თვითნასწავლი არტისტი და ხელოვნება, რომელიც ქვეყნებს იპყრობს

იმ ხელოვანის ისტორია, რომლის ნამუშევრებმაც მსოფლიოს სამი კონტინენტი მოიცვა, იმდენად საინტერესო და განსხვავებულია, რომ ამ რუბრიკაში მსგავსი არასდროს შემოგვითავაზებია.
მისი ნამუშევრების შემხედვარე მიხვდებით, თუ რა ემოციასაც დაატრებს ჩვენი სტატიის მთავარი გმირი და როგორ უწევდა ცხოვრება წლების მანძილზე.

დღეს ის 34 წლის არტისტი უნდა გაგაცნოთ, რომლის ნახატებიც მის სათქმელს ყვირის! ახალგაზრდა, რომელსაც არაერთი პროფესია აქვს და მათგან მხოლოდ ერთია ის, რომელშიც საკუთარი თავი იპოვა.
მხატვარს ეკა ტყემალაძე ჰქვია, ასე იცნობს ყველა. ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ცოტამ თუ იცის ისტორია მისი დაბადების ადგილიდან საქართველომდე და თითქმის არავინ იმაზე, თუ რა გადაიტანა ცხოვრების გზაზე…
დღეს მის ნამუშევრებზე ბევრს საუბრობენ ისრაელში, გერმანიაში, ამერიკაში, საქართველოში… მოსწონთ მისი იდეები და გამოხატვის ფორმა. თვითნასწავლ ხელოვანს კი ახარებს თითოეული დადებითი რეპლიკა, ჯანსაღი კრიტიკაც, ყველაზე მეტად კი მაშინ უხარია, როცა ხვდება, რომ დამთვალიერებელი ავტორის ემოციას კითხულობს ნამუშევარში.
ეკას ისტორია უკრაინაში, ქალაქ ოდესაში იწყება, როდესაც 5 წლის ასაკში დედას დააშორეს: ახსოვს, როგორ თამაშობდა ეზოში, ამ დროს მოვიდა მანქანა, იქიდან კი რამდენიმე მამაკაცი გადმოვიდა, ხელი დასტაცა და სადღაც მიჰყავდა. ახსოვს, თუ როგორ გამოვარდა დედამისი და მის თავს უცნობებს არ ატანდა, თუმცა კაცებმა გოგონა მაინც წაიყვანეს. მერე ბავშვთა სახლი და ახალი დედა ახსოვს, რომელმაც დიდი სიყვარულით გაზარდა იგი და ლუდმილა საქართველოში ეკა გახდა, გვარი ვაინშტაინი კი ტყემალაძედ იქცა. ეროვნებით ებრაელია, დაიბადა უკრაინაში და გაიზარდა საქართველოში…
დღეს იცის, რომ არა 1984 წლის 15 ივნისს, არამედ 1983 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. ეძებს ოჯახს, რომელიც ოდესღაც დაკარგა. თავად გვიყვება იმაზე, რასაც განსაკუთრებულად განიცდის. ყვება ისტორიას იმაზე, თუ როგორ ცდილობდა, არ დაევიწყებინა დედა, როგორ დაადგა მისკენ მიმავალ გზას და როგორ დაკარგა ისიც:
„დავიბადე 1983 წლის 15 დეკემბერს ოდესაში. მახსოვს, რომ დედა იყო ან არის ძალიან ლამაზი, თუმცა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ამიტომ 28 წლის ასაკში კლინიკაში იწვა. მასთან ვიყავი მეც. მერე როგორ წამიყვანეს სახლიდან, ჩამომიყვანეს საქართველოში და როგორ მიშვილა დღევანდელმა დედამ, ქართველმა ქალმა, რომელიც არასდროს გათხოვილა და ამიტომ მამის გარეშე გავიზარდე. მახსოვს, როგორ მიჭირდა ქართულად საუბარი, მერე კი დედამ ყველას აუკრძალა ჩემ ირგვლივ რუსულად კომუნიკაცია, რათა ქართული მესწავლა. ასეც მოხდა.
მიუხედავად ყველაფრის შეგუებისა, ჩემი ისტორია მაინც სულ მახსოვდა და იმის გამო, რომ არ დამვიწყებოდა, ყოველ საღამოს ვცდილობდი იმაზე მეფიქრა, რაც მოხდა.
გამზრდელ დედას ამ თემაზე საუბარი არ სურდა, თუმცა 26 წლის ვიყავი, როცა ვთხოვე, ჩემს ოჯახზე მოეყოლა. ძლივს დავითანხმე, რომ ასე მოქცეულიყო და ყველა საბუთი გამომიტანა, სადაც ჩემზე მონაცემები იყო.
სწორედ ამის მერე, 20 წლის შემდეგ ჩავედი უკრაინაში, იმ კლინიკის დირექტორმაც კი მიცნო სადაც დედა იწვა. პირველ ჩასვლაზე მხოლოდ 25 დღე მქონდა, რომ ყველაფერი მეპოვა და გამომეძიებინა. ჯიბეში კი სულ 100 დოლარი და რამდნეიმე გრივნა მედო. პირველივე დღეს ინფორმაციის სანაცვლოდ თანხა მომთხოვეს და მთელი ჩემი ფული იმ ქალს მივეცი, რომელმაც დედაჩემის სახელი და გვარი ხელსახოცზე დაწერილი მომცა.
ვიცოდი, რომ ვიყავი ლუდმილა ვაინშტაინი. ვიცოდი მხოლოდ იმ ქუჩის სახელი, სადაც ჩემი ბავშვთა სახლი იყო. მთელი ოდესა ფეხით მოვიარე, დილით ადრე ვდგებოდი, ენის ბარიერის გამო ყველგან მეგობარი მიმყვებოდა. იქ ყოფნის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თურმე დეიდა ისრაელში მყავდა.
იმ სახლსაც მივაგენი, სადაც 5 წლამდე ვიზრდებოდი. იქ მხოლოდ ხის კიბეები შეუცვლიათ რკინით. დანარჩენი ყველაფერი იგივე იყო: იტალიური ეზოს თაღები, კარი, გარემო, ყველაფერი ისე იყო, როგორც მახსოვდა. კარი სხვა ქალმა გამიღო, რომელმაც არ კი იცოდა დედაჩემსა და ჩემ შესახებ. იქ ყოფნის პერიოდში გავიგე, რომ ძმა მყოლია, ეს არც მახსოვდა… მერე ისიც დავადგინე, რომ თურმე ქუჩაში ცხოვრობდა, ბევრი ვეძებე, ღამით ბაღებსა და სკვერებში, დღისით ბაზარში დავდიოდი მის საძებნელად… ბოლოს პოლიციაში მითხრეს, რომ ქუჩაში გაყინულა და ცოცხალი აღარ იყო.
მას შემდეგ კიდევ 4-ჯერ ვიყავი უკრაინაში და დედას ჯერაც ვეძებ.
ამბობდნენ, რომ მამა რუსი არისტოკრატი იყო, პიანინოზე დაკვრა უყვარდა და არასდროს მუშაობდა.
ჩემი გვარი კი ებრაულია, როგორც დედასი“, _ ამბობს ეკა.
ახლა 34 წლისაა, ბედნიერებას ეძებს და მას წვრილმანებში პოულობს.
4 წლის მანძილზე ისრაელში გასამგზავრებელ საბუთებს აკეთებდა. 2012 წელს, 28 წლის ასაკში, ისრაელში წავიდა. დღემდე მადლობს იმ ებრაელ ქალბატონს, რომელიც შემთხვევით, საკუთარი ნათესავების ძებნის დროს, სოციალურ ქსელში გაიცნო, მან შვილივით მიიღო და ისრაელში ყველა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა, უქირავა ბინა, მოაძებნინა სამსახური… ეკას იქ ყოფნის პერიოდში არქიტექტურის ფაკულტეტზე სურდა ჩაებარებინა, პროფესორებსაც მოეწონათ მისი ნახაზები, თუმცა ეს საქმე არ გამოვიდა და შემდეგ ანიმაცია-მულტიმედიის კურსები გაიარა.
გვიყვება, რომ ბავშვობიდან ხატავდა, მაგრამ დროის არქონის გამო შეწყვიტა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად სწორედ 2015 წელს, ისრაელში დახატა პოპარტის სტილში. ეს პირველი ნახატი სოციალურ ქსელში გაუზიარა მეგობრებს. სოცქსელში გავრცელებული ნახატი ნახა ისრაელში გალერეა Unity Art-ის დირექტორმა, მალევე მისწერა ეკას და გამოფენაზე მიიწვია… ეს მისი პირველი გამოფენა იყო.
მართალია, არასდროს უფიქრია სხვებისთვის დაეხატა, თუმცა მაინც მოიხიბლა ამ შემოთავაზებით და სცადა, ახალი გამოწვევა მიეღო კიდევაც. ეს კი იმიტომ, რომ არასდროს უშინდება სიახლეს და მუდმივად ცდილობს განვითარებას.
მოგვიანებით, პერსონალური გამოფენაც შესთავაზეს. ეკამაც თავისი სულის ნაწილი იმ ნამუშევრებში ასახა, რაც უკვე პერსონალური გამოფენის დროს წარუდგინა საზოგადოებას.
ამბობს, სულში რაც გაქვს, ის უნდა აკეთო, რაც ბუნებამ გაჩუქა დააფასო და რაიმე ღირებული შექმნა, თუ ამის შესაძლებლობა ოდესმე გაგიჩნდაო.
იხსენებს პერიოდს, როცა ისრაელში ცხოვრობდა. გვიყვება, რომ იქ გაზარმაცების უფლება არ გაქვს.
უკვე 2016 წელს გერმანიაში გაემგზავრა. იქ ჩავიდა, როგორც სტუდენტი. ჯერ ენის კურსებზე დაიწყო სიარული, შემდეგ კი თავისი ნამუშევრები მიუნხენის აკადემიაში მიიტანა, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა პროფესორი მისით მოიხიბლა, თუმცა ურჩიეს, რომ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან მისულიყო, რომელიც იმჟამად აკადემიაში არ იმყოფებოდა. აქ ეკას არ გაუმართლა, თუმცა ამბობს, რომ აზრი მაინც არ ექნებოდა გერმანიაში მის გაჩერებას, რადგან საქართველოში უკვე ასაკში შესული დედა ითხოვდა დახმარებას. ის უკვე 87 წლისაა.
გასული წლის დეკემბერში საქართველოში დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ეს ხელოვანი ადამიანი კბილის ტექნიკოსია. თბილისში სწორედ ამ მიმართულებით დაამთავრა კოლეჯი, თუმცა სამსახური ვერ დაიწყო, რადგან ყველამ საწყისი თანხა მოსთხოვა… ისრაელში კი თავისი პროფესიით დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ ეს ის არ იყო, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომაც ჩააბარა ანიმაცია-მულტიმედიის მიმართულებით და წელიწად-ნახევარი მას მიუღძღვნა. მერე ხატვა დაიწყო. გერმანიაში კი ხატვასთან ერთად თმებსაც ჭრიდა, რაც ასევე თავად ისწავლა. სცადა ტატუს გაკეთებაც, თუმცა ეს საქმე არ მოეწონა და მალევე დაანება თავი.
ისწავლა ხუთი ენა, ცეკვა, დაკვრა, ხატვა, კბილის ტექნიკოსობა, სტილისტობაც კი, ისწავლა, როგორ უნდა იყო ძლიერი ცხოვრებაში!
ხატვა მისთვის თერაპიაა, ეს ცალკე სამყაროა. სწორედ იგი აგრძნობინებს, რომ ტყულად არ არსებობს, რაღაც ღირებულს ქმნის და ბედნიერია, რომ ამ მიმართულებითაც იპოვა საკუთარი თავი.
ამბობს, რომ მისი ნამუშევრების ობიექტური შემფასებელი ყველა ის ადამიანია, რომელსაც ზუსტად შეუძლია ავტორის სათქმელის დანახვა, ვისაც ძალუძს განსაზღვროს, თუ რისი თქმა უნდოდა ეკას ამ ნამუშევრით, რას გრძნობდა მაშინ და რა არის მისი სადარდებელი.
განსაკუთრებით უყვარს საკუთარი ფერების შექმნა. შეუძლია 8 ან 9 ფერის საღებავიდან 150 შექმნას… შემდეგ ამ კომბინაციებს ინიშნავს და მომავლისთვის ინახავს.
აღიზიანებს უაზრო კრიტიკა იმ ადამიანებისგან, ვისაც არც კი იცნობს. იხსნებს, რომ გერმანიიდან მწვანე ფერის თმით ჩამოვიდა, რამაც ქართველების გაღიზიანება, რეპლიკები და არასასიამოვნო კომენტარები გამოწვია, ამან კი ეკაზე უარყოფითად იმოქმედა. ამბობს, არ შეიძლება ასე მარტივად გალანძღო ან ხელაღებით გააკრიტიკო ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი აზრი გგონია ყოველთვის მართალი!
საქმეში ყველაზე მნიშვნელოვნად პასუხისმგებლობას მიიჩნევს. გვიტყდება, რომ ცოტათი ზარმაცია, თუმცა თუ რაიმეს გაკეთების პასუხისმგებლობას აიღებს, ის ბოლომდე უნდა მიიყვანოს კიდეც.
ძალიან აფასებს იუმორს. ამბობს, ყველას პრობლემა აქვს და აღარც ვიხუმროთ მაინცო?! ძალიან უყვარს ის ადამიანები, რომლებიც აცინებენ.
ადამიანმა, რომელიც, სულ რაღაც, 3 წელია ხატავს, უკვე 7 გამოფენა გააკეთა 3 კონტინენტის 4 ქვეყანაში _ ის მაქსიმალისტია და ყოველთვის აღწევს მიზანს!
განსაკუთრებულად წარმატებული იყო მისი გამოფენები გერმანიასა და ნიუ-იორკში. დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა თითოეულ მის ფართო აუდიტორიაში გასვლას. საქართველოშიც ასე მოხდა და მეტიც, სხვადასხვა რეგიონებშიც კი მიიწვიეს, რაც ძალიან ახარებს!
რისთვისაც დრო არ ენანება, ეს ხატვაა, _ სიამოვნება, რომელიც შეუცვლელია მისთვის.
ამბობს, დამოუკიდებელი ვარ და რაღაც მხრივ თავისუფალიც, თავისუფლებაა, შენი ცხოვრება მართო თავად და არა სხვამ. როგორც ეკა გვიყვება, იყო დრო, როცა სხვები მართავდნენ მის ცხოვრებას, მაგრამ ახლა ამის უფლებას არავის აძლევს.
გვიმარტავს თავისუფლების მისეულ გაგებასაც:
„თავისუფლება ნიშნავს, არ გეშინოდეს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების. ეს ცნება იმ მდგომარეობას გულისხმობს, როცა ყველა სავსეა სიყვარულით, ბედნიერია და გიხარია, რომ არსებობ. სხვისი და შენი სიყვარულიც ისე გავსებს, რომ მადლობელი ხარ ყოველი დღის გათენებით. თავისუფლებაა ის, როცა ესმით და გესმის მათი,
ესმით შენი და შენ _ სხვისი“.
ყოველ ახალ დღეს ცოტა შიში, ცოტა ბედნიერება და ახლის მოლოდინი მოაქვს მისთვის. ამბობს, ბედნიერიც ვარ, რომ ამქვეყნად მოვევლინე, მეშინია, რომ დედაზე რაღაც ცუდს გავიგებ, მაგრამ მაინც ძლიერად ვდგავარო.
რა თქმა უნდა, აქვს ოცნებაც:
„ვოცნებობ, მქონდეს ჩემი სტუდია, სახელოსნო, სადაც ვორქშოფებს ჩავატარებ ბავშვებისთვის, შშმ პირებისთვის, ხანდაზმულებისთვის. ყველასთვის იქნება კარი ღია. მე კი ჩემსას გავუზიარებ. მინდა, გამოფენები ვაკეთო. მინდა, ჩემი ხელოვნება უფრო გაძლიერდეს, დაიხვეწოს“.
როგორც ამბობს, მასში ორი ეკა ცხოვრობს, ზოგჯერ კი საკუთარ თავთან უწევს ბრძოლა. ბოლოს მაინც ის ძლიერი იმარჯვებს და საქმე ბოლომდე მიჰყავს. ოცნებობს იმაზეც, რომ საკართველოში უკეთესი მომავალი იყოს, ერთად დგომა რომ შეგვეძლოს და ზერელედ არ მივუდგეთ ყველაფერს.
მისთვის ბედნიერებაა, როცა მისი ნამუშევრები მოსწონთ და ხალხი დადებითად აფასებს მათ, რომ კარგი ადამიანები ჰყავს ირგვლივ და მათი იმედი აქვს. ბედნიერებაა რომ ცხოვრობს…
მისაბაძია ყველა ძლიერი ადამიანი, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს და მაინც ვერ ამჩნევ მათში ამას. ასეთს ცოტას იცნობს, რადგან ტკივილის დამალვა რთული საქმეა. ამბობს: „ისრაელში ვისწავლე, როგორ ვყოფილიყავი ძლიერი. იქ ვისწავლე, გადაგივლიან, თუ სისუსტეს აჩვენებ ვინმეს და ხმას არ აიმაღლებ, ამიტომ მიხარია, რომ ამის დანახვის საშუალება მომეცა“.
სჯერა იმის, რომ ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ, უბრალოდ, არ უნდა გააკეთონ ისეთი რამ, რაც არ მოსწონთ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და საკუთარი ჰობი პროფესიად გაიხადონ. საკუთარ მისიად მუდმივად მოძრაობაში ყოფნას, ხატვის გაგრძელებასა და ემოციების ამ გზით გამოხატვას მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ ხატვაში იპოვა საკუთარი თავი, გაჩერებას მაინც არ აპირებს, უნდა, რომ მუდმივად ეძებოს და მიაგნოს კიდეც ურო მეტს. უახლოეს მომავალში კამერის ყიდვას და ფოტოების გადაღებას გეგმავს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ამ ეტაპზე იმის პრობლემა აქვს, რომ განმარტოების საშუალება და მარტო ხატვის შესაძლებლობა არ აქვს თავის სახლში. სურს, რომ პატარა სივრცე ჰქონდეს განცალკევებით, სადაც ამას მოახერხებს.
იხსენებს, როცა ხატვა დაიწყო, სპეციალურად არ უყურებდა სხვა ხელოვანების ნამუშევრებს, რათა უნებურად მათი გავლენა არ ეგრძნო. თუმცა ძალიან უყვარს ფრიდა კალო და რენე მაგრიტი: „მათი ნამუშევრებიდან ყოველთვის მოდის ის ემოცია, რასაც მეც ვგრძნობ“.
განსაკუთრებით უყვარს მაგრიტის ნამუშევარი „თოფი“…
ერთადერთი, რასაც არ ღალატობს, ეს ბედნიერების პრინციპია! მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი და მძიმე ცხოვრება გამოიარა, მაინც არაფერს და არავის აძლევს უფლებას, რომ ტკიოდეს და ამის გამო ხელოვნებაზე უარი თქვას.
ეკას სათქმელი საზოგადოებისთვის შემდეგია:
„არასდროს გეგონოთ საკუთარი თავი ცუდი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ან როდის გეტყვით. ის აკეთეთ, რაც გულიდან მოდის. აიტანეთ დაცინვაც, შეურაცხყოფაც, გულის ტკენაც და ცხოვრება განაგრძეთ. მხოლოდ არ იარსებოთ, ისიამოვნეთ ცხოვრებით!
გიყვარდეთ ერთმანეთი და პატივი ეცით. მუდმივად ეძებეთ საკუთარი თავი და იყავით უსირცხვილოები საკუთარი ემოციის გამოხატვისას, საკუთარ მიღწევებში! ჩემი ხელოვნებაც ესაა, რასაც ვგრძნობ იმას ვაკეთებ. ვის ესმის ან არა, ეს უკვე მათზეა!“

ნინო ტაბაღუა