თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები: მიზეზები და მიზნები

ცუდად თუ კარგად ერთ ქვეყანას აუცილებლად უწევს მეორესთან ურთიერთობა. ისეც ხდება ხოლმე, რომ ორ ქვეყანასთან დაკავშირებული პროცესები სხვა ქვეყნების ჩართვის საჭიროებასაც მოიაზრებს. თავშესაფრის ძიება ერთ-ერთია იმ მოცემულობებს შორის, რომელიც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ჩვენი ქვეყნისთვის ნათელია, რომ, ამა თუ იმ მიზნით, არაერთი ქართველი ტოვებს საქართველოს საზღვრებს. ამ პროცესის უმთავრესი მიზანი ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დაღწევის სურვილია. დღეს უკვე არანაკლებ აქტუალურია ქვეყნიდან ქართველების გასვლის ტენდენცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ბევრ ქვეყანაში ქართველი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სახელი თავისუფლად ასოცირდება კრიმინალთან. არ გასულა დიდი დრო მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. გაიზარდა თუ არა ქართველების მიერ უცხოეთში ჩადენილი დანაშაულების რიცხვი უვიზო რეჟიმის ამოქმედების გამო?
ჩვენს ქვეყანას, ძირითადად, ახალგაზრდები ტოვებენ _ ახალგაზრდები, რომლებიც განათლებას არ/ვერ იღებენ და ფულის საშოვნელად გადიან უცხო ქვეყნებში. სამწუხარო რეალობაა, _ იმის გამო, რომ ხშირად ისინი ვერ აღწევენ სასურველ მიზნებს, დანაშაულის ჩადენაზე უარს არ ამბობენ.
არსებობს კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. კონვენციას საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 28 მაისის #1996-II-ის დადგენილებით. კონვენციის ერთ ნაწილში ნათქვამია, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მხედველობაში იღებენ, რომ თავშესაფრის მინიჭების უფლებამ შეიძლება ზოგიერთ ქვეყანას დააკისროს უსაზომო ტვირთი და რომ იმ პრობლემის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტა, რომლის საერთაშორისო მასშტაბი და ხასიათი აღიარებულია გაერთიანებული ერების მიერ, შეუძლებელია, მიღწეულ იქნეს საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე.

დიმიტრი ავალიანი _ JAMnews-ის რედაქტორი: „ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, 2017 წლის მარტის ბოლოდან ამოქმედდა. თავშესაფართა მაძიებლების სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში 35%-ით გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელ ქართველ ადამიანთა რიცხვი. იგულისხმება 3400-ზე მეტი განაცხადი. შეინიშნებოდა ამ მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია მარტიდან დაწყებული, როდესაც უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. თუკი მარტში იყო 600-ზე მეტი განაცხადი, უკვე 2017 წლის დეკემბერში 14000-ზე მეტი იყო ამ განაცხადების რაოდენობა. ზრდა გაგრძელდა 2018 წლის იანვარ-მარტში. ეს მაჩვენებელი იყო საკმაოდ მაღალი _ თუკი იანვარში იყო 1700-ზე მეტი, თებერვალში გახლდათ 1650, მარტში, დაახლოებით, იგივე რაოდენობა. გერმანია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა აღმოჩნდა თავშესაფრის ქართველი მაძიებლებისთვის. 2017 წლის განმავლობაში საქართველო იმ ქვეყნების ტოპ 10-ულში ჩაეწერა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ გერმანიაში.
თუმცა 2018 წლის მაისის მონაცემებით უკვე დაფიქსირდა შემცირება თავშესაფრის მთხოვნელ ქართველთა რაოდენობისა. მაგრამ ის მაჩვენებელი, რაც უკვე არსებობდა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გერმანელ პოლიტიკოსებს შეშფოთება გამოეთქვათ იმის შესახებ, რომ გერმანიაში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა. გერმანიის ერთ-ერთი მმართველი პარტიის წევრმა, სტეფან მაიერმა, „თავხედურიც“ კი უწოდა ქართველების ჩასვლას გერმანიის რესპუბლიკაში. აღნიშნავენ, რომ ქართველებს აქვთ მიზანი, ისარგებლონ ჯანდაცვის სისტემით, რაც მათთვის მიუღებელია. ერთ-ერთმა მინისტრმა ცენტრალურ მთავრობას მოსთხოვა კიდეც, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურები დაიწყოს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა 2018 წლის მარტში „შემაშფოთებელი“ უწოდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის ზრდას საქართველოდან გერმანიაში. მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს გერმანიის ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს პროცესები მაინც შემაშფოთებელია და ეს საკითხი ევროკომისიაში უნდა გადაიტანონ. სხვათა შორის, იგულისხმება, რომ შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა ისტორიები განსხვავებულია: ზოგს ეკონომიკური გაუმართაობით გამოწვეული მიზნები ამოძრავებს, ზოგისთვის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული და ა. შ. შესაბამისი ისტორიები არ არის ტიპური. ისინი იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რატომ ჩადიან ქართველები უცხო ქვეყნებში (უფრო კონკრეტულად _ გერმანიაში).
მინდა, შევეხო კრიმინალთან დაკავშირებულ საკითხებს. გერმანიის ფედერალური პოლიციისგან 2015-2017 წლების კრიმინალის სტატისტიკა გამოვითხოვეთ. საინტერესო სურათია იმ მხრივ, რომ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებმა 7600-ზე მეტი რეგისტრირებული დანაშაული ჩაიდინეს. ეს ცოტა უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა, თუმცა უფრო ნაკლებია, ვიდრე _ 2015 წელს. ანუ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ვიზალიბერალიზაციამ გაზარდა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა.
ეს მაჩვენებელი სხვა ქვეყნების მიერ ჩადენილ დანაშაულთან შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება. ეს იმიტომ, რომ რუმინეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი გახლავთ 55000, პოლონეთის _ 44000, იტალიის _ 22 000. ევროკავშირს გარეთ რომ გავიხედოთ, სირიას პირველი ადგილი უკავია 55000 რეგისტრირებული დანაშაულით. მას მოსდევს ერაყი. ჩვენნაირი პატარა ქვეყნებიც რომ განვიხილოთ, ალბანეთის მოსახლეობის მიერ ჩადენილი დანაშაულის რიცხვი შეადგენს 18000-ს, ხოლო კოსოვოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი _ 15000-ზე მეტს. ეს ოფიციალური სტატისტიკა არ გვეუბნება, რომ ქართველი კრიმინალების რაოდენობა ჭარბობს უცხოურ ქვეყნებში. თუმცა ქართველი კრიმინალების სპეციფიკური საქმიანობა, განსაკუთრებით _ ბინის ქურდობა _ საზოგადობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. მედიაში ხდება ხოლმე ამ თემის აფიშირება და საზოგადოებისთვის რთულია ეს საკითხი“.

გიორგი გოგიშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი:
„ეს ძალიან საინტერესო თემაა და ბევრ ასპექტს მოიცავს. ძალიან რთულია, რადიკალურად დააკავშირო ქართველების კრიმინალი ვიზალიბერალიზაციასთან. პროცესებს რომ შევხედოთ, როდის გაძლიერდა ქართული კრიმინალი ევროპაში _ ეს დაიწყო 2005 წლიდან, როდესაც მასობრივად დაიწყო, ასე ვთქვათ, ქვეყანაში კრიმინალის დევნა. შესაბამისად, ნელ-ნელა, ეს ჯგუფები უცხოეთში გადავიდა. მათ ეტაპობრივად მოიკიდეს ფეხი უცხო ქვეყნებში, ადაპტირდნენ. დანაშაულმა ორგანიზებული სახე შეიძინა და ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულები ტრანსნაციონალური გახდა _ თუკი ერთ ქვეყანაში ხდებოდა ძარცვა, მეორე ქვეყანაში სხვა ტიპის დანაშაულს სჩადიოდნენ. ვიზალიბერალიზაციამ, პირდაპირი გაგებით, ამას ხელი არ შეუშალა და, პრინციპში, არც შეუწყო ერთი მარტივი მიზეზის გამო _ ვიზალიბერალიზაცია ამ პროცესს ხელს შეუწყობდა იმ შემთხვევაში, თუკი თავშესაფრის მაძიებლებს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, ბევრი დრო ექნებოდათ იმისთვის, რომ ჯერ ადგილზე ყოფილიყვნენ და შემდეგ ჩაედინათ დანაშაული. როდესაც თავშესაფრის განაცხადი კეთდება, გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობს განხილვა და, ამის შემდეგ, დადებითი თუ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ადამიანი ან ბრუნდება საკუთარ სამშობლოში, ან რჩება ადგილზე. დღეს უკვე განაცხადები განიხილება ბევრად ჩქარა. ამას განსაზღრავს არაერთი რამ: 1. ქვეყანა შესულია უსაფრთხო ქვეყნების სიაში ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მიერ. გერმანია არ შედის ამ ქვეყნების რიცხვში. აქ ეს საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა სულ მალე, ალბათ, ეს საკითხიც გადაწყდება. უბრალოდ, ბიუროკრატიულ პროცესებს ბევრად მეტი დრო სჭირდება გერმანიაში, ვიდრე _ სხვა ქვეყნებში. ცხადია, შესაძლოა, არსებობდეს ისეთი ერთეული შემთხვევები, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების მიერ ინტენსიურად იგეგმება, თუმცა მსგავსი ტიპის ერთეულ შემთხვევებზე შეგვიძლია საუბარი.
ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ადასტურებს, რომ ევროკავშირმა ჩვენი ქვეყანა პარტნიორად მიიჩნია და სახელმწიფოს მხრიდან დაცულია მინიმალური უფლებები. შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობას იმის საფუძველი არ გააჩნია, რომ თავშესაფარი მოითხოვოს უცხო ქვეყანაში. როგორც საერთაშორისოდ არის აღიარებული, მას არ ემუქრება საფრთხე თავის ქვეყანაში. შესაბამისად, განხილვის ვადები საგრძნობლად შემცირდა. მაქსიმუმ, სამ თვეზე შეგვიძლია, ვისაუბროთ. როდესაც უკვე ერთ კვირაში ან ხუთ დღეში პასუხს მეუბნებიან, ადამიანს არ ჰყოფნის დრო, რომ დანაშაული ჩაიდინოს, ფიზიკურად ვერ ახერხებს, მით უმეტეს, ორგანიზებულ კრიმინალს.
ადამიანმა, შეიძლება, მაღაზიაში პური მოიპაროს, მაგრამ ეს არ არის ორგანიზებული კრიმინალი. ზოგადად, ქართველი მოქალაქეების შემთხვევაში კრიმინალი ძალიან საინტერესო ფენომენია. საწყის ეტაპზე ჩვენი კრიმინალი, უმეტეს შემთხვევაში, სადაც ვიყავით დეპორტირებულები, თითქმის ყველგან, პირველ ხუთეულში ხვდებოდა. თუმცა აქ დაიწყო სახელმწიფოს მიდგომა: საელჩოებში პოლიციის ატაშეები დაინიშნენ. ატაშეების არსებობის შედეგი გახლავთ ის, რომ 2017 წლისთვის შემცირებულია საქართველოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილ რეგისტრირებულ დანაშაულთა მაჩვენებელი. ამ დროისთვის პოლიციის ცამეტი ატაშე გვყავს. ტრეფიკინგის სიხშირიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი ატაშე გვყავდა თურქეთში, ვიზალიბერალიზაციის პროცესს კი უკვე სხვა ატაშეების დანიშვნა მოჰყვა.
ატაშეები, რეალურად, სერიოზული მუშაკები არიან, სერიოზულად მუშაობენ და აქტიურად არიან ჩართულები კრიმინალთან ბრძოლაში იმიტომ, რომ ევროკავშირის სისტემისთვის საკმაოდ უცხო იყო ქართული კრიმინალის ფენომენი. ქართული მენტალიტეტი არსებობდა და ქართული კრიმინალი ატარებდა ამ მენტალიტეტს. ქართულმა კრიმინალმა შეინარჩუნა საკუთარი მენტალიტეტი ტრადიციის ფორმით. შესაბამისად, ეს ძალიან გაურკვეველი იყო ევროპული ქვეყნებისთვის და ვერ ხვდებოდნენ, რომ თუ, პირობითად, ადამიანს ათი წელი ჰქონდა სასჯელი და და სთავაზობდი სასჯელის შემსუბუქებას ერთი ადამიანის დასმენისთვის და ქართველი ამას არ აკეთებდა, ვერ ხვდებოდნენ. შესაბამისად, უჭირდათ მსგავს შემთხვევებთან ბრძოლა. ატაშეების ჩართულობით უკვე ბევრი ამოცანა გადაიჭრა, ასევე შეიცვალა მიდგომა. ჩვენს ქვეყანაშიც კი ადამიანის თვალთვალი, ტელეფონის მოსმენა და ა. შ., მაქსიმუმ, ექვსი თვით არის დაშვებული. ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებლი ერთი წელია. შესაბამისად, ამ ერთი წლის მანძილზე უკვე მუშაობა მიდის არა ერთი კონკრეტული მიმართულებით, არამედ _ მთელი ქსელის აღმოჩენაზე. ამ შემთხვევაში ეს გახლავთ ერთწლიანი მუშაობის შედეგი. ზემოხსენებულ სტატისტიკურ მონაცემებში, ამის გამო, ნელ-ნელა, ქვემოთ ჩამოდის საქართველო.
თუმცა ჩვენს კრიმინალს ერთი ფაქტორი ახასიათებს: ბინის გაქურდვის სეგმენტი ჩვენს კრიმინალში ძალიან ძლიერია. როდესაც ბინის გაქურდვას ეხები, აქ უკვე მოსახლეობის ინტერესებს უქმნი საფრთხეს. ეს არის მისი პირადი საკუთრება და იმიტომაც მოდის ხოლმე აგრესიული დამოკიდებულებები. ამ კონტექსტში დაიკარგა უსაფრთხოების შეგრძნება იმიტომ, რომ ადამიანებს პირად საკუთრებაში ათწლეულობით შრომა აქვთ ჩადებული.
სხვა საკითხია, რომ ეს ყველაფერი ვიზალიბერალიზაციამ გამოიწვია. ეს პროცესები ვიზალიბერალიზაციას არ გამოუწვევია. უცხო ქვეყნებში ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ფაქტია, რომ მაღალია. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ევროპაში არსებობს, მაგრამ არასდროს არც ერთ ქვეყანასთან მიმართებით ამოქმედებულა. ვიზალიბერალიზაციის მონიჭების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელა. გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული მექანიზმი არასდროს ამუშავებულა, შესაბამისად, შეიცვალა მოთხოვნილებები, რეალობა და ეს მექანიზმი დღეს ბევრად მარტივად ასამოქმედებელია, ვიდრე, თუნდაც, ორი წლის წინ იყო. ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ შემთხვევამაც შეაფერხა.
დღეს გვაქვს მექანიზმი, რომელიც ბევრად მარტივად მუშაობს. ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა არ ასრულებს მის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს. ჩვენი ქვეყანა ამ ვალდებულებებს საკმაოდ კარგად ასრულებს. ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ თვეებში 4500-მდე ქართველი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ხელშეკრულების თანახმად.
თუკი საქართველოდან სხვა ქვეყნებში ჩასული მოსახლეობა მონაწილეობას მიიღებს კრიმინალურ საქმიანობაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვიზალიბერალიზაციის დროს და მის შესაბამის პირობებში ჩავიდნენ. დადასტურებული უნდა იყოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის სხვა ქვეყანაში ჩასვლას ვიზალიბერალიზაციასთან აქვს საერთო. მისი ჩასვლა და ჩადენილი დანაშაული უნდა დაემთხვეს.
საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობის პროცესში. საინფორმაციო კამპანიის წარმოების თვალსაზრისითაც წამოვიდა ტენდენცია და საინფორმაციო კამპანიები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს“.

რაც შეეხება „მიგრაციის ცენტრის“ საქმიანობას:
• ორგანიზაციის წევრების მრავალწლიანი ემიგრაციული და პოსტემიგრაციული გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყანაში მიგრაციული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და მიგრაციული პროცესების მართვის ხელშეწყობა;
• გარე მიგრაციული პროცესების ინფორმირებულობა;
• საქართველოში მიმდინარე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა იმიგრაციული პროცესის მართვისა და ინფორმირებულობის ხელშეწყობა;
• საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის საზოგადოებრივი ინტეგრაცია;
• საქართველოში მიმდინარე მიგრაციული პროცესების კვლევა.

საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის თანახმად: თუ გავითვალისწინებთ, როგორ ვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში თავშესაფრის მაძიებელთა არსებული მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდება (2014 წელს 1,792 განაცხადი, ხოლო 2015 წლის სამ კვარტალში _ 951 განაცხადი). ანალოგიურად, გაიზრდება ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების რაოდენობაც. აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე შესაბამისი უწყებების დღის წესრიგში დგას როგორც ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის მომზადება ასეთი ნაკადების მიღებისა და მომსახურებისთვის, ისე თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწა და რისკების ანალიზის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა.

ამავე პუბლიკაციის თანახმად: საქართველოს თავშესაფრის სისტემის დახვეწისა და განვითარების მიზნით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ამზადებს ახალ კანონს, რომლის მიზანია მნიშვნელოვანი ახალი ტერმინებისა და პროცედურების შემოღება. კერძოდ, მის არსებით ელემენტს წარმოადგენს დაჩქარებული პროცედურების ნორმის პრაქტიკაში დამკვიდრება, ასევე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დადგენის, შიდა გადაადგილების ალტერნატივისა და სხვა დეფინიციებისა და ზოგადი პრინციპების შემოტანა. ახალი კანონის პროექტის ფარგლებში მუშავდება და იხვეწება სპეციალური პროცედურები მოწყვლადი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებელთათვის და პროცედურები ოჯახის გაერთიანების ხელშეწყობის მიზნით; კანონს ემატება დროებითი დაცვის ცნება კონფლიქტური ზონებიდან შემოსული პირებისთვის, იხვეწება გაძევების დაუშვებლობის პრინციპის დაცვის მექანიზმები და მკვიდრდება ადგილზე ლტოლვილის ცნება. ახალი კანონით კიდევ უფრო გაიმიჯნება სტატუსის შეწყვეტის, გაუქმებისა და ჩამორთმევის შემთხვევები. კანონის მიღების შემდეგ იგეგმება შესაბამისი ცვლილებების შეტანა რიგ კანონქვემდებარე აქტებში.

ზემოხსენებული სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გახლავთ:
• საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, მიგრანტების უფლებების დაცვა;
• საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, ლტოლვილისა და
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვა;
• ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი), ადამიანის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისა და უკანონო მიგრაციის სხვა ფორმების დაუშვებლობა;
• დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენცია და აღმოფხვრა;
• ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში იმიგრანტებისა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
• მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის გამყარება ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე;
• საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

საქართველოში ფუნქციონირებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია. ამ კომისიის ინფორმაციით:
თავშესაფრის მოპოვების პროცედურები ეფუძნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1951 წლის კონვენციას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნული კონვენციის მიხედვით ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც „აქვს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით“. თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შემთხვევათა შემცირებისთვის ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, უფრო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ მიღებული განაცხადები, რათა შეამცირონ სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პროცედურების დრო. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია თავშესაფრის სისტემის მიზანსა და მოთხოვნებზე, მათი განაცხადები სტატუსის მინიჭების თაობაზე ხშირ შემთხვევებში არ შეესაბამება რეგულაციებით დადგენილ ნორმებს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უნდა მომზადდეს წერილობით, საჭიროების შემთხვევაში – სათანადო თარჯიმნის დახმარებით. სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება საერთაშორისო დაცვაზე დაუყოვნებლივ რეგისტრირდება და გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა.
დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ. ეს კანონი 2016 წელს მიიღეს. სხვა მიმართულებებთან ერთად ის განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სამართლებრივ მდგომარეობას, უფლება-მოვალეობებსა და სოციალურ-ეკონომიკურ გარანტიებს. ასევე სახელმწიფო უწყებათა კომპეტენციებს თავშესაფრის პროცედურის უზრუნველყოფის სფეროში. ამავე კანონის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი არის უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა.

კანონის მიზნებია:
• შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო;
• ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა;
• უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

როგორც ნათელია, ქართველი თავშესაფრის მაძიებლების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია დადებითად იცვლება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სტატისტიკა ყოველ ექვს თვეში გადაიხედება და არა _ ყოველდღიურად. ყოველი გადახედვის შემდეგ მიღებულ მონაცემებს წინა მონაცემებს ადარებენ. როგორც ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, უცხო ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებლით საქართველოს არაერთი ქვეყანა უსწრებს წინ, თუმცა ქვეყანას მოდუნების უფლება არ აქვს _ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევები.

მარიამ ტიელიძე