კანონში სპეცპედაგოგის სტატუსი უკვე არსებობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა ზოგადი განათლების საფეხურზე 2006 წელს დაიწყო. შედეგად, საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 1000-ზე მეტი სკოლაა ჩართული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა კი 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით 4,743-ს შეადგენს.

ინკლუზიური განათლების სფერო საკმაოდ კომპლექსურია, რომელიც არა მხოლოდ სწავლების მეთოდებსა და ეროვნულ გეგმას აერთიანებს, ასევე მოიაზრებს ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და მასალას, რომელიც გასაგები და აღქმადი უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
ინკლუზიური განათლება _ ეს არის შედარებით ახალი სიტყვა განათლების სფეროში. იგი საკუთარ თავზე იღებს იმის უზრუნველყოფას, რომ თითოეულ ბავშვს შეექმნას აუცილებელი კომფორტი და ყველა საშუალება იმისთვის, რომ მან განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა შეძლოს.
განათლების ეს სფერო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს საშუალებას აძლევს, სრულფასოვანი განათლება მიიღონ, რაც, თავის მხრივ, ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონვენციით.
განათლების მიღება არის ინდივიდის განვითარებისა და მისი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების საწინდარი, შესაბამისად, ამ პროცესის წარმატებით წარმართვის აუცილებლობა ყველა საზოგადოებაში არსებობს.
ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ყველა ბავშვის თანაბრად განვითარების პრინციპს. მის მიხედვით დაგმობილია დისკრიმინაციის ყოველგვარი პირდაპირი თუ ფარული გამოვლინება და აქცენტი კეთდება საკუთრივ ბავშვისა და არა სისტემის ინტერესებზე.
სწორედ ინკლუზიური განათლების სფეროს განვითარებას და იმ კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმდინარე წლის ბრძანება, რომლის მეხუთე თავი სრულად ეძღვნება ინკლუზიასა და მის მახასიათებლებს საგანმანათლებლო სფეროში.
ეს თავი განსაზღვრავს სხვადასხვა ტერმინის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მნიშვნელობასა და მახასიათებლებს, რომლის მიხედვითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს ინკლუზიური განათლების სფეროს რეგულირების საშუალებებს და ასევე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, რომლებიც უნდა იქნეს შშმ ბავშვების საჭიროებებზე მორგებული და სრულ თანხვედრაში მყოფი.
სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოსა და პირობების შეცვლას, კერძოდ:
ა) სკოლისა და კლასის ფიზიკური გარემო;
ბ) საათობრივი ბადე;
გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;
დ) სასწავლო მასალა;
ე) სწავლების სტრატეგია;
ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და სხვ.) და სხვ.
გამომდინარე აქედან ეროვნული სასწავლო გეგმა საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიურ განათლებასა და მის ეფექტს მოზარდების განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში. ის, ამავდროულად, განსაზღვრავს სხვა ფაქტორებს, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს განათლების ამ კონკრეტული სფეროს წარმატებით ფუნქციონირებისთვის. ეს არის ადაპტირებული სასწავლო გარემო, ასევე სასწავლო მასალა და მიდგომა, რომელიც უნდა იყოს მეტად ინდივიდუალური და ყველა მოზარდის საჭიროებაზე მორგებული.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომელიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას ბავშვის ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ აკადემიური, შემეცნებითი, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების მიხედვით.
სწავლის პროცესში სირთულეების გამოვლენის შემდეგ სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლის შესაძლებლობების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლის დეტალური შეფასებისთვის და მის განათლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისთვის სკოლას შეუძლია მიმართოს სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინურ გუნდს.
მთლიანობაში, ინკლუზიური განათლების დანერგვის დინამიკა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ზოგადი და პროფესიული განათლების დონეზე მზარდია,
განსაკუთრებით დედაქალაქსა და რაიონულ ცენტრებში, მაშინ როცა ხელმისაწვდომობის კუთხით მნიშვნელოვანი ბარიერები არსებობს სკოლამდელი განათლების შემთხვევაში.
მაღალმთიანი სოფლების სკოლების შედარებით მცირე ნაწილია ჩართული ინკლუზიურ
განათლებაში. მაგალითად, თბილისს თუ შევადარებთ, თბილისის 297 სკოლიდან 155
სკოლაში დანერგილია ინკლუზიური განათლება, მაშინ როცა მაღალმთიანი სოფლების 505 სკოლიდან მხოლოდ 171 სკოლაში ხორციელდება ინკლუზიური სწავლება.
ზოგადი განათლების შესახებ კანონი აღიარებს ზოგადი განათლების თანაბრად
ხელმისაწვდომობას ყველასთვის და ავალდებულებს სკოლას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ხარისხიანი განათლება შესთავაზოს. ამ კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინკლუზიური განათლება განმარტებულია, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
ეს არის საქართველოში ინკლუზიური განათლების სფეროს დახასიათება და მისი მნიშვნელობისა და როლის მოკლე აღწერა, თუმცა მიუხედავად უამრავი გადადგმული ნაბიჯისა და რეფორმისა, ამ სფეროში საკმაოდ ბევრი ხარვეზი დღემდე არსებობს. ამაზე დარგის სპეციალისტები უკვე წლებია, საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ როგორც ტექნიკურ დეტალებზე, ასევე საკანონმდებლო მექანიზმებზეც, რომელიც ჰარმონიზებასა და პრაქტიკაში მეტად დანერგვას საჭიროებს.
გარდა გარემოს ადაპტირებისა და სასწავლო მასალის დახვეწისა, საუბარია ასევე ინკლუზიური განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, კერძოდ, სასწავლო პერსონალზე.
წლების განმავლობაში ამ სფეროში ჩართულ სპეცპედაგოგებს, ანუ მასწავლებლებს, რომლებსაც შესაბამისი სწავლება აქვთ გავლილი და ფლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის უნარებს, არ ჰქონდათ პედაგოგის სტატუსი. სწორედ ამ სტატუსის არქონის გამო მათი ხელფასი მიზერული, დაახლოებით, 260 ლარამდეა, შესაბამისად ისინი არა მასწავლებლებად, არამედ ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან.
სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
დღეს სპეცპედაგოგების რაოდენობა არც ისე ბევრია და 1500-ს აჭარბებს. შეიძლება ეს მცირე რიცხვი მიზერულ ხელფასსა და საკმაოდ ბევრ საპასუხისმგებლო მოვალეობას უკავშირდება კიდეც.
იმის გამო, რომ მათ არ აქვთ მასწავლებლის სტატუსი, ისინი ვერ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში.
სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მასწავლებლის სტატუსთან გათანაბრების მოთხოვნით, რომლის ადრესატი საქართველოს პარლამენტია, პეტიცია შეიქმნა. პეტიციამ ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა.
სწორედ ამიტომაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სექტემბრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი და მათი ხელფასი პედაგოგის სტატუსის მქონე პირის ხელფასის ოდენობას გაუტოლდება. მისივე თქმით, ამ რეგულაციის კანონის ჩარჩოში მოქცევა სექტემბრამდე პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მოხდება.
გარდა ანაზღაურების ზრდისა, ასევე სპეცპედაგოგებს სპეციალური მომზადების გავლა 2021 წლის პირველ იანვრამდე შეეძლებათ.
თავად სპეცმასწავლებლების საქმიანობა საკმაოდ მრავალფეროვანია და როგორც უკვე ვახსენეთ, მათ დიდი როლი აქვთ ინკლუზიური განათლების სფეროში.
სპეციალური მასწავლებლის სხვადასხვა მიმართულება არსებობს: სმენის, მხედველობის დარღვევები, აუტიზმის სპექტირისა და ა. შ.
დაფიქსირდა სპეცპედაგოგების მიერ სამსახურზე უარის თქმისა და სკოლიდან წასვლის შემთხვევები, რაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურებით აიხსნა. ამ პრობლემის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს სისტემაში სპეციალური პედაგოგების ჩასმა და მათთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება.

როგორია სპეცპედაგოგის საქმიანობა და რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მათთვის სტატუსის მინიჭების საკითხი?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ სპეციალურ მასწავლებელ თათია თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლაში მუშაობს:
„სპეცმასწავლებლის მოვალეობებში შედის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მასწავლებელთათვის კონსულტაციის გაწევა, ასევე მან უნდა გაუწიოს მონიტორინგი სსსმ მოსწავლეების სწავლების პროცესს, ითანამშრომლოს მასწავლებლებთან და მშობლებთან.
ყოველდღიურად ბავშვები სარგებლობენ რესურსოთახით, სადაც ვეხმარებით კოგნიტური და ფუნქციური უნარ-ჩვევების გავარჯიშებაში. ასევე სპეცპედაგოგი ესწრება სსსმ მოსწავლეს გაკვეთილზე და ეხმარება მას, აქტიურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
ყველაზე დიდი სირთულე, რაც ჩვენს საქმეში იჩენს თავს, არის ამ პროფესიის დაუფასებლობა. შრომას, რომელსაც სპეცპედაგოგი ყოველდღიურად წევს, არ არის საკმარისად დაფასებული.
სპეცპედაგოგებს საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვთ, ამის მიზეზი ის არის, რომ სპეცპედაგოგის შტატი, როგორც ასეთი, განსაზღვრული არ არის, სკოლას ერიცხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის გამოყოფილი გარკვეული თანხა. სკოლის გადასაწყვეტია, ამ თანხას რესურსების შესაძენად გამოიყენებს თუ, უბრალოდ, ადამიანურ რესურსზე დახარჯავს.
მიჩნეულია, რომ ხელფასი სულაც არ არის მოტივატორი და ამას ვეთანხმები, მაგრამ მნიშვნელოვანია, ადამიანმა დაიკმაყოფილოს მიღწევის მოთხოვნილება, როდესაც კარიერული წინსვლის შანსი მოგვეცემა, ე. ი. ეს პროფესიაც დაფასდება და უფრო მეტი მოტივაცია გვექნება, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა. მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას მივესალმები, ჩვენს შრომას შესაბამისი დაფასება უნდა მოჰყვეს.
არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, მაგრამ როგორც ვიცი, სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე, რომ სპეცმასწავლებლების კარიერული წინსვლის სქემა შემუშავდეს. ნებისმიერი პროფესიისთვის არის მნიშვნელოვანი წინსვლა და განვითარება, არც ესაა გამონაკლისი. მომავალში აუცილებლად უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა ჩავერთოთ პროექტებში, უფრო მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და წვლილი შევიტანოთ განათლების სფეროს განვითარებაში“.

სპეცმასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხმა კმაყოფილება გამოიწვია როგორც თავად ამ სფეროს წარმომადგენლებში, ასევე მშობლებსა და სამოქალაქო სექტორში, რადგან, მათი აზრით, ეს დაფასება გააორკეცებს სპეციალისტების შრომის ხარისხს და მათი საქმიანობის ეფექტიანობასაც გაზრდის.
ახალმა _ მასწავლებლის სტატუსმა უნდა გაზარდოს სპეცპედაგოგების ხელფასიც და მოტივაციაც. მათ, მასწავლებლების მსგავსად, შეეძლებათ ისარგებლონ 40-დღიანი შვებულებით, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგებში, რაც აქამდე მათთვის შეზღუდული იყო, და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
პროფესიული განვითარების სქემაში სპეცპედაგოგების ჩასმა მათი კარიერული წინსვლის შანსია. თუმცა კონკრეტული გეგმის გაწერა, რომელიც ხელს შეუწყობს სპეციალური პედაგოგების პროფესიულ განვითარებას და ასევე განავითარებს ინკლუზიური სწავლების კონკრეტულ მეთოდებსა და მიდგომებს, ჯერ კიდევ გამოწვევაა ქართული საგანმანათლებლო სფეროსთვის.
როგორც ინკლუზიური განათლების ექსპერტები აღნიშნავენ, ეროვნული სასწავლო გეგმა ყველა შემთხვევაში (განსაკუთრებით მძიმე და გონებრივი მრავლობითი დარღვევების დროს) არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვებს განუვითარონ ფუნქციური და აკადემიური უნარები. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
ასევე სასწავლო გეგმა არ იძლევა განსხვავებული ტიპის სასწავლო მოწყობის საშუალებას, რაც ხშირად აუცილებელია ღრმა ინტელექტუალური და მრავალმხრივი დარღვევის მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ეფექტიანი ჩართვისთვის. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს კონვენციაში მითითებული დებულების იმპლემენტაციას აკადემიური და სოციალური განვითარების მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნის შესახებ.
ეს დასკვნებია გაკეთებული სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც ინკლუზიური განათლების სფეროს მონიტორინგის შედეგად შეიქმნა.

„ქრონიკა+“ ესაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროს ეკა დგებუაძეს:
„არსებობს მასწავლებლის სპეციალური სტანდარტი და სამუშაო გამოცდილება, რის მიხედვითაც განისაზღვება შშმ ბავშვებთან მომუშავე პედაგოგის საქმიანობა და მისი ყოველდღიური მოვალეობები სკოლებში.
სამინისტროს მხრიდან ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ სპეცმასწავლებელი არ გახლდათ აღიარებულ და არ ჰქონდა მასწავლებლის სტატუსი.
საბედნიეროდ, კანონში შეტანილმა ცვლილებამ დღეს სპეცმასწავლებელი მასწავლებლად ცნო.
კანონში ცვლილების შემდეგ სპეცმასწავლებლის ხელფასი მასწავლებლის ხელფასს გაუთანაბრდება.
კარიერული წინსვლის სქემაზე დაწყებულია მუშაობა. სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დამტკიცდება“.

ანა ურუშაძე