მიგრაციის პროფილი: ემიგრაცია და საქართველო

პროცესი, რომელსაც ასე აქტიურად ვაწყდებით ყოველდღიურად, თან ზოგჯერ ისე, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, მიგრაცია გახლავთ და იგი, თავის მხრივ, ადამიანის გადაადგილებას ან გადასახლებას მოიაზრებს სხვადასხვა ვადით. არსებობს მუდმივი (რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან) და დროებითი (როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით) მიგრაციის ტიპები, განასხვავებენ სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით ტიპებსაც და ყველა ამ სახის მიგრაციული პროცესის გამომწვევი მიზეზიც იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც თავად მიგრაციის ტიპები.

დღეს ყველა თანხმდება, რომ მიგრაცია თანამედროვეობის გამოწვევას წარმოადგენს. პროცესები იმ დროიდან დაიწყო, როცა კაცობრიობა მოევლინა ამ ქვეყანას და მასაც გადაადგილებისკენ ხან ბუნებამ უბიძგა, ხანაც _ თავისმა გონებამ. ცხადია, მიგრაციული პროცესები გავლენას ახდენს ყველა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხარისხზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში მიგრაციული პროცესების მართვა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ მუშავდება ყოველწლიურად მიგრაციის სტრატეგია, ტარდება უამრავი კვლევა და საბოლოოდ ვიღებთ, გარკვეულწილად, მართულ, აღრიცხულ და რიცხვებში გამოხატულ ისტორიებს.
მიგრაციული პროცესების მსვლელობისას მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების გატარებას მიგრაციული პროცესების დადებით და უარყოფით მხარეებზე, საფრთხეებსა და რისკებზე, სარგებელსა და მნიშვნელობაზე, რომელიც თან ახლავს ამ ფენომენს, მის ლეგალურ და არალეგალურ სახეს.
დღეს უკვე აღარავისთვისაა უცნობი ის ფაქტი, რომ სარგებელი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იღებს ემიგრანტებისგან საქართველოში გადმორიცხული თანხებით, არცთუ ისე ცოტაა და ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის მდგომარეობასა და, რასაკვირველია, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზეც.
საქართველოს უახლოეს წარსულს რომ გადავხედოთ და შიდა მიგრაციული პროცესები არ ჩავთვალოთ (რაც სამოქალაქო და აფხაზეთის, სამაჩაბლოს, შემდეგ უკვე 2008 წლის ომებისა თუ ბუნებრივი კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს მოიაზრებს), ვნახავთ, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული ემიგრანტების უმრავლესობას ამ ქცევისკენ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ უბიძგა, ამიტომ მრავლად გვყავს შრომითი მიგრანტები.
გარე მიგრაციების პარალელურად დიდია შიდა მიგრაციაც (რისი გამომწვევიც არა მხოლოდ ომი ან სტიქიური უბედურებაა). სხვადასხვა მიზეზის გამო მოსახლეობის უმრავლესობამ სოფლიდან აყრა და ქალაქებისკენ გადინება დაიწყო.
საკმაოდ ბევრია საზღვარგარეთ თავშესაფრის მთხოვნელი ქართველების რაოდენობაც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მიგრაციული პროცესების მართვის აუცილებლობის გამო, 2010 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შედეგად, შეიქმნა მიგრაციის მართვის ერთიანი ხედვის შესამუშავებელი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მიგრაციის მართვის პროცესში მონაწილე უწყებების ჩართულობით მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტი მომზადდა. მისი მიზანი მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესებაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არალეგალურ მიგრაციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას, მიგრანტთა უფლებებისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას, მიგრაციის პროცესების მართვას გულისხმობს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით და ამასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას მიგრაციის სფეროში.
მიგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა საზღვრის ინტეგრირებული მართვა, ზემოთ აღნიშნული უკანონო მიგრაციისა და ტრეფიკინგის აღკვეთა, დოკუმენტების უსაფრთხოება, სავიზო პოლიტიკის მოწესრიგება, ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და ა. შ.
ამჟამად საქართველოსთვის მიგრაციის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტი არის მიგრაციის სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა. ეს უკანასკნელი მოიცავს კონკრეტულ აქტივობებს, მათ განხორცილებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობას, განხორციელების ვადებსა და იმ სართაშორისო პარტნიორებთან კავშირს, რომლებიც დამხარებას გაუწევენ სახელმწიფო უწყებებს ამ აქტივობების განხორციელებაში. გეგმა ასევე მოიცავს განხორციელების შეფასების ინდიკატორებს…
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბოლო კვლევა ამ მიმართულებით 2017 წლის მიგრაციის პროფილი გახლავთ, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ კვლევა ბოლო წლებში განვითარებულ მიგრაციასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალს აღწერს. იგი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემებისა და მათ მიერ გაზიარებული სასარგებლო რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა.

დოკუმენტის შემუშავებაში დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს (ICMPD/პროექტი ENIGMMA), რომლის წარმომადგენელსაც „ქრონიკა+“ ესაუბრა:

დოკუმენტის მიხედვით საქართველოს უახლესი ისტორია ემიგრაციის რამდენიმე ტალღას გამოყოფს:
1) 1950-იან წლებამდე, რომელიც, ძირითადად, პოლიტიკური რეპრესიების შედეგად იძულებითი (საბჭოთა კავშირის შიგნით) გადასახლებებით ხასიათდება;
2) 1950-1990 წლებში, რა დროსაც საქართველოს მოსახლეობის მიგრაცია ასევე უპირატესად საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარეობდა;
3) 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სამხედრო კონფლიქტებს
მოყვა. ეს უკანასკნელი მიგრაციული ტალღა, ძირითადად, რუსეთისკენ მიემართა. თუმცა 2000 წელს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებამ ემიგრაციული ნაკადი რუსეთიდან სხვა ქვეყნებისკენ (განსაკუთრებით უკრაინა, აშშ და ევროპის ქვეყნები) მიმართა.
კვლევაში მოხმობილია „საქსტატის“ მონაცემები, რომელიც უკვე 2012 წლიდან აქვეყნებს მიგრანტთა ნაკადების ქვეყანაში შემოდინებისა და გადინების სტატისტიკას სქესის, ასაკისა და მოქალაქეობის მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონეცემების მიხედვით, მიგრაციის სალდო ცვალებადი იყო ბოლო წლების განმავლობაში. კვლევის მიხედვით, ეს ცვალებადობა შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მიგრაციის მახასიათებლების ცვლილებით, ასევე იმ ფაქტით, რომ 2002-2012 წლებში „საქსტატმა“ რამდენჯერმე შეცვალა მონაცემთა მიღების წყარო და ემიგრანტის განსაზღვრის მეთოდოლოგია.

2012 წლიდან „საქსტატი“ იყენებს გაერო-ს მიერ რეკომენდებულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი (მოქალაქეობრივი კუთვნილების მიუხედავად), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ 2 პირობას:
1. დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და, სულ მცირე, 183 დღე (შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
2. საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა, ე. ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა, სულ მცირე, 183 დღე (ხანგრძლივობის კუმულაციური ჯამი).

ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით დათვლილი მონაცემების მიხედვით, საქსტატის ბოლო სამი წლის (2014-2016 წწ.) მონაცემები მოწმობს, რომ საქართველოდან ემიგრანტთა ნაკადი იზრდება. 2014 წელს მათი რაოდენობა 88,704 შეადგენდა, რომელთა შორის 69,855 საქართველოს მოქალაქე იყო; 2015 წელს კი საქართველოდან 95,965 ემიგრანტი წავიდა, რომელთა უმრავლესობა (67,452) საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 2016 წელს ემიგრანტთა რიცხვი ოდნავ გაიზარდა და 98,288-ს მიაღწია, თუმცა მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა (64,705). აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაციის მზარი ტენდენცია თვალნათელია, თუმცა ეს ხდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად.
2016 წლის მდგომარეობით ლტოლვილთა ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოდან საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და აშშ-ში იმყოფებოდა. ევროსტატის მონაცემებით, 2016 წელს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭების თაობაზე საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მიიღეს.
ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 2016 წელს 450 საქართველოს მოქალაქეს მიანიჭეს საერთაშორისო დაცვის სტატუსი, რაც 70-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ზოგადად, 2012 წლიდან მოყოლებული ეს რიცხვი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა როგორც UNHCR-ის მოსახლეობის სტატისტიკის მონაცემთა ბაზა აჩვენებს, ეს არ იწვევს საქართველოს მოქალაქე ლტოლვილების საერთო რაოდენობის ზრდას ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში, რადგან შესაძლებელია, მათ ნაწილს ნატურალიზაციის ან წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების გამო პერიოდულად უწყდებათ ლტოლვილის სტატუსი.
ბოლო წლებში საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეიყვანა რამდენიმე ქვეყანამ (ბელგია, ისლანდია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, ისრაელი, ნიდერლანდები), რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოპოვების ძალიან დაბალი შანსი აქვთ.
რაც შეეხება უკანონო მიგრაციას, ზოგადად, რთულია ზუსტი სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება ამ მიმართულებით, თუმცა როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების შემთხვევაში არსებობს ორი წყარო, რომლითაც შეიძლება განვსაზღვროთ უკანონო ემიგრაციის დაახლოებითი მასშტაბები საქართველოდან:
1. ევროსტატის მონაცემები; 2. FRONTEX-ის მონაცემები, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება „აღმოსავლეთ პარტნიორობის რისკების ანალიზის ქსელის ანგარიშში“.
ევროსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის შემთხვევები წლიდან წლამდე საგრძნობლად მცირდება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებში შესვლაზეც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს, 2016 წელს ლიდერობდნენ პოლონეთი, საბერძნეთი და საფრანგეთი. ამასთან, ბოლო ხუთი წლის (2012-2016 წწ.) განმავლობაში პოლონეთში შესვლაზე უარის რაოდენობა საქართველოს მოქალაქეებისთვის მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია საფრანგეთსა და ირლანდიაში შესვლაზე უარის რაოდენობა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის კლებას აჩვენებს FRONTEX-ის 2017 წლის ყოველწლიური ანგარიშიც, რომლის თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეზობელ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის მაჩვენებელი განახევრებულია. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს უარის რაოდენობა 5,268 იყო, ხოლო 2016 წელს 2470-მდე შემცირდა.
ევროსტატის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოვლენის ფაქტები 2008 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 4,495-სა და 7,170-ს შორის მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ევროკავშირის/შენგენის 32 ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოვლენის ფაქტები შემცირებულია წინა ორ წელთან შედარებით, _ ნათქვამია კვლევაში.

2017 წლის მარტის ბოლოდან ჩვენს ქვეყანაში უკვე მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ ესტუმრონ შენგენის ზონაში მყოფ ქვეყნებს, რამაც ასევე გაზარდა საქართველოდან გასული ადამიანების რიცხვი. მისი ამოქმედების პირველ ეტაპზე, ბუნებრივია, როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ ბევრი გავიდა ქვეყნიდან შენგენის ზონაში. ამავდროულად, გამოიკვეთა უარყოფითი ტენდენციაც, რომელმაც, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას უვიზო მიმოსვლას. ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა. ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ეს რიცხვი, რამაც ამ ქვეყნების შეეშფოთება გამოიწვია. ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღება იგეგმება სახელმწიფოს მხრიდან, რაც საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებასა და კანონმდებლობის შეცვლასაც გულისხმობს.
სამომავლოდ მოსალოდნელია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაიკლებს, რადგან თავშესაფრის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების ალბათობა ძალიან დაბალია. ეს იმითაა გამოწვეული, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიქმება ევროკავშირის ქვეყნების მიერ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცულია.
საინტერესოა, რომ ხსენებული ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი ICMPD, 2017 წლიდან ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ორგანიზაცია კვლევებს ატარებს, თუ რა გავლენა იქონია და რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლაზე მისი მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. ასევე საინტერესოა ისიც, თუ რამდენად კარგად იმუშავა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფრომაციო კამპანიამ, რომელიც ICMPD-მ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განახორციელა.

ზურაბ ყორღანაშვილი _ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი:
„ახლა, როდესას მიგრაციის სფეროში არაერთი რეფორმა განხორციელდა და ამის შედეგად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება აქვთ, ჩვენი საქმიანობა მიგრაციის სფეროში მიღწეული შედეგების განმტკიცებისა და რეფორმების გაგრძელებისკენაა მიმართული“.

მართალია, მთელი რიგი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ მიგრაციის მართვის მიმართულებით, თუმცა მაინც გასათვალისწინებელია, რომ ემიგრაციაში წასული მოქალაქეების სტატისტიკაზე სურათი ბოლომდე ზუსტი ვერ იქნება, რაც გამოწვეულია იმით, რომ როდესაც საქართველოს მოქალაქე გადის ქვეყნიდან, ეს არსად აღირიცხება. მოქალაქეს არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო ორგანოებს მიმართოს და განაცხადოს, რომ ქვეყნიდან გადის. შესაბამისად, ემიგრაციაზე ნებისმიერი მონაცემი ვერ იქნება ზუსტი. აქედან გამომდინარე, ვერც გენდერის ჭრილში მივიღებთ ზუსტ სურათს.
მონაცემების გარეშე საუბარი რთულია, თუმცა გამოცდილება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბერძნეთში წასული ქართველი ქალების პროცენტული რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე მამაკაცების. რაც შეეხება გონებრივ მონაცემებსა და ე. წ. high skilled ადამიანებს, ისინი დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა და აშშ-ში უფრო მრავლად არიან, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპასა და ვთქვათ, საბერძნეთში, თუმცა მაინც, გადაჭრით ამის თქმა და ზუსტი მონაცემების მოძიება რთულია…
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის მართვა ურთულესი საქმეა და ამ კუთხით მუშაობაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციაზეც იზრუნოს. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა კი შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს საზღვარგარეთ მიღებული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება და აღიარება.
2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომელიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება.
დღეს საქართველოდან წამსვლელ მოქალაქეთა რიცხვი კვლავ იზრდება. რა შედეგებს მივიღებთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასულ ემიგრანტებზე 2018 წლის განმავლობაში, ამას უკვე შემდეგ წელს დაჯამებული სტატისტიკური მონაცემები გვაჩვენებს.

ნინო ტაბაღუა