ქუმსიშვილი, ალავიძე, სეთურიძე – დაკითხავენ თუ არა გიორგი კვირიკაშვილს?!

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს. „ოცნების“ კანდიდატზეა დამოკიდებული, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. „ევროპულმა საქართველომ“ ტრადიცული კანდიდატი, დავით ბაქრაძე დაასახელა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი ენმ-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი, საპრეზიდენტო მარათონში ლეიბორისტები ყველაზე ადრე ჩაერთნენ. ჯერჯერობით უცნობია, იყრის თუ არა კენჭს ნინო ბურჯანაძე და ვინ იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი ქაოსია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის გამგეობამ ურჩი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხა. მართალია, „ქართულ ოცნებაში“ ვერ აკონკრეტებენ, როდის და ვისი რეკომენდაციით გახდა ტრადიციონალისტი ჭიჭინაძე მეოცნებე, მაგრამ ეგ დიდი არაფერი, მთავარია, მისი გარიცხვით განსხვავებული აზრის მქონე ყველა დეპუტატმა მესიჯი მიიღო, ეს მესიჯი პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო გედეონ ფოფხაძემაც, მან ჯერ მშობლიურ პარტიას კომკავშირი და კომუნისტური უწოდა, თუმცა მეორე დღეს ტრადიციულად მისი სიტყვები უკან წაიღო და ბოდიშიც მოიხადა. გედეონ ფოფხაძისგან ეს არც პირველი ბოდიშია და, სავარაუდოდ, არც ბოლო. პარლამენტშიც ირაკლი ალასანიას კვოტით მოხვდა და პირველივე კრიზისის დროს მიატოვა რეკომენდატორი, მეორე „სროკზე“ კი საკუთარი მოხერხებულობისა და ეკა ბესელიას მხარდაჭერით წავიდა.
პარტიიდან გარიცხულ დავით ჭიჭინაძეს ჯიუტად არ სჯერა, რომ მისი გარიცხვის საკითხი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო. მას ასევე სჯერა, რომ უმრავლესობის წიაღში სხვა დეპუტატებიც გაიღვიძებენ და ახალი ფრაქციის შექმნას წინ არაფერი დაუდგება. ურჩ დეპუტატს არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი პარტიული მანდატი ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობას შეეწირა.
გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზებზე იმდენი ითქვა და დაიწერა, დეტალებზე, ამჯერად, აღარ შევჩერდებით, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი სახელისუფლებო წმენდა სწორედ გიორგი კვირიკაშვილის კადრების წმენდით დაიწყო.
გიორგი კვირიკაშვილის კორუფციულ სქემებზე „ქრონიკა+“-მა, ჯერ კიდევ, გასულ წელს დაიწყო წერა. რაფიელ სურამელაშვილისა და ლევან ნოზაძის საეჭვო ბიზნესგარიგებებს ქუმსიშვილ-ალავიძის სქემები მოყვა.
„ქრონიკა+“ პირველი იყო, რომელმაც მოიპოვა და ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს მთავარ პროკურატურაში შექმნილი სპეციალური ჯგუფის შესახებ, რომელიც ფინანსური პოლიციის გამომძიებლებთან ერთად პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის საქმიანობას სწავლობდა.
710 მილიონი ლარი სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ტენდერისთვის, _ ეს ერთი და, სავარაუდოდ, ყველაზე მსხვილი გარიგებაა, რომელსაც ქუმსიშვილსა და ალავიძეს ედავებიან.
სკანდალი ამ საავტომობილი გზის შესახებ, ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ხოლო ღარიბაშვილის „კასირი“ ზვიად ჯანყარაშვილი იყო. „ქრონიკა+“ ამ საეჭვო გარიგების დეტალებზე წერდა, როცა უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ წინასწარ, ყოველგვარი გარანტიების გარეშე 30 მილიონი ლარი გადაურიცხეს, კომპანიამ კი საგზაო სამუშაოები იმ მოტივით არ დაიწყო, დონბასის ოლქიდან სამშენებლო ტექნიკა ვერ გამომყავსო. თბილისის პროკურატურაში „ქრონიკა+“-ის მასალების გამო გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ მაშინდელმა პროკურორმა მიშა შაყულაშვილმა გამოძიება ბოლომდე არ მიიყვანა და საქმეც შეწყვიტა.
ამ პროცედურების მერე ზვიად ჯანყარაშვილმა „ქრონიკა+“-ს სასამართლოში უჩივლა. მისი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ხმაურიან პრესკონფერენციაზე გაზეთს დახურვით და განადგურებით ემუქრებოდა, მაგრამ მიუხედავად მისი მუქარისა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მოვიგეთ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. დიმიტრი გაბუნიამ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უზანაეს სასამართლოში გაასაჩივრა და „ქრონიკა+“ ახლა უზენაესი სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია.
როგორც ჩანს, კვირიკაშვილის გარემოცვამ, კორუფციულ სქემებთან და „ატკატებთან“ ერთად, ადვოკატიც გადმოიბარა. პროკურატურაში დაკითხვაზე მისულ ქუმსიშვილს დიმიტრი გაბუნია ახლდა და შემდგომში სწორედ ის იქნება მისი ინტერესების დამცველი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადვოკატის მომსახურება მას უახლოეს მომავალში აუცილებლად დასჭირდება, რადგან საეჭვო ტენდერების პარალელურად, საუბარია მელიორაციის პროგრამაზე, რომლის გამოძიებაც სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო.
მაია ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნის პირველსავე დღეებში თანამდებობა დატოვა საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ და მასთან ერთად უჩა მამაცაშვილისა და სოსო გოგაშვილის კადრებმა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გამოძიებას ხელთ აქვს სეთურიძისა და რამდენიმე თანამდებობის პირის, მათ შორის, უჩა მამაცაშვილის ნათესავების საუბრის ჩანაწერები, სადაც საუბარი სწორედ ფულის გაყოფასა და „დაკრიშვაზეა“.
იგივე წყაროს ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში დაბარებულ ორივე მინისტრს გამოძიებამ კითხვები დაუსვა, იყო თუ არა გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით საქმის კურსში პრემიერი კვირიკაშვილი? ცხადზე ცხადია, რომ კვირიკაშვილი მთავარი პროკურატურის სამიზნეა.
ის, რომ ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ყველა საგარეო შეხვედრაზე ამბობდა, რომ რეფორმების მხარდამჭერია და მას არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს, „ქრონიკა+“ ამის შესახებ უკვე წერდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის არც ქვეყნის შიგნით ერიდებოდა წუწუნს. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილი სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურს, სოსო გოგაშვილთან ერთად, საკუთარ ბანაკში მოიაზრებდა, მას, ეტყობა, ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგა ხანია, გომელაურ-გოგაშვილის ინფორმაციებს არ ენდობოდა და საკუთარი ნდობით აღჭურვილი ჯგუფი ჰყავდა, საიდანაც გადამოწმებულ ინფორმაციას იღებდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილს მაგიდაზე უდევს გიორგი კვირიკაშვილისა და ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის საუბრის ჩანაწერი, სადაც ექსპრემიერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყნის განვითარების მუხრუჭია და ის ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს.
ივანიშვილმა წაუგებელი პარტია ითამაშა: ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალა, მერე ფინანსთა სამინისტროს დიმიტრი ქუმსიშვილი ჩამოაშორა, ინფრასტრუქტურის მინისტრად მაია ცქიტიშვილი დანიშნა და ბოლოს, როცა მაისის საპროტესტო აქციების ტალღა გადაგორდა, ყველასთვის მოულოდნელად, პოლიტიკაში ლეგალურად მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა.
თანამდებობიდან გადაყენებული კვირიკაშვილი, როგორც ჩანს, საჯარო პოლიტიკაში აღარ გამოჩნდება, მით უფრო გამორიცხულია, რომ მან ოპოზიციური პარტია შექმნას და მმართველ გუნდს ღიად დაუპირისპირდეს.
რაც შეეხება ქუმსიშვილსა და ალავიძეს, გამორიცხული არაა, რომ მათ ოფიციალურად წაუყენონ ბრალი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კორუმპირებული ჩინოვნიკების სამაგალითო დასჯა საარჩევნო ელექტორატის გარკვეული ნაწილის გულს აუცილებლად მოიგებს.
რა ბედი ელის თბილისის მერს?
კახი კალაძისადმი ივანიშვილის დამოკიდებულება, ჯერ კიდევ, ადგილობრივ არჩევნებზე მკაფიოდ გამოჩნდა, _ კალაძის არც წარდგენაზე, არც გამარჯვების ზეიმზე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კალაძემ პრეზიდენტობაზე კენჭისყრაც შესთავაზა ივანიშვილს, ჩემივე ფულითო, მაგრამ თანხმობა არ მიუღია, მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსთაველის გამზირზე 12-13 მაისს გამართული აქციების უკან, რომელიც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა, კვირიკაშვილთან ერთად კახი კალაძეც იდგა. გადაყენებული პრემიერისა და მინისტრებისგან განსხვავებით, კახი კალაძე არჩეული მერია, ამდენად, მისი გადადგომა დედაქალაქში პოლიტიკურ კრიზისს შექმნის. ნარმანიას ფონზე კალაძის დაჭერაც არ იქნება ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტომ, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, კახი კალაძეს ფრთებს შეუკვეცენ, დამოუკიდებელ თამაშებს აუკრძალავენ და ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციების გარეშე სამეურნეო მუშაკის ამპლუაში დაასრულებს საკუთარ მოღვაწეობას.
მიუხედავად გაცხადებული დასავლური კურსისა, ნატო-ს ბოლო სამიტზე ცხადად და მკაფიოდ გვითხრეს, რომ ამ მოცემულობაში საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ალიანსი მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, თავისუფალი საარჩევნო გარემო და არჩევნები _ ეს ის პირობებია, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, საქართველო ამ სტანდარტებისგან ძალიან შორსაა.
ახალი მთავრობა ძველი და სამი ახალი მინისტრით დაკომპლექტდა, გასულ კვირას პრემიერმა ბახტაძემ თანამდებობიდან გაათავისუფლა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პოლიციელებსა და საზოგადოებას ერთადერთი ფრაზით _ ბალასტი _ დაამახსოვრა თავი, საჯარო სივრცეში მოღვაწეობა დაასრულა. რამდენად გახდება მღებრიშვილი მთავარი პროკურატურის ინტერესის საგანი, უახლოეს მომავალში გაირკვევა. არსებობს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მღებრიშვილს უწყებაში პრივილეგირებულ თანამშრომელთა კასტა ჰყავდა. მათ პრემიებზე, ბინების ქირასა და სხვა ხარჯებზე რვა მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ კვირაში საკადრო ცვლილებები შეეხება გუბერნატორებსაც. პრემიერი ბახტაძე უკვე არჩევს კანდიდატურებს, რომლებიც მოქმედ ჩინოვნიკებს შეცვლიან, თანამდებობის დატოვება მოუწევს სამეგრელო-ზემო სვანეთის სკანდალებში გახვეულ გუბერნატორ ლევან შონიასაც, რომელსაც, მოლოდინის მიუხედავად, გიორგი კვირიკაშვილი ვერ შეელია.
ტრადიციულად სკანდალებშია გახვეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საქართველოში ახმედ ჩატაევის შემოყვანასთან დაკავშირებით მიყოლებით ალაპარაკდნენ პანკისის ხეობის სპეცოპერაციისას და მას მერე დაკავებული პირები. უკვე ცხადზე ცხადია, რომ ჩატაევი საქართველოში თვითნებურად და კირნათი-მარადიდის გზით არ შემოსულა, ის ქართულ სპეცსამსახურთან შეთანხმებით ჩამოვიდა საქართველოში და ფინანსურ დაინტერესებასაც ეხება საქმე.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები სუს-ში ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოცხადდება, არაოფიციალურად კი ვახტანგ გომელაურმა და სოსო გოგაშვილმა თვეზე მეტია იციან, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევთ.
ახლა კვირის მთავარი ინტრიგა მაინც ისაა, ვის დაასახელებს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად და დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს?

ელისო კილაძე