ცხელი ზაფხული _ ელექტროენერგიის მოხმარებამ პიკს მიაღწია

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 2 ივლისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, ისტორიულ პიკს მიაღწია.
საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება _ 1920 მგვტ დაფიქსირდა, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო წლებში საქართველოს ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს და ეს ტენდენცია მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.
ამ კუთხით ზოგადად არსებული ტენდენცია ადასტურებს, რომ საქართველოში ელექტროენეგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ამას ნათლად გამოხატავს ელექტროენერგიის მიმდინარე წლის ბალანსი.
ამ ბალანსის მიხედვით მიმდინარე წლის აპრილში ელექტროენერგიის მოხმარებამ 1042, 300 მლნ კვტ.სთ.-ს გადააჭარბა, მაისში კი ეს მაჩვენებელი გაიზარდა და დაფიქსირდა მოხმარების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რამაც 1162,525 მლნ კვტსთ შეადგინა.
2018 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.7%-ით გაიზარდა და 4.3 ტვტ.სთ. შეადგინა. საინვესტიციო ორგანიზაცია Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ეს ზრდა, ძირითადად, უკავშირდება სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების წლიურ 8.4%-იან ზრდას („ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოხმარება 9.7%-ით, ხოლო „თელასის“ 6.1%-ით გაიზარდა). ამასთან, პირდაპირი მომხმარებლებისა და აფხაზეთის რეგიონის ჯამური მოხმარება, წლიურად 8.5% და 5.0%-ით შემცირდა.
ელექტროენერგიის მოხმარება 2017 წელს წლიურად 7.7%-ით გაიზარდა და 11.9 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარება 7.1%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 71.1% შეადგინა. სადისტრიბუციო კომპანიების მოხმარების მესამედს თელასის აბონენტთა მოხმარება შეადგენდა (+5.2% წ/წ), ხოლო დანარჩენს ენერგო-პროსა და ყოფილი კახეთის ენერგოდისტრიბუციის (+8.1% წ/წ).
კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 18.1%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ორმა კომპანიამ („საქართველოს რკინიგზა“ და „რუსთავის ფოლადი“) უარი თქვა ამ სტატუსზე. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და შიდა მოხმარების 16.9% შეადგინა. ელექტროენერგიის ექსპორტი 2017 წელს 22.7%-ით გაიზარდა და 0.7 ტვტ.სთ.-ს გაუტოლდა. ელექტროენერგიის ტრანზიტი მნიშვნელოვნად შემცირდა (-70.1% წ/წ) და 254.0 გვტ.სთ შეადგინა, საიდანაც 80.7% იყო ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში, 16.6% რუსეთიდან _ სომხეთში, ხოლო დანარჩენი _ რუსეთიდან თურქეთში.
ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება 2017 წელს თითქმის უცვლელი დარჩა (-0.4% წ/წ). დერეგულირებული ჰესების წლიური გამომუშავება 20.3%-ით გაიზარდა ამ ჯგუფში ახალი ჰესების დამატების შედეგად და ჯამური მიწოდების 12.0% შეადგინა. წლიურად 1.3%-ით გაიზარდა ენგურ-ვარდნილის გენერაცია და ჯამური მიწოდების 32.7% შეადგინა, მიუხედავად თებერვალში გვირაბის სამუშაოების გამო სადგურების დროებითი შეჩერებისა. ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 46.1% მოხმარდა აფხაზეთის რეგიონის ელექტრომომარაგებას.
სხვა რეგულირებული ჰესების (ჯამური მიწოდების 26.0%) გენერაციის 11.4%-იანი კლება ჰიდროგენერაციის ჯამური ზრდის (-1.3% წ/წ) ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი გახდა 2017 წელს. თუმცაღა ჰიდროგენერაცია წლიურად მაისი-აგვისტოს პერიოდში6.7%-ით გაიზარდა, რამაც ექსპორტის ზრდას (+22.7% წ/წ) შეუწყო ხელი. 20.6-მგვტ.-იანი ქარის ელექტროსადგურმა ოპერირების პირველი სრული წლის განმავლობაში 0.09 ტვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავა და მთლიანი მიწოდების 0.7% შეადგინა.
გაზრდილი მოხმარება დაკმაყოფილდა ელექტროენერგიის იმპორტით აზერბაიჯანიდან (61.3%), რუსეთიდან (30.2%) და სომხეთიდან (8.5%).
ყველა ეს ციფრი მხოლოდ სტატისტიკა არაა, ეს ის რეალობაა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს _ ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნა იწვევს საჭიროებას, რომ მოხდეს მისი იმპორტი და საზღვრებს გარედან შემოტანა, ძირითადი იმპორტიორი სახელმწიფო კი რუსეთი და სომხეთია.
საქართველოს ელექტროსისტემა პირობითად ოთხ საფეხურად შეიძლება დაიყოს: (1) ელექტროენერგიის წარმოება, (2) გადაცემა, (3) დისპეტჩირება და (4) განაწილება.
ელექტროენერგიის წარმოებას, ამ ეტაპზე, 63 ჰიდროსადგური და 3 თბოსადგური უზრუნველყოფს. სამივე თბოსადგური გარანტირებული სიმძლავრის წყაროს წარმოადგენს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამივე რეზერვშია. სამივე მაღალდანახარჯიანი სადგურია, ამიტომ როცა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის სიჭარბეა, დისპეტჩერი მათ აჩერებს და რეზერვში აყენებს, თუმცა მათთვის ფიქსირებულ საფასურს (სიმძლავრის საფასური) მაინც იხდიან იმისთვის, რომ მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ.
ელექტროენერგიის გადაცემას მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებით ბაზარზე სამი კომპანია (1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, (2) სს „საქრუსენერგო“ და (3) სს „ენერგოტრანსი“ უზრუნველყოფს, ხოლო საქართველოს ელექტროსისტემის დისპეტჩირებას გადაცემასთან ერთად სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს, რომელიც 2002 წლიდან ჩამოყალიბდა და მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ელექტროენერგიის განაწილებას ახორციელებს სამი კომპანია: (1) სს „თელასი“, (2) სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ და (3) სს „ენერგო-პრო ჯორჯია“. თითოეული მათგანი განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მოქმედებს და შესაბამის რეგიონში ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს.
ელექტროენერგიის გადაცემის სფერო ჩვენს ქვეყანაში მონოპოლიზებულია და ეს ბუნებრივი ფაქტია, რადგან მსგავსი სიტუაციაა როგორც წყალმომარაგების, ასევე გაზის ტრანსპორტირების სფეროში.
საქართველოს ენერგობაზარზე ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ახორციელებს. კომისია ფაქტობრივი ხარჯებისა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით ელექტროსისტემაში მოქმედი თითოეული კომპანიისთვის ოპტიმალურ ტარიფებს ადგენს და კომპანიებისთვის დაწესებული ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს.
ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორედ ეკონომიკური განვითარებაა, რომელიც, თავის მხრივ, ბევრ საჭიროებასა და მოთხოვნილებასაც ქმნის, რისი დაკმაყოფილებისთვისაც ელექტროენერგიის მოხმარებაა აუცილებელი.
ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდული ზრდა ექსპერტების შეფასებით ასევე კრიპტოვალუტის, იგივე ბიტკოინის მაინინგითაცაა განპირობებული.
როგორც ცნობილია, ბიტკოინის, ანუ ელექტრო ვალუტის გამომუშავებისა და დაგროვების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ინტერნეტის მოხმარება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, პირდაპირაა დაკავშირებული ელექტროენერგიასთან და მის მოხმარებასთან.
სწორედ ამ სიახლის დანერგვის პარალელურად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ამას თან დაერთო ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი, რაც ასევე საჭიროებს მეტი ენერგორესურსის გამოყენებას.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5% კრიპტოვალუტას მოიპოვებს ან ინვესტიცია აქვს ჩადებული. როგორც ქართველი ექსპერტები განმარტავენ, დასახელებული 5%-დან მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც კრიპტოვალუტას გააზრებულად გამოიმუშავებს და მოგებასაც იღებს.
95% მომხმარებლებისა კრიპტოვალუტით არასწორად ვაჭრობს, შესაბამისად, მათ სირთულეებიც ბევრი ხვდებათ. უპირველესი პრობლემა კი ელექტროენერგიის საფასურია, რაც ამ ბიზნესისთვის არსებითად მნიშვნელოვანი და ძვირი სიამოვნებაა.
სწორედ დაბალი ტარიფებისა და კრიპტოვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო ელექტროენერგიის მოხმარება დღითიდღე იზრდება, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა უკვე ქვეყნისთვის.
– რა შედეგები მოაქვს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას?
– როგორ აისახება ეს ფაქტი არა მხოლოდ ქვეყნის ენერგობალანსზე, ასევე, ზოგადად, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე?
საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ელექტროენეგიის მოხმარების ზრდა დასახელდა.
დეფიციტში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიისა და მთლიანი შიდა მოხმარების სხვაობა იგულისხმება. საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოების 80% ჰიდროსადგურებზე მოდის. აქედან გამომდინარე, შიდა წარმოება სეზონურობით ხასიათდება. წარმოება ყველაზე მაღალია აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე მატულობს. მეტიც, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით თბოსადგურები, ფაქტობრივად, წყვეტს ელექტროენერგიის გამომუშავებას და შიდა წარმოება მთლიანად ჰიდროსადგურებზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში საშუალო თვიური შიდა წარმოება 900 მლნ კვტ.სთ.-ია, რაც შიდა მოხმარებას აკმაყოფილებს და. შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება არ არის. ამასთან, ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება. საქართველოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება სექტემბრიდან მარტის ჩათვლით იზრდება. იმპორტი განსაკუთრებით მაღალია ნოემბერ-იანვარში. ეს ის პერიოდია, როდესაც შიდა მოხმარება იზრდება, ხოლო მდინარეებში წყლის დონის კლების გამო ჰიდროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მცირდება. 2014 წლის ნოემბერიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით იმპორტი შიდა მოხმარების 15%-ს შეადგინდა, წლიურ მოხმარებაში კი იმპორტის წილი 6-7%-ია.
ეს არის „ფაქტჩექის“ მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა და რიცხვების ანალიზი, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით მდგომარეობას ასახავს და ასევე აჩვენებს სეზონის და ტემპერატურის გავლენას გამოყენებულ ენერგორესურსზე.
იმ ფონზე, როდესაც ადგილობივი წარმოება სუსტადაა განვითარებული და ძირითადად ელექტროენერგია იმპორტის გზით შემოდის, დენის მოხმარების ზრდას საკმაოდ პრობლემური ფორმა აქვს და პერსპექტივაში ბევრ კითხვას ბადებს.

– რა იწვევს ყველაზე ხშირად ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდულ ზრდას?
– რა შეიძლება ამან მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის სამომავლოდ?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძეს:

_ საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. როგორია ბოლო წლების დინამიკა ამ კუთხით და რამ განაპირობა ელექტროენერგიის მოხმარების ასეთი ზრდა?
_ ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ქვეყანა ვითარდება, ახალი ინფრასტრუქტურა შენდება, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი იზრდება, შესაბამისად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც. მოხმარების ზრდა ხომ ეკონომიკური ზრდის ანარეკლია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რაც უფრო მეტად ვითარდება ქვეყანა, მით მეტი ადამიანი, საწარმო თუ ტურისტული ობიექტი მოიხმარს ელექტროენერგიას.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი მატებაა. ასევე გაიზარდა სასტუმროების, საცხოვრებელი კომპლექსებისა და საწარმოების გადამცემ ქსელთან მიერთების მსურველთა რაოდენობა, ზაფხულის პერიოდში მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს გაგრილების საშუალებებს, ასე რომ, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც იზრდება.
თუ წლების მიხედვით შევხედავთ, 2016 წელს წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა, 2017 წელს _ 7.4%, ხოლო წელს 8.9%-იანი ზრდაა ნავარაუდები. რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია ქვეყანაში, მით მეტი მოხმარებაა და, იმავდროულად, მეტი გამოწვევაც.
_ როგორ აისახება ელექტროენერგიის ასეთი მომატებული მოხმარება მთლიან ელექტროსისტემაზე და რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება ახლდეს ამ პროცესს თან?
_ ზემოთ გამოწვევა ვახსენე იმიტომ, რომ ამ გაზრდილი მოხმარების ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს შიდა ქსელის განვითარებას, გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასა და ქვეყნის სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის სწორად განკარგვას.
გენერაციის წყაროებიდან მოხმარების ცენტრებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების საშუალებით ხორციელდება. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა კი აღნიშნული ინფრასტრუქტურის დატვირთვის მატებას იწვევს.
ბოლო წლების განმავლობაში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბევრ ქვესადგურს, ქსელს მიუერთდა ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით ყოველწლიურად ვითარდება, მომავლის გამოწვევებიც გვაქვს. იმისთვის, რომ სისტემამ ელექტროენერგიის მოხმარების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს, დაგეგმილია შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე მეზობელი ქვეყნების გადამცემ სისტემებთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება, რაც ელექტროენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის საშუალებას მოგვცემს.
ამ ყველაფერზე პასუხი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაშია“, რომელიც საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკის საფუძველზე შექმნილი, დროში გაწერილი და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე ორიენტირებული დოკუმენტია და ჩვენც, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სტაბილურობის გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს.
_ როგორც ცნობილია, ენერგოსისტემის ზაფხულის პიკური მოხმარების ზრდის ტემპი აჭარბებს ზამთრის პიკური მოხმარების ზრდის ტემპებს. რა ხდება ამის მიზეზი ყველაზე ხშირად?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება მოსახლეობის მიერ გაგრილების სხვადასხვა საშუალების მოხმარებაც. გარდა ამისა, ცხელ პერიოდს ემთხვევა ტურისტული სეზონიც და ტურისტებისა და ტურისტული ობიექტების სიმრავლის პირდაპირპროპორციულად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც.
მაგალითად, წინა ზაფხულის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტულ რეგიონებში მოხმარება მეტადაა გაზრდილი, თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით, 16%-ით, კახეთში 11%-ით, სვანეთში 31%-ით, ხოლო აჭარაში 33%-ით გაიზარდა.
_ როგორ აისახება ტემპერატურის მატება ელექტროენერგიის მოხმარებაზე და თუ ცხელი ამინდები გაგრძელდა, როგორია ვარაუდები და პროგნოზები ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით?
_ რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია. მაგალითისთვის, მაისში, როდესაც ტემპერატურა, ძირითადად, 25-27 გრადუსს არ აღემატებოდა და ქვეყანა ტურისტულად არ იყო ბოლომდე დატვირთული, მაქსიმალური დატვირთვა 1600-1650 მგვტ-ს შეადგენდა; 2 ივლისს კი, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, დაფიქსირდა მაქსიმალური მოხმარების მაჩვენებელი _ 1920 მგვტ.
სავარაუდოდ, ტურისტული სეზონი პიკში ივლისის ბოლოდან შევა, შესაბამისად, თუ ამ პერიოდს კვლავ დაემთხვა მაღალი ტემპერატურა, საქართველოს ენერგოსისტემის მაქსიმალური დატვირთვა 2000 მგვტ-ს გადააჭარბებს.
იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსზე, რათა შევძლოთ და გენერაციის საკუთარი, განახლებადი წყაროებით უზრუნველვყოთ გაზრდილი მოხმარება, საჭიროა განვითარებული ინფრასტრუქტურა, მეტი ახალი ქვესადგურის მშენებლობა და ჰიდროელექტროსადგურის ქსელთან მიერთება. აი, ეს არის ჩვენი გამოწვევა.

სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მატებასა და ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ, ელექტროენერგიის მატებამ კი უკვე მიაღწია ისტორიულ პიკს და საკმაოდ დიდ გამოწვევებს უყენებს ქვეყნის როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა სფეროებს, რომელიც პირდაპირაა კავშირში ენერგორესურსის მოხმარებასთან.

ანა ურუშაძე