1918 წლის ივნისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-23.

1918 წლის ივნისი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თვე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. უმძიმესი ვითარება, გაურკვეველი მომავალი დანგრეული ეკონომიკა.
1918 წლის 28 მაისს გერმანიამ საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კაიზერის მთავრობას საქართველოში რკინიგზისა და ნავსადგურების შეუზღუდავი გამოყენება შეეძლო. ამავე შეთანხმებით გერმანიამ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების მოპოვების უპირატესი უფლება მიიღო. გარდა ამისა, საქართველოში იგზავნებოდა რაიხსჰერის სამხედრო კონტინგენტიც. ეს არ იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სრულფასოვანი აღიარება, მაგრამ შეთანხმება ცალსახად ნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყანა გერმანიის მფარველობის ქვეშ ექცეოდა და კაიზერის მთავრობა ვალდებულებას იღებდა, საქართველო გარე აგრესიისგან დაეცვა.
ამ შეთანხმებას გაზეთი „საქართველო“ დიდი წერილით გამოეხმაურა, სადაც გერმანიის მფარველობა ცალსახად დადებით მოვლენად შეფასდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის პირველი ივნისი: „საქართველოს გერმანიასთან დაახლოების იდეა ხორცს ისხამს. გერმანიამ უკვე სცნო საქართველოს აღდგენილი სახელმწიფოებრივობა. მან უკვე დანიშნა საქართველოში თავისი დიპლომატიური წარმომადგენელი. გერმანია აღუთქვამს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიის უზრუნველყოფას გარეშე მტრებისგან. ქართველი ერის ყოველი ჯგუფი და მიმართულება სიხარულით შეეგება საქართველოს მთავრობის მიერ გერმანიასთან დაახლოვებისათვის გადადგმულ პირველ ნაბიჯებს. სრული იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასე სასურველად დაწყებული გერმანიასთან დაახლოების საქმე მალე ჩამოისხმება მტკიცე პოლიტიკურს ფორმებში და პატარა საქართველოსა და ძლიერ გერმანიის შორის დამყარდება მტკიცე კულტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობა და კავშირი.
გერმანიასთან დაახლოებით ხდება ჩვენი ისტორიის გარდატეხა და საქართველოს განვითარება ახალს მიმართულებას ღებულობს. ჩვენი ქვეყანა მუდამ იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემაერთებელი ყელი, მაგრამ დასავლეთის გზები თითქმის მუდამ დახშული იყო ჩვენთვის და იშვიათად შუა აზიის ველებიდან აშლილი რომელიმე მრავალრიცხოვანი ტომი ცეცხლითა და მახვილით თუ გაკაფავდა ჩვენს ქვეყანაზე დასავლეთისკენ მიმავალ გზას.
დღეს იხსნება საქართველოსთვის დახშული გზები და შუა ევროპიდან ჩვენს ქვეყანაზე უნდა გადმოდინდეს მრავალს საუკუნეთა განმავლობაში ევროპაში დაგროვილი კულტურა, ეკონომიური თუ სულიერი, ქონებრივი დოვლათი და საღი პოლიტიკური იდეალები. გერმანიასთან დაახლოება არ უქადის საქართველოს მარტო ეკონომიური აღორძინებით, არამედ კულტურული ურთიერთობის დამყარებით, რომელიც უზრუნველყოფს ერის თავისუფლებას და მის კულტურულსა და ქონებრივ აღორძინებას. ჩვენ გვწამს, რომ ყოველივე ამისთვის გერმანიასთან ეკონომიკურ-პოლიტიკური დაკავშირება საუკეთესო პირობებს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის“.

ზავი ოსმალეთთან

საქართველომ გერმანიის მფარველობა მიიღო და ოსმალთა სრული ოკუპაცია აირიდა, თუმცა ტერიტორიების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით, საქართველომ უმძიმესი პირობები მიიღო და ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. ოსმალების მფლობელობაში გადადიოდა ბათუმისა და არდაგანის ოლქები, აგრეთვე ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. გარდა ამისა, ოსმალთა არმია, საკუთარი სამხედრო საჭიროებისთვის, შეუზღუდავად იღებდა ამიერკავკასიის რკინიგზით სარგებლობის უფლებასაც.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 6 ივნისი: „საქართველოს მთავრობა იძულებული იყო, ხელი მოეწერა ისეთ საზავო ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველოს ისედაც პატარა ტერიტორიას თითქმის ანახევრებს. ოსმალეთს უფლებას აძლევს მოიხმაროს ჩვენი რკინის გზები ჯარების გადასაყვანად, შეიძინოს საქართველოში სურსათი, ავალებს საქართველოს, არ იყოლიოს იმაზე მეტი ჯარი, რამდენიც საჭიროა მშვიდობიანობის დროს და სხვ.
ბათომის ოლქი და ახალქალაქის მაზრა მთლად და თითქმის მთელი ახალციხის მაზრა ახალციხითურთ _ ოსმალთა ხელში გადადის. რაც შეეხება საქართველოს აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებს, ამის შესახებ ცალკე გვექნება მოლაპარაკება ადერბაიჯანთან და სომხეთთან და მათს ახლანდელ სიუზერენთან _ იმავე ოსმალეთთან. ძვირად დაგვიჯდა მშვიდობა. გაჰქრა, ვით სიზმარი, სანატრელი ოცნება და მწარე სინამდვილე მთელის თავისი საშინელებით თვალ წინ გვიდგია“.
ამავე ნომერში გაზეთი აქვეყნებს ზავის დეტალებს და შეთანხმების სრულ ტექსტს, საიდანაც ირკვევა, რომ საზავო ხელშეკრულებას ბათუმში 3 ივნისს დილის ოთხ საათზე მოეწერა ხელი. მოცემულია თურქეთ-საქართველოს ახალი საზღვრის აღწერაც: ოზურგეთის მაზრაში საქართველოსა და ოსმალეთის საზღვარი მდინარე ჩოლოქზე დაწესდა. ახალციხის მაზრიდან საქართველოს ფარგლებში რჩებოდა აწყური-აბასთუმან-ზეკარის რაიონები; ახალციხის მაზრის დანარჩენი ნაწილი და მთელი ახალქალაქის მაზრა ოსმალთა ხელში გადადიოდა. ამ ტერიტორიების მითვისების შემდეგ ოსმალეთმა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
ხელისუფლება ცდილობდა, მოსახლეობა დაეწყნარებინა და ხალხს ურჩევდა, მომხდარ ფაქტს მშვიდად შეხვედროდა. ამავე დროს, იმ ქართველებს, რომლებიც ბათუმის ოლქსა და ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში ჩარჩნენ, მთავრობა ოსმალთა ერთგულებისკენ მოუწოდებდა. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ იგი მუდამ იზრუნებდა მათი ბედის შესამსუბუქებლად.
როგორც საგაზეთო პუბლიკაციებიდან ჩანს, ოსმალთა მიერ ქართული მიწების მიტაცებას საზოგადოების გარკვეული ნაწილი სრულიად უდარდელად შეხვდა და ეს უმძიმესი დანაკლისი დიდად არც განუცდია. ამას გაზეთ „საქართველოს“ 6 ივნისის ნომერში დაბეჭდილი წერილი მოწმობს, სადაც ავტორი ხალხის განწყობას დაუფარავად გადმოგვცემს: „ბათომის დაკარგვას ახლა მოჰყვა მთელი მაზრების დაკარგვაც. სრულიად არ გვსურს შევიდეთ შეფასებაში, თუ რა დავკარგეთ ძველი მესხეთის სახით, რას წარმოადგენდა ჯავახეთი, როგორი აუნაზღაურებელია ჩვენთვის არა თუ ეკონომიურად, თვით ჩვენი ფიზიკური არსებობისთვის ასეთი საჭირო და აუცილებელი პროვინციები. მაგრამ გადაჰხედეთ ქართველობას. მისი შუბლი ისევე გაშლილია, როგორც დარდიმანდისა, რომელიც კარუსელის ცქერაში ოცნების ფრთებით დაჯირითობს. ჩვენ დავკარგეთ განცდის უნარი. არც სასოწარკვეთილება, არც ჩივილი. სულის ანესტეზიაა. არა თუ ვაჟკაცებმა ვაჟობის მუზარადი არ გამოსძებნეს, არა თუ დედებს კართაგოს გმირ ქალებსავით არ შეუკვეციათ თმები და რაზმებში არ ჩაერივნენ სასოწარკვეთ ენთუზიაზმის დასაგზნებად, არამედ თვით ბრძოლის ველზე მყოფნიც კი კბილებ დახრჭენით გვაგონებდნენ: ჩქარა ზავი, თორემ სათითაოდ გავიპარებითო!
…ოსმალეთმა ანარიის ფორტთან გულზე მახვილი მოგვაბჯინა და ჩვენი „შეგნებული ჯარისკაცები“ მიტინგებს ჰმართავდნენ, ღირდა თუ არა შებრძოლება. ბათომი დავკარგეთ. ქართველმა საზოგადოებამ, მასსამ, ისე მიიღო ეს ამბავი, თითქოს ხელთათმნის ღილის დაკარგვა ყოფილიყოს… აი, ქართველის უზენაესი შეგნება! აი, ის ისტორიული ჩამოურეცხელი სირცხვილი!“
როგორც გაზეთიდან ჩანს, საქართველოს დამოუკიდებლობას მოსახლეობა ვერ ათვითცნობიერებდა. ეს განსაკუთრებით სოფლებში შეინიშნებოდა. ბოლშევიკური აგიტაციით გაბრუებული გლეხობა ფიქრობდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა თავად-აზნაურებს აწყობდათ, გლეხებისთვის კი ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ ახალი უღელი იქნებოდა.
ამასთან დაკავშირებით სახასიათო წერილია დაბეჭდილი გაზეთ „საქართველოს“ 2 ივნისის ნომერში. ნაწყვეტი წერილიდან: „…თავისუფლების გამოცხადებამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ქართლში. მიზეზი ბოლშევიკი ნასალდათრები არიან, რომელთაც ეხლა სოფელი გაცილებით მეტს უჯერებს, ვიდრე მთავრობის განკარგულებას. ეხლა სოფლელს ვერას გზით ვერ დააჯერებ, რომ საქართველოს თავისუფლების გამოცხადება არაა თავად-აზნაურთა სულისკვეთების განხორციელება. მათ სწამთ და ღრმად აქვთ შეგონებული, რომ ამ დამოუკიდებლობას მხოლოდ თავადები ესწრაფებოდნენ და ოსმალთა ჯარებსაც ისინი მოუძღვებოდნენ ძველი ბატონ-ყმობის აღსადგენად. ბევრიც, რომ იფიცოთ, ვინ დაგიჯერებთ? ბოლშევიკ ნასალდათრების ქაგადებით სოფელი გადაირია. მას სწამს, რომ რუსეთი ისევ ჩვენი მფარველია, ვითომც რუსეთში უზენაესი თავისუფლებაა, მხოლოდ აქა ვართ მონები“.

გერმანიის მფარველობა

ჯერ კიდევ 1918 წლის 25 მაისს, ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, ფოთის ნავსადგურში გერმანული სამხედრო ხომალდი შემოვიდა, რომელმაც ყირიმიდან საქართველოში ბავარიული კორპუსის 3 ათასამდე ჯარისკაცი ჩამოიყვანა. პირველ ივნისს კი ფოთმა უკვე გერმანიის ოფიციალური დელეგაცია მიიღო ფონ ლოსოვის ხელმძღვანელობით. გერმანელებმა მოინახულეს ქალაქის გამგეობა, გაესაუბრნენ ქალაქის თავ კორძაიას, რის შემდეგაც დაათვალიერეს ფოთი. საღამოს 7 საათზე სტუმრების პატივსაცემად ქართულმა მხარემ ოფიციალური სადილი გამართა, რომელზეც ფონ ლოსოვმა საქართველოს სადღეგრძელო შესვა და ახალგაზრდა რესპუბლიკას აყვავება უსურვა.
გერმანელებმა საქართველოს ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს. ფოთში გერმანული გარნიზონი 10 ათას ჯარისკაცს უტოლდებოდა, ტფილისში 5 ათასი მებრძოლი განალაგეს. გერმანელი სამხედროები იდგნენ: სიღნაღში, გორში, ქუთაისში, ოჩამჩირესა და ახალ სენაკში. საქართველოში გერმანიის საექსპედიციო კორპუსის საერთო რიცხვი, დაახლოებით, 30 ათას სამხედროს ითვლიდა, რომელსაც გენერალი ფრიდრიხ-კრეს ფონ კრესენშტაინი ხელმძღვანელობდა. გაზეთის ცნობით, თბილისში შემოსული გერმანული ბატალიონის შემადგენლობაში ქვეითთა გარდა ირიცხებოდა ნაღმტყორცნელთა რაზმი, საიერიშო ნაწილი და სამხედრო მფრინავები.
ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, გოლოვინის გამზირზე 11 ივნისს, ერთობლივი სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 13 ივნისის ნომერში სპეციალურ რეპორტაჟს აქვეყნებს: „11 ივნისს საღამოს 5 საათზე თბილისში გაიმართა ქართველ-გერმანელთა ჯარების აღლუმი. ჯარები, სამთავე ჯურის სამხედრო იარაღით გამწკრივებულნი იყვნენ სასახლიდან დიდების ტაძრამდე. ერთის მხრით იდგნენ ქართველი ჯარები, ხოლო მეორე მხრით _ გერმანელი. ჯარები თავით-ფეხამდე შეიარაღებულნი იყვნენ. პროსპექტი აუარებელ ხალხით იყო სავსე. საღამოს ხუთ საათზე სასახლიდან გამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა თავმჯდომარე ნ.ვ. რამიშვილი, გერმანეთის ელჩი გრაფი შულენბურგი, სამხედრო მინისტრი გიორგაძე, გენერალ-ლეიტენანტი გაბაშვილი, ობერ-ლეიტენანტი კაიზერი და მრავალი აფიცრობა. დიდების ტაძრის წინ ნ.ვ. რამიშვილმა სიტყვით მიმართა გერმანელ ჯარებს, მიესალმა მათ ჩამოსვლას კავკასიაში და გამოსთქვა სრული იმედი, რომ პირისპირ მდგარი ქართველი და გერმანელი ჯარები შესძლებენ ერთურთთან შეთანხმებით დაიცვან ჩვენი ქვეყნის წესიერება და მშვიდობიანი ცხოვრება. შემდეგ სიტყვა წარმოსთქვა გრაფმა შულენბურგმა, რომელმაც სრული რწმენა გამოსთქვა იმისა, რომ საიმპერატორო გერმანეთის ჯარები და ქართული რესპუბლიკის ჯარები მეგობრულს განწყობილებაში იქმნებიან და ერთურთის ინტერესებს დაიცავენ. ორივე სიტყვა დაფარულ იქმნა „ვაშასი“ და „ჰოხის“ ძახილით! (ჰოხ, _ გერმანულია და ნიშნავს _ გაუმარჯოს!). დასასრულს ჯარებმა საცერემონიო მარშით გამოიარეს“.
საგაზეთო ცნობებიდან ირკვევა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის 1918 წლის ივნისში ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა. მაგალითად, 11 ივნისს, როდესაც გოლოვინის პროსპექტზე ერთობლივი სამხედრო აღლუმი გაიმართა, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის დედაქალაქ ბერლინს ესტუმრა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის დროს ჩხენკელი გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, ჩხენკელმა ცენტრალური ქვეყნების (იგულისხმება ოთხთა კავშირი: გერმანია, ოსმალეთი, ავსტრო-უნგრეთი და ბულგარეთი) მონაწილეობით სპეციალური კონფერენციის გამართვის წინადადება წამოაყენა. ჩხენკელის აზრით, ამ კონფერენციას საქართველოს პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ უნდა ემსჯელა. როგორც გაზეთი იუწყება, გერმანული მხარე საქართველოს ამ წინადადებას დადებითად შეხვდა.

შეტაკება ბორჩალოს მაზრაში

1918 წლის ივნისში საქართველოში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ვითარება ბორჩალოს მაზრაში დაიძაბა, სადაც ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ ქართულ სამხედრო ნაწილს დაუპირისპირდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასაკონტროლებლად მიემართებოდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქართველი ჯარისკაცები გააძევა და რაიონში სანგრების გათხრა დაიწყო. ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის დაკარგვის შემდეგ საქართველოს ბორჩალოს მაზრის ჩამოშორების საფრთხეც დაემუქრა.
ხელისუფლებამ მეამბოხეთა წინააღმდეგ საჯარისო ნაწილების გაგზავნა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ქართველების გარდა აჯანყების ჩაქრობაში გერმანელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 15 ივნისი: „ბორჩალოს მაზრის თათართა ბრობოებისგან გასათავისუფლებლად 11 ივნისს გაიგზავნა ჯარი არტილერიით და ტყვიის მფქვეველებით. 12 ივნისს სანდართან ბრძოლა დაიწყო და მაშინვე დაზვერვის დროს მოკლულ იქმნა წითელ გვარდიელი ვ. შარაშიძე და 2 დაგვიჭრეს. ღამით ჩამოვიდა გერმანელთა ჯარი. 13 ივნისს ჩამოვიდა ორი ეშელონი. 13 ივნისს დილით საარტილერიო მომზადების შემდეგ შეტევა ჩვენის მხრით დაიწყო. ჩვენ მოგვიკლეს 4 და დაგვიჭრეს 20, მათგან 9 გერმანელი და 1 გერმანელიც მოჰკლეს. მტრის ზარალი გამოკვლეული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია. 13 ივნისს საღამოთი შეკეთებული იქმნა ყველა დაზიანებული და დამწვარი ხიდები და ბრძოლით ავიღეთ სადგური აშაღასარალი“.
ეს იყო ქართულ-გერმანული სამხედრო ძალების პირველი ერთობლივი საბრძოლო ოპერაცია. 12-13 ივნისს გამართული შეტაკებისას ქართულ-გერმანულმა ნაწილებმა სრულ წარმატებას მიაღწიეს და მაზრაში სიმშვიდე აღადგინეს. ტყვედ ჩავარდა აჯანყების რამდენიმე ათეული წევრი.
გაზეთი „საქართველო“ 18 ივნისის ნომერში ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს, სადაც დაწვრილებით არის გადმოცემული ბრძოლის მიმდინარეობა. აქვე დაბეჭდილია გერმანიის სამხედრო კომისიის უფროს ფონეგან კრიგერის წერილი, რომელიც აჯანყების ჩაქრობაში გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობას ეხება: „როდესაც გერმანელ-ქართველთა შეერთებული ძალები გაემართნენ სანდარისკენ, სამხრეთით, წესიერების აღსადგენად, _ თათრებს ამბები მისვლიათ ქართველ-გერმანელთა ჯარების წამოსვლისა. იარაღ-ასხმულნი გამოემართნენ და გზა გადაგვიღობეს. თათართა სროლას სროლითვე ვუპასუხეთ და 12 კილომეტრით წავიწიეთ სანდარის სამხრეთით. 13 ივნისს, დილით, გერმანელ-ქართველთა ჯარები ერთად გავიდნენ და იერიშები მიიტანეს თათრებზე, რომელნიც თავიანთდა საზარალოთ არ ჩამოგვეცალენ, რომ მშვიდობიანად წავსულიყავით. ერთსულოვანი იერიშით თათრობა უკუგდებულ იქმნა მდინარე ხრამის იქით, თუმცა მძაფრს წინააღმდეგობას გვიწევდნენ.
ქართველმა ჯარებმა ბრძოლით დაიჭირეს მდინარე ხრამზე გადასავალი გზა, კარაკლისის მახლობლად, ხოლო გერმანიის ჯარებმა აიღეს რკინის გზასთან ბეგლიარის ხიდი და აშაგო-სარაის სადგური. ქართველ-გერმანელთა იერიში ერთსულოვანი იყო და აღფრთოვანებული.
განსაკუთრებით თავი ისახელა პირველ ბრძოლაში ქართველთა არტილერიამ. თათრებმა დაჰკარგეს 40 კაცამდე მოკლული და აუარებელი დაჭრილები, მაშინ, როდესაც ჩვენ მხარეზე დანაკლისი გაცილებით ნაკლები არის. თათრებში, რომელთაც წინააღმდეგობა არ გაგვიწიეს და ნებაყოფლობით ჩაგვაბარეს იარაღი, ჩვენ არავითარი ვნება არ მიგვიყენებია. სადახლოდან მიმავალ გზაზე კარაკლისისაკენ მცხოვრებთ უპასუხისმგებლო აგიტატორები ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებდნენ. ეხლა მცხოვრებნი დამშვიდნენ გონიერ ადამიანთ რჩევით, რომ უბრალო სისხლის ღვრას მოერიდონ.
გერმანიის ჯარები თუ მოვიდნენ, მოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა იხსნან ყაჩაღთა და მძარცველთა ბრბოებისაგან. ჩვენ გვსურს, ყოველგან წესიერება იყოს, რომ მშვიდობიანად შეეძლოთ ცხოვრება. გერმანეთის ჯარი ვერ შეიწყნარებს ცეცხლს, ბრბოთა თარეშს და ის, ვინც არ ემორჩილება საჯარო წესიერებას, ვინც პირველ მოთხოვნილებისათანავე იარაღს არ აიყრის, მას დასჯიან გერმანიის სამხედრო კანონების სასტიკი მიხედულობით.
დაე, პირველი ერთსულოვანი გამოსვლა ქართველ-გერმანიის ჯარებისა, რაიც გამოწვეული იქმნა შეცდომაში შეყვანილ ხალხთა გამო, დაე, ეს პირველი ბრწყინვალე გამარჯვება ყველასთვის დარჩეს მაგალითად, ქვეყნის სასარგებლოდ, რომ მალე ჩამოვარდეს სიწყნარე და მშვიდობიან ცხოვრებისთვის ესოდენ საჭირო წესიერება“.

შეტაკება დარიალის ხეობაში

1918 წლის ივნისში გაზეთი კიდევ ერთ შეიარაღებულ კონფლიქტზე მოგვითხრობს, რომელიც ამჯერად უკვე ბოლშევიკების მიერ იყო გამოწვეული. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეორე დღესვე, ანუ 1918 წლის 27 მაისს, რუსეთი პირველად შეეცადა ძალის გამოყენებით საქართველოში შემოჭრას. სამხედრო აგრესია დარიალის ხეობაში დაიწყო.
აგრესიის ფორმალურ მიზეზს საქართველოს სამხედრო გზის დაცვა და ამ რაიონში წესრიგის დამყარება წარმოადგენდა. 27 მაისს ბოლშევიკთა რაზმმა დაბა ლარსი და დარიალის ხიდი დაიკავა. სოფელ სტეფანწმინდის კომენდანტ კაპიტან ბარათაშვილის მიერ რუსებთან გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო. რუსები აცხადებდნენ, რომ საქართველოს რესპუბლიკას არ აქვს განსაზღვრული საკუთარი საზღვრები და ამდენად ქართველების პროტესტი უსაფუძვლო იყო.
შეტაკება 27 მაისს დაიწყო და იგი ოთხი დღე მიმდინარეობდა. მესაზღვრეთა რაზმთან ერთად ბოლშევიკების წინააღმდეგ სოფელ სტეფანწმინდისა და სნოს მოსახლეობაც იბრძოდა.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 2 ივნისი: „ყაზბეგიდან ჩვენს რედაქციას ჩვენმა კორესპონდენტმა პირდაპირი ტელეფონით შემდეგი შეატყობინა: გუშინ დილით, 31 მაისს, ბოლშევიკები დარიალის ხიდზე გადმოვიდნენ და სასტიკი სროლა აუტეხეს ჩვენებს. ჩვენმა ჯარმა ახტრის საფარიდან სროლითვე უპასუხა. ისროდნენ ტყვიის მფქვეველებიდან. სროლა გაგრძელდა საღამოს 5 საათმადე. რამდენია მოკლული არ ვიცით. დღეს დილის 5 საათზე მათ მხრიდან თეთრი ბაირაღით გამოვიდა ერთი და მოლაპარაკება მოისურვა ჩვენთან. ისინი მოითხოვდნენ, კავკავიდან გამოსულ ურმებს გამოვუშვებთ, თქვენც თქვენი მხრით ნუ შეაყენებთ, თავისუფლად გამოატარეთო. „ბეჟენცების“ სახელს განგებ იხსენებენ ბოლშევიკები, ნამდვილად მათ უფრო ფართო განზრახვა აქვთ. ამბობენ, ვითომც ზარბაზნებით არიანო. ამ ხმების გამოსარკვევად წუხელის მცხოვრებთაგან შემდგარი 40 კაცი გავიდნენ ქედებით. რა იქნება, არ ვიცით. მდგომარეობა კი გამწვავებულია. ჩვენები მომავალ ბოლშევიკებს მხოლოდ ამას უპასუხებენ: ჩვენ ვდგავართ და ვიცავთ თავისუფალ საქართველოს საზღვრებს და ძალით არავის გამოგიშვებთო. საჭიროა სწრაფი დახმარება.
ყაზბეგიდანვე ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, ტელეფონით გვატყობინებენ: „საზვერავად წასულმა რაზმებმა მარჯვედ მოუჭრეს გზა ბოლშევიკებს. დარიალის ხიდი აღებულია. ბოლშევიკები დიდად დაზარალდნენ. ტყვედ წამოვიყვანეთ 17 კაცი. ჩვენები დარიალის ხიდის პოზიციებს ამაგრებენ. ამბები მოდის, რომ კავკავიდან ზარბაზნებით მოსდით მაშველი ჯარიო“.
ქართველი რაზმის ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად, ბოლშევიკური დაჯგუფება დამარცხდა და დიდი დანაკლისით ვლადიკავკაზში გაბრუნდა.
გაზეთ „საქართველოს“ 1918 წლის 11 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია დარიალში ქართული საგუშაგო რაზმის მეთაურის, პოლკოვნიკ აბესაძის ვრცელი წერილი, რომელიც ამ შეტაკებას ეხება: „ბრძოლა ბოლშევიკების სრული დამარცხებით ოთხ საათზედ დამთავრდა. მათის მხრივ მოკლულია 32, დაჭრილი 68 კაცი, ტყვედ წამოვიყვანეთ 27 კაცი. ხელთ ვიგდეთ ტყვიისმფქვეველები, 27 თოფი და სხვა წვრილმანი. 2 ივნისს მათთან დროებითი შეთანხმება მოხდა. მათ ჩემი მოთხოვნილებები ყოველივე მიიღეს და სხვათა შორის, აღმითქვეს, დღეიდან არც ერთი შეიარაღებული ჯარისკაცი თქვენს საზღვარს 500 ნაბიჯზე აღარ მოუახლოვდებაო“.

კირიონ II-ის გარდაცვალება

1918 წლის 30 ივნისს გაზეთ „საქართველოში“ სამგლოვიარო განცხადება გამოქვეყნდა. განცხადება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე: „სრულიად საქართველოს საკათალიკოზო საბჭო და სასამართლო გლოვით აუწყებს ქართველ ერს, რომ ამა თიბათვის 26-27-ს მამა ანტონ მარტომყოფის მონასტერში ღვთით მიიცვალა უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოზ-პატრიარქი სრულიად საქართველოსი კირიონ მეორე. პანაშვიდები ყოველ დღე შუადღის 12 საათზე და საღამოს 7 საათზე კათოლიკოზის კარის ეკლესიაში. დაკრძალვის დღე ცალკე იქნება გამოცხადებული“.
26 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე მარტყოფის საზაფხულო რეზიდენციაში სამუშაოდ დილით ადრე გაემგზავრა. ეტლში, პატრიარქთან ერთად, უწმინდესის პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ტარასიც იმყოფებოდა. დილის 11 საათზე კირიონ მეორე უკვე მარტყოფის წმინდა ანტონის მონასტერში იყო. ილოცა, ისაუზმა და მონასტრის საცხოვრებელ კომპლექსში, მისთვის გამოყოფილ ოთახში სამუშაოდ შევიდა. „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“ _ კათოლიკოს-პატრიარქი 26 ივნისს ამ წიგნის ქართულ ვერსიაზე მუშაობდა. კირიონ მეორეს ოთახში სანთელი დაახლოებით ღამის პირველ საათამდე ენთო.
ჩვეულებრივ, კირიონი დილის 5 საათზე იღვიძებდა. თუმცა 27 ივნისს კათოლიკოს-პატრიარქი ოთახიდან არ გამოსულა. როდესაც გამთენიისას საძინებლის კარი შეაღეს, იქ სისხლის გუბე იდგა. კირიონ მეორე ბრაუნინგის სისტემის რევოლვერით მოკლეს. იარაღი საწოლთან ახლოს ეგდო. პატრიარქს რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
30 ივნისის ნომერში მოცემულია კირიონ მეორის ბიოგრაფია და საუბარია მის დამსახურებაზე საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გაზეთში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით უცნობი იყო კათოლიკოსის გარდაცვალების გარემოება და საქმის გამოსაკვლევად მარტყოფში პროკურორი, ორი გამომძიებელი და აგრეთვე საკათალიკოსო საბჭოს წევრები გაემგზავრნენ.
გაზეთი „საქართველო“. 1918 წლის 30 ივნისი: „ივნისის 27-ს დილით სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი კირიონ მეორე იპოვეს მიცვალებული მის საწოლ ოთახში, მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო ბინაზე, საზაფხულო რეზიდენციაში, სადაც მისი უწმინდესობა ივნისის 26-ს გაემგზავრა. ცნობა ამის შესახებ მოიტანა ივნისის 27-ს შიკრიკმა, რომელიც საგანგებოდ იქმნა გამოგზავნილი.
ხუთშაბათს ივნისის 28-ს საღამოს 7 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში გადახდილ იქმნა პირველი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის სულის მოსახსენებლად. დაესწრო სრული შემადგენლობა საკათალიკოსო საბჭოსი და სასამართლოსი, ტფილისის სამღვდელოება და მლოცველნი. საღამოს 8 საათზე შესდგა შეერთებული სხდომა საკათალიკოსო საბჭოსი და სასამართლოსი. კრებამ ფეხზე ადგომით პატივი სცა კათალიკოსის ხსოვნას.
შემდეგ შერჩეულ იქმნა დამკრძალავი კომიტეტი ყოვლად სამღვდელო დავით ურბნელის თავმჯდომარეობით. კომიტეტში შედიან დეკანოზი ან. თოთიბაძე, დეკანოზი ალ. ჯაგაშვილი, მდივანი დიმ. ლასხიშვილი, გ. ჟორდანია, თავმჯდომარის ამხანაგი თ. სახოკია, ჩ. კაპანაძე და ი. მერკვილაძე.
სამგლოვიარო ამბავი დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს მთავრობას, რომელმაც დაადგინა, მიძინებულ კათოლიკოსის დაკრძალვის ხარჯი გაწეულ იქმნას მთავრობის მიერ. დამკრძალავი კომიტეტი იმყოფება კათოლიკოსის სასახლეში. დაწესებულია მორიგეობა კომიტეტის წევრთაგან.
მარტყოფში გაიგზავნა განსაკუთრებული კომისია, რომელიც გაუძღვება კათოლიკოზის გადმოსვენებას ქ. თბილისში. კომისიაში შედიან ყოვლად სამღვდელო დავით ურბნელი, ირ. ცინცაძე. თ. სახოკია, ჩ. კაპანაძე, მერკვილაძე.
კათოლიკოსის ცხედარი ბალზამით იქნება შემოსილი, რასაც ხელმძღვანელობს ექიმი ვირსალაძე“.

მიხეილ ბასილაძე