პარტიიდან გარიცხული ჭიჭინაძე და „ოცნების“ ახალი იმიჯი

გასულ კვირას განხილვის საგანი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის საკითხი. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის სამდივნომ მიიღო და მათ ოფიციალურ განცხადებაში პარტიიდან გარიცხვის მიზეზიად ჭიჭინაძის არაერთი საჯარო განცხადება დასახელდა, რომლითაც (ოფიციალური განცხადების მიხედვით) მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

გადაწყვეტილებას ხელი მოაწერეს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრმა:
კახა კალაძე, გენერალური მდივანი;
ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი;
გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი;
თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი;
დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

პარტიის განცხადებაში ნათქვამია:
„ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს“.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულს წინ უძღოდა ჭიჭინაძის განცხადება შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით. დეპუტატის თქმით, კობახიძე და მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, „ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე კომპრომისზე წავიდნენ“: „თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ“, _ აღნიშნა ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, სწორედ ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგეს.

„ქართული ოცნების“ პარტიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ პოლიტოლოგები და ექსპერტები.

გია ხუხაშვილი:
„როდესაც ამ ტიპის პარტიის შიდა პრობლემები საჯარო დისკუსიის საგანი ხდება, იქ კატეგორიული ვერ ვიქნები და ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ღონისძიებები არ უნდა გატარდეს. სხვა საკითხია, რომ თვითონ „ოცნების“ ე. წ. პარტიული ელიტის პრობლემა დგას. როდესაც შიდა პარტიული გარჩევები საჯარო დაპირისპირების საგანი ხდება, ეს უფრო მიმაჩნია პრობლემად. ეს ნიშნავს, რომ ვინც პარტიულ ელიტას მართავს (მხედველობაში მყავს „კომკავშირლები“ _ კობახიძის ჯგუფი), რეალურად არ შეუძლია ადამიანებთან ადამიანურ ენაზე ლაპარაკი და პრობლემების გადაწყვეტა. ასეთი ადამიანები აზიანებენ პარტიასაც და ქვეყანასაც, იმიტომ რომ ეს პარტიაა მმართველი. ეს არის პრობლემა. რაც შეეხება თვითონ ჭიჭინაძისადმი დამოკიდებულებას, მის თითქმის ყველა მოსაზრებას ვიზიარებ. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია იგი. აქ ის კი არ არის უმცირესობაში, რეალურად, ეს ახალგაზრდები არიან უმცირესობაში, რომლებიც აბსოლუტურად დაუმსახურებლად დომინირებენ პარტიაზე, მაგრამ ასეთი კონიუნქტურაა ჩამოყალიბებული, რომ მათი აზრი, „ფეხების ბაკუნი“ და გაბუტვებია პოლიტიკის განმსაზღვრელი. ეს არის ძალიან უცნაური, თორემ ჭიჭინაძე რაზეც საუბრობს, ვფიქრობ, ეგ ძალიან დიდი პრობლემაა, რომელშიც მას ამ ქვეყნისა და საზოგადოების დიდი ნაწილი დაეთანხმებოდა.
უშუალოდ ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას რაც შეეხება, ამ ადამიანებისგან მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება გასაკვირი არ არის. პარტიის თავმჯდომარე ჰყავდათ, რომლის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი კვირით ადრე მასზე „ლოცულობდნენ“, მაგრამ როგორც კი წავიდა, პრველივე წიხლი კობახიძემ ჩააზილა მას. ასე რომ, მსგავს საქციელებს შეჩვეულები არიან.
ესენი რომ დაიბადნენ, მაშინ კომკავშირი აღარ იყო, მაგრამ ეტყობა, გენეტიკა ძალიან ძლიერი რამეა და ასეც მოსდევთ, ამ კომკავშირულმა გენმა იმარჯვა მათში.
პარტიის იმიჯზე კი შეიძლება ის ითქვას, რომ სანამ არსებობს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც პრაქტიკულად ერთადერთი ძალის ცენტრი, არ ვფიქრობ, რომ ამან რაღაც სისტემური ზიანი მიაყენოს „ქართულ ოცნებას“. განა იმიტომ, რომ „ოცნება“ რამეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობს!
ანუ შენ რომ რაღაცას უარი უთხრა და გადახაზო, ის ადგილი ხომ ცარიელი არ დარჩება? რაღაცით ხომ უნდა შეივსოს?! აი, ის რაღაც არ არსებობს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მთავარი კოზირი დღეს არის ოპოზიციის უსუსურობა“.

გია ნოდია:
„საქმე ის არის, რომ პარტიის ხელმძღვანელს, რომელიც ფორმალურად დაბრუნდა პარტიის სათავეში, სურს „წესრიგი დაამყაროს“ და ერთგვარი წითელი ხაზები გაავლოს. პარტიის შიგნითა ინტრიგები მისთვის მისაღებია და შესაძლოა, მისასალმებელიც, სასურველიც, რადგან ასე უფრო მარტივია პარტიის მართვა, თუმცა, მეორე მხრივ, მისი აზრით, უნდა იყოს წითელი ხაზები, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, პარტიის ძირითად ხაზსა და მის საკადრო პოლიტიკას დაუპირისპირდეს.
როცა დეპუტატი იტყვის, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე არ უნდა იყოს, ბუნებრივია, ივანიშვილი ამას აღიქვამს, როგორც მის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ირაკლი კობახიძის იმ ადგილზე ჯდომა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა. და მან სამაგალითოდ დასაჯა ჭიჭინაძე. ეს იყო ერთგვარად პარტიული დისციპლინის დასამყარებელი ნაბიჯი.
საბოლოო ჯამში, პარტიის იმიჯისთვის შეიძლება ეს უფრო პოზიტიური იყოს, ვიდრე ნეგატიური იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ვეღარ გაბედავს პარტიის ხელმძღვანელების კრიტიკას და პარტია უფრო კონსოლიდირებული გამოჩნდება. მაშინ, როდესაც პარტიის შიგნით საჯარო დაპირისპირებაა, ჩვეულებრივ, ეს მის იმიჯზე ნეგატიურად მოქმედებს. ეს არ ნიშნავს, რომ თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს ჭიჭინაძის გარიცხვას ან არგარიცხვას, რადგან, ჩემი დაკვირვებით, „ქართული ოცნების“ იმიჯი სუსტდება და მცირდება, მაგრამ ამით ივანიშვილის მხრიდან მცდელობაა, რომ ეს იმიჯიც გამოასწოროს, ასეთი ღია დაპირისპირებები პარტიაში, მისი აზრით (და ალბათ სწორია), ნეგატიურად მოქმედებს პარტიის იმიჯზე“.

სოსო ცინცაძე:
„ახლა რეპრესიების დრო აღარ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჭიჭინაძე, ასე თუ ისე, მშვიდობიანად დაასრულებს თავის საპარლამენტო ვადას. თუმცა თვითონ ამ გარიცხვის ფაქტით ძველი კახური ანდაზა მახსენდება: „კოკას ეუბნებოდნენ, ლიტრავ გესმოდესო“. ეს ამბავი სამაგალითო უნდა იყოს სხვა ფრონდისტებისთვის. ჭიჭინაძე დისიდენტი აღმოჩნდა, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ფეხი მოიკიდეს ფრონდისტებმა, რომლებიც შემდეგ შეიძლება დისიდენტები გამხდარიყვნენ, თუ ჭიჭინაძეს თავისი დისიდენტობა შერჩებოდა და „ოცნება“ თავის ტოლერანტობას გამოავლენდა.
მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ უცებ დაივიწყა თავისი დეკლარაციები. ჩვენ გვახსოვს, რომ ადრე ამბობდნენ, _ ეს დემოკრატიაა, ასეც უნდა იყოს, აზრთა სხვაობა გვჭირდება, აბა, რა გინდათ, მიშას ან კომუნისტების დროს რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდა, ეს დრო ხომ არ არისო? მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ჩვენ ერთი გუნდი ვართო _ არ ყოფილა ასე!
თურმე აზრთა სხვაობასაც აქვს თვისი წითელი ხაზი. მთავარი ის არის, რომ წითელი ხაზი სად გადაკვეთა ჭიჭინაძემ, არ ვიცით! ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რაც დოზირებულად მოგვაწოდეს პარლამენტიდან.
თვითონ ჭიჭინაძეც, რასაკვირველია, ბოლომდე გულახდილი არ არის, არც აპირებს ბოლომდე „ბარიკადებზე ასვლას“. ასე თუ ისე, მას დიდი უსიამოვნებები არ ემუქრება, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ის ფრონდისტები უკვე ჭკუაზე მოვიდნენ, აღარ იქნება თავისუფალი აზრის გამოთქმა. ახლა გადამწყვეტი ბრძოლებია, არჩევნები მოდის, ახალი პრემიერი გვყავს, დემოკრატია იყო სხვა რეალობაში, ახლა სხვაა და შიდაპარტიული დაპირისპირების დრო არ არის.
ერთი კაცის გარიცხვით რეალობის შეცვლა შეუძლებელია. ფოფხაძესაც „მოიყვანენ ჭკუაზე“, რადგან მის უკან არაფერია, მაგრამ პარლამენტში არიან გავლენიანი პირები, რომელთაც მატერიალური რესურსი აქვთ, მთლიანად არ არიან დამოკიდებულები ამ კეთილდღეობაზე, რაც პარლამენტის წევრობას მოაქვს. იმ ხალხს მეტი დამოუკიდებლობის გრძნობა აქვს.
თვითონ „ქართულ ოცნებაში“ რაც უნდა ისაუბრონ და შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ მათ არ იციან, რა ხდება ქვეყანაში, მაინც მგონია, რომ მშვენივრად იციან, რაც ხდება. უბრალოდ, საჯაროდ თქმა არ შეიძლება. გაუაზრებელი პროპაგანდა აქვთ, რომელსაც პროპაგანდასაც ვერ დავარქმევთ“.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია დავით ჭიჭინაძესთან დაკავშირებით და რა შედეგს გამოიღებს გედევან ფოფხაძის შუამდგომლობა, როგორ აისახება ეს ყველაფერი პარტიის იმიჯზე წინასაარჩევნოდ, ამას მიმდინარე დღეებში გავიგებთ…

ნინო ტაბაღუა