ლევან იზორია კრიმინალებს ვერ იჭერს, სამაგიეროდ არჩვებს ჰკლავს?!

1

„ქრონიკა+“-ს ანონიმურობის დაცვით ჩხოროწყუს მკვიდრები დაუკავშირდნენ და ერთი ინფორმაცია მიაწოდეს: „დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჩვენს რაიონში, სადაც ტობავარჩხილის ტბებია, ეგრისის ქედზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია იყო ამოსული თავისი ამალით. ორი ცხენით ტყვია-წამალი ჰქონდათ ამოტანილი და მთლიანად დაცალეს. გზაზე დაყრილი ცარიელი „კალაშნიკოვის“ ვაზნებიც ვნახეთ და ისიც გავარკვიეთ, რომ იზორიამ და მისმა ამალამ არჩვებზე ინადირა. მთელი ოჯახი ამოხოცეს, ერთი პატარა და ორი დიდი არჩვი. წითელ წიგნშია შეტანილი არჩვი და მასზე ნადირობა აკრძალულია!“ ადგილობრივი მონადირეების ინფორმაციით, იზორიას ამალას ნანადირევი იქვე გაუტყავებიათ და დაცლილ ვაზნებთან ერთად, რქები და ჩლიქებიც იქვე დაუყრიათ. „რაც მოკლეს, მოკლეს, რაც გადაურჩათ, აქედან გადაიხვეწნენ უკვე არჩვებიო“- წუხდნენ „ქრონიკა+“-სთან ადგილობრივი მონადირეები და იქადნებოდნენ კიდეც: „მეორეჯერ დავინახავთ აქ ამოსულებს და ასე უმოწყალოდ მოქცეულებს და უკან არაფერზე დავიხევთ, რომელი მონადირე იქცევა ასე უსულგულოდ და ასე ვინ ხოცავს, თან გადაშენების პირას მყოფ ცხოველსო!“

კონფიდენციალურად მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება „ქრონიკა+“-მა თავისი წყაროების მეშვეობით შეძლო. როგორც ირკვევა, ორი კვირის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, მართლაც იმყოფებოდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მის ნათესავთან, ბაძაღუას ოჯახში დასასვენებლად. წყაროს ინფორმაციით, ბაძაღუა გულანთებული „მეოცნებეა“ და ლევან იზორიამაც დანიშნა შს სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის( ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორების) უფროსად. როგორც სჩანს, დასასვენებლად მყოფ ლევან იზორიას, ბუნებაში გასეირნება და ნადირობაც მოუნდა, რაშიც „ქრონიკა+“-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილის, ვინმე ჯიხვი ჩიქოვანის მამა დახმარებია, რომელიც ცნობილი მონადირეა რაიონში. ადგილობრივები მონადირეებისგან განსხვავებით, მართალია ამ „საოცნებო ნადირობაზე“ ხმამაღლა ვერ საუბრობენ, თუმცა სამაგიეროდ მოლაშქრეთა ფესტივალის მონაწილეებს დეტალურად უყვებიან და უჩვენებენ იმ ადგილებს, სადაც დაცლილი „კალაშნიკოვის“ ვაზნები მოკლული არჩვის რქებთან და ჩლიქებთან ერთად ყრია.

„ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიასაც უკავშირდებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არც სატელეფონო ზარს უპასუხა და არც პირად ნომერზე დატოვებულ ტექსტურ შეტყობინებებს. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-მა შეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოეპოვებინა ინფორმაცია. როგორც განაცხადეს: „ბატონი ლევანი იმყოფებოდა ტობავარჩხილის ტბაზე 3 დღით მეგობრებთან ერთად, რაც შეეხება ნადირობას, ბატონ ლევანს არ უნადირია.“

უპრიანი იქნებოდა, შს მინისტრის მოადგილეს თავად გაეცა ამომწურავი პასუხი „ქრონიკა+“-ის კითხვებზე. ალბათ, ეჭვის საბაბიც ნაკლები დარჩებოდა და სათქმელიც მეტი ექნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ნდობის მოპოვებისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ იბრძოდა და რატომღაც დამარცხდა. ისე, საინტერესო იყო რიგით მოქალაქეს, რომ მსგავსი ქმედება ჩაედინა, ნეტა როგორი იქნებოდა საჯარიმო სანქცია?! თუ მაინცა და მაინც, ამ ულამაზეს მხარეში უნდა დაესვენა ბატონ იზორიას, ნადირობას არ ჯობდა იმ სილამაზით დამტკბარიყო, რასაც თვალი ვერ წყდება და ფოტოობიექტივი ვერ იტევს?! იხ. არჩილ გეგენავას ილუსტრაციები ტობავარჩხილის მიდამოებიდან:

12

2

3

4