საქართველოს საჰაერო სივრცის მახასიათებლები

მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცე ჰაერია. საკუთარი სატრანსპორტო პლუსების დამსახურებით ის ყოველდღიურად მეტად უსაფრთხო და მიმზიდველი ხდება. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არაერთი აეროპორტი ფუნქციონირებს, გასულ და შემოსულ მგზავრთა რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2011 წლის 15 აპრილს შეიქმნა, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
სააგენტოს ამოცანაა სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული რეგულაციების დანერგვა. „ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის“ შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი მზადყოფნა, ეტაპობრივად დანერგოს ევროპული მარეგულირებელი აქტები და დირექტივები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად შეუდგა შესაბამისი საკანონმდელო ცვლილებების განხორციელებას.
სამოქალაქო ავიაციის სფერო არაერთი სპეციფიკური ტერმინით არის დატვირთული. იმისთვის, რომ ბევრ კითხვას სწორად გაეცეს პასუხი, გთავაზობთ შემდეგი ტერმინების განმარტებებს:
აეროდრომი – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისთვის;
აეროპორტი – საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას და რომელსაც ამ მიზნით აქვს აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს შესაბამისი მომსახურე პერსონალი;
საავიაციო პერსონალი – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც შედგება ფრენის შესრულების ან მომსახურების ნებართვის მქონე, სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისგან;
საავიაციო შემადგენლობა – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო ავიაციის მიზნების მისაღწევად ხორციელდება;
საერთაშორისო აეროპორტი – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი;
სამუშაო დრო – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება მაშინ, როცა ეკიპაჟის წევრი ვალდებულია, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით გამოცხადდეს სამუშაო მოვალეობის შესასრულებლად ან/და შეუდგეს მის შესრულებას და მთავრდება მის მიერ სამუშაო მოვალეობის დასრულებისთანავე;
საქართველოს საჰაერო სივრცე – საქართველოს ტერიტორიის თავზე არსებული სივრცე;

„ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გურამ ჯალაღონიას:
_ რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში განვითარებული შიდა ავიაცია?
_ დღეისათვის არსებული მდგომარეობით, ადგილობრივი საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება „ჯორჯიან ეარვეიზის“ მიერ თბილისსა და ბათუმს შორის, „მაივეი ეარლაინზის“ მიერ, ასევე თბილისსა და ბათუმს შორის და ავიაკომპანია „აკ ეარ ჯორჯიას“ მიერ ნატახტრიდან მესტიის, ქუთაისისა და ამბროლაურის, ხოლო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით.
_ რა შემთხვევაშია დასაშვები საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა?
_ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგიერთი პირობა გაწერილია „საქართველოს საჰაერო კოდექსში“. კერძოდ, 67-ე მუხლი ადგენს იმ პირობებს, რა შემთხვევაშიც გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია მისივე ინიციატივით შეწყვიტოს (მოშალოს) გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება, თუ ეს აუცილებელია: ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აფრენის, დაფრენის ან გადაფრენის სახელმწიფოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კოდექსის 68-ე მუხლი კი ადგენს ზოგიერთ იმ შემთხვევას, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია მგზავრის ინიციატივით: მგზავრს უფლება აქვს, უარი თქვას ფრენაზე და უკან დაიბრუნოს გადაყვანისთვის გადახდილი თანხა, თუ იგი ამის შესახებ შეატყობინებს გადამყვან-გადამზიდველს სათანადო წესებით დადგენილ ვადაში. ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები გაწერილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. ავიაკომპანიას უფლება აქვს, უარი უთხრას მგზავრს საჰაერო ხომალდში ჩაჯდომაზე, თუმცა ამ შემთხვევაში სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის #122 ბრძანებით დამტკიცებული წესის: „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის“ შესაბამისად, ავიაკომპანია ვალდებულია, ასეთ მგზავრს აუნაზღაუროს შესაბამისი კომპენსაცია და მგზავრს არჩევანის საშუალება უნდა მისცეს ბილეთის ღირებულების ანაზღაურებასა და ალტერნატიული მარშრუტით მგზავრობას შორის.
საქართველოს ავიაცია იყოფა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციად.
საქართველოს ავიაცია გამოიყენება:
ა) მგზავრების გადასაყვანად, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად;
ბ) სპეციალური საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად;
გ) მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და სანიტარიულ ღონისძიებათა განსახორციელებლად;
დ) საძებნი-სამაშველო და საავარიო-სამაშველო საქმიანობისთვის;
ე) ექსპერიმენტული და კვლევითი სამუშაოებისთვის;
ვ) სასწავლო, სპორტული, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო-სავაჭრო ღონისძიებების განსახორციელებლად და ტექნიკური შემოქმედების განსავითარებლად;
ზ) იურიდიული და ფიზიკური პირების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
თ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად;
ი) საპოლიციო და საბაჟო კონტროლის ამოცანებისთვის;
კ) სხვაგვარი საქმიანობისა და მომსახურების გასაწევად, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
_ რას გულისხმობს საჰაერო ხომალდები?
_ საჰაერო ხომალდი არის აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ინარჩუნებს ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;
_ ვინ ზედამხედველობს საავიაციო საქმიანობას და რა შედის მათ კომპეტენციაში?
_ 1. სამოქალაქო ავიაციის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეგულირებას კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
3. სახელმწიფო ავიაციის საქმიანობაზე ზედამხედველობასა და რეგულირებას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
_ როგორია საქართველოს საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების მართვის სისტემა?
_ უსაფრთხოების მართვის სისტემა წარმოადგენს ფრენის უსაფრთხოების მართვისადმი სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს სავალდებულო ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფრენის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელ პირთა იერარქიას, სახელმძღვანელო პრინციპებსა და პროცედურებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგად წესებს ამტკიცებს სააგენტო. უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოებისთვის უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ მინიმალური მოთხოვნების დადგენით სამოქალაქო ავიაციაში ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
_ ამ მიმართულებით რა სახის სამართალდარღვევებთან შეიძლება, გვქონდეს საქმე?
_ ფრენის უსაფრთხოების წესებისა და სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევისთვის გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქცია (გაფრთხილება/დაჯარიმება, თავი 10).
_ რამდენად ეფექტიანია კანონმდებლობა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის შესახებ?
_ კანონმდებლობა საკმაოდ ეფექტიანია. აქ იგულისხმება, როგორც საჰაერო კოდექსი, ისე _ ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესები.
ფრენის წესების ეფექტიანობა გამოიხატება შემდეგში: 1) ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; 2) იმგვარად არეგულირებს სამოქალაქო და სახელმწიფო სხ-ის ფრენას, რომ სივრცის სარგებლობაში მიღწეულია ჰარმონიზება. ყველა ხომალდი დაფრინავს ერთიანი წესების თანახმად. მომსახურების ეფექტიანობაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ მომხმარებლების (ავიაკომპანიები) ზრდის რაოდენობა და ბაზრის მიმზიდველობა. ზედამხედველის ანუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან ეფექტიანობა იზომება მუდმივი აუდიტებით.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფარგლებში, ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემდეგი პროექტი:
საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი: „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც გააადვილებს ევროპული რეგულაციების დანერგვასა და განხორციელებას, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 2010 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 822,728 ადამიანი შეადგინა. შემდეგი წლებში ეს მაჩვენებელი ასე განვითარდა:
2011 _ 1,058,482;
2012 _ 1,219,17;
2013 _ 1,436,046;
2014 _ 1,575,327;
2015 _ 1,847,111;
2016 _ 2,252,535;
2017 _ 3,164,139.
2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ზრდა გახლდათ 911,604 მგზავრი, პროცენტულად _ 40.47%.
სულ საქართველოს აეროპორტებიდან რეგულარული და არარეგულარული რეისებით, 2017 წელს 4,073,959 გაფრინდა. წინა წლის მონაცემებთან შედარებით ზრდამ შეადგინა 1,233,504 ადამიანი, პროცენტულად _ 43.43%.
როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, საქართველოში საჰაერო სივრცე უფრო და უფრო აქტიურად არის ათვისებული. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილია მოქალაქეების ინტერესი და ნდობა საჰაერო სივრცის მიმართ. ეს ტენდენცია დადებითია. რაც უფრო მზარდი იქნება საჰაერო სივრცის ათვისებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მით მეტად გამოიკვეთება, რა საჭიროებები და ვალდებულებებია, ამ მხრივ, აქტუალური.

მარიამ ტიელიძე