ბოლო 6 თვეში გაზრდილი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3%-ით მეტია. აქედან კი ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს (28.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარს (22.9%-ით მეტი) შეადგენს.

ცალსახაა, რომ ნარჩუნდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც, რომელიც 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8% გახლდათ. ამასთანავე, ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3%-ით
აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 644.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 367.8 მლნ აშშ დოლარი იყო (21.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 276.7 მლნ აშშ დოლარი (26.3%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.5% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.1% და იმპორტში 29.1% (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.3, 24.4 და 28.3%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 32.5% (2017 წლის იანვარ-ივნისში 30.3%).
რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 037.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 33.9%-ით მეტი). აქედან ექსპორტი 720.1 მლნ აშშ დოლარი (50.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 317.1 მლნ აშშ დოლარი იყო (26.2%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 34.0% იყო, მათ შორის ექსპორტში 45.2% და იმპორტში 30.0% (2017 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 31.6, 38.5 და 29.2%). 2018 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 21.3% (2017 წლის იანვარ-ივნისში 24.3%)“, _ აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ინვისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.8% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კი შემდეგია: თურქეთი (858.1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (650.1 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (510.0 მლნ აშშ დოლარი).
საანგარიშო პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 242.2 მლნ აშშ დოლარით და მთელი ექსპორტის 15.2% შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 186.0 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.7%-ს უდრიდა. მესამე ადგილზე კი მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 163.5 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10.3% შეადგინა.
უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფს რაც შეეხება, ასეთი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმა 402.0 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი გახლდათ 272.9 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2% იყო. მესამე ადგილზე კი 181.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.1%) სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა.

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
„როცა ამ მონაცემებს ვუყურებ, მახსენდება ტენდენცია ექსპორტის უპირატესობის ზრდისა იმპორტთან შედარებით _ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შემდეგ იწვევს ექსპორტით იმპორტის გადაფარვას. წლის პირველ ნახევარში ეს მონაცემი იყო 36%-მდე და ივნისში უკვე 40%-იანი გადაფარვა გვაქვს.
უარყოფითი სავაჭრო სალდო ჩვენი აქილევსის ქუსლია. იმის თქმა, რომ ჩვენი ტრადიციული საექსპორტო საქონელი არის ღვინო და მინერალური წყლები, უკვე გაცვეთილი თემაა და მათ სხვა პროდუქტები ჩაენაცვლა _ ეს არის რეალური სექტორის მაჩვენებლები: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები. ბოლო პერიოდში გამოცოცხლდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც და ამათ ფონზე ღვინო და მინერალური წყლები ათეულის შუაში იკავებს ადგილს, მათი წილი არცთუ ისე მაღალია. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ერთად აღებული ღვინო და მინერალური წყლები ჯამურად გვაძლევს, დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებს, ვიდრე სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების ექსპორტი. ამიტომ ის მითი, რომ საქართველოში ეკონომიკა აღარ არის და რეალური სექტორი მთლიანად განადგურდა, ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება. გვაქვს ეს პოტენციალი და ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რადგან თუ რეალურ სექტორს გამოვიყენებთ, საქართველოს რეალური შანსი აქვს, რომ ის იყოს არა მხოლოდ სატრანსპორტო და ფინანსური ჰაბი, არამედ აქტიური მიმწოდებელი თავისი პროდუქციისა. უკვე აღარაფერს ვამბობ ისეთ პროდუქციაზე, როგორიც არის კვების მრეწველობისა და საკონსერვო მრეწველობის წარმოების ზრდა და მისი შესაბამისი გატანა სხვა ქვეყნებში.
რაც შეეხება თხილსა და მის ექსპორტს, აქ უკვე ორივე ფეხით მოვიკოჭლებთ. 2017 წელს, 2016-თან შედარებით, მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ექსპორტის მოცულობა. თითოეული მილიონის უკან ათეულობით და ასეულობით ოჯახის კეთილდღეობა დგას. ჩვენ ფიზიკურადაც ნაკლები გავიტანეთ, ერთეულის ფასიც მცირე იყო და ამან სერიოზულად დაგვაზარალა. ახლა იწყება თხილის სეზონი და ამ თვეებში გამოჩნდება, როგორი მაზანდა იქნება მსოფლიო ბაზრზე და რამდენის გატანას მოახერხებს საქართველო. არადა, რამდენიმე წლის მანძილზე ძირითადი მთავარი ექსპორტიორი საქონელი სწორედ ის იყო და ღვინისა და სხვა საექსპორტო საქონლის მოცულობასაც კი აჭარბებდა“.

ვახტანგ ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
„ექსპორტისა და იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლები მთლიანობაში პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე ფიქსირდება. ეს მონაცემები შეიძლება გამოწვეული იყოს ევროკავშირთან ან ჩინეთთან გაუმჯობესებული ვაჭრობით. ყველაზე დიდი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები ევროპის გარდა, ჩინეთშიც მიედინება.
ყოველ შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის გაძლიერებული ეფექტები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და იწვევს კიდევაც ამგვარ მონაცემებს.
წინა წელთან შედარებით 24%-იან ზრდას ვალუტის კურსის ცვლილება ვერ მოგვცემდა, რადგან კურსი მაშინაც თითქმის იგივე იყო, რაც დღეს გვაქვს. ე. ი. მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე გაიზარდა, მაგრამ ერთი რამის თქმა ზუსტად შეგვიძლია, რომ ეს საქართველოდან ექსპორტირებული საქონელი არ არის მზა პროდუქცია, მონაცემები, ისევ და ისევ, ნედლეულის ხარჯზეა გაზრდილი. შესაბამისად, კარგია, რომ ექსპორტი გვეზრდება, მაგრამ ცუდია, რომ კვლავ ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნად ვრჩებით და არა მზა პროდუქციის ექპორტიორად.
ამავდროულად, ჩვენი ქვეყნიდან გასული მზა პროდუქციები, როგორებიცაა ღვინო ან მინერალური წყალი, აღარ იკავებს მოწინავე ადგილებს, ახლა უკვე პირველზეა სპილენძი, ქვანახშირი და ა. შ.
საბოლოოდ, სტრუქტურულად პრობლემები რჩება, მაგრამ კარგია, რომ ვაჭრობა იზრდება, შემდგომში ეს დამატებით ფინანსურ რესურსს გააჩენს საქართველოში, რომელიც შეიძლება კომპანიების ახალი მიმართულების განვითარებასა და წარმოების სრულყოფაში დაიხარჯოს და, საბოლოო ჯამში, პოზიტიური ეფექტიც დარჩეს“.

გელა ტყეშელაშვილი _ პროფესორი:
„ეს ორი ფაქტორი პროპორციულად ებმის ერთმანეთს.
თუ ტურისტების ოდენობა შემოდგომიდან მოიკლებს, რა თქმა უნდა, საგარეო ეკონომიკური ბრუნვის სიდიდეებიც იკლებს“.

დემურ გიორხელიძე _ ეკონომისტი:
„საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლის ამგვარი ზრდა განაპირობა იმან, რომ ახლა ხელისუფლება ბიზნესში მაინცდამაინც არ არის ჩარეული და მას მასობრივად არ უშლის ხელს. კვლავ გახსნილია რუსეთის ბაზარი და ნახეთ, რომ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა სწორედ ისაა. შეიძლება ტრადიციულად შემორჩა იგი ამგვარად, მაგრამ ლოჯისტიკის თვალსაზრისით ეს ყველაზე მოხერხებული ადგილია.
ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, რომ გარემო, მეურნეობის პრინციპები ჯერ კიდევ შორსაა იმისგან, რაც ცივილიზებულ ქვეყნებშია, მაგრამ ასეთია თავისებურება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ზრდა, რა თქმა უნდა, არ არის დიდი და ამით სოციალური პრობლემები არაა მოხსნილი, სიღარიბის პრობლემა არაა დაძლეული, ვერც სამუშაო ადგილები შეიქმნება. იმისთვის, რომ ქვეყანა სოციალური ჭაობიდან ამოვიდეს, სჭირდება 100 000-ობით სამუშაო ადგილი. ამის შექმნის საშუალება არასწორი ორიენტირებით შეზღუდულია, კერძოდ, სოფლის მეურნეობაში აქცენტი ღვინოსა და ტრადიციულ პროდუქციაზე, არაფრის მომცემია, რადგან ეს რესურსი შეზღუდულია. ტურიზმის განვითარებით გამოწვეული სიხარულიც, მაინცდამაინც, გონივრული არ არის, რადგან მისი განვითარების ფაქტორი სულ სხვა სფეროში დევს. ანუ ზრდა არის, მაგრამ არა დიდი ჩვენნაირი პატარა ეკონომიკისთვის და ამასთანავე, ეს პროცესები არ არის გრძელვადიანი ზრდა.
ეს არის ეფექტი, რომელიც არსებული რესურსის მეტ-ნაკლებად გამოყენების საშუალებას იძლევა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული არც მატერიალური და არც ფინანსური რესურსები არ არის განვითრებაში ჩაფლული. ახალი ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანა ინოვაციურ რელსებზე უნდა გადაიყვანოს, არ ჩანს. დღეს არავინ დგამს პირველ ნაბიჯებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, 8-10 წელიწადში მოგვცემს შედეგს. ყველაფერი ორიენტირებულია მოკლე და საშუალოვადიან, 3-4-წლიან პერსპექტივაზე. ეს კი განვითარებისთვის სწორი არ არის. ეს არის მოკლევადიანი ეფექტები“.

ექვსი თვის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია, რამდენპროცენტიანი ზრდა გვექნება დანარჩენ ექვს თვეში, ამას აუცილებლად გვაჩვენებს დრო.
მანამდე კი უნდა გვიხაროდეს, რომ მიუხედავად უარყოფითი სავაჭრო სალდოსი, საგარეო სავაჭრო ბრუნვა მაინც საგრძნობლად, 24%-ით გაიზარდა.

ნინო ტაბაღუა