროებენ და რომ ეს დახმარება აბსოლუტურად ხელმისაწვდომია.

მარიამ ტიელიძე