„რეზო ჩხეიძესთან მივხვდი, რა არის ფილმზე მუშაობა“

„არ უნდა გაჩერდე, უნდა აკეთო თუ გწამს, არავის და არაფერს მიაქციო ყურადღება. შენი საქმე აკეთო! თავდაუზოგავი შრომით, საქმის სიყვარულით როცა აკეთებ, ის, რაც გინდა და გიყვარს ყოველთვის გამოვა“, – ამბობს ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ქაცარავა.

მარიამი წლების მანძილზე მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორად. ასევე იყო მეორე რეჟისორი რეზო ჩხეიძის ახალ ფილმზე „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“.
გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხ.ფილმი „ორმო“, „სხვა გზა“, „რასაცა გასცემ შენია“; „16+“ (რომელიც იუნესკოს პრიზიორია). 2008 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი რეზო ჩხეიძეზე „ქართული კინოს პატრიარქი“, ასევე დოკ.ფილმი „ღირსი მამა დავით გარეჯელი“, სრულმეტრაჟიანი მხ.ფილმი (რომელსაც ავსტრიის, მეხიკოსა და სხვა მრავალი ქვეყნის კინოფესტივალები აქვს მოვლილი).
ყველაზე დიდი პოპულარობა კი როგორც რეჟისორს 2014 წელს გადაღებულმა ფილმმა „ზღვარი“ მოუტანა, რომელმაც ძალიან ბევრი პრიზი მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე.
ამბობს, რომ როგორ რეჟისორს რეზო ჩხეიძის დიდი გავლენა აქვს. „მისი ფენომენი კიდევ ამოუცნობია. მას საქართველოში კიდევ არ იცნობენ. სხვათა შორის, პატრიაქმა თქვა, რომ რეზო დიდი ხელოვანია. მოაგროვეთ ყველა კადრი, რაც კი რეზოს გადაუღიაო“, _ გვითხრა მარიამმა.

„ქრონიკა+“ რეჟისორ მარიამ ქაცარავას ესაუბრა, რომელიც სულ ახლახან მსახიობის ამპლუაში სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდა. ის ჯანდაცვის მინისტრის როლს თამაშობს.

მარიამ ქაცარავა:
_ ბავშვობიდან მინდოდა რეჟისორობა, მაგრამ იმდენად რთული მეგონა სარეჟისოროზე ჩაბარება, რომ არც მიფიქრია, თუ ოდესმე ჩავაბარებდი, ამიტომ სამედიცინო-ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ჩავაბარე, სადაც წლის ბოლოს, როცა დიპლომი უნდა ამეღო და პრაქტიკები გამევლო, მივხვდი, რომ პრაქტიკები და, ზოგადად, ეს საქმე არ იყო ჩემი მოწოდება. გოგი დოლიძესთან მივედი და ვუთხარი, რომ თეატრალურში მინდა რამე ფაკულტეტზე გადმოვსლა-მეთქი. პატარა სცენარები მქონდა, ნახა და კახა მელითაურისა და თინა მენაბდის სარეჟისორო ჯგუფში ჩამსვა.
ათი დღე დავდიოდი კახა მელითაურთან სახლში, რომ კურსს დავწეოდი. იგი ხშირად ამბობდა, რომ რეჟისურას ვერ ისწავლი, თუ შინაგანად არ ხარ რეჟისორი. უბრალოდ არსებობდა რაღაც წესები, რომელიც უნდა მესწავლა. მიიჩნევდა, რომ ასაკთან, გამოცდილებასთან ერთად ეს ცოდნა უფრო ღრმავდება. ათი დღის შემდეგ დავალება მომცა, გადამეღო ფილმი პროფესიონალ მსახიობებთან, ოპერატორებთან ერთად. ცოტა შემეშინდა, მაგრამ გამამხნევა და მითხრა, რომ იქ ყველა დამეხმარებოდა. ასე გადავიღე პირველი ფილმი, რომელსაც ერქვა „ორმო“. ეს იყო თხუთმეტწუთიანი ფილმი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ვიყავით იტალიაში და პრიზებიც ჩამოვიტანეთ. ამის მერე ჩემი ნამუშევარი ბატონმა რეზომ ნახა და ძალიან მოეწონა. იმხანად ახალ ფილმზე იწყებდა მუშაობას და თავის ჯგუფში მიმიწვია. ეს იყო დაუვიწყარი, თუმცა ძალიან რთული პერიოდი. გვიწევდა ორმოცდარვასაათიანი მუშაობა. ჭამასაც ვერ ვასწრებდით.
კახა მელითაურისა და თინა მენაბდის თეორიული სწავლების შემდეგ სწორედ ბატონ რეზო ჩხეიძესთან მივხვდი, რა არის ფილმზე მუშაობა. მასთან კლასიკას სწავლობ. ეს იყო დიდი სკოლა. გადასაღები მოედანი ეგვიპტეში იყო, შუა უდაბნოში, ეს საოცრება იყო _ ოაზისში ვცხოვრობდით. მხოლოდ სამი კოტეჯი იდგა. ფილმს ერქვა „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“. ბატონ რეზოსთან მუშაობამ უზარმაზარი გამოცდილება მომცა. მასთან ყველაფერი ვისწავლე.
_ როგორი იყო რეზო ჩხეიძის გვერდით გატარებული პერიოდი?
_ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მხრივ მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული, პირველივე კურსზე რომ რეზო ჩხეიძე გეტყვის, წამოდი ჩემთან და ასისტენტად გნიშნავს და მალევე მეორე რეჟისორად, აბსოლუტურად ნულიდან რომ იწყებ ყველაფერს, ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან დიდი სკოლა იყო.
_ ბატონი რეზო მკაცრი გახლდათ?
_ მუშაობის დროს ძალიან მკაცრი იყო. გადაღებისთვის სპეციალურად აიყვანა ახლგაზრდები, ვის აზრსაც ძალიან ითვალისწინებდა, ყველაფერში გისმენდა. გადაღებები რომ მორჩებოდა, ჩვენი ჭკუის იყო, ყველაფერში გეხმარებოდა, რა უნდა გეთხოვა, რომ მას არ შეესრულებინა. იცი, რომ იმედი გყავს. გარდაცვალების ბოლო წუთამდე სულ ტელეფონზე ვიყავით ჩამოკიდებული. ახლაც ვერ ვეგუები, რომ ცოცხალი არაა, რადგან როცა რაღაც მიხარია, პირველად მინდა, რომ რეზოს დავურეკო და მოვუყვე ყველაფერი. ბოლოს უკვე ბაბუს ვეძახდით.
_ როგორი შეფასება მოგცათ ბატონმა რეზომ, როდესაც თქვენი ფილმი „ზღვარი“ ნახა?
_ ფილმი „ზღვარი“ რომ გადავიღე, არსად გატანას არ ვაპირებდი იქამდე, სანამ რეზოს არ ვაჩვენებდი და ბეჭედს არ დაარტყამდა. წვეთოვნით იწვა სახლში და ჩემი ფილმი „ლეპტოპით“ რომ ავუტანე, ვაჩვენე და ცრემლები მოსდიოდა. მერე მითხრა: მე ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებიაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ყავარჯნებით წამოვიდა კინო „რუსთაველში“ იმისთვის, რომ ჩემზე ეთქვა და რამდენიმე დღეში კიდევაც შედგა ჩემი ფილმის პრემიერა.
_ ამჟამად რაზე მუშაობთ, გეგმავთ ახალი ფილმის გადაღებას?
_ რამდენიმე თემა მაქვს, რაზეც შეიძლება, რომ ფილმი გადავიღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი მაინც ფინანსებთან მიდის. ერთხელ კინოცენტრმა სადებიუტო 10-წუთიანი ფილმი დამიფინანსა.
_ მას შემდეგ კინოცენტრისთვის აღარ მიგიმართავთ?
_ „ზღვარიც“ შეტანილი მქონდა, მაგრამ როგორც შევიტანე, ისევე გამოვიტანე. კინოცენტრი სპეციფიკურ ფილმებს აფინანსებს.
_ რის მიხედვით აფინანსებს?
_ ძირითადად, მგონი, უფრო საფესტივალო ფორმატის ფილმებს აფინანსებს. ჩემი მთლად საფესტივალო ფორმატის არაა.
_ საინტერესოა თქვენი, როგორც ახალგაზრდა რეჟისორის აზრი. რას იტყვით დღევანდელ ფილმებზე, მოგწონთ?
_ ქართული კინოს ფენომენი არსებობდა მთელ მსოფლიოში (ძველ კინოს ვგულისხმობ), ახლა თანამედროვეს რასაც აკეთებენ, კარგია და უცხოური ფილმებიდანაც ბევრს იღებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძველისა და გათანამედროვებულის შერწყმაა საჭირო. ცოტა ცივი ფილმებია, აღარ არსებობს კინომუსიკა და ცოტა პროფესიონალიზმის ნაკლებობაც გვაქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგია, რომ მაინც აკეთებენ რაღაცებს.
_ მარიამ, სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ როგორ მოხვდით?
_ ერთ-ერთმა მსახიობმა თეკლა ჯავახაძემ დამირეკა და ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ტელეფონის ნომერი მთხოვა, რომელიც მსახიობია. ცოტა ხანში ისევ მირეკავს და მეუბნება, რომ შენ რამე საქასთინგო ფოტოები გაქვსო? _ არაფერი ისეთი, რაც მაქვს, „ფეისბუქზე“ მიდევს-მეთქი. 3 საათი გავიდა, სერიალის ქასთინგ-მენეჯერი ეკა მჟავანაძე მირეკავს და მეუბნება, _ იქნებ ხვალ 12 საათზე მოხვიდეო. მივედი, პატარა ტექსტი გავიარე, გადამიღეს სინჯები, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მახარეს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ხარო.
_ თქვენს როლზე რას გვეტყვით, რამდენად საინტერესო პერსონაჟია?
_ ძალიან საინტერესოა და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება გაქვს სერიალში, არ არის რაღაც ჩარჩოებში მოქცეული.
_ მარიამ, თქვენ ასევე შესანიშნავად მღერით. სიმღერა როდის დაიწყეთ?
_ 1993-96 წლებში მანანა თოდაძის მუსიკალურ სტუდიაში ვმღეროდი. მანანა თოდაძე ნიჭიერ ბავშვებს არჩევდა, მეც მათ შორის მოვხვდი. თამთა გოდუაძე და კიდევ ბევრი დღეს უკვე საინტერესო სახე სწორედ ამ სტუდიაში მღეროდა ჩემთან ერთად. 2001 წელს ვმღეროდი ასევე „ჯაზ ქორალში“, ასევე ანსამბლ „ივერიაში“, მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილში“ (ქეთევანის როლზე). გარდა ამისა, მაქვს სტუდია, სულ ვმუშაობ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუმცა ყველაფერს დრო უნდა და საქმე ეტაპობრივად კეთდება

გიორგი საკარული