“მივალ გურიაში, მარა…”

გურულები თავიანთი სისწრაფით და მოუთმენელი ხასიათით არიან განთქმულები. სიჩქარე რომ მათი დამახასიათებელი თვისებაა, ეს ყველასთვის ცნობილია. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ არ აჩქარებულა გურიაში, ეს საგზაო ინფრასტრუქტურაა.
უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ „დინჯი“ გურულების გზები კიდევ უფრო დინჯია და სულაც არ დაჩქარებულა ის პროექტები, რომლებიც მათ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად.

გურიაში ბევრ სოციალურ სირთულესთან უწევს მოსახლეობას ბრძოლა. მათ შორის უკვე წლებია, გადაუჭრელ პრობლემად დგას საგზაო ინფრასტრუქტურა და ცენტრალური თუ შემოვლითი გზების გაუმართაობა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ უცხოელ ტურისტებსაც უქმნის დისკომფორტს.
ფრაზა ცნობილი სიმღერიდან, რომელიც გურიისკენ გეზის აღებაზე მიანიშნებს, თუმცა შემდეგ გარკვეული პაუზით შეჩერებასაც გვანიშნებს, ძალიან კარგად შეეფერება გურიის დღევანდელ რეალობას.
მოუწესრიგებელი გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, პრობლემები გადაადგილების დროს _ მივალთ გურიაში, მარა…
ერთ-ერთი საგზაო მონაკვეთი, რომელიც უკვე წლებია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ბევრ შეფერხებას ქმნის ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ლანჩხუთის რაიონში მდებარეობს.
წყალწმინდა-ღრმაღელის ხუთკილომეტრიანი გზა ხუთ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან და წლების განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალის როლსაც თამაშობდა. სწორედ დიდი სატვირთო მანქანებისა და გადატვირთული მოძრაობის გამო გზა განსაკუთრებით დაზიანდა და დღეს აქ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტში, რომელიც პრიორიტეტად სხვა სფეროებთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურასა და მის განვითარებასაც განსაზღვრავდა, ნათქვამია, რომ 2016 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა განისაზღვრებოდა 4448550 ლარით.
იგივე სფეროს გრაფაში 2017 წელს წერია ნული, ხოლო საერთო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 2017 წლისთვის 1309000 ლარი. უცნობია ამ თანხაში უშუალოდ საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის და მათი მოწესრიგებისთვის გამოყოფილი თანხის წილი და რაოდენობა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტში ასევე ვკითხულობთ: 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით 13681,9 ათასი ლარიდან დაფინანსდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, ნაპირსამაგრებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკებისა და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ბიუჯეტის ეს სიტყვიერი ნაწილი საგზაო სისტემას გამოყოფს, როგორც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს, თუმცა რიცხვები და რეალობა ამაზე ნაკლებად მეტყველებს.
იგივე შინაარსის ტექსტს ვხვდებით 2018 წლის ბიუჯეტში, რომელიც კვლავ ასახელებს გზის მოწესრიგებას პრიორიტეტად და ადგენს გეგმას, რომელიც მიმდინარე წელს უნდა შესრულდეს კონკრეტულ ვადებში.
ბიუჯეტი ვალდებულებების გრაფაში განსაზღვრავს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ამ პრობლემის მოსაგვარებლად გამოყოფს თანხას 100000 ლარის ოდენობით, რაც გასული წლის მაჩვენებლებზე ნაკლებია.
ამავე დოკუმენტში მიმოხილულია გასულ წლებში განხორციელებული პროექტები და მათზე დახარჯული თანხები.
ამ მიმოხილვის თანახმად, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერიდან 8782,6 ათასი ლარიდან 8532,6 ათ.ლარი მიიმართა ინფრასტრუქტურის ობიექტების დასაფინანსებლად, კერძოდ დაფინანსდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზებისა და ხიდის მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, ასევე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე დაფინანსდა პროექტების საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრებით 806,3 ათასი ლარით დაფინანსდა სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, ხიდებისა და ბოგირების მოწყობა, ასევე ჩატარდა გარე განათების მოწყობის სამუშაოები და შემოღობვის სამუშაოები.
თუ გადავხედავთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბოლო რამდენიმე წლის ბიუჯეტს და მის შესაბამის დოკუმენტაციას, ასევე ხარჯთაღრიცხვასა და პრიორიტეტული სფეროების ჩამონათვალს, დავინახავთ, რომ ყველა მათგანში საგზაო ინფრასტრუქტურაა დასახელებული, როგორც ერთ-ერთი პრობლემური სფერო, შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გზების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილია საკმაოდ დიდი მოცულობის თანხები, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, უცვლელი მხოლოდ პრობლემა რჩება.
მიმდინარე წლის იანვარში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2018 წელს 3 631 508 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ 2 563 392 ლარი ღრმაღელე-წყალწმინდის შემოვლითი (ძველი) გზის რეაბილიტაციისთვის გამოიყო. როგორც ცნობილია, სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება.
უკვე ნახევარი წელი გავიდა პროექტისთვის თანხების გამოყოფიდან, სოფელ წყალწმინდასა და ღრმაღელეს შორის კი გზა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. ეს გადასაადგილებლად გაუსაძლისი პირობები პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივებს, რომლებსაც შემოვლითი გზების გამოყენება უწევთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, ასევე დისკომფორტი ექმნებათ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ამ გზაზე გადაადგილდებიან.
მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი რომ, ჯიპიესი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გადასაადგილებლად მთავარი სამოძრაო საშუალებაა, ძველი საგზაო სისტემის მიხედვითაა მოწყობილი, რომელზეც ეს საგზაო მონაკვეთი, ანუ სოფელ წყალწმინდასა და ღრმაღელეს შორის გამავალი გზა, ჯერ კიდევ, ცენტრალურ გზადაა მონიშნული. სწორედ ჯიპიესის ჩვენების გამო დასავლეთის კურორტებისკენ მომავალი უცხოელი სტუმრები ამ გზაზე გადაადგილდებიან, რაც ხშირ შემთხვევაში მათ უკმაყოფილებაზე მეტად მათი გაკვირვების მიზეზიც ხდება.
ეს ბუნებრივიცაა: ტურისტმა, რომელმაც საკმაოდ დიდი და დამღლელი გზა გამოიარა და ჯიპიესის მიხედვით ამ ავარიულ, მოუწესრიგებელ და დაზიანებულ გზაზე ამოყო თავი, სამომავლოდ გაითვალისწინებს და ზაფხულის სეზონის გასატარებლად სხვა კურორტს ან, სულაც, სხვა ქვეყანას შეარჩევს.
ტურისტების ასეთი პრობლემური გადაადგილება ამ საგზაო მონაკვეთზე და ამ გზის ისევ ცენტრალურ გზად მინიშნება, რის გამოც უცხოელი ვიზიტორების უმეტესობა სწორედ აქ ხვდება, საფრთხეს უქმნის ქვეყნის იმიჯსა და მის ტურისტულ განვითარებას.
როგორც „ქრონიკა+“-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის ეს მონაკვეთი არ ირიცხება გზების დეპარტამენტის ბალანსზე და შესაბამისად მისი კეთილმოწყობისა და მასზე ზრუნვის ვალდებულება სრულად აქვს დაკისრებული ადგილობრივ ხელისუფლებას.
„ქრონიკა+“-მა ლანჩხუთის მერიას კითხვებით მიმართა და პროექტის ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებშიც შედის, რადგან ეს მონაკვეთი ტურისტულ ზონასთან დამაკავშირებელი მოკლე გზაა.
შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის ივნისში მომზადდა პროექტი და საპროექტო ხარჯთაღრიცხვა. ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხების მოძიება.
ამდენად, აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება.

დამაიმედებელი პროგნოზი წყალწმინდა-ღრმაღელის გზას უახლოეს მომავალში რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას უქადის, რეალობა კი ისაა, რომ ტურისტულ სეზონზე ორმაგად მკვეთრად და მძაფრად იგრძნობა გურიის შუაგულში ყველაზე არაგურული გზების მძიმე მდგომარეობა.

ანა ურუშაძე