დავით ჭიჭინაძე: „ამ კომკავშირლებს პარლამენტში რაღაც ოთახი აქვთ, სადაც ტვინს ასვენებენ და „გენიალურ აზრებს“ „ხარშავენ“!

„ქართულ ოცნებაში“ დიდი „დაგნარია“. მეტიც, მმართველი პარტია, რომლის ე. წ. ლიდერშიფსაც, კერძოდ, კობახიძე-ჩუგოშვილის ტანდემს, პრეტენზია დემოკრატიულობაზე აქვს, მალე არათუ დაეწევა, არამედ გაუსწრებს კიდეც გარდაცვლილ კომუნისტურ პარტიას და ნეოკომპარტიად ჩამოყალიბდება! დიახ, კომუნისტებს სჩვეოდათ, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანს ბოძზე აკრავდნენ და თითით საჩვენებელს ხდიდნენ. სწორედ ასე მოიქცა „ოცნების“ ხუთკაციანი სათათბირო, რომელმაც ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა.

„ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს“, _ ნათქვამია ჭიჭინაძის გარიცხვის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი და დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.
ხუთეულს, რომელიც თანამედროვე „ტროიკად“ მოინათლა, ალბათ, ეგონა, რომ ამ გადაწყვეტილებით მასების გულს მოიგებდა, მაგრამ საპირისპირო შედეგი დადგა.
სიმართლე რომ ითქვას, „ოცნებიდან“ გარიცხვის გამო „ტრაური“ არც თავად „დასჯილ“ ჭიჭინაძეს აქვს და „ქრონიკა+“-თან საუბრისას ჩინურ სიბრძნეს იხსენებს და ამბობს, ახლა პოლიტიკური მდინარის პირას ზის. შეგახსენებთ: ჩინური სიბრძნის თანახმად, მდინარის პირას ისინი სხდებიან, რომლებიც თავიანთი მტრების გვამების ჩამოტარებას ელიან ხოლმე.

მოკლედ, წაიკითხეთ დავით ჭიჭინაძესთან წინამდებარე ინტერვიუ და, ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად, იმასაც გაიგებთ, რომ პარლამენტში ე. წ. კონსპირაციული ოთახი არსებობს, სადაც კობახიძე-ჩუგოშვილი და სხვები „ტვინებს ანიავებენ“.

_ ბატონო დავით, წესით, ცუდ განწყობაზე უნდა იყოთ, მაგრამ სახეზე ღიმილი დაგთამაშებთ…
_ ცუდ განწყობაზე რატომ უნდა ვიყო?
_ რატომ და, _ მმართველი პარტიიდან გაგრიცხეს და დაგსაჯეს!
_ (იცინის) არ მიმაჩნია, რომ გარიცხული ვარ! დასჯა მაშინაა, როცა ხალხი გაგრიყავს, თორემ ისეთი ქმედება, რომელიც ხალხში მხარდაჭერას იწვევს, პირიქით, უკეთესი და ადამიანისთვის მეტი ენერგიის მიმცემია!
_ ისე ლაპარაკობთ, რომ შინაგანად თითქოს გინდოდათ, „ოცნებიდან“ გაერიცხეთ…
_ არა, შინაგანად ეს კი არა, ის მინდა, რომ „ქართული ოცნება“ ისეთი იყოს, როგორიც მე მინდა.
_ და თქვენ როგორი „ქართული ოცნება“ გინდათ?
_ როგორი და, _ როგორიც ხალხს უნდა!
_ ხალხს, მაინც, როგორი „ქართული ოცნება“ უნდა?
_ პარლამენტის ხელმძღვანელობა არაფრისმთქმელ განცხადებებს აკეთებს, რაც ხალხს აღიზიანებს. სწორედ ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ხალხს მეტყველი ადამიანები უნდა, რომლებიც მთავრობის ამა თუ იმ გადაწყვეტილების „გამპრავებლები“ კი არ იქნებიან, არამედ საქმეს გააკეთებენ!
_ ჩვენში დარჩეს და, უკეთესი არ იქნებოდა, „კოლექტიური ზარდიაშვილებისთვის“ დაგესწროთ და კი არ გაერიცხეთ, არამედ მმართველი პარტია, პროტესტის ნიშნად, დემონსტრაციულად დაგეტოვებინათ? რაც უნდა იყოს, დღეს მაინც „გარიცხული“ გქვიათ…
_ თავს გარიცხულად არ მივიჩნევ!
_ ეს როგორ?
_ როგორ და პარტია ეს ხუთი კომკავშირელი არ არის! კოორდინატორები, რიგითი წევრები და მხარდამჭერები _ აი, ეს არის „ქართული ოცნება“. სწორედ ამ ადამიანებისგან გაათმაგებულ მხარდაჭერას ვგრძნობ!
_ იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი გარიცხვის გამო „ოცნებას“ კოორდინატორები, რიგითი წევრები და მხარდამჭერებიც გაემიჯნებიან?
_ ამას არც ვამბობ და არც ვითხოვ. პირიქით, იმას ვამბობ, რომ ამ კომკავშირლების პოზიცია პარტიისთვის მიუღებელია და მთავარიც ეს არის. საერთოდ, ჩვენ დავდიოდით და ხალხს ვპირდებოდით, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერთ მხარს, ეს და ეს შეიცვლებაო. ამ პასუხისმგებლობას ახლაც ვიზიარებ. შესაბამისად, ისევ მოსახლეობის გვერდით ვიქნები და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, თორემ ფარატინა ქაღალდზე დაწერას, ჭიჭინაძე გავრიცხეთო, რა აზრი აქვს? რა, ჩემთან ერთად „ოცნების“ მხარდამჭერები და გულშემატკივრებიც გარიცხეს? ეს ადამიანები დღესაც მე მიჭერენ მხარს, თუმცა მათ არ უთქვამთ, რახან შენ გაგრიცხეს, „ოცნებას“ მხარს აღარ ვუჭერთო. საერთოდ, იქიდან წასვლა, საიდანაც სიმართლის გულისთვის გაგდებენ, ნერვიულობად არ ღირს! პირიქით, ადამიანმა სიმართლისთვის უნდა იბრძოლოს!
_ შეიძლება, მაგრამ ნათქვამია, სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო…
_ ხომ შეიძლება, ამ ნათქვამში რაღაც შევცვალოთ და ცხენი ჩვენ კი არ შევკაზმოთ, არამედ იქით შევაკაზმინოთ?!
_ რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ გადარეულ ქვეყანაში ვცხოვრობთ!
_ არა უშავს! ამ ქვეყანაში რაღაც უნდა შეიცვალოს, რადგან ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს! ცხენი შეკაზმული მაშინ უნდა გყავდეს, როცა სიმართლისთვის მარტო იბრძვი, თორემ როცა სიმართლისთვის ხალხი იბრძვის, მაშინ ცხენი იმან უნდა შეკაზმოს, ვინც ამ სიმართლეს ეწინააღმდეგება!
_ ბატონო დავით, დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ ფიქრობთ, რომ, თავის დროზე, როცა „ოცნებაში“ გაწევრიანებაზე დასთანხმდით, შეცდომა დაუშვით? განა, არ შეიძლებოდა, „ოცნების“ მხარდამჭერი ყოფილიყავით და პარტიაში არ შესულიყავით?
_ ერთ რამეს გეტყვით: არჩევნების დროს ისე გამოჩნდებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუპირისპირდებოდი, ანუ დასამალი არ არის, რომ 2016 წელს არჩევნებში კენჭისყრას დამოუკიდებელ მაჟორიტარად ვაპირებდი…
_ „ოცნებაში“ გაწევრიანება ვინ შემოგთავაზათ?
_ შემოთავაზება არ ყოფილა…
_ აბა?
_ უბრალოდ, ლაპარაკი იყო, იქნებ, შენ კი არა, შენმა შვილმა იყაროს კენჭიო.
_ ჰოდა, ეს იდეა ვის ეკუთვნოდა?
_ კვირიკაშვილმა დამირეკა და ეს შემომთავაზა, რაზეც სასტიკი უარი ვუთხარი.
_ რატომ?
_ ხალხისთვის რა მეთქვა, ოჯახში დეპუტატი მჭირდება-მეთქი?
_ რატომ არ უნდოდათ, რომ თქვენ გეყარათ კენჭი? იმთავითვე იცოდნენ, რომ უმართავი იყავით და პარტიულ დისციპლინას არ დაემორჩილებოდით?
_ შეიძლება… ჩვენ ერთად მუშაობის გამოცდილება გქვონდა _ თავის დროზე, პარლამენტში ერთად ვიყავით… ჩემი მართვა ძნელია, რადგან სიმართლე მმართავს და არა _ უსამართლობა! წვრილმანებზე შეიძლება, თვალი დახუჭო, მაგრამ თუ პოლიტიკაში ხარ, გლობალურ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია, თვალი არ უნდა დახუჭო. ეს შეიძლება, გუნდურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი საკუთარ ინტერესებს კი არა, ხალხს უნდა ემსახურებოდეს! აი, სწორედ აქ ხდება აღრევა!..
მოკლედ, მაშინდელი გამოკითხვებითაც ისნის რაიონში დიდი მხარდაჭერა მქონდა. აქედან გამომდინარე, დაპირისპირება არასასიამოვნო იქნებოდა და კონსენსუსზე ამიტომაც წავედი, თან მიმაჩნდა, რომ ჯერ ერთი, ჩემი შვილი დეპუტატობას, ჟარგონით რომ ვთქვა, ვერ „გაქაჩავდა“. მეორეც, ხალხისთვის რა მეთქვა, ოჯახში დეპუტატი მინდა-მეთქი? თუ დეპუტატობა გინდა, პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღო, თან ისეთი ბებერიც არ ვარ, რომ პასუხისმგებლობას მოვერიდო და, შესაბამისად, იმ ქართული ოცნების ასრულებაზე, რაც 2012 წელს ხალხს ჰქონდა, არ ვიბრძოლო!
_ 2016 წლის არჩევნების წინ კობახიძესა და მის „სასტავთან“ ცუდი ურთიერთობა გქონდათ?
_ არა, საერთოდ არ ვიცნობდი!
_ მაშინ კობახიძე „ოცნების“ გენმდივანი იყო და რას ჰქვია, არ იცნობდით?
_ მამამისს ვიცნობდი, რომელიც ჩემი თანაუბნელია. სხვათა შორის, წინა არჩევნების დროს მამამისი ბურჯანაძესთან იყო და მთხოვდა, რომ ბურჯანაძის პარტიის სახელით მეყარა კენჭი, რაზეც უარი ვუთხარი.
_ რატომ?
_ რატომ და 2012 წელსაც „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდი მხარს. საერთოდ, თუ სადმე არ გასახელებენ, იმას არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე გახდე! პოლიტიკაში მთავარი იდეოლოგიური მიმართულებაა. სოციალური სახელმწიფო, სამართლიანობის აღდგენა და პოლიტიკაში აბსოლუტურად სხვა პოლიტიკის გატარება _ ეს „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირებები იყო. სხვათა შორის, ამ ეკონომიკური პოლიტიკის არგატარების გამო კვირიკაშვილსა და მის გუნდთან დაპირისპირება მქონდა, ანუ ჩვენი ეკონომიკური ხედვები განსხვავდება: მომხრე ვარ, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში უფრო აქტიურად ჩაერიოს და სახელმწიფომ ადამიანების დაცვაზე მეტი ვალდებულებები აიღოს. თავის დროზე, ანუ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს პოლიტიკა გააჟღერა და იაფ კრედიტებზეც საუბრობდა…
ყველაფერი ეს ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო და 2012-ში „ქართულ ოცნებას“ ამიტომაც დაუჭირა მხარი. ყველას ვენაცვალე, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, _ ყველას გვინდა, რომ ნაკლები შრომით კარგად ვიცხოვროთ. არ მესმის, როცა ამბობენ, ბევრი უნდა იშრომო, რომ კარგად იცხოვროო. რატომ, კაცო? _ თუ საშუალება არის, რომ ცოტა იშრომო და კარგად იცხოვრო, ეს გზა არ უნდა გვერჩიოს?
_ ცუდი ფორმულა ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ხუთკაციან სათათბიროს, ანუ „კოლექტიურ ზარდიაშვილებს“ „ოცნება“ დაღუპვისკენ მიჰყავს?..
_ სხვათა შორის, ეს კვრიკაშვილისა და, საერთოდ, მათი შეცდომაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მმართველობა გადააბარა…
_ რა შეცდომაზე მიანიშნებთ?
_ ეს ადამიანები ცდილობდნენ, პარლამენტში ისინი შეეყვანათ, ვისაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონდა. რატომღაც მიღებულია, რომ პოლიტიკაში ე. წ. ახალი სახე უნდა იყოს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგალითად, მე „ძველი სახე“ რატომ ვარ?
_ „ძველ სახედ“, ალბათ, იმიტომ მიგიჩნევენ, რომ დეპუტატი „ვარდების რევოლუციამდეც“ იყავით…
_ კი ბატონო, მაგრამ როცა ადამიანს გამოცდილება აქვს და საქმის კეთება იცის, არ უნდა გადააგდო. თუ ასეა, მაშინ ყოველ ოთხ წელიწადში არჩევნებს რატომღა ატარებენ?
_ ესეც ლოგიკურია… ერთი სიტყვით, ბატონო დავით, დღესაც აღიარებთ, რომ „ქართულ ოცნებაზე“ გული შეგტკივათ და არ გინდათ, უფსკრულში გადაიჩეხოს. როგორც ვიცი, ივანიშვილს არ იცნობთ…
_ დიახ, არ ვიცნობ… ოდესმე მითქვამს, ვიცნობ-მეთქი?
_ არცნობის მიუხედავად, არ შეგეძლოთ, ივანიშვილისთვის ხმა მიგეწვდინათ და გეთქვათ, „კოლექტიური ზარდიაშვილები“ თქვენ მიერ შექმნილ პარტიას ღუპავენო?
_ საერთოდ, ფარული და კულუარული საუბრების მომხრე არ ვარ.
_ კულუარული საუბარი რა შუაშია? ივანიშვილთან შეხვედრა ღიად მოგეთხოვათ…
_ ამ პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვსაუბრობდი და განცხადებებსაც ვაკეთებდი! სიმართლე გითხრათ, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებამდე არც მე მინახავს და არც ვინმესგან გამიგია, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიაში დადიოდა. როგორც კი პარტიაში მოვიდა, ამის შესახებ ყველამ გაიგო _ სანამ ოფიციალურად იტყოდა, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა, ორი კვირით ადრე, პარტიაში ინტენსიურად დაიწყო სიარული, ანუ, ალბათ, ზუსტად იმ განცხადებებით, რასაც ვაკეთებდი, მიხვდა, რომ პარტიაში მთლად ჯანმრთელი სიტუაცია არ არის.
მოკლედ, ამ ადამიანს ინფორმაცია ჰქონდა და როცა დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხიფათი შეექმნა, პოლიტიკაში მოტრიალდა!
_ იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი გარიცხვა „ოცნებისთვის“ სახიფათოა?
_ ამას ცხოვრება გამოაჩენს!
_ მითხარით, ყველაზე ნაწყენი ვისზე ხართ _ კობახიძეზე, ჩუგოშვილზე თუ ვოლსკიზე?
_ ნაწყენი რატომ უნდა ვიყო და ყველაფერი ეს პიროვნულში რატომ უნდა გადავიტანო? პატარა ადამიანები ეგენი არიან, რადგან ჰგონიათ, თუ რამეს გაუსწორებ და ეტყვი, ასე არ არისო, ამის გამო უნდა გაიბუტონ! ვერ გავიგე, ასეთი რა მოხდა? _ როცა ხალხის ინტერესებიდან გადახვევა ხდება, არ შეიძლება, ფამილარული იყო და ვიღაცებს ენის მოჩლექით ელაპარაკო!
_ „ოცნების“ ხუთკაციან სათათბიროში „პირველი ვიოლინო“, მაინც, რომელია?
_ პარლამენტის თავმჯდომარე…
_ ანუ ვოლსკი კობახიძეს ემორჩილება?
_ დიახ… მანამდე კი კვირიკაშვილს ემორჩილებოდა…
_ ერთი სიტყვით, კობახიძის სიტყვა კანონია?
_ ასე გამოდის…
_ მე კი მგონია, რომ პარტიიდან თქვენი გარიცხვის იდეა კობახიძეს ვიღაცამ ჩააწვეთა, არ მეთანხმებით?
_ ამაზე დროის დაკარგვა და ფიქრი, როგორც იტყვიან, წყლის ნაყვაა! რა მნიშვნელობა აქვს, იდეა ვინ მიაწოდა? ფაქტია: კარგი ნაბიჯი არ გადადგეს, თან როგორც იურისტები მეუბნებიან, ეს გადაწყვეტილება არაკანონიერია.
_ დიახ, გარიცხვის ოქმზე პარტიის თავმჯდომარის, ანუ ივანიშვილის ხელმოწერა არ არის!
_ ამის გარდა, როგორც იურისტებმა მითხრეს, გარიცხვისთვის რაღაც პროცედურებია საჭირო.
_ ბატონო დავით, ამბობთ, სამართლიანობისთვის ვიბრძვიო. ჰოდა, რაკი უსამართლობის მსხვერპლი გახდით, ადექით და კობახიძე-ჩუგოშვილს უჩივლეთ!
_ ამაზე საუბარი კოლეგებთან მქონდა. დავსხდებით და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ, ანუ თუ მეგობრები და კოლეგები მეტყვიან, გვჭირდები და შენი დაბრუნებისთვის უნდა ვიბრძოლოთო, ვიბრძოლებ!
_ შეიძლება, პარტიაში აღარ დაბრუნდეთ, მაგრამ ქართული ანდაზაა, ერთი ჯავრი ბაღდადი ღირსო…
_ ერთი ჩინური თქმულებაა: მდინარის ნაპირას დაჯექი და დაელოდე, შენი მტრების გვამებს როდის ჩამოატარებსო. ჰოდა, ახლა პოლიტიკურ მდინარესთან ვზივარ!..
სიჩქარე კი არა, მოზომილი მოქმედებაა საჭირო, რადგან ის ხალხი არ დააზიანო, ვინც არაფერ შუაშია. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ? _ ჩემმა ნებისმიერმა საქციელმა შეიძლება, ის ადამიანები დააზიანოს, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან და მხარს მიჭერენ, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით… „ქართული ოცნების“ მტერი ხომ არ ვარ, რომ რახან გამრიცხეს, ახლა გამოვიდე და ვთქვა, ის პროგრამა, რომელსაც მხარი დავუჭირე, ცუდია-მეთქი?
_ ეს პროგრამა არ ხორციელდება…
_ რატომ არ ხორციელდება? მაგალითად, ბანკებთან მიმართებით შეზღუდვები დაწესდება… ისე, წინა პრემიერი ბანკირების მხარეს იყო. საერთოდ, როცა პრემიერი ხარ, ამა თუ იმ სფეროსთან შენი ვიწრო პროფესიული ინტერესი არ უნდა გამოაჩინო. სხვათა შორის, ერთი წლის წინ ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში, „ინტერვიუ ვანიჩკასთან“, ამ პრობლემებზე ვისაუბრე და ინტერვიუს მერე კვირკაშვილთან ურთიერთობა აღარ მქონია.
_ არადა, ბედის ირონიაა, რომ კვირიკაშვილს გადაგაყოლეს, ბატონო დავით!
_ დღეს, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, 20 ივლისია, კვირიკაშვილის დაბადების დღე. გაზეთის საშუალებით ვულოცავ!.. არადა, წინა წლებში ამ დღეს რიგი იდგა ხოლმე. ჩატშიც ულოცავდნენ. ჩატში აღარ ვარ და არ ვიცი, წელს მიულოცეს თუ არა.
_ მთავარმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ ქუმსიშვილის საქმიანობას სწავლობს. მეტიც, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დაკითხვაზეც იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ საგამოძიებო უწყებას კითხვები კვირიკაშვილთანაც ჰქონდეს და მას შესაძლოა, პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდეს. ეგებ, პარტიიდან სწორედ იმიტომ გაგრიცხეს, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერი განცხადებები არ გაგეკეთებინათ?
_ მხარდამჭერები ესენი იყვნენ! კვირიკაშვილი და მთელი პოლიტსაბჭო წინააღმდეგი იყო, რომ მე დეპუტატი გავმხდარიყავი. შეიძლება, საზოგადოებაში სხვანაირად ჩანდა, მაგრამ კვირიკაშვილს 9 თვე არ ველაპარაკებოდი.
საერთოდ, ესენი ეთიკასა და მორალზე საუბრობენ, მაგრამ გეკითხებით: რომელი ჯდება ეთიკასა და მორალში, როცა კომიტეტის თავმჯდომარე კენჭისყრაზე აყენებს, სხდომა დაიხუროს თუ არა, სხდომა იხურება და პროტესტის ნიშნად სხდომას ტოვებ, ეს აღმაშფოთებელია. ჰოდა, ამ ადამიანებს თავიანთი სამართალი აქვთ _ იურისტები არიან, კანონების ინტეპრეტირება შეუძლიათ და ჰგონიათ, რომ ცხოვრებაშიც ასე მოჩვენებითად უნდა მოიქცნენ და სიმართლეს არ უნდა ემსახურონ!
_ ისე, თავის დროზე, როცა „ოცნების“ წევრი გახდით, არ „გიტყდებოდათ“, რომ თქვენი ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი იყო, რომელიც 2011 წლის 26 მაისის სასტკიკ დარბევას ამართლებდა ან, სულაც, „კულულა ბიჭი“ დავალებებს გაძლევდათ?
_ დეპუტატი დამოუკიდებელია. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ ვინმე მისი უფროსია, მაგრამ მე უფროსებად არ ვთვლიდი!
_ სამაგიეროდ, ისინი თვლიდნენ, რომ თქვენი უფროსები იყვნენ და მათთან შეთანხმებით სიტყვა არ უნდა „დაგესველებინათ“…
_ მგონი, არც თვითონ ჰქონდათ ილუზია, რომ ჩემი უფროსები იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ჩემთან პრემიერით და სხვა ადამიანების პირით ელაპარაკათ.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, დეპუტატი ყველაზე მაღალი თანამდებობაა, ანუ დეპუტატს უფროსი არ ჰყავს!
რაც შეეხება 26 მაისის დარბევას, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები გამოსაჩენები იყვნენ _ პრემიერისა და გენერალური მდივნის მერე ეწერენ საპარლამენტო სიაში, მაგრამ არჩევნებზე ხალხმა ეს არ გააპროტესტა. ზოგადად, ჩვენს მოსახლეობას ერთი პლუსი აქვს _ თუ ადამიანი შეცდომას აღიარებს, მიუტევებს.
_ შეცდომა სხვა რამეა, დანაშაული კი _ სხვა.
_ ხალხს ზოგჯერ დანაშაულიც მიუტევებია და ყველაფერი თავიდან დაუწყია. თუ ერთმანეთს არ მივუტევეთ და ბოდიში არ მოვუხადეთ, თავის ადგილას არაფერი დადგება.
_ ვერ დავიჯერებ, რომ კობახიძეს ან ზარდიაშვილს ოდესმე ბოდიშს მოუხდით!
_ არ მიმაჩნია, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ თუ ისინი მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს და სიმართლის მთქმელს არ უნდა ებრძოლონ, ბოდიში არც მინდა. ხომ იცით, დუმილი თანხმობის ნიშანია და ჩემთვის ესეც მისაღები იქნება.
_ სხვათა შორის, თავის დროზე, ბახტაძემ ბანკებთან დაკავშირებით თქვენს ინიციატივას მხარი აუბა. დღეს ახალმა პრემიერმა რატომ არ დაგიცვათ?
_ არ ვიცი, ამ ნიუანსებში არ შევდივარ და ჩემს დღევანდელ სტატუსზე ნაკლებად ვფიქრობ, ანუ არ მიმაჩნია, რომ პარტიიდან გარიცხვით ჩემი მდგომარეობა შეილახა. ბევრი დეპუტატი ვიცი, მათ შორის, „კოლექტიური ზარდიაშვილების“ წევრებიც, რომლებსაც არაფერს ეკითხებიან, მათ ხმის ამოღების უფლებაც არ აქვთ და დაუბრახუნებენ ხოლმე, აბა, თითიო…
ბავშვობაში ფეხბურთზე დავდიოდი, კარგი მწვრთნელი მყავდა და კარგი ცხოვრებისეული ფილოსოფია მასწავლა: კინო რომ იწყება, თავიდან წერია _ მთავარი რეჟისორი, სცენარის ავტორი, მთავარ როლებში, მერე _ როლებში, ეპიზოდებში, ბოლოს კი, _ „და სხვ.“ ამ „და სხვაში“ არ მოხვდეთო. ზოგიერთი ჩემი კოლეგა აი, სწორედ ამ „და სხვაშია“ მოხვედრილი!
_ ჰქონდათ მცდელობა, რომ დავით ჭიჭინაძეც „და სხვაში“ მოხვედრილიყო?
_ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველანი „და სხვა“ ვიყოთ.
_ და ეს მცდელობა რაში გამოიხატებოდა?
_ ჩაკეტილი ჯგუფივით შექმნეს, „ლიდერშიფიო“. პარლამენტში ცალკე ოთახებიც კი აიღეს, რომ დანარჩენს ხელი არ შეეშალათ.
_ ამ ოთახებში შესვლა დეპუტატებს არ შეგიძლიათ?
_ დეპუტატს შესვლა ყველაგნ შეუძლია, მაგრამ კაბინეტის გარდა ცალკე ჰქონიათ ოთახები.
_ ანუ კონსპირაციული ოთახი ჰქონდათ?
_ კონსპირაციული არა, მაგრამ რაღაც ოთახი ჰქონიათ, სადაც ტვინს ასვენებდნენ და „გენიალურ აზრებს“ „ხარშავდნენ“.
_ კონკრეტულად, ცალკე ოთახი ვის აქვს?
_ „კოლექტიურ ზარდიაშვილებს“, მაგრამ ვატყობთ, როგორი „გენიალური აზრებიც“ აქვთ _ „ქართული ოცნებისა“ და პარლამენტის ავტორიტეტი იქამდე დავიდა, რომ წასულ ადამიანს მობრუნება მოუწია.
_ ივანიშვილს გულისხმობთ?
_ დიახ.
_ „ქართულ ოცნებაში“ მობრუნება თქვენც ხომ არ მოგიწევთ?
_ გამორიცხული არაფერია!
_ ბატონო დავით, როგორც ამომრჩეველმა, მითხარით, „ქართულ ოცნებაში“ რა არ მოგწონთ და მმართველი გუნდი უნიათოა თუ არა?
_ რაც აქამდე არ მომწონდა, ეკონომიკური პოლიტიკა იყო და ამას ხმამაღლა ვამბობდი, თუმცა პრემიერი ახალია და ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
_ სხვათა შორის, ბახტაძემ, როგორც გაირკვა, კვირკაშვილის პროგრამა გადმოიწერა…
_ ბახტაძის პროგრამაში ჭარბვალიანობა არის დეკლარირებული და ყველაფერი სწორედ აქედან იწყება. თუ ადამიანი ვალისგან არ გაათავისუფლე, ვერაფერს მოსთხოვ. ადამიანი, რომელიც მუშაობს და ფული არ რჩება, რადგან ყველაფერი ვალში მიდის, ბოლოს იფიქრებს, ეს მუშაობა რად მინდაო. ბანკირები ამისკენ არიან მიმართულები, რომ ამ ქვეყანაში ხალხი იმიტომ შრომობდეს, რათა მათ პროცენტები გადაუხადოს. აი, სწორედ ეს უნდა დავამსხვრიოთ. დღეს ძალაუფლება „ქართული ოცნების“ ხელშია და, როგორც ამომრჩეველს, მინდა, რომ „ოცნებამ“ ეს სისტემა შეცვალოს.
უახლესი 25 წლის განმავლობაში აქამდე არ თქმულა, რომ ბანკირები ეკონომიკას ამუხრუჭებენ. ბახტაძემ ეს თქვა, რაც უკვე მისასალმებელია!
არც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მომწონს და გავაპროტესტე კიდეც.
_ რატომ?
_ რატომ და, _ გამოძიების ინიციატივა იმ ადამიანებს მისცეს, რომლებიც ამ ქვეყანაში ძალადობდნენ და კანონს არღვევდნენ. ამის გამო დღეს ხალხს უსამართლობის განცდა აქვს. სარალიძის საქმემ საზოგადოების აღშფოთება სამართლიანად გამოიწვია. დიახ, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ დღესაც 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარ მკვლელობაზე ვსაუბრობთ. წესით, ამ მკვლელობაზე საუაბრი 10 დეკემბერს უკვე აღარ უნდა ყოფილიყო! ე. ი., „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ნება ვერ გამოიჩინა.
პარლამენტის ფუნქცია ზედამხედველობაა, მაგრამ ხალხი შახტებში იხოცება და ჩვენ გარედან ვუყურებთ. აგერ, ქვეყანაში უსამართლობა ტრიალებს, დასაჭერებს ახლა იჭერენ და ჩვენ გვერდიდან ვუყურებთ. ვერ გავიგე, პარლამენტარობა და დეპუტატობა რას ნიშნავს? ყველაფერ ამას საგამოძიებო კომისია რად უნდოდა? საგამოძიებო კომისიისგან ველოდი, რომ რაღაც შოუებს მოაწყობდა, მაგრამ, თურმე, ხალხი დასაჭერი ყოფილა და ეს რა არის?
მესმის, რომ ადამიანს რაღაც ბრალდება წაუყენო, მაგრამ ვოლსკიმ განაცხადა, რომ მე, თურმე, პარტიის დესტაბილიზაციას ვიწვევ და რადგან „ქართული ოცნება“ მმართველი ძალაა, პარტიის დესტაბილიზაციით სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვიწვევ და ხუთეულმაც ამიტომ მოაწერა ხელი ჩემს გარიცხვას. აქამდე „ტროიკა“ და ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა გამეგო, მაგრამ ამათი ბრალდება იმდროინდელი ბრალდებებისგან რით განსხვავდება?!
_ ვოლსკიმ, ალბათ, ის არ გაპატიათ, ადრე რომ თქვით, დაბერდაო…
_ დიახ, დაბერდა. ისიც უთქვამს, ჭიჭინაძის საქციელი დეპუტატის სტატუსს არ შეესაბამებაო. მაგის მსგავსად კომკავშირელი და ცეკა-ს ინსტრუქტორი არ ვყოფილვარ, არც იმ ცხოვრებით მიცხოვრია: „არის, უფროსოო!“ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და როცა პოლიტიკით დავინტერესდი, უკვე „პერესტროიკა“ იყო _ ხალხი უსამართლობას აპროტესტებდა, მაგრამ ვოლსკის, ეტყობა, ეს მომენტი გამორჩა! შესაბამისად, ახალგაზრდა და ძველი კომკავშირლები ერთმანეთს ახლა ამიტომ უგებენ _ მორჩილების იდეალური ფორმულა აქვთ გამოყვანილი!
ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები იმას, რაც არ მოსწონთ, ღიად ამბობენ, მაგრამ ამის გამო პარტიიდან არავინ რიცხავს. პირიქით, ერთმანეთზე ყველაფერს ამბობენ, რადგან ამომრჩეველმა იცოდეს, ვის ირჩევს და ჩვენ, რა, ერთმანეთს ხელი დავაფაროთ?! ზოგიერთის წარსული მე თვითონ არ ვიცი და ჟურნალისტებისგან ვიგებ. შეიძლება, ჩემ გვერდით ასეთი დეპუტატები ისხდნენ?!
ხალხს სიმართლის თქმა უნდა და ასეთი ფსევდოპოლიტიკოსების გამო პოლიტიკური ცხოვრება ჩამყაყდა და დაჭაობდა! დაყენებული სახეებითა და თევზის თვალებით ერთსა და იმავე სისულელეებს ლაპარაკობენ!
ამ დღეებში რობოტი სოფია ჩაოიყვანეს, მაგრამ იმისგან რით განსხვავდებიან? სულ სოფიები არ გვყავს და სოფიას ჩამოყვანა რად გვინოდა?!
_ ასეა თუ ისე, მაინც არ მეუბნებით, „ოცნება“ უნიათოა თუ არა.
_ ის ხალხი, რომელმაც 2012 წელს არჩევნები მოიგო, უნიათო ვერ იქნება, თორემ ისინი, რომლებიც ცდილობენ, რომ დღეს „ოცნება“ მოირგონ, რა თქმა უნდა, უნიათოები არიან!
_ ამბობენ, ჭიჭინაძე ახალ ფრაქციას ქმნის, რომელსაც „ქართული ოცნება 2012“ ერქმევაო…
_ ეს ვიხუმრე. ღმერთმა დაიფაროს, „ქართული ოცნებიდან“ იმდენი კარგი ადამიანი გამოაგდონ, რომ ფრაქცია შევქმნათ!
_ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს ხომ არ დაიწყებთ?
_ არა. კობახიძის იმპიჩმენტს რა აზრი აქვს? თუ მთავრობამ ვერ გაამართლა, მაშინ ყველა სახლში იქნება გასაშვები! პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა! ამიტომ ვისაც უნდა, რომ პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, ფხიზლად უნდა იყოს!
_ როგორც მახსოვს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იდეაც გააჟღერეთ.
_ დიახ, მაგრამ ახალ მთავრობას ერთი წელი უნდა მივცეთ ვადა.
_ ერთი წლის მერე ვადამდელ არჩევნებს რაღა აზრი ექნება?
_ აბა, ახლა ვადამდელის ჩატარება კანონითაც არ შეიძლება.
_ თქვენი ვერსიით, ამ პარლამენტის მოცილება თავად ივანიშვილს ხომ არ უნდა?
_ ბატონი ბიძინა აქტიურ პოლიტიკაშია, საპრეზიდენტო კამპანია დაიწყება და ჟურნალისტებს საშუალება გექნებათ, ეს კითხვა მას დაუსვათ.
_ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერთ?
_ მორიდებული ადამიანი არ ვარ და თუ რამე კითხვა მექნება, აუცილებად დავსვამ და გადაწყვეტილებასაც პასუხის შესაბამისად მივიღებ.
…მე არაფერი დამიკარგავს, რადგან ხალხი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, ჩემ მიმართ არ გაციებულა. პირიქით, მხურვალე მხარდაჭერას ვგრძნობ. ამათ ის შეცდომა დაუშვეს, რომ დაჩაგრულის შარავანდედი დამადგეს. არ იციან, რომ ხალხი დაჩაგრულს უჭერს მხარს, მით უმეტეს, სიმართლისთვის დაჩაგრულს! პარლამენტის თავმჯდომარემ კი თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მომაყენა, რომ მე თითქოს ხელი დავაფარე კანონს, რომელმაც სიკვდილიანობა გამოიწვია. ამას ვერასოდეს შევეგუები და ყოველთვის გავაპროტესტებ! ამ გაპროტესტებისთვის პარტიიდან რომ გამრიცხავ, უნდა იცოდე, რომ ამის გამო ხალხში პოპულარული ვერ იქნები! პარტიიდან იმიტომ კი არ გამაგდეს, რომ ვიღაცის სკამი მინდა ან ბიუჯეტიდან ფული მოვიპარე, პარტიიდან მე სიმართლის თქმისთვის გამაგდეს!
_ ე. ი., „ოცნებას“ გულწრფელობა აკლია?
_ ეს ადამიანები სიმართლეს, მგონი, საკუთარ თავსაც არ ეუბნებიან, თორემ სიმართლე ერთხელ საკუთარ თავს რომ უთხრან, ქუდს თავად დაიხურავენ და წავლენ! არადა, ჯერ ახალგაზრდები არიან და მთელი ცხოვრება შერცხვენილებმა უნდა იარონ!

გიორგი აბაშიძე