გახსენით ოკუპაციის მუზეუმი!

ალბათ გაგიკვირდათ, რას ვამბობ… „განა, გახსნილი არ არის ოკუპაციის მუზეუმი?“ _ მკითხავთ და ჩაიქირქილებთ. მე კიდევ გიპასუხებთ, _ არა! ის თქვენ _ ჩვენ დავხურეთ და ამიტომ უნდა გავხსნათ, ხელახლა შევაღოთ კარი იქ, სადაც ჩვენი ისტორიაა. იქ, სადაც ჩვენი აწმყო და მომავლის სტარტია. იმასაც გკითხავთ, ბარემ, როდის იყავით იქ ბოლოს?

„ქართული ოცნების“ რუსეთთან დათბობის პოლიტიკა სულაც არ ნიშნავს ისტორიის გადაწერას. არ არის სავალდებულო, ყველაფერში ხელისუფლებას ავყვეთ. ყველა ინიციატივას ხელისუფლებას ნუ მოვთხოვთ და იმას, რაც ჩვენი საკეთებელია, იერარქების ნებას ნუ გადავულოცავთ. ჰო, აქვს ეს პოლიტიკა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ჩვენ _ რიგით მოქალაქეებს _ ვინ აგვიკრძალა სამოქალაქო აქტივობა?
მესმის, რომ „ოცნებას“ ლამის ბიოლოგიური ზიზღი აქვს ყველაფრისადმი, რაც „ნაციონალების“ დროსა და ჟამს შეიქმნა, მაგრამ ეს არც მათ აძლევთ ისტორიის გადაწერის უფლებას და არც ჩვენ _ ისტორიის მივიწყება-დავიწყება-ნიველირების ნებას.
უკვე აღარ ვიცი, მერამდენე წერილში ვიმეორებ ამ სიტყვებს: როდესაც კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ, ოკუპაციის მუზეუმის შექმნის თემა გააჟღერა, ამ ინიციატივას იმთავითვე დაუჭირეს მხარი და ქვეყნის ყველა სტუმარი ამ მუზეუმით ეცნობოდა იმ დიდ ზიანს, რომელიც საქართველოს ერთმორწმუნე, უფროსი ძმისგან მიადგა. პრეზიდენტი სააკაშვილი, მინისტრები, პარლამენტარები, სხვათა შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც კი თავად კისრულობდნენ გიდების როლს და ქვეყნის უამრავ სტუმარს გააცნეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლდათ, რომ დედაქალაქისა და ქვეყნის სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, ახალგაზრდები „ბღუჯა-ბღუჯად“ დადიოდნენ მუზეუმში და ამ ყველაფრის მორალი „რუსეთი მტერია“ კი არ იყო, არამედ „ეს ჩვენი ისტორია და რეალობაა“.
უამრავი პრეტენზია მაქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ. არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ხან შეაქებს პრეზიდენტს მორიგი ვეტოს დროს ან მისი გულაჩუყებისთვის პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომისას; არც იმათ რიცხვს განვეკუთვნები, რომელთაც ადვილად ავიწყდებათ მორალურ-პოლიტიკური სტანდარტები. არ ვიცი, რისი ბრალი იყო, _ იქნებ, შურის, იქნებ, ამბიციის, იქნებ, იმისი, რომ თავად ვერ შეძლო მსგავსი რამ, მაგრამ რაც მარგველაშვილმა კახა ბენდუქიძეს და თავისუფალ აგრარულ უნივერსიტეტს გაუკეთა, ეს გახლდათ მავნებლობა. ახლა ვიღაც მეტყვის, _ დარღვევები იყო და აბა, რა უნდა ექნაო? ისე, თავისი უნივერსიტეტის ფეხალაგში რომ შეეხედა ბატონ მარგველაშვილს, ის ხომ არ აჯობებდა, ვიდრე ბენდუქიძეს ვერდიქტს გამოუტანდა? კარგით, არ ვიმორალისტებ და არც იმას ვიტყვი, რომ კახას სიკვდილი სწორედ უნივერსიტეტის გარშემო დატრიალებულმა ამბებმა დააჩქარა, მაგრამ მარგველაშვილი ხომ არ იყო ის პერსონა, რომელმაც ერთი აგური დადო იმის მტკიცებაში, რომ ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი „უკანონოდ“ იყიდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა? ისე, „მარგველამ“ რამდენად იყიდა ის შენობა, რომელშიც ახლა „ჯიპაა“ განთავსებული და რა ინვესტიცია ჩადო მასში? კარგით, შევეშვათ ბენდუქიძეს. ახლა იმაზე გაგვცეს პასუხი, როგორ მოიხარშა მის ტვინში ან ვის ტვინში მოიხარშა და შემდეგ მისი ვერდიქტით აიკრძალა სკოლის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუნდენტების ექსკურსიები ოკუპაციის მუზეუმში? რა, ივანიშვილმა დაავალა? დავუშვათ, რომ დაავალა და მაშინ ფილოსოფოსი კაცის კრედო? თუ იმას იტყვის, არ ვეთანხმებოდი ბიძინას, მაგრამ კოჭი გავუგორეო? ვერ იტყვის, ვერ გაბედავს, იმიტომ, რომ იმ პერიოდის მისი ხელქვეითები ღიად ამბობენ, რომ დირექტივა მაგველაშვილისგან მოდიოდა. ახლა გამოდგება ვიღაც და იტყვის, ეს შეკვეთილი წერილიაო. კი, არის, გეთანხმებით, საქართველომ შემიკვეთა და სინდისმა დამიკვეთა, იმიტომ, რომ უსინდისო კონცეპტუალისტებს ასე უნდა მიახალო პირში ყველაფერი. იმას ნუ მეტყვით, ამის გარდა საწუხარო და საზრუნავი არ აქვს ქვეყანასო? აქვს! უამრავი რამ. მაგრამ სამშობლოზე, მის ისტორიასა და რეალობაზე დიდი საწუხარი და საზრუნავი არ არსებობს.
ბატონ მარგველაშვილს და იმ პერსონებს, რომლებიც კმაყოფილი არიან ოკუპაციის მუზეუმის ფაქტობრივი დახურვით, შევახსენებ, რომ ნებისმიერი დამთვალიერებელი დასკვნას თავად აკეთებდა, მოსმენილისა და ნანახის მეხსიერებაში დალექვის საფუძველზე.
ახლა ოკუპაციის მუზეუმში რომელიმე თავზეხელაღებული პედაგოგი თუ მოაწყობს ბავშვებისთვის ექსკურსიას, თორემ, ვიმეორებ, ჯერ კიდევ პრეზიდენტ მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროიდან შეწყდა იქ მოსწავლეთა და სტუდენტების ორგანიზებული სტუმრობა.
კუდიანებზე ნადირობას არავინ აპირებს, მაგრამ ის, რომ სასწავლო გეგმებიდან ერთი ხელის მოსმით გაქრა ოკუპაციის მუზეუმში ექსკურსიები, ეს თვალნათლივ მეტყველებს ქვეყნის მესვეურთა იდეოლოგიურ განწყობაზე, ხოლო მათი პერიოდული ამოკნავლება, _ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებულიო, სრულად არის აცდენილი „ოცნების“ იდეოლოგიურ პლატფორმას, თუ ასეთი საერთოდ აქვს.
ახლა კი ახლად დანიშნულ განათლების მინისტრს, რომელმაც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება და უიმედობის განაცდა დატოვა: ბატონო მინისტრო, ახლა ხომ თქვენს დაქვემდებარებაშია კულტურაც და განათლებაც? ახლა როგორ მოვიქცეთ? აპირებთ თუ არა, დააბრუნოთ სასწავლო გეგმებში ოკუპაციის მუზეუმში ექსკურსიები, ღია გაკვეთილები, სემინარები? თქვენ რომ ტექნოლოგიურ პროგრესზე საუბრობთ და განათლების სისტემაში მის დანეგრვა-გამოყენებაზე, ის მაინც ხომ შეგიძლიათ, რომ მუზეუმის 3D მოდელირებით მოაწყოთ ექსკურსიები თუნდაც იმ სკოლების მოსწავლეებისთვის, რომელთა სტუმრობა მუზეუმში გაჭირდება სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით? ისე, გაგახსენებთ ან იმას გეტყვით, რაც, სავარაუდოდ, არ იცით _ ოკუპაციის კონტექსტში ნიშანდობლივია იმაზე საუბარი, რომ ისტორიის სახელმძღვანელოებში, ფაქტობრივად, არაფერია ნათქვამი 2008 წლის ომის შესახებ და მეტიც: მოსწავლეებს არავინ ეუბნება, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულია.
ეს კითხვა ჯეჯელავასაც დავუსვი და ჩხენკელსაც _ ახლა თქვენ უნდა დაგისვათ: ბატონო მინისტრო, „ქართველი ტომ სოიერი“, რომელმაც გეოგრაფიის გაკვეთილზე ნახა რუკა და, რატომღაც, გადაწყვიტა, ლიახვის ხეობას აუყვეს, რუსმა ოკუპანტებმა რომ დააკავონ ან სულაც რომელიმე სალდაფონმა ცეცხლი გაუხსნას, ვინ იქნება დამნაშავე _ ოჯახი, სკოლა თუ საზოგადოება _ წარსულის სტანდარტით? რატომ არ ვეუბნებით ბავშვებს, მოსწავლეებს, რომ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია? რას და ვის ვუმალავთ ამას? თუ სკოლა სირაქლემაა და ეს ვალდებულება მშობელსა და საზოგადოებას აკისრია?
მოკლედ, ამ ვითარებაში საქართველოს ახლად დანიშნულ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მცირედით დავინდობ. განა იმიტომ, რომ ამას იმსახურებს, უბრალოდ იმიტომ, რომ რასაც პარლამენტში მის აბსურდულ განმარტებებს ვუსმინე, რომლის ვიდეომაც მთელი საქართველო მოიარა და ვერავინ, ვერც სწავლული და ვერც უსწავლელი (მუნჯის ენა მუნჯმა იცის კონტექსტში) ვერ მიხვდა, ამ „შავ კაცს“ რისი თქმა უნდოდა, გააზრების საშუალებას მივცემ. უბრალოდ და მარტივად ვეტყვი: გახსენით ოკუპაციის მუზეუმი!
რა თქმა უნდა, აქვე ჩემს თანამოქალაქეებსაც მივმართავ, _ ეგრევე რესტორანში ნუ უკრავთ ხოლმე თავს ჩამოსულ სტუმრებს, გაისარჯეთ ამ ქვეყნისთვის და ჯერ იქ წაიყვანეთ _ ოკუპაციის მუზეუმში.
მივმართავ ტურისტულ სააგენტოებს, თავისუფალ გიდებს, ტაქსის მძღოლებს, რიგით თბილისელებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს _ უწინამძღვრეთ საქართველს სტუმრებს და უთხარით, აუცილებლად ესტუმრონ ოკუპაციის მუზეუმს, ეს ჩვენ გვჭირდება, ეს საქართველოს სჭირდება. მივმართავ პატივცემულ მასწავლებლებს: წაიყვანეთ ბავშვები ამ მუზეუმში! მივმართავ უმაღლესი სასწვალებლების რექტორატს, პროფესორებს, თანამშრომლებს: წაიყვანეთ სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში! ეს სჭირდება საქართველოს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მომავალს და თუ ხელისუფლებას ეშინია ან უჭირს, დაეხმარეთ ამ შიშის გადალახვაში _ გახსენით ოკუპაციის მუზეუმი!
დაბოლოს, მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ მამუკა ბახტაძეს: 8 აგვისტოს, 2008 წლის ომის ათი წლისთავზე, თქვენ, მთავრობა და საქართველოს პარლამეტის წევრები აუცილებლად მიდით ოკუპაციის მუზეუმში. ეს სჭირდება საქართველოს, ეს იქნება პოლიტიკური აქტი, ნებისმიერ განცხადებაზე უფრო დიდი, უფრო ხმაურიანი და უფრო შინაარსიანი. ბატონი პრემიერო, გახსენით ოკუპაციის მუზეუმი!

გოჩა მირცხულავა