გიორგი ვაშაძე: “რევოლუციას ოპოზიცია არ აწყობს: თუ გააყალბებს, ხელისუფლება თავის თავს მოუწყობს რევოლუციას”

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, რომლის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გრიგოლ ვაშაძე დასახელდა.
ოპოზიციურ გაერთიანებაში შედიან: „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, ნიკოლოზ ვაშაკიძის „ახალი საქართველოსთვის“, ნიკა მაჭუტაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ედპ“, შოთა მალაშხიას „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, პაატა დავითაიას „ევროპული დემოკრატები“, ზურაბ ხარატიშვილის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, მამუკა გამყრელიძის „საქართველო ლიდერთა შორის“ და „ემსახურე საქართველოს“.

– რატომ შეაჩერეს არჩევანი გრიგოლ ვაშაძეზე?
– რას მოიტანს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება?
– ჩართულია თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?
– რას ელის „ძალა ერთობაშია“?

ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, „ძალა ერთობაშიამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა. რატომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე?
_ პირველ რიგში, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც გამოცდილია საგარეო მიმართებით, აქვს სწორი ხედვა, არის პროფესიონალი, იცის თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სახელმწიფო. ძალიან ბევრი რამ აქვს საქართველოსთვის გაკეთებული და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ გრიგოლ ვაშაძე.
_ სხვა კანდიდატურა განიხილებოდა?
_ დიახ, თუმცა, საბოლოო ჯამში, გრიგოლ ვაშაძეზე შევჯერდით.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგი ალტერნატივაა 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება?
_ ეს საკმაოდ მძლავრი გაერთიანებაა, რადგან დიდი ხანია, პირადად მე „ახალ საქართველოსთან“ ერთად ვმუშაობ, რომ ოპოზიციური ძალების მაქსიმალურად ფართო კონსოლიდაცია მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავერთიანდით ერთიანი იდეის გარშემო. ვფიქრობ, საქართველოში ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს. პირველი ეს არის პროვინციალიზაციის იდეა, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს და მეორე, როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო შეიძლება იყოს განვითარებული სახელმწიფო. ჩვენ შეგვიძლია წარმატების ქართული მოდელი შევქმნათ, განვავითაროთ ქვეყანა, ვიყოთ სხვებისთვის მისაბაძები და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი სიკეთე მოვიტანოთ საქართველოს თითოეულ ოჯახში. ქვეყნიდან ხალხი იმის გამო გარბის, რომ ლუკმა-პურის ფული არ გააჩნია, ოჯახები ჰყავს სარჩენი და როდემდე?! სწორედ ეს ადამიანები უნდა დავაბრუნოთ სამშობლოში. ყველა ვერთიანდებით ერთი იდეის გარშემო _ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი, ქართული სახელმწიფო.
_ „ქართულმა ოცნებამ“ დღემდე ვერ დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი. ეტყობა, სიურპრიზის სახით ბოლო დღეს იტყვის ივანიშვილი. წინ საკმაოდ დიდი პოლიტიკური ბრძოლა გელოდებათ, როგორ ემზადებით, რა კონკრეტული გეგმა გაქვთ?
_ ეს კამპანია ამ ორი მნიშვნელოვანი იდეის ირგვლივ იქნება. შევეცდებით, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, თუ რატომ არ უნდა ივანიშვილს საქართველოს სწრაფი განვითარება, რომ არსებობდეს ინსტიტუციები, ვიყოთ მისაბაძები, სხვებისთვის კარგი მაგალითი და გვქონდეს ამბიცია, რომ ვიყოთ წარმატებულები, მაგრამ თავისუფალ საზოგადოებაში არაფორმალური მმართველობა შეუძლებელია.
შეუძლებელია პრემიერ-მინისტრად დანიშნო ადამიანი, რომელიც ერთი წელი ფინანსთა მინისტრი იყო და საზოგადოების 20%-იც კი არ იცნობდა; შეუძლებელია მოვლენების ისე განვითარება, რაც ხდება იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით; მთავარ პროკურატურაში, ივანიშვილი უკვე პირად ადვოკატს ნიშნავს მთავარ პროკურორად; სახელმწიფო ინსტიტუციები მოშლილია. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ძლიერი სახელმწიფო, სადაც იგი თითოეული მოქალაქის უფლებებს დაიცავს. დღეს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს. ვფიქრობ, საზოგადოებამ ამ ორ იდეას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი და ეს არ იქნება მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იქნება ამ იდეების არჩევანი და იმ სამთავრობო გუნდს წარვადგენთ, რომელსაც ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლია.
_ რას ელით?
_ საზოგადოებაში უკვე ძალიან დიდი ნეგატიური განწყობაა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიმართ. ვფიქრობ, აქტიური მუშაობის შედეგად ამხელა გაერთიანებას, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ძალიან დიდი რესურსი აქვს, რომ არჩევნები მოიგოს. ხალხი ახალ არჩევანს ეძებს და ეს არის სწორედ სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, სადაც არ არიან მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სხვადასხვა ადამიანი გვიერთდება. ეს არის მოძრაობა, რომელიც დღითი დღე იზრდება და კიდევ ბევრს სურს, შემოგვიერთდეს.
_ რატომ ვერ შედგა დიდი ოპოზიციური გაერთიანება, ვგულისხმობ ლეიბორისტებს, უსუფაშვილს, „თავისუფალ დემოკრატებს“?
_ ვისაც რეალურად ბრძოლა უნდა, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ეს უნდა მოხდეს ერთიანობით, ძალა ხომ ერთობაშია, თუმცა ეს მათი არჩევანია, რას, როგორ გააკეთებენ. აქ არჩევანი უნდა გაკეთდეს ორ ძალას შორის: 1. შევინარჩუნოთ არსებული ხელისუფლება და არაფორმალური მმართველობა თუ 2. „ძალა ერთობაშია“, რომელიც უკვე მძლავრი გაერთიანებაა.
_ მართალია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კარგა ხნის წინ წამოხვედით, მაგრამ ამ გაერთიანების წყალობით კვლავ მათთან მოგიწიათ თანამშრომლობა. როგორი იყო ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა?
_ როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვედი, მაშინაც ვთქვი, რომ არ მომწონდა ამ პოლიტიკურ პარტიაში განვითარებული ბევრი პროცესი. მაშინ ვთქვი, რომ მონაწილეობას მივიღებ ყველა იმ პოცესში, სადაც გამარჯვებისთვის, სიახლისთვის ვიბრძოლებთ, სადაც ღია კარია ინტელექტუალური ადამიანებისთვის, ახალი თაობისთვის, რადგან პოლიტიკას ეს გარდამტეხად სჭირდება. ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალურად ვთანამშრომლობთ. სხვა საკითხია, ვის მოგვწონს ერთმანეთი და ვის _ არა. ჩვენ შეგვიძლია, უფრო მეტი გავაკეთოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დათანხმდა ამ პროცესს, ახალ გაერთიანებას, იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი საერთო ყოფილიყო. ჩვენი კარი ყველასთვის ღია იქნება. ძალიან საინტერესო კამპანია გვექნება და მე, როგორც ამ კამპანიის ხელმძღვანელი, მინდა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. ეს მოძრაობა ყველას საკუთრებაა და არა ვინმე ერთი ადამიანის.
_ „ევროპულ საქართველოსთან“ თუ გქონდათ კონსულტაციები და რატომ არ მოისურვეს მათ ამ გაერთიანებაში ყოფნა?
_ „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციები არ გვქონია, რადგან მათი საჯაროდ გაცხადებული პოზიცია განსხვავებულია: ცალ-ცალკე, მეორე ტური და ა. შ. ღიად ვაცხადებ, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება მხოლოდ ერთ დღეს და პირველ ტურში წყდება, ვინ იმარჯვებს. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ცალ-ცალკე ყოფნის შემთხვევაში უფრო მეტი ოპოზიციური ხმის მობილიზებას შევძლებთ, ეგ ზღაპარი უკვე რამდენჯერმე გავიარეთ. ვიმედოვნებ, საზოგადება ყველაფერს სწორად შეაფასებს და ყველა დაინახავს, რომ საქართველოს განვითარების ახალი პროცესი სჭირდება.
_ რევოლუციურ სცენარს გამორიცხავთ?
_ გამოვრიცხავ და გეტყვით, რატომ: მოსახლეობა მიეჩვია, რომ საქართველოში არჩევნების გზით შეგვიძლია შევცვალოთ ხელისუფლება. იმ შემთხვევაში თუ გააყალბეს, ხელისუფლება საკუთარ თავს მოუწყობს რევოლუციას, რევოლუციას ოპოზიცია არ აწყობს. თუ არ გაყალბდა, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის პროცესი არჩევნების გზით დაიწყება.
_ რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილზე, მისი პოზიცია როგორია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით და თავად თუ არის ამ პროცესებში ჩართული?
_ როგორც ვიცი, ის მხარს უჭერს ამ გაერთიანებას, თუმცა ამ პროცესებში ჩართული არ არის. მასთან კომუნიკაცია არ მაქვს.
_ თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, რა შეიძლება რომ მოხდეს?
_ სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში ასე არ ვუყურებ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაცვლელი. არ ვარ მომხრე, რომ ჩამოვიდეს, დაჯდეს და რევოლუციური პროცესები დაიწყოს. ვფიქრობ, ამისთვის სიტუაცია უნდა მომწიფდეს, რის შემდეგაც მას შეუძლია, საქართველოში ჩამოვიდეს. ზოგადად, ჩემი პოზიცია ასეთია: პრეზიდენტებს არ უნდა ვაგდებდეთ ქვეყნიდან, არ უნდა დავსდევდეთ უგუნური ბრალდებებით.
რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას, პირველ რიგში, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ქვეყანაში ჯერ გარემო უნდა შეიცვალოს და მეორე, არ მიმაჩნია სწორად, რომ ასეთი უსუსური ბრალდებებით სააკაშვილი ციხეში ჩავსვათ.
_ სამთავრობო ცვლილებებზე, სამინისტროების შემცირებასა და პრემიერ ბახტაძეზე რას გვეტყვით?
_ სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიხილეთ კოსმეტიკური, გარეგნული, პოპულისტური, პიარული ცვლილებები და მეტი არაფერი. სამინისტროები მექანიკურად გაერთიანდა, შემცირების მაგივრად ხარჯები პირიქით _ გაიზარდა, განათლება და კულტურა გაერთიანდა და განათლების სამინისტროს მოადგილეები გაუმრავლდა, შტატები გაიზარდა. ეს რომ არანაირ შედეგს არ მოიტანდა და მით უმეტეს ხარჯების შემცირებას, ფაქტია.
რაც შეეხება ბახტაძეს, ის ყველაზე სუსტი კანდიდატია, რადგან ერთი წელი ფინანსთა მინისტრად მოგვევლინა და საზოგადოების უმრავლესობა მას არც იცნობდა. გარდა ამისა, რკინიგზაში მისი განვლილი პერიოდი კატასტროფული შედეგებით დასრულდა. ბახტაძე საერთოდ არ არის მზად პრემიერობისთვის. ეს ყველაფერი ივანიშვილს უნდა და მორჩა. სამწუხაროდ, ქვეყანას არ ჰყავს მინისტრთა კაბინეტი, არც პრემიერი და არის ერთი ადამიანი, ვინც ყველას მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას _ ივანიშვილი. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამთავრდეს.

გიორგი საკარული