მასობრივი ძალადობისა და მისი ფსიქოლოგიური ასპექტები საქართველოში

ძალადობა, აგრესია, კრიმინალი, დანაშაული, მკვლელობა, ყაჩაღობა _ ეს იმ სიტყვების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად გაიგებთ არა მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ასევე გარშემომყოფებისგანაც.
საქართველოში დანაშაულის მასობრივი ისტერიაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყოველდღიური დანაშაული თუ კრიმინალური შემთხვევები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, სტატისტიკა კი საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს.

როგორია დანაშაულის სტატისტიკა და ბოლო წლებში მისი ცვალებადობის დინამიკა ჩვენს ქვეყანაში?

2006 წლიდან მოყოლებული რეგისტრირებული დანაშაულის ოდენობა მცირდება, შემდეგ იზრდება 2012-2013 წლებში და კვლავ იკლებს 2014 წლისთვის, შემდეგ კი ისევ იმატებს.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 55.72%-ით გაიზარდა.
გაიზარდა დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ 97.6%-ით (2017 წლის მარტში აღირიცხა 125 ფაქტი, 2018 წელს _ 247).
ოჯახში ძალადობა გაიზარდა 350%-ით (2017 წელს აღირიცხა 96 ფაქტი, 2018 წელს _ 432);
ეს რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვია, ანუ ციფრები, რომელიც შესაბამისი უწყებებისა და სამსახურების მიერ გამოვლენილ დანაშაულებრივ ქმედებებსა და მათ რაოდენობას აღწერს, თუმცა რეალურად თუ რამდენი დანაშაული ხდება, რა მიზეზით და რა ფორმებით, ეს უცნობი და დაუდგენელია.
ეს ის კანონდარღვევებია, რომელიც სისტემისა და სტატისტიკის მიღმა რჩება, თუმცა უკვალოდ _ ნამდვილად არა. თითოეული ეს დანაშაულებრივი ქმედება მძიმედ აისახება როგორც ფსიქოლოგიურად, ისე სოციალურად და ეკონომიკურად არა მხოლოდ უშუალოდ ადამიანებზე, ასევე მთლიანად ქვეყანაზეც.
თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გაზრდილ კრიმინალის დონესა და გახშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, მაშინ გასაგებიცაა ქართული ეკონომიკის არც ისე სახარბიელო მდგომარეობა. განსაკუთრებით ბევრი კითხვა ისმის ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, როგორ აისახება ეს უცხოელი ტურისტების ნაკადსა და მათ მიერ ქვეყანაში დაბანდებულ თანხებზე.
ეს კითხვა განსაკუთრებით მწვავედ უკვე ორი კვირაა დგას, მას შემდეგ, რაც 4 ივლისს გაუგებარ ვითარებაში სმიტების ოჯახი მოკლეს.
ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეების სასტიკ მკვლელობას დიდი გამოხმაურება მოყვა არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ საზოგადოებაში. კითხვის ნიშნები გაჩნდა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯთან დაკავშირებით.
მომატებულია ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც, სადაც ქართველები, ძირითადად, დანაშაულებრივ ქსელებს ქმნიან და ჯგუფური დანაშაულებისთვის სხვადასხვა მუხლით ედებათ ბრალი ევროპის მსხვილ სახელმწიფოებში.
2010-2015 წლებში საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს 3715 მოქალაქეა დაკავებული. უმეტესობა მათგანი გახმაურებული ქურდული სამყაროს წევრი იყო საფრანგეთსა და გერმანიაში, ასევე საბერძნეთსა და ესპანეთშიც.
აგრესიასა და დანაშაულს უკვე მასობრივი სახე აქვს ჩვენს ქვეყანაში. გახშირებულია დანაშაულებრივი ქმედებები როგორც მოზარდებში, ასევე ოჯახში, ძალადობა ქალებზე, ძალადობა რელიგიური თუ ეთნიკური, ასევე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
საიდან მოდის აგრესია, რომელსაც საბოლოოდ დანაშაულამდე და კრიმინალის მძიმე ფორმებამდე მივყავართ?
რა ხდება ყველაზე ხშირად საქართველოში დანაშაულის მიზეზი?
რა ამოძრავებს აგრესორს, როდესაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის?

„ქრონიკა+“ საქართველოში მასობრივად ქცეული ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტებით დაინტერესდა და აგრესიის მიზეზებსა და სოციალურ საფუძვლებზე ფსიქოლოგ მარიამ იველაშვილს ესაუბრა:

_ რა ფსიქოლოგიური ფენომენია ძალადობა და ყველაზე ხშირად რა იწვევს მას?
_ აქამდე არსებულ კვლევებზე დაყრდნობით ყველაზე ხშირად ძალადობის მიზეზი განპირობებული იყო ე. წ. ფრუსტრაციით, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანში აგრესიასა და აფექტურ მდგომარეობას იწვევს მუდმივი წინააღმდეგობები.
თუმცა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი აზრით, საქმეს მივყავართ აღზრდის სტილთან. იქიდან გამომდინარე, რომ აგრესიულმა ქმედებებმა ძალიან იმატა ბავშვებსა და მოზარდებში და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები სარკისებური ეფექტით სწავლობენ ქცევებს, მარტივია იმისი გაგებაც, რომ მშობლებს გვაქვს აგრესიის მართვის პრობლემები და ჩვენი ემოციური მდგომარეობა იმდენად ნეგატიურია ხშირ შემთხვევაში, იმდენად მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას, რომ დრო აღარ გვრჩება იმაზე საფიქრალად, როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენს შვილებზე?
აგრესია ყველა ცოცხალ არსებასთან ერთად იბადება _ ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ მის მართვას. ბავშვები მშობლებისგან (აღმზრდელებისგან), დიდები კი ან საკუთარი გამოცდილებიდან, ან ფსიქოლოგის დახმარებით.
_ როგორ აისახება აგრესია და ძალადობრივი ქმედებები არა მხოლოდ დაზარალებულზე, არამედ თავად მოძალადეზე?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა, მადლობა ამისთვის. როგორც წესი, ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, თუმცა ეს კითხვა ძალიან იშვიათად დაუსვამთ ჩემთვის. როგორც წესი, არც ერთი ბედნიერი ადამიანი არ ჩაიდენს რაიმე ცუდს, რადგან ემოციები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მოქმედებებზე (ბედნიერებაც ემოციაა). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოძალადე ძალადობის ფაქტამდე გრძნობს თავს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიხატება შიშში, შფოთვაში…
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ შიში და აგრესია ურთიერთდამოკიდებული ემოციებია: არ არსებობს აგრესია, რომ არ ახლდეს შიში. რამდენადაც ძლიერია შიში, იმდენად უმართავი შეიძლება გახდეს ამისგან გამოწვეული აგრესიული ინსტინქტური ქმედება, რომლის გაკონტროლებაც, სამწუხაროდ, საკმაოდ რთულია, როცა არ გვაქვს კარგად განვითარებული ემოციური რეგულაციის დონე. ეს ძირითადად ყალიბდება ბავშვობის ასაკში.
_ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა კრიმინალური შემთხვევები. ამ მასობრივი ძალადობის ფორმებს როგორ შეაფასებთ და საიდან იღებს ის სათავეს, რა ხდება ამის მიზეზი ჩვენ შემთხვევაში ყველაზე ხშირად?
_ ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, რომ თუ ვუბრაზდებით, ეს ნიშნავს, რომ გვიყვარს. ეს, ისევ და ისევ, აღზრდის პრობლემაა, ყურადღების დეფიციტის პრობლემა, პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობის პრობლემა, რომელიც ჩვენ თვითონ არ გვაქვს, რომ მომავალ თაობებს მივცეთ.
გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში არის პარაკრიმინალური მენტალიტეტის საზოგადოება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვართ კრიმინალური წყობის გადმონაშთები (უხეშად რომ ვუწოდოთ) და ეს ყველაფერი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოზარდებზე, რადგან მათ არ ჰყავთ მისაბაძი მაგალითი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პუბერტატის (სქესობრივი მომწიფება, _ რედ.) ასაკისთვის.
რა არის დღეისთვის ჩვენი შვილებისთვის მისაბაძი? _ ქუჩის მენტალიტეტი, ფილმები, თამაშები, კანონი, რომელიც ვერ კანონობს… და კვანტურ ფსიქოლოგიას თუ დავეყრდნობით, მივიღებთ იმას, რასაც ვიღებთ დღეს _ რასაც ვუთმობთ ყურადღება,ს ის ძლიერდება. მედიასაშუალებები, ძირითადად, მსგავსი საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული.
_ ძალადობის შემთხვევები მრავლადაა როგორც უშუალოდ ქალებზე, ასევე მოზარდებშიც. პრევენციის რა გზებს შეიძლება მივმართოთ და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ეს გახშირებული და მოზღვავებული ძალადობის ტალღა?
_ ეს საკითხი სახელმწიფოს დონეზეა გადასაწყვეტი. ისეთი ქვეყნებისგან უნდა მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებმაც უკვე აღმოფხვრეს მსგავსი პრობლემები, ჩვენი ქვეყნისთვის კონკრეტული სტრატეგია უნდა შემუშავდეს და ისეთი მეთოდები დაინერგოს, რომელიც მომავალ თაობებს საშუალებას მისცემს, რომ აგრესიის მართვა ისწავლოს. ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ადამიანებს აგრესიის გარეთ გამოშვების საშუალება აქვთ, მაგრამ არა ძალადობრივი ქმედებისა და ზიანის მიყენების ხარჯზე.
ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ყველანაირი სპორტი, განსაკუთრებით კრივი, კიკბოქსინგი და მსგავსი საშუალებები, სადაც შესაძლებელია ყველანაირი ნეგატივისგან დაცლა. სკოლებში უნდა დაინერგოს უამრავი მსგავსი ტიპის სპორტის სახეობა და მოზარდები წაახალისონ შეჯიბრებების, ჯილდოებისა და სხვადასხვა სახით.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფსიქოლოგების გადამზადება და ინტენსიური მუშაობა როგორც ძალადობის მსხვერპლებთან, ასევე მოძალადეებთან. უნდა დაიდოს პრეცედენტები, სადაც შესაძლებელი აღმოჩნდება მსგავი პრობლემების მოგვარება და მედიამ სწორედ ასეთი საკითხები უნდა გააშუქოს…
პოზიტივი გვაკლია, ძალიან გვაკლია და როგორც ვართ განწყობილი თითოეული ჩვენგანი, ზუსტად ისეთივე ცხოვრება გვაქვს. ურთიერთობებში გულწრფელობა გვაკლია, ხშირად საკუთარ თავთანაც კი არ შეგვიძლია, გულწრფელები ვიყოთ.
მე და ჩემი გუნდი ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ფსიქოლოგიური მომსახურება. ყველა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი ვალი ქვეყნისა და სამყაროს წინაშე და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი და ყველაფრის გამოსწორება, თუ ადამიანი მოინდომებს!
_ არის თუ არა ძალადობა გადამდები და რამდენად დიდი როლი აქვს მასმედიას ძალადობის ტირაჟირებით მის გავრცელებასა და საზოგადოებაში დანერგვაში?
_ ჩვენი ემოციები გადამდებია. აგრესიაც ემოციაა, ისევე როგორც შიში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარშემომყოფებზე გადამდებია.
ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში მედიასაშუალებებსაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონის მხრიდან ასეთი დაუცველობის შეგრძნება აქვს საზოგადოებას, ეს კიდევ ცალკე იწვევს საკუთარ თავში გაუცნობიერებელ შიშსა და აგრესიას.
_ საიდან მოდის აგრესია და სად მიდის იგი?
_ ეს კომპლექსური ფენომენი ჯერ კიდევ მეცნიერული შესწავლის საგანია და ბოლომდე დაბეჯითებით იმის თქმა, თუ რა უბიძგებს ადამიანს დანაშაულისკენ, შეუძლებელია.
თუმცა გახშირებული კრიმინალური შემთხვევები, ქართველი მოძალადეებისა და აგრესორების განსაკუთრებული სისასტიკე, მომრავლებული კანონდარღვევები და უფრო მეტი კანონდამრღვევი, აგრესია უკვე ჩვენს ქვეყანაში მასობრივ სახეს იღებს, დანაშაულის რომანტიზების რისკებსა და საფრთხეებს კი, რასაც ყველაზე მეტად უნდა აცნობიერებდეს მედია, ნაკლები ყურადღება ექცევა მთელ ამ დიდ ისტერიად ქცეულ ამბავში.

ანა ურუშაძე