ფინანსური განათლების დონე ქართულ მოსახლეობაში

გაუგებრობა ყველა სფეროში გულისხმობს სირთულეებს. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როდესაც ფინანსებს განვიხილავთ. საქართველოს მოსახლეობის მაგალითზე ხშირია შემთხვევები, როდესაც საბანკო სექტორსა და საზოგადოებას შორის სწორი და საღი კომუნიკაცია ვერ მყარდება. ბევრმა ადამიანმა არ იცის, როდის რა ნაბიჯი უნდა გადადგას, რომ სწორი საბანკო ოპერაცია განახორციელოს. ამასთან, მოქალაქე ვერც საბანკო სექტორისგან იღებს საჭირო ინფორმაციას ისე, რომ მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს.

თითქმის ერთი საუკუნის წინ საქართველოში ეროვნული ბანკი შეიქმნა და მას გარკვეული უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები დაეკისრა როგორც საბანკო სფეროს, ისე – საზოგადოების წინაშე.
პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. არსებობს საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, რომლის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი არის კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი კომპანია, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; საფინანსო სექტორი კი გულისხმობს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობას. რაც შეეხება კომერციული ბანკს – ის არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

დავით კიკვიძე _ საბანკო პროდუქტების ექსპერტი:
_ რა არის ბანკი?
_ რომ ჩამოვაყალიბოთ, ოდითგანვე რატომ შეიქმნა ბანკი და რა დანიშნულება აქვს მას, გეტყვით, რომ ის არის შაუამავალი, რომელმაც საკუთარ თავზე უნდა აიღოს როლი, აიღოს ფული იმ ადამიანებისგან, იმ სტრუქტურული ერთეულებისგან, სადაც ეს ფული არის თავისუფალი, გამოუყენებელი და ჭარბი და იგი გადაანაწილოს ისეთ დარგებში, სადაც ამ რესურსების ნაკლებობა და საჭიროებაა. შესაბამისად, მან უნდა აიღოს საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, ეკონომიკის გადამანაწილებელი ფუნქცია. მან უნდა მოამარაგოს ფულით ის დარგები და ის ერთეულები, სადაც მნიშვნელოვანია განვითარება. აქედან გამომდინარე, რეალურად, ბანკის ფუნქცია არ არის მხოლოდ კომერციული დანიშნულება, რომ მან მოგება მიიღოს. თავისთავად, მან უნდა იფუნქციონიროს, გარკვეული საკომისიო პროცენტი უნდა მიიღოს შუამავლის სტატუსიდან გამომდინარე იმისთვის, რომ იარსებოს, თუმცა მისი უპირველესი დანიშნულება არის ეკონომიკის განვითარება _ მან ეს ფული სწორად უნდა გადაანაწილოს ეკონომიკის დარგებში.
_ ძირითადად, საქართველოს მოსახლეობა ბანკს რა შემთხვევებში და რა საჭიროებებისთვის მიმართავს?
_ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი პრობლემა, დღესდღეობით, არის მსყიდველობითუნარიანობა. ანუ რეალურად, საზოგადოებაში არ არის ფული. ის ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, გადანაწილებულია ძალიან არაპროპორციულად. არ არსებობს თანაზომიერება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების, თითქმის, უმეტეს ნაწილს, ბანკი სჭირდება იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ძალიან მოკლევადიანი მოთხოვნილებები. მაგალითისთვის, ვთქვათ, სწავლის დაფინანსება, მცირე ტექნიკის შეძენა და ა. შ. რაც, რეალურად, არ უნდა ხდებოდეს.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, ანუ იმის მსყიდველობითუნარიანობა, რომ მან მოკლევადიანი მოთხოვნილებები საკუთარი სახსრებითვე დაიკმაყოფილოს. ეს საქართველოში არ ხდება. შეუძლებელია, დღეს საშუალო ფენის რომელიმე წარმომადგენელმა (თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, საშუალოდ, 1000 ლარამდეა ხელფასი) დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილებები. საუბარი მაქვს მოკლევადიან მოთხოვნილებებზე. აქედან გამომდინარე, ადამიანები იძულებულები არიან, ბანკისგან აიღონ ვალი, რათა ისინი დაიკმაყოფილონ. ეს, რეალურად, პრობლემას წარმოადგენს. თუკი პრობლემა აღმოიფხვრება, შესაბამისად, ბანკებიც განსხვავებულ მიდგომებზე გადავა. დღეს ბანკები მუშაობს საცალო ოპერაციებზე ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც ამ მოკლევადიანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურთ და ამაში დიდ მოგებას „წერენ“, რაც არასწორია. ანუ ეს უნდა მოწესრიგდეს და გადანაწილდეს. ბანკის ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ბიზნესზე აქცენტირება. ანუ ბიზნესის აკრედიტება უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული, რაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, უარყოფით ტენდენციად იქცა.
_ მოსახლეობაში არც ისე დადებითი დამოკიდებულებაა საბანკო სფეროს მიმართ. რატომ არის ეს ასე?
_ პირველ ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო გამომდინარე იქიდან, რომ ბანკების როლი ქვეყანაში გაკომერციალიზებულია _ დღეს ბანკების ძირითადი დანიშნულება გახლავთ, თავიდან ბოლომდე, კომერცია. ბანკი არის ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია მოგებისკენ. ეს მოგება, თავისთავად, ბანკების კლიენტების მხრებზე გადადის და კლიენტებს უწევთ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისთვის საკომისიო, საპროცენტო განაკვეთების, ჯარიმებისა და სხვა გადასახადების გადახდა, რაც, რეალურად, არასწორი მიდგომაა. მესმის, რომ თვითონ საბანკო სექტორსაც არ გააჩნია ის რესურსი, რომ იაფი ფული მოიზიდოს მიმდინარე ეტაპზე და ამის საფუძველზე გაასესხოს. თუმცა თავად ბანკების მხრიდან თავის კლიენტურასთან მიდგომა ძალიან არასწორია, ხშირად საკმაოდ ხისტიც კი _ ბანკი იშვიათად მიდის დათმობაზე. საბოლოო ჯამში, თვითონ საბანკო პოლიტიკა საზოგადოების მიმართ, ანუ კლიენტების მიმართ, სიღრმისეულად შესაცვლელია. სასწრაფოდ გადმოსაღებია ევროპული მოდელი. პირველ ყოვლისა, თუნდაც, საკომისიო გადასახადების, პროდუქტების თანმდევი გადასახადების მხრივ. ეს უნდა იყოს ძალიან ლიბერალიზებული.
ევროპასა და სხვა გავითარებულ ქვეყნებში არსებობს გარკვეული მექანიზმები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების დაწევა. მაგრამ არსებობს სხვა დამატებითი სერვისებიც, რომლებშიც ბანკები თითქმის აბსოლუტურად ყველაფერში გარკვეულ საკომისიოს იღებენ. ელემენტარულად, არსებობს ანგარიშის მართვის, ინტერნეტბანკით მომსახურების საკომისიო, ანუ ყველაფერში საკომისიო არსებობს, რაც, რეალურად, არასწორი და არასამართლიანია. ამას, თავისთავად, ეროვნული ბანკი უნდა არეგულირებდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დროზე მივიღოთ თვითონ ბანკების სერვისების თანმდევ საკომისიოებზე გარკვეული რეგულაციები, რომ ბანკები რეალურად იყოს ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაზე და არა მარტო საკუთარ მოგებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საცალო სეგმენტიდან აქცენტირება მნიშვნელოვანია გადავიდეს ბიზნესსეგმენტის აკრედიტებაზე.
_ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ბანკების მიმართ?
_ პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ნდობის საკითხი. საქმე ისაა, რომ საზოგადოებას, ელემენტარულად, საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დროს ძალიან დიდი რაოდენობით დამატებითი ხარჯის გადახდა უწევს. იქნება ეს სესხის გაცემის საკომისიო, სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო საკმაოდ მაღალია. ეროვნულმა ბანკმა, ასე თუ ისე, დაარეგულირა _ კანონმდებლობით 2% გახადა, მაგრამ ეს მაინც ბევრი მგონია იმიტომ, რომ, მიმდინარე ეტაპზე, განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზოგადოებას ვადაზე ადრე დაფარვისთვის ჯარიმა ვახდევინოთ. ვფიქრობ, რომ ეს საკომისო არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ბანკების შემოსავალში, რომ ის აუცილებლად ფიგურირებდეს. არსებობს კიდევ სხვა ბევრი დამატებითი სერვისი. როგორც საზოგადოებაში საუბრობენ და მეც ძალიან ბევრი კლიენტისგან მსმენია _ ყველა წვრილმანში თანხის გადახდასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ბანკები ბოროტად სარგებლობენ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობით. ხალხის დიდმა უმრავლესობამ, რეალურად, არ იცის, რას სთავაზობს ბანკი.
_ საზოგადოების ფინანსური განათლების დონე როგორია ჩვენს ქვეყანაში?
_ შეგვძლია ვთქვათ, რომ, დღესდღეობით, ფინანსური განათლების დონე საქართველოში ნულოვანია. რეალურად, არავინ იცის, როდის რა ტიპის სესხი უნდა აიღოს ან თუ იღებს, რატომ უნდა აიღოს, რამდენი უნდა აიღოს და ა. შ. მათ, რატომღაც, წარმოუდგენიათ, რომ ბევრი სახის სესხს აიღებენ და დაფარავენ, რაც, არსებითად, არასწორია. მეორე მხარეა ის, რომ თვითონ ბანკები არ მუშაობს საზოგადოებასთან, თავის კლიენტურასთან, რომ უფრო კარგად აუხსნას ამა თუ იმ საკრედიტო პროდუქტის არსი _ თუ ადამიანს გარკვეული პრობლემა აქვს, რომელი ტიპის სესხით სარგებლობა იქნება მისთვის ყველაზე ხელსაყრელი, სარფიანი და ა. შ. კლიენტებთან ძალიან არალოიალური დამოკიდებულება აქვთ ბანკის წარმომადგენლებს. ცდილობენ, მათი გაუთვითცნობიერებლობა საკუთარი ინტერესების საკეთილდღეოდ გამოიყენონ, კლიენტს დამატებითი საკრედიტო პროდუქტი „შეტენონ“, რაც მათ ასევე დამატებით შემოსავალს მოუტანს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რაც თავიდან ბოლომდე აღმოსაფხვრელია.
ამ ბოლო დროს, მე თვითონ ვსარგებლობდი გარკვეული საკრედიტო პროდუქტით და ისეთი საპროცენტო განაკვეთი შემომთავაზეს, რომელიც, აბსოლუტურად, არარეალური იყო. ეს მე გავაპროტესტე და ჩემი გაცნობიერებულობის ხარჯზე მოვითხოვე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. შემდეგ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა გაცილებით დაბალ პროცენტში ამ პროდუქტის გაცემა და ა. შ. მსგავსი ტიპის პრობლემები აღმოსაფხვრელია. ამაზე ეროვნული ბანკი ძალიან მკაფიოდ უნდა მუშაობდეს. ფინანსური განათლების დონე არ მოიმატებს მარტო რეგულაციების ხარჯზე. ამას სჭირდება ძალიან ძირეული ღონისძებების გატარება _ დაწყებული სკოლის ასაკიდან, უნივერსიტეტით დამთავრებული.
_ რას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ და რა არის მისი მიზნები?
_ ის ძალიან კარგი და საკმაოდ მიზანმიმართული ორგანიზაციაა. მისი არსებობისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ფუნქციის შეძენა და შესაძლებელია, ბევრმა ეს პლატფორმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენოს. პრობლემა ის არის, რომ, სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციას აღარ აქვს იმდენი რესურსი, რომ შეძლოს და მეტი ღონისძიება გაატაროს დამოუკიდებლად. მათთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერის გაწევა, პლატფორმის გამოყენება იმიტომ, რომ მას, საზოგადოების მხრიდან, საკმაოდ კარგი ნდობა აქვს, ხალხი იცნობს მას. ისინი ძალიან სწორ საქმეს აკეთებენ _ ცდილობენ, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ბანკებთან მიმართებით იმ რესურსის ფარგლებში, რაც მას აქვს. თუკი ეროვნული ბანკი ან მთავრობა მათ მხარს დაუჭერს, კარგი იქნება.
ორგანიზაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწორად აუხსნას საზოგადოებას საბანკო სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, გაუწიოს სწორი რეკომენდაციები _ თავისთავად, ეს უნდა იყოს გაცილებით ფართომასშტაბიანი. ფართო მასშტაბზე გასვლას კი, თავისთავად, დამატებითი რესურსი სჭირდება.
_ რას აკეთებს ის საზოგადოებასა და საბანკო სექტორს შორის სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად?
_ ისინი ძალიან კარგად ხსნიან ამა თუ იმ პროდუქტს. ცდილობენ, გაჭირვებაში ჩავარდნილი ბანკის კლიენტებისთვის გამოსვალი იპოვონ; ბანკებთან ურთიერთობები დაალაგონ. არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც ბანკის თანამშრომელსა და კლიენტს შორის ვერ დგება სწორი კომუნიკაცია იმიტომ, რომ კლიენტის მიმართ ხისტი დამოკიდებულებაა. კლიენტიც ვერ იგებს სწორად იმიტომ, რომ ბანკის თანამშრომელი არასწორად უხსნის და ხშირად ყოფილა, რომ ჩვენ ჩავრეულვართ სიტუაციაში და გამოსავალი გვიპოვია. ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩენილა. ძალიან მნიშვნელოვანია შუამავლის, მედიატორის როლი კლიენტსა და ბანკს შორის არსებული პრობლემების დასარეგულირებლად. ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება _ მათი საკონსულტაციო ცენტრი. ასევე ძალიან საინტერესო კვლევითი ცენტრი აქვს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს სიღრმისეულად შეისწავლიან და საზოგადოებას აბსოლუტურად სწორ ანალიზს აწვდიან.
_ „საზოგადოება და ბანკები“ 2013 წელს შეიქმნა. დღემდე რა შედეგია მიღწეული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ?
_ კონკრეტული შედეგი, შესაძლოა, ვიღაცისთვის არ ჩანდეს, თუმცა 2013 წლიდან, დაახლოებით, ათი ნაკადია, რაც „საზოგადოება და ბანკებმა“ გადაამზადა, მათ შორის, ჟურნალისტები. არსებობს მოკლევადიანი კურსი ეკონომიკის მიმართულებით ეკონომიკურ საფუძვლებში და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა გაცილებით მკაფიოდ გაიგო ეკონომიკის არსი და უკეთ შეუძლია ეკონომიკასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქება. ამას გარდა, საკონსულტაციო ცენტრში ათასობით ადამიანს გაუწიეს მომსახურება, ბევრი ადამიანი დააკვალიანეს, შუამავლობა გაუწიეს ბანკებთან ურთიერთობაში.
ძალიან ბევრი კვლევა გამოქვეყნდა. განსაკუთრებით ბოლო კვლევა ყველაზე საინტერესო იყო დასაკუთრებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია კვლევას რამდენიმე წელიწადში ერთხელ აკეთებდა, სადაც ჩანდა, თუ ვის აქვს ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსურ სეგმენტში: ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მევახშეებსა თუ ვის? სტუდენტებისთვის ჩაატარეს საერთაშორისო საფინანსო კონგრესი; ატარებენ ეკონომიკურ დებატებს. მათი ძირითადი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ფინანსური განათლება აამაღლონ. იმ რესურსის ფარგლებში, რაც აქვთ, მაქსიმუმს აკეთებენ.
_ ამ მიმართულებით რას გვეტყვით საკანონმდებლო ბაზაზე?
_ საკანონმდებლო ბაზა, ბოლო პერიოდში, გამკაცრდა და უფრო მეტად დაიხვეწა, თუმცა ამას დახვეწასაც ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლოს საკმაოდ მძიმე, ხისტი რეფორმები გაატარა. თუმცა მაინც წინგადადგმული ნაბიჯია _ საერთოდ არარსებობას ხისტი კანონები ნამდვილად სჯობს. გასულ წლებში, ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს არაფერი დაურეგულირებია ფინანსურ ბაზარზე. მხოლოდ და მხოლოდ, ბანკების ზედამხედველობით შემოიფარგლებოდა და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით მუშაობდა. კონკრეტული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ფინანსურ ბაზარს დაარეგულირებდა და განვითარების ხელშეწყობას ჩაუყრიდა საფუძველს, რეალურად, არ გაუკეთებია. ბოლო ერთი-ორი წელია, რაც ახალი რეგულაციები შემოიღეს. ამ რეგულაციებმა საკმაოდ მძიმე შედეგები იქონია. მე, თავის დროზე, ამის წინააღმდეგი ვიყავი (ახლაც მიიღეს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სულ მალე აისახება ეკონომიკაზე), მაგრამ მივიჩნევ, რომ, საერთოდ, ნაბიჯების არგადადგმას სჯობს, რაღაც მაინც გაკეთდეს. მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, რომ წინგადადგმულ ნაბიჯებში, ხშირად, უფრო კარგად შეისწავლოს უცხოური გამოცდილება _ რა ხდება ამ მიმართულებით ევროპაში და შედეგები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. საჭიროა, უფრო სიღრმისეული გათვლა. ბოლოდროინდელი რეგულაციებით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ _ ბევრ ორგანიზაციას, ბიზნესს „დაარტყა“ და შესაძლოა, ამან საკმაოდ ცუდი შედეგები გამოიღოს. ვისურვებდი, მომავალში ბიზნესზე ორიენტირებული რეგულაციები მივიღოთ და ბიზნესმოდელი მაქსიმალურად ლიბერალური გახდეს. ამავდროულად, აუცილებელია ამოსავალი წერტილი _ მომხმარებლების უფლებები და მისი დაცვა.

„საზოგადოება და ბანკები“, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. მის მთავარ მიზნებს საზოგადოებასა და ბანკებს შორის სწორი, ნაყოფიერი და გამჭვირვალე კომუნიკაციების დამყარება შეადგენს _ იმ პროცესების უზრუნველყოფა, რომ მოსახლეობამ იცოდეს, როდის რა უნდა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები.
იმისთვის, რომ საზოგადოებამ ბევრად მეტი იცოდეს, რა სერვისებით სარგებლობა შეუძლია საბანკო სფეროსგან და დეტალურად ფლობდეს ინფორმაციას თანმდევი პროცესების შესახებ, საჭიროა, თვითონ ბანკები იყოს ორგანიზატორი, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება. თუკი ეს სფერო ამ მიმართულების გაუმჯობესებაზეც იქნება ორიენტირებული, მოსახლეობა პრობლემასაც აარიდებს თავს და ბანკების მიმართაც ნდობით იქნება აღჭურვილი. ბანკსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა უნდა იყოს ორმხრივ შედეგებზე ორიენტირებული და ქართულ მოსახლეობაშიც შეიცვლება ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც მას საბანკო სერვისების მიმართ აქვს.

მარიამ ტიელიძე