პანკისი ახალი მღელვარების მოლოდინში

პანკისი ისევ დუღს, ხეობა არ თმობს პოზიციებს და მოითხოვს, რომ მათ ხელისუფლებამ მოუსმინოს. ხეობის ახალგაზრდები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ და სასამართლოსთვის ემზადებიან, თუმცა მანამდე ხეობა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

20 ივლისს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრებლები ხეობაში ჰესების მშენებლობას კვლავ აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, თითქმის ორი კვირაა, ჰესების აშენების აქტიურ მოწინააღმდეგეებს პოლიციაში იბარებენ, აშინებენ და გადაბირებას ცდილობენ.
აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯაა.
პანკისში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 29 ივნისს გაიმართა, რა დროსაც მოსახლეობამ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა.
პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით, 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.
მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალასა და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3-ის“ მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.
პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3-ის“ მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. პანკისის მცხოვრებლებს დაჰპირდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, ჰესის ამუშავების შემდეგ კი 40 ადამიანს სამსახური შეუნარჩუნდება. ასევე ინვესტორმა ადგილობრივებს რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მდინარის კალაპოტში კარიერების შეძენა და მოსახლეობისთვის გადაცემა შესთავაზა, რომ სახლების ან სხვა ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალა უფასოდ მოიპოვონ, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
პანკისის მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობასთან და სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. მიმართვის ადრესატები არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიები.
მიმართვას, რომელსაც სამი ათასი ადამიანი აწერს ხელს, უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები ადგილობრივი მოსახლეობის ღრმა უკმაყოფილებასა და უსამართლობის განცდას იწვევს. დღევანდელი აქციით გვინდა გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობის ორ მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმესა და ხეობაში ჰესების მშენებლობის პრობლემას უკავშირდება.
2017 წლის 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ღამით საკუთარ ლიგინში სასტიკად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების აშკარა არაეფექტიანობა ჩვენი ხეობის მძიმე ტრაგედიად იქცა. შეცდომა იყო სახელმწიფოს მიერ ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება და უკვე სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა, რომელიც საქმეზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის ნაცვლად, მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს ახორციელებს. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე ჩვენთვის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაუცველობისა და უნდობლობის ღრმა შეგრძნებას იწვევს. ჩვენთვის ისტორიულად და დღესაც ნდობის ხაზი სამართლიანობასა და ღირსებაზე გადის, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ დრომდე გამოძიების ხელშესახები შედეგები და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხისმგებლიანი ურთიერთობა დაზარალებულ ოჯახთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან ვერ დავინახეთ.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა პანკისის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის გადაწყვეტილებას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანკისის ხეობაში უკანასკნელ წლებში განხორციელდა ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული ჰესების გამო ჩვენს ულამაზეს ხეობას უკვე მიადგა გამოუსწორებელი ზიანი. ამასთან, იგეგმება დამატებითი სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. აღნიშნული ჰესების განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად, ჩვენს ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი იქნება, ვინაიდან სრულად განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკალური ლანდშაფტი, დამატებით დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება ჩვენი სოფლების სასმელ და სარწყავ წყალს, რის შედეგადაც ადგილობრივები აღმოჩნდებიან სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშე. ამასთანავე, ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროს წარმოადგენს. ხადორი 3 ჰესის გამო მილებში მოექცევა მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%, რაც, ფაქტობრივად, ალაზნის დაშრობის ტოლფასია. შესაბამისად, არა მარტო განადგურდება მდინარის ეკოსისტემა, არამედ ჭალის ტყე, მდინარის გარშემო საძოვრებისა და ჭებში წყლის რესურსიც. ისედაც მაღალი მიგრაციის ფონზე ეს გადაწყვეტილება ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობას შეამცირებს.
ამ პირობებში ადგილობრივი მოსახლეობა დაუშვებლად მიიჩნევს ჩვენს ხეობაში ჰესების მშენებლობას და ყველა სამართლებრივი და მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას გამოიყენებს ამ პროცესის შესაჩერებლად. სამწუხაროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველი ორგანოები, მათ შორის, პოლიცია, აქტიურად მუშაობს ჰესების მიმართ ჩვენი წინააღმდეგობის დასუსტებაზე და ადგილობრივი უხუცესებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლის სხვადასხვა ფორმას იყენებს. საჯარო ინტერესისა და სიკეთის დამცველი პირების მიმართ სახელმწიფოს მიერ მისი რესურსის ამ მასშტაბით გამოყენება იმისთვის, რომ მან რამდენიმე პირის კერძო ინტერესი დაიცვას, წარმოუდგენელია. ჩვენ არ ვართ განვითარებისა და სახელმწიფო ინტერესის წინააღმდეგ, როგორც ამას წარმოაჩენენ ხოლმე. ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რადგან რუსული პოლიტიკის ზიანი ჩვენ ყველაზე სასტიკად განვიცადეთ. მაგრამ დაგეგმილი ჰესების ენერგოეფექტიანობა სინამდვილეში გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ეკოლოგიური და სოციალური ზიანი, რომელსაც ჰესები ჩვენს ხეობას მიაყენებს. სინამდვილეში, ჩვენ ვართ სამართლიანი და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერები, სადაც საჯარო კოლექტიური ინტერესი და თანასწორობა მაქსიმალურად დაცულია. ასეთია ჩვენი ადათისა და რელიგიის ეთიკა.
ჩვენ პანკისის ქისტი მოსახლეობა საკუთარ თავს ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად განვიხილავთ და გვინდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ უფრო სამართლიანი, უფრო ჰუმანური და უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობისთვის. დღეს პანკისში ჩვენი ბრძოლა სამართლიანობისთვის სინამდვილეში მთელ საქართველოში სამართლიანობისთვის ბრძოლის ნაწილია და სწორედ ასე შენდება უკეთესი სახელმწიფო.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უშუალოდ დაინტერესდეს და მისი კონტროლის ქვეშ აიყვანოს ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენები და უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის დროული და სამართლიანი გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა, ასევე უზრუნველყოს ჰესების მშენებლობის პროცესის შეჩერება და ხეობის ალტერნატიული მდგარდი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გატარება;
საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს _ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავოს პანკისის მდგრადი და სამართლიანი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების, დასაქმების, უნიკალური ეკოლოგიური სისტემის დაცვის წინაპირობას შექმნის;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს _ მიიღოს ყველა ზომა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ; ორგანიზებულ ადგილობრივ აქტივისტებსა და თემის ლიდერებზე პოლიციისა და სუს-ის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ზეწოლის ფაქტების აღკვეთა და ხეობაში სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა;
საქართველოს მთავარ პროკურატურას _ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სამართლიანი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ასევე მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დასჯა;
საქართველოს პარლამენტს _ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება პანკისის ხეობაში მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც ადგილობრივი თემის ინტერგრაციის პროცესს არსებითად აზიანებს და უნდობლობის ღრმა კვალს აჩენს“.

შენგელი ტოხოსაშვილი _ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ქრონიკა+“-თან აღნიშნავს:
_ მშენებარე ჰესების წინააღმდეგი თავიდან უხუცესთა კავშირი იყო და სწორედ მათი მოწოდებით დავიწყეთ საპროტესტო აქციები. შემდეგ ისინი ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრაზე დაიბარეს და მას მერე გაწყვიტეს მოსახლეობასთან კავშირი. ჩვენ რამდენჯერმე შევთავაზეთ, ბოლომდე დარჩენილიყვნენ საკუთარი ხალხის ინტერესების დამცველებად, თუმცა უშედეგოდ. ჩვენს შემოთავაზებაზე ისინი საერთოდ არ რეაგირებენ, სრულ იგნორირებას გვიკეთებენ პანკისში მოღვაწე აქტიურ ჯგუფს. მათგან ჩვენ მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები ისმის, ვითომ ჩვენ ვართ სოროსის ფონდის დაფინანსებული და სამოქალაქო საზოგადოება „მწვანე ალტერნატივის“ წევრები, ვითომ ჩვენ პირადი ინტერესები გვამოძრავებს და არა მომავალი თაობისთვის ხეობის შენარჩუნება.
_ არის კი დღეს ხეობა ერთსულოვანი ჰესის მშენებლობის პროტესტზე?
_ ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ, რომ აღნიშნულ საკითხებში მოსახლეობის აზრი ერთსულოვანი ყოფილიყო და ყველას ერთად გაგვეპროტესტებინა. მიუხედავად სამართალდამცველი ორგანოების დიდი ზეწოლისა, მოსახლეობა კვლავ ერთსულოვანია და არ დაუშვებს შუა პანკისში კასკადების აშენებას, რადგან ამას ზიანი უფრო მოაქვს ჩვენთვის, ვიდრე სიკეთე და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
_ რამდენადაც ცნობილია, საბჭოს შექმნის ახალი ინიციატივით გამოდიხართ.
_ ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან უხუცესი ხალხი და ახალგაზრდები ესწრებოდნენ, ახალი ინიციატივა გახმოვანდა, რომ ხეობაში ახალი საბჭო აირჩიეს, რომელიც მოსახლეობაში ავტორიტეტული უხუცესებით და აქტიური ახალგაზრდებით დაკომპლექტდება. ისინი მოსახლეობის ინტერესებს გაატარებენ. საუბარია 15 უხუცესისა და 15 ახალგაზრდისგან შემდგარ საბჭოს არჩევაზე, რომელიც საერთო ყრილობაზე მოსახლეობის მიერ არჩეული ადამიანებისგან შედგება. აღნიშნული იდეა გუშინდელ აქციაზე მოსახლეობას გავაცანით და ვფიქრობ, ის ყველას მოეწონა. უხუცეს ხალხთან ერთად აუცილებლად გვექნება შემდგომი შეხვედრები, სადაც უკვე კონკრეტულ დეტალებს განვიხილავთ და ახალი საბჭოს კონცეფციაზე ვიმუშავებთ, რომელიც ძალიან თანამედროვე და მოსახლეობაში მაღალი ლეგიტიმაციით მოსარგებლე იქნება. მოსახლეობას კარგად ესმის, რომ საჭიროა აქტიურობა და კანონიერი გზებით ბრძოლა, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ, თორემ უცხო არ მოვა და ჩვენი ინტერესების დაცვას არ დაიწყებს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია.

მაკა მოსიაშვილი